საუბრები ბიბლიაზე - ფერხთბანვა და საიდუმლო სერობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ფერხთბანვა და საიდუმლო სერობა
მოციქულთა ფერხთბანვა
პასექის დღესასწაული
 
მაცხოვრის დამოკიდებუოლება ძე კაცისას დანიშნულების მიმართ
 
საშიშროება, რომელთანაც იესუსთვის პასექის ამჟამინდელი აღსრულება იყო დაკავშირებული
 
ორი მოწაფე იერუსალიმში მის მოსამზადებლად იგზავნება
 
როგორ აღესრულებოდა იგი იესუ ქრისტეს დროს?
 
მაცხოვრის განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა პასექის საღამოზე
 
მოწაფეთა დავა პირველობასთან დაკავშირებით
 
ფერხთბანვა
 
პასექის საღამო
 
არაერთგზისი მითითება გამცემზე
 
მისი განრიდება
 
საიდუმლო სერობის დაწესება


* * *
 
დადგა ნისანის (მარტი) მეთოთხმეტე დღე; დღე, რომლის საღამოსაც ყოველი ისრაელიტელი ვადლებულ იყო პასექი აღენისრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის ერის რიცხვიდან გამოირიცხებოდა. პასექი ეწოდებოდა კრავს, რომელსაც, კანონით დაწესებული მომზადების შემდეგ შესაბამისი რიტუალებით იხმევდნენ - ღვთის იმ წყალობის სამახსოვროდ, რომელიც მან ებრაელ ხალხს აღმოუჩინა ეგვიპტის მონობიდან გამოყვანისას; განსაკუთრებით, კრავის სისხლის ნიშნის მეშვეობით ებრაელთა პირმშოების სასწაულებრივი გადარჩენის სამახსოვროდ ანგელოზის მიერ, რომელიც ეგვიპტელთა პირმშოებს მუსრავდა (გამოსვლ. 12:17-27).
 
მეორე დღეს იმავე მოვლენის სამახსოვროდ დაიწყო უფუარობის შვიდდღიანი დღესასწაული, რომლის განმავლობაშიც, ისევე, როგორც თვით პასექისა და მისი სერობისას, ისრაელიტელი სიკვდილის შიშით ვალდებული იყო, საფუარიანი საკვებისგან თავი შეეკავებინა (გამოსვლ. 12:15). პასექის აღნიშვნა ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მისი აღსრულების კანონები - ძალზე მკაცრი, თვით რიტუალი - ძალზე მნიშვნელოვანი და განმსწავლელი; ამავდროულად, მასთან ისე შერწყმულიყო წარსულის მანუგეშებელი მოგონებები და მომავლის სიხარულიანი იმედები, რომ იუდეველთათვის პასექის დღესასწაული უძველესი დროიდან რწმენისა და სასოების სიმბოლო გახდა.
 
უკვე მხოლოდ ეს იყო საკმარისი იესუ ქრისტესთვის, რათა პასექი აღესრულებინა (იგი მას აღასრულებდა ყოველთვის) დროის განსაზღვრული კანონით, საუკუნეობით დაწესებული რიტუალების დაცვითა და მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა მაგალითით; რამეთუ ძე ღვთისას საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მისი მსახურების განმავლობაში იყო ის, რომ მხარი დაეჭირა ყოველივე სასარგებლოდ დაწესებულისთვის; მნიშნელოვანი მიზეზების გარეშე არავითარ შემთხვევაში აღუსრულებელი არ დაეტოვებინა მოსეს არცერთი კანონი, გაეძლიერებინა და გაევრცელებინა ყველაფერი, რაც რწმენისა და კეთილზნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ადამიანთა გულებსა და ცხოვრებას გამოასწორებდა (მთ. 3:15).
 
მაგრამ, გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც მოსეს პასექი იესუ ქრისტესთვის, შეიძლება ითქვას, სასურველი და უწმინდესი იყო, ვიდრე მისი დანარჩენი ხორციელი თანამემამულეებისთვის: პასექის კრავი, რომელიც განვლილი წყალობის გასახსენებელ ნიშანს წარმოადგენდა, ამავე დროს, საღვთო განზრახვით კიდევ უფრო მეტად იყო თვით მისი სახისა და დანიშნულების წინასახე (ინ. 19:36). ამ კრავის მსხვერპლად შეწირვა და მისი შემარიგებელი სისხლი, რომელმაც ოდესღაც შემმუსვრელი ანგელოზი შეაჩერა ებრაელთა პირმშოების წინაშე, საკუთარ თავში წინასწარ გამოსახავდა მომავალ ჯვარცმას ღვთის ჭეშმარიტი კრავისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი; პასექის აღსრულებით ისრაელიტელთა სასიხარულო გამოსვლა ეგვიპტიდან მოასწავებდა კაცთა მოდგმის მადლისმიერ გათავისუფლებას ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკის საშინელი მონობისგან, რომელიც გოლგოთის ჯვარზე უდიდესი მსხვერპლით უნდა დასრულებულიყო.
 
პასექზე ასეთი შეხედულების გამო რაოდენ წმიდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა იგი ღმერთკაცისთვის! ამ დღსასწაულის აღნიშვნით იგი, შეიძლება ითქვას, ყოველთვის წინასწარ დღესასწაულობდა თავის მომავალ სიკვდილს. ახლა, როდესაც წინასახის საქმით აღსრულების დრო დადგა - კრავის სისხლი საკუთარი პასექის სისხლით უნდა შეეცვალა! პასექის მომავალი დღესასწაული მით უფრო მახლობელი იყო იესუს გულისთვის; და მტრების მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობის მიუხდედავად, მან გადაწყვიტა, იგი განსაკუთრებულად - თავისი საღვთო სულით აღესრულებინა (ლკ. 22:15). ასე რომ, პასექის უკანასკნელი საღამო ძველი აღთქმის დასასრული და ახლის დასაწყისი იყო. ეს იყო ნიში მისი ერთგულებისა ზეციური მამის ნებისადმი და კაცთა მოდგმის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარულისა, გარეგნული სიმბოლო და კავშირი ყველა მიმდევრის მასთან და ერთმანათთან შინაგანი ერთობისა (ინ. 13:1-4; 17:26).
 
ამ პასექის მთავარი დაბრკოლება იყო იუდა. ვერაგი მოწაფე შეიტყობდა მაცხოვრის ყოფნის მიახლოვებით ადგილს, ურცხვად აცნობებდა მას მღვდელმთავრებს (მთ. 26:16), ისინი კი ალყას შემოარტყამდნენ სახლს და მედღესასწაულეთ დააპატიმრებდნენ. ამრიგად დაირღვეოდა ყველაზე წმიდა წუთების სიმშვიდე; მოძღვარს საყვარელ მოწაფეებთან ჯეროვანი და მისთვის შესაფერისი გამომშვიდობების საშუალება არ ექნებოდა, რაც მათთვის მარად დაუვიწყარი იქნებოდა; ვერ მოასწრებდა მათ განმტკიცებას მოსალოდნელი განსაცდელების წინაშე, მათთვის თავისი უკანასკნელი გრძნობებისა და სულის გადაცემას, - ვერ გამოკვებავდა თავისი მარადიული უხრწნელი სისხლითა და ხორცით. კაცთმოყვარეს სურდა, უკანასკნელ წუთამდე იმადვე დარჩენილიყო იუდასთვის, რაც სხვა მოწაფეებისთვის იყო: მეგობრად, მოძღვრად და მამად.
 
სიყვარულისა და წყალობის გამომხატველი, მოკრძალებითა და თავმდაბლობით გაჯერებული უკანასკნელი საღამო დასაღუპად განწირული მოციქულისთვის სინანულისკენ მომწოდებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მისი შეუნანებლობისა და გასასტიკების უკანასკნელი დამადასტურებელი აღმოჩნდა. იესუს ბრძნულმა სიყვარულმა საშუალება გამონახა პასექის საღამო ისე აღესრულებინა, რომ საშიშროებაც აეცილებინა თავიდან და გამცემი მოწაფეც თავიდან არ მოეშორებინა. მან (როგორც ახლა ვნახავთ) მისი გაბოროტება არცოდნით შეფარა და დღესასწაულის ადგილი არ გაუმხილა.
 
მოწაფეები დილიდანვე პასექზე ფიქრით იყვნენ გართულნი. ისინი მოძღვრის მხრიდან დღესასწაულისთვის ვერანაირ განკარგულებას ვერ ხედავდნენ და ზოგიერთმა მათგანმა შეხსენება საჭიროდ ჩათვალა (მთ. 26:17). თუმცა, როგორც ძველი იუდაური გარდამოცემა გვამცნობს, იერუსალიმის ყოველი მცხოვრები ვალდებული იყო, შეძლებისამებრ, უფასოდაც კი მიეცა ოთახი პასექის აღსასრულებლად სხვა მხრიდან ჩამოსული იუდეველებისთვის. მაგრამ, ამ საქებარი ჩვეულების მიუხედავად, ყოველგვარი ჩარევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელ იყო წინასწარი თანხმობა, განსაკუთრებით იესუს წმიდა საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა, იერუსალიმში მხოლოდ ზოგიერთ ადამიანთან მისულიყო, ვინც მაცხოვრის ნაცნობი და მისი ღირსი იყო; ამ სიფრთხილეს კი ყველაზე ნაკლებად გადაუხვევდა ახლა, როდესაც საშიშროება ყოველი მხრიდან იყო მოსალოდნელი.
 
მოწაფეთა კითხვაზე, სად ინებებდა პასექის მომზადებას, მოძღვარი იოანესა და პეტრეს მიუბრუნდა და ქალაქში წასვლა უბრძანა. - შესასვლელთან, - უთხრა მან, - შეხვდებით ადამიანს, რომელსაც დოქით წყალი მოაქვს; გაჰყევით მას, შედით იმ სახლში, სადაც ის შევა და სახლის პატრონს უთხარით: - მოძღვარმა დაგვავალა, გადმოგცეთ: ჩემი დრო მოახლოვდა, ჩემს მოწაფეებთან ერთად შენთან აღვასრულებ პასექს. ასე რომ, სად არის ოთახი, სადაც პასექს მივიღებ? - ამის შემდეგ ის გაჩვენებთ დიდ ოთახს, გამზადებულსა და დალაგებულს. იქ მომიმზადეთ პასექი (მთ. 26:18; ლკ. 22:8-13).
 
ასეთი ბრძანებიდან ნათელი იყო, რომ მოძღვარს უკვე ეფიქრა პასექის ადგილზე და გონებაში ამოერჩია იგი, თუმცა აქამდე მოწაფეებისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ახლა კი რაღაც განსაკუთრებული მიზეზით არ სურდა იმ ადამიანის სახელის გამოხელა, ვისთანაც პასექი აღესრულებოდა. მაგრამ რა მიზეზით? უეჭელია, ფიქრობდნენ, რომ მტრების საშიშროების გამო, რომლებიც მათ ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდნენ და მზად იყვნენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეეპყროთ ისინი. მაგრამ რატომ მალავდა ამას მოწაფეთაგან? ნუთუ მათ შორის არის ვინმე უნდო და არასაიმედო? ამ უკანასკნელ მოსაზრებას შეეძლო, უფრო შორსმჭვრეტელებში თავიანთივე წრეში გამცემის არსებობის ეჭვი გაეჩინა; მაგრამ მხოლოდ გაეჩინა და არა განემტკიცებინა ეს ეჭვი, რომელიც, როგორც ვხედავთ, ძალზე უცხო იყო იესუს მოწაფეთ წმინდა და მართალი გულებისთვის.
 
ამ იდუმალების ჭეშმარიტი მიზეზის ამოცნობა ყველაზე მეტად იუდას შეეძლო, რომელიც ამის ერთადერთი მიზეზი იყო. თუნდაც მისი (საზოგადო ფულის შენახვისა და განმგებელისა) მხოლოდ განშორება პასექის მზადებისგან, რომელიც გარკვეულ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, უკვე ერთგვარი მითითება იყო იმაზე, რომ მოძღვარმა მისთვის აღთქმული სამარცხვინო ვერცხლის შესახებ უწყოდა.
 
ქალაქში მისულმა პეტრემ და იოანემ ყველაფერი ისე ნახეს, როგორც მოძღვარმა თქვა: წყლის ჭიშკართან (რომლითაც ელეონის მთიდან მისულნი შედიოდნენ) შემოხვდათ ადამიანი, თიხის დოქით წყალი რომ მიჰქონდა; მოწაფეები მას გაჰყვნენ და მივიდნენ მის სახლში. სახლის პატრონს მოძღვრის დანაბარები გადასცეს; ამის შემდეგ მან მაშინვე უჩვენა ვრცელი ოთახი და მათაც პასექისთვის მზადება დაიწყეს (ლკ. 22:13), ანუ ტაძრის შემოგარენში იყიდეს საპასექო კრავი, მღვდელს შეაწირინეს, ანდა მისი კურთხევით, თვითონვე შეწირეს (1) იგი მითითებულ ადგილას - ტაძართან; სახლში დაბრუნებულებმა მოამზადეს ცეცხლზე წესისამებრ, ანუ - მთლიანი, დაუნაწევრებელი და სრულიად დაუზიანებელი (გამ. 12:9-10). ყველა წესის დაცვით მოამზადეს აგრეთვე ყველა საჭირო ნივთი უფუარობის დღესასწაულისთვის.
 
__________________
 
1. მღვდელთათვის შეუძლებელი იყო ყველა შესაწირი კრავის თავად დაკვლა, რამეთუ მათი რიცხვი, ფლავიუსის გადმოცემით, ორ მილიონამდე აღწევდა.
 
__________________
 
დღის ბოლოს მოვიდა თვით იესუ სხვა მოწაფეებთან ერთად; როგორც გარემოებები გვაფიქრებინებს, მოვიდა ისე, რომ მისი მოსვლა ხალხს და, მით უმეტეს, მის მტრებს არ შეუმჩნევიათ. უეჭველია, იქ მოწაფეებმა შეიტყვეს, ვინ იყო საიდუმლო პატრონი სახლისა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ; ადვილი იყო იმის შეტყობაც, იცოდა თუ არა მან წინასწარ იესუ ქრისტეს გადაწყვეტილება მის სახლში პასექის აღსრულების შესახებ; და შესაბამისად, უნდა მიეღოთ თუ არა პირდაპირ წინასწარმეტყველებად იესუს ზემოთმოყვანილი სიტყვები. მაგრამ მახარებლებმა ამ საგნის შესახებ ცნობების მოწოდება საჭიროდ არ ჩათვალეს, ისეთივე გაურკვევლად და საიდუმლოდ დატოვეს იგი, როგორც დასაწყისში თავად მოწაფეებს წარმოუდგათ. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ იმიტომაც გააკეთეს, რომ უფრო სრულად გადმოეცათ თავდაპირველი შთაბეჭდილება, რომელიც ამ შემთხვევაში მოძღვრის გასაიდუმლოებულმა სიტყვებმა მოახდინა მათზე; ნაწილობრივ იმიტომაც, რომ იმ დროს, როდესაც ისინი სახარებას წერდნენ, სახლის პატრონის სახელის გამხელას (რომელსაც პატივი ხვდა, ასეთ დროს მასპინძლობა გაეწია იესუ ქრისტესთვის) მისთვის შესაძლოა, იუდეველთა მხრიდან საშიშროება გამოეწვია.
 
ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იმი სახლის პატრონი (2), რომელშიც პასექი აღესრულა, იესუს თაყვანისმცემელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. უკვე ამ აზრამდე მივყავართ გამონათქვამს - მოძღვარი ბრძანებს. ამასთან, სახლი სერიობისთვის ყველაზე უსაფრთხო იყო, ერთგულ და საიმედო ადამიანს ეკუთვნოდა: სხვა თავს ვალდებულად ჩათვლიდა, სინედრიონისთვის ეცნობებინა, თუ მის სახლში პასექს ვინ აღასრულებდა.
 
__________________
 
2. კონკრეტულად ვინ? - იოსებ არიმათიელი? ნიკოდიმოსი? სიმონ კეთროვანი? იოანე მარკოსი, რომლის სახლიც იესუ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მისი მიმდევრების შეკრების ადგილი გახდა? (საქმ. 12:12). სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი. მაგრამ სახლის პატრონი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ იოანე, რომელმაც ვითომდა ცოტა ხნის წინ კაიაფასგან იყიდა სახლი, თუმცა ეს კირილე იერუსალიმელის მოსაზრებაა; სხვაგვარად გამოვა, რომ იოანე იოანესთან გაიგზავნა.
 
__________________
 
კანონითა და ჩვეულებით განსაზღვრული დროის დადგომისას (არაუადრეს შებინდებისა და არაუგვიანეს ათი საათისა (რჯლ. 16:6)) იესუმ თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სერობა დაიწყო. მეტი არავინ ესწრებოდა სერობას, ოთახშიც კი არავინ იყო. გარდა იმისა, რომ ამ დროს ყველა პასექის დღესასწაულით იყო დაკავებული, უკანასკნელი სერობა ამ მიმართებითაც საიდუმლო უნდა ყოფილიყო.
 
როგორც ახლა შესაძლებელია ვიმსჯელოთ, პასექი ასე აღესრულებოდა: პასექის საღამო ღვინის თასით იწყებოდა, რომლის წინაშეც ოჯახის უფროსი (ანდა ის, ვისაც მისი ადგილი ეკავა) ღმერთს მადლობას შესწირავდა და ამბობდა: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, სამყაროს მეუფე, რომელმაც შექმნა ვენახის ნაყოფი! ამის თქმის შემდეგ იგი იხმევდა ფიალიდან, რასაც დანარჩენებიც იმეორებდნენ და ხელებს იბანდნენ. ამ დროს ვინმე მცირეთაგანი იკითხავდა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე? ოჯახის უფროსი ან მისი შემცვლელი პასექის ჩვეულებას განმარტავდა ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანის შესახებ თხრობით, ამავდროულად იკითხებოდა ან იგალობებოდა ორი ფსალმუნი (113, 114), სადაც ეს მოვლენაა მოთხრობილი.
 
ამის შემდეგ ჩამოატარებდნენ პასექის მეორე თასს; კვლავ იბანდნენ ხელებს. უფროსი მაგიდაზე დადებული ორი უმარილო პურიდან ერთ-ერთს აიღებდა, ორ ნაწილად განტეხდა, მეორე პურზე დადებდა და ამბობდა: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, სამყაროს მეუფე, რომელმან მიწისგან შექმნა პური! შემდეგ ეს პური მსურველებს შორის ნაწილდებოდა. ამას უკვე მოსდევდა თავად პასექი, ანუ კრავი, რომლის აღსრულების დროსაც ღმერთს მადლობას სწირავდნენ.
 
პასექის შემდეგ სხვადასხვა სასმელს იხმევდნენ, რომლებიც პასექის სერობის შემადგენელი ნაწილი იყო; ამის შემდეგ ჩნდებოდა მესამე სერთო ფიალი, რომელსაც უპირატესი ფიალა ეწოდებოდა; შემდეგ იგალობებოდა ოთხი ფსალმუნი (114-117), სადაც გამოხატულია სიხარული მაცხოვნებელი ღმერთის მიმართ. ყველა ამ ფიალაში ღვინო განზავებული იყო წყალთან, რადგან რამდენიჯერმე ყველას უნდა დაელია, - ქალებისა და ბავშვების ჩათვლით.
 
მოკლედ, ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ძველი აღთქმის პასექი და, განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი, იესუ ქრისტეს მიერ ისეთი სიზუსტით აღესრულა, როგორც ზემოთაა აღწერილი; რადგანაც თვით ამ პასექის დამადგინებლის - მოსეს მითითებით, იგი უფრო მარტივად, ნაკლები წვრილმანებით უნდა აღსრულებულიყო (გამ. 12). მეორე მხრივ, თუკი როდისმე ძე კაცისას შეეფერებოდა ეჩვენებინა, რომ უფალ არს ძე კაცისაი შაბათისაცა  (მთ. 12:8), ყველაზე მეტად ახლა, ძველი აღთქმის დასრულებისა და ახალი აღთქმის დამტკიცებისას. ეს პასექი, რომლის დანიშნულებაც ეს დასკვნა იყო და გარდამავალი (პასექი) უნდა ყოფილიყო ძველი აღთქმიდან ახალში, სწორედ ამიტომ არ უნდა ჰგვანებოდა სხვა პასექეებს, მას მრავალი განსაკუთრებული ნიშანი უნდა ჰქონოდა.
 
სხვათაშორის, სახარების ზოგიერთი მითითებიდან და გამონათქვამიდან ჩანს, რომ ეროვნული დღესასწაულის თავისთავად პატივსაცემი ჩვეულებები ამ პასექის აღსრულების ჟამს უფალს სულაც არ უარუყვია (ლკ. 22:17-18; ინ. 13:26). მახარებლებმა ამას პირდაპირი ყურადღება არ მიაქციეს, როგორც ისედაც ყველასთვის ცნობილს; მაგრამ ამის ნაცვლად ზედმიწევნით აგვიწერეს ის, რაც ამ საღამოზე განსაკუთრებული, ახალი აღთქმისეული იყო; როგორიცაა: ფეხთბანვა, ევქრისტიის დადგინება და სხვა.
 
გარდა ამისა, წმიდა იოანე, როგორც თავისი საღვთო მასწავლებლისა და მეგობრის შემდგომი ქმედებებისა და მოვლენების სიყვარულით აღსავსე მაყურებელი, მოგვითხრობს გამოსამშვიდობებელი საღამოს არაჩვეულებრივი გაგრძელების შესახებ, განსაკუთრებული, ღრმა მითითებებით იესუს სულიერ მდგომარეობაზე... იგი განწყობილი იყო, ამ შემთხვევაში მაცხოვრისთვის ისე ემზირა, როგორც ზეციური მამის მადლით და ჭეშმარიტებით აღვსილი მხოლოდშობილი ძისთვის, რომელმაც ზედმიწევნით უწყის, საიდან მოვიდა და საით მიემართება; ამიტომ ყველაზე პირქუშ და საშიშ წუთებში (როგორც ეს იყო) ძე ღვთისა სიმშვიდითა და დიდებულებით მოქმედებდა და მიწაზე დასატოვებელი მოწაფეების მიმართ თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო არ დაირცხვინა, მათ განსაბრძნობად მსახურივით ფეხები დაებანა მათთვის; შემდეგ ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა გაემხნევებინა, ენუგეშებინა და დაეცვა ისინი ხანმოკლე,მაგრამ საშინელი განსაცდელებისგან მომავალი განშორების ჟამს; თუმცა, ადამიანური განსჯით, მას თვითონ სჭირდებოდა ნუგეში (ინ. 13:14).
 
მართლაც, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ იესუ ქრისტეს მთელი სამწლიანი მსახურების მანძილზე მოწაფეებს ასე ნათლად გასჩენოდათ მისი დიადი დანიშნულების, საღვთო ღირსების, მამასთან მისი ერთობის გრძნობა, როგორც უკანასკნელ საღამოზე და მოწაფეებთან უკანასკნელი საუბრის ჟამს.
 
მიუხედავად იმ უღრმესი თავმდაბლობისა, რომლითაც მან მოწაფეებს ფეხები დაბანა, მოკრძალებული, სიყვარულით განმსჭვალული მეგობრული საუბრისა, აქ გიგი აღსავსეა თავისი ღვთაებრიობით, რომელიც მის ყოველ მოქმედებასა და სიტყვაში გამობრწყინდება, აღსავსეა რაღაც აუხსნელად შემძვრელი დიდებულებით, რომელშიც საღვთო ადამიანურთანაა შერწყმული, თაბორი გოლგოთასთანაა შეერთებული. ამ შერწყმიდან გარდამოევლინება მოწაფეებზე სულიწმიდა (რამდენადაც ღვთეაბა შესაძლოა, მოკვდავთ გამოეცხადოს), დროდადრო მათ გულებშიც იღანთებს წფრელი სიყვარულისა და რწმენის ცეცხლს. მაგრამ მხოლოდ დროდადრო.
 
ისინი ჯერ კიდევ არ განწმენდილიყვნენ ზოგიერთი ვნებისგან, ბევრი რამის ზიდვა და დატევა არ შეეძლოთ (ინ. 16:12). ჯვრის საიდუმლოს მიუწვდომლობა, რომელიც მოციქულთათვის შემდეგ გახდებოდა ცხადი, მათ თავიანთი მოძღვრისა და უფლის გრძნობების გაზიარების შესაძლებლობას ართმევდა. მათთვის რომ მომავალი ისევე ყოფილიყო ცნობილი, როგორც მათმა მოძღვარმა უწყოდა, უეჭველია, ისინი სერობაზე ასეთნი აღარ იქნებოდნენ! პირველობისთვის დავა როდი შეიპყრობდა მათ სულებს! ძილი როდი მოერეოდათ გეთსიმანიის ბაღში! - მაგრამ მოძღვარი განზრახ არ უცხადებდა მათ ზედმიწევნით მომავალს; და როდესაც გარკვეულწილად მაინც უცხადებდა რამეს, თუ გამოცხადებულს მთელი თავისი საშინელებით ვერ წვდებოდნენ, - სრულ გაგებას არ აძალებდა.
 
ამრიგად, არა მხოლოდ ფერხთბანვაზე, უფლის თითქმის ყველა ქმედებასა და სიტყვაზე შეეძლო ახლა თითოეულ მოწაფეს ეთქვა, რომ არ ესმოდა და განმარტება მოეთხოვა; მხოლოდ ერთ მოწაფეთაგანს ეკუთვნოდა სავალალო უპირატესობა, სცოდნოდა დანარჩენებზე მეტი - გამცემს. ამიტომაც, ათვლის ამ წერტილიდან, იგი ხატებზე საშინლად გამოიხატება - განსაკუთრებული, ძე ღვთისას საწინააღმდეგო სახით. იუდა არის წყვდიადის მხარის წარმომადგენელი ადამიანის სახით, რომელიც არცთუ მცირე ცოდნას ფლობს, მაგრამწმინდა სიყვარულის ერთი ნაპერწკალი და სხივიც კი არ უღვივის. იესუს ღვთაებრივი სხის ყოველი გამონათებისადმი იუდას სული ცივი და პირქუში დარჩა.
 
რაკიღა საბრალო გამცემზე გამარჯვება იზეიმა, წყვდიადის სულმა თავისი ამჯერად უსაფუძვლო იმედები იქამდე განავრცო, რომ თავად ღმერთკაცის დამოწმებით, იკადრა და კაცთა ბედის უმაღლეს განმგებელს ნებართვა სთხოვა, ქრისტეს სხვა მოწაფეების აღცრად ვითარცა იფქლი (ლკ. 22:31), ანუ ნება ითხოვა, ყველა მისთვის შესაძლებელი განსაცდელით განეცადა ისინი. მაცხოვარი კიდევაც ამოწმებს, რომ ამ ვითარებაში საღვთო სიბრძნის მიერ წყვდიადის სულს მართლაც მიეცა ნება მოემოქმედა მოციქულებთან მიმართებაში რაღაც იმის მსგავსი, რაც თავის დროზე იობთან დაკავშირებით დაიშვა. ანუ: ჩაეყენებინა ისინი რწმენისა და სათნოებისთვის განსაკუთრებულად მძიმე და საშიშ გარემოებებში; რამეთუ მაცხოვარი ბრძანებს, რომ იგი ლოცულობდა, რათა ამ ჯოჯოხეთური ცდუნების დროს პეტრეს რწმენა არ დაკნინებულიყო, დაცემული თვითონ ამნდგარიყო და ძმები განემტკიცებინა; მაგრამ ოდნავადაც არ გვიჩ ვენებს, რომ ამ ლოცვის ნაყოფი ან საგანი იყო განშორება განსაცდელებისა და საცდურებისა.
 
არ შევცოდავთ, თუკი მოწაფეთა ამ საიდუმლო განსაცდელთა შორის მივიჩნევთ მათ შორის გამოცხადებულ ესოდენ უადგილო და უდროო დავას პირველობის შესახებ.
 
ქალაქგარეთ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ისეთ სერობაზემოსვლისას, როგორიც პასექი იყო, აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, საჭირო იყო დაბანილი ფეხებით დაჯდომა. ამ ფეხთბანვისთვის საჭირო ყველა ნივთი წინასწარ იყო მომზადებული ოთახში: არ იყო მხოლოდ მსახური, რომელიც ყველას ფეხებს დაბანდა. ურთიერთსიყვარულის ქადაგებისთვის ეს შესანიშნავი შემთხვევა იყო (3), მაგრამ მოწაფეები ამ შემთხვევას ყოველგვარი სასოების გარეშე (და, სავარაუდოდ, არც ჯოჯოხეთური ძალის ჩაურევლად), უკვე სხვაგვარად  უყურებდნენ: მორჩილებისა და ძმური ერთსულოვნების სულის ნაცვლად ისინი განდიდების სულმა შეიპყრო; კითხვებიც კი ისმოდა - ვინ აღმატებული და უკეთესი იყო, ვინც - ნაკლები და უარესი.
 
__________________
 
3. ნამდვილად ფეხთბანვის თაობაზე დაიწყო კამათი? - ვფიქრობთ, ეს ყველაზე მეტად შესაძლებელია, რადგან ამ შემთხვევის გამო ასეთი კამათის წამოწყება ყველაზე ადვილი იყო. იესუ ქრსიტესა და მოციქულებს საკუთარი მსახური არ ჰყავდათ; პასექის სერობაზე ყველა უცხო მსახური დაკავებული იყო და თვითონ აღასრულებდნენ პასექს. ამიტომ წმიდა საზოგადოებას თვითონ უნდა ეზრუნა საკუთარ ფეხთბანვაზე. ამ მიზნისთვის ფეხის დასაბანი ჭურჭელ, წყალი და არდაგი მზად იყო. მაგრამ, დახეთ, ისინი აქამდე გამოუყენებელი დევს (სხვა შემთხვევაში აიღებდნენ). რატომ? კამათის მიზეზით, რადგან არავის სურდა, საკუთარ თავზე ეტვირთა მსახურის მოვალეობა. და აი, მაცხოვარმა მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამრიგად, საკურნებლად აქცია სწორედ ის ქმედება, რომელიც ავადმყოფობის მიზეზი იყო. პირველობისთვის კამათის ასახსნელად წარმოდგენილი სხვა მიზეზები გაცილებით ნაკლებად დამაკმაყოფილებელია; მაგალითად, ის, რომ იგი წარმოიშვა ადგილის გამო - ვინ სად უნდა მჯდარიყო სერობაზე. ასეთ შემთხვევაში მოწაფეთა პატივმოყვარეობა უხეშობამდე დამცირდებოდა, ამიტომაც ეს ნაკლებად დამაჯერებელია; ვინ იდავებდა ადგილზე იესუს საყვარელ მოწაფესთან? კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებლია, რომ მოწაფეებს დავა დაეწყოთ საკუთარ ღირსებებზე - ამ წუთას გაღვივებული ოცნების გამო მესიის მიწიერი მეუფების შესახებ; რადგნაც გარდა იმისა, რომ არ ჩანს, რად განახლდა ეს ოცნება ამ წუთებში, მაცხორის სიტყვები, რომელიც მათ ახლა ტახტზე დასმას ჰპირდებოდა, ამ შემთხვევაში კურნება როდი იყო ასეთი მეოცნებეობისა, არამედ საკვები და განმტკიცება.
 
__________________
 
არცერთს არ სურდა სხვაზე ნაკლები ყოფილიყო, მით უმეტეს, - ყველაზე ნაკლები; და ფეხები ყველას დაუბანელი რჩებოდა.
 
აუტანელმა სიცივემ მოიცვა ამ კამათის გამო იესუს სიყვარულით აღსავსე გული. იგი დუმდა, ელოდა რომ მოწაფეთა ურთიერთსიყვარული გაიმარჯვებდა პატივმოყვარეობაზე. მაგრამ როდესაც დაინახა, რომ მოწაფეები მზად იყვნენ, კამათის დაუსრულებლად მისხდომოდნენ მაგიდას, მაშინვე თვითონ ადგა სერობიდან (4), აიღო ფეხთბანვისთვის გამზადებული ერტ-ერთი ჭურჭელი, ყველას გასაოცრად საბანშ წყალი ჩაასხა და მოწაფეებისთვის ფეხების ბანვა და არდაგით შემშრალება დაიწყო; პირველი (იუდა?) დაბნეულობისგან უნებურად დაემორჩილა; სხვებმა უსიტყვოდ მიბაძეს მის მაგალითს; ვერავინ გაბედა მოძღვრის შეჩერება, თუმცა გრძნობდნენ, რომ ამ განსაკუთრებული საქციელის მიზეზნი თვითონ იყვნენ, სულიერად წუხდნენ, რომ უადგილო ამპარტავნებით ამის საბაბი მისცეს.
 
__________________
 
4. ფეხთბანვამ რომ პირველობისთვის კამათი გამოიწვია - ამაში ყველას შეუძლია დარწმუნდეს წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებიდან, რომელიც ფეხთბანვას ლუკა მახარებლის მიერ მოთხრობილი კამათიდან გამომდინარე აღგვიწერს. წმიდა ლუკასთან მაცხოვარი მოწაფეებს ეუბნება: ვინ არს უფროის, რომელი ინახით-ზის, ანუ რომელი მსახურებს? (ლკ. 22:27). ნათელია, რომ აქ მსახურებაში ფერხთბანვა იგულისხმება. და თუ ასეა, მაშინ მისი მიზეზი იყო დავა პირველობაზე, რამეთუ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მოწაფეებმა მსგავსი კამათი მოძღვრის მიერ ნაჩვენები თავმდაბლობის განსაკუთრებული მაგალითის ჩვენების შემდეგ წამოიწყეს (კამათი, უეჭველი, დაუყოვნებლივ შეწყდა იმის მოლოდინში, რა მოხდებოდა).
 
__________________
 
ბოლოს სიმეონ იონას ძის რიგი დადგა. მის ანთებულ სულს არ შეეძლო იმ აზრის ატანა, რომ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა, მას მონასავით მოემსახურებოდა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? (ინ. 13:6).
 
მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამის შემდგომად (ინ. 13:7).
 
ამ სიტყვების ჩუმი და საიდუმლო მნიშვნელობა სწრაფ და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა. მაგრამ პეტრე მიეჩვია, თავის ქმედებებში უფრო გრძნობებს აჰყოლოდა, ვიდრე გონებას. - რა არის აქ საფიქრებელი, - ფიქრობდა იგი, - როდესაც საქმე ეხება მოძღვრისა და უფლის ასეთ დამცირებას?
 
არა დამბანნე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე (ინ. 13:8). - მისი მოძრაობა მიანიშნებდა, რომ იგი თავის სიტყვას შეასრულებდა.
 
სხვა დროს ასეთ თავმდაბლობას შეიძლება ქება დაემსახურებინა მისგან, ვინც თვითონ იყო მდაბალი და მორჩილი გულით. მაგრმ ახლა არ იყო ახალი კამათის დროს იმის შესახებ, ვინ უფრო თავმდაბალი იყო - მოძღვარი თუ მოწაფე. საჭირო იყო ფარდის აწევა.
 
კუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, - მიუგო უფალმა უკვე ხმის ამაღლებით, - არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა (ინ. 13:8).
 
ამ, თუმცა ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცულ სიტყვებზე შეუძლებელი იყო არ მიმხვდარიყო, რომ საქმე შეეხებოდა უფრო მეტს, ვიდრე ხორციელი ფეხთბანვაა. პეტრე მაშინვე გამოფხიზლდა თავდაჯერებულობისგან (საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისგან) და მთელი მისი მგზნებარება საწინააღმდეგო მხარეს წარიმართა...
 
უფალო, არა ხოლო თუ ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი (ინ. 13:8) - აღასრულე ჩემზე, რაც გნებავს, ოღონდ ნუ მომაკლებ შენთან მყოფობას.
 
განბანილსა მას (სულითა და სინდისით, ჩემი სწავლებისა და სულის მეშვეობით), - მიუგო ღმერთკაცმა და პეტრეს ფეხები დაბანა, - არა უხმს (ამაზე მეტად) გარნა ფერხნი ხოლო დაბანად (სულიწმინდის ახალი გარდამოსვლით, რომელსაც ეს ფეხთბანვა ემსახურება - წინასახედ და სიმბოლოდ; იმ ცრურწმენებისა და სისუსტეებისგან სრული განწმენდისთვის, რომელნიც პეტრეს გააჩნდა; ზედმეტი თავდაჯერება საკუთარ მამაცობასა და მოძღვრის მიმართ თავის სიყვარულზე).
 
თქუენცა წმიდა ხართ, - დაამატა უფალმა და სხვა მოწაფეებს მოუბრუნდა, - არამედ არა ყოველნი ... (ინ. 13:19).
 
- მან უწყოდა, - აღნიშნავს წმიდა იოანე, რომ მათ შორის ერთი გამცემი იყო, ამიტომაც ბრძანა: არა ყოველნი წმიდა ხართ (ინ. 13:11).
 
ამ არაწმინდების მხილების მნიშვნელობისა და მისი გაურკვევლობის მიუხედავად (რომელიც ნებისმიერს შეიძლებოდა შეხებოდა), ვერცერთმა მოწაფემ ვერ გაბედა ეკითხა მოძღვრისთვის იმის შესახებ, რა არაწმიდება იყო ეს და ვინ იყვნენ არაწმინდანი? თვით მჭევრმეტყველი პეტრეც კი დუმდა. იესუს ყოვლისშემრიგებელი ქმედებით მათი გულები ბუნებრივ უბრალოებას დაუბრუნდნენ და მიწყნარდნენ იმდენად, რომ თვით ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ შეეძლოთ ყოყმანი. მხოლოდ გულის სირღმეში დარჩა სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ უადგილო კამათით პირველობის შესახებ მოძღვარი აიძულეს ასეთი დამამცირებელი მსახურებისთვის; სიმონს კი, ამასთან, იმის გამოც, რომ მან თუნდაც წუთიერად გაბედა საკუთარი თავი იმ ადამიანად წარმოეჩინა, ვისაც არ ესაჭიროებოდა ფეხის დაბანა მისგან, ვისაც - ერთადერთს მხოლოდ ძალუძდა ყველასა და თითოეულის არაწმინდების განწმენდა.
 
იესუმ ყველასთვის ფეხის დაბანის შემდეგ თავისი სამოსი შეიმოსა და სერობად დაჯდა.
 
მერე უთხრა მათ: იცით, რა გიყავით? თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებელზე უპირატესი (ინ. 13:13-16). წარმართთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი. ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური. რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური (ლკ. 22:25-27) (იესუს ზოგიერთ მოწაფეს შეეძლო ამ დროს საკუთარ თავში აღმოეჩინა, რომ იგი თავს არაფრით არ უტოლებდა მოძღვარს) თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი (ლკ. 22:28).
 
- თქვენ, - განაგრძო უფალმა, - ყველა განსაცდელში ჩემთან ერთად იყავით (მუდამ ერთგულნი რჩებოდით, მიუხედავად ჩემი მტრების ცილისწამებისა და დევნისა), მე (ჯილდოდ) აღგითქვამ თქვენ (ყველას ერთნაირად), როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.  რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი (ლკ. 22:29-30). - დაამატა უფალმა, რადგან სურდა, რაც შეიძლება, ნათლად წარმოედგინა მოწაფეებისთვის მათთვის მოსალოდნელი ჯილდო.
 
ამ უდიდესი აღთქმის დროს ღმერთკაცს თვალწინ წარმოუდგა იუდა. მეტყველი ბაგეები უნებურად დადუმდნენ.
 
ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; - წარმოთქვა მან დანანებით (თუმცა სურდა კი, რომ ყველაზე ასე ეთქვა), -  მე ვიცი, ვინც ავირჩიე (კარგად ვიცი, ვინ არის თქვენგან ჩემი ერთგული და ვინ - გამცემი; ამიტომ შემეძლო, წინააღმდეგობა გამეწია მისი ზრახვებისთვის, გამეძევებინა იგი ჩემი საზოგადოებიდან, მაგრამ ვითმენდი და კვლავ მოვითმენ მას თქვენ შორის ბოლომდე), დაე, აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი (ინ. 13:18).
 
ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება (როდესაც გამცემენ და ჯვარს მაცვამენ), ირწმუნოთ, რომ მე ვარ (იგივე, რაც ადრე ვიყავი) ე ღმრთისა ცხოველისა (ინ. 13:19).
 
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს (ინ. 13:20) (პატივია ჩემს მოციქულად ყოფნა და მიუხედავადიმისა, რომ ერთმა თქვენგანმა ოცდაათ ვერცხლად გაცვალა იგი, ეს პატივი მარად იქნება სამყაროს ყველა დიდებაზე აღმატებული. თქვენი სხით მიიღებენ ან უარყოფენ ღმერთს).
 
მოწაფეები მდუმარედ უსმენდნენ მოძღვრისა და მასწავლებლის სიტყვებს, რომლებსაც, თავისთავად, კიდევ უფრო მეტი ძალა ჰქონდა მისი უმაგალითო თავმდაბლობის შემდეგ.
 
რა ხდებოდა ამ დროს წარწყმედის ძის სულში, რომელიც ჯერ კიდევ არ წარწყმედილიყო? ... ფეხები მასაც დაბანეს, მასაც უჩვენეს თავმდაბლობის მაგალითი, არაწმინდების შესახებ დაჩივლება კი ძირითადად სწორედ ერთადერთს მას შეეხებოდა!.. შეუძლებელია, რომ ცხოვრების სიტყვის თესლიდან, რომელიც ზეციური მთესველის ხელიდან ასე უხვად გარდამოედინებოდა, ზოგიერთი მის გულშიც არ მოხვედრილიყო: მაცხოვარმა განსაკუთრებული განზრახვის გარეშე მიუთითა ასე ზედმიწევნით უდიდეს ჯილდოზე, რომელიც მის ერთგულ მოწაფეებს მოელოდათ. თვით გამცემის ვნებას - ყველაფერი ფულით შეეფასებინა - უნდა მიეხვედრებინა იგი, რომ უძვირფასესს კარგავდა. მაგრამ ბედკრული მოწაფის გული უკვე გასასტიკებული იყო მადლისმიერი შთაბეჭდილებებისთვის, იგი მთლიანად მოცული იყო ეკლიანი საზრუნავითა და საწუთრო ზრახვებით (მთ. 13:21). ეშმაკიც, რომელიც დიდი ხანია, ამზადებდა ამ საბრალოს გულს თავის იარაღად და სამყოფელად, უეჭველია, ახლა ყველაზე მეტად დახშვდა მასში შესასვლელსა და გამოსასვლელს და დაუყოვნებლივ, დათესვისთანავე იტაცებდა მისგან ყოველგვარ კეთილ მარცვალს (მთ. 13:19).
 
დასაწყისშივე შემწყდარი სერობა გრძელდებოდა. წეს-ჩვეულებები ერთმანეთს მოსდევდა. ყველა მწუხარე აზრებით იყო სეპყრობილი და ამიტომ, შესაძლოა, ყველაფერი ჩვეულებრივზე სწრაფად ხდებოდა. როგორც ჩანს, თვით საპასექო კრავი მნიშვნელობას კარგავდა ღვთის ჭეშმარიტი კრავის თანდასწრებით, რომელიც უკვე მზად იყო ეტვირთა ცოდვანი სოფლისანი. თითქმის უცვლელ კანონად ქცეული წმიდა ჩვეულების მიუხედავად - ყველას ეხმია წმიდა თასიდან, რომელსაც, გარდამოცემით, სერობაზე ჩამოატარებდნენ, - მოძღვარს არ უხმევია, მაშინაც კი, როდესაც შემოიტანეს ე. წ. კურთხევის თასი (ყველაზე წმიდა); მან, ჩვეულებისამებრ, აკურთხა იგი და ისე, რომ თვითნ არ მიუღია, მოწაფეებს გადასცა და უთხრა: იიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი (ლკ. 22:17-18).
 
სიხარულიანი მზერა არავის ჰქონია; მაგრამ ღმერთკაცის სახეზე გარკვეული შეცბუნებაც კი ჩანდა, უფრო შესამჩნევი, ვიდრე - აქამდე; მისი უწმინდესი სული იშვიათად გამოდიოდა მისთვის ჩვეული მშვიდი მდგომარეობიდან, ყველაზე უჩვეულო ვითარებებშიც კი. ახლა იგი მძიმედ განიცდიდა გამცემლის იქ ყოფნას. მისი გულგრილი ღალატისა და მზაკვრული მეგობრობის სახე უმეტესად აუტანელი იმის გამო იყო, რომ მის გულს ხელს უშლიდა სრულად გახსნილიყო საყვარელი მოწაფეების წინაშე, რათა მათთვის სიყვარულის უკანასკნელი მცნება მიეცა და იმედის უკანასკნელი სიტყვა ეთქვა.
 
შეძრწუნდა იესუ სულით (ინ. 13:21). მოწაფეებმა ეს შეამჩნიეს და, რასაკვირველია, რაღაც განსაკუთრებულს ელოდნენ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: - თქვა უფალმა, თითოს თავისი სულიერი მდგომარეობის ასახსნელად, - ერთი თქვენგანი გამცემს მე (ინ. 13:21).
 
ამ განსაცვიფრებელი და ნათელი სიტყვების გამო ყველა ღრმა ნაღველმა მოიცვა (თუ სერობა ჯერ დასრულებული არ იყო, დროებით უნდა შეწყვეტილიყო). ყველა ერთმანეთს უცქერდა, უნებურად გაიფიქრეს, რომ ასეთი გამცემის სახეზე არ შეიძლებოდა, არ აღბეჭდილიყო მისი ბნელი სული (ინ. 13:22). მაგრამ გამცემი ყველაზე კადნიერად უყურებდა დანარჩენებს და თვითონ ეძებდა მზერით გამცემს. ვინ იყო ის, ვინც ამას ჩაიდენდა? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ყველას მზერა თავისთავად მიემართა მოძღვრისკენ, რამეთუ მას ერთადერთს შეეძლო ეთქვა, ვინ იყო ეს საშინელი ადამიანი.
 
ზოგიერთებს ჯერ კიდევ სურდათ ეფიქრათ, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მცირერიცხოვანი სამეგობროდან, არამედ დანარჩენ (სამოცდაათ) მოწაფეთაგან. ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, (შესაბამისად, იმ ოთხი, ანდა ექვსიდან, რომლებიც მის ახლოს ისხდნენ), ის გამცემს მე (მთ. 26:23), - მიუგო უფალმა. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი (მთ. 26:24).
 
ასეთ სიტყვებს მოწაფეების დამშვიდება არ შეეძლო. იმ აზრმა, რომ გამცემი ასე ახლოსაა და მას ასეთი საშინელი ხვედრი ელის, თითოეულს საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა. - მე ხომ არა, რაბი? მე ხომ არა? - ისმოდა ყველასა და თითოეულისგან. უფალი დუმდა: მათი ბავშვური უბრალოება და გულწრფელობა ჯილდო იყო ერთის გასასტიკებული გულის სანაცვლოდ. იმისთვის, რომ ყველას შეკითხვის გამო მხოლოდ ერთი არ დარჩენილიყო შეკითხვის გარესე და მარიგად საკუთარი თვი არ გამოემჟღავნებინა, ამ ბედკრულმაც გაბედა ბაგეების გახსნა და არ შერცხვა, სხვებივით ეკითხა: - მე ხომ არა, რაბი? - შენ სთქვი - მიუგო გამცემის ასეთი ურცხვი მზაკვრობით ღრმად შეურაცხყოფილმა იესუმ. სხვათა შორის, ეს პასუხი ისე წყნარად და მოკრძალებით იყო ნათქვამი, რომ იგი, როგორც ჩ ანს, ვერავინ გაიგო; უკიდურეს შემთხვევაში, როგორც შემდგომი ქმედებებიდან ჩანს, იუდას გარდა, არავის გაუგონია.
 
მოღალატემ დუმილით აიტანა პასუხი, რადგან გაუბროდა უფრო მეტ სირცხვილს - ყველას წინაშე გამოაშკარავებას. სხვა მოწაფეებსაც აღარ გაუგრძელებიათ ცნობისმოყვარე კითხვები, რადგან დაინახეს, რომ მოძღვარს არ სურდა, პირდაპირ დაესახელებინა იგი.
 
მხოლოდ პეტრეს არ შეეძლო მშვიდად ყოფნა. ის აზრი, რომ გამცემი, რომლის შესახებაც მოძრვარი საუბრობდა, შესაძლოა მის გვერდით მჯდარიყო ან თვითონ დამართოდა მომავალში რაღაც საშინელი განსაცდელი (მას ოდესღაც უკვე ჰქონდა გადატანილი მწუხარება, როდესაც სატანის სახელი ეწოდა (მთ. 16:23)), მოსვენებას არ აძლევდა მას. საიდუმლოს გასამჟღავნებლად მან, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ საშუალებას მიმართა - სწორედ იმას, რომელიც ამა სოფლის ძლიერთა წინაშე ასე ხშირად გამოიყენება მათგან მეტნაკლებად დამსახურებული წყალობის გამოსათხოვად, იესუს წმიდა საზოგადოებაში კი მხოლოდ ისეთი მიამიტი მიზნის დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული, როგორიც პეტრეს ჰქონდა - გამოემჟღავნებინა გამცემი.
 
ღმერთკაცს განსაკუთრებით უყვარდა და გამოარჩევდა ერთ მოწაფეს, რომელიც ახლა მასთან ყველაზე ახლოს იყო. სწორედ მას მიუბრუნდა სიმონი და ანიშნა, რათა მას ჩუმად ეკითხა იესუსთვის, ვინ იყო ის, ვის შესახებაც იგი საუბრობდა? მოწაფე (როგორც თვითონ ეს შემთხვევა გვიჩვენებს) იესუს მკერდს მიეყრდნო და მაშინვე ჰკითხა, ვინ იყო გამცემი. პეტრეს მეტს კითხვა არავის გაუგია და არც შეუმჩნევია, სავარაუდოდ - იუდას გარდა, რომელიც, როგორც დამნაშავე, ყველაზე ეჭვობდა და ყველას აკვირდებოდა. - ის, - უპასუხა იესუმ წყნარად, - ვისაც ამოწებულ ლუკმას მივაწვდი; - მან თავის თეფშზე ლუკმა ამოაწო და იუდა ისკარიოტელს მიაწოდა.
 
ამ ქმედებაში არაფერი იყო იუდასთვის შეურაცხმყოფელი: სერობის დასასრულს ჩვეულებაც კი იყო, აეღოთ და ეხმიათ თითო ლუკმა პასექის ნარჩენებიდან; ასეთი ლუკმის მიღება კი თვით სერობის უფროსის ხელიდან სხვათაგან გამორჩეულობასაც ნიშნავდა. ამიტომ საკვების მეგობრული მიწოდება დასაღუპად განწირული მოციქულისთვის სინანულისკენ უკანასკნელი მოწოდება იყო.
 
მაგრამისკარიოტელის ხელში სრულიად საწინააღმდეგო მოხდა. მან აიღო ლუკმა და საკუთარი თავი აიძულა, ეჭამა იგი. პურის შემდეგ, როგორც იოანე მახარებელი აღნიშნავს (რომელიც ამ დროს იუდას აკვირდებოდა), მასში მაშინვე შევიდა სატანა. თავმდაბლობისა და მეგობრობის ნამცეცებიც კი სრულიად გაქრა მის გულში დანთებული მხილების ცეცხლისაგან; გამცემის სახე პირქუში და საშინელი გახდა. იესუს წმიდა საზოგადოება უკვე აუტანელი იყო ადამიანისთვის, რომლის გულშიც სატანა დასახლებულიყო: იდუმალი ძალა მას იქიდან განიზიდავდა...
 
გულთამხილავი ყველაფერს ხედავდა, რაც წარწყმედის ძის სულში ხდებოდა - როგორ გაქრა სიკეთის უკანასკნელი წვეთი, როგორ დაეუფლა ეშმაკი მისი სულიერი ცხოვრების საფუძველს; და იესუმ აღარ მოისურვა, საკუთარი თავი ეიძულებინა, უშედეგოდ მოეთმინა გამცემი. რაც უნდა გააკეთო, მალე გააკეთე (ინ. 13:27), - უთხრა მას, რომელიც ისედაც მზად იყო იქიდან წასასვლელად. ამიტ საპატიო საბაბი ეძლეოდა სერობიდან მარტო წასასვლელად (რომელიც უკვე ისედაც დასრულებული იყო) ისე, რომ ამით მოწაფეთა ყურადღება არ მიექცია. მაგრამ, იმავე დროს, იმავე იდუმალ სიტყვებში, როგორც ჩანს, უფრო მეტი იყო ჩადებული: ამით შეწყდა უკანასკნელი უხილავი ჯაჭვი მადლისა, რაც ჯერ კიდევ აკავებდა დაღუპულ მოციქულს იესუს წმიდა საზოგადოებაში და სატანას მისი ჯოჯოხეთში ჩაგდების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან, მადლისგან დაცლილს მოკრძალებული ნახევრადსაყვედური ჩანს, ძლიერ ყვედრებად მოეჩვენა. - დაუყოვნებლივ აღვასრულებ ჩემს საქმეს! - გაიფიქრა მან და გავიდა.
 
შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან, - გვიამბობს იოანე, რაც პალესტინურად საღამოს ცხრა სააათზე ადრე არ იყო და შესაბამისად, პასექის საღამოს დასასრული იყო. რამდენადაც გამცემი ხედავდა, რომ მოძღვარმა მისი ღალატის შესახებ უწყოდა, შეეძლო ევარაუდა, რომ ახლა მოწაფეებმაც იცოდნენ ამის შესახებ და ყველა ზომას მიიღებდნენ მოძღვრისა და საკუთარი თავის გადასარჩენად, რაც, თავისთავად, ბადებს კითხვას: ახლა როგორღა იმედოვნებდა იგი თავისი გამცემლობის მოსწრებას? შეეძლო, მაგალითად, ევარაუდა, რომ იესუ მშვიდად დაელოდებოდა მას გეთსიმანიის ბაღში და დაუყოვნებლივ არ წავიდოდა სადმე შორს, იდუმალ ადგილას? რატომ არ იჩქარეს ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად სახლის გარშემორტყმა გუშაგებით, სადაც სერობა აღესრულებოდა და სადაც იესუ ასე დიდხანს საუბრობდა მოწაფეებთან? ამ გაუგებრობის ასახსნელად უნდა გავიხსენოთ, რომ მღვდელმთავრებს იესუს შეპყრობა ხალხის გარეშე სურდათ: ამიტომ მათ ესაჭიროებოდათ ბნელი და ყრუ ჟამი; ახლა კი ჯერ კიდევ არავის ეძინა და მცირე ხმაურსაც კი ასეულ ათასობით ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეეძლო.
 
მეორე მხრივ, მოძღვრის მხრიდან გამცემლობის შესახებ ამდენი მითითების მიუხედავად, იუდას შეეძლო ეფიქრა, რომ მისი განზრახვა მაცხოვრისთვის წვრილმანების გარეშე იყო ცნობილი; განსაკუთრებით იმ გარემოების გარეშე, რომ ეს გამცემლობა კონკრეტულად პასექის ღამეს იყო მოსალოდნელი; ამიტომ შეეძლო, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ შერჩეული ღამის გასათევი ადგილი (გეთსიმანია) სხვა ადგილით არ შეიცვლებოდა. ამასთან, გამცემლობისთვის დათქმული დროის დასაფარავად, შესაძლოა, მზაკვარ ვერცხლისმოყვარეს წინასწარ მოეფიქრებინა რაიმე საქმე, რისთვისაც მას, მოძღვრის ნებართვით, შეეძლო პასექის დასრულებისთანავე გასულიყო ისე, რომ ფსალმუნების დასასრულ გალობას არ დალოდებოდა.
 
ამ ვარაუდით სრულიად გასაგები ხდება მაცხოვრის სიტყვები: რაც უნდა გააკეთო, მალე გააკეთე (ინ. 13:27). - სიტყვები, რომელთაც ისედაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზრთა მხოლოდ ერთი მხარე გააჩნია - ზნეობრივი, მეორე - ისტორიული კი - არა, რომლითაც ისინი წინამორბედ მოვლენებს დაუკავშირდებოდა.
 
მოწაფეები აუცილებლად შეამჩნევდნენ იუდას ადრე გასვლას, მაგრამ მის მიმართ მოძღვრის ნათქვამის შემდეგ ვერავინ (შესაძლოა, თვით იოანეს ჩათვლითაც კი) ამ საქციელში ცუდს ვერაფერს დაინახავდა. ზოგიერთნი იფიქრებდნენ, რომ იუდა რაღაცის საყიდლად გაგზავნეს მომავალი (რვადღიანი) დღესასწაულისთვის; მეორენი ჩათვლიდნენ, რომ მას უბრძანეს, დღესასწაულის გამო გლახაკებისთვის მოწყალება მიეცა (ინ. 13:28-29). არც ერთი ვარაუდი მთლად ბუნებრივი არ იყო. პასეიქ საღამოს განმავლობაში და თანაც ასე გვიან რაიმეს ყიდვა ძნელი იყო. ასევე ძნელი იყო ღატაკთა პოვნაც ყველასთვის ესოდენ წმიდა დროს. მაგრამ მოწაფეები მზად იყვნენ, ნებისმიერი ვარაუდისთვის დაეჯერებინათ, ვიდრე შეჩერებულიყვნენ იმ საშინელ აზრზე, რომ იუდა ისკარიოტელი პასექის საღამოდან - მოძღვრის მიერ მათთვის ფეხების დაბანის შემდეგ - პირდაპირ კაიაფასთან წავიდოდა ვერცხლისა და მახვილისთვის...
 
მოძღვარი სხვანაირად უყურებდა გამცემის წასვლას. მის გასვლასთან ერთად იქაურობას მთლიანად გაეცალა წყვდიადის მეუფება, რომელიც ასე დიდხანს იყო შეჭრილი იესუს მოწაფეთა ყველაზე სუფთა და ღვთივნათელ წრეში. ახლა გამოსათხოვრად გამზადებული მოძღვრისა და მეგობრის ირგვლივ მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისთვისაც უშიშრად შეიძლებოდა ეწოდებინათ შვილები; რამეთუ ისინი, მაცხოვრისგან სულით შობილნი, კიდევ უფრო მჭიდროდ იყვნენ მასთან შეერთებულნი, ვიდრე ჩვილი - დედასთან.
 
ამდენ ხანს გამცემის იქ ყოფნით შეკუმშული იესუს გული გაიხსნა: მზერა გაუნათდა. თავისუფალ აზრს უეცრად წარმოუდგა მთელი წარსულიც და მომავალიც: ძველი აღთქმის დასასრულიც საკუთარი მიწიერი ასპარეზის დასრულებით და ახალი, მადლმოსილი ეკლესიის დასაწყისით, საკუთარი მყოფობის ახალი სახით, რომელიც კაცობრივი ბუნებით ჯვრის მეშვეობით ზეცად ამაღლდებოდა ყველასა და ყველაფერზე.
 
ამ მხრიდან თვით ჯვარიც, როგორც წყვდიადის მეუფების დასამხობი მთავარი იარაღი, როგორც ეკლესიისა და ახალი, მარადიული აღთქმის საფუძველი, როგორც შუაგული საღვთო განზრახვის ყველა წარსული და მომავალი განკარგულებისა, როგორც ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხის ნაყოფის შხამის საწინააღმდეგო და სამკურნალო საშუალება, - წარმოდგებოდა ბრწყინვალე საღვთო დიდებით, და გოლგოთის მთელი წმინდა მსახურება, რომელიც გარკვეულწილად, გამცემის გასვლით იწყებოდა, პირქუშობას კარგავდა და საყოველთაო ზეიმის სახეს იღებდა იმისთვის (მაცხოვრისთვის), ვინც მისი მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო.
 
აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.  ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე (ინ. 13:31-32).
 
მოწაფეები მდუმარედ უსმენდნენ საღმრთო აღმაფრენის ამ სიტყვებსფ,როგორც ჩანს, მოელოდნენ, რომ ამას რაიმე განმწმენდელი საუბარი მოჰყვებოდა. მაგრამ ეს იყო რაღაც სხვა, ზეციურის გამოვლინება. დადგა დრო, როდესაც სიტყვით კი აღარ უნდა ესაუბრათ, არამედ - საქმით; დაკრა ძველი აღთქმის უკანასკნელმა ჟამმა, უნდა დაწყებულიყო ახალი, არა კრავით - ცხვრის ფარიდან, არამედ საკუთარი სისხლით და ხორცით. ამ დროს ღმერთკაცის სახე ზეციური ნათლით გაბრწყინდა. მან აიღო პური, აკურთხა იგი, განტეხა მოწაფეთა რიცხვის შესაბამისად და დაურიგა მათ.
 
უკვე ამ კურთხევიდან ჩანდა, რომ ეს კეთდებოდა არა პასექის სერობის ჩვეულებისამებრ (ე. წ. კურთხეული პური უკვე იხმიეს), არამედ სხვა მიზეზითა და სხვა მიზნით.
 
მიიღეთ, - უთხრა უფალმა მიწოდებულის განსამარტავად, - და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა.
 
მოწაფეებმა მდუმარეს იხმიეს პურის სახით მიწოდებული ხორცი უფლისა და მთელი გულით სწამდათ, რომ იგი განტეხილი იყო მხოლოდ და მხოლოდ კაცთა მოდგმის ცოდვებისთვის და მხოლოდ მათ მისატევებლად. კაპერნაუმელი თანამოსაუბრეების კითხვა: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? (ინ. 6:52) - ახლა ძალზე შორს იყო მათგან, რამეთუ მათ მაშინვე მოისმინეს მოძღვრისგან, რომ ძე ღვთისას ხორცი ჭეშმარიტი მსხვერპლია და მაინც, მაცხოვრის მაშინდელი საუბარი ამის შესახებ, მით უმეტეს, ახლანდელი ქმედებით, ყოველივეს მოიცავს; ამიტომაც უნდა მიეღოთ იგი არა უხეში, კაპერნაუმული აზრით, არამედ - ზეციური, წმიდა სახით.
 
მოწაფეები ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ჩაღრმავებას ახალ, სიყვარულის საიდუმლოში, რომელიც მათ საკუთარი ხორცით კვებავდა, როდესაც ამავე სიყვარულს ახალი სასწაული მოჰყვა.
 
უფალმა აიღო ღვინის ფიალა, აკურთხა ისევე, როგორც მანამდე პური, ახალი განსაკუთრებული კურთხევით (რითაც მისი განსაკუთრებული, პასექისთვის განკუთვნილი თასის დანიშნულება ვლინდებოდა), მოწაფეებს მიაწოდა და უთხრა: სუთ ამისაგან ყოველთა! ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა (მთ. 26:28).
 
მოწაფეებმა თასი იხმიეს, წინანდებური მდუმარებით ეზიარნენ თავიანთი მოძღვრისა და უფლის სისხლს, რამეთუ მისი დიდი ხნის საუბრებიდან უკვე იცოდნენ, რომ ძე კაცისას სისხლი ჭეშმარიტი სასმელია (ინ. 6:55), ერთადერთი, რასაც ძალუძდა დაერწყულებინა კაცთა სულების წყურვილი.
 
რა სახით უნდა მიეღოთ ხორცი და ესვათ სისხლი უფლისა, როდესაც იგი მათ წინაშე ჯერ კიდევ წინანდებური სახით იმყოფებოდა? - ეს კითხვა, რომელიც ახლა ბევრს აყენებდა გასაჭირში, მოწაფეებს, როგორც ჩანს, აზრად არ მოსდიოდათ; რამეთუ თავიანთი მდიდარი გამოცდილებიდან ხედავდნენ და იცოდნენ, რომ მათი მოძღვრისა და უფლის სხეული, მიუხედავად ყოველმხრივი ადამიანურობისა, მაინც მრავალ ზებუნებრივ თვისებას ფლობდა, რის შედეგადაც, მაგალითად, ერთი შეხებით შეეძლო განეკურნა ყველაზე უკურნებელი სნეულებანიც კი.
 
ეს ჰყავით, - თქვა უფალმა თავისი წმიდა მსახურების დასასრულს, - ჩემს მოსახსენებლად (ლკ. 22:19).
 
ეს ანდერძი, მისი განსაკუთრებული მნიშნელობისა და ამაღელვებლობის გამო ისე ჩაენერგათ გონებაში მოწაფეებს (მათი მეშვეობით კი სწრაფად გავრცელდა მთელ პირველყოფილ ქრისტიანულ ეკლესიაში), რომ, როგორც მოციქულთა საქმეებიდან ვხედავთ, ევქარისტიის აღსრულება საყვარელი მაცხოვრის მოსახსენებლად ყოველი ქრისტიანული კრების უპირველესი და უმთავრესი საქმე იყო.
 
პავლე მოციქულიც, მიუხედავად იმისა, რომ თორმეტთაგანი არ იყო და ამიტომ არც საიდუმლო სერობას ესწრებოდა, ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, უეჭველია, ზეციური შთაგონებით, უკვე ზედმიწევნით სწავლებას გვაწვდის უფლის სისხლისა და ხორცის შესახებ და მტკიცედ და ნათლად განსაზღვრავს ამ საიდუმლოს არსებობას უფლის მომავალი მეორედ მოსვლის დღემდე.
 
 
წყარო: არქიეპ. ინოკენტი (ბორისოვი). წიგნიდან: ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. თავი მეთორმეტე. ფერხთბანვა და საიდუმლო სერობა. თბ. 2018 წ. გვ. 204-227.

საიტი "აპოკალიფსისი". 2024 წ. მაისი.
Назад к содержимому