საეკლესიო სამართალი - VI მსოფლიო კრების კანონები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
VI მსოფლიო კრების კანონები
მეექვსე მსოფლიო კრება
მეექვსე მსოფლიო კრების კანონთა შესახებ

კანონთა საძიებელი

1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Москва. 1877 г.

2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.

3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том 2. Правила Вселенских Соборов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский монастырь. 2019 г.
VI მსოფლიო კრების 80-ე კანონი


თუ ვინმე - ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს.

ზონარა: მათ, ვინც სამი შვიდეულის განმავლობაში დატოვებს ეკლესიას რაიმე აუცილებლობის ან სხვა დაბრკოლების გარეშე, და მიუხედავად იმისა, რომ იმყოფება ქალაქში, არ მოდის ეკლესიაში მართლებთან ერთად სალოცავად, თუ ეპისკოპოსი იყოს ან კლირიკოსები, კანონის მიხედვით უნდა დაემხონ პატივისგან, ხოლო თუ ერისკაცნი, განეყენონ, რადგან ამას ნიშნავს ეკლესიის ერთობისგან განყენება.
 
არისტინე. თუკი ვინმე რაიმე აუცილებლობის გარეშე სამი კვირის განმავლობაში განეშორება ეკლესიას, უნდა განეყენოს თანაზიარობას. ვინც რაიმე აუცილებლობის ან რაიმე დაბრკოლების გარეშე, სამი კვირის განმავლობაში მიატოვებს ეკლესიას, კლირიკოსი დაემხობა, ერისკაცი კი განეყენება.
 
ბალსამონი. სხვა კანონები სხგვაგვარად სჯიან ეპისკოპოსებსა და კლირიკოსებს თავიანთი ეკლესიების ხანგრძლივი მიტოვების გამო. ხოლო წინამდებარე კანონი არა მარტო ეპისკოპოსებსა და კლირიკოსებს, არამედ თავიანთ ადგილებს მოშორებულ და უცხო ადგილებში მყოფ ერისკაცებსაც კი ავალდებულებს თანაზიარობა იქონიონ მართლებთან და მათთან ერთად ილოცონ, და განსაზღვრავს, რომ თუკი ვინმე მათთაგანი ყოველგვარი აუცილებლობის გამო, როგორიცაა: სნეულება ან აუცილებელი სამსახური, - რომელიც ასეთ ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას სამი კვირის განმავლობაში იყოს ეკლესიაში, - არ დაესწრება მართლმორწმუნეთა ლოცვას და არ ილოცებს მათთან ერთად, არამედ დაუდევრად მოეპყრობა ამგვარ მაცხოვნებელ თანაზიარობას, კლირიკოსი თუ იქნება პატივისგან უნდა დაემხოს, ხოლო თუ ერისკაცი - უნდა განეყენოს, ანუ განიკვეთოს. რადგან აქედან აშკარავდება ორიდან ერთი რამ - ან ის, რომ ამგვარი არ ზრუნავს საღმრთო განკარგულებათა შესრულებაზე, რომ უნდა დაესწროს ღმრთისადმი ლოცვებსა და მსახურებას, ან კიდევ ის, რომ არამართლმადიდებელია. რადგან, მაშინ რატომ არ უნდა მოისურვოს მან ოცი დღის განმავლობაში ქრისტიანებთან ერთად ლოცვა და ღმრთის ერთან თანაზიარობა?
 
 

დამატებითი განმარტებები:
 
პიდალიონი
 
წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ ის ეპისკოპოსი ან დიაკვანი, ან საერთო რომელიმე კლირიკოსი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს. რადგან ის ან ურწმუნოა, ან კიდევ მართლმადიდებელი, რომელიც ღმრთის საზოგადო მსახურებას და მისდამი ლოცვას უგულებელყოფს.
 
 
შეთანხმება
 
წინამდებარე კანონი წარმოადგენს სარდიკიის კრების 11-ე კანონის სიტყვასიტყვით ამონარიდს, ოღონდ სარდიკიის კრება ცალკე გამოჰყოფს სიტყვებს: "არ შეიძლება, რომ ეპისკოპოსი, რომელსაც არაფერი საჭირო საქმე არა აქვს, არც რაიმე გაჭირვება აიძულებს, დიდ დროს დაჰყოფდეს სხვაგან, თავის თავს აკლებდეს თავის ეკლესიას...", რადგან გულისხმობს, რომ ეპისკოპოსები თავიანთ საეკლესიო ოლქს დიდი ხნით არ უნდა ტოვებდნენ. წინამდებარე კრებამ კი ეს სიტყვები დაუკავშირა შემდგომს და განმარტა იგი ისე, რომ ეპისკოპოსები მართალთა საეკლესიო მსახურებას არ უნდა ტოვებდნენ. ხოლო სიტყვებს "ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება" და შემდ., სარდიკიის კრება განაკუთვნებს ერისკაცებს, წინამდებარე კრებამ კი ის მიაკუთვნა ეპისკოპოსებსაც, რადგან ამას სარდიკიის 12-ე კანონიც ითხოვს. კერძოდ, ეპისკოპოსი, რომელიც იმყოფება თავის ადგილ-მამულში, რომელიც სხვა საეპისკოპოსო ოლქში მდებარეობს, სამი კვირა დღე, სხვა მართლმადიდებლებთან ერთად ეკლესიაში უნდა მიდიოდეს. ღანგრის მე-5 კანონი ანათემას გადასცემს იმას, ვინც ეკლესიას და მასში მოწყობილი კრებას უგულებელყოფს. მსგავსადვე, იმავე კრების 20-ე კანონი ანათემას გადასცემს იმათ, ვინც ქედმაღლური განწყობის გამო მოწამეთა [მოსახსენებელ] კრებებს ან იქ აღსრულებულ ჟამისწირვებსა და მათ ხსენებებს შეიძულებს.
Назад к содержимому