Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - აპოლოგეტური წერილები 1, 2 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
აპოლოგეტური წერილები
ზეციური ქალაქი იერუსალემი


ავტორი: სერგეი ხუდიევი. თანამედროვე მართლმადიდებელი აპოლოგეტი, სასულიერო მწერალი, ჟურნალისტი და რადიოწამყვანი.


I. სტატიები

 
1. შობის შესახებ
 
"ქალწული დღეს არსებათ-უზეშთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელისა შესწირავს, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი" (ქრისტეს შობის კონდაკი).
 
 
ამ ღამეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მეფის შობის დღეს. საერთოდ მონარქების დაბადების (ზოგჯერ ნამდვილი, ხშირად - პირობითი) დღეები - მონარქიულ სახელმწიფოებში ჩვეულებრივი დღესასწაულებია. მე არ ვფიქრობ, თითქოსდა შესაძლებელია რუსეთში (ან სადმე სხვაგან - "აპოკ." რედ.) რამენაირი სახით აღორძინდეს; მაგრამ იმ ხალხებში, რომლებიც დღემდე ზეიმობენ მონარქთა დაბადების დღეებს, რჩებათ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო - ადამიანები იხსენებენ, რომ ისინი ეკუთვნიან სამეფოს. ის, რა თქმა უნდა, წმიდად სიმბოლური ზეიმია, მაგრამ თუნდაც ასე იყოს...
 
როგორც კ. ს. ლუისი, მეც დემოკრატი ვარ, რადგან მწამს პირველდაწყებითი ცოდვისა; დღევანდელ პირობებში არსებული საზოგადოებრივი მოწყობა ხელს უ წყობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება თუნდაც მინიმუმამდე დაიყვანოს. გადაგიმტვრიეს ფეხები ცოდვით დაცემაში - ჰოდა, იარეთ ყავარჯნებით. მაგრამ ემოციურად მე მონარქისტი ვარ; შეუძლებელია იყო "დემოკრატიის", "კონსტიტუციის" ან "კანონიერად არჩეული პრეზიდენტის" ერთგული, როგორც მეფის ქვეშევრდომია მეფის ერთგული.
 
შობა - ჭეშმარიტი მეფის დაბადების დღეა, რომელიც შემახსენებს, რომ მე ვარ - მეფის ერთგული, რომ მე, როგორც ყოველ მორწმუნეს, მომენიჭა ზეციური სასუფევლის, ზეციური იერუსალიმის ქვეშევრდომობა. "ჩვენი მოქალაქეობა ცაშია" (ფლპ. 3:20), ამბობს მოციქული, და როგორც მონარქიის მოქალაქეები, იმყოფებიან რა უცხო მხარეში, თავიანთი მეფის შობის დღეს ზეიმობენ და ამით იხსენებენ თავიანთ სამშობლოს, სადაც უეჭველად დაბრუნდებიან, ასევე ვართ ჩვენც, სამოთხიდან გასახლებულნი და მოვიგონებთ, რომ ვართ ზეციური იერუსალიმის ქვეშევრდომნი. მაშინაც კი, როდესაც თითქმის ასიმილირებულნი ვართ ამ წუთისოფელში, ვცხოვრობთ მისი ვნებებითა და ინტერესებით, შობა შეგვახსენებს - ჩვენ სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობა გაგვაჩნია. ჩვენ "ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი" (2 კორ. 5:20), ჩვენი მშობლიური სახლი - ზეცაშია (2 კორ. 5:1).
 
კიდევ ერთი აზრი, რომელიც მინდა გამოვთქვა, - ღმერთი საკმაოდ მოულოდნელია. ღმრთის განკაცება - ეს არის ის, რაც ანგრევს წარმოდგენებს ღმერთზე, თანაც არა მარტო პირველი საუკუნის ღვთისმოსავი იუდეველებისას, არამედ XXI ს-ის ღვთისმოსავ ქრისტიანთა წარმოდგენებსაც. ზოგიერთი ადამიანისთვის არ არის რთული იმისი მიღება, რომ "ქრისტე იშვა, ღმერთი განკაცდა", მაგრამ ეს სწორედ იმიტომ, რომ მათ წარმოდგენას ღმერთზე არაფერი აქვს საერთო ბიბლიურთან. მაგალითად, კრიშნაიტისთვის, ღმერთი შეიძლება განხორციელდეს მრავალი ფორმით; მაშ, რატომ არის შეუძლებელი ის კიდევ ვინმე იესუ ქრისტეში განხორციელდეს? მაგრამ მოციქულები არ იყვნენ კრიშნაიტები და არც ინდუისტები. ისინი იუდეველები იყვნენ, და ის ღმერთი, რომელიც მათ წერილიდან იცოდნენ - არადა თვით იესუმ უწოდა სწორედ ამ ღმერთს თავისი მამა და სწორედ ამ წერილს იმოწმებდა თავის ქადაგებებში - ეს ღმერთი აბსოლუტურად გამოყოფილია ქმნილებისგან, აბსოლუტურად სხვანაირია, აბსოლუტურად წმიდაა სიტყვა "კადოშის" პირველდაწყებითი მნიშვნელობით.
 
ეს განცალკევებულობა - ღმრთის ზნეობრივი სიკეთის გარდაუვალი გამოვლინებაა; დაცემული, ცოდვილი არსებები ვერანაირად შეიძლება იყონ მისი "ნაწილი" - სხვაგვარად ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ცოდვა ღმერთშიცაა. იესუში განკაცდება არა "ღვთაებრიობა", რომელიც ბუნებაში აქაიქ არის გადმოღვრილი (ასეთი წარმოდგენა უცხოა წერილისთვის), არამედ ბიბლიის პიროვნული ღმერთი, ის, რომელიც ელაპარაკებოდა ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთ და ეუბნებოდა: "მე ვარ უფალი" (ეს. 42:8; შეად. 1 პეტ. 1:11).  იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის, რომელთაც სრულიად ბიბლიური წარმოდგენა აქვთ მიღმიერზე (საიქიოზე) და ღმერთის უპირობო განსაკუთრებულობაზე (განსხვავებულობაზე ქმნილებისგან), მტკიცებულება, რომ ღმერთი კაცი გახდა, - მიუღებელია.
 
ახალი აღთქმის ერთ-ერთი გასაოცარი მტკიცებულება სწორედ იმაშია, რომ "უფალს" და "მაცხოვარს" იესუ ქრისტეს უწოდებენ სწორედ იუდეველი მოციქულები, ანუ ადამიანები, რომლებიც კულტურითა და აღზრდით ყველაზე ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი ნებისმიერი ვინმეს განღმრთობისკენ. უბრალოდ ასეთია ფაქტები: მიღმიერი, აბსოლუტურად სხვანაირი ბიბლიური ღმერთი გახდა პატარა ბავშვი დედის ხელში. თანაც აღვნიშნავთ, რომ არა ვინმე ეთერული, "კოსმიური" დედის, არამედ სრულიად კონკრეტული ებრაელი ქალწულის ხელში.
 
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უფალს "არ შეეძლო" ეს ექნა. არა მარტო იუდეველები და მუსლიმები (ლიბერალური ღვთისმეტყველები), არამედ ხშირად უფრო უბრალო "რიგითი ტელემაყურებლები". დიახ, ღმერთს, რომელიც ამ ადამიანთა წარმოდგენაში არსებობს (მათ შორის გულწრფელ მორწმუნეებშიც), არ შეეძლო ეს ექნა. ღმერთი - რომელიც სხვანაირია ჩვენს წარმოდგენებთან მიმართებაში მისდამი, არ შეესაბამება იმ ხატებას, რომელსაც საკუთარ წარმოდგენებში ვქმნით. ეს სწორია ქრისტიანებთან მიმართებაშიც. სულიერი ზრდა - ეს სხვა ყველაფერთან ერთად არის ზრდა გარკვეული წარმოდგენებიდან ღმერთზე და მათი შეცვლა სხვა, უფრო მწიფე და ამაღლებული წარმოდგენებით.

 
2. ქრისტიანი და ეჭვები
 
ვისურვებდი დამეწყო ერთი მითის მხილებიდან. ეს არის მითი იმის შესახებ, რომ ერთგული ქრისტიანი არ შეიძლება განიცდიდეს ეჭვებს. თითქოსდა ეჭვები შეუთავსებელია რწმენასთან. ამ მითის გავლენით ქრისტიანები ხშირად ცდილობენ დათრგუნონ ან დამალონ თავიანთი ეჭვები, თითქოსდა ლაპარაკი იყოს იმდენად სამარცხვინო რამეზე, რომ ამისი დამალვა საკუთარი თავისთვისაც კი საჭიროა. სინამდვილეში ეჭვების არსებობა არც უნდა უარვყოთ და, მით უფრო, არც უნდა დავმალოთ. უნდა მოვიქცეთ პირიქით - ისინი ზედაპირზე უნდა ამოვიტანოთ, მკაფიოდ წარმოვთქვათ და ნათლად შევიგნოთ. ის, რომ თქვენ შეეყარეთ ეჭვს - თქვენზე მოქმედი ღმრთის განგებულების ნაწილია, და მას სურს ეს აქციოს თქვენი სულიერი ზრდის ნაწილად. ჩვენ რწმენაში, სხვათა შორის, ეჭვების მეშვეობითაც წარვემატებით.


ა) პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ დაეჭვების დროს - საჭიროა მისი მკაფიო ფორმულირება
 
რა მაეჭვებს? რატომ? კ. ს. ლუისს თავის "შფოთისთავის წერილები" არის ერთი ძალიან სწორი დაკვირვება, რომ მტერი ელტვის არა გარკვეული აზრების ჩანერგვას ჩვენში, არამედ პირიქით, აზროვნებისგან ჩვენს განყენებას. ეჭვი ხშირად მოდის არა გასაგებად ფორმულირებული შეპასუხების სახით, არამედ გაურკვეველი გრძნობის მეშვეობით - "ასე არ ხდება", ან კიდევ "მაგრამ ყველამ ხომ იცის, რომ ასე არ ხდება". კარგი მაგალითია - ათეისტი მოაზროვნის ჯულიან ჰაკსლის გამონათქვამი: "ინტელიგენტური, განათლებული ადამიანისთვის ძალიან მალე ისევე შეუძლებელი იქნება რომელიღაც ღმრთისადმი რწმენა, როგორც ახლა არის შეუძლებელი რწმენა იმისა, რომ დედამიწა ბრტყელია, რომ ბუზები თვითჩასახვით იბადებიან, რომ სნეულება - ეს ღვთიური სასჯელია, ხოლო სიკვდილი - ჯადოქართა ხრიკების შედეგად მოწევნული მდგომარეობაა. ღმერთები, რა თქმა უნდა, კიდევ დიდხანს იქნებიან - ისინი კვლავაც გამოდგებიან ვიღაცის ფინანსური ინტერესების უზრუნველსაყოფად, და ჭკუანაკლულთა დასამშვიდებლად, პოლიტიკოსთა მარიონეტებად, და უბედურთა და უგუნურ სულთა დასამშვიდებლად".
 
ამ ციტატაში არ არის რაიმე არგუმენტი, არამედ მხოლოდ გადაჭრითი განცხადება, რომ ინტელიგენტური, განათლებული ადამიანისთვის მალე შეუძლებელი იქნება ღმრთისადმი რწმენა იმ შიშით, რომ მას შერაცხავენ "სულელად, უბედურად და უგუნურ სულად". ის აპოლირებს იმავე გრძნობისადმი, რაც გამოიხატება ფრაზით - "ეს ყველამ იცის", "ეს ხომ ასე არ ხდება".
 
ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა "საიდან იციან"? რაზეა აქ ლაპარაკი - უბრალოდ ეპოქის ცრურწმენაზე თუ რაღაც ისეთზე, რაც მართლაც საფუძვლიანია? რატომ, საკუთრივ?
 
მაგალითად, რუდოლფ ბულტმანი, წერს: "შეუძლებელია სარგებლობდე ელექტრობით და რადიოთი, სნეულების დროს მიმართავდე თანამედროვე სამედიცინო და კლინიკურ აღმოჩნებს, და ამავდროულად გწამდეს სულთა სამყაროზე არსებული ახალაღთქმისეული სწავლებისა და სასწაულებისა".
 
ეს არ არის არგუმენტაცია - სინამდვილეში, როგორ უარყოფს მთელი ქვეყნის ელექტროფიკაცია ახალაღთქმისეულ მონათხრობს დემონთა განდევნის შესახებ? ეს არის აპელაცია იმისადმი, თუ რისადმი რწმენა არის მიღებული ან მიუღებელი ჩვენს კულტურაში, ან, უფრო ზუსტად, იმ კულტურულ ფენაში, რომელსაც ბულტმანი ეკუთვნის. ამ ფენის მიღმა მილიონობით "თანამედროვე ადამიანს" სწამდა არიანული რასის უპირატესობის, სხვა მილიონობით ადამიანს - კომუნიზმის გამარჯვებისა მსოფლიო მასშტაბით. XX ს-ის მითები უფრო საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი საუკუნის, ხოლო სხვადასხვა სახის ეშმაკეულები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს იყო ახალაღთქმისეული განთიადის პერიოდში.
 
არცთუ იშვიათად ეჭვები აპელირებენ არა არგუმენტებთან, არამედ სწორედ მსოფლიოზე შეხედულებებთან, რაც ჩვენი კულტურისთვის არის დამახასიათებელი. შეხედულებებთან, რომლებში ჩაიწერება კარმის დიაგნოსტიკა, მაგრამ არანაირად არ იწერება მასში უბიწო ჩასახვა.
 
ძალიან ხშირად ეჭვები ქრებიან უბრალოდ მათი ბუნდოვანი შეგრძნებების სფეროდან მკაფიოდ ფორმულირებული არქუმენტების შუზე გამოტანის დროს. ამიტომაც პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - ეს არის მკაფიოდ ფორმულირება იმისა, თუ რა გაეჭვებთ.


ბ) ეჭვები და სულიერი ზრდა
 
მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანს უწევს საქმე ჰქონდეს სრულიად გააზრებულ არგუმენტებთან იმის წინააღმდეგ, რისიც მას სწამს. ზოგჯერ ასეთ ვითარებაში ჩნდება წყენა ღმრთის მიმართ - რატომ მაშინათვე არ გააუქმებს იგი ყოველგვარ ეჭვს რომელიმე ზებუნებრივი სახით? მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ამას განსაზღვრული მიზნით აკეთებს. მე ამას შევადარებდი ჭედვის პროცესს: საჭიროა ძალიან ბევრი უკაკუნო რკინას, მისგან რომ ყველა შენაერთი გამოყარო.
 
ეჭვები მჭედლის დარტყმების როლს თამაშობენ, ისინი ამტვრევენ ხენჯს, რათა გამოათავისუფლოს რკინა. ისინი ეხმარებიან მორწმუნეს იმის განსაზღვრაში, თუ რისი სწამს და რატომ სწამს.


გ) იქნებ მართლაც არ ღირდეს ამისადმი რწმენა?
 
იმ დროს, როდესაც სახარება - არის ჭეშმარიტება, ქრისტიანის ზოგიერთი წარმოდგენა შეიძლება სრულიად მცდარი იყოს; სულიერი ზრდის პროცესი ასევე მოიცავს გარკვეული მცდარი წარმოდგენებისგან გათავისუფლებასაც. ეს წარმოდგენები შეიძლება ჩვენთვის ძვირფასი იყოს, გვაკავშირებდეს ჩვენს თემთან, მათი გადასინჯვა შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა გვმართებს და შეგნება იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია არა ეჭვებზე რწმენაში, როგორც ასეთში.
 
ქრისტიანული რწმენა - ეს არის განსაზღვრული დამოკიდებულება იესუ ქრისტეს პიროვნებასთან და საქმეებთან, რის შესახებაც ნათქვამი იყო ოდნავ ადრე. თუმცა, მრავალი ადამიანისთვის ამ დამოკიდებულებას კიდევ რაღაც ემატება - განსაზღვრული წარმოდგენები, რომლებიც არ არის მოცემული თვით სახარებაში, არამედ ადამიანის ცნობიერებას "შეეზარდა". მაგალითად, რევოლუციის დროს ბოლშევიკები საჯაროდ ხსნიდნენ წმინდანთა ნაწილებს (მათ სამარხებს, სავანეებს და ა. შ.) და ზოგჯერ იქ მხოლოდ გახრწნილ ძვლებსღა პოულობდნენ. ეს საშინელი დარტყმა იყო ზოგიერთი ადამიანისთვის და უბიძგა მათ დაეტოვებინათ ეკლესია.
 
მაგრამ რწმენა წმიდა ნაწილთა უხრწნელების მიმართ არანაირად არ წარმოადგენს სახარების აუცილებელ ელემენტს. წერილში არსად არის ნათქვამი, რომ ყველა ღვთისმოსავი ქრისტიანის სხეული სიკვდილის შემდეგ აუცილებლად უხრწნელი დარჩება. ის, რომ ზოგიერთი წმინდანის სხეული გაიხრწნა, არანაირად არ აუქმებს სახარების ჭეშმარიტებას და არც რწმენას ამ წმიდა მოღვაწეთა სიწმიდის მიმართ.
 
სხვა მაგალითი, - შემთხვევა, რომლის შესახებაც ერთ კრეაციონისტულ წიგნში წავიკითხე. ავტორი ლაპარაკობდა ვინმე ღვთისმოსავ ყმაწვილზე ამერიკის სამხრეთ ბაპტისტთაგან, რომელიც უნივერსიტეტში მოხვდა და იქ ევოლუციის თეორია შეისწავლა. რადგან მისი ახალი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მას ადრე უქადაგებდნენ, როგორც ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებას, ის სარწმუნოებას განუდგა. მაგრამ ამისი გაკეთება სულაც არ იყო სავალდებულო.
 
არიან ქრისტიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი ქმნიდა ევოლუციურად. ასეთი იყო, მაგალითად, ალექსანდრე მენი, და ექვსთა დღეთას განმარტებაზე უარის თქმა, როგორც კვირიაკის კალენდრულ დღეებზე, სულაც არ ითხოვს განდგომას ქრისტეს რწმენისგან. უბედურება იმაშია, რომ ახალგაზრდა კაცისთვის - ისევე, როგორც წიგნის ავტორისთვის - ქრისტესადმი რწმენა მკაცრად იყო შეკავშირებული დაბადების წიგნის განსაზღვრულ განმარტებასთან, რომელიც მისი თემის მიერ იყო მიღებული.
 
შეიძლება მოვიტანოთ მაგალითი, რომელიც აცბუნებს მრავალ მართლმადიდებელ ქრისტიანს. მოვლენა, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ისტორიულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ეს სულაც არ უთხრის ძირს რწმენას იმისადმი, რომ ქალწულის ძე - განკაცებული ღმერთია.
 
ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ უნდა განვაცალკევოთ სახარება, როგორც ასეთი, ჩვენი პირადი შეხედულებებისგან (ან იმ შეხედულებებისგან, რომელიც ჩვენს თემებშია გავრცელებული). ჩვენი შეხედულებები შესაძლოა სრულიად მცდარია, და ეს ეჭვ ქვეშ ვერ დააყენებს სახარების ჭეშმარიტებას.


დ) ეჭვები, რომლებიც აღმოცენებულია გაუგებრობის შედეგად
 
ეჭვების სხვა ტიპი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმის ვერგაგებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ასწავლის ქრისტიანობა. ეჭვების ეს ტიპი განსაკუთრებით ნაყოფიერია, რადგან ჩვენში აღვიძებს სურვილს გავერკვეთ საკუთარი რწმენის შინაარსში - თუ რისი გვწამს და რატომ. შეგვიძლია თუ არა დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა? დარჩება თუ არა ის საფუძვლიანი? რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს რწმენა ყოვლისშემძლე ღმრთის მიმართ? რა ურთიერთმიმართებაა ქრისტეს ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებებს შორის? რა თქმა უნდა, შეიძლება ვთვათ "მე დავიხშობ სმენას, დავთრგუნავ ეჭებს და უბრალოდ ვირწმუნებ", მაგრამ მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვებთ შესაძლებლობას დეტალურად გავერკვეთ და შევითვისოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი რწმენა. ცოცხალი რწმენა ყოველთვის იზრდება, ხოლო რთულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდება - ეს სულიერ ზრდაზე უარის თქმას ნიშნავს.


ე) ეჭვები, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ მოლოდინებთან
 
აშკარაა, რომ რწმენას მრავალი სიკეთე მოაქვს უკვე ამ მიწიერ ცხოვრებაშივე, ხოლო მცნებების აღსრულება თავიდან გვარიდებს ჭირვებას, რომელსაც ჩვენი საკუთარი უგუნური საქციელი იწვევს. მრავალ ქრისტიანს შეუძლია დაადასტუროს - და სიხარულითაც კი აკეთებენ ამას - თუ როგორ გათავისუფლდნენ ქიმიური დამოკიდებულებისგან ან აღადგინეს ურთიერთობა ახლობლებთან, ან გაწყვიტეს კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან და პატიოსან ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩვენ უნდა ვადასტურებდეთ ღმრთის მოწყალების ამ შესანიშნავ გამოვლინებებზე. მაგრამ არ უნდა შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანის მიწიერი ცხოვრება უღრუბლოა და ია-ვარდებით მოფენილია. არც უფალს, არც მოციქულებს ამგვარი რამ ქრისტიანისთვის არ აღუთქვამთ. პირიქით, როგორც მაცხოვარი ამბობს: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას" (ინ. 16:33); ხოლო მოციქულები "ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო" (საქმე 14:22).
 
შეიძლება იყო მართლმადიდებელი, ღმრთის ერთგული და ღვთითსათნო ქრისტიანი და განიცდიდე ათასგვარ გაჭირვებას. მოციქული პავლე - ქრისტეს რჩეული ჭურჭელი, ქრისტეს სახელი რომ ეუწყებინა ხალხებისთვის, მეფეებისთვის და ისრაელის ძეთათვის (იხ. საქმე 9:15), მძიმე სნეულებით იტანჯებოდა (2 კორ. 12:7); განიცდიდა მოწაფეთა უმადურობას, სასტიკ დევნას ურწმუნო იუდეველთაგან და წარმართთაგან (2 კორ. 11:7), ასევე მრავალ სიძნელესა და საფრთხეს, მათ შორის საშიშროებას "ცრუ ძმათაგან".
 
ისეთი მწვალებლობა, როგორიცაა "გაფურჩქვნის თეოლოგია" (რომელსაც ზოგიერთი ქარიზმატიკოსი ქადაგებს, ასევე მას შეცდომით მიაწერენ კალვინისტებს) ქრისტიანებს ჯანმრთელობას და აყვავებას ჰპირდება, თუკი ირწმუნებს. გჯეროდეთ, თქვენ ყველანი სიტკბოებაში იცხოვრებთო... მაგრამ ეს შემდეგ იწვევს მწარე კითხვას - მე უკვე ერთი თვეა რაც ვირწმუნე, მაშ, დღემდე სიამტკბილობაში რატომ არ ვარ? (სხვა ვარიანტია - "მე ეს ვცადე, მაგრამ არ მუშაობს").
 
თავისთავად ეს მწვალებლობა არც ისე გავრცელებულია, ოღონდ თვით "სიამტკბილობის მოლოდინი" მოქცეულთა შორის იშვიათი როდია. ქრისტიანის ცხოვრება შეიძლება რთული იყოს და ძალისხმევას ითხოვდეს; ქრისტიანი შეიძლება გადააწყდეს სიღატაკეს, სნეულებებს, გამცემლობას და უსამართლობას.
 
ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისა, რომ ღმერთი მათ თავზე არ დაუშვებს არანაირ უსიამოვნებას ცხოვრებაში, სინამდვილეში არიან მორწმუნენი იმისა, რაც ღმერთს არავისთვის და არასოდეს არ აღუთქვამს. ღმერთმა სხვა რამ აღგვითქვა - რომ "ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ" (რომ. 8:28).
 
ზეცაში ჩვენ სრულიად ბედნიერნი ვიქნებით და გავთავისუფლდებით ყოველგვარი ჭირვებისგან; მაგრამ წერილი არანაირად და არსად არ გვპირდება, რომ გზა სასუფევლისკენ კომფორტული იქნება.


ვ) ეჭვები, რომლებიც ადამიანებში იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული
 
ეჭვების ეს ტიპი, როგორც ჩანს, ყველაზე იოლი უარსაყოფია, მაგრამ სწორედ მისით ხსნიან ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას დატოვონ ეკლესია. ეს არის დაეჭვება ადამიანებში. მე მჯეროდა, რომ მამა ონუფრი - მოსიარულე პატერიკი და ანგელოზთა თანამოსაუბრე იყო, მაგრამ ერთხელაც ვნახე, როგორ გაუვარდა ხელიდან სასანთლე და ფეხი დაიზიანა, რის გამოც არაღვთიური სიტყვა წამოცდა. მორჩა, ჩემი რწმენა განადგურებულია. მაგრამ იყო თუ არა ეს რწმენა ღვთის მიმართ? არა, ეს იყო ყალბი მოლოდინი, რომლებიც დაკავშირებული იყო ადამიანთან. თვით მართალი ქრისტიანებიც კი შეიძლება ავლენდნენ შემაცბუნებელ უძლურობებს. ეკლესია ცოდვილთაგან შედგება, რის გამოც, მორწმუნეთა შორის გაუგებრობები და კონფლიქტები ჩნდება.
 
უფალს არ უთქვამს, რომ ეკლესიაში ჩვენ უშფოთველი მშვიდობით დავტკბებოდით. მათეს სახარებაში ის ამბობს, თუ როგორ უნდა გადავჭრათ კონფლიქტები ძმათა შორის (იხ. მთ. 18:5); ანუ ის გამომდინარეობს იმისგან, რომ ასეთი კონფლიქტები აუცილებლად მოხდება. მეტიც, ეკლესიაში შეიძლება იყონ "ურჯულოების მოქმედნი", რომლებიც ქრისტეს სახელით იქადაგებენ, მაგრამ უფალს არასოდეს ცოდნია ისინი (მთ. 7:22-23).
 
ამრიგად, რა უნდა ვქნათ, თუკი გადავეყრებით ეჭვებს? ეცადეთ დასვათ კითხვა: "რატომ დაუშვა ღმერთმა ჩემზე ეს განსაცდელი? რისი სწავლება სურს უფალს ჩემთვის ამ ეჭვების მეშვეობით?"


3. არსაიდანელთა სექტის შესახებ
 
ინტერნეტში რელიგიაზე დავებისას ძალიან ხშირად ვაწყდებოდი ოპონენტებს, რომელთაც შეიძლება "არსაიდანელთა სექტა" ვუწოდოთ. ეს ადამიანები საუბრობენ ღვთისადმი და, როგორც წესი, ქრისტესადმი თავიანთ რწმენაზე, მაგრამ უარს ამბობენ შეერთებაზე ეკლესიასთან და მას მძიმე ცოდვებში ადანაშაულებენ, როგორც წარსულში ჩადენილ, ისე დღევანდელშიც (1).
 
_____________________
   
1. ასეთ პოზიციასთან საინტერესოა ერთი ცნობილი გამონათქვამის შედარება, რომელიც დაახლოებით ასე ფორმულირდება: "არ მსურს ყველაზე სრულყოფილ ეკლესიას შევუერთდე, რამეთუ როგორც კი მას შევუერთდები, იგი სრულყოფილებას დაჰკარგავს". საქმე მთლიანად თვითშემეცნების დონეშია. – რედ.
 
_____________________
 
ხშირად, როდესაც ადამიანები კამათობენ, საუბარი დაახლოებით ასე ვითარდება: "აჰა, თქვენებმა (კათოლიკეებმა, მართლმადიდებლებმა, იუდეველებმა, მუსლიმებმა, კრიშნაიტებმა, ბუდისტებმა და სხვ.) ესა და ეს სისაძაგლეები ჩაიდინეს". – "ჰოდა, თქვენებმა კიდევ უფრო უარესი ჩაიდინეს". ეს კამათის საკმაოდ უგუნური წესია; სინამდვილეში, ნებისმიერ რელიგიურ (ეროვნულ თუ სხვა) თემში, თუკი ის თუნდაც ოდნავ მრავალრიცხოვანია და თუნდაც მცირე ისტორია გააჩნია, ყოველთვის მოიძებნება სისაძაგლეთა მაგალითები. მზაკვარია ადამიანის გული და უკიდურესად გახრწნილი.
 
თუმცა ამ ვითარებაში "არსაიდანელი" სრულიად შეუვალია – მას არ ჰყავს "თავისიანები" – არც წინაპრები რწმენით, არც დღეს მოღვაწე თანამორწმუნეები. მას შეუძლია თამამად თქვას: "აჰა, თქვენებმა..." და არ ეშინოდეს, რომ ვინმე მიუგებს: "ჰოდა, თქვენებმა კიდევ უფრო უარესი", რამეთუ მასთან მიმართებაში არანაირი "თქვენები" არ არსებობს. თუკი მე მართლმადიდებელ ეკლესიას ვეკუთვნი, ეს ნიშნავს, რომ ვეკუთვნი ძალზედ მრავალრიცხოვან თემს, რომელშიც სხვადასხვანაირი, მათ შორის დამთრგუნველად ცოდვილი ან აღმაშფოთებლად უგუნური ადამიანებიც შეიძლება იყონ. მე ვეკუთვნი თემს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია, ადამიანთა ისტორია კი საშინელი და ტრაგიკული რამ არის. მე ყოველთვის შეიძლება მიპასუხონ: "აჰა, თქვენებმა ხომ ერეტიკოსები ძელურებში დაწვეს / ძველმართლმადიდებლებს ავიწროებდნენ / თამბაქოთი ვაჭრობდნენ / მერსედესებით დადიან".
 
ამ მხრივ არსაიდანელი საფრთხისგან თავისუფალია. მას არ ჰყავს "თავისიანები", რომლებიც ვინმეს დაწვავდნენ. არსაიდანელობა არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ისტორიის არცერთ ბნელ და სამარცხვინო ფურცელზე. არსაიდანელობა – ეს არის უწყვეტი და არაფრით დაჩრდილული კეთილჰაეროვნება. არსაიდანელი ყოველთვის მართალია ნებისმიერ ოპონენტთან: კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა თუ პროტესტანტთა ისტორიაში მრავალი საშინელი ცოდვის პოვნა შეიძლება, არსაიდანელთა ისტორიაში კი – არა. მისი პრინციპული არარსებობის გამო.
 
შეიძლება ითქვას, რომ უარს ამბობს რა საკუთარი თავის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის წევრად აღიარებისგან, არსაიდანელი აკლდება იმ აღიარებული წმინდანთა და მართალთა თანაზიარებას, რომლებიც ამ ეკლესიას ეკუთვნიან. მაგრამ სინამდვილეში, ამის გაკეთება არსაიდანელისთვის სულაც არ არის აუცილებელი. არსაიდანელს სრულიად მშვიდად შეუძლია "თავისიანად" გამოაცხადოს დედა ტერეზა, მაგრამ არა ტორკვემადა; მამა ალექსანდრე მენი, მაგრამ არა ნიკონი. საკმარისია განაცხადოს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში სრულიად ეთანხმებოდნენ არსაიდანელს (მაშინაც კი, თუ თავად არ აცნობიერებდნენ ამას) და სწორედ მის, არსაიდანულ რწმენის ვერსიას წარმოადგენდნენ.
 
მოკლედ რომ ვთქვათ, არსაიდანელობა ძალზედ და ძალზედ მაცდუნებელია. რა სასიამოვნოა საყოველთაოდ აღიარებული მართალნი "თავისიანებად" ჩათვალო, რათა მათი სიმართლით ისარგებლო, და ცოდვილნი არ ჩათვალო, რათა მათი სირცხვილის გამო არ იტანჯო. მეც მივმართავდი არსაიდანელობას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს სექტა არაქრისტიანულია, თუმცა შეიძლება ცხარედ ამტკიცებდეს საპირისპიროს.
 
გამოსყიდვა იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტე თავისიანებად გვასახელებს და ამისთვის საფასურს იხდის. შევეცდები, ეს უმარტივესი მაგალითებით განვმარტო. წარმოიდგინეთ, რომ მეგობართან ერთად იმყოფებით რაიმე საზოგადოებაში და ეს მეგობარი ისეთ საშინელ სისულელეს იტყვის, რაც უხერხულობის მწვავე გრძნობას გიჩენთ. შეგიძლიათ ჩამოშორდეთ მას, იმის შიშით, რომ მისი ჩრდილი შეიძლება თქვენც მოგეფინოთ, ანდა მის გვერდით დარჩეთ. თუ რჩებით – ამისთვის გარკვეულ ფასს იხდით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა მეგობარმა ნამდვილად საძაგელი საქციელი ჩაიდინა. შეგიძლიათ (თუკი შეგწევთ ძალა) მეგობრად შერჩეთ და გაიზიაროთ ის ზიზღი, რაც მას წილად ხვდება, ანდა მიატოვოთ იგი. თუკი უკავშირდებით ადამიანს, რომელიც შეიძლება სულელი, უშნო ან წარუმატებელი აღმოჩნდეს, და თუკი მას, ამასთან, თქვენიანადაც აღიარებთ, მისი წარუმატებლობის გასაზიარებლად ემზადებით. თუკი თქვენიანად აღიარებთ დასახიჩრებულს ან სნეულს, მისი სნეულებისა თუ სახიჩრობისგან გამოწვეულ სიმძიმეებს იტვირთავთ. ხოლო თუკი თქვენიანად აღიარებთ კაცს, რომელიც დამნაშავე და შერცხვენილია, მისი სირცხვილისა და ბრალის გასაზიარებლად მიდიხართ.
 
ქრისტე თავისიანებად აღიარებს დამნაშავე და უარყოფილ ცოდვილებს და არ განიშორებს მათ; ის ამისთვის საფასურს იხდის.
 
მოციქულები მოგვიწოდებენ, მივბაძოთ ქრისტეს, რაც, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს, რომ მის მსგავსად არ უნდა ვუარყოთ ისინი იმ ვითარებაში, როდესაც ამგვარმა არ-უარყოფამ შეიძლება საფასური მოგვთხოვოს. სხვა მართლმადიდებლები იტყვიან სისულელეებს, რომელთა გამოც უხერხულობას ვიგრძნობთ, ან ჩაიდენენ ცოდვებს, რომელთა გამოც შეგვრცხვება. თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი უღირს საქციელში ამხილეს (რამდენად სამართლიანად, ამას საყოველთაო მსჯელობა, როგორც წესი, არ იკვლევს), მათი სირცხვილი ეკლესიას აწვება – და, მაშასადამე, მეც, როგორც მის წევრს. "კარგად გიცნობთ თქვენ, საეკლესიო ხალხს". როდესაც ეკლესიას ვუერთდები, წმიდათა თანამოქალაქე და ღვთის შინაური ვხდები; სიწმიდის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჩემი ერის ისტორიად იქცევა. მაგრამ გარეშე კრიტიკოსები უარს იტყვიან სიწმიდის დანახვაზე, სამაგიეროდ ხედავენ იმ ცოდვათა სირცხვილს, რომლებიც ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ჩაიდინეს, ზოგჯერ პროპაგანდის მიერ შეთხზულს, ზოგჯერ კი ნამდვილსაც.
 
ეკლესიური ქრისტიანობა ნიშნავს, საკუთარ თავზე აიღო ფურთხი შენს "თანაეკლესიელთა" მიერ ჩადენილი ყველა ცოდვისთვის და ეკლესიის ისტორიაში ჩადენილი ყველა ცოდვისთვის.
 
არსაიდანელს ფურთხი არ მოხვდება. ის აქ საერთოდ არაფერ შუაშია. სრულიად არაფერ შუაშია.
 
რა თქმა უნდა, ეკლესიის ის სახე, რომელსაც პრესა რიგითი ტელემაყურებლის გონებაში ხატავს, გაცილებით უარესია იმაზე, რაც სინამდვილეში არსებობს. ასეთია მედიის ბუნება: თუ გვყავს ასი ღვთისმოშიში ეპისკოპოსი და ერთი, ვთქვათ, არცთუ ისე ღვთისმოშიში (2), გასაგებია, თუ ვისზე დაწერენ გაზეთები. ფაქტების შერჩევას სენსაციის მიდევნება განსაზღვრავს, თუმცა შესაძლოა ეს ნამდვილი ფაქტები იყოს.
 
ეკლესია ელიტური კლუბი როდია, სადაც ყოველი შემსვლელი მკაცრ გარეგნულ შემოწმებას გადის და მათ, ვისაც "გარეგნობა არ უვარგა" კარს მიღმა ტოვებენ. ეკლესია ყველასთვის ღიაა, რაც ნიშნავს, რომ მასში შეიძლება შევიდნენ ისინიც, ვინც ეკლესიას სულაც არ ეხმარება გარეშეთაგან კეთილი მოწმობის მოპოვებაში.
 
_____________________
 
2. უნდა ითქვას, რომ კეთილმსახურების ის ხარისხი და ფორმები, რომლებსაც არაეკლესიური ადამიანები საეკლესიო პირებს უწესებენ, ხშირად უბრალოდ გამაოგნებელია როგორც თავისი უგუნურებით, ისე შეუსრულებლობით; ამასთანავე, ზოგჯერ იბადება ეჭვი, რომ ზნეობის ეტალონად ამ შემთხვევაში ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, კი არა "ბაბუა" ლენინს, როგორც ოფიციალური მითოლოგიის პერსონაჟს ირჩევენ.
 
_____________________
 
საოცარია, რაოდენ საზიზღარი ადამიანების საცხოვნებლად მოვიდა ქრისტე, მაგრამ სახარება მოგვითხრობს, რომ სწორედ ცოდვილთა ცხონებისთვის განკაცდა იგი. მას ხომ არაფერი აქვს შესათავაზებელი უცოდველთათვის. თქვა "მრწამს ქრისტესი" – ნიშნავს, კერძოდ, იმის თქმას: "მე ცოდვილი ვარ და ჩემი ცოდვა იმდენად საშინელია, რომ ჩემი ცხონება სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა, თუ არა ღვთის ძის წამებისა და სიკვდილის ფასად".
  
მონანიება, გონების ცვალებაა, რომელიც ადამიანს არსაიდანელიდან ქრისტიანად აქცევს, ეს არის გადასვლა აღშფოთებიდან ("რა უმსგავსობაა, რომ ეკლესიაში ასეთი ცოდვილი ადამიანები იმყოფებიან") მადლიერ გაკვირვებამდე ("როგორ მოიძებნა ეკლესიაში ადგილი ისეთი ცოდვილისთვისაც კი, როგორიც მე ვარ").


II. შემოქმედების დოქტრინა და ყოველდღიური ცხოვრება


1. რისი სწამთ ქრისტიანებს
 
წარმოშობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული აზრის, მიზნის, ღირსებისა და იმედის საკითხებთან. აქვს თუ არა აზრი ადამიანის ცხოვრებას? ღირს კი სიცოცხლის გაგრძელება მაშინ, როდესაც ცხოვრება მიმზიდველობას კარგავს? გვაქვს თუ არა ჩვენ, ადამიანებს, ღირებულება და ღირსება? გვაქვს თუ არა იმედი ბოროტების, ტანჯვისა და სიკვდილის წინაშე? ყველა ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია შემდეგი კითხვების პასუხზე: რატომ ვარსებობთ?, რატომ არსებობს სამყარო, დედამიწა, სიცოცხლე, ჩვენ თვითონ?
 
ჩვენ გვწამს, რომ ყოველივე არსებული — უკანასკნელ ატომამდე — შექმნილი და არსებობაში შენარჩუნებულია პიროვნული, ყოვლისშემძლე და ზნეობრივად კეთილი ღმერთის მიერ. სამყარო შექმნილია არაფრისგან, Ex Nihilo, როგორც ლათინურად ამბობენ. სამყაროს არსებობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ის ღმერთმა შექმნა, ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კვლავ განაგრძობს არსებობას, ის არის, რომ ღმერთი ინარჩუნებს მის არსებობას. სამყარო ჰგავს სიმფონიას, სურათს ან პოემას — მას ჰყავს ავტორი. ადამიანთა უმრავლესობისთვის — მათ შორის ურწმუნოთათვისაც — ნაცნობია ხელოვნების ნიმუშების წინაშე აღტაცების განცდა, ის გაოცებული მოწიწება, რომელსაც დიდი მხატვრების, პოეტებისა თუ კომპოზიტორების მიმართ განვიცდით. ხშირად მსგავს განცდას ბუნების ან ადამიანთა სილამაზის ჭვრეტის დროსაც განვიცდით; ქრისტიანობა ამბობს, რომ ამ სილამაზესაც ჰყავს ავტორი. ბიბლიურ ეპოქაში მორწმუნეები გაოცებით შეჰღაღადებდნენ: "საკჳრველ არიან საქმენი შენნი", უფალო, და "სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად" (ფს. 138:14), ან: "რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთათა ვიხარებდე" (ფს. 91:5). ჩვენ ასევე გვწამს, რომ ეს სურათი ადამიანის ცოდვამ დააზიანა, რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში ვისაუბრებთ; ჯერჯერობით კი შევჩერდეთ შექმნაზე — მის აზრსა და მნიშვნელობაზე ჩვენი აწმყო და ამჟამინდელი ცხოვრებისთვის.
 

2. ბიბლია და მეცნიერება: მოკლე განმარტება
 
სანამ წინ წავიწევდეთ, განვიხილავთ ერთ გაუგებრობას, რომელიც ხშირად წარმოიქმნება და ბევრ ადამიანს აბნევს: თითქოსდა მოძღვრება შესაქმის შესახებ სამეცნიერო მონაცემებს ეწინააღმდეგებოდეს. ეს გავრცელებული მითია, რომელსაც ადამიანები ხშირად იმეორებენ ისე, რომ არც კი უფიქრდებიან, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს "წინააღმდეგობა". როგორც ამერიკელმა მეცნიერმა სტენლი იაკიმ თქვა, მეცნიერებასა და წმინდა წერილს შორის წინააღმდეგობები, ერთი მხრივ, დაუმტკიცებელ სამეცნიერო თეორიებსა და, მეორე მხრივ, ბიბლიის სადავო განმარტებებს შორის არსებული წინააღმდეგობებია.
 
კარგი მაგალითია დავა, ერთი მხრივ, ევოლუციის თეორიის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, ექვს დღეში შექმნის შესახებ ბიბლიური თხრობის სიტყვასიტყვით განმმარტებლებს შორის. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სამეცნიერო თეორია, რომელსაც, ყველა შესაძლო ღირსების მიუხედავად, სწორედ თეორია ეწოდება — ანუ დაკვირვებადი ფაქტების ერთგვარი ახსნა და არა თავად ფაქტი; მოძღვრება, რომელიც სამეცნიერო მონაცემებს ხსნის და არა თვით ამ მონაცემებს. მეორე მხრივ კი გვაქვს რწმენა იმისა, რომ დაბადების წიგნში ნახსენები ექვსი დღე აუცილებლად აღნიშნავს ექვს კალენდარულ დღე-ღამეს, თითოეულს 24 საათის ხანგრძლივობით, — რწმენა, რომელიც საკმაოდ სადავოა, თუ გავიხსენებთ, რომ თვით ბიბლია ამბობს: "ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტ. 3:8).
 
აქ არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა, როგორც ბიბლიასა და მეცნიერების მონაცემებს შორის, ისე ბიბლიის, როგორც ასეთის, და სამეცნიერო მონაცემების, როგორც ასეთის, შორის.
 
არ ვიცი, სწორია თუ არა ევოლუციის თეორია და, თუ სწორია, მაშინ რამდენად და რა სახით, მაგრამ, სწორიც რომ იყოს, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა შესაქმისადმი რწმენას. ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ "ბუნებრივი პროცესები" და "ღვთის ჩარევა" ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიბლიისთვის ეს ასე არ არის. ფსალმუნმგალობელი ამბობს:
 
"რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის" (ფს. 138:13-16).
 
ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ორსულობა, მშობიარობა — ბუნებრივი პროცესია, რომლის შედეგადაც ბავშვი იბადება, მაგრამ ფსალმუნმგალობელი, რომელსაც ეს შესანიშნავად ესმის, ამაში ღმერთის შემოქმედებით საქმეს ხედავს. ბიოლოგიური სახეობები შეიძლებოდა მყისიერად შექმნილიყო, ან შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ხანგრძლივი პროცესის შედეგად, რომელიც არანაკლებ "არასასწაულებრივად" გამოიყურება, ვიდრე ორსულობა — თუმცა, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ღმერთის შემოქმედებით აქტივობასთან.
 
ეს წიგნი (ტექსტი იგეგმება წიგნის ნაწილად) ეძღვნება ქრისტიანული რწმენის გადმოცემას და არა მის დაცვას, ამიტომ მე დაწვრილებით არ შევჩერდები შესაქმის სასარგებლოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე; მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ყოველთვის, როდესაც გეუბნებიან ბიბლიასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობის შესახებ, საუბარია გარკვეულ (სადავო) სამეცნიერო თეორიებსა და ბიბლიის გარკვეულ (სადავო) განმარტებებს შორის წინააღმდეგობაზე.
 

3. მიზანი და აზრი
 
წარმოშობის საკითხზე რამდენიმე პასუხი არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სამყარო და ადამიანი რაღაც უპიროვნო კოსმიური ძალების მოქმედების პროდუქტია. მათ არ ჰქონიათ განზრახვა, შეექმნათ ბუნება ან ადამიანები; არ ჰქონიათ განზრახვა, თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შეექმნათ. ათეისტური თვალსაზრისის თანახმად, თითოეული ჩვენგანი უპიროვნო ბუნებრივი პროცესების შედეგად აღმოცენდა და გარკვეული დროის შემდეგ, უპიროვნო კანონებისა და შემთხვევითობების ძალით, სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას. სამყაროს ჩვენ მიმართ საერთოდ არაფერი აინტერესებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ — ყოველივე ეს საბოლოოდ განულდება.
 
ასეთი სურათი საკმაოდ დამთრგუნველად გამოიყურება და, უნდა ითქვას, ამ მსოფლმხედველობის მრავალი დამცველი აღიარებს კიდევაც ამას. აი, რას წერს, მაგალითად, ფრანგი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ათეისტი ჟაკ მონო:
 
"წმინდა შემთხვევითობა, აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ ბრმა, ევოლუციის დიდებული შენობის თვით საფუძველშივე დევს და, შედეგად, ადამიანი საბოლოოდ აცნობიერებს, რომ სამყაროს უგრძნობ სიღრმეებში ის სრულიად მარტოა..."
 
სიცოცხლე საერთოდ და ადამიანი კერძოდ — უნიკალური მოვლენაა, უსაზღვრო სამყაროს ერთადერთი ქმნილებაა, რომელიც ბუნების გეგმების საწინააღმდეგოდ აღმოცენდა.
 
ადამიანი საბოლოოდ უნდა გამოერკვეს ათასწლოვანი ძილისგან და, გამოღვიძებული, სრულ მარტოობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში აღმოჩნდება. მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს იგი საბოლოოდ, რომ, ბოშას მსგავსად, მისთვის უცხო სამყაროს კიდეზე ცხოვრობს. სამყაროსი, რომელიც ყრუა მისი მუსიკის მიმართ, გულგრილია მისი მისწრაფებების მიმართ, ისევე როგორც მისი ტანჯვისა თუ დანაშაულების მიმართ... ადამიანი საბოლოოდ შეიცნობს თავის მარტოობას სამყაროს გულგრილ უსაზღვრობაში, სამყაროსი, რომლისგანაც იგი შემთხვევითობის შედეგად წარმოიშვა.
 
ასეთია ათეიზმის პასუხი. ერთ ძალიან პოპულარულ და, ერთ დროს, ძალიან მდიდარ როკ-მომღერალს, ფრედი მერკურის, აქვს სიმღერა "Show must go on" — "წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს". ის მღერის (უფრო სწორად, მღეროდა, რადგან უკვე გარდაცვლილია):
 
"იცის ვინმემ, რისთვის ვცხოვრობთ?
 
გული დამიმსხვრია, მაგრამ ღიმილი მიწევს:
 
წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს".
 
ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ღმრთისადმი თავიანთ ურწმუნოებაზე საუბრობენ, არ ფიქრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. თუ ჟაკ მონო და მისი თანამოაზრენი მართლები არიან, მაშინ ჩვენ ბრმა შემთხვევითი ძალების თამაშის შედეგად მოვევლინეთ ქვეყანას და მალე, ისევე როგორც ჩვენ, ყველა ადამიანი, ვინც კი გვიყვარს, იმავე შემთხვევითი და უაზრო ძალების ზემოქმედებით სამუდამოდ გაქრება. ცხოვრებაში არ არსებობს არავითარი ობიექტური აზრი, ხოლო ნებისმიერი სუბიექტური აზრი, რომლის შეტანასაც მასში შევეცდებით, საბოლოოდ ჩვენთან ერთად განადგურდება.
 
წარმოშობის საკითხს — და, შესაბამისად, მიზნის, აზრის, იმედისა და ღირსების საკითხებსაც — სხვაგვარად პასუხობს შესაქმის მოძღვრება. ბიბლია იწყება სიტყვებით:
 
"თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1).
 
სამყაროში ყოველივე არსებულის არსებობა — ბიბლიურ სიტყვათხმარებაში "ცა და მიწა" — ფესვგადგმულია პიროვნული, ყოვლისშემძლე და ზნეობრივად კეთილი ღმერთის ნებასა და განზრახვაში. ქმნილებაში არ არის არც შემთხვევითობა და არც უაზრობა; ქმნილება ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ღრმა აღტაცებას იწვევს. ბიბლიაში არის ფსალმუნთა წიგნი — ლოცვებისა, რომლებშიც ძველი დროის მორწმუნეები გამოხატავდნენ თავიანთ რწმენას და გადმოღვრიდნენ თავიანთ გრძნობებს. ერთ-ერთ ფსალმუნში ნათქვამია:
 
"რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთათა ვიხარებდე" (ფს. 91:5).
 
ქმნილება მშვენიერია და აღტაცების ღირსია. სამყარო შემთხვევით არ წარმოშობილა; იგი სიყვარულით არის შექმნილი დიდი მხატვრის მიერ:
 
"ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა" (ფს. 103:24).
 
სამყაროს აქვს მიზანი; ყოველი ბალახის ღეროც კი ღრმა აზრით არის აღვსილი; არსებობა აღსავსეა სასწაულითა და საიდუმლოებით. ჩვენ ღმერთის ქმნილებანი ვართ, მოწოდებულნი არსებობისთვის და შენარჩუნებულნი მისი შემოქმედებითი ნებით:
 
"უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი" (ფს. 99:3).
 
არა მხოლოდ ადამიანები, როგორც სახეობა, არამედ თითოეული ცალკეული ადამიანიც ღმერთის მიერ ცალკე, პიროვნულად არის შექმნილი:
 
"რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის" (ფს. 138:13-16).
 
ღმერთი გვქმნის, რადგან ჩვენ მისთვის სასურველნი ვართ, ამ სიტყვის ყველაზე თბილი და ყველაზე ღრმა მნიშვნელობით. ჩვენ ღმერთს არ ვჭირდებით იმისთვის, რომ იგი ღმერთი იყოს; არ არსებობს აუცილებლობა, რის გამოც მას ჩვენი არარსებობიდან არსებობაში გამოყვანა სჭირდებოდეს. ჩვენ გარეშეც იქნებოდა იგი თვითკმარი არსების, ზეიმისმომგვრელი, მოზეიმე სიცოცხლის იგივე სისავსე. ის ქმნის ჩვენთვის და არა თავისთვის. და წინასაუკუნო თათბირში, რომელიც არსებობისკენ მოგვიწოდებს, უკვე დავანებულია ჩვენდამი ღვთაებრივი სიყვარულის მთელი სავსება. გაიხსენეთ დეკანოზ ამბაკუმის წიგნის დასაწყისი, სადაც შესავალში ის ამ წინასაუკუნო თათბირზე ლაპარაკისას აღნიშნავს, თუ როგორ მიმართავს ღმერთი ძეს და ეუბნება: "ძეო! შევქმნათ ადამიანი!", ხოლო უფალი პასუხობს: "დიახ, მამაო!" და მაშინ, მომავლის საიდუმლოთა გამჟღავნებისას, მამა ამბობს: "მაგრამ ადამიანი შესცოდავს და განეშორება თავის მოწოდებასა და დიდებას, და შენ მოგიწევს მისი ჯვრით გამოსყიდვა". ძე კი ამბობს: "იყოს ასე, მამაო!"
 
აქ არის რაღაც მეტად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ღმერთმა, როდესაც ადამიანს ქმნიდა, იცოდა, რაც მოხდებოდა — და მაინც შექმნა. მან იცოდა, რა დაემართებოდა ადამიანს: რომ მას სიკვდილი, ტანჯვა, ჩამოყალიბების ან დაცემის უსაზღვრო მწუხარება დაატყდებოდა. და მან ისიც იცოდა, რომ მის სიყვარულს თავის თავში ჯვრისეული ელფერი აქვს, რომ სიყვარულში არის გაცემის სიხარული და მიღების სიხარული, და არის ჯვრის ძლევამოსილი, ტრაგიკული სიხარულიც.
 
და სწორედ ამის ფონზე ქმნის ღმერთი ადამიანს. ვიდრე ადამიანი შეიქმნებოდა, ის უკვე შეყვარებული იყო ჯვრისეული ღვთაებრივი სიყვარულით და არა მარტო სიხარულითა და ნათლით აღსავსე სიყვარულით. და როდესაც ადამიანი არარსებობიდან არსებობაში აღმოცენდება, ის ხვდება ღვთაებრივ სიყვარულს, ის საყვარელია და სასურველია (ჩვენი ქმნილებითი არსებობის ზოგიერთი კატეგორიის შესახებ).
 
არც ერთი ჩვენთაგანი შემთხვევით არ დაბადებულა; თითოეული ჩვენთაგანი უნიკალური და პრინციპულად მნიშვნელოვანია. მისი სურათი და მისი სიმფონია სრულყოფილი არ არის თქვენისა და ჩემის გარეშე. ღმერთი მიიჩნევს, რომ მე და თქვენ მის სამყაროში საჭირო ვართ. როდესაც ამ ჭეშმარიტებას შევიცნობთ — და ყველაფერს მისი ნათლით დავინახავთ — ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ერთმანეთის მიმართ რადიკალურად შეიცვლება.
 
ჩვენ ვართ არსებები, რომელთა არსებობასაც აზრი აქვს — ჩვენი ამქვეყნად მოვლენის ფაქტის უკან დგას ღრმა, საიდუმლო და ჩვენს გაგებაზე აღმატებული განზრახვა. არ არსებობენ ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც უაზრო იქნებოდა. თქვენ და მე ღმერთის განზრახვის ნაწილი ვართ; ჩვენს არსებობას აქვს ღრმა, საიდუმლო აზრი.
 
ჩვენ გვაქვს პასუხი კითხვაზე: "რისთვის ვცხოვრობთ?" — იმისთვის, რომ შევიცნოთ ღმერთი და მარადიულად გავიხაროთ მისით; ეს კი იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ ძალგვიძს ამის დატევნა.
 
 
გაგრძელება იქნება.

წყარო:  С. Л. Худиев. Апологетические заметки // Альфа и Омега. 2005. № 1 (42) - 2009. № 2 (55) // azbyka.ru
Назад к содержимому