საეკლესიო სამართალი - კრებით განკითხვამდე ეპისკოპოსისგან გამოყოფის პირობები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
კრებით განკითხვამდე ეპისკოპოსისგან გამოყოფის პირობები
ტაძარი მზის ჩასვლის ფონზე
ჩვენი მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ მცირე მიმოხილვით სტატიას, რომელშიც განხილული იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება კრებით განკითხვამდე ეპისკოპოსისგან კანონიერი გამოყოფის პირობების შესახებ. შესაძლოა, ის სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვინც თვითონ განიცდის იერარქიისგან განცალკევების საცთურს, და მათთვისაც, ვინც ამგვარ პიროვნებებთან ან დაჯგუფებებთან პოლემიკას აპირებს.
 
თავიდანვე მივუთითებთ, რომ, მართლმადიდებლური სწავლებით, ეპისკოპოსისგან გამოყოფის შესაძლებლობა მის კანონიკურ განკითხვამდე პრინციპულად არსებობს. მართლაც არსებობს ვითარებები, რომლებიც ეპისკოპოსისგან გამოყოფის, მსახურებაზე მისი მოხსენიებისა და მასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის უფლებას იძლევიან. ამგვარი გამოყოფის პირობები რეგლამენტირებულია კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონით:
 
"... თუ მღვდელი, ეპისკოპოსი, ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღვთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საღვთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა.
 
ეს უკვე განსაზღვრებული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თვის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დაარღვევს. მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს, რომელიც დაგმობილია წმიდა კრებათა ან მამათა მიერ და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან" (კანონი თარგმნილია ბერძნული "პიდალიონის" მიხედვით. იხ. Преп. Никодим Святогорец. Пидалион. Правила православной церкви с толкованиями. Том 3. Правила поместных соборов. Александро-Невский Ново-Тихвинский женский монастырь. 2019 г., стр. 33).
 
მოდი, ყურადღებით განვიხილოთ ეს კანონი.
 
 
ერთადერთი პირობა - დაგმობილი მწვალებლობა
 
ორგზისი კრების 15-ე კანონი იერარქისგან გამოყოფის ერთადერთ საფუძვლად ასახელებს წმიდა კრებათა და მამათა მიერ საჯაროდ დაგმობილ მწვალებლობას: "ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს, რომელიც დაგმობილია წმიდა კრებათა ან მამათა მიერ და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისკენ მისწრაფების მქონე..."
 
ამრიგად, პატრიარქის ან ეპისკოპოსის მოხსენიების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის:
 
а. "ქადაგებს მწვალებლობას" - ანუ არა რაიმე საზოგადოდ უსიამოვნოს ან ცუდს, არამედ სწორედ ცრუ სარწმუნოებრივ სწავლებას, რომელიც მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოა. მაგალითად, თუკი ეპისკოპოსი ამბიონიდან არასწორად იმსჯელებს საზოგადოებრივ ან ზნეობრივ პრობლემებზე, ეს არ შეიძლება გახდეს მისგან გამოყოფის მიზეზი, თუმცა მის ამგვარ შეხედულებებს შეიძლება არ დავეთანხმოთ და ვედავოთ მას (ცხადია, შესაბამისი პატივისცემისა და სუბორდინაციის ფარგლებში).
 
 
b. "რომელიც დაგმობილია წმიდა კრებათა ან მამათა მიერ" - ანუ ეს სწავლება პირდაპირ და მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი; ჩვენი პირადი დარწმუნებულობა მის არასწორობაში აქ საკმარისი არ არის.
 
დავიმოწმოთ უახლესი მაგალითი: ამასწინათ წამოიჭრა საკითხი კორონავირუსით ტაძარში დასნებოვნების შესახებ. მრავალი ერესს (მწვალებლობას) უწოდებდა ვარაუდს, რომ ვირუსი შეიძლება ადამიანს გადაეცეს ხატების, ჯვრების და ევქარისტული კოვზის მეშვეობითაც. მაგრამ ეს აზრი არც ერთი კრების მიერ არ არის დაგმობილი, არ არსებობს ასევე მამათა თანხმობაც, რომელიც დაგმობდა ამ იდეას, ასე რომ შეუძლებელია ის ჩაითვალოს განკითხულ და დაგმობილ მწვალებლობად.
 
აზრი იმის შესახებ, რომ ევქარისტული კოვზის მეშვეობით შეიძლება ადამიანის დასნებოვნება, შეიძლება არასწორად ჩავთვალოთ, მაგრამ კრებით დაგმობამდე ის არ იძლევა კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის გამოყენების შესაძლებლობას.
 
с. "აშკარად" - ანუ ეს მწვალებლობა ცალსახად გამოხატული უნდა იყოს. ორაზროვანი ან არაცალსახა გამონათქვამები, რომლებიც შეიძლება გაგებულ იქნას ერეტიკული აზრით, ასევე არ იძლევა გამოყოფის უფლებას. ასე, მაგალითად, ზოგიერთ იერარქს ახასიათებს ორაზროვანი მსჯელობა, მაგრამ თუ ის არ შეიცავს ცრუ სწავლების პირდაპირ აღიარებას, მისგან გამოყოფა ნებადართული არ იქნება.
 
d. "ეკლესიაში" - ანუ დაგმობილი ცრუ სწავლება არა მარტო ცალსახად უნდა იყოს გამოხატული, არამედ საჯაროდაც უნდა იქნას ნაქადაგები. თუკი ეპისკოპოსს თავის სენაკში საიდუმლოდ შენახული აქვს რომის პაპის ფოტო და მისი სწამს, სჯერა პაპების უცთომელობის, ეს ჯერ კიდევ არავის აძლევს უფლებას, თუკი ამის შესახებ გაიგებს, შეწყვიტოს მისი მოხსენიება ლიტურგიაზე.
 
ყველა დანარჩენი შემთხვევა: როდესაც იქადაგება საეჭვო სწავლება, რომელიც ჩვენ მწვალებლობად გვეჩვენება, მაგრამ არ განკითხულა მამების მიერ წმიდა კრებებზე; როდესაც ქადაგებაში დაიშვება ორაზროვნება ან ბუნდოვანება; როდესაც იერარქი მართლაც აღიარებს მწვალებლობას, მაგრამ საიდუმლოდ, და ა. შ. - მისგან გამოყოფის საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს.
 
ის, ვინც პატრიარქის მოხსენიებას ღიად და ცალსახად უკვე დაგმობილი მწვალებლობების ქადაგებების გარეშე შეწყვეტს, შეირაცხება სქიზმატიკოსად (განხეთქილების მოქმედად).
 
 
განხეთქილების საშიშროება
 
15-ე კანონის თანახმად, ასევე ის ადამიანები, ვინც "კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე", "... ცოდვის მიზეზით თვის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს". შესაბამისად, ეპისკოპოსის ან პატრიარქის ვერავითარი ზნეობრივი საქციელი, თუნდაც სოდომია ან საიდუმლო კონტრაბანდისტობა, მას მღვდლობას ვერ წაართმევს (მხოლოდ მწვალებელი დონატისტები ასწავლიდნენ, რომ ცოდვილ მღვდელმსახურთა საიდუმლოებანი უმოქმედოა), ვერც კანონიკურ ძალაუფლებას. ის, ვინც თავის იერარქს გამოეყოფა მისი უზნეობით აღშფოთებულობის გამო (რომელიც შეიძლება აშკარა ან მოჩვენებითი იყოს), სქიზმატიკოსად ჩაითვლება.
 
იგივე სწორია საეკლესიო კანონთა დარღვევის შემთხვევისთვისაც. კანონიკურად დაწესებულია აკრძალვები მწვალებლებთან (ანუ არამართლმადიდებლებთან) ერთობლივ ლოცვაზე და საერთოდ ყველასთან, ვინც კი განეყოფა საეკლესიო ერთობას; კანონები უკრძალავენ კლირიკოსებს "არ იკისრონ საერო მოვალეობები" - შეუდგნენ პოლიტიკურ საქმიანობას ან იომონ.
 
მიუხედავად ამისა, თუკი მღვდელმთავარი, ღმერთმა დაგვიფაროს, ილოცებს რომაელ-კათოლიკეებთან ან "იეჰოვას მოწმეებთან", ზის სახელმწიფო დუმაში ან მეთაურობს სატანკო ბრიგადას, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ გვაძლევს მისგან გამოყოფის უფლებას.
 
საქმე იმაშია, რომ კანონიკური განწესებები ავტომატურად როდი მოქმედებენ; ისინი გვაძლევენ კრების მოწვევის საფუძველს ამგვარი სასულიერო პირების დასამხობად. მაგრამ, "კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე" თავისთავად კანონები არავის ართმევენ ეპისკოპოსის (ან მღვდლის) ხარისხს. "ავტომატური" მოქმედება გააჩნია მხოლოდ სარწმუნოებრივ ანათემატიზმებს - რადგან უკვე მხილებული და დაგმობილი ერესის ქადაგება უფლებას გვაძლევს გამოვეყოთ მის მქადაგებელ იერარქს.
 
ამგვარად ის, ვინც სარწმუნოებრივი თუ კანონიკური მოშურნეობით (როგორც წესი, ყველაზე მეტ მღელვარებას იწვევს კანონთა დარღვევა მწვალებლებთან ერთად ლოცვაზე) საკუთარი ეპისკოპოსისგან გასული, თვითონ ხდება კანონდამრღვევი - მეტიც, განხეთქილების მოქმედი, სქიზმატი.
 
 
დასკვნა
 
თუკი ვინმეს ეეჭვება ან აშფოთებს ეკლესიის იერარქთა ესა თუ ის გამონათქვამი და აქვს სურვილი გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, მან ჯერ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
 
а. შეამოწმოს, ეხება თუ არა იერარქის სიტყვები სარწმუნოებრივ საგანს.

b. თუ ეხება, მაშინ უნდა გაარკვიოს დაგმობილია თუ არა რომელიმე წმიდა კრების ან მამების მიერ იერარქის მიერ გამოთქმული შეხედულება და დაიმოწმოს ამგვარი დაგმობის პირდაპირი ტექსტი.

с. თუკი ამგვარი შეხედულებები მართლაც დაგმობილია, უნდა დარწმუნდეს, რომ იერარქი ცალსახად სწორედ ამ ცთომილებას ქადაგებდა, და მისი სიტყვები არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას.

d. და ბოლოს, საჭიროა, რათა დამაბრკოლებელი გამონათქვამები ჩაწერილ და დაფიქსირებულ იქნას საეკლესიო შეკრებაზე.
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეპისკოპოსი უნდა გამოვიდეს ამბიონზე და ღიად იქადაგოს, მაგალითად ის, რომ სწამს სულიწმიდის ძისგან გამოსვლაც (Filioque), რომ ძე არის სულიწმიდის ყოფიერების მიზეზი, და სხვა... სწორედ მაშინ, კრებათა და მამათა განწესებების საფუძველზე, რომლებმაც დაგმეს Filioque), მას შეიძლება გამოვეყოთ.
 
ჩვენს ეკლესიაში, მიუხედავად მრავალი წყლულებისა და ცხოვრებისეული უკმარობისა, მსგავსი არაფერი ხდება. ამიტომ, არავის, ვინც მართლაც მოშურნე ქრისტიანია, არა აქვს უფლება შეწყვიტოს თავისი იერარქების მოხსენიება და გავიდეს ეკლესიიდან. ვინც ზემოთხსენებულ მიზეზთა გარეშე დატოვებს ეკლესიას და შეწყვეტს იერარქთა ლოცვებში მოხსენიებას - სქიზმატიკოსია.
 
"ნუ ცთუნდებით, ძმანო! განხეთქილების მოქმედის მიმდევარი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს" (მღვდელმოწ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ეპისტოლე ფილადელფიელთა მიმართ, 3).

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому