Перейти к контенту

განმარტება - "… და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე" (გამოცხ. 14:19-20) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"… და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს,
აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე"
 
(გამოცხ. 14:12-13)
"დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე" (გამოცხ. 14:19–20).
 
 
როგორც წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, უკეთურების ნაყოფთა უკანასკნელი მკის აღწერა, რომლითაც მთავრდება გამოცხადების წიგნის 14-ე თავი, ნაწილობრივ შეესაბამება ჩვეულებრივი ღვინის დაწურვის პროცესს, - ამიტომაც მაცხოვრის მიერ ხორბლის მკის აღსრულების შემდეგ ზეციური ტაძრიდან გამოსული ანგელოზი მიწაზე ჭრის ვაზს, რომელზეც, როგორც ითქვა, "მომწიფდა... მტევნები" (გამოცხ. 14:18). შემდეგ ეს მტევნები თავსდება ერთგვარ ჭურჭელში, რომელსაც მეღვინეები "საწნახელს" უწოდებენ, სადაც ის "დაიწნეხოს", რათა მტევნებისგან ყურძნის წვენი გამოიწუროს.
 
მაგრამ ჩვეულებრივი ყურძნის მოკრეფისგან განსხვავებით უკეთურების ნაყოფთა მკისას ანგელოზი იყენებს მძაფრ ნამგალს, და ყურძენს ჭრის "მიწაზე", რაც შეიძლება გავიგოთ არა მხოლოდ როგორც მითითება "მოსავლის აღების ადგილზე", არამედ, როგორც მოწმობა მოსავლის აღების მეთოდზე, რომლის დროსაც ყურძენი იჭრება ვაზთან ერთად. ასე რომ არა მარტო "უკეთური მტევნები", არამედ თვით ვაზიც, რომელსაც მსგავსი მტევნები გამოაქვს, დედამიწაზე არ დარჩება (შეად.: ფსალმ. 20:9:11 და ა. შ.).
(რადგან უკეთურების ნაყოფთა მკა ხდება უკვე იმის შემდეგ, რაც კეთილი ნაყოფები, ანუ ბიბლიური "ხორბალი", აღებულია და "ზეციურ ბეღელშია" დაბინავებული, - "უკეთური ვაზი", რომელიც ნამგლით "ძირშივე" იჭრება, ემსგავსება თივას, ანუ ცარიელ და უსარგებლო ნარჩენს, რომლის ცეცხლზე მიცემისთვის მოწმობენ, როგორც ახალაღთქმისეული, ასევე ძველაღთქმისეული ტექსტები (მთ. 3:11-12; ლკ. 3:16-17; მალ. 4:1 და სხვა).
ასეა თუ ისე, ვადებისა და ჩვეულებრივი ღვინის დამზადების ყველა მსგავსება 14-ე თავში შემოიფარგლება "გვიანდელი ყურძნის მოჭრით" და "მისი საწნახელში დაწნეხვით", - ხოლო შემდეგ ყოველ აზრობრივ დეტალში, რომელიც უკანასკნელ მკასთან არის დაკავშირებული, ყველაზე გლობალური მასშტაბები და მნიშვნელობები იხსნება.
 
ასე, მაგალითად, ის ადგილი, სადაც "იყრება" (და არ "იკრიბება") ნამგლით მოჭრილი ყურძენი, "ღვთის რისხვის ვეება საწნახელად" იწოდება, - ამიტომაც უეჭველია, რომ ლაპარაკია არა რომელიღაც განმეორებად მოვლენებზე, არამედ ერთადერთ და საბოლოო მკაზე, რომელიც ძველი სამყჰაროს უკანასკნელ დღეს აღსრულდება (მთ. 13:37-43).
 
ეს ადგილი, როგორც ითქვა, იმყოფება "ქალაქგარეთ", რაც ხაზს უსვამს ბიბლიური "მრისხანების საწნახელის" წარმოუდგენელ ზომასაც. მაგრამ კიდევ უფრო არსებითია ის ვითარება, რომ "ცეცხლის გეენას", რომლის შესახებაც მოწმობენ სინოპტიკური სახარებები, ისრაელის მიწაზე გააჩნდა თავისი ხილული ხატება, კერძოდ ენომის ველი, რომელიც პირდაპირ იერუსალიმის სამხრეთი კედლების, ე. წ. "ნეხვის კარიბჭეთა" მიღმა იწყებოდა (ანუ ბუკვალურად "ქალაქგარეთ", შეად.: გამოცხ 14:20; იერ. 25:33). თავიდან ეს ველი წარმოადგენდა ჩვეულებრივი ბუნებრივ ხევს, - მაგრამ განსაზღვრული დროიდან მისი გამოყენება დაიწყეს დანაშაულისთვის დასჯილთა დასამარხად, ასევე ყოველივე უწმინდურის დასაწვავად. და რადგან ამის გამო ეს ხევი ქალაქის უზარმაზარ სანაგვედ იქცა, სადაც მუდმივად ბჟუტავდა ცეცხლი და ხრჩოლავდა კვამლი, - მაცხოვრის სიტყვა გეენის დაუშრეტელ ცეცხლზე, რომელიც ელოდება უკეთურებს და ურჯულოებს "უწმინდურ ადგილას" (შეად.: ლევ. 14:43-45), ძველი იერუსალიმის მცხოვრებთათვის სრულიად თვალსაჩინო და ხელშესახები აზრის მქონე რამეს წარმოადგენდა (შეად.: ეს. 66:24; მთ. 10:28; 23:33; მკ. 9:43-48).
 
არქიმანდრიტ ნიკიფორეს ბიბლიური ენციკლოპედია:
 
მეფე იოსიამ, მოსპო რა კერპთაყვანისმცემლობა, შებილწა ეს ადგილი - მასში დაიწყეს ქალაქის უწმინდურობების გადაყრა, კერძოდ, იქ აგდებდნენ ადამიანის ძვლებს, დასჯილ დამნაშავეთა გვამებს და დაცემულ პირუტყვს. იმისთვის, რათა სიმყრალე მოესპოთ და ქალაქიც დასნებოვნებისგან დაეცვათ, ამ ხევში მუდმივად ენთო ცეცხლი, და ამიტომაც ეს ადგილი შემდეგში ცეცხლის გეენად იწოდა, და ისრაელელთა შეძრწუნებისა და ზიზღის ადგილი გახდა.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "უკანასკნელი მკის საწნახელი", სადაც ჩაიწნიხება "უკეთური ყურძენი", შემთხვევით როდია განლაგებული ზეციური იერუსალიმის მიუწვდომელი კედლების მიღმა (რომლებიც, როგორც უკვე ადრე აღინიშნა, აგებულია "ზეციური ქვვებისგან", პირმშოთაგან, რომელთაგან 144 000 არის "გამოსყიდული" გამოცხ. 14:1-3-დან), რადგან სწორედ "ქალაქგარეთ" უნდა იყოს ის "უწმინდური ადგილი", რომელიც გამზადებულია სულიერი კეთრისგან განუწმენდელი ნარჩენებისთვის (შეად.: ლევ. 14:33-57; ზაქ. 5:4),  ასევე ყველა იმათთვის, ვინც ამ სახლს სიბინძურითა და ურჯულოებით ავსებს, შეად.:
 
"მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 21:25-27).   
 
"ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან" (გამოცხ. 22:15).
 
ეს კი ნიშნავს, რომ 14-ე თავის ბოლო მუხლებში აღწერილია წინასწარმეტყველური ცნობის პირდაპირი აღსრულება "ცეცხლსა და გოგირდში" ტანჯვის შესახებ, რომელმაც ოდნავ ადრე "შუა ცაში მფრინავი" ერთ-ერთი ანგელოზისგან გაისმა, და ზუსტად შეესაბამება "ცეცხლის გეენის" ხატებასა და ცნებას, შეად.:   
 
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).
(სიტყვამ მოიტანა და, გამოცხადების წიგნის 11-ე თავში ზუსტად არის მონიშნული მკის იგივე "თანმიმდევრობა" და იგივე მსოფლიო მნიშვნელობები: ჯერ ორი მოწმე ადის ცაში ღრუბლით, ანუ აღსრულდება "ხორბლის მკა" (გამოცხ. 11:12) - შემდეგ დედამიწაზე ზეციური იერუსალიმის კედლებს მიღმა დარჩენილ "გაშმაგებულ წარმართებზე" იღვრება ღვთაებრივი რისხვა, რის შედეგადაც უკეთურთა და ურჯულოთა სისხლი "დედამიწაზე იღვრება ქალაქის საზღვრებს მიღმა" (გამოცხ. 11:13-18).
რაც შეეხება "ღვინის საწნახელის" ბიბლიურ ხატებას, - მასში გამოცხადების 14-ე თავში აღსრულდება და მთავრდება მნიშვნელოვან ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა მთელი რიგი, რომელთაგან თითოეული იუწყებოდა რისხვის დღეს, ჟამთა აღსასრულს და უკანსკნელი დღის სამსჯავროს, შეად.:

"უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე. ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე" (იერ. 25:30-33).

რადგან იერემია, და სხვა წინასწარმეტყველები "დიდი საწნახელის" მოწმობას უკავშირებენ "დამსჯელი მახვილის" ხატებას, - "უკეთურების ნაყოფთა მკის" მოვლენებში იკითხება უკანასკნელი მსოფლიო ბრძოლა სრულიად განსაკუთრებულ "სამსჯავროს ველზე", რომელიც გამოცხადებაში მონიშნულია, როგორც "ადგილი, რომელსაც ებრაელებრ არმაგედონი ეწოდება" (გამოცხ. 16"16), შეად.:

"გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი. სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო! იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები! გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე (იოვ. 3:9-14).
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ ის საგანი, რომელსაც წინასწარმეტყველი იოველი "კოდს" უწოდებს, ბუკვალური აზრით წარმაოდგენს ქვედა გობს, საითკენაც უნდა ჩაიღვაროს საწნახელში დაწურული ყურძნის წვენი. მაგრამ თუკი იოველის მოწმობებში "კოდები გალიცლიცდა", გამოცხადების 14:19-20-ში ისინი არ არსებობენ, საიდანაც გამოდის აზრი, რომ "უკეთურების მტევანთა სისხლი" არ "იკრიბება", არამედ პირდაპირ მიწაზე იღვრება).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "უკანასკნელი მკის" ხატებები და "რისხვის დიდი საწნახელი" გამოცხადების წიგნიდან ზუსტად შეესაბამებიან "იოასაფატის ველზე" უკანასკნელი ბრძოლის მოწმობებს, რომელსაც აღწერს წინასწარმეტყველი იოველი, თანაც ეს ხატებანი უკანასკნელი დღეების პანორამებს ავსებენ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებით, კერძოდ, უთითებენ იმ ვითარებაზე, რომ ყურძნის წვენის ნაცვლად "უკანასკნელი რისხვის საწნახელიდან" მიწაზე დაიღვრება ადამიანის ბუკვალური სისხლი.
(აშკარაა, რომ ასეთი დეტალი მოტანილია არა იმ მიზნით, რომ გააოგნოს მკითხველთა გონება, არამედ იმის დასამოწმებლად, რომ დედამიწა სრულად და საბოლოოდ განიწმინდება მსოფლიო სისხლისღვრის შედეგებისგან, შეად.: "ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით" (რიცხვ. 35:33).
გარდა ამისა, ბუკვალურად იქვე იდუმალთმხილველი აღწერს ღრმა ნაკადს, რომელიც "აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს", რაც მოწმობს იმას, რომ უკანასკნელი დღისთვის ესაიას წიგნის წინასწარმეტყველური პანორამები აღსრულდება, რომლებშიც ძველი სამყაროს ბოლო საათები იწოდება "დიდი შემუსრვის დღედ, როცა დაეცემიან გოდოლები" (ეს. 30:25; ის. ნავ. 6:19), შეად.:
 
"აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია. მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყველამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად" (ეს. 30:27-28).
 
რაც შეეხება იმ დაუსახელებელ ადგილს, საითაც მიედინება უკეთურთა და ურჯულოთა სისხლის, - იმის გათვალისწინებით, რომ "მრისხანების დიდი საწნახელიდან" გამოსულ დინებას ექნება 1600 უტევანის სიგრძე (ანუ დაახლოებით 300 კილომეტრი), არსებობს საფუძველი ამ ხატებაში დავინახოთ სიმბოლური რიცხვი, ან სიმბოლური მანძილი. თანაც ერთ-ერთი შესაძლო საგულისხმო ვარიანტი ამ საკმაოდ რთული სიმბოლო-ხატებისა დაკავშირებულია იმ ვითარებასთან, რომ ზეციური სიონის პირველ და ძირითად ბიბლიურ წინასახესთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს ბუკვალური მთა, რომელიც იმყოფება იერუსალიმის ახლოს, "ღმრთის მთის" კიდევ ერთ სიმბოლოდ ძველაღთქმისეულ წერილში გამოდის ხერმონის მთა (აერმონი, შეად.: ფსალმ. 132:3 და სხვა), რომელსაც აგვირგვინებს მთიანი მასივი, რომელიც მდებარეობს იორდანის ველიდან და ბასანიდან ჩრდილოეთით, და რომლის ძირიდან თავის დასაბამს იღებს ბიბლიური იორდანე (უფრო ზუსტად, მდინარე ელ-ჰასბანი, იორდანეს მარჯვენა შენაკადი).
 
მეტიც, რადგან მთა ხერმონი ყველაზე მაღალი წერტილია ბიბლიურ "აღთქმულ მიწაზე" (2814 მეტრი ზღვის დონიდან), და ბოლო დრომდე მისი მწვერვალის უმეტესი ნაწილი თოვლით იყო დაფარული, - სწორედ ისრაელის მცხოვრებთათვის ამ ხილულ ხატებას მიმართავდნენ წინასწარმეტყველები და მახარობლები იმ შემთხვევებში, როდესაც "ღმრთის ზეციური მთის" ხსენებისას საჭირო იყო ხაზი გაესვათ "წმიდა მაღლობისთვის", "სიქორფისთვის", "სითეთრისთვის" და "სისუფთავისთვის" (ფსალმ. 88:13; ქება 4:8; მკ. 9:3 და სხვა), მაგალითად:
 
"როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას. მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა. რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?" (ფსალმ. 67:15-17)
 
ამასთან მანძილი 1600 სტადია ზუსტად შეესაბამება მდინარე იორდანის სიგრძეს მისი სათავიდან, ანუ მთა ხერმონის ძირიდან, ვიდრე "მარილიან ზღვამდე", რომელსაც ასევე "მკვდარი ზღვა" ეწოდება, და რომელიც ყველაზე დაბალი ადგილია არა მარტო ისრაელის მიწაზე, არამედ მთელ დედამიწაზე (-430 მეტრი ზღვის დონეზე დაბლა), და სადაც განთავსებულნი იყვნენ უკეთური ქალაქები სოდომი და გომორა, რომლებიც უფალმა სეტყვით და ზეციური მსჯავრის ცეცხლით გაანადგურა (ასე რომ ამ ზღვაში დღემდე არ არის არანაირი სიცოცხლე, სამაგიეროდ მის ნაპირებზე უამრავია ე. წ. "ფისის ჭები" (შეად.: დაბ. 14:10).
 
სხვა სიტყვებით, არსებობს საფუძველი მოწმობა "ათას ექვსასს უტევანზე" აღვიქვათ, როგორც წმიდა ტექსტის მიმართვა ისრაელის მიწის "გეოგრაფიული" ხატებებისადმი, რომელთა მეშვეობით აღიწერება ზეციური სიონის გამოუთქმელი სიწმიდე, და მკვდარი ზღვის "უწმინდურება", განსხვავება მათ სიმაღლეებს შორის, და ის ფაქტიც, რომ ეს "გეოგრაფიული წინასახეები" განლაგებულნი არიან აღთქმული მიწის ჩრდილო და სამხრეთ საზღვრებზე, ანუ შეესაბამებიან ცნებას "კიდით კიდემდე". თანაც მთა ხერმონისა და მკვდარი ზღვის სიმაღლეთა შორის განსხვავებაში მონიშნულია ის მაქსიმალურად შესაძლო "სულიერი მანძილი", რომელიც განყოფს წმიდა ქალაქის ძირს, რომლის ქვემოთაც არის განლაგებული "საწნახელი", - და მკვდარ "ცეცხლოვან გეენას", საითკენაც, უკანასკნელი სამსჯავროს შედეგად ჩაიღვრება მთელი მიწიერი სიბინძურენი.
 
მეტიც, ამგვარი მეტაფორული მნიშვნელობები გვიხსნიან ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა კიდევ ერთი ხაზის ახალაღთქმისეულ შინაარსს, რომლებიც გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა გათვალისწინებით უერთდება ყველა დანარჩენ ბიბლიურ მოწმობას, რომლებიც უკანასკნელი დღის მოვლენებს ეძღვნებიან, შეად.:
 
"რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს" (ეს. 26:21).
 
"ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა! რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა. მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე. ... რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ" (ეს. 34:1-10).
 
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ისაიას წიგნის მოწმობათა შორის, რომლებიც ძველი ქვეყნიერების ბოლო დღეს და მსოფლიო ურჯულოების საბოლოო დამაცხება ეძღვნება, არსებობს წინასწარმეტყველება, რომელიც აღწერს "შურისგების დღეს" უფლის ხატების მეშვეობით, რომელიც შემოსილია სრულიად განსაკუთრებულ "სამსჯავრო შესამოსელში", რომელიც "საწნახელის სისხლით" არის მოთხვრილი, შეად.:
 
"ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი! რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი (ეს. 63:1-6).
 
ხოლო "საღმრთო სამოსელის" ხატება, რომელიც ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს "სისხლისგან მეწამული" გახდება, დასრულებულ აზრს აძლევს გამოცხადების კიდევ ერთ მოწმობას, რომელშიც ნახსენებია "სიმართლის კვერთხი" (ეს. 11:4; გამოცხ. 2:27; 11:1; 12:5), "მხიარული საწნახელიც" და მეგიდოს ველზე გამართული უკანასკნელი შებრძოლება, სადაც უფალი იესუ ქრისტე, თავისი ზეციური მხედრიონის მხედართმთავარი, სრულ და საბოლოო გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს მსოფლიო უკეთურებას, შეად.:
 
"ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი" (გამოცხ. 19:11-15).
 
გარდა ამისა, რადგან 19-ე თავის მოწმობების თანახმად, უფალს და მაცხოვარს "თეთრ, სპეტაკ ცხენებზე" მიჰყვება მთელი ზეციური მხედრობა, - სრულიად ლოგიკურად გამოიყურება 14-ე თავში რომელიღაც "ცხენთა აღვირები", რომელთაც მიწვდება რისხვის დღეს "დიდი საწნახელიდან" გამომდინარე "სისხლიანი" მდინარე, რათა განიბანოს დედამიწა სულიერი უწმინდურებისგან, რომელიც კაცთა მკვლელობებთან და სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული (შეად.: "... და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს..." (გამოცხ. 14:20).
 
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ უკანასკნელი მკის წინასწარმეტყველური პანორამები, რომლებიც აღწერილია 14-ე თავში, უბრალოდ კი არ ამთავრებენ ძველი ქვეყნიერების ისტორიას ბოლო დღის მოვლენათა მოწმობებით და მაცხოვრის მეორედ მოსვლით, რომელსაც დედამიწაზე ჩამოჰყვება წმიდა ზეციური მხედრობა, - არამედ ერთ მთლიანობად აერთებენ მრავალ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებას, რომელთა ბუკვალური განმარტება ადრე შეუძლებელი იყო, და რომლებშიც დრომდე შეუძლებელი გახლდათ მოაზრებულიყო მათთვის დამახასიათებელი ახალაღთქმისეული აზრი, შეად.:
 
"ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო! წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან" (ქება 4:7-8).
 

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому