Перейти к контенту

რელიგია - გურუისტული ("მლადოსტარცული") ჯგუფები ეკლესიაში - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოსტასია > რელიგია
გურუისტული ("მლადოსტარცული") ჯგუფები ეკლესიაში
დეკ დიმიტრი სმირნოვის მწვალებლობა
წინამდებარე პუბლიკაცია ეხება მეტად საჭირბოროტო საკითხს - სასულიერო პირთა (მღვდელმოძღვართა და მონაზონთა) თვითნებობას ერისკაცთა დამოძღვრის სფეროში. ამ თვითნებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა "კურთხევების" გაცემა ან არგაცემა. მაგალითად, ცნობილია შემთხვევები, როდესაც მღვდელმა თავის სულიერ შვილს უცხოეთში გამგზავრების ან სხვა რომელიმე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმის აღსრულების "კურთხევა" არ მისცა. ფაქტობრივად შექმნილია ვითარება, როდესაც "კურთხევა" გაგებულია, როგორც რეზოლუცია ან ნებართვა, რომლის გარეშეც თითქოსდა ერისკაცს არაფრის გაკეთების უფლება არა აქვს.
 
ამგვარი "სულიერი" მორჩილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მონასტრულ მორჩილებასთან და არც არის სავალდებულო ერისკაცისთვის, სცილდება მორჩილების მართლმადიდებლური გაგების ჩარჩოებს და მეტად მახინჯ ფორმებს იღებს. 1998 წელს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში შედგა სპეციალური სხდომა, რომელმაც მიიღო კანონები და მითითებები მღვდელთათვის, სადაც მათ გარკვეული მოქმედებები ეკრძალებად. ეს სხდომა და მისი განწესებან კარგად აჩვენებენ, თუ სანამდე შეიძლება მივიდეს რელიგიური საზოგადოება, რომელიც ამახინჯებს მართლმადიდებლურ ცნებებს და ყოფა-ცხოვრებაში არასწორად იყენებს მათ.
 
ქვემოთ ჩამოწერილ განწესებებში ასახული პრობლემატიკა საკმაოდ აქტუალურია საქართველოშიც, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი თარგმნა და გამოქვეყნება. იქნებ ვინმემ შეისმინოს ან სასულიერო პირთაგან ან ერისკაცთაგან და შეეშვან როგორც ცრუ-მოძღვრობას, ასევე ცრუ-მორჩილებას და იცხოვრონ ისე, როგორც ამას მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება და საეკლესიო რჯულმდებლობა ითხოვს.
 
 
საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია. თბ. 2026 წ.
მოხსენება, რომელიც წაკითხულ იქნა რელიგიური მოძრაობებისა და დესტრუქციული კულტების შესწავლის
მართლმადიდებელთაშორისი ცენტრის მეხუთე თათბირზე
 
 
 
ავტორი: დეკ. ალექსანდრე ნოვოპაშინი.
 
სიტყვა "გურუ" (მასწავლებელი) დღეს ყველასთვის ცნობილია და, ვფიქრობ, მისი მნიშვნელობაც გასაგებია. ის ჩვენამდე ზოგიერთი აღმოსავლური რელიგიიდან, კერძოდ, ინდუიზმიდან, შემოვიდა. ზოგიერთი აღმოსავლური რელიგიური კონფესია პირდაპირ მიანიშნებს, რომ თუ ადეპტს გურუ არ ჰყავს, მაშინ ის არარაობაა, სულიერ სიმაღლეებს ვერასოდეს მიაღწევს და დაიღუპება. ამ თვალსაზრისით, აღმოსავლური რელიგიები გარკვეულწილად ტოტალიტარულ სექტებს ჰგვანან, რომელთა ლიდერებს საკუთარი თავი გურუს რანგში აჰყავთ.
 
ერთ-ერთ კრიშნაიტულ წიგნში აღწერილია, თუ როგორ უნდა მოეპყრას მოწაფე თავის მასწავლებელს. მის წინაშე პირქვე დამხობილი ის წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "შენ ხარ ჩემი სულიერი მზე, მე კი შენი ნათების უმნიშვნელო ნაპერწკალი; შენ ხარ ჩემი უფალი, მე კი სამარადისოდ შენი მონა. შენი ლოტოსისებრი ფერხთა ნექტარი ჩემს ყველა გრძნობას ათრობს და მხოლოდ შენი წმინდა სახელის უსაზღვრო სიტკბოს ვეყრდნობი. მე, დაცემულს, რა შემიძლია ვთქვა საკუთარი განსჯით? აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ შენი ნება აღვასრულო. დიდ კმაყოფილებას განვიცდი, როცა იმ სიტყვებს წარმოვთქვამ, რომლებსაც შენ ჩამიდებ პირში. ამასთან, არც კი დავფიქრდები იმაზე, სწორია თუ არა ისინი".
 
თუ რელიგია (მისი ჭეშმარიტი გაგებით) ხასიათდება ღმერთთან კავშირის დამყარების სწრაფვით, სექტაში ყველაფერი ლიდერით იწყება და მისითვე მთავრდება — ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. სექტაში ლიდერის გარეშე ღმერთთან (ისეთთან, როგორადაც მას სექტანტები წარმოიდგენენ) არავითარი კავშირი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. თითქმის ყველა სექტაში სწორედ ასეთ როლს გურუ ასრულებს.
 
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ გურუიზმი პერიოდულად თავს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც იჩენს. აქ გურუისტული განწყობების მიზეზი ეგრეთ წოდებული "მლადოსტარცების" გამოჩენაა (ასაკს მნიშვნელობა არა აქვს: მლადოსტარცები შეიძლება იყვნენ როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმული ადამიანები), რომელთა მოსაზრებები მათი მიმდევრებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საეკლესიო იერარქიის სიტყვები, ვიდრე თვით ეკლესიის ხმა.
 
ამგვარად, სამრევლოებში წარმოიქმნება ჯგუფები, რომლებიც, არსებითად, სექტას ემსგავსება და რომელთაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც სიამაყით არის მოწყლული და ამპარტავნებით არის შეპყრობილი; მას ამოძრავებს ადამიანებზე ბატონობის სურვილი ან, უბრალოდ, შეშლილია და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიაში გურუიზმი უდავოდ დემონური მოვლენაა, რომელსაც სატანა მართავს.
 
ამჟამად განსვენებული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ამ პრობლემას ძალიან სერიოზულად ეპყრობოდა. ის ამბობდა (მომყავს ციტატა):
 
"ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი კლირიკოსი, სიტყვიერად თავისი საეკლესიო იერარქიისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, მაგრამ სქიზმატიკოსთა მსგავსად იქცევა და გარკვეულ "მხცოვნობაზე" აცხადებს პრეტენზიას. აკრიტიკებენ რა საეკლესიო იერარქიას, ისინი, წარსულისა და აწმყოს სულიწმიდის მადლით აღვსილი მამებისგან განსხვავებით, კრიტიკის საშუალებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას და ამგვარად საკუთარი ავტორიტეტის შექმნას. როგორც წესი, ისინი ხსნის აუცილებელ და ერთადერთ პირობად აცხადებენ იმ ადამიანთა სრულ დამორჩილებას, რომლებიც სულიერი ხელმძღვანელობისთვის მიმართავენ, და მათ ერთგვარ რობოტებად აქცევენ, რომელთაც ასეთი "მხცოვნის" კურთხევის გარეშე რაიმე საქმის შესრულება, რაოდენ უმნიშვნელოც გინდ იყოს იგი, არ შეუძლიათ.
 
ამგვარად, ადამიანი კარგავს ნების იმ მადლიან თავისუფლებას, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა. საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად ისინი არამართლზომიერად იყენებენ მითითებებს წმინდა მამათა თხზულებებზე, ამით შეურაცხყოფენ მათ დიდ მოღვაწეობას და ამახინჯებენ თვით მხცოვნობის ცნებას...
 
ზოგიერთი თანამედროვე "მხცოვანი" (უფრო სწორად, მათ "მლადოსტარცები" უნდა ვუწოდოთ), რომელთაც სულიერი განსჯის უნარი არ გააჩნიათ, ეკლესიურ ცხოვრებაში შემომსვლელ ადამიანებს ძნელად სატარებელ ტვირთებს აკისრებენ (ლკ. 11:46), თავიანთ სამწყემსო მოღვაწეობაში სულიერი ცხოვრებისათვის დამღუპველ შაბლონებს იყენებენ, ხოლო ერისკაცების მიმართ, რომელთა უმეტესობას სულიერი სიმტკიცე ჯერ კიდევ არ აქვს მოპოვებული, უსაფუძვლოდ, სულიერი ხელმძღვანელობის ისეთ ფორმებს იყენებენ, რომლებიც მხოლოდ მონაზვნობაშია შესაფერისი".
 
სამწუხაროდ, ასეთი სასულიერო პირები, ამახინჯებენ რა ძველ სამონასტრო პრაქტიკას, საკუთარი თვითნებობით იწყებენ სულიერი ხელმძღვანელობის გაწევას და საკუთარი თავისადმი უპირობო მორჩილებას მოითხოვენ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის თქმით, ასეთი "სტარცობა" არის "სულის დამღუპველი მსახიობობა და უმძიმესი კომედია", რომლის არსიც "თავის მოტყუება და ეშმაკეული საცთურია".
 
გურუიზმი ქრისტიანული ცხოვრებიდან განდგომაა, მოციქულთადმი პირდაპირი დაუმორჩილებლობაა, რომლებიც გვასწავლიან: "მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს" (1 პეტ. 5:2-3). მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები — "შენც, მოძღვარო, ერიდე ცოდვილი საქმის წამოწყებას! შენს თავში არ შეცვალო ღმერთი იმ სულისთვის, რომელმაც შენ მოგმართა" — მათთვის მით უფრო არაფერს ნიშნავს. მათში არც ღვთის შიშია, თუმცა იციან მისი მკაცრი გაფრთხილება: "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მთ. 18:6).
 
გურუიზმი მართლმადიდებლური შეხედულების დამახინჯებაცაა ცხონების შესახებ. ეს თვით მართლმადიდებლობის დამახინჯებაა.
 
"მართლმადიდებელ" გურუს შეიძლება შესანიშნავად ჰქონდეს შესწავლილი ღვთისმსახურების წესი, კრძალვით ციტირებდეს სახარებას, განუწყვეტლივ იმოწმებდეს წმინდა მამათა სულიწმიდით შთაგონებულ შრომებს, მაგრამ ამას იგი აკეთებს არა წმიდა ეკლესიის სადიდებლად, არა მისი კეთილდღეობისთვის და არც ქრისტიანის სულის საცხოვნებლად, არამედ საკუთარი სარგებლისთვის. ის თითქოს ქრისტეს ეფარება. რაზეც უნდა საუბრობდეს, ყველაფერს ამახინჯებს და ყველაფერ სიცრუედ აქცევს. "მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე აღმატებულია", "მართლმადიდებლობა ან სიკვდილი" — მათ ბაგეებზე ეს წმინდა ჭეშმარიტებები სულიერ შინაარსს კარგავს და უხეშ სამოქმედო მითითებებად იქცევა, რომელთა მიღმაც არავითარი მაღალი სულიერება არ დგას, არამედ მხოლოდ ეშმაკეული წყვდიადია.
 
ИНН-ის, შტრიხკოდის, ბიომეტრიული მონაცემების, კანქვეშ სავარაუდოდ ჩასანერგი ჩიპების აგრესიული მიუღებლობა, რომლებიც თითქოს მხეცის რიცხვი უნდა გახდეს — ეს ყველაფერი და მრავალი სხვა გურუიზმის ნაყოფია. თუმცა თავად მლადოსტარცებს ახალი პასპორტებიც აქვთ, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერიც და არც შტრიხკოდები აშინებთ. ზოგიერთ ცრუ მწყემსს თავისი სულიერი შვილები ოკულტიზმის ისეთ ლაბირინთებში შეჰყავს, საიდან გამოსვლა შემდეგ ისეთივე ძნელია, როგორც ყველაზე დესტრუქციული ტოტალიტარული სექტიდან.
 
ეს შეიძლება დაიწყოს სულისთვის "უსაფრთხო" ჰომეოპათიითა და აღმოსავლური ფსევდომედიცინის პრაქტიკებით (აკუპუნქტურით), იოგით, ხოლო დასრულდეს ქრისტიანობის ასტროლოგიასთან ან ექსტრასენსორულ პრაქტიკებთან შერიგებით, რომელთაც, თითქოსდა, რაციონალური მარცვალი აქვთ და რომელთა განხილვაც მხოლოდ უარყოფით ჭრილში არასწორია.
 
გურუიზმის კიდევ ერთი მხარეა საეჭვო ცხოვრების მქონე ადამიანთა წმინდანებად შერაცხვა. "მართლმადიდებელი" გურუების კურთხევით იწერება გიორგი რასპუტინისა და მეფე იოანე მრისხანის ხატებიც. ამბობენ, რომ უკვე როკ-მომღერალ იგორ ტალკოვის ხატიც დაიწერა. ტალკოვი, როგორც ადამიანი, შესაძლოა, მართლაც კარგი იყო, მაგრამ წმინდანი არ ყოფილა. ჩნდება საუბარი იმაზეც, რომ უკვე სტალინიც უნდა იქნეს კანონიზებული.
 
ჩემთან მოვიდა ერთი კაცი, რომელიც ცდილობდა, ძალიან აგრესიულად დავერწმუნებინე, რომ ივანე მრისხანე ნამდვილი წმინდანია. ჩემს არგუმენტზე, რომ ივანე IV-მ მრავალი ათასი ადამიანი დახოცა, ამ კაცმა მიპასუხა, რომ მის სინოდიკონში სულ 5000 ადამიანია ჩაწერილი — მხოლოდ მოღალატეები. მე შევუსწორე, რომ ეს ხუთი ათასი თავად-აზნაურობის წოდებას ეკუთვნოდა, ხოლო იმ უცნობ გლეხებს, რომლებსაც არავინ ითვლიდა, — ყველას მოღალატეებად მიიჩნევდნენ? ვუთხარი ისიც, რომ მას შვიდი ცოლი ჰყავდა! პასუხმა გამაოგნა: "მხოლოდ სამზე იყო ჯვარდაწერილი!"
 
არიან ისეთი "მამებიც", რომლებიც, თითქოსდა თავიანთ სულიერ შვილთა სულის ცხონებაზე ზრუნვის მიზნით, მათ კურთხევას აძლევენ, მიატოვონ სამსახური, დატოვონ ბინები, სახლები და "იხსნან თავი" ცივილიზაციისგან შორს — ტაიგაში, ჭაობებში, ტყეებში. თავად კი, თუ საღი გონება აქვთ, თავიანთ სულიერ შვილებს არ მიჰყვებიან. დღეს უკვე ვიცით "სამარის განდეგილების", "პენზელ დაყუდებულთა" და ტომსკის ოლქის ჭაობებში, ციმბირის დაბა გორელოვკაში არსებული რელიგიური თემების შესახებ. ამაზე გაზეთებიც წერდნენ, ტელევიზიითაც საუბრობდნენ. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევაა, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცის?
 
ხანდახან გვესმის: ""სტარცებთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: ისინი ან სულიერ ცდუნებაში არიან, ან "თავისებურად აზროვნებენ", იციან, რასაც აკეთებენ. მაგრამ ხალხი სად იყურება?!" კარგი კითხვაა.
 
საქმე ის არის, რომ თავიდანვე ეშმაკეული ცდუნებით შეიძლება მოცული იყვნენ მრევლის ის წევრები, რომლებიც სულიწმიდით აღვსილი მამების უსასრულო ძიებაში იმყოფებიან. საჭიროა კი იმის თქმა, რომ ასეთი ადამიანები — სულიწმიდით აღვსილი მამები — თითზე ჩამოსათვლელნი არიან, თუმცა დიდი სურვილის შემთხვევაში, როგორც ამბობენ, მათი "პოვნა" თითოეულ სამრევლოშიც კი შესაძლებელია. კარგია, თუ მღვდელი მაშინვე განსაზღვრავს ასეთი მრევლის წევრების სულიერი განწყობის არაჯანსაღ ხასიათს და გონზე მოიყვანს მათ. მაგრამ შეიძლება ის თავადაც წამოეგოს ამ ანკესზე, თავი ასეთ მამად წარმოიდგინოს და სულიერად დაზიანებული ადამიანების გავლენას აჰყვეს. ამგვარად, თავადაც სულიერად დაზიანდება და კაცთა მოდგმის მტრის მარიონეტად იქცევა.
 
ხოლო ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები, როდესაც გვერდიდან შეხედავენ ასეთი "მლადოსტარეცის" მეთაურობის ქვეშ მდგომ ქრისტიანებს, იკითხავენ: "რა განსხვავებაა, მათსა და სექტას შორის?" და მართლებიც იქნებიან.
 
მართლმადიდებლობის თვალსაზრისით, უგუნურად იქცევიან არა მხოლოდ "მლადოსტარცები", არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აშკარა აბსურდის, სიცრუისა და ხშირად ძალადობის დანახვისას მაინც ახერხებენ საკუთარი თავის დარწმუნებას თავიანთი ხელმძღვანელების "მაღალ სულიერებაში". უგონობა ჩვენი საუკუნის სენია — სენი, რომლის საფუძველშიც "განათლებული" თანამედროვე ადამიანის უღმერთოება, ცრურწმენა და უკუნი უმეცრება დგას. როგორ არ გავიხსენოთ ამასთან დაკავშირებით მოციქულ პავლეს სიტყვები: "რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას" (2 ტიმ. 4:3).
 
რატომღაც მიიჩნევა — ცხადია, უთქმელად — რომ, როდესაც ადამიანი მართლმადიდებელ ეკლესიაში მოდის, მან საერთოდ უნდა შეწყვიტოს აზროვნება. ხშირად ინტელიგენტური ადამიანებიც კი, როდესაც საქმე სულიერ საკითხებს ეხება, გონებრივად თითქოს პატარა ბავშვებად იქცევიან. ამასთან, წმინდა მოციქული პავლე ამბობს: "ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისთვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით" (1 კორ. 14:20).
 
წმინდა მამები კი სიბრძნეს, ანუ სულიერ განსჯას, უმაღლეს სათნოებად მიიჩნევენ. რაში მდგომარეობს იგი და რას ეფუძნება? არა ჩვენს წარმოსახვით შთაგონებებს ან თუნდაც ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებას (რადგან ის არასრულია), არამედ ღვთაებრივი გამოცხადების მიყოლას, რომელიც წმინდა წერილსა და წმინდა გადმოცემაშია მოცემული, ანუ ბიბლიასა და წმინდა მამათა თხზულებებში, რომელთა გარეშეც ბიბლიის სწორად გაგებაც შეუძლებელია.
 
ანუ საჭიროა წმინდა წერილის წიგნების კითხვა და კითხვა, და მაშინ გასაგები გახდება მოციქულის სიტყვებიც, რომელიც გვაფრთხილებს: "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8).
 
სხვა ადგილას კი ნათქვამია: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 ინ. 4:1); "მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი" (2 კორ. 13:5).
 
მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვიც აფრთხილებს ქრისტიანებს ადამიანის განდიდებისგან (გურუიზმისგან): "ერიდეთ მოძღვრებისადმი მიჯაჭვულობას. მრავალმა ვერ გამოიჩინა სიფრთხილე და მოძღვრებთან ერთად ეშმაკის მახეში გაება... მიჯაჭვულობა საყვარელ ადამიანს კერპად აქცევს; ამ კერპისთვის შეწირული მსხვერპლის გამო ღმერთი რისხვით განგვერიდება... და ამაოდ იკარგება სიცოცხლე, იღუპება კეთილი საქმეები".
 
ამის შესახებ გვაფრთხილებენ ღირსი პიმენ დიდი, ღირსი იოანე კასიანე რომაელი და მრავალი სხვა წმინდანიც.
 
რა თქმა უნდა, უფლის სიტყვის თანახმად, ამქვეყნად უნდა იყოს გამოცდები და საცდურები, მაგრამ ცდუნებათა წინააღმდეგ მთავარი იარაღი, როგორც წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, არის განსჯის უნარი! ამ საკითხში შეცდომაში შეყვანა საშიშია: ძველი და ახალი საეკლესიო ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ წავიდა მთელი ჯგუფები განხეთქილებასა და მწვალებლობაში, დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი ლიდერი შეუმცდარი "მხცოვანია".
 
გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანმა კრიტიკულად აზროვნება უნდა ისწავლოს. ამ უნარზე, თუ გნებავთ, დამოკიდებულია ადამიანის გადარჩენა თანამედროვე სამყაროში. ადამიანები, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საოცრად ადვილად ექცევიან ყველაზე აბსურდული ხრიკების გავლენის ქვეშ და უღირს ადამიანებს საშუალებას აძლევენ, ფსევდოსულიერ და ფიზიკურ მონობაში წაიყვანონ ისინი. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ჯიმ ჯონსის მიმდევრებს რომ მისთვის ეკითხათ: "რატომ?" — ჯიმ ჯონსი იყო სამარცხვინო ტოტალიტარული სექტის ორგანიზატორი, რომლის წევრებმაც — რამდენიმე ასეულმა ადამიანმა — 1970-იანი წლების მიწურულს მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინეს. მაგრამ მათ არაფერი უკითხავთ მისთვის. და ისინი თავიანთი გურუსადმი აბსოლუტური მორჩილების მსხვერპლნი გახდნენ. მათ არ შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება. ახლა კი ისინი მკვდრები არიან.
 
როგორ ამოვიცნოთ "მლადოსტარცები", როგორ არ აღმოვჩნდეთ გურუიზმით მოწამლულ თემში? არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამა თუ იმ ჯგუფზე მსჯელობა შეიძლება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, ფხიზლად შევაფასოთ ვითარება და არ უნდა მოგვერიდოს ან შეგვეშინდეს კითხვების დასმის, რადგან "მლადოსტარცისადმი" უპირობო მორჩილებამ, თუკი მღვდელი ასეთი აღმოჩნდა, დროთა განმავლობაში შეიძლება თქვენი სულიერი მდგომარეობის დაზიანება გამოიწვიოს.
 
მაშ, გაარკვიეთ, როგორია ჯგუფის ისტორია ან მისი "იურისდიქცია"? მე, როგორც მღვდელს, ძალიან მაკვირვებს, რომ ეკლესიაში პირველად მოსულთაგან ბევრს ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ აქვს. თუ სამრევლოს საკუთარი ვებგვერდი აქვს, ყურადღებით გაეცანით მას, ხოლო თუ კითხვები გაგიჩნდებათ — იკითხეთ!
 
ხომ არ ამბობენ აქ: "მხოლოდ ჩვენს ტაძარში კეთდება ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. ყველა დანარჩენი სამრევლო წესებს განუდგა!" ეს გურუიზმის, ანუ კულტიზმის (სიტყვიდან "კულტი") უტყუარი ნიშანია.
 
ხომ არ მიიჩნევა ხელმძღვანელი "დევნილად" და "გაუგებრად" სხვა მღვდლებისა და მმართველი მღვდელმთავრის მხრიდან? ხომ არ განიხილებიან გარეშე ადამიანები "მტრებად", "გამოგზავნილებად"? ხომ არ იზღუდება ჯგუფის ლიდერის მიმდევართა ურთიერთობა ჯგუფის გარეთ მყოფ ადამიანებთან? ხომ არ ავრცელებენ ცილისმწამებლურ ცნობებს მათზე, ვინც ჯგუფი დატოვა?
 
ოდესმე ხომ არ გთხოვეს რაიმე აშკარად უკანონო, ამორალური ან დამამცირებელი საქმის გაკეთება, მორჩილებაზე, როგორც ჭეშმარიტ სათნოებაზე, მითითებით?
 
ხომ არ ამბობენ: "ნამდვილი ეპისკოპოსები აღარ დარჩნენ"? ხომ არ შეიმჩნევა ეკლესიის აღიარებული ავტორიტეტების რეპუტაციის შელახვის მცდელობები ან, ყოველ შემთხვევაში, მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანის სურვილი?
 
მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ჯგუფი ხელმოკლედ ცხოვრობს, სასარგებლოა იმის გარკვევა, ხომ არ უბიძგებენ ახალმოქცეულებს ამა თუ იმ სახით შეწირულობის გაღებისკენ (ფულით, ქონებით, სესხის აღებაზე მინდობილობის გაცემით).
 
ხომ არ გამოიყენება დაშინება და ბრალდებები, მაგალითად: "თუ წახვალთ — დაიღუპებით, აუცილებლად დაუბრუნდებით თქვენს ძველ ცოდვას"?
 
გევალებათ თუ არა მღვდლისგან ნებართვის ("კურთხევის") მიღება მანამდე, სანამ სამსახურს შეიცვლით, მანქანას იყიდით და ა. შ.? ნორმალურ პირობებში, ეს სამრევლო მღვდლის პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება.
 
ამართლებენ თუ არა ხელმძღვანელები სიცრუეს ან ფაქტების დამახინჯებას იმით, რომ ჯგუფი თითქოსდა "უმაღლეს მიზნებს" ემსახურება?
 
შეიმჩნევა თუ არა ხელმძღვანელობის მხრიდან განდიდების მანია? ხომ არ მიაჩნიათ თავი და თავიანთი ჯგუფი მთელი ეკლესიის ერთგვარ მოძღვრებად, მხსნელებად ან გადამრჩენლებად? უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ კი არ ვიხსნით ეკლესიას, არამედ ეკლესია გვიხსნის ჩვენ. თუ ამ კითხვებზე პასუხებიდან თუნდაც ერთი ნორმიდან გარკვეულ გადახვევას გამოავლენს, უმჯობესია ასეთი ჯგუფი დაუყოვნებლივ დატოვოთ: მორჩილებას აზრი და ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც იგი ნებაყოფლობითია და არა შიშით, დანაშაულის გრძნობით ან ემოციური შანტაჟით იძულებული. ასეთი ვითარების სერიოზულობის გადაფასება ძნელია.
 
მსურს, ჩემი მოხსენება კართაგენელი მღვდელმოწამე კვიპრიანეს სიტყვებით დავასრულო: "ფრიად საყვარელო ძმანო, უნდა ვუფრთხოდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ცდუნებას, არამედ იმასაც, რომელიც ფარული მზაკვრობითა და ეშმაკობით არის შენიღბული. მან (კაცთა მოდგმის მტერმა) გამოიგონა მწვალებლობები და განხეთქილებები, რათა დაამხოს რწმენა, დაამახინჯოს ჭეშმარიტება და დაარღვიოს ერთობა".
 
"უნდა გვეშინოდეს, — გვარიგებს მღვდელმთავარი, — არა მხოლოდ იმ დევნისა, რომელიც ღია თავდასხმით ცდილობს ღვთის მსახურთა დამარცხებასა და დამხობას: იქ უფრო ადვილია თავის დაცვა, სადაც საფრთხე აშკარაა და სული წინასწარ ემზადება ბრძოლისთვის, როდესაც მტერი საკუთარ თავს აცხადებს; გაცილებით მეტად უნდა გვეშინოდეს და ვუფრთხოდეთ მტერს მაშინ, როდესაც იგი ფარულად მოიპარება, როდესაც მშვიდობის სახით გვაცდუნებს და შეუმჩნევლად, დაფარული გზებით გვიახლოვდება, რის გამოც მას "მცოცავი", ანუ გველი ეწოდა... მან თავად უფლის გამოცდაც სცადა და ამისთვის ფარულად მიუახლოვდა, რათა მოულოდნელად დასხმოდა თავს და ეცდუნებინა იგი; მაგრამ ის იცნეს და უკუაგდეს, ხოლო უკუაგდეს იმიტომ, რომ იცნეს და გამოაააშკარავეს. ამაში მოგვეცა მაგალითი — განვერიდოთ ძველი კაცის გზას და განუხრელად მივყვეთ ქრისტეს, სიცოცხლის მომნიჭებლის კვალს, რათა კვლავ, ჩვენი დაუდევრობით, სიკვდილის მახეში არ გავებათ, არამედ საფრთხის წინასწარი განჭვრეტით მოვიპოვოთ უკვდავება".


სტატია ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.

წყარო: https://k-istine.ru/pseudoconfession/pseudoconfession-127.htm
Назад к содержимому