უსჯულოების საიდუმლო - მსოფლიო პატრიარქი ბილდერბერგის კლუბთან თანამშრომლობს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიური საზოგადოება და მასონობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ბიბლიური საზოგადოება
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე პუბლიკაცია აღებულია ნაშრომიდან "Русское масонство". სტატიაში აღწერილია, თუ როგორ ცდილობენ მასონები სხვადასხვა სახის "ბიბლიური" საზოგადოებების მეშვეობით შერყვნან წმიდა წერილი და მართლმადიდებელ ერებში დანერგონ მრავალგვარი მწვალებლობა. მართალია, სტატია ეხება მასონების საქმიანობას რუსეთში და რუსეთის ოფიციალურ ეკლესიას, მაგრამ, როგორც აღნიშნულია სტატიაში, რუსეთში თავიანთი საქმიანობის გაშლით მასონები ასევე ცდილობდნენ გადაწყვდენოდნენ რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხებსაც. წინამდებარე პუბლიკაციის გამოქვეყნებით ჩვენი საიტის მკითხველს რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის მაგალითზე ვაცნობთ მასონების მოქმედებების მეთოდებს, რადგან არც საქართველოა თავისუფალი ამგვარი საქმიანობისგან.
რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო საკითხს წარმოადგენს საკითხი რუსული მასონობის, უფრო სწორედ, რუსეთში მასონობის მოქმედების შესახებ. რადგან მასონობა ჩაისახა არა რუსეთის მიწა-წყალზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ. რუსეთში მასონური იდეების მემკვიდრე გახდა ინტელიგენცია, რომელსაც მოსახლეობის სხვა ფენებს შორის წამყვანი ადგილი ეპყრა.

ეს ინტელიგენცია მთელი ორასი წლის განმავლობაში უპირატესად მასონობასთან იყო დაკავშირებული. და შესაძლოა არსად სხვაგან მასონობა არ ყოფილა იმდენად დამღუპველი და საშინელი, როგორც აქ, რადგან ევროპულ საზოგადოებას არ შეეძლო მასონობის იდეებს მისცემოდა ისე პატიოსნად, ვნებით, გატაცებით, რწმენითა და ნეოფიტის მხურვალებით, როგორც ეს რუსეთში მოხდა და როგორი მხურვალებითაც მიეძალა რუსული ინტელიგენცია ამ მოძრაობას.

ემსახურებოდა რა მასონური იდეების ინტერესებს, რუსეთის ინტელიგენციამ მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთის ინტელიგენციის ისტორია ფაქტობრივად რუსული მასონობის ისტორია გახდა. რუსი ინტელიგენტები მასონურ იდეებს ემსახურებოდნენ არა შიშის გამო, არამედ კეთილსინდისიერად, როგორც ყოველთვის ეძლევა ხოლმე რუსი ადამიანი რაიმე იდეას, რომელშიც ის თავისი ცხოვრების აზრს ხედავს.

რუსეთის ინტელიგენციამ თავისი თავის საზიანოდ, თუმცა იდეალისტური და წმიდა მოსაზრებებით, მასონობასაც ერთგვარი წმიდა ხასიათი მიანიჭა, რომელიც იმ დროინდელ ევროპაში უხეშ და ეგოისტურ ხასიათს ატარებდა და დაკავებული იყო მხოლოდ იმით, რომ მისდევდა თავის ეროვნულ ინტერესებს: ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის წამყვანი ფენები შეგნებულად კვებავდნენ რუსეთის მასონობას, მაშინ როდესაც რუსეთი, რომელიც მათ ქადაგებებს ენდობოდა, ზოგადსაკაცობრიო მიზნებს ან მსოფლიო სიმართლის იდეას ესწრაფვოდა...

რუსეთში მასონობამ დიდი ძალები გამოიყენა მართლმადიდებლობასთან საბრძოლველად, რომელიც რუსი ერის სულიერების საფუძველი გახლდათ. 1812 წელს საერთაშორისო მასონური წრეების ინიციატივით, უპირველეს ყოვლისა კი ბრიტანული ბიბლიური საზოგადოების ინიციატივით, პეტერბურგში გაიხსნა რუსეთის ბიბლიური საზოგადოება, რომლის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხთა შორის ბიბლიის გავრცელება გახლდათ. მაგრამ მისი დამფუძნებლების, უპირველეს ყოვლისა კი საზოგადოების პრეზიდენტის - თავადისა და მასონის ა. ნ. გოლიცინის, საიდუმლო მიზნები უფრო ვრცელი და შორსმიმავალი გახლდათ. ბიბლიური საზოგადოების სახელით იქმნებოდა მართლმადიდებლობასთან ბრძოლის ორგანიზაცია, რომელიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სულიერ ღირებულებებს კათოლიკური, პროტესტანტული და მასონური ტექსტებითა და კომენტარებით ცვლიდა.

მოკლე ვადაში თავადმა გოლიცინმა მოაწყო ბიბლიური საზოგადოების მრავალი განყოფილება (ერთგვარი ლოჟები), როგორც ზოგიერთი გუბერნიის, ასევე მაზრის ქალაქებშიც. საზოგადოებაში უდიდეს როლს თამაშობდნენ კათოლიკეები და პროტესტანტები, რომლებიც ცდილობდნენ მართლმადიდებელთათვის "ესწავლებინათ" ჭეშმარიტი სარწმუნოება. სარგებლობენ რა ბიბლიური საზოგადოების აბრით, მასონები იწყებენ მართლმადიდებლობისთვის საზიანო ლიტერატურის გამოცემას მისტიკისა და ოკულტიზმის სფეროში. მათ შორის გამოსცემენ იუნგის, შტილინგის, ეკარტსჰაუზენის, იოანე მასონის, არნდტის, თომა კემპიელის, ტაულერის, იაკობ ბემეს, "ქ-ნ იუონონას" და სხვათა ოკულტურ ნაშრომებს. გამოიცემა მასონური ჟურნალები: "Сионский вестник" ("სიონის მაცნე") (გამოსცემდა მასონი ა. ფ. ლაბზინი), "Друг юношества" ("ყმაწვილთ მეგობარი") (გამოსცემდა მ. ი. ნევზოროვი).

მთელი ეს ლიტერატურა თითქმის ღიად ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობას. მასონურ წიგნებში, რომელსაც ბიბლიური საზოგადოება აქვეყნებდა ვითომცდა "შინაგანი" ეკლესიის სახელით, ღიად ესხმოდა თავს იმას, რასაც თავისუფალი ქვისმთლელები "გარეგან ეკლესიას" უწოდებდნენ და მასში ქრისტიანობას, ანუ მართლმადიდებლობას გულისხმობდნენ.

ბიბლიური საზოგადოებისა და მისი განყოფილებების სხდომები ხშირად ემსგავსებოდა მისტიკურ, ზოგჯერ კი უბრალოდ სატანურ "ღვთისმსახურებას", რომელსაც თან ახლდა სექტანტთათვის დამახასიათებელი რელიგიური ეგზალტაცია, კვაკერული ლოცვები, ცეკვები ხლისტური სულისკვეთებით და ა. შ. თვით თავადი გოლიცინი, გარდა იმისა, რომ ეკუთვნოდა მასონობას, იყო ე. წ. ტატარინოვას სექტის წევრი უხამსი წეს-ჩვეულებებით, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგოა.

მართლმადიდებელ ადამიანთა მცდელობები შეეჩერებინათ ამ მასონის საქმიანობა აწყდებოდა ნამდვილ რეპრესიებს, - გოლიცინს ხომ სასულიერო საქმეთა და სახალხო განათლების მინისტრის პოსტი ეკავა; ის აგრეთვე იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი. მართლმადიდებლობის მტერთა მიერ ძღვანებულმა ბიბლიურმა საზოგადოებამ დასაბამი მისცა რუსეთში ეკუმენიზმის განვითარებას.

თავადმა გოლიცინმა ბიბლიური საზოგადოების ხელმძღვანელობაში მოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რამოდენიმე მისთვის ძვირფასი იერარქი, რითაც ფაქტობრივად თავიდან მოიცილა ამ საქმეში სინოდის მონაწილეობის შესაძლებლობა. მან ერთდროულად გააწევრიანა სხვადასხვა აღმსარებლობის საერო და სასულიერო პირები, რითაც ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების მიზანი რუსეთის ეკლესიის კერძო ინტერესებზე მაღლა იდგა, რომ ის თავის მოქმედებებს ატარებდა მთლიანად ქრისტიანობის და ქრისტიანული სამყაროს ინტერესების სასარგებლოდ.

როგორც 1873 წელს ბიბლიური საზოგადოების მკვლევარი ი. ა. ჩისტოვიჩი წერდა: "ეკლესიის მიმართ გამოხატული ეს ინდიფერენტული კოსმოპოლიტიზმი, რამდენად სუფთანი გინდ ყოფილიყვნენ მისი მქადაგებლები თავიანთ იდეალურ გულუბრყვილობაში, მაინც შეუსაბამო იყო ქრისტიანობასთან, როგორც იმ დროს, ასევე ყველა დროში. ფაქტობრივად მართლმადიდებლობა წარმოადგენს აღმოსავლური ბერძნულ-რუსული ეკლესიის ქრისტიანული სარწმუნოების არსებულ ფორმას, რომელიც სრულ თანხმიერებაშია ძველი, მსოფლიო მართლმადიდებლობის დადგენილებებთან. ამიტომაც ქრისტიანობა, მართებული და საეკლესიო სახით, არსებობს მხოლოდ მართლმადიდებლობაში და საკუთარ თავს ზემოთ მას არ გააჩნია რაიმე სხვა იდეალი, რომლისკენაც შეიძლება ის ისწრაფოდეს და, რომელიც რეალურად არც არსებობს, არამედ მოიაზრება მხოლოდ ქრისტიანობის საზოგადო, ბუნდოვანი ცნებითა და სახელწოდებით. სწორედ ამგვარი იდელისადმი იყო მიმართული ბიბლიური საზოგადოება, სწორედ მას ეძებდა იგი და სთავაზობდა მორწმუნე საზოგადოებასა და ინტელიგენციას..." (Чистович И.А. История перевода Библии на русский язык. С. 50–55. Цит. по: Платонов О. «Терновый венец России» Москва, 1998).

ბიბლიური საზოგადოების ოფიციალურ დოკუმენტში ღიად იყო დეკლარირებული მასონური ეკუმენიზმის იდეები. "სიყვარულისა და რწმენის ზეციურ კავშირს, ნათქვამია რუსეთის ბიბლიური საზოგადოების 1818 წლის მოხსენებაში, დაფუძნებულს ბიბლიური საზოგადოებების მიერ დიად ქრისტიანულ ოჯახში, ყველა ქრისტიანისთვის ამოჰყავს ბრწყინვალე განდიათი, როდესაც იქნება ერთი მწყემსი და ერთი ფარა, ანუ როდესაც იქნება ერთი საღმრთო ქრისტიანული რელიგია სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობებით მასში" (იქვე).

ცნობილი რუსი საზოგადოებრივი მოღვაწე ადმირალი ა. ს. შიშკოვი ამასთან დაკავშირებით წერდა: "შევხედოთ ბიბლიურ საზოგადოებათა საქმიანობას და ვნახოთ, რაში მდგომარეობს იგი? ის მდგომარეობს განზრახვაში კაცთა მთელი მოდგმა შეაერთონ ერთ საზოგადო რესპუბლიკაში და ერთ რელიგიაში - ეს არის მეოცნებე, უგუნური აზრი, რომელიც იშვა ან მატყუარათა ან კიდევ ცრუმორწმუნეთა თავში. ...

თუკი ბიბლიური საზოგადოებები, როგორც ისინი ამბობენ, ზრუნავენ მხოლოდ ღვთისმოსაობის გასავრცელებლად, მაშინ რატომ არ უერთდებიან ისინი ჩვენს ეკელსიას, არამედ მისგან განცალკევებით მოქმედებენ და მის საწინააღმდეგოდაც? თუკი მათი ზრახვები ქრისტიანულ სწავლებათა სწავლებაში მდგომარეობს, განა ჩვენი ეკლესია ამას მათზე უკეთ არ აკეთებს? განა ჩვენი ბიბლიურ საზოგადოებათა დაარსებამდე ქრისტიანები არ ვიყავით? და როგორ გვასწავლიან ისინი იგივეს? ისინი იწვევენ უცხოელ მასწავლებლებს და ქრისტიანობის საწინააღმდეგო წიგნებს ავრცელებენ! ... განა უცნაური, მეტიც, სასაცილონი არ არიან ბიბლიურ საზოგადოებებში ჩვენი მიტროპოლიტები და მღველმთავრები, რომლებიც იქ ლუთერანებთან, კათოლიკეებთან, კალვინისტებთან, კვაკერებთან და ერთი სიტყვით, ყველა მწვალებლებთან ერთად სხედან და იღებენ გადაწყვეტილებებს? სხედან თავიანთ შესამოსელსა და ბარტყულებში ერისკაცებთან ერთად და უსმენენ, როგორც უქადაგებს მათ ღმრთის სიტყვას ("ღმრთის სიტყვას" მხოლოდ სახელწოდებით, არსებითად კი მის საწინააღმდეგოს) ვიღაც ფრაკში ჩაცმული კაცი! მაშ, სად არის ზრდილობა, სად არის ღვთისმსახურების მნიშვნელობა? სად არის ეკლესია? ისინი იკრიბებიან სახლებში, სადაც კედლებზე ჰკიდია წარმართულ ღმერთთა ან ვნებიან შეყვარებულთა გამოსახულებები, და ამგვარი შეკრებები - ყოველგვარი ღვთისმსახურების, ლოცვებისა და სახარებების კითხვის გარეშე, - ტარდება როგორც თეატრალური სანახაობები, უმცირესი ღვთისმოშიშების გარეშე; მეტიც, კადნიერად ისინი ამას საეკლესიო მსახურებასაც კი უტოლებენ და უსაყდრო, უკურთხებელ სახლს, სადაც ისინი ცეკვავენ და ქეიფობენ, ღმრთის ტაძარს უწოდებენ! ხომ არ წააგავეს ეს სოდომსა და გომორას?!"  (იქვე. გვ. 54).

ყველაზე მკრეხელური, რაც ბიბლიური საზოგადოების მოღვაწეებმა გაბედეს იყო მართლმადიდებლური ტრადიციის დარღვევა წმიდა წერილის თარგმანში. მათ გადაწყვიტეს ძველი აღთქმა გადმოეთარგმნათ თალმუდური ტრადიციის ებრაული ტექსტიდან, რომელშიც ამოღებულია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი ქრისტეზე. რყვნიდნენ რა წმიდა წერილის განმარტებას, ბიბლიური საზოგადოების მთარგმნელები ეჭვს ნერგავდნენ ახალი აღთქმის ჭეშმარიტებაში. ძველი აღთქმის ყველა კომენტარი წარმოებდა არა მართლმადიდებლური, არამედ პროტესტანტულ-მისტიკური სულისკვეთებით. მართლმადიდებლური ბიბლიური ტექსტების ამგვარი დამახინჯება ძალიან მოეწონათ პროტესტანტ მღვდლებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ლაპარაკი პროტესტანტიზმისა და მართლმადიდებლობის გაერთიანებაზე.

"რუსეთის ეკლესიაში წმიდა წერილის წიგნების გავრცელებამ, - ამბობდა რიჩარდ ვატსონი ბიბლიური საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე, - წარმოშვა ჩვენი საქებარი გარდაქმნა და გვაჩუქა პროტესტანტიზმი, მასთან ერთად კი მისგან მომდინარე ნეტარება და კურთხევა. აწ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ მალე ბერძნული ეკლესიაც დატკბება ამავე სარგებელით... ჭეშმარიტების თავისუფალი ქადაგება, რომელიც ბერძნულ ეკლესიას გაუხსნის მისავ ცთომილებებს, გააცხოველებს რწმენას და შეკრავს მორწმუნეთა ერთობას. ამ იმპერიაში დასახული რეფორმაცია დაემსგავსება მზის ამოსვლას, რომელიც ერთნაირად ჰფენს თავის სხივებს როგორც ციმბირელის ქოხს, ასევე მეფეთა პალატებს, სადაც მიწიერ მბრძანებელთაგან უბრძენესი და უძლიერესი მეფე უკვე ოცნებობს ამგვარ დიად და წმიდა რეფორმაზე" (იქვე. გვ. 54).

როგორც წერდა თანამედროვე თავის ჩანაწერებში "ამბოხება რუსეთის წინააღმდეგ", "ვინ იფიქრებდა რუსეთში, რომ წმიდა წერილის წიგნები შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყვნენ ძველი მართლმადიდებლობის დასამხობად? ვინ იეჭვებდა, რომ უვარგისი ერეტიკოსები დაიწყებდნენ რუსეთში ღვთიური და ჭეშმარიტი რწმენის ნგრევას. ... ბიბლიური საზოგადოება გახდა ხროვა, ყოველგვარი ფერისა და გამოკერილობის მისტიკოსის თავშესაყარი, და მისი სახელი იმდენად შეერწყა საიდუმლო საზოგადოებათა სახელწოდებებს, რომ უკვე აღარც კი განირჩევიან ერთმანეთისგან... ბიბლიური საზოგადოების დახმარებით, რუსეთის მტრებმა სექტებზე უსწრაფესად დაამკვიდრეს ქვეყანაში ერის ზნეობის გარყვნა და გაავრცელეს მასში ათასგვარი მავნე წიგნები" (იქვე. გვ. 54-55).

ბიბლიური საზოგადოების მასონი მოღვაწეები არა მარტო ცდილობდნენ წმიდა წერილის ტექსტის შერყვნას და მართლმადიდებლობის შეცვლას პროტესტანტული მწვალებლობით, არამედ ღმრთისმსახურების რეფორმირებასაც მასში თალმუდური რედაქციის ებრაული ტექსტების რუსულენოვანი თარგმანების დანერგვით. ბიბლიური საზოგადოების სიახლეთა წინააღმდეგ გამოვიდა მართლმადიდებლური სამღვდელოება. მისი საუკეთესო წარმომადგენლები მუდმივად უთითებდნენ, რომ ღვთისმსახურება და წმიდა წერილის კითხვა ღვთისმსახურებაზე უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ საეკლესიო სლავურ ენაზე, სეპტუაგინტის ბერძნული ტექსტის კანონიკური თარგმანის საფუძველზე. ყველა მათგანი აფრთხილებდა მთარგმნელებს ფრთილნი ყოფილიყვნენ ებრაულ ტექსტთან, რადგან "ებრაული ტექსტი ქრისტიანობის დასაწყისისთვის უკვე მის მტერთა ხელთ იყო და ამიტომაც შეგნებულად მახინჯდებოდა" (О догматическом достоинстве и охранительном употреблении греческого семидесяти толковников и словенского переводов Священного Писания. История Русской Церкви, изд-во "Слово", 1998, с. 17-18).

მასონ-დეკაბრისტთა ამბოხებამ და საიდუმლო საზოგადოებათა საქმიანობის გამოძიებამ, რომელიც ამ ამბოხებას მოჰყვა, ნათელი მოჰფინა ბიბლიური საზოგადოების ნამდვილ მიზნებს. გამოვლენილ იქნა კავშირი "ბიბლიურ რეფორმატორთა" და მასონურ ლოჟებს შორის, მხილებულ იქნა მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ზრახვები.

1826 წლის აპრილს ნიკოლოზ I-მა ბიბლიური საზოგადოება დახურა. ბიბლიის თარგმნა, რომელსაც ეს საზოგადოება ეწეოდა, შეჩერებულ იქნა, ხოლო უკვე გადათარგმნილი და დაბეჭდილი პირველი 8 წიგნი აიკრძალა. ისინი ამოიღეს გაყიდვიდან, მოსეს ხუთწიგნეულის ცალკეული გამოცემები კი დაწვეს.

ამრიგად, მასონური ცივილიზაციის იმდროინდელი შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე რუსეთში მისი სრული კრახით დამთავრდა. რუს ერში უკვე მაშინ ჩამოყალიბდა მყარი შეხედულება თავისუფალ ქვისმთლელებზე (მასონებზე), როგორც რწმენისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ დამნაშავეებზე. რუსი მღვდლები მასონებს არ აზიარებდნენ და მეტიც, ტაძრიდანაც კი აგდებდნენ.

მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მასონები ახლაც იბრძვიან - მისი დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

წყარო:  http://www.blagogon.ru/biblio/674/

თავი წიგნიდან "Русское масонство".
Назад к содержимому