პუბლიკაციები - "ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
"ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს"
 
(ესაია 8:12)
მეძავი ბაბილონის განადგურება
ბილ გეიტსის, ილონ მასკის, სოროსის და სხვა მათ მსგავსთა გეგმები სრულიად უინტერესოა. დაე აქვეყნონ ასობით დოკუმენტი, დაე მადონამ უმღეროს ახალ მსოფლიო წესრიგს, დაე მუდმივად ჟღერდეს "ოქროს მილიარდი" და სხვა განზრახვები, - ამათ არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ! ყველა ეს ჩიპიზაცია, ვაქცინაცია და სხვა - ბულვარული პრესაა, არც მეტი არც ნაკლები.
 
ეს ყველაფერი სრულიად უინტერესოა შემდეგი მიზეზების გამო:
 
წერილი ამბობს, რომ შეთქმულებები იარესბებენ, რომ ბილწი გეგმებიც იარსებებენ, რომ მსოფლიო ანტიქრისტიანული "ელიტა" ბოროტს იზრახავს და შეთქმულებას აწყობს. არ მეეჭვება, რომ არსებობს გეგმები ჩიპიზაციაზეც, და გეგმები ოქროს მილიარდზეც (როგორც ამბობენ - მილიონი ბატონი უნდა იყოსო და მილიარდი მოსამსახურე, დანარჩენებს კი მოსპობას უპირებენ) და ა. შ. მაგრამ, ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩება და არასოდეს განხორციელდება! ესეც ორი მიზეზის გამო:
 
ჯერ-ერთი, წერილი გვასწავლის: "ეს არ შედგება და არ ახდება". ესაია უფლის სახელით ამბობს: "ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ" (ეს. 8:12).
 
თქვენ გეშინიათ იმისა, რასაც იუწყება გეიტსი მოსახლეობის შემცირებასთან დაკავშირებით? თქვენ გაშინებენ ჩიპიზაციით? თქვენ გეშინიათ ახალი მსოფლიო წესრიგის? თქვენ მოგისმენიათ შეთქმულებათა ათასგვარი თეორია? - ნუ გეშინიათ! მათი ზრახვები საბოლოო მიზანს ვერ მიაღწევს, მათი ჩანაფიქრი არ აღსრულდება! მასონების თუ ილუმინატების, იგივე მსოფლიო ანტიქრისტიანული "ელიტის" შეთქმულებები უსუსური მცდელობაა უფალს წაართვან მის მიერ შექმნილი სამყარო. წარმოიდგინეთ ერთი წლის ყრმა, რომელიც შეთქმულებას იზრახავს მსოფლიოს დასაპყრობად - როგორი შანსი ექნება მას? აი ასე არიან მასონებიც უფალთან მიმართებაში.
 
მეორეც, - უფალმა გვამცნო, რომ ქვეყნიერების აღსასრულის წინ, ფინალურ ეტაპზე მართლაც იქნება ნამდვილი შეთქმულება მის წინააღმდეგ.
 
აი, რატომ მიყვარს მე-2 ფსალმუნი, რომელიც ამ ბოლო დღეებსაც ეხება:
 
"რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ" (ფსალმ. 2:1-4).  
 
რას გვამცნობს ეს ფსალმუნი? - იმას, რომ ხალხები და ერები, თავიანთი ამქვეყნიური მეფეების მეთაურობით ამხედრებულან უფლის წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდო ("ესწრაფვიან ამაოებას"); ანუ მათი ზრახვები და მცდელობები იქნებაო ამაო, უაზრო, უშედეგო. მათი ზრახვებისგან არაფერი გამოვა. მიწიერი მეფეები სამიტებს აწყობენ უფლისა და მისი ცხებულის (ქრისტეს) წინააღმდეგ, მისი ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ აქაც მოეცარებათ ხელი. ამ ზრახვისგანაც არაფერი გამოვა.
 
რა სურთ ხალხებსა და მსოფლიო ანტიქრისტიანულ "ელიტას"? – "დავგლიჯოთ მათი (მამის, ძის და სულიწმიდის - "აპოკ." რედ.) სადავეები და მოვიშოროთ მათი ხუნდებიო". რას გულისხმობს ეს? ანტიქრისტიანული ძალები იწყებენ საპროტესტო აქციას - რევოლუციას ღმერთის წინააღმდეგ. მათთვის ღვთის სჯული და კანონები, მისი თავისუფლება და მისი ნება - მონობის ტოლფასია, მისი ნათელი მათთვის სიბნელეა, ხოლო მისი ჭეშმარიტება - სიცრუე. წერილი ამბობს, რომ ყველა ადამიანი ცოდვის მონაა, მაგრამ უფლის წინააღმდეგ შეთქმულთათვის ყველაფერი პირიქითაა - სიმართლე და სიწმიდეა მათთვის ხუნდები, ხოლო ცოდვა და უკეთურება ცხოვრების ნორმა და "თავისუფლება".
 
მაშ, როგორია უფლის რეაქცია მათ შეთქმულებაზე?
 
"გაიცინებს", და "... აბუჩად აიგდებს მათ". სწორედ აქედან მოდის ცნობილი ქართული ანდაზა: "კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო". დიახ, ეცინება უფალს მიწის მტვრისგან აღებული ადამიანის ბაქიბუქობის. ის აბუჩად აიგდებს კაცთა ცხონების მტრის, ეშმაკის მომხრეებს. მაგრამ, ბოლოს მისი ეს სიცილი მრისხანებაში გადავა, და უკეთურები უფლის თვალებში მისი სამართლიანი მსჯავრის დადგომას განჭვრეტენ. შეთქმულებს ენით აუწერელი შიში მოიცავთ...
 
როგორი იქნება შედეგი? უკეთურთა შეთქმულება არა თუ არ განხორციელდება, არამედ ყველა შეთქმული განადგურდება და ჩაიყრება ცეცხლის ტბაში ეშმაკთან და ანტიქრისტესთან ერთად.
 
აი, რატომ მიგვაჩნია არარაობად შეთქმულების ყველა თეორია ერთად აღებული. მაშ, თუკი სატანის, მისი მომხრე დაცემული ანგელოზების, ანტიქრისტეს, ბაბილონის, ცრუწინასწარმეტყველის და 10 მეფის ღმრთისსაწინააღმდეგო შეთქმულება წარუმატებელი აღმოჩნდება, რაღა უნდა ვთქვათ ვიღაც ბილ გეიტსზე, ილონ მასკსა თუ ჯორჯ სოროსზე...
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому