აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რას ნიშნავს ეზეკიელის წინასწარმეტყველება, რომ ისრაელის ნატამალი გადარჩება?
ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ძირითადი აზრი, რომლებიც წინასწარმეტყველის მეშვეობით სურს აცნობოს ღმერთმა ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველთ.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ პირველ აზრს, რომელიც იუდეველთათვის ნუგეშია - ეს არის ისრაელი ხალხის ნატამალის იდეა, რომელიც გადარჩება და დაბრუნდება აღთქმულ მიწაზე, აღადგენს იერუსალიმს და უფლის ახალ ტაძარს ააშენებს.
"დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან" (ეზეკ. 6:8).
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ადამიანებს ეუბნება, რომ მიუხედავად მათი ტყვეობისა, ღმერთს ისინი არ მიუტოვებია, მაგრამ უნდა დაიცვან ღმრთის მცნებები და მაშინ მოიწევა გათავისუფლება. ისინი შეძლებენ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას და ღმერთთან აღთქმის აღდგენას.
მაგრამ დაბრუნდება და გადარჩება არა მთელი ხალხი, არამედ სწორედ ის ნატამალი, რომელიც ღმრთის ერთგული დარჩება.
ქრისტეც ამბობს სახარებაში, რომ მცირედნი გადარჩებიან:
"ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას" (მთ. 7:21).
"ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი" (მთ. 22:14).
სხვა ადგილას მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობა ვერ შევა ცათა სასუფეველში:
"ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ" (ლკ. 13:23-24).
მთელი კაცობრიობის უბედურება იმაშია, რომ ცხონებას ელტვის მხოლოდ "მცირე სამწყსო", ხოლო დანარჩენი ადამიანები წარწყმდებიან.
წინასწარმეტყველებაში ისრაელის ნატამალის შესახებ მოცემულია სულიერი სიღრმე. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს არა მარტო დატყვევებულ თანამემამულეებზე, რომლებიც გადარჩებიან და აღთქმულ მიწაზე დაბრუნდებიან. ეს წინასწარმეტყველება გამსჭვალავს მთელ დროით სივრცეს და ისტორიულ პერიოდებს, რადგან ის მეტაქრონოლოგიურია და მეტაისტორიულია.
ნატამალი - ეს არის ისრაელის მესიანური დანიშნულება, რომელიც ირწმუნებს ქრისტეს, როგორც მესიას და ქვეყნიერების მაცხოვარს.
ნატამალი - ესენი არიან მოციქულები და ის იუდეოქრისტიანები, რომლებმაც ირწმუნეს მოციქულთა სახარება, რომლებიც შეადგენენს საფუძველს ქრისტიანული ეკლესიისა.
ისრაელის მთელმა ერმა როდი მიიღო ქრისტე, არამედ მხოლოდ მისმა ნატამალმა. ისინი, ვინც ირწმუნა - ცხონდნენ, ხოლო ვინც ვერ ირწმუნა - წარწყმდნენ. როგორც წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მოწმობს: "ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (ინ. 3:18). ასევე წმ. მოციქული მარკოზი: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16).
მეტიც, ქრისტესადმი ურწმუნო იუდეველები წარწყმდნენ არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც, როდესაც რომაელთა ჯარმა ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს მეთაურობით ქალაქი იერუსალიმი და ღმრთის ტაძარი ნანგრევებად აქცია.
როგორც ეს უფალმა იესუ ქრისტემ იწინასწარმეტყველა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა" (მთ. 24:2).
ქრისტეს მოწაფეები ამ მომენტში იერუსალიმში არ იყვნენ, ისინი სახარების საქადაგებლად იყვნენ გასულნი, როგორც ეს მათ მაცხოვარმა ამცნო: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:19-20).
მაშინ აღსრულდა ეზეკიელის წინასწარმეტყველებაც: მთელი ისრაელი თითქმის ამოწყდა, მაგრამ მცირე ნატამალი ქრისტიანთა სახით, დარჩა.
ესენი იყვნენ ქრისტეს ის მიმდევრები, რომელთა შესახებაც წმიდა მოციქული პავლე წერდა: "ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი" (რომ. 11:5).
ამრიგად, ისრაელის ნატამალი - ესენი არიან ქრისტიანები იუდეველთაგან და წარმართთაგან, რომლებიც შევიდნენ ქრისტეს ეკლესიაში და, რომელთანაც დადო უფალმა ახალი აღთქმა.
დასასრულ ისრაელის ნატამალის კიდევ ერთი სულიერი დანიშნულება - ახალი ზეციური იერუსალიმი გახლავთ, რომელთა მოქალაქეებად ყოფნისკენ ღმერთი ადამიანებს ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე მოუწოდებს.
ამ სულიერ ისრაელზე მოწმობს წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი:
"მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან" (გამოცხ. 21:1-3).
სამწუხაროდ, დედამიწაზე ყველა ადამიანი როდი ცხონდება, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც თვით ღმერთის სასუფეველში შესვლის ღირსნი იქნებიან და გახდებიან ის ნატამალი, რომლის შესახებაც ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა.
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.