პუბლიკაციები - ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს,
მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას
(2 თესალონიკ. 2:7)
გაშავებული მზე და სისხლიანი მთვარე
უსჯულოების საიდუმლო - იგივეა, რაც უსჯულოების ძეთა მიერ მომზადებული აპოსტასია (αποστασία) - განდგომა ჭეშმარიტი ღმრთისგან, ჭეშმარიტი რწმენისგან, რითაც უსჯულოების ძენი მსოფლიო ძალაუფლების დასაპყრობად და თავიანთი ცრუ-მესიის - ანტიქრისტეს შემოსაყვანად ემზადებიან, რომელიც, მათი მოლოდინით, მთელ მსოფლიოზე გააბატონებს მათ და მსოფლიო ერებს დაუმორჩილებს.

გადმოსცემდნენ რა იესუ ქრისტეს სწავლებას სამყაროს აღსასრულის შესახებ, როგორც ის გამოთქმულია სახარებაში, და აფრთხილებდნენ რა პირველქრისტიანთ ცრუმოძღვართა გამოჩენის შესახებ, მოციქულები არაერთხელ უნდა შეხებოდნენ ანტიქრისტეს პიროვნებასაც, თუმცა თავიდან მის შესახებ ბუნდოვნად, გაკვრით მსჯელობდნენ, როგორც პიროვნებაზე, რომლის მხოლოდ გამოჩენა და საქმიანობის ხასიათია ცნობილი, მისი პიროვნების კერძო ნიშნები კი მომავლის საიდუმლოა და ამიტომაც უფრო ბუნდოვანი.

მხოლოდ ახლა (თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში) განმარტავს მოციქული პავლე ამ პიროვნების განსაზღვრულ თვისებებს; თუმცა, თვით მისი გამოჩენის შესახებ ამბობს, რომ ის აქამდე მოხდებოდა, რომ არა ერთგვარი შემკავებელი (το κατέχον).

მოციქულის შენიშვნით, ამ შემკავებლის შესახებ თესალონიკელებს კონკრეტული ცოდნა თვით პავლე მოციქულისგან უკვე მიღებული ჰქონდათ; მაგრამ ის, თუ რა არის ეს, არც მოციქულთა ეპისტოლეებიდან ვიცით და არც საეკლესიო გადმოცემიდან. ამის გამო შემკავებლის ვინაობის თუ რაობის საკითხში წმიდა წერილის კომენტატორთა აზრი განსხვავებულია. წმიდა იოანე ოქროპირის, თეოდორიტესა და სხვა წმიდა მამათა აზრით, აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ განსაკუთრებული ნიჭები, არც სულიწმიდის მადლი, რადგან განსაკუთრებული ნიჭები, ქარიზმები ეკლესიაში უკვე დიდი ხანია დაიშრიტა, ანტიქრისტე კი ჯერაც არ ჩანს; ხოლო სულიწმიდის მადლი არასოდეს დაიშრიტება, და ამიტომ, მადლი რომ იგულისხმებოდეს ანტიქრისტე ვერც ვერასოდეს მოვიდოდა.

შემკავებლად არ შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რომ სახარების ქადაგება ჯერაც არ განვრცობილა ყველა ერს შორის, როგორც მაცხოვარი ბრძანებს (მათე 24:14); არ გახლავთ შემკავებელი არც ისრაელის დაბრმავება, რომელიც, იმავე მოციქულ პავლეს თქმით (რომ. 11:25-26), სამყაროს აღსასრულის წინ დასრულდება, რადგან არც ქადაგების მიუღებლობა წარმართთა მიერ და არც ისრაელის გულქვაობა არ წარმოადგენს ეკლესიაში არსებულ რასმეს, რომელსაც ანტიქრისტეს შეკავების ძალა ექნებოდა.

წარმართთა და იუდეველთა მოქცევა მხოლოდ წინ უსწრებს სამყაროს აღსასრულს; მაგრამ მას ამ მოვლენასთან მიზეზობრივი კავშირი არ გააჩნია; ანუ სამყაროს აღსასრული უნდა დადგეს, სხვაგვარად, ანტიქრისტე უნდა მოვიდეს იმის შემდეგ, რაც ყველა ერი მიიღებს ქრისტიანობას, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანობის მიღებაზე ან მიუღებლობაზე იყოს დამოკიდებული ანტიქრისტეს მოსვლა და სამყაროს აღსასრული.

მოციქულის თქმით, უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ანუ ამ უსჯულოს შემოსაყვანად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს სამუშაოები დაკავშირებული იყოს ქრისტიანობის მეტ-ნაკლებ გავრცელებასთან. წმიდა მამათა განმარტებებს თუ მივმართავთ დავინახავთ, რომ ერთნი შემკავებლად ვარაუდობენ რომის სახელმწიფოს, ხოლო შემკავებელ პიროვნებად (о κατέχον) - რომის იმპერატორს (ამის დასტურად მოჰყავთ ის გარემოება, რომ შემკავებელი მოციქულის თანამედროვე იყო, რადგან ის ბრძანებს: "ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს" (ძვ. ქართ.: "და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა" – "აპოკ." რედ.). და თუკი მოციქულმა პირდაპირ არ დაასახელა შემკავებელი, როგორც იოანე ოქროპირი შენიშნავს, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ რომის იმპერიის დაცემაზე წინასწარმეტყველებით ქრისტიანობაზე იმპერატორის მორიგი და არასაჭირო გულისწყრომა არ გამოეწვია.

მაგრამ თავისთავად გასაგებია, რომ ამგვარი შეხედულების სამართლიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რომის იმპერიის არსებობასთან. 476 წელს მისი დაცემით და 800 წელს მის ნანგრევებზე აღმოცენებული გერმანიის იმპერიის დამხობით, რომელიც რომის იმპერიის სახელს ატარებდა და, რომელიც 1806 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ გაანადგურა, აღმოჩნდა რომ შემკავებელი ეს იმპერია როდია; არ არის ეს ასევე რომის მღვდელმთავართა საერო ძალაუფლება - რადგან ის მოციქულთა დროს ჯერაც არ არსებობდა, ასევე იმიტომაც, რომ დღეს ეს ძალაუფლება სრულიად დაეცა.

მიუხედავად ამისა, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ ძველ კომენტატორთა თითქმის ერთსულოვანი შეხედულებით, შემკავებელი შეიძლება იყოს ზოგადად სახელმწიფოებრივი ხელისუფლების არსებობა, - არა რომისა ან რომელიმე სხვა კონკრეტული სახელმწიფოსი, - არამედ ზოგადად სახელმწიფოებრიობისა. როგორადაც გინდ იყოს მოწყობილი სახელმწიფო, ვინც გინდ მეთაურობდეს მას, სანამ არსებობს რელიგია, ზნეობრიობა, სამართალი, საზოგადოებრივი კეთილდღეობა, მშვიდობა და პიროვნებისადმი პატივისცემა, როგორც სახელმწიფოებრიობის არსებობის საფუძველი, ანტიქრისტე ვერ შემოვა, ხოლო ამგვარი სახით ეკლესიისა და მსოფლიოს არსებობა გარეგნულად დაცულია.

მაგრამ, როგორც კი ძირი გამოეთხრება სახელმწიფოებრივ ძალაუფლებას, განადგურდება მმართველობა - სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც უდიდესი საფრთხე ემუქრება. რევოლუციების ისტორიამ გვიჩვენა მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება აღებულ იქნას შემკავებელი (სახელმწიფოებრივი ძალაუფლება) და შედეგად, მოვიდეს ანტიქრისტეს წინამორბედი.

მართალია, მყარი სახელმწიფოებრივი წესრიგის არსებობა აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას, მაგრამ "უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმდებს", ანუ უკვე საიდუმლოდ ვრცელდება და ძლიერდება ის ანტიქრისტიანული საწყისები, ის სულისკვეთება და მიმართულება, რომლებიც ცდილობენ ყოველივე სჯულიერის და კანონიერის, წმიდისა და ღვთაებრივის დამხობას, და რომელიც ყველაზე მკაფიოდ სწორედ ანტიქრისტეს პიროვნებაში გამოჩნდება.

უკვე მოციქულის დროსვე თვით ეკლესიის წიაღში ძლიერდებოდნენ სქიზმები და მწვალებლობები. იოანე მახარობელი ბრძანებდა: "აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი" (1 იოანე 2:18). მაგალითად, სიმონ მოგვი, "გრძნეულებას რომ მისდევდა... აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი" (საქმე 8:9-10), ხოლო რომში მან თავი პირდაპირ ღმერთად გამოაცხადა; არიოზი, რომელიც იესუ ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა; ათეისტები, რომლებიც საერთოდ არ აღიარებდნენ ღმრთის არსებობას, და ყველა დროის მწვალებლები მხოლოდ ანტიქრისტეანული სულის გამოხატულებები და მისი წინამორბედები არიან. სხვადასხვა ხალხთა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მრავალი ასეთი ანტიქრისტეს წინამორბედი გამოჩნდა. ასეთებად შეიძლება იწოდნენ არა მარტო ნერონი და დიოკლეტიანე - ქრისტიანობის მდევნელნი - არამედ სხვა ქრისტესგან განდგომილნიც. ივლიანე განდგომილი, კონსტანტინე კოპრონიმე, ყველა ჯურის რევოლუციონერები: კომუნისტები, დემოკრატები, სოციალისტები და ანარქისტები არაფრით ჩამოუვარდებიან ნერონს არც სისასტიკეში და არც ქრისტიანობის სიძულვილში.

როდესაც "შუაგულით აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას, მაშინ გამოჩნდება ურჯულო" (2 თესალონიკ. 2:8).

სწორედ ეს ურჯულოა ცოდვის კაცი და წარწყმედის ძე, რომელიც ქრისტეს მოწინააღმდეგე შეიქნება. სწორედ ეს არის ანტიქრისტე. არ შეიძლება მასში დავინახოთ მხოლოდ დროის სულისკვეთება ან ადამიანთა ცხოვრებაში არსებული ის ანტიქრისტიანული და ანტირელიგიური მიმართულებები, რომლებიც უარყოფენ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობას და მის გამომსყიდველ მსხვერპლს გაღებულს კაცთა საცხოვნებლად; არა, ეს იქნება ნამდვილად ისტორიული პიროვნება, ადამიანი, რომელიც მოვა "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით" (2 თესალონიკ. 2:10). ძნელი წარმოსადგენია, თუ ვინ იქნება ეს ანტიქრისტე.

ყველა ძველი და ახალ კომენტატორთა უმეტესობა იმ აზრზეა, რომ ის იქნება ცნობილი, განსაზღვრული პიროვნება; მაგრამ როგორ მიმართებაში იქნება ის სატანასთან? ერთნი ფიქრობენ, რომ ეს თვით განკაცებული ეშმაკი იქნება, და ამბობენ, თითქოსდა, ეშმაკი, რომელიც ყოველივეში მიბაძავს ძეს ღმრთისას, სამყაროს აღსასრულის წინ განკაცდება და გამოჩნდება ადამიანის სახი ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ნეტ. თეოდორიტე ბრძანებს, შეერწყმება ვინმე ადამიანს, რათა იმოქმედოს ქრისტესა და ქრისტიანობის წინააღმდეგ (Феодорит в Кратком изложении догматов, 23).

სხვები (ლაქტანციუსი, ევსუქი) ფიქრობენ, რომ ანტიქრისტე იშვება ეშმაკისგან ან რომელიმე მეძავი დედაკაცისგან, რაც ეშმაკის საწყისებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. უფრო სამართლიანია დავეთანხმოთ იოანე ოქროპირს, თეოფილაქტეს და სხვა მამებს, რომლებიც ანტიქრისტეს ნამდვილ ადამიანად მიიჩნევდნენ და, რომელიც ეშმაკის უბრალო იარაღად და მისი ბოროტ ზრახვათა უგონო აღმასრულებლად კი არ შეიქნება, არამედ გონიერ, თავისუფალ ღმრთისმოძულედ, რომელიც საკუთარი უნარებისა და ნების სრული შენარჩუნებით დაეთმობა ეშმაკს.

რაც შეეხება ანტიქრისტეს წარმომავლობას ებრაელი ერიდან, კერძოდ დანის ტომიდან, ეკლესიის თითქმის ყველა ძველი მოძღვარი (წმ. ირინეოსიდან დაწყებული) ურთიერთთანხმიერია. წმიდა მამები ასევე თანხმიერნი არიან იმ აზრში, რომ ანტიქრისტე იმოქმედებს სატანის ძალით და მოახდენს ცრუ სასწაულებს. უფალი ამგვარ საკვირველებებს დაუშვებს იმათ საცთუნებლად, ვინც ჭეშმარიტი სწავლება არ მიიღო და თავისი სულის ცხონება არად მიიჩნია. უპირველეს ყოვლისა სწორედ ამგვარ ადამიანებს აცთუნებს ანტიქრისტეს სასწაულები, თანაც მისი ცრუსწავლება კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავს მისდამი და ცთუნებულნი ღვთაებრივ პატივს მიაგებენ მას.

ის, თუ როგორ აღსრულდება ეს ცრუსასწაულები, ჩვენ არ ვიცით; მაგრამ უკვე მისი სახელწოდებაც აჩვენებს, რომ ისინი იქნებიან ადამიანთა გრძნობების მომატყუებელნი; ანტიქრისტე თავისი შემწეთა მეშვეობით გამოიყენებს ბუნების საიდუმლო ძალებს და მოტყუებით, მზაკვარებითა და ათასგვარი მანქანებით აცთუნებს მრავალს, რადგან, როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.  ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:10-11).

მიუხედავად ანტიქრისტეს ძლიერი და სასტიკი მოქმედებისა, ის ხანგრძლივი მაინც არ იქნება. უფალი იესუ ქრისტე "შემუსრავს მას თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). ანტიქრისტე ისევე განქარდება, როგორც განქარდება ბნელი ნათლის გამოჩენისთანავე. მტარვალი გაქრება ღმრთის პირისგან, მის ბაგეთა სულის ძლიერებისგან. მარტოდენ ქრისტეს გამოჩენა სრულიად გააუვნებელყოფს და გააქრობს ანტიქრისტეს ძალასაც და პიროვნებასაც. მასთან ერთად განადგურდება ყველა მისი მიმდევარი და მოწინააღმდეგე ჭეშმარიტებისა.

მასალა მომზადებულია "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ პროფ. ა. ვ. ივანოვის განმარტების მიხედვით.

2020 წ. 23 ნოემბერი.
Назад к содержимому