პუბლიკაციები - რით არის საშიში არასწორი აპოკალიპტური განწყობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რით არის საშიში არასწორი აპოკალიპტური განწყობა?
აპოკალიპტური განწყობა
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჩვენი საიტის მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ამ ბოლო დროს საიტზე მეტი ადგილი ეთმობა სასულიერო საუბრებს, ქადაგებებს, სახარებათა და დღესასწაულთა განმარტებებს და სხვა. განპირობებულია ეს იმით, რომ საიტი "აპოკალიფსისი" არ არის მოწოდებული არც ვინმეს დასაშინებლად, არც ქვენა გრძნობებზე სათამაშოდ და არც ყალბი აპოკალიპტურობის დასანერგად. საიტის მრავალმხრივი თემატიკა ერთი მხრივ გამიზნულია იმისკენ, რათა მართლმადიდებლური სწავლების პრიზმაში გავიაზროთ კაცობრიობის ცხოვრების მრავალფეროვნება, მეორე მხრივ კი, მკითხველს ჩვენი ჩარევის გარეშე მიეცეს შესაძლებლობა გააკეთოს მიმდინარე მოვლენებისა თუ სხვადასხვა შემთხვევების ანალიზი და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენებიდან ყველაზე სწორი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტად ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრებიდან არის შესაძლებელი. ამიტომაც, მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ რელიგიურ მოვლენებს ყოველთვის უნდა განვიხილავდეთ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის, სწავლა-მოძღვრებისა და ზნეობრიობის ფონზე, რათა არ ჩავვარდეთ ყალბ აპოკალიპტიზმში და არასწორი ორიენტირებით არ აღვიჭურვოთ მოვლენათა შესაფასებლად. ამისთვის კი აუცილებელია სხვადასხვა თემაზე მართლმადიდებლური სწავლებების გამოქვეყნება, რამეთუ სწორედ მათზე დაფუძნებით შეგვიძლია არ ავცდეთ სამეუფო გზას და არ გადავიხაროთ ყალბ აპოკალიპტიზმში, რომლისგანაც თავს ვერ დავიცავთ, თუ არ გვექნება წმიდა ეკლესიური საზომი: წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, მართლმადიდებელ მამათა სწავლება, ეკლესიის ისტორიის მართებული გააზრება, ასკეტური და ზნეობრივი ღვთისმეტყველება. ამიტომაც, მთელი რიგი ზნეობრივი თუ დოგმატურ-კანონიკური სწავლებები ხელს შეუწყობს ჩვენს მკითხველს უკეთ გაიაზროს მიმდინარე მოვლენების არსი და, რაც მთავარია, გაახსენოს მას, რომ უმთავრესი მაინც ჩვენს გულებში, ჩვენს სულში მიმდინარე პროცესებია, რომლებიც ან გვაახლოებენ ღმერთს ან, პირიქით, - გვაშორებენ მას. ჩვენი პირადი აპოკალიფსისი ჩვენს გულებში იწყება და იქვე მთავრდება.
დღეს თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანს ინფორმაციის ცუნამი ატყდება თავზე, რომელიც აძრწუნებს მის გულს, სულში კი მშფოთვარებას უნერგავს. მასონები, ილუმინატები, საიდენტიფიკაციო კოდები... ანტიქრისტე უკვე მოსულია, ის უკვე სამყაროშია. ბიოპასპორტები, რომელთა რიცხვებში უცნაურად, მაგრამ აუცილებლად არის კოდირებული ქრისტეს უარყოფა. ბოროტება ელექტრონული ენერგიით გადაიცემა. ინტერნეტი, კომპიუტერი და ტელევიზორი - ეს ხომ ეშმაკის "მახეებია" და მრავალი სხვა. ყველა ეს ფსევდომართლმადიდებლური "საშინელებები" ერთი ღერძის გარშემო ტრიალებს: წმიდა წერილის ყველაზე იდუმალი წიგნის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" (ბერძნულად "აპოკალიფსისის") თვითნებური განმარტება.

მაგრამ პირადი ფანტაზიის ასეთი აბობოქრება - ძალზედ საშიში შეცდომაა, რომელსაც სულიერი ცხოვრების დაზიანებისკენ მივყავართ და საფრთხეს უქმნის ადამიანის სულიერ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამის შესახებ ბრძანებს თვით ბიბლია.

"გამოცხადების" 22-ე თავის ბოლოს წმიდა მოციქული და მახარობეული იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში" (გამოცხ. 22:18, 19).

განა ეს საშინელი სიტყვები არ არის? თუ ადამიანი თავისი ხორციელი და მედიდური თავმომწონეობით რამეს დაამატებს ამ წიგნს, მას ღმერთის მოწყლავს, ხოლო თუ რამეს მოაკლებს - უფალი ცათა სასუფეველში შესვლის შესაძლებლობას წაართმევს. ეს არის დიადი და მრისხანე გაფრთხილება!

დაახლოებით იგივე წერია წმიდა მოქიქულთა საქმეებშიც. ოღონდ აქ უკვე პირდაპირ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე გვეუბნება: "შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:6, 7).

შეგვიძლია გავიხსენოთ თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი და მეორე ეპისტოლეეები. პირველი ეპისტოლეს დაწერა მოციქულს აიძულა მწვალებლებთან ბრძოლის აუცილებლობამ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არც ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნებოდა და არც მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა. თესალონიკელებმა მიიღეს დოგმატი, რომლებიც მათ მოციქულმა პავლემ სულიწმიდის შთაგონებით გადასცა. მაგრამ ადამიანური ბუნება უძლურია. თესალონიკელ ქრისტიანებში მოხდა გადახრა. ისინი საკმაოდ გულანთებულად ელოდნენ სამყაროს აღსასრულის მოახლოვებას, ამიტომაც მოციქულმა მათთვის მეორე ეპისტოლეც დაწერა, რომელშიც თქვა: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო" (2 თესალონიკ. 2:1, 2).

დავიმოწმოთ ნიკოდიმე მთაწმინდელის სიტყვებიც მისი წიგნიდან "უხილავი ბრძოლა": "ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გონება უცოდინრობისგან უნდა დავიცვათ. ამავე დროს საჭიროა მისი დაცვა ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგანაც. რაც სწრაფად ავავსებთ გონებას ბევრი ცოდნით, წარმოსახვებით და აზრებით, რომელთაგან უმრავლესობა ამაო, უსარგებლო და საზიანოა, მით მეტად დავაუძლურებთ მას და ვეღარ შეძლებს იგი (გონება) სწორად შეიმეცნოს ის, რაც ჩვენი ნების დასათრგუნად და ჩვენი სრულყოფილებისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ამქვეყნიურ საგნებთან და მოვლენებთან მიმართებით მკვდარს უნდა მიემსგავსო, რადგან ისინი შეიძლება დასაშვები იყოს, მაგრამ არა აუცილებელი. მოიკრიბე გონება და დაიცავი ამქვეყნიური საგანთა ცოდნისაგან! დაე, ყველა ახალმა ამბავმა, ყველა სიახლემ, ყველა სახელმწიფო გადატრიალებამ შენგან შორს ჩაიაროს და ისე დარჩეს ყოველივე, თითქოს არც არსებობს! წმინდა ბასილი დიდი გვირჩევს ამქვეყნიური ამბები მწარე გემოს მქონედ მივიჩნიოთ, წმინდა მამათა ნააზრევი კი თაფლივით ტკბილად. დავით მეფსალმუნე ამბობს: "მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო" (ფსალ. 118,85). იყავი ყურადღებიანი მოყვარული სულიერისა და ზეციურის შემეცნებისა, არ ისურვო სხვა არანაირი ცოდნა, მხოლოდ იფიქრე ჯვარცმულზე (მაცხოვარზე - მთარგმ.), მის ცხოვრებაზე და მის სიკვდილზე, იფიქრე იმაზე, რასაც ითხოვს შენგან უფალი. მადლობა შესწირე ღმერთს, რომლის რჩეული და საყვარელი ის არის, ვინც მის ნებას აღასრულებს" (წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი. უხილავი ბრძოლა. თავი მეცხრე. როგორ დავიცვათ გონება ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან. საეკლესიო გამომცემლობა "ახალი ივერონი". თბილისი. 2014. გვ. 25).

მაინც რით არის ასე საშიში არასწორი აპოკალიპტური განწყობა?

ის აიძულებს ადამიანს გამოვიდეს "საკუთარი თავიდან", ზურგი აქციოს ზრუნვას შინაგან კაცზე, საკუთარი თავის შესწავლას, რაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია ცხოვნების გზაზე, და თავისი გონება, სული და გული მიწიერ ხვედრს - გარეგან მტრებთან (მასონებთან და სხვა) ბრძოლას მიუძღვნას, დასაქმდეს მიწიერი სამართლიანობის ძიებით (ხოლო ის, როგორც ცნობილია, არასოდეს დადგება ცოდვის მიერ სამყაროს დაზიანების გამო); აიძულებს მას ეძიოს ერთგვარი "მართლმადიდებლური მიწიერი სამეფო", თუმცა იცის, რომ ჩვენი სამშობლო აქ, დედამიწაზე კი არა, ზეცაშია, და ჩვენი სუფევაც ზეციური იქნება და არა მიწიერი. ჩვენი მომავალი ცხოვრება ხომ არაამქვეყნიურია.

სულიერი ცხოვრების ზემოთხსენებული მოწყობა საფუძველშივე არასწორია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახარებასა და წმიდა მამათა მთელ ასკეტიკურ მოღვაწეობას.

ამის შესახებ უფალი პირდაპირ გვეუბნება: "ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:20, 21). ლუკას სახარების 22-ე თავშიც მაცხოვარი თავის მოწაფეებს უხატავს სამყაროს აღსასრულის სურათს და პირდაპირ ეუბნება მათ იმის შესხებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავიდან აიცილოს აპოკალიპტური უბედურება: "მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლუკა 21:36).

და კიდევ, ძმანო და დანო, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო საღმრთო ლიტურგიის დასაწყის ლოცვას, კერძოდ დიდ კვერექსს, რომელიც იწყება სიტყვებით: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ". ერთი მხრივ - ეს არის მოწოდება მთელი ერისკენ ერთად დავდგეთ ღმრთის წინაშე სალოცავად. მაგრამ შინაგანად, სულიერი თვალსაზრისით, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ლოცვა სულის მშვიდობიანი განწყობით გვმართებს. იგივეა განწესებული ყველა მართლმადიდებლურ ლოცვანში, სადაც მშვიდობასთან ერთად უფალი მღვიძარებისკენაც მოგვიწოდებს.

რას ნიშნავს მაცხოვრის მოწოდება მღვიძარებისკენ? ნიკოდიმე მთაწმინდელი თავის წიგნში "უხილავი ბრძოლა" გვპასუხობს, რომ ყოველ ადამიანს თავის გულში მყარად უნდა ჰყავდეს გამჯდარი ღმრთისადმი ლტოლვა, მის გულში არავინ უნდა ცხოვრობდეს ღმრთის გარდა, რადგან სწორედ გულში მიმდინარეობს ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, მისი უსასრულო სწრაფვა მისკენ. თანამედროვე ღვთისმეტყველები ადამიანის ასეთ მდგომარეობას შინაგან უდაბნოს, წმიდა წმიდათას, საკურთხეველს უწოდებენ, რადგან სწორედ იქ ხდება ადამიანის კავშირი ღმერთთან.

მღვიძარება - ეს არის საკუთარი თავის სინანულისებრი და გამოწვლილვითი შესწავლა, რათა გულში იოტისოდენა ცუდიც კი არ იქნას გავლებული. მღვიძარება - ეს არის მოგზაურობა საკუთარი თავის შიგნით. როგორც ანტონი სუროჟელი წერდა: "ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე ადვილად მოქმედებს ჩვენში ცოდვა არის ის, რომ ჩვენს სულებში ღრმად ჩახედვისა გვეშინია; ჩვენთვის უფრო ადვილია ზედაპირზე ცხოვრება. ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ ზედაპირულ ქარბუქს, მაგრამ გვაძრწუნებს სიღრმეში ჩასვლა, რამეთუ, როდესაც ღრმად მიდიხარ, ჯერ ცნობიერების სფეროში შედიხარ, მდუმარებაში, შემდეგ კი ხედავ როგორ ამოდიან მისი უფსკრულიდან ზღვის ურჩხულები, მტაცებლები და შიში გიპყრობს. ამის შედეგად ვერ ვაღწევთ იმ ადგილს, სადაც შევძლებდით საკუთარი სინდისის დაკავშირებას ღმერთთან, რადგან ის სიღრმეში გველოდება და არა ზედაპირზე. აქ მხოლოდ ზედაპირული ფორმით გვეცნობა და გვაძლევს მცნებებს იმისთვის, რათა გვასწავლოს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ადამიანი ქრისტეში, ჩვენი სიღრმეები კი თვითონ უნდა შევიცნოთ - და კადნიერად გავბედოთ მასში ჩასვლა".

ამიტომაც, ძმანო და დანო, ნუ გავალთ განზე - უღრან ტყეში, საფლობში, ლაბირინთებში და ამ წუთისოფლის მახეებში, საიდანაც ესოდენ მომხიბლავად, მკაფიოდ და გამაოგნებლად გვიზიდავს არასწორი აპოკალიპტური განწყობა.

ჩვენ საკუთარი სულის განუზომლად უფრო დიადი და ლამაზი სიღრმე გველოდება, სადაც ჩვენი სინდისი ხვდება ღმერთს და მასში ჰპოვებს განსვენებას.

წყარო: pravlife.org
Назад к содержимому