ხელოვნება - რატომ ქმნის პოპ-კულტურა სერიული მანიაკებიდან მედიავარსკვლავებს? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
რატომ ქმნის პოპ-კულტურა სერიული მანიაკებიდან მედიავარსკვლავებს?
სერიული მკვლელები
სერიულ მკვლელობათა რეალური შემთხვევების რიცხვი არ იზრდება, მაგრამ გამოგონილ ისტორიათა რიცხვი მანიაკებზე - ფილები, სერიალები, ტელეშოუები, პოდკასტები - ყოველწლიურად მატულობს. უმოწყალო დამნაშავეები პოპ-კულტურის საკულტო პერსონაჟებად იქცნენ, მათი დიდება კი მეცნიერთა და თვით მსახიობთა პოპულარობასაც ჩრდილავს.
 
 
***
 
 
მოდი, გავარკვიოთ როგორ ჩამოყალიბდა "მანიაკის" კანონი, როგორი გავრცელებული შეხედულებები არ შეესაბამება სინამდვილეში სერიულ მკვლელებს და საერთოდ, ვის სჭირდება ასეთი "ვარსკვლავები"?
 
ჩვენ ადვილად ვიმახსოვრებთ სერიულ მკვლელთა სახელებს და სწრაფად ვივიწყებთ მათ მსხვერპლთა ვინაობას. ღია სივრცეში არც ისე ბევრია ხელმისაწვდომი სისხლის სამართლის საქმეები, ამიტომ მედია ხშირად ახდენს თვით მკვლელთა ციტირებას, და მსხვერპლს მოიხსენიებს მხოლოდ, როგორც დანაშაულის სცენის სავალდებულო ელემენტს. დამნაშავეს მიაქვს არა მარტო მსხვერპლთა სიცოცხლე, არამედ მათი სახელებიც და ბიოგრაფიაც: მკვლელობის შემდეგ ისინი საუკუნოდ შეერთებულნი არიან მის გაბუქებულ ეგოსთან. პოპ-კულტურის მითებში მსხვერპლი - მხოლოდ ვიღაც სერიული მკვლელის ნამსახურევობის ნუსხაა დიდებისა და პოპულარობისკენ მიმავალ გზაზე.
 
ამ ბოლო დროს ეს ვითარება იცვლება: მკვლელებს უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, რაც ხელს უშლის მათ პოპულარობას, და რასაც ისინი ასე ელტვიან. 2019 და 2021 წლებში ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა არ წარმოთქვა ტერორისტის სახელი, რის არგუმენტადაც დაასახელა ის, რომ ის ამის ღირსი არ არის. 2018-ში ნორვეგიაში ვლადიმირ პოზნერს უფლება არ მისცეს ინტერვიუ ჩაეწერა ბრეივიკთან იმავე მიზეზით. მაგრამ მსგავსი თვითცენზურა - ჯერ კიდევ იშვიათობაა.
 
როგორ ყალიბდებოდა "სერიული მკვლელის კანონი" კულტურაში და რა შედეგი ჰქონდა მას?
 
 
ტერმინ "სერიული მკვლელის" სავარაუდო ავტორად მიიჩნევა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტი და პროფაილერი რობერტ კ. რესლერი. 1970-იან წლებში მან პირველად გაიგო სიტყვა "სერია", რომელიც გამოყენებული იყო დანაშაულებრივ ქმედებებთან (გაუპატიურებათა სერია, ძარცვათა სერია, მკვლელობათა სერია და სხვა) და ანალოგი გაავლო 1930-1940-იანი წლების მოკლე ფილმებთან, რომლებიც "სერიულ თავგადასავლებად" იწოდებოდნენ: კვირიდან კვირამდე მაყურებლები ავსებდნენ კინოთეატრებს, რადგან აინტერესებდათ წარმტაცი ისტორიების ფინალები, მაგრამ ფილმი ყოველთვის მთავრდებოდა კონფლიქტის გადაწყვეტამდე, და მაყურებელს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. რესლერი მიხვდა, რომ დაუსრულებლობის მსგავს გრძნობას განიცდიდნენ დამნაშავენიც, რომლებიც ელტვოდნენ თავიანთი ფანტაზიებიდან ახალი, უფრო სრულყოფილი მკვლელობის ჩადენას.
 
 
ჯეკი-მფატრავი: პირველი "სერიალი" მანიაკზე
 
ჯეკი-მფატრავი გახლდათ ისტორიაში პირველი სერიული მკვლელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საკუთარი იმიჯის შექმნაში, რომელმაც მკვლელობა სისხლიანი პერფორმანსის სტატუსში აიყვანა: მან სკოტლენდ იარდში გამოაგზავნა მხიარული წერილები, რომლებსაც პრესა დიდი ხალისით აქვეყნებდა.
 
ამერიკელი კრიმინოლოგი და ისტორიკოსი სკოტ ბონი ამტკიცებს: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯეკი ლეგენდარული პერსონაჟი გახდა, იყო ის, რომ მისი პიროვნება საბოლოოდ მაინც ვერ დაადგინეს.
 


1889 წლის ბრიტანული გაზეთის მინაწერი იმის შესახებ, რომ ჯეკ-მფატრავი შეიძლება ქალი იყოს
 
 
მფატრავი ფოლკლორულ გმირად გადაიქცა, რადგან არ არსებობდა ფაქტი, რომელიც მკვლელის სახის დემისტიფიცირებას მოახდენდა და პათოსის გრადუსს დაწევდა. დაბნეულმა პოლიციამ, ხარბმა პრესამ და მოწყენილმა ვიქტორიანულმა საზოგადოებამ ამ პროცესში არანაკლები როლი ითამაშეს: ფაქტიური სიცარიელეები ხალისით ივსებოდა იმ ადამიანთა მრავალგვარი ინტერპრეტაციებითა და ვარაუდებით, რომლებსაც ესმოდათ ისტორიები თავზეხელაღებულ დამნაშავეზე. მსგავსად იმისა, როგორც ძველი ადამიანები თხზავდნენ მითებს, რათა აეხსნა აუხსნელი მოვლენები, ინგლისელებმაც შეთხზეს ზღაპრები იმ იმედით, რომ სიმშვიდეს მოიპოვებდნენ.
 
რაღაც მომენტში ჯეკ-მფატრავი ისევე უეცრად და უბრალოდ აითქვიფა ლონდონის ნისლში, როგორც გამოჩნდა (შესაძლოა, ის მაინც გადააწყდა მსხვერპლს, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და არ დაიწყო პოლიციაში თვითკმაყოფილი წერილების წერა).
 
 
მასმედია და დიდების თანამედროვე ტიპი
 
ლეო ბრაუდი, წიგნის "დიდების სიგიჟე: დიდება და მისი ისტორია", ამტკიცებს, რომ ადამიანთა სახელგანთქმულობის უნარი რაღაც ზომით დამოკიდებულია ინფორმაციის გავრცელების მათთვის ხელმისაწვდომ საშუალებებზე. ბეჭდვის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც იმ დროს გაჩნდა, როდესაც უატჩეპელში იდუმალებით მოცული მკვლელობები ხდებოდა, შესაძლებელი გახადა ყოველდღიურად გამოეშვათ გაზეთების მილიონობით ტირაჟი, რომლებშიც გამოძიების ახალი დეტალები იყო მოცემული. ფოტოგრაფირებისა და კინემატოგრაფიის გამოჩენამ XX ს-ის დასაწყისში დიდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ის ვიზუალურ განზომილებაში გადაიყვანა. აქედან ჯეკ-მფატრავი ისტორიაში პირველი სერიული მკვლელი გახდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულობა ერგო.


 
ამ პრეცედენტმა გახსნა პანდორას ყუთი, რომელიც დღემდე ვერ დაგვიკეტავს: ბოლო 20 წლის განმავლობაში სერიულ მკვლელებზე ორჯერ მეტი ფილმი გამოვიდა, ვიდრე გასულ საუკუნეში მთლიანად. პარადოქსალურია, რომ რეალურ მანიაკთა რაოდენობა არ გაიზარდა, სამაგიეროდ გამოგონილ მანიაკთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს: IMDb-ს საიტზე ტეგით "serial killer" 2000-დან 2021 წლამდე ძიება 2712 ფილმს და სერიალს გვაძლევს.
 
მკვლელთა პოპულარობა თვით მეცნიერთა დიდებასაც კი აღემატება, რომლებმაც ისტორიაში კაცობრიობის საკეთილდღეოდ უდიდესი აღმოჩენები გააკეთეს, ასევე რეჟისორთა და მწერალთა დიდებას, რომლებიც პოპ-კულტურის კერპების სტატუსამდე ავიდნენ. მაგალითად, ო. ჯეი სიმპსონი ცნობილი იყო, როგორც აშშ-ს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ თავისი ცოლის მკვლელობაში დადანაშაულების შემდეგ ის უეცრად მსოფლიოში სახელგანთქმული პიროვნება გახდა.
 
წიგნის "თანდაყოლილი სახელგანთქმულობა" ავტორის დევიდ შმიდის თქმით, დიდებისადმი დამოკიდებულება ბოლო 100 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. ახლა, ცნობილი რომ გახდე, სავალდებულო არ არის ფლობდე რაიმე ტალანტს ან გაგაჩნდეს რაიმე მიღწევა - საკმარისია უბრალოდ ყველას დასანახად იყო, გამოსაჩენ ადგილას. ზღვარი "კეთილსა" და "ცუდ" დიდებას შორის ასევე წაიშალა. ამგვარად, დამნაშავეობამ არა თუ არ გახდა წინაღობა დიდების გზაზე, მან თითქმის გარანტირებულ ჰყო იგი. თუმცა, ეკონომისტი ტაილერ კოუენი შეგვახსენებს, რომ მრავალი "გმირი" უბრალოდ სახელგანთქმული გახდა არა კეთილი საქმეებით: ისინი იყვნენ მატყუარები, მძარცველები და მკვლელები.
 
 
სერიული მკვლელის სახე კინოში
 
1992 წელს ფილმმა "კრავთა დუმილი" ხუთ ძირითად კატეგორიაში "ოსკარი" დაიმსახურა. განიბალ ლექსტერის როლი ენტონი ჰოპკინსის სავიზიტო ბარათი გახდა, ხოლო თვით სურათი - მსოფლიო კინოს კლასიკა.
 
მონაწილეობა მიიღიო რა ფრანშიზის მეორე და მესამე ნაწილბეში, ავტორმა მომდევნო გადაღებებზე უარი თქვა, რადგან განაცხადა, რომ სამი ფილმი მანიაკზე - ეს, საკმაოზე მეტია. სცენარისტმა ტედ ტელიმ, რომელმაც "კრავთა დუმილის" სცენარი დაწერა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება ამიერიდან სერიულ მკვლელებზე სცენარები არ დაეწერა.
 
მიუხედავად ამისა მრავალი ნიჭიერი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი და მსახიობი წლიდან წლამდე ქმნის ჟრუანტელის მომგვრესლ ნარატივებს და მანიაკთა სახეებს, რომლებიც მეხსიერებას თაობების განმავლობაში რჩება. ჩვენს წარმოსახვაში იხატება რომანტიზირებული მონსტრის სახე, რომლითაც საიდუმლოდ აღფრთოვანებულები ვართ და გვეშინია.
 
პოპულარული მედიის წყალობით ჩვენში ჩამოყალიბდა სტერეოტიპული მანიაკის საკმაოდ სპეციფიკური პორტრეტი: სექსუალურად შეწუხებულან საზოგადოების მიერ გარიყული ზრდასრული მამაკაცი - ამაზრზენი გარეგნობის მარგინალი, რომელიც შურს იძიებს კაცობრიობაზე. ეს, როგორც ჩანს, საკმარისია, რათა გამოიკვებოს ჩვენი "შინაგანი დანინგ - კრიუგერი" და დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრბოში გამოვყოთ დამნაშავე და გავხდეთ მისი მორიგი მსხვერპლი. მაგრამ ეს ასე არ არის.
 
რამდენად შორსაა ეკრანული მკვლელი რეალური დამნაშავისგან?
 
 
მითი 1: ყველა სერიული მკვლელი - მამაკაცია
 
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი გახლავთ ის, რომ ქალები თითქოსდა არ ჩადიან სერიულ მკვლელობებს. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა მართლაც ქალები არიან, ყველა სერიული მკვლელი - მამაკაცი როდია. რეალურად აგრესია სქესზე არ არის დამოკიდებული და სოციალურად განპირობებულ ქცევას წარმოადგენს.
 
ქალი-მანიაკები ჩვეულებრივად ირჩევენ მკვლელობის "ჩუმ" და სწრაფ მეთოდებს. მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ჰკლავენ უცნობებს, ისინი ხელყოფენ ოჯახის წევრებს, სწორედ ამიტომ, ანუ სისხლიანი სპექტაკლის არარსებობის გამო, ქალ-მკვლელთა სახელები ასე იშვიათად გვხვდება პრესის სათაურებში. ჩვენ არ გვახასიათებს ქალში მკვლელის დანახვა კიდევ იმიტომ, რომ ჩვენს კულტურაში ქალს უკვე განეკუთვნა მსხვერპლის როლი.
 
მკვლელი-ქალის კრიმინალური პროფილიდან გამონაკლისი გახდა ეილინ ორნოსი, რომელიც ფილმში "მონსტრი" განასახიერა მსახიობმა შარლიზ ტერონმა. ერთ წელიწადში ეილინმა მოკლა შვიდი მამაკაცი, რომლებსაც მისი სექსუალური მომსახურეობით სარგებლობა სურდათ. ეილინის მასობრივ ცნობიერებაში გამოჩენამდე ასეთი მკვლელი-ქალის თვითგამანადგურებელი სახე არ არსებობდა. ქალი კრიმინალურ ისტორიაში შეიძლებოდა ყოფილიყო ან მსხვერპლი, ან მკვლელის მეგობარი, რომელიც მან მანიპულაციებით აიძულა წამოსულიყო სისხლიან საქმეზე. სკოტ ბონი მიიჩნევს, რომ ეილინი პოპ-კულტურაში პოპულარული გახდა სწორედ იმიტომ, რომ პირველი ქალი იყო, ვინც კლავდა, "როგორც მამაკაცი".
 
 
მითი 2: სერიული მკვლელები - ამაზრზენი ტიპები არიან
 
ამაზრზენი გარეგნობის მქონე ალკოჰოლიკ-აბიუზერისგან განსხვავებით, როგორიც იყო ფრიც ჰონკი, მრავალი სხვა სერიოული მკვლელი გარეგნულად არც კი განსხვავდებოდა გარშემომყოფ ადამიანთაგან. მათ ჰყავთ ოჯახი, სამუშაო, სახლი, და არავინ, ახლობლების ჩათვლით, არც კი ეჭვობს მის ბნელ მიდრეკილებებზე.


 
თავის დაპატიმრებამდე დენის რეიდერი სანიმუშო მეოჯახე და ორი შვილის მამა გახლდათ. ის სახელმწიფო მოხელე, თავისი ეკლესიის კონგრეგაციის საბჭოს პრეზიდენტი და ბოისკაუტების ლიდერი იყო. მაგრამ მისი ალტერ-ეგო სხვებზე შეუზღუდავ კონტროლსა და ძალაუფლებას ესწრაფვოდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ, ადამიანის ფოტოსურათზე დაკვირვებით, ჩვენ, 39 მილიწამზე ნაკლებ დროში, ვიღებთ გადაწყვეტილებას ვენდოთ თუ არა მას.
 
როდესაც ფსიქოლოგი სტივენ პორგერმა ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვა შეეფასებინათ ნობელის პრემიის ლაურეატებისა და სერიული მკვლელების ფოტოები შკალით "კეთილმოსურნეობა - აგრესიულობა", მან შეამჩნია, რომ გამოსაცდელებმა იმაზე უკეთ ვერ შეასრულეს დავალება, ვიდრე ეს ხდება მონეტის აგდებისა და მისი მხარის გამოცნობის დროს. მკვლელთა მხოლოდ 49 % იყო იდენტიფიცირებული, როგორც საშიში, ნობელის პრემიის ლაურეატთაგან კი უწყინარ ადამიანებად იდენტიფიცირებული იყო 63 %.
 
ყოველივე ბუნდოვანი ჩვენში შინაგან დაძაბულობას იწვევს: უჩვეულო ქცევა, უადგილო ემოციური რეაქციები და ეგზოტიკური გარეგნობაც კი. ჩვენ ვიბნევით, როდესაც არ შეგვიძლია გავიგოთ, უნდა გვეშინოდეს თუ არა ვინმესი. მრავალი სერიული მკვლელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეჭვს გარეშე რჩებოდა სწორედ მიმიკრირებისა და სოციალური ნორმების დაცვის გასაოცარი უნარის გამო.
 
 
მითი 3: ყველა სერიული მკვლელი - გენიალური ბოროტმოქმედია
 
შეცდომაა ფიქრი, რომ ყველა სერიული მკვლელი - დახვეწილი გენიოსია. ასეთი აზრი გაჩნდა პოპულარული კინოგმირებისა და მათი თავსატეხი მკვლელობების წყალობით, რომელთა გახსნა გამოცდილ გამომძიებლებსაც კი არ ძალუძთ. გენიალური მკვლელები, როგორებიც არიან ჰანიბალ ლექსტერი და დექსტერ მორგანი მუდმივად ქმნიან ბუნდოვან, გაურკვეველ სიუჟეტურ გადახვევებს, და მაყურებელს ისტორიის განვითარების ცქერას აიძულებენ.
 
მაგრამ სერიულ მკვლელობებთან დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სერიული მკვლელის IQ-ს საშუალო მნიშვნელობა მხოლოდ 94,5 ქულას წარმოადგენს (ეს არის ადამიანთა უმრავლესობის ნორმა მთელ პლანეტაზე, გენიალურობა ვეკსლერის შკალით იწყება 130 ქულიდან და ზემოთ). მაგრამ, რაოდენ რთულია ამის დაჯერება, როდესაც ეკრანზე ხედავ ბრწყინვალედ განათლებულ ფსიქიატრს და ქირურგს, რომლებსაც გააჩნიათ დახვეწილი გემოვნება კულინარიასა დ ხელოვნებაში, ან აკვირდები მაღალი კლასის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, რომელიც მთელი რვა სეზონის განმავლობაში ორმაგ ცხოვრებას ეწევა.
 
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისტორიკოსი პიტერ ვრონსკი ჩვენს ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ყველა სერიული მკვლელი ფლობს მხეცურ მზაკვრობას, რომელსაც ჩვენ ინტელექტად მივიჩნევთ. ისინი არიან მონადირეები, რომლებშიც კარგად არის განვითარებული მანიპულირებისა და ადამიანის სისუსტეებზე თამაშის უნარები.
 
სერიულ მკვლელებს მოუხელთებელთ ქმნის არა ინტელექტი, არამედ აკვიატებული იდეა, დანაშაულის დეტალური დაგეგმარება და ცივსისხლიანობა, ხშირად პიროვნების ფსიქოპათიურობა.
 
 
მითი 4: ყველა სერიული მკვლელი - ფსიქიური ავადმყოფია
 
ჟურნალისტები ხშირად სისხლიან დანაშაულობებს დამნაშავის ავადმყოფური ცნობიერებით ხსნიან. ასეთი მიდგომა, რომელსაც ეჭიდებიან გართობის ინდუსტრიის სცენარისტები და პროდუსერები, არა მარტო არ ასახავს საქმის რეალურ ვითარებას, არამედ აძლიერებს ისედაც იოლად მოწყვლადი და ფსიქიურად დაავადებული ადამიანების სტიგმატიზაციას. ისეთი ფილმების წყალობით, როგორიცაა ჰიჩკოკის "ფსიქო", რომელიც კინოკლასიკად არის აღიარებული, დარწმუნებულნი ვართ, რომ სერიუილ მკვლელები თავიანთ წარმოუდგენელ დანაშაულობებს ახდენენ შიზოფრენიის, იდენტობის დისოციაციური აშლილობისა და ფსიქოზის გავლენით.
 
დოქტორი ჯულია შოუ, წიგნის "ბოროტების ფსიქოლოგია" ავტორი, მიიჩნევს, რომ სერიული მკვლელები ხშირად მოქმედებენ პიროვნების ისეთი ანტისოციალური აშლილობით, როგორიცაა ფსიქოპათია, რომელიც არ მიიჩნევა ფსიქიურ დაავადებად და არავის ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ "ფსიქოზის მდგომარეობაში ყოფნა" და "ფსიქოპათად ყოფნა" - ერთი და იგივე სულაც არ არის.
 
ფსიქოზს, ან ფსიქოტიურ აშლილობას, უწოდებენ ფსიქიურ დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს კონტაქტს რეალობასთან: ეს შეიძლება გამოვლინდეს სენსორულ ჰალუცინაციებში და აკვიატებულ აზრებში. ხოლო ფსიქოპათიური ტიპის ადამიანი შეგნებულად მიდის დანაშაულზე, და სრულად აქვს შეგნებული, თუ როგორ შედეგებს გამოიწვევს მკვლელობა (ამიტომაც ცდილობს ისე გააკეთოს, რომ ეს შედეგები რაც შეიძლება გვიან დადგეს).
 
 
ფსიქოპათი ტედ ბანდი მიმართავდა ხრიკს სახელწოდებით "ლამაზმანი გაჭირვებაშია". ის ხელზე იკეთებდა ცრუ გიპსს და თავიანთ გულუბრყვილო მსხვერპლს დახმარებას სთხოვდა. ის იმდენად ქარიზმატული და საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული პირი იყო, რომ თითქმის ვერავინ ეუბნებოდა უარს თხოვნაზე.
 
ფსიქიური და ქცევითი აშლილობების საერთაშორისო კლასიფიკაციაში (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10) პიროვნების აშლილობა აღწერილია, როგორც "ქცევის ღრმად გამჯდარი და მყარი მოდელი, რომელიც ვლინდება არამოქნილ რეაქციაში პირად და სოციალურ ვითარებებზე"; ეს აშლილობა წარმოადგენს "უკიდურეს ან მნიშნელოვან გადახრას იმისგან, რასაც საშუალოდ სტატისტიკური ადამიანი მოცემულ კულტურაში აღიქვამს, ფიქრობს, გრძნობს და სხვებთან კავშირურთიერთობებში აყალიბებს.
 
გენეტიკურად ფსიქოპათია დაკავშირებულია ტვინის უბნების განუვითარებლობასთან, რომელიც პასუხს აგებენ იმპულსებისა და ემოციების კონტროლზე. მაგრამ ფსიქოპათიისადმი ბიოლოგიურად განწყობილი ყველა ადამიანი როდი ხდება სერიული მკვლელი.
 
მკვლელ-ფსიქოპატთა ტვინის მრავალწლიანი შესწავლის შემდეგ ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჯიმ ფელონმა დაინახა მკვლელის პათოლოგიური ტვინის ნიშანდობლივი სკანი. აღმოჩდა, რომ ეს იყო მისი ტვინის სკანი, მაგრამ რადგან მას არასოდეს არავინ მოუკლავს და არავისზე უძალადია, ფელონმა ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ორიგინალური ჰიპოთეზა ფსიქოპატთა ტვინის ჰეიროაქტიურობის შესახებ, სანამ არ შეიტყო, რომ მის ოჯახში იყო რამოდენიმე კაცი, რომლებმაც, სავარაუდოდ, ვიღაც მოკლეს.
 
თუკი ფსიქოპათიური ტვინის მქონე ადამიანთაგან ყველა არ კლავს და არ ფატრავს ადამიანებს, მაშ, რითი არიან დანარჩენები დაკავებულნი? მართავენ ბიზნესს, მეთაურობენ პოლიტიკურ პარტიებს, მუშაობენ სამართალდამცავ ორგანოებში, მიჰყავთ ტელეშოუები და აწარმოებენ სამეცნიერო გამოკვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოპათებს არ შეუძლიათ განიცადონ ემოციური მიდრეკილება და თანაგრძნობა სხვებისადმი, ისინი კარგად ფლობენ განვითარებულ სოციალურ ჩვევებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს წარმატებას მიაღწიონ საზოგადოებაში, და ხელსაყრელ ვითარებებში გახდნენ კანონმორჩილი, მშვიდობიანი მოქალაქეები.
 
 
ახდენს თუ არა მედია გავლენას ახალი მკვლელების გამოჩენაზე?
 
კრიმინალური სამართლის სოციოლოგმა ლორენ ფეგლიმ ესსეში "მხატვრული ლიტერატურა და რეალობა: სერიული მკვლელები, როგორც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის პროდუქტი" გააანალიზა რეალური და გამოგონილი დამნაშავეების გავლენა ერთმანეთზე. მან შენიშნა, რომ, თუმც მანიაკებს ამოძრავებთ სურვილი გარშემომყოფებს დაუმტკიცონ თავიანთი სხვაგვარობა, რის გამოც აღასრულებენ "უნიკალურ" დანაშაულობებს, ამ გზაზე ამოსავალი წერტილი ყოველთვის მდებარეობს მათი კუმირებში ფილმებიდან, წიგნებიდან, და რეალური მკვლელების ინტერვიუებიდან.
 
ლორენი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი მკვლელი ელტვის გამაოგნებელი დანაშაულის ჩადენას და თავისი მსხვერპლის მკაცრ აღრიცხვას მისდევს (ზოგჯერ აღიარებს იმ მკვლელობებსაც, რომლებშიც მას არ ადანაშაულებდნენ, - უბრალოდ სიმრავლისთვის) არა იმდენად იმიტომ, რომ მათ მართლაც მოსწონთ ზღვარგადასული სისასტიკე, არამედ იმისთვის, რათა საზოგადოებაში ანტიგმირებად იქნენ აღიარებულნი.
 
რუსულ კრიმინალურ პრაქტიკასი ცნობილი მანიაკი-მოჭადრაკე, რომელმაც მოკლა ათეულობით ადამიანი, მისდევდა ერთადერთ მიზანს: ეჯობებინა ჩიკატილოსთვის - სერიული მკვლელის ეროვნული "ეტალონისთვის".
 
შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რომელი ფაქტორი (ან მათი შეხამება) მოახდენს გავლენას ახალი სერიული მკვლელის "ფორმულაზე". მაგრამ ჩვენი აშკარა უძლურება გარდაუვალის წინაშე არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ვიცოდეთ ურთიერთკავშირი რეალურსა და გამოგონილს შორის.
 
იმის გამო, რომ სერიული მკვლელები გარდაიქმნებიან  უკანასკნელი ცნობების და გასართობი ტელეშოუების გროტესკულ კარიკატურებად, ჩვენს ცნობიერებაში იშლება ზღვარი სიმართლესა და იმას შორის, რაც ჯერაც არ გამხდარა რეალობა, მაგრამ შეიძლება გახდეს. არ არის გასაკვირი, რომ ჰანიბალ ლექტორს ჟურნალებში ციტირებდნენ, როგორც რეალურ ადამიანს, და სრულიად უგულებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ის არსებობდა მხოლოდ ეკრანზე.
 
გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ქცევითი კვლევების განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ სერიული მკვლელები ბავშვობიდან აპროგრამებენ საკუთარ თავს მკვლელობის ჩადენაზე, და ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მჭიდროდ იხვევენ ყელზე აკვიატებული ფანტაზიის მარყუჟს. ფანტაზია მოცემულ კონტექსტში - ეს არის მენტალური ფიქსაცია, რომელიც მუდმივი განმეორებების ხარჯზე სულ უფრო ძლიერ იდგამს ფესვებს ცნობიერებაში. მისი განცდა შეიძლება აზროვნებითი სახეებით ან გრძნობებით.
 
მენტალური ფიქსაცია ფსიქიკაში იმისთვის არსებობს, რათა თავიდან მოშორებულ იქნას მშფოთვარება და შიში, და ნორმაში ისინი ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის სადისტური ფანტაზიები დროთა განმავლობაში შეიძლება რეალობიდან გაქცევის საშუალება გახდეს - განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც სასტიკ მოპყრობას განიცდიან. თუკი მათ არ ჰყოფნით ნდობითი კონტაქტი გარემომცველ ადამიანებთან, მათ შეიძლება თავიანთი ფანტაზიები ინტერნალიზირებულ ჰყონ და მათი რეალიზების სურვილებით გაიზარდონ.
 
თავიანთი პირველი დანაშაულის ჩადენისას, მკვლელები საბოლოოდ შლიან ზღვარს ფანტაზიასა და რეალობას შორის - და ამას საკუთარი შეგნებული მოსურვებით აკეთებენ. სწორედ ამ აზრთან მარტოდმარტო დარჩენაა ყველაზე საშინელი.
 
რეალური ფაქტები საფუძვლად ედება გამონაგონს, ხოლო გამონაგონი ჩვენს ცნობიერებაში ქმნის პოპულარული ანტიგმირის სახეს - ჩნდება დადებითი უკუკავშირის მარყუჟი. ქმნის რა რომანტიკულ ორეოლს სერიული მკვლელის ფიგურის გარშემო, პოპ-კულტურა ზრუნავს იმაზე, რათა ვიცოდეთ ისინი, ვინც მილიონთა მეხსიერებაში დარჩენა "დაიმსახურა".
 
 
სენსაციის მოქმედი პირები
 
ყოველ პოპულარულ დრამაში სერიული მკვლელის შესახებ ყოველთვის ერთი და იგივე პერსონაჟებია: არაადამიანი მანიაკი, მდუმარე მსხვერპლი, უშიშარი სამართალდამცავი, სენსაციას მოწყურებული რეპორტიორი და, რა თქმა უნდა, ჩვენ, სისხლსმოწყურებული მაყურებლები. რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდნენ სხვადასხვა სოციალური მოთამაშეები, როდესაც მიმდინარე მოვლენების საკუთარ ვერსიებს გვთავაზობენ? შესაძლოა, ყოველი მათგანი პირადი მოტივებით გარკვეულწილად აჭარბებდეს სერიული მკვლელის ფენომენის გრანდიოზულობას.
 
მაყურებელი. ჩვენი დაუოკებელი სურვილი რაც შეიძლება მეტი გავიგოთ სერიული მკვლელის წარსულსა და აწმყოზე - თუ რამ მოახდინა მასზე გავლენა და, როგორ და რატომ ჰკლავდა იგი - განპირობებულია იდუმალებაში წვდომის, აუხსნელის ახსნის ადამიანური მოთხოვნილებით, რათა მოაწესრიგოს ქაოსი და მოხსნას დაძაბულობა. მედია და გართობის ინდუსტრია მოხერხებულად იყენებს ჩვენს შიშებს და ბნელ მიდრეკილებებს, ამიტომაც წარმატებით ჰკვებავს ჩვენსავ მხეცურ ცნობისმოყვარეობას, რათა ყურადღება მიაპყროს მორიგ დოკუმენტალურ ფილმს ან ჰორორს.
 
ხელისუფლება. საზოგადოებაში პოლიცია "უფროსი ძმის" როლს ტამაშობს, რომელიც გაჭირვების შემთხვევაში დასახმარებლად მოდის და საქმეს გაარკვევს დამნაშავესთან. როდესაც სცენაზე გამოდის მკვლელი, პოლიცია მოქალაქეებს აჩვენებს, რომ ებრძვის ბოროტებას. რაც უფრო გვეშინია ჩვენ მანიაკების, მით მეტად იზრდება ჩვენს თვალში უშიშარი დამცველების სტატუსი. ხელისუფლება ხომ იმაშია დაინტერესებული, რათა გვახსოვდეს, რაოდენ უსუსურები ვართ მისი არარსებობის შემთხვევაში. მოუხელთებელი სერიული მკვლელების გაბუქებული პერსონები და უხილავი საშიშროების მუდმივი შეგრძნება ბრწყინვალედ ესადაგება ამ მიზანს.
 
ჟურნალისტები. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერაფერს შევიტყობდით დანაშაულზე და აღსრულებულ მართლმსაჯულებაზე, რომ არა მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც რეგულარულად ჩნდებიან სცენაზე. ზედაპირული ჟურნალისტიკა ისტორიებს ირჩევს პრინციპით "მეტი სისხლი - მაღალი რეიტინგი". რაც უფრო ძლიერია ემოციების დაძაბულობა, მით მეტია მკითხველი და გაყიდვები.
 
ჟურნალისტი და მწერალი ჯეფ კამენი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები, თავიანთი დიდებისმოყვარებითი მიზნების გამო, არცთუ იშვიათად ქმნიან მონსტრების ჰიპერტროფირებულ სახეებს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამაში დამნაშავე პიროვნული დეფორმაცია და დისოციაცია ან ბრმა თავდაჯერებულობა საკუთარ კეთილ მიზნებსა და პროფესიულ მოვალეობაში - სენსაციური რეპორტაჟების ავტორები არ ითვალისწინებენ პუბლიკაციათა შედეგებს არც დაღუპულთა შემთხვევით გადარჩენილი ოჯახებისთვის, და მთლიანობაში არც მთელი საზოგადოებისთვის.
 
დამნაშავეები. ასეთი განლაგება მკვლელთა გეგმაშიც შედის, რომლებიც წლების განმავლობაში დამალობანას ეთამაშებოდნენ პოლიციას, ახლა კი შეუძლიათ ჩაბარდნენ მართლმსაჯულებას და თავი მოიწონონ პრესის წინაშე. ეხმარებიან რა მედიას და სამართალდამცავებს რაც შეიძლება მეტად გააბუქებინონ თავიანთი პერსონა, ისინი ერთდროულად აღწევენ სამ მიზანს:
 
შესაძლებლობა ეძლევათ თავი მოიწონონ მკვლელობებით, რომლებითაც ამაყობენ;
 
ამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას;
 
იწვევენ შეძრწუნებას და სიძულვილს საზოგადოებაში, რითაც ანუგეშებენ თავიანთ ეგოს.
 
პოპულარობა ყოველთვის ნიშნავს აღიარებას, და არა აქვს მნიშვნელობა, "ნათელ" მხარეს მიდის თამაში თუ "ბნელ" მხარეს.
 
მსხვერპლი. სცენიდან თუ გავიყვანთ დამნაშავეს, მართლმსაჯულებას და პრესას, ჩვენ პირისპირ დავრჩებით მსხვერპლთან. ზუსტად ისევე, როგორც პოტენციური მკვლელები ხვდებიან იდეალური დანაშაულის თავიანთი ფანტაზიების მარყუჟში, პოპ-კულტურაც "სამართლიანი გამდიდრების" გამო ხვდება პროდაქშენ-მარყუჟში, რათა აუდიტორია "თრუ-კრაიმ-პორნო"-თი დატკბეს. შესაძლოა ჩვენს შორის უფრო მეტი იყოს მანიაკი, ვიდრე ვფიქრობთ. ბოლოს და ბოლოს, სიტყვა "მანიაკის" ერთ-ერთი განსაზღვრებაა - ადამიანი, რომელიც შეპყრობილია რაიმეს მიმართ დაუოკებელი ვნებით.
 
სიკვდილის შემდეგ ადამიანი იქცევა უბრალო გვამად, ხოლო ნებისმიერი გავამი სწრაფად იქცევა კონტენტად. ჩვეულებრივ ეკრანზე მიმდინარე სისასტიკეს არ აღვიქვამთ როგორც ჩვენი რეალობის ნაწილს. რადგან, როგორც კი დასახიჩრებული სხეულის მიღმა დავინახავთ ნამდვილ ადამიანს, რომლის სიცოცხლე ძალადობრივად შეწყვიტეს, თრუ-კრაიმი კარგავს თავის სილაღეს.


 
მანიაკების ტიპაჟები დიდი ხანია გადაქცეულია მერჩენდაიზად (ინგლ. ნიშნავს "გაყიდვას", "წინ წაწევას" – "აპოკ." რედ.): ასე, მაგალითად, სილიკონის ჰანიბალ ლექტერი ერთ თაროზე დგას მიკი მაუსთან ერთად. ყველაფერი, რაც უკავშირდება დანაშაულს ან მკვლელის პიროვნებას, შეიძლება გამოყენებულ იქნას, იქნება ეს მისი ნათესავი თუ ნაცნობი, მოკლულთა ოჯახები, მოწმეები თუ თვითმხილველები, ან ნებისმიერი არტეფაქტი დანაშაულის ადგილიდან.
 
მკვლელები იტაცებენ უბედური უცნობი ადამიანების სიცოცხლეებს, სახელებს და ბიოგრაფიებს, ჩვენ კი, როგორც საზოგადოება მათ საკუთარ უფლებებში ვაბრუნებთ, და მათგან ვქმნით საქონელს, რისთვისაც ვამახინჯებთ და ვაუსახურებთ მათ ისტორიებს, ვათავსებთ რა "ნეტფლიქსის" ფილმებისა და სერიალების, წიგნების, ჟურნალების, პოდკასტებისა და ტელეშოუების უწყვეტ ნაკადში.
 
ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება გვეშინოდეს იმისი, რისი ფლობაც შეგვიძლია?
 
წყარო: kramola.info
Назад к содержимому