განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_21_1_27_ახალი იერუსალიმი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ახალი იერუსალიმი

(თ. 21)
იოანეს გამოცხადება
ახალი ქართულით:

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. 2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. 3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. 4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. 5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. 6. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. 7. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე. 8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი. 9. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. 10. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, 11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას. 12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. 13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. 14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი. 15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი. 16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ. 17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა. 18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი. 19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, 20. მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი. 21. თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი. 22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. 23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი. 24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. 25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. 26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. 27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.


ძველი ქართულით:

1. და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს. 2. და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა. 3. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის. 4. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს. 5. თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან. 6. და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. 7. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე. 8. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე. 9. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ. 10. და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან. 11. და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა. 12. და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ. 13. აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი. 14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი. 15. და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი. 16. და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან. 17. და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ. 18. და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა. 19. და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე, 20. მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ. 21. და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის - ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე. 22. და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი. 23. და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი. 24. და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ. 25. და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს. 26. და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს. 27. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.


VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა (თ. 20-22)

ახალი იერუსალემი (თ. 21)

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. 2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. 3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. 4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. 5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

იდუმალთმხილველის თვალწინ საოცარი და მიუწვდომელი სახით იშლება ახალი ცა და ახალი მიწა. ის არ აღწერს მათ, არამედ მთელ ამ აღწერას ცვლის სიტყვით: "ახალი". მომავალი ცა და მიწა ადრინდელის, დაღუპულის საპირისპირო უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ცოდვილი, უბედურების მომტანი და მავნე იყო ადამიანის ცხოვრებისთვის, ყველაფერი, რასაც კი დედამიწაზე და მის მცხოვრებლებზე გადმოჰყავდა ღმრთის რისხვა, ახალ მიწასა და ახალ ცაში აღარ იქნება. "რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის".

ახალ ცაზე და ახალ მიწაზე, სადაც იქნება სიხარული და ნეტარება, ლაპარაკობდა წინასწარმეტყველი ესაია (65:17-18; 66:22); ხოლომოციქული პეტრე ამბობდა, რომ ახალ მიწაზე და ახალ ცაზე "დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:13). მაგრამ მხოლოდ უკანასკნელმა თქვა იმის შესახებაც, თუ როგორ აღსრულდება ადრინდელი სამყაროს ეს შეცვლა. ამ დროს ყოვლისშემძლე ღმრთის იარაღი ცეცხლი იქნება, როგორც ყველაზე მძლავრი იარაღი გარეგან ბუნებაში.

სხვათა შორის, წმ. ეფრემ ასურელი, დანიელის წინასწარმეტყველების საფუძველზე (იხ. დანიელ. 7:9-10), მსოფლიო ხანძარს წარმოიდგენს ცეცხლოვანი მდინარის სახით: "როგორ გადავიტანთ ამას, ძმანო, როდესაც დავინახავთ ცეცხლოვან მდინარეს, გააფთრებულად მჩქეფარეს, ყოველივეს რომ ნთქავს თავის გზაზე, ყოველივეს, რაც კი დედამიწაზე აღსრულებულა" (Свящ. Николай Орлов. Апокалипсис святого Иоанна Богослова. Опыт православного толкования. Москва, 1904 г. Репр. Санкт-Петербург. 1999 г., стр. 503).

"როგორ მოხდება სამყაროს შეცვლა, ჩვენი ცნობისმოყვარეობის საგანი არ უნდა იყოს", - ბრძანებს წმ. გრიგოლ ნოსელი (იქვე).

საღმრთო განგებულებისთვის სულაც არ არის საჭირო სხვა ცა და მიწა, არამედ საჭიროა ადრინდელისგან მხოლოდ იმის მოცილება, რაც ხელს უშლის ამ განგების კეთილმოწყობას. "ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ" (ფსალმ. 101:27); და კიდევ: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:30), - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი.

ზუსტად ასევე, წმ. მოციქული პავლეც მოწმობს, რომ მომავალი მარადიული ცხოვრების სრულყოფილებისთვის საჭიროა მხოლოდ ადრინდელი მიწის განახლება და მისი არანორმალურობების განადგურება (რომ. 8:21). ამიტომაც, "აქ ლაპარაკია არა ქმნილების განადგურებაზე, არამედ უკეთესისკენ შეცვლაზე", ბრძანებს ანდრია კესარიელი (იქვე).

"მსოფლიო ხანძარში, - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - ცეცხლის მიერ ნადგურდება ხრწნად სტიქიათა ის თვისებები, რომლებიც ჩვენს ხრწნად სხეულებს შეესაბამებოდნენ, ხოლო თვით სუბსტანცია იღებს ისეთ თვისებებს, რომლებიც საოცარი ცვლილების მიერ უკვდავი სხეულების შესაბამისი აღმოჩნდება, ასე რომ სამყარო, შეიცვლება რა უკეთესისკენ, სრულიად შესაბამისი იქნება ადამიანებისა, რომლებიც ხორციელადაც განახლდნენ უკეთესისკენ" (იქვე).

"ღმერთმა, - ბრძანებს ამავე საკითხთან დაკავშირებით ნეტ. თეოფილაქტე, - ერთხელ შექმნა ნივთიერება და, რაც აუცილებელი იყო ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრებისთვის უსარგებლოა და ზედმეტი, მას შეცვლის, და რაც სასარგებლოა მას განაახლებს" (იქვე).

სამყაროს განახლებაზე და არა სრულ განადგურებაზე, ასევე ახალ ქმნილებაზე ლაპარაკობს იესუ ქრისტეც, როდესაც ახალი სამყაროს მდგომარეობას მეორედ შობას უწოდებს (მთ. 19:28); ამავე აზრამდე მივყავართ წმიდა წერილის სხვა გამონათქვამებსაც (1 იოანე 2:8, 17; 1 კორინთ. 7:31; 2 კორინთ. 5:17).

ზუსტად ასევე გამოთქმა "პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო" - უფრო შეესაბამება მათე 24:35-ს, სადაც ნათქვამია: "ცა და მიწა გადავლენ" (შეად. 5:18). მეხუთე მსოფლიო კრებაზეც აზრი სამყაროს სრული განადგურების შესახებ ასევე უარყოფილ იქნა, როგორც მწვალებლური.

ჩვეულებისამებრ ყველა ახალი კომენტატორიც 1-ელ მუხლში ხედავენ არა ახალ ქმნილებას ძველი სრული განადგურების გზით, არამედ მხოლოდ მის განწმენდას და შესაბამისობას ახალ რეალობასთან; მსოფლიო განმწმენდელ ცეცხლს ადარებენ მსოფლიო წარღვნის წყლებს, რომელმაც კი არ შთანთქა სამყარო, არამედ მხოლოდ განწმინდა იგი, გარეცხა ცოდვისგან.

"რაც შეეხება სიტყვებს: "და ზღვა აღარ არის", - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - მიჭირს თქმა, დაშრება იგი თუ ასევე უკეთესობისკენ შეიცვლება. რადგან ჩვენ ვკითხულობთ, რომ ცა და მიწა განახლდება, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს, სად წამიკითხავს ახალი ზღვის შესახებ, გარდა ამავე წიგნის იმ ადგილების გამოკლებით, სადაც ლაპარაკია ჭიქისებრ ზღვაზე, რომელიც მსგავსი იყო ბროლისა (გამოცხ. 4:6). მაგრამ იმ შემთხვევებში ლაპარაკია არ არის სამყაროს აღსასრულზე, ზღვაზეც, როგორც ჩანს, ლაპარაკია არა საკუთრივი მნიშვნელობით, არამედ მიმსგავსებითად. თუმცა, როგორც წინასწარმეტყველურ მსჯელობას უყვარს პირდაპირ მნიშვნელობას შესძინოს გადატანითი მნიშვნელობანიც, სიტყვებში: "და ზღვა აღარ არის", შეიძლება ლაპარაკი იყოს იმ ზღვაზე, რომელმაც მასში მყოფი მკვდრები დააბრუნა (გამოცხ. 22:13). რამეთუ მაშინ ეს მეამბოხე და ბობოქარი საუკუნე, რომელსაც სხვანაირად "ზღვაც" ეწოდება, უკვე მოკვდავთა სამკვიდრო აღარ იქნება" (Августин Иппонский, О граде Божием. Сl. 0313, 48.20.16.21).

"ამრიგად, წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ერთი მხრივ, ეს სამყარო მისი დღევანდელი სახით არ შენარჩუნდება, რადგან ის ხრწნადია, მოკვდავია, ხოლო, მეორე მხრივ, "ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას" (1 კორ. 15:54). ფსალმუნთა წიგნში ვკითხულობთ: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:30). ღმერთი სამყაროს აღსასრულს განაახლებს მთელ დედამიწას. წმ. ამბროსი მედიოლანელი, როდესაც ამ საგანზე მსჯელობდა, ამბობდა, რომ აღდგება არა მარტო ჩვენი ხორცი, არამედ მთელი სამყარო. როგორც ჩვენი სხეული კვდება, შემდეგ კი მას შემოქმედი მკვდრეთით აღადგენს, ასევე ცა და მიწაც მსოფლიო ხანძრის ცეცხლში დაიწვებიან. თვით უფალმა თქვა: "ცა და მიწა გადავლენ", ანუ ისინი გაქრებიან, დღევანდელი სახით აღარ იქნებიან, მაგრამ შემდეგ კვლავ მყისიერ იქნებიან აღდგენილნი ღმრთის ძალით, სულიწმიდის სუნთქვით, რომელიც აღადგენს და შეცვლის ყოველივეს.

ამის შესახებ წერს წმ. მოციქული პეტრეც თავის მეორე ეპისტოლეში: "უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები? ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:3-13).

ამრიგად, მთელი წმიდა წერილი მოწმობს იმაზე, რომ დღევანდელი სამყარო მისი ახლანდელი სახით მარადიულად აღარ იარსებებს, ჩვენ ვიცით, რომ ის შეიცვლება. სიკვდილი - ეს არის ზღვარი, და ხრწნადობა ამ სამყაროსი შემოვიდა პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგად. როდესაც ცოდვა გასწორდა, განიკურნა, უნდა განიკურნოს ეს ზღვარიც. მთელი სამყარო გადადუღდება ღმრთის სამართლიანი მსჯავრის სახმილავში, სამყაროსგან ამოიწვება სიკვდილი, ამოიწვება ხრწნადობა, ამოიწვება ყოველგვარი უწმინდურება და უფალი ყოველივე ახალს შექმნის. ის განაახლებს მთელ ქმნილებას.

ამის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი წმინდანები, მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველი ახალი სამყაროს შესახებ წერს: "რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება" (ეს. 65:17-20).

უფალი ქმნის უჩვეულო სილამაზის ახალ ცას და ახალ მიწას. ის გვპირდება, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ღმრთის მიერ შექმნილ ახალ სამყაროში, ახალ მიწაზე, ახალი ცის ქვეშ, რადგან შემოქმედი თავისი ძლიერებით განაახლებს სამყაროს. შემდეგ ესაია ბრძანებს: "როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს" (ეს. 66:13-14). როგორ გავიგოთ "ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები"? ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აღდგებიან მკვდრეთით. შეიძლება წარმოვიდგინოთ: წვანან გახრწნილი, დაფშვნილი ძვლები მიწაში, და უეცრად, ღმრთის მოწოდებისთანავე დაიწყებენ შეერთებას და აყვავებას, ზუსტად ისე, როგორც ჯეჯილი, შეიმოსავენ კუნთებს და კანს. ამის შემდეგ უფალი კვლავ ჩაუბრუნებს თავის სულს ყოველ ადამიანს მისავ სხეულში. ეს უფრო დეტალურად არის აღწერილი სხვა წინასწარმეტყველთან -ეზეკიელთან.

შემდეგ უფალი ესაია წინასწარმეტყველის მიერ ბრძანებს: "უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ" (ეს. 66:14), ანუ უფალი გააცხადებს თავის გეგმებს, მთელ თავის ჩანაფიქრს, მთელ თავის განგებულებას. ადამიანები მიხვდებიან, რატომ მართავდა ღმერთი ასე; გაიხსნება ყველა საიდუმლო, ყველა გასაოცარი ფაქიზი ჩანაფიქრი, რომელსაც ღმერთი დღეს ახორციელებს; ეს ყოველივე სრულიად გაიხსნება. რატომ დღესვე არ გვიცხადებს ამას ღმერთი? იმიტომ, რომ მხოლოდ ცუდი მხატვარი აჩვენებს დაუმთავრებელ სურათს, ხოლო ნამდვილი მაყურებელთა სამსჯავროზე დასრულებულ ტილოს გამოიტანს. ღმერთი ქმნის სამყაროს, და დღეს ის დასრულებული არ არის, სამყაროს სურათი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვცხოვრობთ დინამიურ სამყაროში, ის ცვალებადია, რადგან ღმერთი აგრძელებს თავის მატიანეს, ღმრთის განგებათა წიგნი ჯერაც იწერება, და სწორედ ამიტომ ღმრთის გეგმები ჯერაც ბუნდოვანია ჩვენთვის. ამასთან მიმდინარეობს ომი, ამიტომაც ღმრთის სტრატეგიული გეგმები დაფარულია.

წინასწარმეტყველი ესაია აგრძელებს: "რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში -თავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი" (ეს. 66:15-17). აქ ლაპარაკია რიტუალურ მსხვერპლზე, რომელთაც დემონებს სწირავენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ სისაძაგლეებს ჩაიდან, დაიღპებიან, "რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას" (ეს. 66:18-19).

უფალი ბრძანებს, რომ სამყაროს აღსასრულის წინ მისი წარგზავნილები მოეფინებიან შორეულ ხალხებს. "თარშიში" - ეს არის ქალაქი ესპანეთში, ამიტომაც აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს ამ ქვეყნის ხალხებზე. "ფული" და "ლუდი", მკვლევართა აზრით, სამხრეთით დასახლებული პუნქტებია. "თუბალი" და "იავანი", როგორც ვარაუდობენ, მცირე აზიის ჩრდილოეთი ნაწილი ნახევარკუნძულებია ან თანამედროვე ამიერკავკასიის ხალხები, ქართველების (სვანების) მონათესავენი. შორეული კუნძულები - ჯერაც იმ დროს უცნობი ეროვნებები. ღმერთი ყველგან დააგზავნის თავის მოციქულებს, მთელ დედამიწაზე, რათა შეკრიბოს თავისი თაყვანისმცემელნი. "წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი" (ეს. 66:20-21). უფალი ამბობს, რომ ყველა ხალხიდან შექმნის ახალ სამღვდელოებას, რომელსაც შეკრებს. ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება: ღმერთი დღეს აკურთხებს მღვდლებსა და ლევიტელებს (დიაკვნებს) არა მარტო ებრაელი ერისგან, როგორც ადრე, არამედ პლანეტის ყველა ხალხისგან.

ესაია წინასწარმეტყველი აგრძელებს: "რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის" (ეს. 66:22-24). ყველა ერი მოვა ღმრთის თაყვანსაცემად, ყველა ცხონებული იხილავს ბოროტეულთა დასჯას, რომელსაც უფალი აღასრულებს. ხოლო ახალი სიცოცხლე უკვე აღარ დასრულდება - ის მარადიულია.

მოხდება შემოქმედების პროცესის დასრულება. ახლა მრავალი ადამიანი გრძნობს თავისი მდგომარეობის არანორმალურობას, საკუთარ თავზე გრძნობს ქმნილების არასრულყოფილებას, როგორც წმ. მოციქული პავლე წერდა: "რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე" (რომ. 8:22).

ამრიგად, როდესაც ყველა ქრისტიანი, ყველა მოწოდებული და ცხონებული, ბოლოს და ბოლოს შევლენ ღმრთის დიდებაში, მაშინ მთელი ქმნილება განახლდება და განიკურნება სამარადისოდ. როგორც წმიდა მოციქული იოანე ბრძანებს: "რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის" (გამოცხ. 21:1). ზღვა გაქრება, როგორც მოწმობს ესაია: "ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!" (ეს. 44:27). ღმერთი ამბობს, რომ ამოაშრობს ოკეანის დინებებს, გაანადგურებს ზღვებს. ცხოვრებისეული ზღვა, ამაოება გაქრება" (მღვდელი დანიელ სისოევი).

"და ზღვა აღარ არის". კომენტატორთაგან ერთნი ამ დანამატში ხედავენ იდუმალთმხილველის განზრახვას მიუთითოს იმაზე, რომ ახალ სამყაროში არ იქნება და არ შეიძლება იყოს ზღვა, როგორც წყლის მასა; წყალი, მათი აზრით, შეესაბამებოდა მხოლოდ ადრინდელ სამყაროს (დაბ. 1:2; 2 პეტრე 3:5), რომლის საფუძველშიც ჩადებული იყო სინოტივე; ხოლო ახალი, ცეცხლით განახლებული სამყარო, სხვა საფუძველს მოითხოვს. მაგრამ ამ აზრს შეუძლებელია დავეთანხმოთ, რადგან აზრის თანმიმდევრულობის მიხედვით გამოთქმა "ზღვა აღარ არის" გულისხმობს მხოლოდ გარდასულ სამყაროს.

მაგრამ არ შეიძლება დავეთანხმოთ იმათაც, ვისაც აპოკალიფსისის გამოთქმა ესმოდათ, როგორც მითითება წარსულზე და მასში ხედავდნენ სხვა არაფერს, თუ არა მხოლოდ "ბოროტი ბობოქარი სამყაროს" ხალხთა ზღვას (ავგუსტინე). მაგრამ ზღვა აპოკალიფსისში ყოველთვის როდი ნიშნავს ხალხთა ზღვას, აქ თვით აზრთაწყობა მოითხოვს გამოთქმის ბუკვალურ და ბუნებრივ გაგებას. გამოცხადების 21-ე თავის 1-ლი მუხლი უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა აქ ნათქვამი იყოს შემდეგი: ადრინდელი ზღვა აღარ იქნება, რადგან "მასში არ იქნება არანაირი საჭიროება" (ანდრია კესარიელი), რამეთუ რისთვის არის საჭირო ზღვა, ხშირად ბობოქარი და საშიში, წყლის სტიქიონთა საშინელი, მშფოთვარე და აბობოქრებული სანახაობა; ის შეუძლებელია არსებობდეს"მარადიული მდუმარებისა და უსაფრთხოების სამკვიდროში. მაგრამ იქნება თუ არა საერთოდ ზღვა მომავალ სამყაროში, რომელი შეესაბამება ახალი სამყაროს საზოგადო შემადგენლობას, - ზღვა, მაგალითად, მსგავსი ბროლისა - ამაზე აპოკალიფსისი დუმს. იდუმალთმხილველის მზერა მიმართულია სხვა საგანზე.

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.

მსგავსადვე ამბობს პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში: "ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე. 3:13). ის ამტკიცებს არა იმას, რომ ცა, მიწა და ზღვა წარწყმდებიან და არარად იქცევიან, მათ ნაცვლად კი სხვა გაჩნდება, არამედ იმას, რომ დღეს არსებული განიშორებს თავის ხრწნადობას და განახლდება, განიბანს თავის უწმიდურებას, თითქოსდა ძველი და დახეული სამოსი განიგდოო; რადგან ახლად იწოდება ის, რაც უწინ მცირედშიც კი ასეთი არ იყო, არამედ ახლა გახდა. და მაშინ ქმნილება განწმენდილ იქნება ყოველგვარი ხრწნილებისგან, რომელიც ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგად დამკვიდრდა.
ამაშიც სრულიად სანდოა მოწმე - ღვთაებრივი მოციქული, რომელიც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ქმნილების შესახებ წერს: "ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8:19-21). და არა მარტო ის, არამედ ღმრთითშთაგონებული წინასწარმეტყველიც ზეცას ახლახან მოტანილი მოწმობის თანხმიერად ადიდებს და ბრძანებს: "ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:27) (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 231.25-232.21).

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.

როგორც აქ, ასევე წინა თავებში იერუსალიმის სახელით აღნიშნულია წმიდათა ნეტარება და მათი სავანე, რომელსაც იოანე სიმბოლურად იერუსალიმს უწოდებს; მოცემულია მისი დიადი დაბრწყინვალე აღწერილობა იმისთვის, რათა ჩვენ საკუთარი გონება გრძნობითი სახით წარმოთქმულიდან სულიერი ნეტარებისკენ და წმიდათა ცხოვრების სიწმიდისკენ წარვმართოთ (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 232.24-233.5).

უშუალოდ ახალი ცისა და ახალი მიწის ხილვის შემდეგ იოანე ჭვრეტს წმიდა ქალაქს, რომელსაც ის იერუსალიმს უწოდებს. ეს იმ იერუსალიმის (εροσόλυμα) მსგავსება კი არ არის, რომელიც წარმართული ბერძნული ხელოვნების ქმნილება რომ იყო (შეად. 1:19; 2:13; 4:45; 5:1–2), არამედ იერუსალემია (εροσαλήμ) ძველი, ძველაღთქმისეული წმიდა ქალაქის მნიშვნელობით. ამიტომაც იწოდება ის წმიდად, რადგან კურთხეულია მასში და მის ტაძარში უფლის მყოფობით, კურთხეულია თვით ტაძრით და მასში მცხოვრები წმიდა ადამიანებით.

მაგრამ ამავდროულად ეს იერუსალემი ძველი, მიწიერი იერუსალემი როდია, არამედ - ეს არის ახალი იერუსალემი, რადგან ის უნდა შეესაბამებოდეს ახალ ცას და ახალ მიწას, ასევე ახალ ადამიანებს. ეს არ არის უბრალოდ "საყვარელი ქალაქი" (20:8), რომელშიც შეიძლებოდა გვევარაუდა ქრისტიანული საზოგადოება, ქრისტიანული ეკლესია ახალ მიწაე, არამედ ქალაქი (ოდესღაც გარდამოსული), ღმრთისგან მოვლენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ღმრთის მადლის განსაკუთრებული ქმნილებაა. მაგრამ, არც ის არის, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული პავლე, როდესაც მას ზეციერ იერუსალიმს უწოდებს (ებრ. 12:22).

ამ ქალაქში არ შეიძლება დავინახოთ უბრალო განყენებული სიმბოლო, უფალში მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ ანგელოზთა და წმიდათა საზოგადოება. კერძოობითის დეტალური აღწერა, რომელიც შემდეგ არის მოცემული, გადაჭრით ეწინააღმდეგება ამგვარ გაგებას.

თუკი დედამიწაზე პირველი ადამიანისთვის, მისი ნეტარი ცხოვრებისთვის ღმერთმა გააშენა ედემი ყველა თავისი წმიდა ნიჭითურთ და ხელუხლებელი, ქალწულებრივი ბუნებით, არაფერია იმაზე ბუნებრივი დასაშვებად მივიჩნიოთ ახალ მიწაზე განახლებული კაცობრიობისთვის ღმერთმა ასევე შექმნას მასთან ურთიერთობისთვის გამზადებული განსაკუთრებული ადგილი.

ახალი იერუსალემი, როგორც ღმრთისა და ადამიანების მჭიდრო და მადლისმიერი ურთიერთობის განსაკუთრებული ადგილი შეიძლება იწოდოს ქალაქად. ის იქნება ღმრთის წყალობის მყოფობისა და გამოვლინების ახალი განსაკუთრებული ადგილი, რომელიც განახლებული ადამიანებისა და სამყაროს შესაბამისი იქნება. მაშინ უფალი იესუ ქრისტე, ასე ვთქვათ, თავის საყდარს ციდან დედამიწაზე გადმოიტანს, რათა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად იცხოვროს განახლებულ ადამიანთა შორის. ეს ქალაქი უცხო არ იქნება არც ამა თუ იმ შეგრძნებად და ხილულ თავისებურებათათვისაც, რადგან ადამიანებიც არ იქნებიან უხორცო სულები, არამედ იცხოვრებენ იმ სხეულებში რომელთაც ისინი თავიანთი აღდგომის შემდეგ მიიღებენ. ახალი ზეციური იერუსალიმი შესაბამისად იქნება მორთული, როგორც რთავენ ხოლმე პატარძალს, ჩააცვამენ საუკეთესო სამოსს და საუკეთესო სამკაულებით დაამშვენებენ, და იქნება იგი "სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული" (გამოცხ. 21:2).

3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.

ზეციური ხმა ასწავლის წმინდანს, რომ ეს არის ჭეშმარიტი კარავი. მისი სახე ან უკეთ, წინასახე ეჩევნა მოსეს, ახლა კი მისი სახეს წარმოადგენს ეკლესია.

უფალი მოწმობს საკუთარ თვზე, რომ მრავალი წმინდანი მისი კარავი გახდება, რათა მან მარადიულად დაივანოს მათზე და იყოს მათი უფალი, ისინი კი მისი ხალხი. რადგან შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, აღარც ტირილი, არამედ შეუცვლის მათ მარადიული სიხარულით და უბრწყინვალესნი იქნებიან მარადიულ ნეტარებაში (აპრინგიუსი) (Апрингий, Трактат на Откровение. CCSL 107:85).
სწორედ იმ დროს, როდესაც იდუმალთმხილველმა თავისი მზერა მიაპყრო იდუმალ ქალაქს, ესმა "მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან". სლავური და რუსული თარგმანები (და ანდრია კესარიელიც) კითხულობენ: κ το ορανο – с неба (ასეა ძველქართულ თარგმანშიც: "და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით" – "აპოკ". რედ.), ნაცვლად κ το θρόνου, ანუ "ხმა ტახტით". თუ მივიღებთ პირველ წაკითხვას, მაშინ ანდრია კესარიელთან და სხვა კომენტატორებთან ერთად უნდა დავუშვათ, რომ ხმა ისმოდა არა ქალაქ იერუსალემიდან, არამედ სხვა ადგილიდან; და მაშინ გაუგებარი ხდება, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ხმა, თუკი თვით ღმერთი ყველა თავის წმინდანთან და ანგელოზებთან ერთად ამ იერუსალიმში იმყოფება.

ეს ხმა გამოდიოდა ღმრთის ტახტითგან, რომელიც ახალ იერუსალემშია, მაგრამ არა თვით ღმრთისგან, რომელზეც შემდეგ მესამე პირშია ლაპარაკი, არამედ ტახტის გარშემო მყოფ რომელიმე არსებისგან, მაგალითად, ოთხიდან ერთ-ერთი ცხოველისგან (შეად. გამოცხ. 6:6). ეს ხმა ახალ იერუსალემს ღმრთის კარავს უწოდებს ( σκην το θεο) და არა მარტო ღმრთის კარავს, არამედ ამასთანავე ადამიანებისასაც (μετ υν νθρώπων). აქ არის მითითება ღმერთსა და ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირზე და ღმერთი ადამიანები თითქოსდა ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობენ ინტერესთა განუყოფელ ერთობაში.

ეს კარავი მარტო სახელწოდებით კი არ არის ღმრთისა, არამედ მასში ნამდვილად იმყოფება ღმერთი, და იმყოფება არა მარტო, არამედ ადამიანებთან ერთად. მაშინ კაცნი იტყვიან: "ჩვენთან არს ღმერთი" (ეს. 7:14 შეად მათე 1:23), მსგავსად იმისა, როგორც იოანე წერდა თავის სახარებაში: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოანე 1:14).

ამ დროიდან, ანუ ახალი იერუსალიმის გაჩენის დროიდან, ყველა მართალი შეადგენს ღმრთის ერთ ერს; მაშინ ღმერთი იქნება არა ცალკეულ ადამიანთა ღმერთი, ანუ აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, არა ცალკე ისრაელი ერის ღმერთი, რომელიც დედამიწის მრავალ ხალხთაგან შეირჩა, არამედ საზოგადოდ მთელი კაცობრიობისა, ტომებად, ხალხებად და სახელმწიფოებად დაყოფის გარეშე.

და კვლავაც აქ ერი იქნება უფლის ერი არა მარტო სახელწოდებით, როგორიც იყო ადრე ისრაელი, რომელიც კერპთაყვანისცემისკენ იდრიკებოდა, არამედ, ჭეშმარიტად ერი უფლისა, რადგან თვით ღმერთი იქნება მასთან და იქნება იგი მისი ღმერთი, ანუ საგანი მუდმივი თაყვანისცემისა და განდიდებისა, წყარო სიყვარულისა და ნეტარებისა. ღმერთი და ადამიანები, ანუ მთელი მართლმადიდებლური კაცობრიობა, შეადგენენ ერთ განუყოფელ ცოცხალ ოჯახს, სრულ და მუდმივ ურთიერთობაში, სრული საზოგადო ინტერესებით და, ასე ვთქვათ, საზოგადო ღვაწლით (შეად. ლევ. 26:11; ეზეკ. 37:27).

4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.

მსგავსადვე ბრძანებდა წინასწარმეტყველი ესაია: "უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ" (ესაია 35:10; 51:11). ნათქვამია: "გადაეგო ყოველივე უწინდელი". იგულისხმება, რომ წმიდათა ტანჯვასა და ვაებას ბოლო მოეღება. ახლა ღვაწლის შესაბამისი ჯილდოს დრო დადგა (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. Сl. 0873, 5.21.36).

ცხადია, რომ ეს ყველაფერი განეკუთვნება არა ამჟამინდელ, არამედ მომავალ ცხოვრებას. რამეთუ ახლა, ამ ცხოვრებაში რამდენადც უფრო წმიდაა ადამიანი და რამდენადაც უფრო აღვსილია წმიდა სურვილებით, მით უფრო უხვია ცრემლით მისი ლოცვები. ამიტომაც ვკითხულობთ: "იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე" (ფსალმ. 41:1), და კიდევ: "დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (ფსალმ. 6:7) (პრიმაზიუს ჰადრუმენტელი) (Примасий, Комментарий на Откровение. Сl. 0873, 5.20.4).

ამ ხელთუქმნელ კარავში არ იქნება არც გლოვა, არც ცრემლი, რადგან მარადიული სიხარულის მომნიჭებელი ყველა წმინდანს შეუწყვეტელ და მარადიულ სიხარულს უბოძებს. ეს თანხმიერია წმიდა წერილის, რომელიც ბრძანებს, "უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ" (ესაია 35:10).

სიტყვები: "გადაეგო ყოველივე უწინდელი" ნიშნავს, რომ უკეთურთა ამპარტავნებასა და წმიდათა ტანჯვას ექნება შესაბამისი დასასრული.

ამგვარი მჭიდრო და სრული ურთიერთობა გამოხატულ უნდა იქნას ადამიანთა სრულ ნეტარებასა და უშფოთველ სიმშვიდეში. როგორც ნათქვამია, "შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (მ. 4; შეად. 7:17; ესაია 25:8), - მაშინ უკვე აღარ იქნება არც გლოვისა და არც ცრემლის არანაირი მიზეზი.

როგორც ვიცით, ადამიანებში ცრემლებს უპირველეს ყოვლისა იწვევს სიკვდილი, რადგან ის მოგვაგონებს დედამიწაზე სიკვდილიან და დროებით ცხოვრებას, კაცობრიობის უბადრუკ შეზღუდულობას, რომელიც თითქოსდა ცხოვრობდა გლოვის ველზე (ფსალმ. 83:7). სიკვდილი დედამიწაზე მოვიდა ცოდვასთან ერთად (დაბ. 2:17; რომ. 5:12), ამიტომაც ცოდვაზე გამარჯვების შემდეგ უნდა განადგურდეს სიკვდილიც.

სიკვდილით გამოწვეული ტირილი (შეად. 18:8) ახალ იერუსალიმში უკვე აღარ იქნება. არ იქნება არც სულთქმა და ოხვრა, არა მარტო ბრძოლისა (ეფეს. 4:31), არამედ ჩაგვრისა, წყენისა და ტანჯვისა (ესაია 65:19); არ იქნება იქ არც არავითარი სნეულება, ისევე როგორც მძიმე შრომა, რომელიც ადამიანთა დაავადებების მიზეზია (დაბ. 3:17). ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ადრინდელ დედამიწაზე, როგორც ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგი; ახალ ცხოვრებაში კი, სადაც არ იქნება არც ცოდვა,. მისი შედეგებიც განქარდება. იერუსალემში იქნება მარადიული დღესასწაული და ღმრთისადმი საზეიმო თაყვანისცემა უსასრულო და განუწყვეტელ სიხარულში.

5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

ეს სიტყვები ჭეშმარიტია, რადგან ის თვით ჭეშმარიტებამ წარმოთქვა და შეიცნობა საქმეებით და არა სიმბოლოებით (ანდრია კესარიელი).

უზენაესის მიერ წმიდათათვის მიცემული აღთქმა აღსრულდა, ასე რომ, ისინი განახლდნენ ყოველივეში და გაბრწყინდნენ უდიადესი ბრწყინვალებით. ამრიგად, მოციქული ამბობს, რომ "მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთ. 15:52) (აპრინგიუსი ) (Апрингий, Трактат на Откровение. CCSL 107:85).

თუკი ცა, მიწა და ზღვა განახლდება, მითუმეტეს ადამიანები, და განახლდება ის, რაც შეადგენს მათ სიხარულსა და დიდებას; თუკი წარხდება ცრემლი და მწუხარება, წარხდება უკეთურება, მაშინ, ჭეშმარიტად, ყველაფერი ახალი გახდება. აქ ერთგვარად ნაგულისხმევია: ნუ იფიქრებ, იოანე, რომ შენთვის გამოცხადებული შეიცავს რაღაც წარმოსახვას ან სიცრუეს მოჭარბებული სიდიადის გამო, არამედ უწყოდე: ყველაფერი სარწმუნოა და ჭეშმარიტი, ამიტომაც ასე დაწერე (ეკუმენიოსი) (Источник. Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 234.8-14).

აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს (გამოცხ. 21:5). ასე ბრძანა "ტახტზე მჯდომარემ", როგორც მოგვითხრობს ამას აპოკალიფსისში იდუმალთმხილველი - ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე წმ. იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ღირს იქნა ღმრთისგან მიეღო უდიადესი და საკვირველი გამოცხადებანი, რომელთა შორის მას ახალი ცისა და ახალი მიწის ხილვის შესაძლებლობაც მიეცა, რადგან "პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო" (გამოცხ. 21:5). და იხილა მან წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ახალი, ღმრთისგან ზეცით გარდამოვლენილი, და ისმინა მგრგვინავი ხმა ცითგან, რომელიც ამბობდა: "აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:3-4).

განა ნათელი არ არის, რომ აქ ლაპარაკია ღმრთის მიერ ახალი სამყაროს შექმნაზე, იმის შემდეგ, რაც საბოლოოდ დამარცხდება და დაემხობა ცოდვის მამამთავარ ეშმაკთა და ყველა მის მსახურთან ერთად, რომელმაც დაამახინჯა და გააუსახურა ღმრთის პირვანდელი ბრწეყინვალე ქმნილება. ამის შესახება მკაფიოდ მოგვითხრობს იოანე თავისი გამოცხადების ბოლო თავებში (17-20).

ქრისტიანობის არსიც სწორედ ამ ახალ ქმნილებაშია: ცოდვით მოწყლული ადამიანის სულის განახლებაში, მასთან ერთად კი მთელი სამყაროსი, რომელსაც დაედო ასევე ამ ცოდვის ბეჭედი. მაგრამ რაოდენ დიდია ეშმაკისა და მის ერთგულ მსახურტა მზაკვარება! ყოველივე იმის შემდეგ, რაც ესოდენ ნათლად გვაუწყა უფალმა თავის ღვთაებრივ სახარებაში, ეშმაკი ცდილობს ყოველივე ჭეშმარიტის გადასხვაფერებას, გადაკეთებას, ოღონდ არ დაუშვას ეს განახლება, ხოლო ადამიანი კიდევ უფრო ჩაძიროს ცოდვის უფსკრულში, საიდანაც უკვე გამოსავალი აღარ იქნება.

"ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა" (2 კორინთ. 5:17) - ასე გვასწავლის ღმრთის სიტყვა, ანუ ვისაც სურს იყოს ქრისტიანი, ის უნდა განახლდეს, ხელახლა იშვას ნათლისღების მიერ, გახდეს ახალი ადამიანი. ამის შესახებ მუდმივად ასწავლიდა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც იუდეველ სჯულის მოძღვარ ნიკოდიმოსს, რომელიც მასთან ღამით მივიდა, გადაჭრით უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოანე 3:3), შემდეგ კი განმარტავს, თუ როგორ უნდა დაიბადოს ხელახლა ზეცითგან, - "წყლისა და სულისაგან" (იოანე 3:5), ანუ ვინც არ იშვება ნათლისღების საიდუმლოში და არ მიეახლება სხვა წმიდა საიდუმლოთ, რომლებიც გვანიჭებენ სულიწმიდის მადლს და რომლებიც განაახლებენ ადამიანს.

ეს ყოველივე სრულიად მკაფიოდ და გასაგებად არის ნათქვამი. მაგრამ, ბოლო დროს გამოჩნდნენ ადამიანები, და თვით მღვდელმსახურთა შორისაც, რომლებიც ასწავლიან, თითქოსდა ჩვენ საკუთარი თავი კი არ უნდა განვაახლოთ სულიწმიდის მადლით, არამედ ეკლესია, რომელიც თურმე დაბერდა, დროებას "ჩამორჩა", ეწინააღმდეგება საზოგადო "პროგრესს", რომლისკენაც სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს კაცობრიობა (?!), თითქოსდა აქ, დედამიწაზე უნდა განხორციელდეს ღმრთის ჩანაფიქრი.

ასე გაჩნდნენ "განმაახლებლები", "რეფომატორები", "მოდერნისტები", რომლებმაც მიზნად დაისახეს არა საკუთარი თავის განახლება, რათა "ახალი ქმნილებანი გახდნენ ქრისტეში", არამედ ეკლესიის მოდერნიზირება, რათა ის არ ჩამორჩეს წუთისოფლის სულისკვეთებას, რათა ეკლესია მიჰყვებოდეს დროის მოთხოვნებს და არა პირიქით.

"აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს" ისინი განაკუთვნებენ არა ადამიანის სულიერ განახლებას, არა მის ზეცითგან შობას, როგორც ახალი ქმნილებისა, არამედ ეკლესიის მოდერნიზაციას - ეკლესიაში ყოველივე იმის გადაკეთებას, რაც ძველად იყო, მისი არსებობის დასაწყისიდან; სურთ გადააკეთონ იგი ახალი სულისკვეთებით, დროის მოთხოვნილებების სასარგებლოდ, ყოველივე იმის თანხმიერად, რასაც ადამიანური ვნება გადაწყვეტს ამ წუთისოფელში, რომელიც მოციქულის თქმით "ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19), და რომლის თავადი სხვა ვინმე კი არ არის, თუ არა თვით ეშმაკი, როგორც ეს გვამცნო უფალმა თავის ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე (იოანე 12:31).

წმ. მოციქული პავლე ჩვენ სწორედ სულიერ განახლებაზე გვამცნობს და არა ეკლესიის რეფორმაციაზე, რომლებიც სატანის მიმდევრებმა ჩაიფიქრეს და რომელსაც ჩვენს თვალწინ ახორციელებენ.

ხალხთა დიადი მოციქული პავლე ყველას მოგვიწოდებს განვშორდეთ მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, განვახლდეთ ჩვენი გონების სულით და შევიმოსოთ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით (შეად. ეფეს. 4:22-24).

ხოლო რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით კიდევ უფრო ძლიერ მოწოდებას, რომელიც თითქოსდა ამ თანამედროვე მოდერნისტთა წინააღმდეგ არის მიმართული "წუთისოფლის სულისადმი" მიმდევრობას რომ გვიქადაგებენ და, რომლის სახელითაც, თითქოსდა, ღმრთის სჯულის გაქელვა იყოს შესაძლებელი. ამდაგვართ ასე ამხელს წმიდა მოციქული: "ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12:1-2).

მაშ ხედავთ, თუ არა: ღმრთის სიტყვა მოგვიწოდებს არ ვიცხოვროთ წუთისოფლის სულისკვეთებით არადა მოდერნისტები სწორედ ამას გვიქადაგებენ და გვასწავლიან ყველაფერი თანამედროვე სამყაროს შევუსაბამოთ, რომელიც დღეს ადრინდელზე უმეტესად იმყოფება ბოროტებაში.

"აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ" (გამოცხ. 21:5).

ახალი ქმნილებისადმი უფლის სიახლოვის ახალ და უდიდეს ხარისხზე მიუთითებს უკვე ის ვითარება, რომ იდუმალთმხილველს სიტყვით მიმართავს თვით საყდარზე მჯდომარე, მაშინ როდესაც ადრე ის ან ანგელოზთა მიერ ან კიდევ დაფარული ხმით ელაპარაკებოდა: განახლებული კაცობრიობისთვის ღმერთი უფრო მისაწვდომია, ვიდრე ადამისთვის იყო სამოთხეში. ყოველივე ახლის შექმნის ეს ჭეშმარიტება (შეად. ესაია 48:19) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იოანეს მისი ჩაწერა ებრძანება. მასში მოცემულია უდიდესი ნუგეში დედამიწაზე მოსაგრე მთელი კაცობრიობისა. წინამდებარე სიტყვები ახალ სამყაროზე, ახალ მხიარულ და ნეტარ ცხოვრებაზე ადამიანის გულისთვის უდიდესი სიხარულის მომტანია, ვიდრე ის სიტყვები, რომლითაც იესუ ქრისტე მიმართავდა თავის მსმენელებს: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ" (მათე 11:28).

"მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი". ამ სიტყვების ჩაწერას (როგორც მეორეხარისხოვან საქმეს) ბრძანებს არა თვით უფალი, არამედ - მისი მსახური (შეად. 10:4; 14:13 და განსაკუთრებით 19:9), ერთ-ერთი ანგელოზთაგანი, შესაძლოა ის ანგელოზი, რომელიც იყო მთელი გამოცხადების შუამავალი. ამიტომაც, ზმნაში: "მითხრა" (მ. 5) ქვემდებარედ არ შეიძლება ვიგულისხმოთ წინა წინადადების "მჯდომარე".

"ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი", რადგან ისინი წარმოთქმულია თვით ჭეშმარიტების მიერ და შეიმეცნება არა სიმბოლოების, არამედ თვით საქმეების მიერ. სარწმუნოა და ჭეშმარიტი არა მარტო ის გამოცხადება, რომლის მიხედვითაც ადრინდელი სამყაროდან აღდგა ახალი და სრულყოფილი, არამედ ის, განსაკუთრებულად მანუგეშებელი, რომ ახალ და სრულყოფილ სამყაროში განახლებული კაცობრიობა ინეტარებს უფალთან უმჭიდროვესი ურთიერთობით.



6. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. 7. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე. 8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.

***

6. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.

შუამავალი ანგელოზის შესავალი სიტყვების შემდეგ (ე-5 მუხლის მეორე ნახევარი) იდუმალთმხილველს კვლავ თვით უფალი მიმართავს თავისი საყდრიდან და საკუთარი სახელით, საკუთარ თავზე ამბობს: "აღსრულდა". ეს სიტყვა წარმოთქვა იესუ ქრისტემ ჯვარზე, როდესაც აღსრულდა გადასვლა ძველი აღთქმიდან ახალზე; წარმოთქმულ იქნება ის მაშინაც, როდესაც ახალი აღთქმიდან კაცობრიობა გადავა მარადიულ სასუფეველში (16:17). იესუ ქრისტეს ბაგეთაგან მაშინ ეს სიტყვები მიანიშნებდა იმას, რომ აღსრულდა ყოველივე განსაზღვრული და განკუთვნილი სამყაროს საცხონებლად; ახლა კი, სამყაროს განახლების შემდეგ მისი წარმოთქმა, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ეს უფალს, სამყაროს განმგებელსა და ყოვლისმპყრობელს ენება. ის არის - ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული 91:8), მთელი ცხოვრების წყარო და მიზანი. როგორც ყველაფერმა მიიღო და იღებს მისგან თავის ყოფიერებას, და ყოველივეს, რაც ამ ყოფიერებისთვის არის საჭირო, ასევე, ამასთან შესაბამისად, ყოველივე მისგან სრულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს და საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ მასთან ერთობისკენ წარმართავდეს, როგორც თავისი ყოფიერების სიკეთისა და დამბადებლისკენ.

"უფლის მიერ წმიდათადმი მიცემული აღთქმა აღსრულდა, ასე რომ, ისინი ყოველივეში განახლდნენ და განათლდნენ ყოველგვარი ბრწყინვალებით. ამრიგად, მოციქული ამბობს, რომ მკვდრებიც უხრწნელნი აღდგებიან (1 კორ. 15:52) და დიდებით შეიცვლებიან" (აპრინგი. Апрингий, Трактат на Откровение. CCSL 107:85).

ქმნილებათა, განსაკუთრებით ახალი სამყაროს ქმნილებათა სწრაფვა ღმრთისკენ, შეიძლება წყურვილს შევადაროთ. როგორც მწყურვალი ბუნებრივად მიელტვის წყაროს, ასევე უნდა მიელტვოდეს ღმერთს განახლებული ადამიანიც (ეს. 55:1), და როგორც იესუ ქრისტე, რომელიც მოვიდა ცხონებას მოწყურებული კაცობრიობის დასახმარებლად, ამბობდა: "ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას" (იოანე 7:37; შეად. 4:14, 6:35), ასევე ახლაც ახალ კაცობრიობას იგივე უფალი ასე ანუგეშებს და ამხნევებს: "უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს (გამოცხ. 21:6),- ანუ მოცემულ იქნება სრული შესაძლებლობა კაცობრიობამ დაიკმაყოფილოს თავისი სულიერი წყურვილი, მისი მისწრაფება ღმერთთან სრული ერთობისკენ. როგორია ეს წყარო - ნათქვამი იყო გამოცხადების 7:17-ში და კიდევ იქნება ნათქვამი 22:17-ში.

ცხოველი წყლის ამ წყაროთი სარგებლობა, მართალია, უსასყიდლოდ იწოდება, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ მისი სიუხვე ადამიანის ღირსებასთან შედარებით, აქ მოცემულია ღმრთისა და მისი წყალობის შედარება ადამიანის შეზღუდულობასთან. ღმრთის განუზომელი მოწყალებით ადამიანს არ ერთმევა საკუთარი დამსახურების შეგრძნება; ამით აღიმართება ადამიანის ზნეობრივი ენერგია და მისი ნებაყოფლობითი სწრაფვა სიკეთისა და სრულყოფილებისკენ. ყველა ადამიანი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მისი ზნეობრივი ღირსებისდა მიხედვით როდი იქნება შვილი ღმრთისა და მარადიული სასუფევლის მემკვიდრე; ყველა როდი ისარგებლებს ღმრთის მადლის დაუშრეტელი წყაროთი, არამედ მხოლოდ მძლეველნი (გამარჯვებულნი): "მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე" (მ. 7). მხოლოდ აქ, დედამიწაზე მოღვაწესა და სრულყოფილებისკენ მავალს შეუძლია ჰქონდეს ცაში მარადიული ჯილდოს იმედი (მათე 19:29); მხოლოდ ისინი დაიმკვიდრებენ ცაში იმ სიკეთეთ, რომელთა გამოც ნებაყოფლობით უარყვეს ყოველივე მიწერი, რაც კი წუთისოფელში ბედნიერებად იწოდება; მხოლოდ იქ, მომავალ ცხოვრებაში შეიქნება ის ღმრთის ძედ და ღმერთი იქნება მისი მამა (შეად. 2 მეფ. 7:24).



ანუგეშებს რა მართალთ, უფალი გაფრთხილების გარეშე არც ცოდვილთ ტოვებს: უფალი მათ ემუქრება არა მარტო მარადიული სასუფევლის წართმევით, როგორც ამას ვხედავთ მოციქულ პავლესთან (1 კორ. 6:9-10), არამედ ცეცხლის გეჰენის საშინელი სატანჯველებითაც: "მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი" (მ. 8).

ცოდვათა ჩამონათვალი, რომლისთვისაც უკეთურნი მოაკლდებიან მარადიულ ნეტარებას, უფრო ზოგადიდან კერძოსკენ მიემართება. პირველ ადგილზე დაყენებულნი არიან მხდლები (δειλοί); ესენი იგივე ურწმუნოები არიან, როგორც ეს ნათქვამია მათეს (8:26) და მარკოზის (4:40) სახარებებში; თუმცა, მათ მიიღეს სახარებისეული ქადაგება, მაგრამ, იმ მარცვლის მსგავსად, რომელიც ქვა-ღორღიან ნიადაგზე დაეცა (მათე 13:21), საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ, რომ განმტკიცებულიყვნენ ქრისტეს სწავლებაში და ვაჟკაცურად ეტარებინათ თავიანთი ჯვარი, რომელიც ყოველ ქრისტიანს ეკისრება, რათა მამაცურად გაუწიოს წინააღმდეგობა ეშმაკის ყოველგვარ მზაკვარებას და აღიჭურვოს ქრისტიანული სარწმუნოების საჭურველით.

ურწმუნონი (πιστοι) - არიან ის ადამიანები, რომელთაც საერთოდ არაფერი სმენიათ უფალზე, არ გააჩნიათ ქრისტიანული რწმენა და არ დაუწყიათ ქრისტიანული სათნოებებით ცხოვრება, ასევე სარწმუნოებისგან განდგომილნი (ებრ. 6:4-6, 8), რომლებმაც უღალატეს ქრისტიანობას და მიუბრუნდნენ გარყვნილ ცხოვრებას (შეად. 17:4-5);

მკვლელები (φονες) (შეად. 9:20), რომლებიც არა მარტო ნეტარ ცხოვრებას უსწრაფავენ თავიანთ მოყვასს, როგორც ეს მოიმოქმედა კაენმა აბელის მიმართ, არამედ სძულთ თავიანთი ძმები (1 იოანე 3:15).

მეძავნი (πόρνος) - არიან ისინი, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს და ღირსებას და ასევე სხვებსა და მათ ღირსებას (9:21);

გრძნეულნი (θαρμακος), - ისინი არიან, ვინც ვნებენ მოყვასს სიცრუითა და მოტყუებით, ვნებენ მათ საიდუმლო საშუალებებითა და დემონთა ძალით (9:21; 18:23).

კერპთაყვანისმცემელნი და ცრუნი დაყენებულნი არიან გვერდიგვერდ, დაწყვილებულნი არიან, რადგან, როგორც ერთი, ასევე მეორე მანკიერება (შეად. იოანე 14:5) ერთნაირად ეწინააღმდეგება ადამიანის ღმრთითშექმნილ და ღმრთის მსგავს ბუნებას (რომ. 1:25). ის, ვინც თაყვანსცემს კერპებს, მიაწერს მათ იმას, რაც შეუძლებელია ეკუთვნოდეთ; და ის, ვინც ცრუობს, არის არა თავისი შემოქმედი ღმრთის, არამედ სიცრუის მამის - ეშმაკის ძე.

ადამიანის ყველა უკეთურება, მთელი მისი მსახურება მამონასადმი, და არა ღმერთისადმი, როგორც მისი ქრისტიანული ცხოვრების დამახინჯება, ერთგვარად სიცრუეც არის და კერპთმსახურებაც (შეად. ეფეს. 5:5; 1 თესალონიკ. 3:5; ფილ. 3:19).

არ არის და შეუძლებელია ზეცაში იყოს ყველა იმგვარი ადამიანის ადგილი, ვინც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრების დროს უარყო ღმრთის დიდება; მათი ადგილი ცეცხლის გეენაშია, ეშმაკთან ერთად, ვის ნებასაც ის ასრულდება. მათი ხვედრია - მეორე სიკვდილი, ანუ საბოლოო სასჯელი უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ, საუკუნო ტანჯვა, საბოლოო და სრული განშორება ყოვლისმაცხოცხლებელი საღმრთო მადლისგან.

მართალთა ნეტარების ადგილისთვის ნათქვამია, რომ ის იქნება ახალ მიწაზე, ახალი ცის ქვეშ, მაგრამ ცოდვილთა სატანჯველ ადგილზე და მათი მტანჯველი მარადიული ცეცხლის ბუნებაზე იოანე სრულიად დუმს; და თუკი, როგორც ერთი, ასევე მეორე საკითხის შესახებ რაიმეს თქმა შესაძლებელია, მხოლოდ მიახლოებით, იგავურად და არა აპოკალიფსური გამოცხადების, არამედ წმიდა წერილის სხვა წიგნთა საფუძველზე. სამართლიანად შენიშნავს ნეტ. ავგუსტინე: "ვფიქრობ, კაცთაგან ამის შესახებ არავინ უწყის, გარნა მხოლოდ სულიწმიდამ" ("О Граде Божием"). უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ნაუწყებია ჩვენთვის.



ბოლო მე-8 მუხლით საკუთრივ დასრულდა გამოცხადება მართალთა მომავალ ნეტარ სუფევაზე და ცოდვილთა მარადიულ ტანჯვაზე; ერთზეც და მეორეზეც სამსჯავრო დასრულდა და ყოველმა მიიღო შესაფერისი მისაგებელი. მაგრამ იმის მსგავსად, როგორც ანტიქრისტესა და ცოდვილი ბაბილონის, ბოლო ჟამის ამ უკეთური ქალაქის შესახებ, მოცემული იყო განსაკუთრებული განმარტებითი თავები (17 და 18), ზუსტად ასევე მართალთა მომავალ ნეტარ სასუფეველთან დაკავშირებით გვეძლევა განსაკუთრებული გამოცხადება, რომელიც მას უფრო დეტალურად ეხება და ამით მეტ ნუგეშსაც გვაძლევს.

9. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. 10. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, 11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას. 12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. 13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. 14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.

იოანეს მზერას ახალ ხილვაში ევლინება შვიდ ანგელოზთაგან ერთ-ერთი, რომელთაც ხელთ ეპყრათ ღმრთის რისხვის თასები, და როგორც 17:1-ში ამ ანგელოზთაგან ერთ-ერთი იოანეს ანტიქრისტესა და მეძავი ბაბილონის დასჯას განუმარტავდა, ზუსტად ასევე, ნეტართა მომავალი სუფევის შესახებაც ლაპარაკობს ერთ-ერთი ანგელოზი. ეს ახალი ნუგეშიცემა უნდა იყოს იმაში დარწმუნებით, რომ ყველაფერი, რაც კი ქვეყანაზე ხდება, კეთილიც და ბოროტიც, სასიხარულოც და სამწუხაროც, ყველაფერი ხდება ღმრთის ნებით და მისი განგებით: ყველაფერს ზედამხედველობენ თვით უფალი და მისი ანგელოზები, როგორც მისი წმიდა ნების მაუწყებელნი და მსახურნი.

მოუწოდებს რა სულის ახალი, განსაკუთრებულად ამაღლებული (შეად. 17:3 - უდაბნო. 21:9 - მთა) ექსტატიური მდგომარეობისკენ, ანგელოზი იოანეს ეუბნება: "ოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას". ეს ქალი და ამავდროულად კრავის სასძლო უკვე ნახსენები იყო 19:7-ში. იქ ლაპარაკი იყო კრავისა და მისის სასძლოს ქორწილით, ანუ მორწმუნეთა საზოგადოებასთან ქრისტეს უმჭიდროვესი შეერთებით გამოწვეულ ზეციურ სიხარულზე. მაგრამ, რაც იქ მხოლოდ მოლოდინი იყო, აქ უკვე რეალობა ხდება, აქ ადრინდელივით გამოიყენება ორმაგი სახელწოდება. "ქალი" უნდა გავიგოთ არა ამ სიტყვის ფართო გაგებით, არამედ, როგორც გათხოვილ ქალზე მითითებით. კრავის სასძლო ამავდროულად პატარძალიც არის, ანუ ის არის წმიდა და უბიწო ქალწული (მათე 1:20-24). ამით მითითებულია იმ კავშირის უზენაეს სულიერებაზე, რომელიც შეაერთებს ღმერთს და გაბრწყინვებულ წმინდანთა ნეტარ საზოგადოებასთან (მათე 22:30).

":ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით". ხილვის საჭვრეტად იოანე აყვანილ იქნა მაღალ მთაზე (შეად. 17:3), ამით გვეცნობება, რომ გარეგანი მდგომარეობით იდუმალთმხილველში არ მომხდარა არავითარი ცვლილება. იოანე აყვანილ იქნა მაღალ მთაზე იმიტომ, რომ ჭვრეტის საგანი განვრცობილ იყო დიდ სივრცეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალ მთაზე ასვლით უკვე გვაცნობებენ იმას, თუ რაოდენ ვრცელია დიდი ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან გარდამოვიდა და რომელსაც ეწოდა კრავის პატარძალი. აქ არ არის ცნებათა არავითარი აღრევა ან გაიგივება, ან კიდევ ერთის შეცვლა მეორით, არამედ ოდენ მიახლოვება. მართალია, იოანეს შეჰპირდნენ, რომ აჩვენებდნენ პატარძალს, მაგრამ მას აჩვენეს იერუსალიმი იმიტომ, რომ ეს პატარძალი ცხოვრობს ამ ქალაქში და მისი თავისებურებები მეტყველებენ პატარძლის სიცოცხლეზე, მდგომარეობასა და განმასხვავებელ თვისებებზე: ქალაქზე ხომ მისი ბინადრების მიხედვით მსჯელობენ.

"და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას". ქალაქის უპირველესი თვისება, აქედან გამომდინარე კი პატარძლისაც გახლავთ ღმრთის დიდება. როგორც ქალაქი, ასევე მისი ბინადრები დიდებულნი არიან არა საკუთარი დიდებით, საკუთარი ღვაწლით და სათნოებებით, არამედ ღმრთის დიდებით, მისი სიწმიდით, სრულიად სრულყოფილებითა და მოწყალებით.

როგორც ოდესღაც მოსე, რომელიც ღმერთმა განადიდა, მოცული იყო ღმრთის დიდების ბრწყინვალებით (გამ. 34:33) და არავის შეეძლი მისი პირის ხილვა, ზუსტად ასევე ახალი იერუსალიმი მოცული იყო ღმრთის დიდების თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით. იერუსალიმის თავზე ბრწყინავს არა მზე, არამედ განსაკუთრებული "თვითმბრწყინვალე" მნათობი (φωστήρ от φώσκω), (შეად. ფილიპ. 2:15; დაბ. 1:14). მასში უნდა ვიგულისხმოთ თვით ღმერთი (მ. 23; შეად. ეს. 60:1-19), რომელიც მყოფობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს. და ეს ჩანს არა მარტო საქმის არსიდან, არამედ იქიდანაც, რომ მნათობი შედარებულია უძვირფასეს ქვას ძვირფას ქვათა შორის - მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.

წმ. ბედა პატივდებულის განმარტებით: "ქალაქი ბრწყინავს ღმრთის დიდებით. მისი მნათობი "პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას" - ეს ქრისტეა, რომელმაც თქვა: "დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი" (იოანე 17:22). იასპისს ის წააგავს მისი სათნოებების ბრწყინვალების გამო; ხოლო ბროლს - სულისა და სარწმუნოების შინაგანი სიწმიდის გამო (Изложение Откровения).

ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. ქალაქი შემოზღუდული იყო მაღალი გალავნით, რაც თითქოსდა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ის იმყოფება აბსოლუტურ და სრულყოფილ უსაფრთხოებაში (ეზეკ. 38:11). მაგრამ, ქალაქის შემდგომი აღწერის მიხედვით, განსაკუთრებით 25-ე მუხლიდან გამომდინარე, სადაც ქალაქის კარიბჭენი მუდამ ღიაა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი და მაღალი გალავანი აქ უფრო ქალაქის კეთილმოწყობაზე, მის შინაგან ცხოვრებაზე, სრულ წესრიგსა და სიწმიდეზე მიუთითებს (ეს. 54:14).

"ზაქარია წინასწარმეტყველმა ბრძანა, - განმარტავს აპრინგი (VI ს.), - მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში" (ზაქარია 2:5). მაგრამ, ვინ არის ესოდენ დიადი და მაღალი მცველი, თუ არა დიდების უფალი, რომელიც თავისი მყოფობის საფარველით იცავს საკუთარ წმიდა ქალაქს?" (Трактат на Откровение). ამ კეთილმოწყობასა და სრულყოფილ წესრიგზე მიუთითებს კარიბჭეთა სიმრავლეც. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა. თორმეტი კი სრულყოფილების სიმბოლოა; ისინი განკუთვნილია შესვლისა და გამოსვლისთვის, ქალაქგარე ცხოვრებასთან მართებული ურთიერთობისთვის.

აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.

სახარებაში უფალი საკუთარ თავზე ამბობს: "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:9). შედეგად, კარი არის ქრისტე. ჩვენი სარწმუნოების მეთაურნი კი ერთად წოდებულ არიან არა კარიბჭეებად, არამედ ნათქვამია, რომ მათი სახელები კარიბჭეებს ზედ ეწერა. ამით ჩვენი უფალი იესუ ქრისტე აჩვენებს, რომ ის ყველა წმინდანისთვის არის ჭეშმარიტებისა და თავისუფლების კარი. იოანე აჩვენებს, რომ პატრიარქთა მთელი დასი აღვსილია ჩვენი უფლის იესუ ქრისტესადმი რწმენით.

კარიბჭეთა თორმეტი ბჭე და თორმეტი საძირკველი და კრავის თორმეტი მოციქულის სახელი, ერთად გვაძლევს რიცხვ ოცდათექვსმეტეს, რომელიც არის იმ საათების ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში საფლავში იწვა იესუ ქრისტე - უფალი ჩვენი და მაცხოვარი.

ეს ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველთა კრებული, რომლებიც პირველნი იყვნენ და მოციქულნი, რომლებიც შემდეგ მოგვევლინნენ, ცხონებულ არიან უფლის ვნებათა ძალითა და მისდამი რწმენით, რომელიც არის კარი, და რომლის მიერაც მიეახლნენ ისინი ყოვლისშემძლე ღმერთის შემეცნებას. ასევე ნათქვამია, რომ თვით მოციქულთ სახელები ეწერა თორმეტ საფუძველს, რადგან წმიდა მოციქულ პავლეს თქმით თვით ქრისტე არის ეს საფუძველი: "რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე" (1 კორინთ. 3:11).

და თვით ქრისტე ყოველ მათგანში მყოფობს. რამეთუ უფალი ბრძანებს: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18). და ასევე ნეტარი პავლეს ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ლოდი იყო ქრისტე (1 კორინთ 10:4). ამრიგად, პეტრე არის ის, ვისაც უთხრა უფალმა: "ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას" (მათე 16:18). ის ამტკიცებს, რომ ეკლესია აშენდება ქრისტეს განკაცებისადმი, ვნებისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენის საძირკველზე" (Трактат на Откровение).

ამრიგად, ზემოთხსენებული სიმბოლოების აზრი იმაშია, რომ ახალი იერუსალიმის ბინადრები უნდა იყონ სრულყოფილი ქრისტიანები, ქრისტიანული საზოგადოების ის სისრულე, რომელიც ჩამოყალიბდება ებრაელი ერის მოქცევის შემდეგ, როდესაც იქნება მიღწეული ადამიანთა სრულყოფილება. 12 ტომის სახელი სულიერი ისრაელის (ეკლესიის), ღვთის რჩეული ერის ტომთა სახელებია, რომლებიც ყალიბდება ყველა ხალხისგან. როგორც ჩანს, ქალაქის საყოველთაო დანიშნულებაზე და იმაზე, რომ ის მისაწვდომია დედამიწის ყველა ერისთვის, მიუთითებს ის ვითარებაც, რომ 12 კარიბჭე მიმართულია ქვეყნიერების ყველა მხარეს, "აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი".

რიცხვები ოთხი და სამი ერთმანეთს ენაცვლებიან და შეადგენენ 12-ს; ოთხი - ეს არის მიწიერი ბუნების რიცხვი, სამი - სრულყოფილი საღმრთო ბუნებისა; რიცხვი 12 მიანიშნებს იმაზე, რომ ის თუმც მიეკუთვნება ბუნებით სამყაროს, ზეციური არსითაა გამსჭვალული. რაც შეეხება კითხვას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ქვეყნიერების მხარეთა დასახელებაში, სადაც დარღვეულია მათი ბუნებრივი თანიმიმდევრობა: აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი, შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ დაცულია სიახლოვე მაცხოვრის გამონათქვამთან, რომლის თანახმადაც: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11); ჩრდილოეთი და სამხრეთი მოთავსებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

ქალაქის გალავანს, 12 კარიბჭესთან შესაბამისად გააჩნია 12 საძირკველი, ანუ 12 ქვაკუთხედი, რომლებზეც წარწერილია 12 მოციქულთა სახელი. კითხვაზე, რა მიმართებაში იმყოფებიან კარიბჭეზე წარწერილი ისრაელის 12 ტომის სახელები და კარიბჭეთა საძირკველზე წარწერილი 12 მოციქულთა სახელები, შეიძლება ვუპასუხოთ ვარაუდით, რომ იესუ ქრისტეს მოციქულები და მათი ქადაგება არის სულიერი ისრაელის სრულყოფის საძირკველი (ეფეს. 2:20).

ზეციურ სასუფეველში უნდა შევიდნენ დედამიწის ყველა ხალხები (მათე 28:19), ყოველი შევა თავისი გზით, თავისი კარიბჭით, ცნობილი სახელწოდებით; აქედან ყოველ კარიბჭეს გააჩნია ისრაელის თორმეტი ტომის თითო სახელი. მაგრამ ამ კარიბჭეებით შესვლა შეუძლებელია თუ არა მხოლოდ რწმენითა და ნათლისღებით (მარკოზი 16:16). ხოლო ქრისტესადმი რწმენა და მაცხოვნებელი ნათლისღება სამყაროსთვის მისაწვდომი გახდა მხოლოდ მოციქულთა ქადაგების შემდეგ; ასე რომ, თუკი ყოველი ერი ცათა სასუფევლისკენ  თავისი გზით, თავისი კარიბჭით მიემართება, აუცილებლად სამოციქულო ქადაგებით, იმ ჭეშმარიტებებითა და სათნოებებით განათლების შემდეგ, რომლებიც მოციქულთა და მათ მემკვიდრეთაგან ისწავლეს. მოციქულები კრავის დესპანები არიან, ისინი მოუწოდებენ და შეჰკრებენ მის ფარას, ისინი (მათე 19:28) იქნებიან პირველი მსაჯულები, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ მორწმუნის ღირსება-უღირსებას, ანუ არის თუ არა ის ცათა სასუფეველში, ახალ იერუსალიმში შესვლის ღირსი.

მართალია, მოციქულები, თუმც კი არიან გალავნის საძირკველნი, ისინი მისი ერთადერთი და უმთავრესი საფუძველნი როდი არიან, ამიტომაც იწოდებიან კრავის მოციქულებად. ცხადია, რომ ამ ნაგებობის უმთავრესი საფუძველი არის თვით კრავი, თვით იესუ ქრისტე (1 კორ. 3:11-12), რომელიც არის კიდევაც საკუთრივ ქვაკუთხედი (ეფეს. 2:20). ამგვარად, მთელი შენობა, განსახვავდება თავისი ნაგებობის სიმტკიცით, მისი უჩვეულო სიმყარით, სიდიადითა და განლაგების სიმეტრიულობით.



14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.

"გალავნის 12 საძირკველზე დაწერილია კრავის 12 მოციქულის სახელი, რა თქმა უნდა, იმის ნიშნად, რომ მოციქულები არიან სწორედ ის საძირკვლები, რომელზეც დაფუძნებულია ეკლესია, რადგან სწორედ მოციქულებმა იქადაგეს მთელ მსოფლიოში ქრისტეს სარწმუნოება და დააფუძნეს ეკლესია. აქ შეუძლებელია არ დავინახოთ ლათინთა ყალბი დოგმატის უარყოფა, თითქოსდა ეკლესია მხოლოდ მოციქულ პეტრეს ეფუძნება" (ეპ. ამბერკი ტაუშევი).

"გალავნის საძირკველზე დაწერილია ნეტარ მოციქულთა სახელები, რომელთაც ეფუძნება ეკლესია" (ანდრია კესარიელი).

15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.

"როგორც წინასწარმეტყველ ეზეკიელს, ასევე მოციქულ იოანეს ანგელოზმა აჩვენა ქალაქის ზომა, რათა ამით მიენიშნებინა, რომ ეს ქალაქი ჩაფიქრებულია და დაპროექტებულია ღმრთის მიერ, რადგან ის იცნობს ყველა მის ბინადარს, ამიტომაც მთელი ქალაქი გაზომილია. ლერწამი კი ოქროსია იმიტომ, რომ უხრწნელია" (მღვდ. დანიელ სისოევი).

თავიდან ახსენა რა პატრიარქები, იოანე ახლა მოციქულებს ახსენებს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიას მხოლოდ ერთი საძირკველი აქვს, - ქრისტე, მაგრამ, არ არის გასაკვირი აქ თორმეტ მოციქულზეც რომ საუბრობს. ქრისტეში მოციქულები ღირს იქმნენ ყოფილიყვნენ ეკლესიის საძირკვლები. მოციქულმაც ბრძანა: "რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე" (1 კორ. 3:11). ქრისტეში მოციქულები ნათლად იწოდებიან: "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა", თუმცა მხოლოდ ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელი, "რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად". შედეგად, ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც განანათლებს, ხოლო მოციქულები არიან ამ ჭეშმარიტი ნათლისგან განათლებულნი. წმიდა წერილი ხშირად გვთავაზობს მსგავს გამონათქვამებს (პრიმასის მხედველობაში აქვს: იაკ. 1:18; 1 კორ. 4:15; მთ. 23:8-10; 1 კორ. 1:13; ფს. 119:1-2). ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ თორმეტი საძირკველი - ეს თორმეტი მოციქულია, რომლებიც ასე წოდებულნი არიან ერთი საძირკვლის, იესუ ქრისტეს გამო. მოციქულებიც საძირკვლებია, მაგრამ ერთ საძირკველში - იესუში. მხოლოდ იესუ, მოციქულთა გარეშე, სამართლიანად იწოდება საძირკვლად, ხოლო მოციქულები ქრისტეს გარეშე ვერანაირად ვერ იწოდებოდნენ ეკლესიის საძირკვლებად" (პრიმასი გადრუმენტელი. Комментарий на Откровение. Cl. 0873, 5.21.142).

16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
 
გაზომვას ექვემდებარებიან: თვით ქალაქი, მისი გალავანი და მისი კარიბჭეები. ქალაქის მცხოვრებლებზე საერთოდ არავინ საუბრობს და, ცხადია, იმიტომ, რომ საბინადრო ადგილის გაზომვა და მისი წარმოდგენა სივრცეში უნდა მეტყველებდეს მის ბინადრებზე და მათ მრავალრიცხოვნობაზე. უპირველეს ყოვლისა 16-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ქალაქი ოთხკუთხედად არის განლაგებული და, რომ მისი სიგრძე და სიგანე ერთნაირია, ანუ ოთხკუთხედია.

ოთხკუთხა კვადრატის ფორმა ნიშნავს სრულყოფილებას, სიმყარეს და მუდმივობას. კარიბჭეთა ზომაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ რადგან მათი გაზომვა ნავარაუდები იყო ჯერ კიდევ 15-ე მუხლში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს გალავნის სიმაღლეს, რომლი შესახებაც ლაპარაკია 17-ე მუხლში.

ქალაქი გაიზომა და სივრცით 12 ათასი სტადიის, ანუ 300 მილის ზომისა აღმოჩნდა. ეს ზომა უნდა გავიგოთ, როგორ მითითება ქალაქის საზღვრებზე და როგორც ოთხკუთხედის ყოველი გვერდის სიგრძეზე. ამ მუხლის ბოლოს კი ნათქვამია, რომ არა მარტო ქალაქის სიგრძე და სიგანეა თანაბარი, არამედ მისი სიმაღლეც სიგრძისა და სიგანის ტოლია. ქალაქი გაიზიმა და სივრცით 12 ათასი სტადიის, ანუ 300 გერმანული მილის (1 გერმ. მილი = 7,41 კმ-ს - "აპოკ." რედ.) ზომისა აღმოჩნდა. ეს ზომა უნდა გავიგოთ, როგორ მითითება ქალაქის საზღვრებზე და როგორც ოთხკუთხედის ყოველი გვერდის სიგრძეზე. ამ მუხლის ბოლოს კი ნათქვამია, რომ არა მარტო ქალაქის სიგრძე და სიგანეა თანაბარი, არამედ მისი სიმაღლეც სიგრძისა და სიგანის ტოლია. ქალაქი, როგორც სიმაღლეში, ასევე სიგანესა და სიგრძეში, განფენილი იყო 12 ათას სტადიაზე. შეუძლებელია დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ ქალაქის სიმაღლედ იწოდება მისი გალავნის სიმაღლე, - ამას გადაჭრით ეწინააღმდეგება თვით ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანატოლია, - კედლებზე, ანუ გალავანზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. გალავნის სიმაღლე, როგორც ამას 17-ე მუხლიდან ვიგებთ, იყო არა 12 ათასი სტადიის, არამედ 144 იდაყვის ტოლი. ამიტომაც უნდა შევჩერდეთ იმ აზრზე, რომ ქალაქი ერთგვარად წარმოადგენდა კუბის ფორმას. გაზომვის ბოლოს ანგელოზი ზომავს ქალაქის გალავანს და ამბობს, რომ ის 144 იდაყვის ტოლია.

"ქალაქს სწორი ოთხკუთხედის ფორმა აქვს, ხოლო სიმაღლის, სიგრძის და სიგანის თანატოლობა, რომელიც უდრის 12 000 სტადიას, კუბის ფორმაზე მიუთითებს, რაც მის სიმტკიცესა და სიმყარეს აღნიშნავს. ქალაქის გალავნის სიმაღლე - 144 იდაყვია. ეს ციფრული მონაცემები გამოყენებულია ღმრთის ეკლესიის მთლიანი ნაგებობის სრულყოფილების, სიმტკიცისა და გასაოცარი სიმეტრიის აღსანიშნავად" (ამბერკი ტაუშევი).

"ქალაქი რომ ოთხკუთხედია, ეს მის სიმტკიცესა და სიმყარეზე მიანიშნებს, რადგან სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ტოლობა, ანუ კუბი, როგორც ამბობენ, სიმტკიცის ნიშანია. თორმეტი ათასი სტადია, რომლითაც იზომება ქალაქი, შესაძლოა მის სიდიდეს აღნიშნავდეს, რადგან, დავითის თქმით, მასში მცხოვრებთა რაოდენობა "ქვიშაზე უმრავლესია" (ფსალმ. 138:18), ან შესაძლოა ეს ათვლა აღებულია თორმეტი მოციქულიდან, რომელთა მეშვეობითაც დასახლდება ეს ქალაქი. საძიებელი მიიღება ამ რიცხვის შვიდობით რიცხვზე გაყოფით, რადგან, თუკი თორმეტი ათას სტადიას შვიდზე გავყოფთ, მივიღებთ ათას რვაას თოთხმეტ მილს. ათასი უსასრულო ცხოვრების სრულყოფილებას აღნიშნავს, შვიდასი - მშვიდობისა და ნეტარების სრულყოფილებას, ხოლო თოთხმეტი - სულისა და ხორცის ორმაგ შაბათობას, რადგან თოთხმეტი საკუთარ თავში ორ შვიდეულს შეიცავს" (ანდრია კესარიელი).

"ქალაქი ოთხკუთხედად არის განლაგებული, ანუ ოთხი მახარობლის რწმენაში იმყოფება. ნათქვამია, რომ მისი სიგრძე ტოლია სიგანისა, რაც ნიშნავს, რომ მის რწმენაში არაფერია არასწორი და ვერაფერს ვპოვებთ ისეთს, რისი მიმატება ან გამოკლება იქნებოდა შესაძლებელი...

გადაზომაო, - ამბობს იოანე, - ქალაქი, - რომელიც ჩვენ აღვიქვით ქრისტეს სხეულად, - ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, რადგან ქრისტეს რწმენა და მისი წმიდა ერის უბიწოება თორმეტი უტევანით (სტადიით), ანუ მოციქულთა და ძველ მამათა რწმენით შეიცნობა. ქალაქის სიგრძე ტოლია სიგანისა, ყველაფერი ჰარმონიულია, რადგნა არაფერია ჭარბი წმინდანებში, არაფერია შემოტანილი გარედან და არაფერია მასში უკმარი" (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:87-88).

"მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანატოლია. ეს ნიშნავს, რომ გადაულახავია ჭეშმარიტების სიმტკიცე, რომელსაც ეფუძნება ეკლესია თავისი რწმენის სიგრძით, სიყვარულის სიგანით და სასოების სიმაღლით. რაიმე უკმარი რომ ყოფილიყო ეკლესიაში, ის ესოდენ მყარი ვერ იქნებოდა" (ბედა პატივდებული. Изложение Откровения. Cl. 1363, 3.21.196.55).

მოციქული, უდავოდ, ქალაქის გაზომვას ახსენებს, როდესაც ამბობს: "თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი" (ეფეს. 4:7). ამიტომაც გონივრულად არის ნათქვამი, რომ ქალაქი ოთხკუთხედად არის განლაგებული და ისე, რომ მისი ყველა მხარე თანასწორია, რათა არაფერი იქნას დაშვებული ისეთი, რაც უპირატესობით ან არათანაბრობით იქნებოდა გამორჩეული. სრულყოფილება, მოციქულებთან თანხმიერება ნიშნავს გქონდეს მათი თანხმიერი აზროვნება, გქონდეს მშვიდობა, ანუ ჭეშმარიტად იმყოფებოდა ოთხკუთხედ სიმტკიცეში (შეად. 1 კორ. 1:10; ფლპ. 2:2). ეს ის ქალაქია, რომლის შესახებაც მოწმობს უფალი სახარებაში და, რომელიც აშენებულია მთაზე, ანუ დაფუძნებულია თვით ქრისტეს (მათე 5:14). ამიტომაც უთხრა მან პეტრეს, რომელიც მთელი ეკლესიის სახეა: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე 16:18). ეს იგივეა, რომ ეთქვა: "მე შეგქმნი შენ ჩემზე", რადგან კლდე ქრისტეა. შედგად, როგორც კლდისგან არის - პეტრე (ანუ კლდე), ასევე ქრისტესგან - ქრისტიანი (ლათ. ტექსტი: "Petra enim erat Christus; sic ergo a petra Petrus" ). ის, რა თქმა უნდა, ასწავლის, რომ ყოველგვარი კაცობრივი გამონაგონი და ცთომილება უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ღვთაებრივი ჭეშმარიტების მტკიცე საძირკველი უნდა დარჩეს" (პრიმასი. Комментарий на Откровение. Cl.0873, 5.21.198.

17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.

"ქალაქის გალავანი, როგორც 17-ე მუხლში ვხედავთ, სიმაღლით იყო არა 12 ათასი უტევანი (სტადია), არამედ 144 წყრთა (წყრთა - სიგრძის საზომი - მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. იხ. http://www.ena.ge/explanatory-online? – "აპოკ." რედ.).

აქ ლაპარაკია არა კედლების სისქეზე, არამა, უდავოდ, მათ სიმაღლეზე, რადგან ამის უწინ ლაპარაკი იყო სიმაღლეზე, ხოლო სისქე არსად არის ნახსენები. 144 წყრთა ქალაქის სიმაღლესთან და სიგრძე-სიგანესთან მიმართებაში აშკარად მცირეა, რადგან სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ქალაქისა, როგორც უკვე ვნახეთ, აღწევდა 12 ათას უტევანს (უტევანი - სიგრძის ერთეული – 143 ნაბიჯი. იხ. http://www.ena.ge/explanatory-online? – "აპოკ." რედ.). მაგრამ, ვერ დავუშვებთ აზრს, თითქოსდა ეს გაზომვა არ უნდა გავიგოთ ბუკვალური აზრით და, რომ არ შეიძლება მოვითხოვოთ ნაწილთა მეტი ან ნაკლები პროპორციულობა; არ შეიძლება დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ კედლის (გალავნის) გაზომვაში უნდა ვიგულისხმოთ არა 144, არამედ 144 ათასი წყრთა. ზოგიერთი კომენტატორი ამ სიძნელიდან გამოსავალს პოულობს იმ ვარაუდის დაშვებით, რომლის მიხედვითაც წყრთაში თუმც ჩვეულებრივი წყრთა იგულისხმება, ანუ ადამიანის ხელი იდაყვიდან თითების წვერებამდე, მაგრამ იგულისხმება არა ჩვენი დროის ადამიანი, არამედ მომავალისა, ახალი იერუსალიმის ბინადრისა. თუმცა, თვით ტექსტში ამგვარი ვარაუდის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რადგან 17-ე მუხლის დასასრული "კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა", ეხება არა მარტო კედლების, არამედ მთელი ქალაქის გაზომვას.

ამიტომაც ყველაფერი ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქალაქის კედლები მართლაც ძალიან პატარა იყო თვით ქალაქის სიმაღლისგან განსხვავებით, თუმცა ჩვეულებრივი მიწიერი ქალაქისთვის ესეც საკმაოდ მაღალია. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გალავნის დანიშნულება გარეგანი მტრებისგან დასაცავად კი არ არის საჭირო, არამედ ქალაქის კეთილმოწყობისა და გეგმაზომიერების მისათითებლად. ეს გეგმაზომიერება უნდა წარმოგვიდგეს იმ სახით, რომ მისი ნაგებობების მთელი მასა, როგორც მთა მაღლდება ტერასების სახით 12 ათას სტადიაზე...

თუმცა, არ ჩანს რამდენად დიდია აქ აღებული წყრთის განსაზღვრული ზომა. 17-ე მუხლის გამონათქვამი მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ეს წყრთა ანგელოზისთვის იყო ისეთივე, როგორსაც წარმოადგენს იგი ადამიანისთვის, ანუ იდაყვიდან თითებამდე. ამასთან, უცნობია, როგორი იყო მზომელი-ანგელოზი. თუმცა, შეუძლებელია ის ადამიანის ჩვეულებრივ ზომაზე მეტად წარმოვიდგინოთ, რადგან მაშინ მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო იოანესგან ამ უჩვეულო ზომაზე მითითებას.

რას ნიშნავს ქალაქის ეს გაზომვა? ზეციური იერუსალიმისთვის შეუძლებელია სრულიად ზუსტი მნიშვნელობა ჰქონდეს მიწიერ საზომ ციფრებს. შესაძლოა ისინი მხოლოდ იმ ქალაქის წარმოუდგენელ სიდიდეზე მიანიშნებდნენ, რომელშიც განდიდებული კაცობრიობა იცხოვრებს. ქალაქის სივრცის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მის ბინადართა მრავალრიცხოვნებაც, ხოლო მისი აგებულების მიხედვით - მათი ცხოვრების სისწორე, სიმშვიდე და მოწესრიგებულობა" (Апокалипсис святого Иоанна Богослова: Опыт православного толкования. Опыт священника Николая Орлова. Москва. 1904 г. Репринт. Санкт-Петербург. 1999 г. ).



18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი. 19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, 20. მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი. 21. თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი. 22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. 23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი. 24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. 25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. 26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. 27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.

ქალაქის გაზომვის შემდეგ 18-ე მუხლიდან იოანე აღწერს მასალას, რისგანაც არის აშენებული ქალაქი და ასევე მის უჩვეულო სილამაზესა და ბრწყინვალებას.

უპირველეს ყოვლისა მისი კედლები "იასპისით იყო ნაგები". კედელი - νδόμησις - არა საერთოდ მთლიანი კედელი საფუძვლითურთ, არამედ მხოლოდ ის, რაც აღმართულია საძირკვლიდან. საძირკველზე ლაპარაკი იქნება 19 და 20-ე მუხლებში. 18-ე მუხლის ბოლოს ნათქვამია, რომ თვით ქალაქი, მისი საცხოვრებელი და ცალკეული შენობები "წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი" იყო ნაგები.

თვისებათა ამგვარი შეხამება ერთსა და იმავე მასალაში ჩვენთვის წარმოუდგენელია. მაგრამ ეს უნდა გავიგოთ მომავალთან მიმართებაში, როდესაც ოქრო არა მარტო ბრწყინვალე, არამედ მინასავით გამჭვირვალე და შუქგამტარი იქნება. მომავალ სასუფეველში ბუნების შეცვლაზე და მის განსაკუთრებულ სინატიფეზე ნათქვამია არა მარტო აპოკალიფსისში, არამედ ისაიას წინასწარმეტყველებაშიც (ესაია 54:11, 12; 60:17).

ეს უნდა შეესაბამებოდეს ნეტართა წმიდა და სრულყოფილ ბუნებას, რომლებიც თავიანთი ნაგებობების კედლებს მიღმა დაინახავენ: ყველაფერი ღია იქნება მათი მზერისთვის, ყველაფერი ნათელი და მშვიდი, ყველაფერი მიმართული იქნება და მორგებული მათ უზენაეს ნეტარებას.

19 და 20-ე მუხლები დეტალურად აღწერენ იმ ძვირფას ქვებს, რომლებიც ქალაქის კედლის საძირკველშია ჩადებული. "ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი". ეს იყო უზარმაზარი სიდიდის (θεμέλιος) ქვები, რომლებიც კედლის ამა თუ იმ ნაწილში ანიჭებდნენ მას განსაკუთრებულ ელფერსა და მიმზიდველობას.

ადრე 14-ე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ეს საძირკვლები ატარებდნენ 12 მოციქულის სახელს, ახლა კი ემატება ის, რომ მოციქულთა სახელები დაწერილი ძვირფას ქვებზე იყო დაწერილი. ანდრია კესარიელი შესაძლებლად მიიჩნევს ქვების სახელწოდებების მიახლოვებას მოციქულთა სახელებტან. ის შენიშნავს: "მოციქულები, რომლებიც აქ აღნიშნულნი არიან ძვირფასი ქვებით, შემკულნი არიან ყოველგვარი სათნოებებით. იასპი, ფერით მომწვანოა და სამართლიანად შეეფერება მოიქულთა თავ პეტრეს, რომელიც ნაოფიერ ადგილებზე გვმწყემსავდა მხურვალე რწმენით" და ა. შ. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მკითხაობაში რომ არ გადავვარდეთ, დანამდვილებით მივაწეროთ რომელიმე ქვის ესა თუ ის ფერი ან მნიშვნელობა რომელიმე მოციქულს. ამისთვის ჩვენ არ ვფლობთ არც ქვების თვისებათა საკმარის ცოდნას და არც მოციქულთა ხასიათის განმასხვავებელ ნიშნებსა და სათნოებებს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ მოციქულები, ვითარც ძვირფასი ქვები, ყოველგვარი სათნოებით იყვნენ გამშვენებულნი. რაც შეეხება ქვების სახელწოდებებსა და თანმიმდევრობას, უნდა შევნიშნოთ, რომ ისინი მოგვაგონებენ იმ 12 ძვირფას ქვას, რომელთაგანაც იყო შემდგარი ძველაღთქმისეული მღვდელმთავრის სამკერდული, რომელსაც ერქვა "განკითხვის სამკერდული" (გამ. 28:15). ის შედგებოდა შემდეგი ქვებისგან: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.  მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;  მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;  მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი" (გამ. 28:17-20).

რვა მათგანი იგივეა, რომლებიც მითითებულია აპოკალიფსისში, მაგრამ ლალი, ფირუზი, აქატი და ონიქსი შეცვლილია  ქალკედონით, სარდონიკით, ქრისოლითით და იაკინთით. კერძოდ, აპოკალიფსისის ქვებია: იასპისი, - მისგან არის აგებული მთელი კედელი. მეორე - საფირონი, ცისფერ-ლაჟვარდოვანი და გამჭვირვალე ფერის; მესამე - ქალკედონი, ცისფერ-ლაჟვარდოვანი, ნახევრად გამჭვირვალე, რომელსაც სხვა ფერების იერიც დაჰკრავს; მეოთხე - ზურმუხტი, რომელიც გამოირჩევა ფაქიზი მომწვანო ფერით, ყოველთვის რომ ახარებს მზერას; მეხუთე - სარდონიკი, ონიქსის ოდნავ შეცვლილი სახე, ფრჩხილებქვეშ არსებული ღია ვარდისფერი სისხლის მსგავსი. სარდონიკი ძველი დროების ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი ძვირფასი ქვა იყო; მეექვსე - სარდიონი - (4:3), წითელი ლალი; მეშვიდე - ქრისოლითი (ეზეკ. 1:16; დანიელი 10:6) გამოირჩეოდა გამჭვირვალობით და მომწვანო-მოყვითალო სიკაშკაშით, მერვე - ბივრილი, ზღვის წყლის ფერი; მეცხრე - ტოპაზი, მომწვანო-მოყვითალო ან შავი ფერის; მეათე - ქრისოპრასი, მომწვანო ფერის, რომელიც ხშირად გადადის ყვითელში, გამჭვირვალე ძვირფასი ქვა; მეთერთმეტე - იაკინთი, რომელიც მსგავსია ბროწეულის, მუქ-წითელი ფერის, და მეთორმეტე - ამეთვისტო, ფერმკრთალ-იისფერი.

ამგვარად, ყველა ამ ქვებით, რომლებიც ერთობლიობაში ცისარტყელას ყველა ფერებით კიაფობენ, აღინიშნება ქრისტიანული შემეცნების სისრულე, რომელიც ეუწყა მოციქულებს და მათგან გადაეცა ქრისტიანებს, ასევე ქრისტიანული ზნეობრივი სრულყოფილების სისრულე, რომელსაც ღმრთის მადლის შეწევნით ქრისტიანები იესუ ქრისტეს 12 მოციქულის სწავლა-დარიგებებით აღწევენ. ძვირფასი ქვების ელვარებით მბრწყინავი ქალაქი, მის მცხოვრებლებზე მეტყველებს, რომლებიც ყველა ქრისტიანული სათნოებითა და ქრისტიანული ცოდნით ბრწყინავენ.

21-ე მუხლში აღწერილია ქალაქის კარიბჭეები: "თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, გამჭვირვალე მინის მსგავსი". ქალაქის ქუჩები, ისევე, როგორც მისი სახლები, ოქროსია, ბაჯაღლო ოქროსი, "გამჭვირვალე მინის მსგავსია". ამ მასალის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ისეთივეა, როგორიც მას ჰქონდა ნაგებობებში (მ. 18).

ტექსტში ლაპარაკია ახალი იერუსალიმის მხოლოდ ერთ მოედანზე ( πλατεα), მაგრამ არა იმიტომ, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი ქუჩაა, არამედ იმიტომ რომ ყველა ქუჩა ერთმანეთს წააგავს თავისი მოწყობით, - ქალაქში ყველაფერი მკაცრ ერთობას და გეგმაზომიერებას ემორჩილება. მასში ყველაფერი ბრწყინვალე და გამჭვირვალეა: გარედან, კედლებზე ძვირფასი ქვები ელვარებენ, შიგნით კი ბაჯაღლო ოქრო ბრწყინავს. და როგორც ძველაღთქმისეულ კარავში ყველაფერი ბაჯაღლო ოქროთი იყო გამშვენებული და ყველაფერი ბრწყინავდა, ასე იქნება ახალ იერუსალიმშიც, რომელიც საკუთრივ ღმრთის ტაძრად შეიქნება (შეად. ესაია 54:11-12).

22-23. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.

რადგან ახალი იერუსალიმი მართლაც ღმრთის მყოფობის ახალი ადგილი იქნება (მ. 11), მისთვის განსაკუთრებული ტაძრის აშენების საჭიროება აღარ იქნება.

ტაძარი არის სპეციალურად შერჩეული ადგილი, სადაც უფალი თავისი მადლით ეწვევა მის თაყვანისმცემელ მორწმუნეებს. ტაძარი არის ადგილი, რომელიც ნაკურთხია მხოლოდ ღმრთის წყალობის გამოვლენით, მაგრამ ამავდროულად მორწმუნეთა შეკრებითაც, რათა მიიღონ ეს წყალობა და აღუვლინონ ღმერთს დიდება და მადლობა. შეწირონ მას სიტყვიერი მსხვერპლი. ამიტომ, გასაგებია, რომ ტაძარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შეიძლება მომავალ იერუსალიმში არც იყოს; მთელი იერუსალიმი, როგორც ზეციდან, თვით ღმრთისგან ჩამოსული ქალაქი, ღმრთის განსაკუთრებული სამყოფელი იქნება; მასში ყოველი ადგილი მორწმუნეთა შესაკრებელი გახდება, რომელთა გულები სავსეა მადლიერებითა და ღმრთის დიდებით და, რომლებიც მუდმივად აღუვლენენ უფალს სამადლობელს.

განდიდებული მართლები ისეთ მჭიდრო და მუდმივ ურთიერთობასა და ღმერთთან კავშირში იქნებიან, რომ მათზე შესაძლებელი იქნება თქმა - ყოველთვის ღმერთსა და კრავში, ანუ იესუ ქრისტეში იმყოფებიანო. მათი გულები, მათი აზრები ჩაიძირება უფალ იესუ ქრისტეში, როგორც მათი ნეტარების აღმასრულებელში; ამ აზრით ისინი მუდმივად მყოფობენ ღმერთში, ისევე როგორც ღმერთიც იმყოფება მათში. ღმრთისა და ადამიანთა ამგვარ მჭიდრო ურთიერთობაზე, როდესაც საჭირო არ არის სპეციალურად აშენებული ტაძრები, ლაპარაკობდა თვით მაცხოვარი (იოანე 4:21). ამგვარი დროება განჭვრიტა წინასწარმეტყველმა იერემიამაც (იერ. 3:16, 17).

ქალაქისა და მისი ბინადრებისადმი ღმრთის ესოდენი მჭიდრო ურთიერთობის გამო, მასში არასოდეს იქნება მზისა და მთვარის ნათლის საჭიროება (მ. 23). იერუსალიმისთვის ინათებს არა ქმნილი მნათობი, არამედ ღმრთის დიდების ბრწყინვალება, - თვით ღმერთი, რომელიც არის ნათელიც, მამა ნათლისა და ნათლის მომნიჭებელი. ნათელი იმდენად გამსჭვალავს იერუსალიმის ყველა ბინადარს, რომ ისინი თვითონაც ნათელნი იქნებიან და განათდებიან ვითარც მზე მათი მამის სასუფეველში (მათე 13:43).

ქალაქის სიდიადის, ბრწყინვალებისა და სიწმიდის აღწერის შემდეგ, აპოკალიფსისი მის ბინადრებზეც აჩერებს ყურადღებას: "ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში" (მ. 24). ამრიგად, ქალაქის ბინადრები იქნებიან გადარჩენილი ხალხები. ჩვენი მუხლის ანალოგს ვპოულობთ ესაიას წინასწარმეტყველებაში, სადაც ნათქვამია "ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე" (ესაია 60:3).

ნათელი, როგორც ერთ, ასევე მეორე ადგიალს, თვით ქალაქის ნათელია. მართალია, ახალი იერუსალიმის ნათლის წყარო თვით ღმრთის დიდება და თავად ღმერთი იქნება, მაგრამ ყველაფერი მასში ამ ნათლით იქნება გამსჭვალული; ამ ნათლით განიმსჭვალებიან მისი ბინადრებიც, ასე რომ შესაძლებელი იქნება თქმა იმისა, ქალაქს საკუთარი ნათელი აქვსო, თუმცა არეკლილი. სწორედ ამ ნათელში ივლიან ხალხები და ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ამ ქალაქში ჰპოვებენ და რომელთა შესახებაც ლაპარაკი იქნება ქვემოთ 22-ე თავში.

მაგრამ, ვინ არიან ეს ხალხები და მეფენი? ხალხები, - ახალი იერუსალიმის ყველა მცხოვრებია, მომავალი ნეტარი სასუფევლის ყველა ბინადარი. ისინი ხალხებად იწოდებიან, რადგან შეადგენენ საყოველთაო ეკლესიის მორწმუნეებს, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ხალხთა წარმომადგენლები, ყველა ტომი. ეს ხალხები იმავე ხალხებად დარჩებიან, და პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამა თუ იმ ეროვნებას, ამა თუ იმ ტომს, თავიანთ განმასხვავებელ ეროვნულ თავისებურებას არ დაჰკარგავენ მომავალ ცხოვრებაშიც, ისევე როგორც არ კარგავენ ისინი მას ახლა, ქრისტიანობაში.

მომავალ მარადიულ სასუფეველში არ იქნება ერთა ისეთი სრული გათანაბრება, რომელიც მოსპობდა ყველა მათ თავისებურებას და დამახასიათებელ განსხვავებას. ისინი თანასწორნი იქნებიან მხოლოდ მომავალი ნეტარებების დამკვიდრებაში, რომელიც ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი იქნება, მაგრამ ყოველ ერს შეუნარჩუნდება ის ფორმა, რომლითაც ისარგებლებს ამ ნეტარებით. მაშინ არ დაკარგავენ თავიანთ განმასხვავებელ თავისებურებებს ცალკეული პიროვნებებიდ: ყოველი გარკვეულწილად თვითმყოფადად დარჩება, ყოველი ნეტარი იქნება და ერთსა და იმავე დროს, სხვისი მსგავსიც იქნება და არამსგავსიც, და ვინც მეფე იყო დედამიწაზე, მეფედ დარჩება ცათა სასუფეველშიც.

ისინი უარს იტყვიან თავიანთ ადრინდელ მიწიერ დიდებაზე და პატივზე იმისთვის, რათა სანაცვლოდ მიიღონ ღმრთის დიდება და მარადიული ნეტარების პატივი. თუმცა, მათ წაერთმევათ ყველა პირადი თავისებურება, რომელიც მათ ადრინდელ, მიწიერ სამეფო ცხოვრებაში ჰქონდათ და, რომლებიც სამეფო მოვალეობებთან იყო დაკავშირებული.

ზუსტად ასე იქნება მომავალი სასუფევლის სხვა წევრებთან მიმართებაშიც. ყველა ისინი შეადგენენ ერთ სასუფეველს, ისინი იქნებიან ერთი მეფის - უფლის ქვეშევრდომნი, მაგრამ, როგორც მიწიერ სამეფოში მისი ყევლა წევრი თანასწორია თავისი უფლებითა და მოვალეობებით, ასევე თანასწორნი იქნებიან მორწმუნენი ცათა სასუფეველშიც.

ამრიგად, ერთნი განათდებიან ვითარც მზე, სხვები - ვითარც მთვარე, ხოლო კიდევ სხვები - ვითარც ვარსკვლავები (1 კორინთ 15:41-42). ყველანი თანასწორნი იქნებიან, მაგრამ თანასწორნი მხოლოდ შესაძლებლობებში, მათი ძალისა და ტალანტების შესაბამისად. ისინი მათი ძალისა და შესაძლებლობისამებრ ისარგებლებენ ღმრთის ნათლით და მისგან მიიღებენ თავიანთ ნეტარებას.

25-26. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს.

25-26-ე მუხლების მიხედვით, ახალი იერუსალიმი წარმოგვიდგება მსოფლიო ქალაქად, არა იზოლირებულ ქალაქად დანარჩენი სამყაროსგან, არამედ ისეთად, რომელიც მუდმივ კავშირშია გარესამყაროსთან. ამიტომაც მისი კარები მუდამ ღიაა, და ყველასთვის მისაწვდომია იგი. "მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი" (ესაია 60:11), თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ ისინი "არ ჩაიკეტებიან დღითა და ღამით" (იქვე), მაგრამ ეს სიმბოლური გამონათქვამია, რომელიც კარიბჭეთა გაღების უწყვეტობაზე, მუდმივობაზე მეტყვეელებს, რამეთუ ზეციურ იერუსალიმში საერთოდ არ იქნება ღამე. მზის ნაცვლად იქ გაანათებს თვით უფალი, ჩაუვალი, მარადიული მზე. ამ მზის ნათელზე იერუსალიმის ბინადრები სრულ უსაფრთხოებასა და ნეტარებაში იქნებიან; ამ მზის ნათელში იქნება მათი მარადიული, ნათელი და სიხარულევანი ცხოვრება (ესაია 60:20).

26-ე მუხლი შინაარსობრივად მჭიდრო კავშირშია 25-ე მუხლთან და წარმოაჩენს მეორე მიზეზს, რის გამოც ქალაქის კარიბჭენი მუდამ გაღებული იქნება.

ეს მიზეზი მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ ქალაქში მუდმივი დღე იქნება და შეუძლებელია ვინმეს მტრის მოულოდნელი თავდასხმის შიში ჰქონდეს, რადგან არ იარსებებს სულის არანაირი შეძრწუნება, არამედ იმაშიც, რომ ქალაქსა და ხალხებს შორის, რომლებიც მის გარეთ იცხოვრებენ, მუდმივი ურთიერთობის შესაძლებლობა არსებობდეს. მასში "მიიტანენ ხალხთა დიდებასა და პატივს" (მ. 26).

მართალია, ქალაქის კარიბჭეები მუდმივად ღია იქნება, მაგრამ ყველას როდი შეეძლება მასში შესვლა. არამედ, იქ შევლენ მხოლოდ ისინი, ვისი სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში (გამოცხ. 13:8; 20:15), ანუ მხოლოდ ისინი, ვინც თავისი რწმენისა და ღვთისმოსაობისთვის საუკუნითგან იქნა არჩეული მარადიული სასუფეველისთვის.

27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.

ასე რომ, ყოველივე უწმინდური (πν κοινόν; შეად. საქმე 10:14), შებილწული, ანუ ყოველი ადამიანი, ვინც რაიმე ცოდვით ან ვნებით იყო შეგინებული, ვერ შეძლებს ახალ იერუსალიმში შესვლას და მის წმიდა ბინადრებთან მიახლოვებას, რამეთუ რა აქვს საერთო სიმართლეს უსჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? (2 კორინთ. 6:14). ყველანი, ვინც სიცრუესა და სისაძგლეს (გამ. 68:18) მიეცნენ, ანუ ცოდვილ საქმეებსა და აზრებს, უკვე შთაგდებულნი არიან ცეცხლის გეენაში და მათ ნეტარი სასუფევლისგან გაჰყოფს გადაულახავი უფსკრული (ლუკა 16:26). ისინი ვერ შევლენ ქალაქში, თუმცა მისი კარიბჭეები მუდმივად ღიაა, ისინი ვერ შევლენ, რადგან ისინი არ ცხოვრობენ ახალ დედამიწაზე, ისინი არიან თავიანთ ადგილას, სადაც მათი ყოფნა იქნება მუდმივი და მარადიული.
Назад к содержимому