აპოსტასია > ხელოვნება
ფილმი "ხანგრძლივი გასეირნება"
(The Long Walk)
და მისი სიმბოლური მინიშნებანი
(სტივენ კინგის ნოველისა და ამავე სახელწოდების ფილმის ერთობლივი გარჩევა)
გაფრთხილება: პუბლიკაცია შეიცავს სპოილერებს
ნაწილი პირველი: ნოველის გარჩევა
სიუჟეტის არსი
დისტოპიური (1) ამერიკა. ყოველწლიურად ტარდება მოვლენა სახელწოდებით "ხანგრძლივი გასეირნება": სტარტზე გამოდის 100-მდე მოზარდი ბიჭუნა (მოხალისეები) და შარაგზაზე მიდიან საათში არანაკლებ ოთხი მილის სიჩქარით. გაჩერებების გარეშე. ძილის გარეშე. თუკი სიჩქარე დაეცემა - მონაწილე იღებს პირველ გაფრთხილებას. სამი გაფრთხილების შემდეგ - ჯარისკაცები, რომლებიც თან სდევენ რბოლის მონაწილეებს სასიკვდილოდ ესვრიან დამრღვევს და ჰკლავენ. ამას ეწოდება "ბილეთის მიღება". უკანასკნელი, ვინც ფეხზე რჩება იღებს "პრიზს" - ნებისმიერი სურვილის აღსრულებას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მთავარი გმირია - რეი გარეტი, მოზარდი მენის შტატიდან. საკვანძო პერსონაჟებს შორის არიან - პიტერ მაკვრისი (მეგობარი-ფილოსოფოსი), სტებინსი (იდუმალი მარტოხელა), ბარკოვიჩი (ანტაგონისტი მოსიარულეებს შორის), ჰენკ ოლსონი, არტ ბეიკერი და სხვები. ამ ყველაფრის ზემოთ დგას მაიორის ფიგურა, რომელიც არის ორგანიზატორი და ძალაუფლების სიმბოლო.
__________________________
1. დისტოპია - ანტიუტოპია, ჟანრი მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც აღწერს სახელმწიფოს, რომელშიც ჭარბობს განვითარების ნეგატიური ტენდენციები.
__________________________

ფილმ "ხანგრძლივი გასეირნების" (The Long Walk. 2025 წ.) პოსტერი
1. გასეირნება როგორც ცხოვრების მეტაფორა
ეს ყველაზე ცხადი და ერთდროულად ყველაზე ღრმა ფენაა. ცხოვრება - ეს არის მოძრაობა წინ, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია უკან მობრუნება. შეუძლებელია პაუზის გაკეთება. შესაძლებელია მხოლოდ წინსვლა, და ყოველი ნაბიჯი გაახლოვებს გარდაუვალ დასასრულს.
კინგმა ეს ნოველა დაწერა, როდესაც 19 წლისა გახლდათ - ასეთია მისი გმირების ასაკიც. ეს არ არის მოწიფული ადამიანის შეხედულება სიკვდილზე, არამედ საყმაწვილო საშინელება სკუთარი მოკვდავობის შეგნების წინ: "მე მივდივარ, და ერთხელაც დავეცემი, და ვერავინ შეაჩერებს სამყაროს, რათა წამომაყენოს".
სიჩქარე ოთხი მილი საათში - ეს არის ფეხით მოსიარულე ადამიანის საშუალო სიჩქარე. არა სირბილი, ან სპრინტი - ჩვეულებრივი ადამიანური ნაბიჯი. კინგმა შეგნებულად აირჩია ეს სიჩქარე: სიკვდილი თავს ატყდება არა მათ, ვინც საკმაოდ ნელა მირბის, არამედ იმათ, ვინც უბრალოდ ცხოვრობს ჩვეულებრივ ტემპში და იღლება. ეს არის სიცოცხლე ყველაზე ბუკვალური აზრით - ყოველდღიური, რუტინული, მოსიარულე, - და ისიც ჰკლავს.
2. "ნებაყოფლობითი" მონაწილეობა: არჩევანის ილუზია
ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დეტალი: ასივე ბიჭუნა - მოხალისეები არიან. არავის აუძულებია ისინი ჩაწერილიყვნენ. ისინი თვითონ მოვიდნენ, თვითონ მოაწერეს ხელი ქაღალდებს, თვითონ დადგნენ სასტარტო ხაზზე. ნოველა არაერთხელ უბრუნდება საკითხს: "რატომ ხარ აქ?" - და არც ერთ მოსიარულეს არ შეუძლია გასცეს ოდნავ გარკვეული პასუხი. გარეტმაც არ იცის. მაკვრისმა არ იცის. თვით სტებინსიც, რომელსაც სხვებზე მეტი ცოდნა აქვს, ბუნდოვნად პასუხობს.
განმარტება: კინგი ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ როგორ შედიან "ნებაყოფლობით" ახალგაზრდა ადამიანები სისტემებში, რომლებიც მათ ანადგურებენ - არმიაში, კონკურენტულ ეკონომიკაში, იდეოლოგიურ მანქანებში (პარტიებში) - თანაც ისე, რომ არ უწყიან ამისი დასასრული, არ უწყიან თუ რას აწერენ ხელს. მოზარდს არ შეუძლია ნამდვილად გულისხმაყოს, თუ რა არის სიკვდილი. ის ხელს აწერს კონტრაქტს, რადგან ეს მას წარმტაცად ეჩვენება, რადგან მეგობრები უყურებენ, რადგან უარის თქმა - ნიშნავს საკუთარი აღიარო ლაჩრად. "მოხალისეობა" - ეს არის უდიდესი სიცრუე, რადგან არჩევანი, რომელიც შედეგის სრული გააზრების გარეშე კეთდება, - სულაც არ არის არჩევანი.
აქ არსებობს უფრო ბნელი ქვეტექსტიც: საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ბიჭებს მონაწილეობის სურვილი უჩნდებათ. გასეირნება - ეროვნული შოუა, მოსიარულეები - ცნობილი პირები ხდებიან, გამარჯვებული კი - გმირია. სისტემა არავის აიძულებს - ის აცდუნებს. და ეს ყოველგვარ იძულებაზე საშინელია.

მაიორი - კადრი ფილმიდან: "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
3. მაიორის ფიგურა: ღმერთი, მამა, ჯალათი
მაიორი - გასეირნების ორგანიზატორი, სამხედრო ლიდერი და მთელი ქვეყნის შესაძლო დიქტატორია. ის თავიდანვე ჩნდება - ღია ჯიპით, სამხედრო ფორმით და ფართე ღიმილით. ბიჭები მას შეძახილებით ესალმებიან, მრავალი აღფრთოვანებულია მისით. ის ხელს იქნევს, იღიმის, აკურთხებს - და მათ სასიკვდილოდ წირავს.
განმარტება: მაიორი - ეს არის შედგენილი ფიგურა, რომელშიც რამოდენიმე არქეტიპი მოიაზრება.
1) ღმერთი მოკვდა, მაგრამ ცოცხალია მაიორი. ეს ნიშნავს, რომ სტივენ კინგის რომანში არ არის ღმერთის ან უმაღლესი სამართლიანობის ადგილი. არსებობს მხოლოდ მაიორი - ცივი, ქარიზმატული ლიდერი მანქანის ძარაზე, სიცოცხლისა და სიკვდილის აბსოლუტური მბრძანებელი. ის არის ამ გარყვნილი კულტის კერპი და ღვთაება.
2) ის არის სახელმწიფო, რომელიც ახალგაზრდების სიკვდილის სანახაობად და კონტროლის ინსტრუმენტად აქცევს. გასეირნება - სასჯელი კი არ არის, დღესასწაულია. ადამიანები მოდიან უყურონ, თუ როგორ იხოცებიან ბავშვები და ხარობენ. მაიორი - სისტემის განხორციელებაა, რომელმაც ნორმალური გახადა ძალადობა და ის გართობის სახეობად აქცია.
3) ის არის მამა ყველაზე ბნელი აზრით - ანუ ის, რომელიც შვილებს სასიკვდილოდ წირავს. ეს განსაკუთრებით მძაფრდება სტებინსის ხაზში (ამის შესახებ ქვემოთ).
4. სტებინსი: აჩრდილი, წინასწარმეტყველი, სამსხვერპლო კრავი
სტებინსი - ნოველის ყველაზე იდუმალი პერსონაჟია. ის კოლონას კუდში მისდევს, თითქმის არავის ელაპარაკება, ყველას ცივი განყენებულობით აკვირდება. ის ყველაზე ჭკვიანი, მჭვრეტელი და ცინიკურია. ფინალთან ახლოს ირკვევა, რომ ის - მაიორის ნაბუშარია.
განმარტება: სტებინსი - ეს არის გარეტის ეგზისტენციალური ორეული, მისი ბნელი სარკე. თუკი გარეტი ისე მიდის, რომ არც ესმის რატომ, სტებინსი მიდის ისე, რომ ზუსტად იცის თავისი მსვლელობის მიზანი - რათა დაამტკიცოს თავისი ღირებულება, დაიმსახუროს აღიარება. ის ამ გასეირნებაზე წავიდა - გარყვნილი, სასოწარკვეთილი, განწირული სიყვარულის გამო. და ამაშია შემაძრწუნებელი ირონია: ერთადერთი მონაწილე, რომელსაც აქვს მკაფიო მოტივაცია, ყველაზე განწირულია, რადგან მაიორმა-მამამ ის აქეთ გამოაგზავნა, წინდაწინ უწყოდა რა, რომ აქ ის, სავარაუდოდ, დაიღუპებოდა.
სტებინსი - ეს სამსხვერპლო ძეა, რომელიც მამობრივი გულგრილობის სამსხვერპლოზე მიიტანეს შესაწირად. აქ თითქოსდა მოიაზრება ბიბლიური პარალელი აბრაამისა და ისააკისა, ოღონდ ანგელოზის გარეშე, რომელიც აჩერებს დანას. მამას (მაიორს) არ უყვარს ძე. მამა მზადაა მშვიდად შეეგების მის სიკვდილს. სტებინსმა ეს იცის - და მაინც მიდის, რადგან მამობრივი სიყვარულის იმედი სიკვდილის შიშზე ძლიერია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და ერთდროულად ყველაზე ადამიანური მოტივი ლიტერატურაში.

ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - მაკვრისი. კადრი ფილმიდან: "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)

გარეტი და მაკვრისი - კადრი ფილმიდან: "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
5. მაკვრისი: სიყვარული, როგორც ერთადერთი რეალობა
პიტერ მაკვრისი - გარეტის მეგობარი, მისი ემოციური ღუზაა. მას სახეზე ნაიარევი აქვს (სავარაუდოდ სუიციდის მცდელობისგან), ის გონებამახვილია, ფაქიზია და განსაზღვრულ მომენტებში გარეტისადმი თითქმის რომანტიკულ ერთგულებას ამჟღავნებს. სწორედ მაკვრისი არაერთხელ გადაარჩენს გარეტს - უბიძგებს მას, როდესაც ის სვლას ანელებს, ფანტავს მის ყურადღებას ლაპარაკით, როდესაც გარეტს სასოწარკვეთის აზრები იპყრობს.
განმარტება: მაკვრისი განასახიერებს ადამიანურ კავშირს, როგორც ერთადერთ ანტიდოტს (შხამსაწინააღმდეგო საშუალებას) უაზრობისგან. მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, რათა ბიჭები ერთმანეთში ხედავდნენ კონკურენტებს (რადგან შენ რომ გადარჩე, სხვა უნდა მოკვდეს), მაკვრისი უარს ამბობს წესებით თამაშზე. ის ირჩევს მეგობრობას, მზრუნველობას, სიახლოვეს - ანუ იმას, რის განადგურებასაც ცდილობს სისტემა. გარატისადმი მისი შესაძლო სიყვარული - ეს უბრალოდ ქვეტექსტი როდია, არამედ ამბოხის აქტია: სიკვდილის სივრცეში ის ირჩევს სიყვარულს, თანაც იცის, რომ ის განწირულია.
ნაიარევი სუიციდის მცდელობის გამო კიდევ ერთ ფენას ამატებს: მაკვრისი უკვე იყო სიკვდილის პირას საკუთარი არჩევანით. გასეირნება მისთვის - შესაძლოა, არა იმდენად პრიზისადმი ლტოლვაა, რამდენადაც იმავე ჟესტის განმეორება ლეგალურ, სოციალურად გამართლებულ ფორმაში. საზოგადოება, რომელიც კიცხავს სუიციდს, ერთდროულად ტაშს უკრავს ბიჭებს, რომლებიც გასეირნებაში სიკვდილზე მიდიან. მაკვრისი ხედავს ამ პირმოთნეობას.
6. ბარკოვიჩი: სიძულვილი, როგორც გადარჩენის სტრატეგია
ბარკოვიჩი - ანტაგონისტია მოსიარულეთა სორის. ის აგრესიულია, პროვოკაციულია და ის თითქმის არავის უყვარს. ის ღიად ხარობს სხვისი სიკვდილის გამო, სხვებსაც კონფლიქტებისკენ უბიძგებს. მისი სტრატეგიაა - გადარჩენა ჩამოცილების მეშვეობით.
განმარტება: ბარკოვიჩი - სარკეა, რომელიც აჩვენებს რა ხდება ადამიანში, როდესაც ის სრულიად იღებს სისტემის ლოგიკას. თუკი გადარჩენა მხოლოდ ერთს უწერია, მაშასადამე, ყველა დანარჩენი - მტერია. ბარკოვიჩი ბოროტი არ არის ბუნებით - ის პატიოსანია. ის არის ერთადერთი, რომელიც თამაშის რეალური წესების შესაბამისად იქცევა. დანარჩენი ბიჭები ცდილობენ ადამიანურობის, მეგობრობის, თანაგრძნობის შენარჩუნებას - და ბარკოვიჩი შეახსენებს მათ, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, რადგან ბოლოს ერთი მათგანი მაინც გადააბიჭებს დანარჩენი 99-ის გვამს. სწორედ ამიტომ ის ყველას სძულს - არა იმიტომ, რომ მართალი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მართალია.
7. ბრბო: კოლექტიური მონსტრი
მოსიარულეთა მარშრუტის გასწვრივ ათასობით მაყურებელი დგას. ისინი ჰყვირიან, ტაშს უკრავენ, ამხნევებენ მოსიარულეებს, უგდებენ მათ საჭმელს, ხელებს იშვერენ და სხვა. კინგი მათ აღწერს, როგორც ერთიან მასას - უსახურს, აღფრთოვანებულს, გაუმაძღარს. მათ უყვართ მოსიარულეები - და სურთ დაინახონ, როგორ მოკვდებიან ისინი. ეს წინააღმდეგობა არ არის, ეს სანახაობის არსია.
განმარტება: ბრბო - ეს ჩვენ ვართ, მკითხველები (მაყურებლები). კინგი მეოთხე კედელს ურტყამს, თუმცა არ ანგრევს მას. ჩვენ ვკითხულობთ მის ნოველას, რათა გავიგოთ, ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ თანავუგრძნობთ გარეტს და გვსურს, რომ მან გაიმარჯვოს, - მაშასადამე, გვსურს, რათა დანარჩენი 99 ბიჭუნა მოკვდეს. ჩვენ - ბრბოს ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ - მოსიარულეების მაყურებლები. კინგი არ განიკითხავს მკითხველს ამისთვის; ის უბრალოდ აჩვენებს მექანიზმს: ნარატივი სიკვდილის სიუჯეტად აქცევს, ხოლო სიუჯეტი სიკვდილს მისაღებს ხდის.
აქ არის პირდაპირი პარალელი რომის გლადიატორულ ბრძოლებთან, რეალიტი შოუებთან გადარჩენაზე და - უფრო ვრცლად - ნებისმიერ მედიურ კულტურასთან, რომელიც ახდენს ადამიანური ტანჯვის მონეტიზაციას.
8. პრიზი: სიცარიელე გზის ბოლოში
გამარჯვებული იღებს ყველაფერს, რასაც კი ისურვებს. ნებისმიერ სურვილს. მაგრამ ნოველა შეგნებულად არ აჩვენებს არც ერთ ყოფილ გამარჯვებულს, რომელიც ბედნიერი იქნებოდა. პრიზი - აბსტრაქციაა, მირაჟია, ის არის სტაფილო ვირის თვალწინ. ბიჭუნები მისკენ მიდიან, მაგრამ არც ერთმა არ იცის, თუ სინამდვილეში რა ნებავს.
განმარტება: პრიზი - ეს არის ნებისმიერი ცხოვრებისეული მიზნის მეტაფორა, რომელიც ბედნიერებას "შემდეგ" გვპირდება: ესაა კარიერა, სიმდიდრე, სტატუსი, გამარჯვება. კინგი ამბობს: ის, რის გამოც ჰკლავ საკუთარ თავსა და სხვებს, როდესაც მას მიაღწევ უბრალო სიცარიელე აღმოჩნდება. ნოველაში გარეტი იმარჯვებს - მაგრამ არაფერს გრძნობს. პრიზი არ ღირდა ამ გზის გავლად. გზამ შთანთქა ყველაფერი, რაც კი მასში ცოცხალი იყო. ეს არის ეგზისტენციალური ხაფანგი: ცხოვრების აზრი არ შეიძლება იყოს სიცოცხლის ბოლოში, რადგან იმ მომენტისთვის, როდესაც შენ მას მიაღწევ, უკვე აღარ იქნები ის ადამიანი, რომელიც გზის დასაწყისში იყო.
9. ფინალი: ბნელი ფიგურა ჰორიზონტზე (ნოველა)
ყველაზე ბოლოს მხოლოდ გარეტი რჩება. სტებინსი ეცემა. გასეირნება დასრულდა. მაგრამ გარეტი არ ჩერდება. ის აგრძელებს გზას - იქით, სადაც ჰორიზონტზე ბნელი ფიგურა ჩანს. ჯარისკაცები ცდილობენ მის შეჩერებას, მაგრამ ის თავიდან იშორებს მათ და გზას აგრძელებს. ნოველა ნახევარ სიტყვაზე მთავრდება...
განმარტება: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფინალი კინგის შემოქმედებაში, და ის სხვადასხვანაირად იკითხება;
1. სიკვდილი. ბნელი ფიგურა - სიკვდილია. გარეტი მისკენ მიდიოდა მთელი გზის განმავლობაში, და ახლა, როდესაც ფორმალური ფინალი დასრულდა, ის კვლავ მიდის, რადგან გასეირნება არასოდეს მთავრდება. სიცოცხლე - ეს სიკვდილის გასეირნებაა, და აქ "გამარჯვება" ვერაფერს ცვლის.
2. სიგიჟე. გარეტი დათრგუნულია. მისმა გონებამ ვერ გაუძლო და ის უკვე ვეღარ არჩევს რეალობას ჰალუცინაციისგან. ბნელი ფიგურა - მისი დანგრეული ფსიქიკის წარმოსახვაა. ის "სადღაც კი არ მიდის" - მას უბრალოდ არ შეუძლია გაჩერება, რადგან გასეირნება ერთადერთი რეალობა გახდა, რომელიც მან იცის.
3. თავისუფლება დანგრევის ფასად. გარეტი უარს ამბობს პრიზზე, სისტემაზე, თვით "გამარჯვების" იდეაზე. ის ჩაუვლის ფინიშსაც, ჯარისკაცებსაც, წესებსაც, - და არსაითკენ წავა. ეს არის აბსოლუტური ამბოხის აქტი: ერთადერთი მეთოდი გაიმარჯვო სისტემაზე - უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ თამაში დასრულებულია. მაგრამ ეს თავისუფლება გონების ფასად მიიღწევა.
სულიერი წაკითხვა. ბნელი ფიგურა - ეს არის ის, რაც ცხოვრების მიღმა ელოდება ადამიანს. არა ღმერთი, არა ეშმაკი, არამედ რაღაც შეუცნობელი. გარეტმა გაიარა მიწიერი არსებობის ჯოჯოხეთი და ახლა უკანასკნელ ნაბიჯს დგამს - ის ადამიანური გამოცდილების ზღვარს გადადის. ნოველა წყდება, რადგან ენას არ ძალუძს იმის აღწერა, თუ რა იმყოფება ამქვეყნიური ცხოვრების მიღმა.

10. ნოველის სულიერი ქვეტექსტი
კინგი არ არის რელიგიური მწერალი ტრადიციული აზრით, მაგრამ "ხანგრძლივი გასეირნება" ეგზისტენციალური სულიერებით არის გამსჭვალული - ეს არის განსჯა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მოკვდავი არსება, რომელმაც უწყის თავისი მოკვდავობა.
საკვანძო მომენტები:
მსხვერპლშეწირვა. ასი ბიჭუნა - ეს არის მსხვერპლი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ თავს სწირავს. არა ღმერთებს, არა კერპებს, არამედ ძალადობისადმი მიდრეკილებას, რომელიც შემოსილია რიტუალით. ეს ეხმიანება არქაულ წეს-ჩვეულებებს, სადაც ახალგაზრდებს სასიკვდილოდ წირავდნენ, რათა "განეახლებინათ" სოციალური წყობა.
განწირულთა საძმო. კონკურენციის მიუხედავად, მოსიარულეთა შორის ჩნდება ნამდვილი სიახლოვე - ის, რომელიც შესაძლოა მხოლოდ სიკვდილის თვალწინ. ეს არის მდგომარეობა - communitas, რომელშიც სოციალური განსხვავებები იშლება და მხოლოდ შიშველი ადამიანურობა რჩება.
სხეული როგორც საპყრობილე და ტაძარი. ნოველა დეტალურად აღწერს, როგორ ირღვევა თანდათანობით ბიჭუნების სხეულები - კოჟრები, კრუნჩხვები, გაუწყლოვანება, ჰალუცინაციები. სხეული - ეს არის ის, რაც აკავშირებს მათ გასეირნებასთან და ის, რაც მათ კლავს. მაგრამ იგივე სხეული ერთადერთია, რაც მათ გააჩნიათ. ყოველი ნაბიჯი - ერთდროულად დანგრევის აქტიცაა და განმტკიცების აქტიც: მე ჯერაც აქ ვარ, მე ჯერაც მივდივარ, მე ჯერაც ცოცხალი ვარ.
ღმერთის არარსებობა. გასეირნების სამყაროში არ არსებობს ტრანსცედენტური ნუგეში. არავინ ლოცულობს. არავინ ელოდება ხსნას ზეციდან. არსებობს მხოლოდ გზა, სხეული და სხვა ბიჭები. თუკი ნოველაში არის სულიერება, ეს ჰორიზონტალური სულიერებაა, რომელიც არ არის მიმართული ზემოთ, ღმრთისკენ, არამედ მიმართულია იმისკენ, ვინც შენს გვერდით დგას.

კადრი ფილმიდან: "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
ნაწილი მეორე: ფილმის გარჩევა
1. საზოგადოება, რომელიც ითმენს მკვლელობას გართობის მიზნით
ეს არის ნაწარმოების (ფილმის) უმთავრესი ნერვი. ყველაზე საშინელი - ის კი არ არის, რომ მკვლელობები ხდება, არამედ ის, რომ საზოგადოება უბრალოდ როდი ითმენს - ის ამ მკვლელობებით ტკბება. ადამიანები დგანან გზის პირას, ჰყვირიან, ხელებს იქნევენ, ამხნევებენ მოსიარულეებს - და მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭები მათ თვალწინ კვდებიან.
სტივენ კინგი ამ ნოველას 1966-1967 წლებში წერდა, ვიეტნამის ომის ფონზე, როდესაც ამერიკელები პირველად ხედავდნენ სამხედროების სიკვდილს ტელევიზიით, მყუდრო სახლში, ვახშამზე. სიკვდილი მედიანაკადის ნაწილი გახდა - და ადამიანებიც მიეჩვივნენ. ისინი მომენტალურად კი არ გახევდნენ, არამედ მათ თანდათანობით უგრძნობელობა დაეუფლათ.
2025 წლის ფილმი კიდევ უფრო აქტუალურ კონტექსტში ხვდება. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეალური ძალადობის ტრანსლირება ხდება სოცქსელებში, ომები მიდის პირდაპირ ეთერში, ხოლო ალგორითმები წინ სწევენ გამაოგნებელ კონტენტს, რადგან ის აგენერირებს ჩართულობას. გასეირნება - ეს არის უკიდურესობამდე დაყვანილი რეალიტი-შოუ: არა მეტაფორული "განადგურება" მონაწილისა ხმის მიცემით, არამედ ბუკვალური, ფიზიკური განადგურება. ფილმი გვეკითხება: სად გადის ზღვარი იმას შორის, რასაც ახლა ვუყურებთ, და იმას შორის, რაც ეკრანზეა ნაჩვენები? და ყველაზე შემაშფოთებელი პასუხია: შესაძლოა ეს ზღვარი დღეს უფრო ფაქიზია, ვიდრე გვეჩვენება.

კადრი ფილმიდან: "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
2. მონაწილეთა შერჩევა, როგორც ლოტერეა
ჩვენი დაკვირვებით, ფილმი მართლაც წარმოგვიდგენს მონაწილეთა შერჩევას, როგორც ლოტერეას. ეს არის პრინციპული ცვლილება ნოველასთან შედარებით, სადაც ბიჭები ნებაყოფლობით ეწერებიან ღონისძიებაში. და ეს გადახრა ბევრ რამეს ცვლის.
ლოტერეა - ეს არის შემთხვევითობა, რომელიც სამართლიანობის საწინააღმდეგოა. "ყოველს თანაბარი შანსი გააჩნია" - გვესმის დემოკრატიულად, მაგრამ სინამდვილეში: მსხვერპლს სისტემა ირჩევს, ხოლო მსხვერპლს უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს პირდაპირი პარალელია შირლი ჯეკსონის მოთხრობასთან "ლოტერეა" (1948), სადაც ერთი წყნარი ქალაქის მცხოვრებლები კენჭს ჰყრიან, და "გამარჯვებულს" ქვებით ჰქოლავენ. ჯეკსონმა აჩვენა, როგორ არის შესაძლებელი რიტუალური ძალადობის ნორმალიზება, თუკი ის გაფორმდება, როგორც ტრადიცია, როგორც ჩვევა, როგორც ფრაზა "ასე იყო ყოველთვის".
ლოტერეასთან პარალელის გავლება სამართლიანია, რადგან ლოტერეა თანამედროვე საზოგადოებაში - ეს არის მექანიზმი, რომელიც ღარიბთა იმედების ექსპლოატაციას ეწევა. სტატისტიკურად გამარჯვების შანსი მიზერულია, მაგრამ ადამიანები მაინც ყიდულობენ ბილეთებს, რადგან სისტემამ მათ ოცნება მიჰყიდა. ფილმში ლოტერეამ ბიჭებს რაღაც მსგავსი მიჰყიდა: ილუზია იმისა, რომ სწორედ შენ აღმოჩნდები ის ერთადერთი, რომელიც გაიმარჯვებს. მექანიზმი ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ ფსონშია - ფული ან სიცოცხლე.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
3. კონკურენცია ადამიანურობის წინააღმდეგ
ჩემი აზრით, ეს არის მთელი ნაწარმოების ცენტრალური კონფლიქტი - არა გარეგანი (ადამიანი სისტემის წინააღმდეგ), არამედ შინაგანი (ადამიანი გამხეცების წინააღმდეგ).
გასეირნების სისტემა ისეა აგებული, რათა მონაწილეები ერთმანეთში ხედავდნენ წინააღმდეგობას, და არა ადამიანებს. თითოეული, ვინც გვერდით მოდის - კონკურენტია. ყოველი უცხო სიკვდილი - შენი სიცოცხლის ზედმეტი საათია. ლოგიკა მარტივია და სასტიკი: შენ რომ იცოცხლო, სხვები უნდა მოკვდნენ.
და აი აქ ხდება გასაკვირი რამ: ზოგიერთი ბიჭი უარს ამბობს ამ ლოგიკის მიღებაზე. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, ელაპარაკებიან, საჭმელს უყოფენ, მხარს უჭერენ, როდესაც ვინმე დაუძლურდება. ეს გულუბრყვილობა არ არის - ეს წინააღმდეგობის შეგნებული აქტია. მათ იციან წესები. მათ იციან, რომ მეგობრობა მათთვის "არამომგებიანია". და მაინც, ისინი მას ირჩევენ.
ფინალში ფილმი აძლიერებს ამ მოტივს. და ეს საკვანძო გზავნილია: სისტემამ შეიძლება გაიძულოს იარო, მაგრამ ვერ გაიძულებს ადამიანიდან მხეცად გარდაქცევას - თუკი შენ თვითონ არ მისცემ მას ამის უფლებას. ადამიანურობა - მოცემულობა კი არ არის, არამედ არჩევანია, რომელიც თავიდანვე უნდა გააკეთო ყოველ წუთსა და წამს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი ირგვლივ საწინააღმდეგოსკენ გიბიძგებს.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
4. მოსაქმების შეუძლებლობა: სხეული, როგორც უკანასკნელი ზღვარი
ეს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალია. ბიჭებს გაჩერების უფლება ერთი წამითაც კი არა აქვთ - თვით ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი. ისინი იძულებულნი არიან მოშარდონ და მოისაქმონ ათასობით მაყურებლის და ურთიერთის წინაშე. პირდაპირ გზაზე, მსვლელობისას.
ეს უბრალო "რეალისტური დეტალი" როდია. ეს არის მიზანმიმართული დამცირება, რომელიც თვით გასეირნების მექანიკაშია ჩართული. სისტემა მონაწილეებს არა მარტო სიცოცხლეს ართმევს, - ის სიკვდილის დადგომამდე დიდი ხნით ადრე ართმევს ღირსებასაც. მონაწილე უკვე ადამიანი აღარ არის მანამდე, სანამ მას ესვრიან: ჯერ მას ართმევენ პრივატულობას, შემდეგ საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლებას და შემდეგ ცნობიერებას - ამის შემდეგ კი სიცოცხლეს.
ეს არის პირდაპირი პარალელი იმასთან, თუ როგორ მუშაობენ ტოტალიტარული სისტემები და დამთრგუნველი ინსტიტუტები - ციხეები, ბანაკები, საჯარისო "დედოვშინა". პირველი ნაბიჯი - ადამიანს უნდა წაართვან სხეულზე კონტროლი. როდესაც აღარ შეგიძლია გადაწყვიტო, როდის ჭამო, დაიძინო, ტუალეტში გახვიდე - შენ უკვე შეწყვეტ იმის შეგრძნებას, რომ საკუთარი სიცოცხლის ბატონ-პატრონი ხარ. ამის შემდეგ სიცოცხლის წართმევა - უკვე ფორმალობაა.
ყოველივე ამის აბსურდულობა, რომელიც გაკვირვებას იწვევს - შეცდომა ან გადამეტება როდია. ეს მიზანმიმართული ხერხია: რაც უფრო აბსურდულია წესები, მით უფრო ნათლად ჩანს მათი ერთადერთი მიზანი - ადამიანური ღირსების განადგურება. ეს მათი თვითმიზანია.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
5. გზის სიმბოლიკა
ა) გზა მთელი ფილმის განმავლობაში: გზა სიმდიდრისკენ?
ჩვენ აქ კითხვის ნიშანს ვსვამთ და არცთუ შემთხვევით, რადგან პასუხი უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ზედაპირულად, დიახ, - გზას პრიზთან, სიმდიდრესთან, "ნებისმიერი სურვილის ასრულებასთან" მივყავართ. ეს არის ამერიკული ოცნების გზა მის ყველაზე უსასტიკესი სახით: იარე წინ, არ გაჩერდე, სხვებზე ძლიერი იყავი - და ყველაფერს მიიღებს. თუ წააგე - თვითონ ხარ დამნაშავე. ეს იდეოლოგია ყველასთვის ცნობილია: "თუკი ღარიბი ხარ, მაშასადამე, არასაკმარისად გიცდია, არაჯეროვნად მოგინდომებია". გასეირნებას ეს აზრი თავის ლოგიკურ დასრულებამდე მიჰყავს: უბრალოდ წაგება კი არა - სიკვდილი.
უფრო ღრმა დონეზე გზა - ეს არის ხაფანგი, რომელიც შესაძლებლობის ილუზიითაა შენიღბული. მას არსაით მივყავართ, გარდა ნგრევისა და გაპარტახებისა. პრიზი გზის ბოლოში - ფუჭი რამეა, რადგან ადამიანი, რომელმაც ამ პრიზამდე მიაღწია, უკვე იმდენად გამოფიტულია, დანგრეულია და გაპარტახებულია, რომ არანაირი სიხარულის განცდა არ შეუძლია. გზა მომავალს გპირდება, მაგრამ გართმევს აწმყოს - ყოველი ნაბიჯს, ყოველ წუთს, ყოველ ამოსუნთქვას. ეს არის წარმატებისთვის გაჩაღებული ნებისმიერი რბოლის მეტაფორა, რომელი პროცესიც შთანთქავს მის მონაწილეთ.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
ბ) ფინალური გზა: ღამე, ლამპიონები, გაურკვევლობა
ეს სიმბოლო - ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესია. გზა ღამის სიბნელეში, რომელიც ლამპიონებით ნათდება და გაურკვეველ სიშორეში იკარგება.
აქ ერთმანეთს ერწყმის რამოდენიმე სიმბოლური პლასტი.
ლამპიონები - ეს არასრულფასოვანი ნათელია; ეს არის სუსტი, დროებითი ნათება. ისინი ვერ ფანტავენ ბნელს - ისინი მხოლოდ გზას ანათებენ მასში. ეს არის იმედის სიმბოლო, რომელიც ვერ გიხსნის, მაგრამ შესაძლებლობას გაძლევს გადადგა მომდევნო ნაბიჯი. არც მეტი - არც ნაკლები. ყოველი ლამპიონი - უაზრობის ოკეანეში აზრიანობის პატარა კუნძულია.
ღამე - ეს იგივეა, რაც ცნობილის მიღმა ძევს. ფილმი არ აჩვენბს, რა იმყოფება გზის ბოლოში, რადგან ეს არავინ იცის. არც გმირმა, არც მაყურებელმა, არც რეჟისორმა. ეს შეიძლება იყოს სიკვდილი, სიგიჟე, თავისუფლება, სიცარიელე - ან კიდევ რაღაც, რის აღსაწერად სიტყვები არ გვყოფნის. განუსაზღვრელობა - ფინალის ნაკლი კი არ არის, არამედ მისი არსია.
გზა, რომელიც შორეულ, ბნელ ჰორიზონტში იკარგება - არის საფინიშო ზღვრის საპირისპირო სიმბოლო. გმირი არ ჩერდება მიზანთან - ის სიარულს აგრძელებს. ნოველაში (ისევე, როგორც ფილმში) მთავარი გამარჯვებული გმირი გამარჯვების შემდეგ არ ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ გასეირნება - მოვლენა კი არ არის თავისი დასაწყისითა და დასასრულით, არამედ მდგომარეობა. სიცოცხლე - ეს გასეირნებაა. ის არ დამთავრდება, როდესაც შენ "იმარჯვებ". ის უბრალოდ გრძელდება - სიბნელეში, ლამპიონების შუქზე, გაურკვევლობაში.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
6. ფინალი: ადამიანურობის გამარჯვება და დიქტატორის მკვლელობა
ეს მომენტი ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი გადახრაა ნოველისგან - და ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორული გამოთქმა.
სტივენ კინგის წიგნში ფინალი ინტროვერტულია: გარეტი უბრალოდ აგრძელებს სიარულს და საკუთარ სიგიჟეში იძირება. ეს პირადი ტრაგედიაა, რომელიც საკუთარ თავშია ჩაკეტილი. მაგრამ ფილმში, ფინალი ექსტრავერტულია: გმირი აღასრულებს პირდაპირი წინააღმდეგობის აქტს - ის კლავს დიქტატორს.
ეს ვითარება პრინციპულად ცვლის გზავნილს.
სტივენ კინგის ნოველაში ავტორი ამბობს: სისტემა დაუმარცხებელია, ერთადერთი ამბოხი - გაჩერებაზე უარის თქმაა, საკუთარ უფსკრულში ჩაკარგვაა. ეს ეგზისტენციალური ფინალია.
მაგრამ ფილმში რეჟისორი ლოურენსი ამბობს: ამბოხი შესაძლებელია, და ის მიმართულია არა შიგნით, არამედ გარეთ - კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც განასახიერებენ ბოროტებას. დიქტატორის (მაიორის) მკვლელობა - ეს არის მომენტი, როდესაც მსხვერპლი უარს ამბობს მსხვერპლად ყოფნაზე და უპირისპირდება ჯალათს. არა აქვს მნიშვნელობა წარმატებულად დასრულდება თუ არა მცდელობა: მთავარია თვით ჟესტი. ეს არ არის სტრატეგიული მოქმედება - ეს არის ყივილი, ფიზიკური გამოხატვა იმისა, რომ მეტი დუმილი შეუძლებელია.
და ის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის შემდეგ, რაც ფილმმა მონაწილეებს მისცა უნარი მათში "გაემარჯვა ადამიანობასა და მეგობრობას", იქმნება უმძლავრესი კავშირი: სწორედ მეგობრობა და ადამიანურობა შობენ ამბოხს. არა სიძულვილი, არა შურისძიების წყურვილი, არამედ სიყვარული - მათ მიმართ, ვინც შენს გვერდით იდგა, მოდიოდა და დაიღუპა. გმირი დიქტატორს კლავს არა იმიტომ, რომ ძალაუფლება სურს, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია იცხოვროს ისეთ ქვეყნიერებაზე, სადაც მის მეგობრებს სანახაობის გამო ჰკლავენ. ეს მის საქციელს ანიჭებს არა პოლიტიკურ, არამედ ღრმად ზნეობრივ ელფერს.

კადრი ფილმიდან "ხანგრძლივი გასეირნება" (The Long Walk. 2025 წ.)
დასკვნა
როგორც ვხედავთ, ფრენსის ლოურენსის ფილმი ინარჩუნებს სტივენ კინგის ნოველის ბირთვს, მაგრამ ცვლის აქცენტებს. თუკი წიგნში - ეს არის დახშული მედიტაცია სიკვდილიანობასა და უსუსურობაზე, ფილმი ეს არის - გამოთქმა იმისა, რომ თვით სისტემაში, რომელიც ადამიანურობის განადგურებისთვის არის შექმნილი, ადამიანობას შეუძლია გადარჩენა და წინააღმდეგობის ძალად გარდაქმნა.
გზა ფილმში - ერთდროულად წარმოადგენს მიმართულებას ცრუ დაპირებისკენ (სიმდიდრე, ჯილდო), გზა დეგრადაციიდან და ტანჯვიდან იმის გაგებამდე, რომ ერთადერთი ნამდვილი ღირებულება - ეს ადამიანია, რომელიც შენს გვერდით დგას, მოდის და მხარს გიჭერს, და ბოლოს, გზა ეს არის გადაწყვეტილება მეტად აღარ დაემონო ბოროტებას.
ეს არის მძლავრი და ძალზედ თანამედროვე ფილმი.
ფრენსის ლოურენსი (Francis Lawrence) ("შიმშილის თამაშების" ყველა ნაწილის რეჟისორი, გარდა პირველისა) კარგად იცნობს ანტიუტოპიის ტერიტორიას. მაგრამ "ხანგრძლივი გასეირნება" - არც ბოევიკია და არც თავგადასავალი. ეს არის იგავი, მისი აზრი შეიძლება გამოვხატოთ რამოდენიმე ფენად.
ზედაპირულ ფენაზე - ეს არის ისტორია სასტიკ კონკურსზე, სადაც მოზარდები სანახაობის გამო იღუპებიან. სოციალური კრიტიკა: ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სხვისი ტანჯვა - კონტენტია.
უფრო ღრმა ფენაზე - ეს არის განსჯა იმის შესახებ, თუ როგორ აქცევს ძალაუფლება ადამიანურ სიცოცხლეს "საზარბაზნე ხორცად", ხოლო თვით მკვლელობას - ნორმად, ტრადიციად, დღესასწაულად. დიქტატორი არც მალავს ძალადობას. ის მას საყოველთაო განსახილველად გამოაქვს - და სწორედ ეს ანიჭებს მის ძალაუფლებას აბსოლუტურ სახეს: ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავენ მკვლელობას, წინააღმდეგობის გამწევნი ვეღარ იქნებიან.
კიდევ უფრო ღრმად - ჩვენი აზრით, იმყოფება ფილმის გული - ეს არის პასუხი კითხვაზე: რა რჩება ადამიანისგან, როდესაც მას ყველაფერს წაართმევენ - თავისუფლება, ღირსება, კონტროლი საკუთარ სხეულზე თუ გადარჩენის იმედი? ლოურენსის პასუხია: რჩება უნარი გიყვარდეს ის, ვინც შენს გვერდითაა. ამ უკანასკნელის გარედან წართმევა შეუძლებელია - ის მხოლოდ თვითონ შეგიძლია გასცე. და სწორედ ამ უნარიდან იბადება უარის თქმის ძალა - არა საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის, ვინც დაკარგე.
ძალიან მოკლედ თუ შევაჯამებთ: რეჟისორის ჩანაფიქრი იმაშია, რომ ადამიანურობა - უსუსურობა კი არ არის, არამედ წინააღმდეგობის უკანასკნელი ფორმაა. სისტემას გათვლილი აქვს იმაზე, რომ სიკვდილის შიში ადამიანებს გათითოკაცებულ, განცალკევებულ კონკურენტებად და პირუტყვებად გადააქცევს. მაგრამ, როდესაც ისინი ამის ნაცვლად ერთმანეთს ხელს უწვდიან - სისტემას ბზარი უჩნდება. შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც. შეიძლება არასაკმარისი მის დასანგრევად, მაგრამ მაინც ბზარი, რომელიც მომავალში დიდ ნაპრალად შეიძლება ექცეს ბოროტების სისტემას.
ნოველისა და ფილმის განხილვა მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
