ოკულტიზმი და მაგია - წარმართობა, მართლმადიდებლობა და ცრურწმენები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
წარმართობა, მართლმადიდებლობა და ცრურწმენები
წარმართობა და ცრურწმენები
ავტორი: იულია როსტოვცევა

არა მარტო ნეოფიტები, არამედ მრავალ "გამობრძმედილი" მართლმადიდებლებიც მართლმადიდებლურ ტრადიციასთან ერთად სხვადასხვა წარმართულ წარმოდგენასაც ითავისებენ და საეკლესიო ცხოვრებაში ადრინდელ ცრურწმენათა ბალასტს ამკვიდრებენ. ამგვარნი სრულად როდი მიანდობენ თავს ღმერთს და ძველ კერპთაყვანისმცემელთა მსგავსად ბრმა შემთხვევითობებს ეძლევიან. ვფიქრობთ, რომ თუკი საგნებს თავიანთ სახელებს შევარქმევთ და წარმართობას ვუწოდებთ წარმართობას, ამით მართლმორწმუნეობას ნაკლებად დავაზიანებთ. მაგრამ რწმენა ნიშნებისადმი, რომელიც ეკლესიის შიდა ზღუდეში გვხვდება, ღვთისმოსაობით არის შენიღბული რის გამოც ყველაზე მეტად საშიშია ქრისტიანთათვის.

ერთ-ერთი ასეთი "ნიღაბი" ასეც იწოდება - "სასოება სანთლისადმი", რომლის უამრავი სახესხვაობები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. მაგალითად, ტაძარში ხატის წინ ანთებენ ყველაზე მსხვილ სანთელს, რომელსაც თურმე "წარმატება მოაქვს", ცუდ ნიშნად აღიქვამენ სანთლის მარცხენა ხელით გაყიდვას და გამურულ სანთელს. გვახსენდება შემთხვევა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ტაძარში მოხდა. ღმრთის განგებით, "რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (2 ტიმ. 2:4) ეკლესიისკენ გული გაუწია ერთ მეცნიერ-მუშაკს, ადგილობრივი უნივერსიტეტის მასწავლებელს. როდესაც პირველად შემოაბიჯა ღვთის სახლში, მეცნიერმა ისურვა თავისი პირველი სანთელი დაენთო უფლისთვის, მაგრამ იქვე აღუდგა მას არაკეთილმოსურნე: "არა იმ ხელით! მარჯვენა ხელით დაანთეთ!". ამ ისტორიის მთელი დრამატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ტაძარში მისული მეცნიერი ინვალიდი იყო, მას მარჯვენა ხელი არ ჰქონდა. არ ვიცით, როგორ წარიმართა შემდეგში ამ ადამიანის ცხოვრება, მაგრამ ერთი პერიოდი ის ეკლესიას ჩამოშორდა, რადგან მასში უსიყვარულობის ასეთ გამოვლინებას გადაეყარა.

ცრუმორწმუნეობის სხვა სახესხვაობა დაკავშირებულია სამკერდე ჯვრის დაკარგვასთან ან კედელზე ჩამოკიდული ხატის ჩამოვარდნასთან. პირველ მომენტს იხსენებდა პატრიარქი ალექსი II (რიდიგერი), როდესაც აღნიშნავდა, რომ არანაირ მინიშნებას არ ხედავს იმაში, თუკი უეცრად ადამიანს დაეკარგება სამკერდე ჯვარი. ხატთან დაკავშირებულ ცრურწმენას კი იუმორის თანხლებით ამხელდა აწ განსვენებული დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი. ტელეარხ "Союз"-ის ერთ-ერთ გადაცემაში მან მიიღო მკითხველის შეკითხვა, თუ რას ნიშნავდა კედლიდან წმინდანის ხატის პერიოდული ჩამოვარდნა. მოძღვარმა რამოდენიმე წუთი დაკარგა იმის ახსნაში, თუ რამდენად სწორად უნდა შევარჩიოთ ხატის სამაგრი და სამსჭვალი, რომ მსგავსი რამ მომავალში მაინც არ მოხდეს.

მართლმადიდებლურ გარემოში წარმართობის სახესხვაობას წარმოადგენს ასევე მაგიური დამოკიდებულება ნაკურთხი წყლისადმი, ანუ წმიდა აიაზმისადმი. მღვდელ ალექსანდრე პიკალევის თქმით, მრევლში მრავალ ადამიანს აუცილებლად სჭირდება უბრალოდ "ბანაობა" წყლის კურთხევის პარაკლისის დროს, და რაც უფრო მეტია წყალი - მით უფრო მეტია ჯანმრთელობა, ასევე გარანტირებულია თურმე ცოდვათა მიტევებაც.



მრავალი "მორწმუნე" ცოდვათა მიტევებას უკავშირებს ე. წ. მართლმადიდებლურ ჩელენჯს - უფლის ნათლისღების დღესასწაულზე ყინულჭრილში ბანაობას და საერთოდ ყოველგვარ შთაფლვას წმიდა წყლებში. მართალია, ეს გახლავთ მართლმადიდებლობაში მყარად დამკვიდრებული ტრადიცია, მაგრამ მაინც არა ყველაზე საშინელი ცრუმორწმუნეობა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმართული წარმოდგენაა ნეკროფობია - მიცვალებულთადმი შიშის. მართლმადიდებელ ქრისტიანთადმი ასევე გავრცელებულია ჩვეულება ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაჰფარონ სარკეები. ეს კეთდება არა იმისთვის, რათა ტრაურის დღეს სარკის წინაში ვინმემ არ იკეკლუცოს, არამედ იმისთვის, რათა მასში არ დაინახონ მიცვალებულის სული.



ყველა ცრურწმენის ჩამოთვლა ძალზედ ძნელია, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავთ, თუ რაოდენ დამღუპველ ზემოქმედებას ახდენენ ისინი ადამიანის სულზე. წმ. იოანე ოქროპირის თქმით ცრურწმენების მიმდევარი და ამა თუ იმ ნიშნებისადმი მორწმუნე ღმრთის მადლის შეურაცხმყოფელია. წმ. ბასილი დიდი კი ამგვარ "მორწმუნეთ" უგუნურებს უწოდებს. მიუხედავად ამისა, დღემდე სერიოზულ დამოკიდებულებას იჩენენ და შიშით ძრწიან ჩამქრალი სანთლების, ჩამოვარდნილი ხატების, თუ სხვა მგსავსი შემთხვევების წინაშე. რად ღირს თუნდაც რწმენა იმისა, რომ ბერთან ან მღვდლმსახურთან ქუჩაში შეხვედრა წარუმატებლობის მომტანია? ამგვარ ადამიანებს შევახსენებთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს: "ადამიანთან შეხვედრა კი არ გვაუბედურებს, არამედ ცოდვილი ცხოვრება". რაც შეეხება მღვდელთან შეხვედრის შიშს - აქ აშკარად წარმართობა გამოსჭვივის: ძველად წარმართებს მღვდლების ეშინოდათ, რადგან ისინი ამსხვრევდნენ მათ ხელთქმნილ და გონებაში აღმართულ კერპებს.

დასასრულ, შეჯამების სახით ვიტყვით: წარმართული ცთომილებები ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის საწინააღმდეგოა. ეს გახლავთ სწორედ "დედაბერთა ზღაპრები", რომელთაგან განრიდებას გვამცნებს წმიდა მოციქული (1 ტიმ. 4:7). მაგრამ, რაც ძალზედ საწუხარია, დღეს სწორედ ამ ცრუმორწმუნე დედაბერთა "სულიერ შვილები" ხდებიან არა მარტო გაუნათლებელი ადამიანები, არამედ განათლებული ინტელიგენტები და ახალგაზრდობა.

რატომ უნდა ერიდოს მორწმუნე ადამიანი ცრუმორწმუნეობას? იმიტომ, რომ ჩვენი სარწმუნოების არსი გახლავთ რწმენა ჭეშმარიტი ღმრთისადმი. ჩვენ სრულიად მივენდობით ღმერთს და მას ვუსხნით ჩვენს გულებს, რადგან გვწამს, რომ შემოქმედი თავისუფლებისა და სიმართლის გზით გვატარებს, რადგან "სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება" (2 კორინთ. 3:17), ხოლო ცრუმორწმუნეობა ადამიანებს ბოჭავს და ამაო წუთისოფლის მონად აქცევს. შემთხვევით კი არ გაჩენილა გამოთქმა: "ცრუმორწმუნეობისგან იბადება ურწმუნოება".

წყარო: ekzeget.ru


Назад к содержимому