საუბრები ბიბლიაზე - წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება_დაბადების წიგნი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება
ქვეყნიერების დაბადება
ავტორი: ნეტ. თეოდორიტე კვირელი (V ს.).

შესავალი
  
სხვა ცოდნისმოყვარე კაცებიც გვთავაზობდნენ იმ კითხვათა გადაწყვეტას, რომლებიც წარმოდგენილია საღვთო წერილში, და ცდილობდნენ ეჩვენებინათ და განემარტათ ზოგიერთი ადგილის მნიშვნელობა, ერთი სიტყვით, ნათელექმნათ ის, რაც მრავალს ბუნდოვნად ეჩვენება. ამიტომაც, ხორციელი ჯანმრთელობისდა მიუხედავად, გადავწყვიტე შევდგომოდი ამ შრომას, თუმცა არა საკუთარ თავზე დაიმედებით, არამედ იმაზე, ვინც ბრძანა, რათა ეს ყოველივე ასე დაწერილიყო. რადგან ის გვიჩვენებს წერილში დაფარულის მნიშვნელობას. მან წმიდა სახარებაშიც ზოგი რამ იგავურად შემოგვთავაზა, და ზოგიც, მის მიერ დაფარულად ნათქვამი, განგვიმარტა. ამიტომაც, შევთხოვ რა მას გონების განათლებას, ვეცდები ჩავწვდე ყოვლადწმიდა სულის საიდუმლოთ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველანი ერთი და იგივე მიზნით როდი სვამს შეკითხვას: ზოგს უკეთური ზრახვა ამოქმედებს, და ფიქრობს, რომ ამხელს წმიდა წერილს, თითქოსდა რაიმეს არასწორად ასწავლიდეს ან საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს; სხვებს კი ცოდნის წყურვილი ამოძრავებს და ცდილობენ დაფარულის წვდომას. ამიტომ ჩვენც, ღმრთის შეწევნით, პირველებს ღმრთის მგმობარ ბაგეთ დავუხშობთ, რადგან ვაჩვენებთ საღმრთო წერილის სწავლების უპირატესობას, და რომ ის ყველაფერში თანხმიერია; ხოლო მეორეთ, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ რთულ კითხვებზე. ყოველივე ამას კი დავიწყებთ ქმნილებათა დასაბამიდან; რადგან ის არის საწყისი და შესავალი ღვთითშთაგონებული წერილისა.
 
 
დაბადების წიგნის განმარტება
 
 
კითხვა 1. დაბადების აღმწერელმა სამყაროს შექმნის შესახებ თხრობას რატომ არ წაუმძღვარა ღვთისმეტყველება?
 
პასუხი: საღმრთო წერილისთვის ჩვეულია მოსწავლეთა ძალის შესაბამისად გადმოგვცეს სწავლება, და სრულყოფილთ მიაწოდოს სრულყოფილი, არასრულყოფილთ კი - პირველდაწყებითი და მათ ძალის შესაბამისი თხრობა. რადგან ეგვიპტელები ხილულ ქმნილებას აღმერთებდნენ, ხოლო ისრაელიტნი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მათთან, თანამოზიარენი გახდნენ იმავე უკეთურებისა, მწერალმა, აუცილებლობის გამო, მათ ჯერ შესთავაზა სწავლება ქმნილებაზე, რითაც ნათლად აჩვენა, რომ მისი შემოქმედი ღმერთია ყოველთა. თუმცა არც ღვთისმეტყველების შესახებ სწავლება დააყოვნა. რადგან თქმა იმისა, რომ ყოფიერებად მოყვანება ცისა, მიწისა და ქმნილების სხვა ნაწილებისა, და ჩვენება იმისა, რომ ყოველივე ამის შემოქმედი ყოველთა ღმერთია, ნიშნავს იმ დროისთვის ღვთისმეტყველების საკმარის გადმოცემას. მწერალმა გაამხილა ქმნილებათა დასაბამი, მაგრამ არაფერი უთქვამს შემოქმედის დასაბამიერობაზე. ამგვარად კი, აღიარა რა ღმერთი მარადიულად, და უწოდა რა მას სამყაროს კეთილი შემოქმედი, საკმაოდ გონივრულად და ბუნებრივად შეურწყა მას ღვთისმეტყველებაც. ღმრთის მარადიულობაზე კი მოსწავლეებს ადრეც სმენოდათ. რადგან ღვთაებრივ მოსეს, როდესაც ის ღმერთმა ეგვიპტეში წარაგზავნა, დაევალა თანატომელებისთვის ეთქვა: "რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამ. 3:14). ხოლო სიტყვით "რომელიც ვარ" მარადიულობა გამოიხატება. ცნობისმოყვარეთათვის კი ცნობილია, რომ ეს დაბადების წიგნში ჩაწერამდე ითქვა; რადგან ეს სწავლება მოსემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში მცხოვრებთ უთხრა, წიგნი კი მან უდაბნოში დაწერა.
 
 
კითხვა 2. რატომ არ ახსენა მოსემ ანგელოზების შექმნა?
 
ისრაელიტებში, რომელთაც სჯული ეძლეოდათ, არ იყო სიმტკიცე და მუდმივობა. ძალიან მალე, ესოდენ მრავალი და ენით აუწერელი სასწაულების შემდეგ, მათ ღმერთად ხბოს გამოსახულება აღიარეს. მაშ, რას იზამდნენ ისინი, ვინც ასე იოლად გააღმერთეს პირუტყვს მიმსგავსებული კერპი, უხილავ ბუნებათა შესახებ ცოდნაც რომ ჰქონოდათ? ამიტომაც ყოველთა ღმერთმა აბრაამამდე, რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას, ძველთაგან ანგელოზთა მიერ არავისთან ისაუბრა. და ღვთაებრივმა მოსემაც პირველად ანგელოზები აგარის ისტორიის გადმოცემისას ახსენა, რისთვისაც საკმაო საფუძველი არსებობდა. რადგან აგარი, ღვთაებრივი მოციქულის თქმით, წარმოადგენდა ძველი აღთქმის სიმბოლოს. "აგარი, - ბრძანებს იგი, - იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს..." (გალატ. 4:25). ამრიგად, რადგან სჯული მოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, როგორც ნათქვამია: "გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით" (გალატ. 3:19); და კიდევ: "ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო..." (ებრ. 2:2); შეეფერებოდა ღმერთს ანგელოზის მიერ შეეგონებინა აგარი მონობის გამო და ეწინასწარმეტყველა ძეზე, რომელსაც ის შობდა. ხოლო ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და სხვა უხორცო ძალთ, ყველას, გარდა წმიდისა სამებისა, ქმნილი ბუნება გააჩნიათ, ნათლად გვასწავლის წმიდა წერილი; რამეთუ მათაც უბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ღმრთის დიდებას: "აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი" (ფსალმ. 148:2); და აქვე შემატებს მიზეზსაც, როცა გვასწავლის: "რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს" (ფსალმ. 148:5); და კიდევ სხვა ფსალმუნში: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ. 103:4). სამი ნეტარი ყრმაც, ცეცხლის სახმილში ჩაგდებულნი, მათ მიერ ამ ბრწყინვალე და აბსოლუტურად ღვთითსაკადრისი დასაწყისისა: "აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე" (დან. 3:57), იქვე მიამატეს: "აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!" (დან. 3:58, 61). მაგრამ ზედმეტად მიმაჩნია ამის შესახებ ბევრი ლაპარაკი, რადგან მთელი ღმრთივსულიერი წერილი აღსავსეა ამ სწავლებით.
 
 
კითხვა 3. ცისა და მიწის შექმნამდე არსებობდნენ ანგელოზები, თუ მათთან ერთად მოვიდნენ ყოფიერებად?
 
მსგავსი კითხვები ზედმეტად მიმაჩნია. რადგან რა სარგებლობას მოიტანს ანგელოზთა შექმნის დროება? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ღვთაებრივი მოციქული საკვირველ ტიმოთეს განუწესებს ამცნოს ზოგიერთს, რომ "ნუ ასწავლიან სხვა რამეს, და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით" (1 ტიმ. 1:3, 4). თუმცა ვიტყვი, საღმრთო წერილის მიზნის შესაბამისია ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ღმრთის ბუნებაა შეუზღუდავი, რადგან არაქმნილია, დაუსაბამოა და მარადიულია; ხოლო სხვა არსებებს, რომლებმაც მიიღეს დასაბამიერობა, ცხადია, შეზღუდულებიც არიან. ამიტომაც, თუმც ანგელოზებრივ ბუნებას უხორცო ეწოდება, ანგელოზთა არსება მაინც შემოფარგლულია. რადგან როგორც წარმოვიდგინოთ გონებით, რასაც ღვთაებრივი დანიელი ამბობს, "ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე" (დან. 7:10), თუკი ყოველ ანგელოზს განსაკუთრებული შემოფარგლულობით არ წარმოვიდგენთ?
 
ვფიქრობ არავინ დაიწყებს დავას, რომ ანგელოზებიც შემოსაზღვრული არსებები არიან. რადგან მეუფე ქრისტემ თქვა, რომ ყოველ ადამიანს მზრუნველად ერთი ანგელოზი ენიჭება. "ეკრძალეთო, - ბრძანებს, - ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მთ. 18:10).
 
საღმრთო წერილი ასევე მოწმობს, რომ ანგელოზები ყოველ ქალაქსაც იცავენ; რადგან დანიელთან მოლაპარაკე ანგელოზმა დაასახელა სპარსეთის თავადი, და ელინთა თავადი, და მიქაელი თავადი იუდეველთა. დიდი მოსეც საგალობელში ამბობს: "როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ანგელოზთა რიცხვისამებრ" (მეორე რჯლ. 32:8). ამიტომაც, თუკი ერთ ანგელოზს ევალება ამათი მეთაურობა, სხვას კი - სხვათა, და ყოველი ადამიანი ერთი ანგელოზის მეთვალყურეობით ცხოვრობს; მაშინ, უეჭველად, ანგელოზთა ბუნებაც შემოსაზღვრული ყოფილა. ხოლო თუ ეს სამართლიანია (და ეს ნამდვილად სამართლიანია), მაშინ ისინი, ყველანი ერთად, საჭიროებენ ადგილს, რადგან მხოლოდ ღმერთი, როგორც უსაზღვრო, შეუძლებელია ადგილით იყოს შემოფარგლული. და თუკი ანგელოზები შემოსაზღვრულნი არიან ადგილით, მაშინ როგორ იარსებებდნენ ისინი უადრეს ცისა და მიწისა? რადგან, სანამ არ არსებობს ჭურჭელი, შეიძლება თუ არა იარსებოს შიგთავსმა?


კითხვა 4. მაგრამ, ზოგიერთები ამბობენ: უნდა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე, რადგან თუკი ანგელოზები არ იყვნენ, როგორ უგალობდნენ ყოველთა შემოქმედს?
 
ამის მთქმელებმა არ იციან, რომ ეს შეხედულება ანგელოზებს დაუსაბამო და მარადიულ არსებებად შეიქს. რადგან, თუკი ყოველთა შემოქმედი საჭიროებდა გალობას, და ეს მგალობლები ყოველთვის იყვნენ, მაშინ ანგელოზები ღმრთის თანამარადიულნი ყოფილან. მაგრამ ისინი ყოველთვის არ იყვნენ, არამედ, როდესაც ისურვა ღმერთმა, მაშინ შექმნა; ეს იყო დრო, როდესაც ყოველთა შემოქმედ ღმერთს არ ჰყავდა მადიდებელნი. შედეგად უფალ ღმერთს არ სჭირდებოდა მგალობელნი; რადგან მის ბუნებას არ გააჩნია რაიმე დანაკლისი და არაფერს საჭიროებს; მან მხოლოდ თავისი უსაზღვრო სიკეთის გამო მიანიჭა ყოფიერება ანგელოზებსაც, მთავარანგელოზებსაც და ყოველ ქმნილებას. ან რა სახის მსხურება უნდა ჰქონოდათ ანგელოზებს ქმნილებათა გაჩენამდე, როდესაც არ არსებობდნენ ისინი, ვისაც მათი შეწევნა დასჭირდებოდა? რადგან ისინი ყოველთა შემოქმედს ადამიანებზე ზრუნვაში რომ ემსახურებიან ადასტურებს ღვთაებრივი მოციქული პავლე, რომელიც ღაღადებს: "განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1:14). აქედან ჩანს, რომ ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება, ხოლო ღმერთს იოტისოდენა დახმარება არ სჭირდება, არამედ, როგორც უსასრულო სიკეთემ ინება არასოდეს არსებულთათვის მიენიჭებინა ყოფიერება და სიცოცხლე.
 
ვინც ცდილობს ამტკიცოს, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე, და ეს ძლიერ და დაუძლეველ არგუმენტად მიაჩნია, გვიმოწმებს ყოველთა შემოქმედის სიტყვებს იობისადმი:  "მაქებდა მე დიდი ხმით ჩემი ყველა ანგელოზი" (იობი. 38:7). მაგრამ ვერ ამჩნევენ ისინი, რომ ყოველთა შემოქმედმა ვარსკვლავები შექმნა მეოთხე დღეს მზესთან და მთვარესთან ერთად; ხოლო სავარაუდოდ, ანგელოზები შექმნილნი არიან ერთდროულად ცასთან და მიწასთან ერთად, რათა, ხედავდნენ, როგორც იქმნება სინათლე არაფრისგან, და მყარი სქელდება წყალთა შორის, ნოტიო არსი გამოეყოფა მიწას, და მიწაც, ღმრთის სიტყვით, მშენდება ყოველი სახის აღმონაცენით; და ასე, ყოველივე, ღმრთის ნებით, მოდის ყოფიერებაში. ამ ხილული ქმნილებიდან შეიმეცნეს მათ, რომ თვითონაც ქმნილი ბუნებისანი არიან, და თავიანთი ყოფიერება ღმრთისგან მიიღეს. ღვთაებრივი მოციქულიც ქვეყნიერებას უმატებს ანგელოზთ, როდესაც ამბობს: "ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ" (1 კორინთ. 4:9).
 
ამას ვამბობ არა დაბეჯითებით, რადგან კადნიერებად მიმაჩნია იმის მტკიცება, რასაც არ აზუსტებს საღმრთო წერილი. პირიქით, მე ვთქვი, რომ ასე უფრო გონივრული იქნებოდა გვეფიქრა; თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყველა არსება, გარდა წმიდისა სამებისა, ქმნილი ბუნებისაა. ხოლო თუ ეს აღიარებული იქნება, არანაირად ავნებს ღვთისმოსაობის საიდუმლოს, თუკი ვიტყვით, რომ ანგელოზთა დასებმა თავიანთი ყოფიერება მიიღეს ცისა და მიწის წინარე. ხოლო "თავი ანებე სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს" (2 ტიმ. 2:14).
 
 
კითხვა 5. თუკი დედამიწა უკვე არსებობდა, როგორღა მოვიდა ის ყოფიერებად? მწერალი კი ამბობს: "მიწა იყო უსახო და უდაბური" (დაბ. 1:2).
 
ეს არის ფუჭი და უაზრო კითხვა. ვინც თქვა, "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1), არ უთქვამს, რომ მიწა მარადიულია, არამედ ამბობს, რომ ცის შემდეგ, ან ცასთან ერთად, მიწამაც მიიღო ყოფიერება. თანაც მწერალმა ეს თქვა არა განყენებული აზრით: "მიწა იყო", არამედ შემდეგიც დაუმატა: "მიწა იყო უსახო და უდაბური", ანუ ის ყოველთა შემოქმედმა მოიყვანა ყოფიერებად, მაგრამ ჯერაც უსახური იყო, რადგან წყალი ფარავდა, და უდაბურიც, რადგან ჯერ კიდევ არ დაფარულიყო მცენარეებით, აყვავილებული ველებით, კორომებითა და მობიბინე მიდვრებით.
 
 
კითხვა 6. მოსეს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ წყლებიც ღმერთმა შექმნა.
 
როდესაც მან თქვა: "მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე" (დაბ. 1:2), ამით აჩვენა, რომ მიწასთან ერთად შეიქმნა წყლის სტიქიონიც. და აწესებდა რა შაბათს, ყოველთა შემოქმედმა თქვა: "ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია..." (გამ. 20:9-11). აქედან კი ჩნს, რომ ყოველ არსებას, ხილულსა თუ უხილავს, გრძნობისმიერს თუ საცნაურს, ყველას, ღმრთის არსების გარდა, ქმნილი ბუნება გააჩნია. თვით ღვთაებრივი დავითიც ამბობს: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა", შემდეგ კი მიამატა: "ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა" (ფსალმ. 145:5, 6).


კითხვა 7. ქვეყნიერებაში რომელი ადგილი იყო ნათელს მიუახლებელი, რომ "ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2)? (1).
 
განვსჯით, რომ ამ გრძნობისმიერ სამყარომდე თუ რამე არსებობდა, აშკარად, ის ნათელში იყო; რადგან ანგელოზთა დასები და უხორცო ძალთა მთელი მხედრობა ბნელში როდი იყვნენ, არამედ ნათელსა და ყოველგვარ სულიერ მხიარულებაში. და ამაში არავინ შემოგვედავება, ვინც კი აღთქმულ სიკეთეთა შორის მოიაზრებს იმ ზეციურ ნათელს, რომელზეც მეტყველებს სოლომონი: "მართალთა ნათელი მხიარულობს" (იგავნი 13:9). მოციქულმა კი თქვა: "სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში" (კოლას. 1:12).
 
_____________
 
1) ეს შეკითხვა, რომელიც გამოტოვებულია სირმონდის გამოცემაში, მოთავსებულია ევგენი ბულგარასის (1768 .) გამოცემაში.
 
_____________
 
ამრიგად, რადგან ზეცა, ღმრთის განკარგულებით, უეცრად გადაიშალა ყოვლისმომცველ მის საკუთარ შემოწირულობაზე, ხოლო ზეციურ კამარას აქვს სიმყარე, საკმარისი იმისთვის, რათ განყოს გარეგანი შინაგანისგან; ამ ზეციურმა კამარამ, აუცილებლობით, გადაჰკვეთა რა გარეგანი სხივები, ჩამოაყალიბა მისით მოცული ბნელი ადგილი. რადგან ჩრდილის წარმოსაქმნელად საჭიროა შეერთდეს სამი რამ: სინათლე, სხეული და გაუნათებელი ადგილი. ამიტომაც ეს მსოფლიო ბნელი წარმოიქმნა ზეციური კამარის მიერ.
 
 
კითხვა 8. თუკი ღმერთმა შექმნა ნათელი, როგორღა შექმნა მან ბნელი? ბნელი და ნათელი ხომ ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან.
 
ნათელი და ბნელი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან, მაგრამ აუცილებელნი კაცთათვის. ნათელი ადამიანებს შეეწევა საქმიანობასა და შრომისმოყვარეობაში, აჩვენებს ხილულ საგნებს, და აღძრავს მას შემოქმედის სადიდებლად. ხოლო ბნელი ამშვიდებს და განაახლებს ადამიანებს, ბოლოს უღებს დაღლილობას, რომელსაც წარმოქმნის სამუშაო, და ადამიანებს ჰკრებს სახლებში, მხეცებს კი აძლევს თავისუფლებას ეძებონ საკვები. ამას ნათლად გვასწავლის ღვთაებრივი დავითი; რადგან ის ამბობს: "დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე" (ფსალმ. 103:20-24). ამის შემდეგ, შემოქმედის საქმეებით გაკვირვებული, აგრძელებს: "ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა" (ფსალმ. 103:24). ამგვარად, ზუსტად დადგენილია ჩვენ მიერ, რომ სიბნელეც აუცილებელია კაცთათვის.
 
იმის გაგება, ბნელი რომ არანაირი არსი არ არის და ნაწარმოებია შემთხვევით, იოლი გასაგებია; რადგან ის არის ჩრდილი, რომელსაც იძლევა ცა და მიწა, ამიტომაც ქრება სინათლის გამოჩენისთანავე. ხოლო სინათლე არსია, და დამოუკიდებელი; ის ჩადის, მაგრამ კვლავ ჩნდება, გვშორდება და კვლავ გვიბრუნდება.
 
როგორც ჩვენი სხეული არის ერთგვარი არსი, მის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი კი - შემთხვევითობა, და არა არსი: ასევე ცა და მიწაც; ეს უდიდესი სხეულები, განსხვავებულნი არიან არსით, მაგრამ მათ მიერ წარმოქმნილი ჩრდილი, სანამ სინათლე არ არის, ბნელად იწოდება. როგორც კი გამოჩნდება სინათლე ქრება ბნელი. ამისი დამტკიცება სხვაგვარადაც შეიძლება.
 
სახლი, რომელშიც არ არის ფანჯრები, ჩაბნელებულია, მაგრამ სანთლის შეტანისთანავე ნათდება; ამ დროს ბნელი სადმე სხვაგან კი არ გადადის, რადგან მას არ გააჩნია დამოუკიდებლობა და არის არარსობრივი; ის სრულიად იფანტება ნათლის შემოსვლისთანავე, რადგან ის არის ჩრდილი, რომელსაც წარმოქმნიან ჭერი, იატაკი და კდლები, შემდეგ კი გაიფანტება სინათლის სხივების შემოსვლით. და ეს ყოველდღიურად მეორდება.
 
სინათლის დაშორებით, ცისა და მიწის ჩრდილი წარმოქმნის სიბნელეს, ხოლო სინათლის გამოჩენისთანავე, სიბნელე იფანტება. ამიტომაც სიბნელე არ არის რაიმე შეუქმნელი არსი, ისევე როგორც რაიმე შექმნილი არსება; პირიქიტ, ის არის გარდაუვალი მოვლენა, რომელსაც წარმოქმნიან შექმნილი საგნები და ღმრთის სიბრძნე.
 
წინასწარმეტყველი მასშიც ხედავს ყოვლის შემოქმედი ღმერთის განდიდების მიზეზს, რადგან ამბობს: "მე ვარ, რომელმან ვქმენ ნათელი და შევმზადე ბნელი" (ეს. 45:7). ფრიად შესაფერისად გამოიყენა ერთი გამონათქვამიც და მეორეც, როდესაც ნათელზე თქვა - ვქმენ, ხოლო ბნელზე - შევამზადე, რადგან ბნელი შემთხვევითი რამეა, რომელიც საგნებზეა დამოკიდებული და იფანტება. სამი ნეტარი ყრმაც, რომლებმაც მთელ ქმნილებას მოუწოდეს ღმრთის ქებისკენ, დღეს ღამეს მიუმატეს და ნათელს ბნელიც. მათი მონაცვლეობით იზომება დრო, და მოეწყობა ადამიანური ცხოვრება.
 
 
კითხვა 9. რომელი სული იძვროდა წყლებს ზემოთ (დაბ. 1:2)?
 
ზოგიერთის აზრით, ყოვლადწმიდა სული, რომელიც ცხოველყოფს წყლის ბუნებას და წინასწარ მოასწავებს ნათლისღების მადლს. მაგრამ უფრო სამართლიანად მიმაჩნია აზრი, რომ მწერალი აქ სულში ჰაერს გულისხმობს. რადგან ჯერ თქვა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, და უფსკრულში იგულისხმა წყლები, აუცილებლობით ახსენა ჰაერიც, რომელიც განფენილია წყალთა ზედაპირიდან ცამდე, რადგან ჰაერის თვისებაა იძვროდეს იმ სხეულებზე ზემოთ, რომლებიც ქვემოთ არიან.
 
ფრიად შესაფერისად თქვა მწერალმა: იძვროდა, და არა ჰფარავდა, რადგან სიტყვით იძვროდა, გამოიხატება ჰაერის ადვილად მოძრავი არსი. ხოლო თუ ვინმე ამგვარ აზრს არ დაეთნხმება, რადგან წერილ არს: "სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ", ისმინოს, რას ამბობს ნეტარი დავითი ყოვლის შემოქმედ ღმერთზე: "ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი" (ფსალმ. 147:7). და რომც არაფერი ვთქვა, თავისთავად ნათელია, რომ ღმრთის სული დავითმა ქარს უწოდა; რადგან, როგორც კი დაუბერავს სამხრეთის ქარი, გაყინული წყალი ჩვეულებისამებრ დნება.




კითხვა 10. ვის ეუბნება ღმერთი: იქმენინ ნათელი, იქმენინ მყარი (დაბ. 1:3, 6)?
 
სხვას კი არ უბრძანებს შექმნას, არამედ არარსებულს არსებობისკენ მოუწოდებს. აქ ბრძანება არის ნებელობა. რადგან ნათქვამია: "ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა" (ფსალმ. 113:11). თუკი მან ასე ბრძანა, მაშინ, ცხადია, არა უსულო სტიქიათა გამო, არამედ უხილავ ძალთა მიმართ, რათა უწყოდნენ მათაც, რომ მისი ბრძანებით მოდის ყოველივე ყოფიერებად.
 
 
კითხვა 11. რატომ დაამატა მწერალმა: "და ნახა ღმერთმა, რომ ... კარგი იყო"?
 
რათა დაარწმუნოს უმადურნი, არ გმონ ის, რასაც ღმერთი კეთილს უწოდებს.
 
 
კითხვა 12. ცა ერთია თუ ორი?
 
რადგან საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1), შემდეგ ამბობს, რომ ნათლის შექმნის შემდეგ, მეორე დღეს შეიქმნა მყარი; აქედან ეს შეკითხვა გვიჩვენებს შემკითხველთა დიდ უგუნურებას. შესაქმის დროითაც და მეთოდითაც უნდა გულისხმავყოთ ცათა განსხვავება: ერთი შეიქმნა ნათლამდე, მეორე კი - ნათლის შემდეგ; ერთი - არაფრისგან, მეორე კი - წყალთაგან. რადგან ნათქვამია:  "თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები" (დაბ. 1:6).
 
შემდეგ თქვა, რომ სიტყვა საქმედ იქცა (რადგან ამას ნიშნავს სიტყვები: "და იქმნა ასე" (დაბ. 1:7). ამით მწერალი გვასწავლის, როგორ დამყარდა ეს ყველაფერი, რადგან ამბობს: "გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. მყარს ღმერთმა უწოდა ცა" (დაბ. 1:7, 8).
 
პირველი ცა არ იწოდება მყარად, რადგან ის თავიდანვე იყო ცა. მეორე ცამ კი თავისი სახელწოდება თვით საგნისგან მიიღო, რადგან ის წყალთა მიმდინარე არსისგან შედგა, და თხევადი ნივთიერება გაუმჭვალავი და მყარი გახდა; ამიტომაც იწოდა ის მყარად. შემდეგ, რადგან ის ზემოთაა, და ჩვენთვის ჩაანაცვლებს პირველ ცას, იწოდება კიდეც ამ სახელით.
 
წყლის ბუნება კი ყოველთა შემოქმედმა ღმერთმა ორ ნაწილად დაჰყო: ერთი ნაწილი მოათავსა მყარს ზემოთ, მეორე კი ქვემოთ დატოვა, რათა წყლები, რომლებიც ზემოთაა, თავისი ნესტიანობითა და სიცივით გადაეღობონ მნათობთა ცეცხლს, რომ ზიანი არ მიადგენს მყარს, ხოლო წყლები, რომლებიც ქვემოთ დარჩნენ, თავიანთი ანაორთქლით ჰკვებავდნენ ჰაერს, რომელიც ზემოთ მყოფი ცეცხლით ხურდება და შრება. ამიტომაც, ვინც დასაშვებად არ მიიჩნევს მეორე ცას, ის არასწორი გზით მიდის; ხოლო ვინც ცდილობს მრავალი ცის დაშვებას, ის მისდევს ზღაპრებს, და უგულებელყოფს სულის ღვთაებრივ სწავლებას.
 
საღმრთო წერილი ცას მრავლობითში ახსენებს: "ცანი ცათანი" (ფსალმ. 148:4), რადგან ებრაულ ენაზე არც ცა და არც წყალი მხოლობით რიცხვში არ მოიხსენიებიან. მრავალი მსგავსი მაგალითი შეიძლება ვპოვოთ ბერძნულ ენაში. ასე, მაგალითად, ათენას არავინ ხმობს მხოლობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, და ქალაქ დელფოსსაც დელფებს უწოდებენ მრავლობითად. ასე ხდება ეს არა იმიტომ, რომ ცა ბევრია, არამედ ინარჩუნებს რა ებრაული ენის თვისებას, საღმრთო წერილი ცას მრავლობითად გამოხატავს.
 
სხვა ფსალმუნი, უფრო ნათლად გვასწავლის რა ამის შესახებ უკან იხევს ენის თვისებისგან და ასე ბრძანებს: "ცა ცათანი უფლისანი არიან" (ფსალმ. 113:24). აქედან ჩანს, რომ, როგორც ეს ცა წარმოადგენს ჩვენს თავშესაფარს, მიწა კი კვარცხლბეკს, ასევე ხილულ ცას თავის თავშესაფრად აქვს ზეცა.
 
 
კითხვა 13. როდესაც მოსემ თქვა წყალთა ერთ შეკრებაზე, შემდეგ მრავალზე რატომ მიუთითა? რადგან ამბობს: "თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი" (დაბ. 1:9).
 
წყალთა შეგროვება ერთია, რადგან ზღვები ერთმანეთთან შეერთებულნი არიან - ერთნი წყალქვეშა დინებებით, სხვები - ზედაპირულად. მწარალმა კი ახსენა მრავალი შეგროვებანი, რადგან სხვა არის ინდოეთის ოკეანე, სხვა - პონტოეთისა, სხვა - ტირენიისა; სხვა არის პროპონტიდის ყურე, სხვა - ჰელეოსპონტისა; სხვაა ასევე - ეგეოსის ზღვა, და სხვა - იონიის. მათ მიღმა კიდევ არსებობს უდიდეს ზღვა, რომელსაც ზოგიერთი ატლანტიკურს უწოდებს, სხვები კი - ოკეანედ ხმობენ მას. ამიტომაც მწერალმა, რადგან ეს ზღვები ურთიერთშეკავშირებულნი არიან, მათ ერთი კრებითი სახელი უწოდა, რადგან ისინი აიღებიან ცალ-ცალკე, მაგრამ შეგროვებად იწოდებიან.
 
 
კითხვა 14. რატომ ბრძანა ღმერთმა აღმოცენებულიყო ისეთი მცენარეულობა, რომელიც საჭმელად გამოუსადეგარია?
 
მრავალია პირუტყვთა სახეობა, რომელთაც ხან მხეცებს უწოდებენ, ხან საქონელს, ხან ქვეწარმავლებს, ხან კიდევ ფრინველთ. ღმერთმა საჭმელი ყველას გაუმზადა, ისინი კი ადამიანთა სასარგებლოდ შექმნა; ამიტომაც ითქმის, რომ ისინი იკვებებიან ჩვენთვის. რამეთუ ნათქვამია: "აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა" (ფსალმ. 103:14).
 
ამიტომაც ის, რაც უსარგებლოა ერთისთვის, სასარგებლოა მეორისთვის, და ადამიანთათვის არასაჭირო საჭიროა მათთვის, რაც კაცთათვის შეიქმნა. გარდა ამისა, უფალმა, განჭვრიტა რა, რომ ადამიანები, თავიანთი შეცოდების გამო დაექვემდებარებოდნენ სიკვდილს და დაავადდებოდნენ, მიწას უბრძანა აღმოეცენებინა არა მარტო ისეთი ბალახი, რომელიც საჭმლად გამოდგებოდა, არამედ ისეთიც, რაც სამკურნალოდ იქნებოდა სასარგებლო. და ეს უდიდესი სიზუსტით შეგვიძლია გავიგოთ მათგან, ვინც სწავლობს სამკურნალო ხელოვნებას, კერძოდ, ის რაც მავნედ გვეჩვენება სნეულებებს კურნავს, რადგან სხვა ბალახებთან შერევისას დამცავ საშუალებად იქცევა და ჯანმრთელობას გვიბრუნებს.


კითხვა 15. მნათობთა შექმნის შემდეგ, რად გადაიქცა პირველდაწყებითი ნათელი?
 
უფალი ღმერთი ქმნის არაფრისგან და ააღორძინებს არსებულისგან: პირველი ცა მან არაფრისგან შექმნა, მეორე კი წყალთაგან. ასევე ყოფიერებად მოიყვანა მან არარსებული მიწა, ხოლო მას ხეებისა და თესლების აღმოცენება უბრძანა. ამიტომაც შექმნა ნათელი, როგორც სურდა. მაგრამ რადგან მყარით განყო წყალთა ბუნება, ნაწილი მყარის ზემოთ მოაქცია, ნაწილი კი მყარს ქვემოთ. ასე, საკუთარი ნებით, განჰყო მან ეს ნათელი, და მოაწყო დიდი და მცირე მნათობები.
 
 
კითხვა 16. რას ნიშნავს თქმული: "თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა" (Быт.1:14)
 
მზე თავისი აღმოსვლითა და ჩასვლით წარმოქმნის დღეებს, და აღასრულებს რა მსვლელობას სამხრეთითა და ჩრდილოეთით, წლიურ წრეს შემოივლის. ის აკეთებს მოხვევებს, რასაც წმიდა წერილი დრო-ჟამს უწოდებს. რადგან, ბუნიობიდან გადადის რა ჩრდილოეთით, წარმოქმნის გაზაფხულს, შემდეგ, იქიდან იწყებს მობრუნებს იმავე საზღვრამდე, და აკეთებს საზაფხულო მოხვევას: ხოლო როდესაც ბუნიობა გადადის სამხრეთით, მაშინ დგება შემოდგომა, სამხრეთიდან მობრუნების შემდეგ კი წარმოქმნის ზამთარს. მთვარის მოძრაობის მიხედვით კი შევიტყობთ თვეთა რიცხვებს: რადგან მთვარე თავის მოძრაობას ოცდაათ დღეში ექვსი საათის ნაკლულებით აღასრულებს; ამიტომაც ასეთ დღეთა რიცხვს თვეს უწოდებენ, ამიტომ ეწოდება ამ მნათობს მთვარე.
 
ხოლო გამოთქმა "დროჟამის აღმნიშვნელად" ჩვენ გვესმის არა უგუნურ ადამიანთა მსგავსად. რადგან არც პითაგორას, არც სოკრატეს, არც პლატონს, არც სტოიკოსებს არ მიუღიათ ვარსკვლავთმრიცხველობის ფუჭმეტყველება დაბადების დღეების აღსანიშნად. თუკი მეზღაპრეობაში აღზრდილები უგულებელყოფდნენ ამ ზღაპარს, საღმრთო სიტყვისადმი რომელი მორწმუნე შეიწყნარებს მას, რომელიც არა თუ ბოროტსიტყვაობაა, არამედ უკიდურესად უაზროც?
 
ამრიგად, საღმრთო წერილი "დროჟამის აღნიშვნას" უწოდებს იმას, რითაც იცნობა დრო იმისა, თუ როდის რა დაითესოს, დაირგოს და ხომალდებისა და სახლების ასაშენებლად ვარგისი ხე მოიჭრას. აქედან სწავლობენ ზღვაოსნობის ხელოვნებას დაუფლებულნი, თუ როდის დაძრან ნავი, როდის მიადგნენ ნაპირს, როდის აუშვან აფრები და როდის ჩამოუშვან; რადგან გამოცდილებამ ასწავლა მათ ვარსკვლავთა ამოსვლა და ჩასვლა. ჩვენც, არცთუ იშვიათად, როდესაც ვნახავთ კომეტას ან კუდიან ვარსკვლავს, წინასწარ ვიგებთ მტრის მოახლებას ან კალიის შემოსევას, ნახირის ჭირსა და ადამიანების სნეულებას. აი ამას უწოდა მწერალმა "დროჟამის აღნიშვნა", და არა ყოველგვარი უგუნურებითა და უსჯულოებით აღსავსე მკითხაობას.
 
 
კითხვა 17. რატომ შექმნა ღმერთმა მცენარეები მნათობებზე ადრე, ცხოველები კი გვიან?
 
ცხოველებს აქვთ თვალები, და ისინი ვერ აიტანდნენ ნათლის სიჭარბეს; ხოლო ნათელი, რომელიც დაიყო მცირე და დიდ მნათობებად, ცხოველთა მხედველობის შესაბამის ბრწყინვალებას გამოსცემენ; მცენარეთა ბუნება კი მოკლებულია ამგვარ მგრძნობელობას.
 
 
გაგრძელება იქნება.
  
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.

წყარო: Творения блаженного Феодорита, Епископа Кирского (Часть 1). Москва. 1855 г.
Назад к содержимому