სხვადასხვა > რჩევები მშობლებს
ტელევიზორის მავნებლობა
ძველმა ფრაზამ "პური ან სანახაობა!" ჩვენს დროში ავისმომასწავებელი მნიშვნელობა შეიძინა. ქვეყნებში, რომლებსაც მოფერებით "ცივილიზებულებს" უწოდებენ, შიმშილისგან დღეს არავინ კვდება. მოსახლეობა ამჯობინებს არ აირჩიოს პურსა და სანახაობას შორის. დისტანციური მართვის პულტი, საჭმელი და სავარძელი - თანამედროვე დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმაა. ტელევიზორი ნარკოტიკივითაა. გაჩერება შეუძლებელია: სერიალები, შემდეგ ახალი ამბები, მის შემდეგ კი კინოფილმი. დრო შეუმჩნევლად გარბის.
ასევე შეუმჩნევლად იჭმევა მავნე საჭმელი. ტელეეკრანების წინ მსხდომი ადამიანები ჭამენ და საჭმლის არც ხარისხს დაგიდევენ და არც რაოდენობას. ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მცხოვრები სამუშაოდან 18 საათზე ბრუნდება და იმწამსვე ტელევიზორს ჩართავს, რომელსაც გამორთავს შუაღამის შემდეგ. დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე ტელევიზორი დღე და ღამე მუშაობს. გამოკვლეულია, რომ ადამიანები ტელეეკრანების წინ ატარებენ თავიანთი ცხოვრების მესამედს! და თანაც მუდმივად უჩივიან დროის ნაკლებობას.
ჯანმრთელობის წამრთმევი
დღეს ძალზედ მოდურია იყო ჯანრმთელი და სპორტული. ამასთან სერიალების გმირები სულაც არ მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს: ეწევიან, სვამენ და ნარკოტიკებსაც კი იყენებენ. ამგვარად, ქვეცნობიერ დონეზე უკვე ინერგება იდეა იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საჭირო არ არის. ტელეგადაცემების ხანგრძლივად ყურების შემდეგ უარესდება მხედველობა.
ჩვენი მხედველობა ისეა მოწყობილი, რომ გარემომცველი სამყაროს დათვალიერებისას მუდმივად იცვალოს ფოკუსირება. ტელევიზორი ამ შესაძლებლობას გვართმევს. გარდა ამისა, ყველა სნეულება, რომელსაც "ჩვენი დროების დაავადებას" უწოდებენ, დაკავშირებულია ჰიპოდინამიასთან. ჰიპერტონია, ინფარქტები და ინსულტები. გასუქება და შაქრის დიაბეტი. ვენებისა და სახსრების დაავადებები. ოსტეოპოროზი. ამ სნეულებათა მიზეზი იმაშია, რომ ადამიანები მცირედ მოძრაობენ. თანაც ძალზედ ბევრს ჭამენ ტელეეკრანებტან. "ცისფერ ეკრანთან" დღეში რამოდენიმე საათის გატარების შემდეგ, ბავშვებსა და მოზრდილებს კუნთების ატროფია ემართებათ. მათ უკვე ყველაზე უბრალო მოქმედებებიც კი ეზარებათ. ამასთან უჩივიან არა მარტო ფიზიკური დაღლილობას, არამედ ფსიქოლოგიურსაც.
დაკარგული ღირებულებები
მცირედი თუ ფიქრობს იმაზე, რომ ტელევიზორს არ შეუძლია რეალური ცხოვრების ასახვა. სიუჟეტს წარმტაცი მიმართულება რომ მიეცეს, სცენარის ავტორები გმირების ცხოვრებას მოულოდნელი ვითარებებით ცვლიან. რეალურ ცხოვრებაში მრავალ ადამიანს აკლია მკაფიო შეგრძნებები. მაგრამ იმისთვის, რათა საკუთარი ცხოვრება საინტერესო და შთამბეჭდავი გახადონ, ადამიანები დიდის მონდომებით უმზერენ სხვის ცხოვრებას და მერე წუწუნებენ, რომ მათი ცხოვრება ასე არ აეწყო.
როდესაც სერიალის გმირი აღწევს წარმატებას, ხშირად იქმნება იმის ილუზია, რომ თვით ადამიანს არანაირი ძალისხმევა არ დასჭირვებია წარმატების მისაღწევად, ყველაფერი "უბრალოდ" მოვიდა. ილუზიებს ქმნიან სხვადასხვა ხასიათის "ვარსკვლავური ისტორიები". ყოველი "პერსონაჟის" გაწევა დეტალებამდეა მოფიქრებული. მაგრამ "ჭურჭუტანებში ჭვრეტის მოყვარულები" ამაზე არც კი დაფიქრდებიან. ზოგიერთი ტელემაყურებელი იწყებს საკუთარი შვილების ან მეუღლის შედარებას სატელევიზიო პერსონაჟთან. ეკრანის გმირებს ხომ ხშირად ნაკლოვანებები არც კი გააჩნიათ. "იდეალური" პარტნიორის ძიებაში, რომელიც სერიალის გმირს დაემსგავსებოდა, კონფლიქტებითა და მარტოობით მთავრდება.
ნებაყოფლობითი მარტოობა
მარტოობა ცუდია. მაგრამ ტელევიზორი ადამიანს ოთხ კედელს შუა ამწყვდევს. თანაც "დაყუდებულებად" ადამიანები ხდებიან სრულიად ნებაყოფლობით და შეგნებულად. ზოგიერთი ტელეფონსაც კი რთავს, რათა რაც შეიძლება დაჟინებით "ჩაუჯდეს" ტელევიზორსს. თანამედროვე საზოგადოებაში ტელევიზორმა ადამიანებს დასვენების მრავალი ფორმა წაართვა. საით აგზავნიან თავიანთ შვილებს მშობლები, როდესაც ხალისი არა აქვთ მათი პრობლემების გადასაწყვეტად? ტელევიზორისკენ! პატარა ბავშვი შეიძლება დიდი ხნით "დააფიქსირო" განათებული ეკრანის წინაშე. ასე უცვლის ტელევიზორი პატარას დედას, მამას, თამაშებს, წიგნებს, ფიზიკურ აქტივობას, გასეირნებას და მეგობრებსაც კი. არც ერთ ნარკოტიკს, არც ერთ სნეულებას არ ძალუძს ასე სწრაფად და მყარად მოახდინოს ადამიანის იზოლირება საზოგადოებისგან. ზოგიერთ ოჯახში პრაქტიკულად ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიან - ტელევიზორის ერთობლივი ყურება ცვლის ურთიერთობას. ეკრანის წინ ადამიანები პასიურები ხდებიან. ირღვევა დროის შეგრძნება. მახინჯდება რეალობა.
დამახინჯებული რეალობა
ეკრანიდან მიღებული ინფორმაციის ნაკადი სპეციალური სახით მუშავდება. ქვეცნობიერის დონეზე ის ადამიანებს თავს ახვევს განსაზღვრულ ღირებულებებს. ჰკითხეთ ტელემანს - რატომ უყურებს ახალ ამბებს ყოველდღიურად? ის გიპასუხებთ, რომ სურს იყოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში. რომელ მსოფლიოში? ტელევიზორში მუდმივად ჰყვებიან ომებზე, სიკვდილზე, კატასტროფებზე, უბედურებებზე, სტიქიურ მოვლენებზე... ერთ დადებით მოვლენაზე მოდის 7 უარყოფითი. ნეგატივის ასეთი ნაკადი მავნეა ჯანმრთელობისთვის. და რა საჭიროა იმის ცოდნა, რა ხდება აფრიკაში, თუ ვერ ხედავ იმას, რა ხდება საკუთარ სახლში? ტელევიზიის ენა - ეს არის "სურათი" და ხმა. ისინი აღიქმება თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ, რომელიც პასუხს აგებს ქვეცნობიერზე. სატელევიზიო რეალობა ცვლის მას, იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც ქცევისა და აზროვნების სტერეოტიპებით არის თავსმოხვეული.
ტელემანის პორტრეტი
ტელემანები განსხვავებულები არიან. ერთნი უსასრულო სერიალებს უყურებენ. სხვები "შემეცნებით" პროგრამებს ეძებენ. მესამეთ კრიმინალურ ქრონიკას ვერ მოსწყვიტავ. არიან ტოკ-შოუებისა და ტელევიქტორინების ფანატებიც. ყველაზე დამოკიდებულნი ტელევიზორებს დღე და ღამე არ რთავენ. მათ სახლებში ტელევიზორი მუდმივად მუშაობს, "ფონისთვის". ამასთან ადამიანები პარალელურად სხვა საქმეებითაც არიან დაკავებულნი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანი ტელემანი ხდება და უსასრულოდ რთავს ტელეარხებს, რითაც თავის ტვინში აგროვებს სახეებისა და ხმების აჯაბ-სანდალს. ამგვარ ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ გაიხსენონ, რას უყურეს, თუმცა ტელევიზორთან დღე და ღამე სხედან.
ვინ არის დამნაშავე?
ტელევიზორი - მოხერხებული საშუალებაა იმისთვის, რათა გაექცე საკუთარი ცხოვრების რეალურ პრობლემებს. ტელევიზორი - მოხერხებული საშუალებაა ფსიქოლოგიური თავდაცვისა, რომლის მიხედვითაც ადამიანი გამოიმუშავებს ქცევის სტერეოტიპს, რომელიც მას ფსიქოლოგიური უსიამოვნებებისგან იცავს. ეკრანზე ცქერით შეიძლება დაივიწყო პრობლემის არსებობა და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა. მაგრამ პრობლემა ამის გამო არსად გაიქცევა. ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება მაინც საჭირო გახდება. ან კიდევ მას თქვენს მაგიერ სხვა მიიღებს, რომელიც შესაძლოა თქვენთვის არასასურველიც აღმოჩნდეს. დამნაშავე კი ... ტელევიზორი იქნება.
როგორია თქვენზე ტელევიზორის ზეგავლენა?
მრავალი ადამიანი ტელევიზორის ყურებისგან უარის თქმით ყველაზე ნამდვილ ფსიქოლოგიურ "ტეხვას" ("ლომკას") განიცდის. ისინი განიცდიან ტკივილებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ვერ პოულობენ ადგილს, არ იციან სად წავიდნენ და რითი დასაქმდნენ. ტელევიზორმა დაიპყრო მათი ფსიქიკა. რომ გავიგოთ, რამდენად ძლიერია თქვენზე ტელევიზორის ზეგავლენა, ეცადეთ უარი თქვათ მის ყურებაზე. რამდენი ხნით შეძლებთ არ მიუახლოვდეთ მას? ერთი დღე? ორი? იქნებ კვირა? ან იქნებ მთელი თვე? შეძლებთ კი საერთოდ მის მიტოვებას? თუ თქვენ გაიგეთ, რომ იმდენად ხართ დამოკიდებული ტელევიზორისგან, რომ ერთი დღეც კი არ შეგიძლიათ მის გარეშე, მაშინ აღიარეთ, რომ დახმარება გჭირდებათ. მიმართეთ პროფესიონალ ფსიქოლოგს. თქვენ თუ "მოლაპარაკე ყუთის" გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, და თანაც მის გარეშე ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდით, გაიხსენეთ - რისი კეთება გსიამოვნებთ ყველაზე მეტად. შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ საინტერესო საქმის მოსაძებნად. მაგრამ განა თქვენი სიცოცხლე არ ღირს ამ ძალისხმევად?!
ინტერნეტ მასალების მიხედვით.