ასკეტიკა - ბასილი დიდის ბერ-მონაზვნური განაწესის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ასკეტიკა
ბასილი დიდის ბერ-მონაზვნური განაწესის შესახებ
წმიდა ბასილი დიდი
ავტორი სარა ბილერი.

როდესაც ბასილი დიდი პონტოში თავის კინოვიას აფუძნებდა, ბევრი რამ მან იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი სავანეებისგან აიღო. თავისი წეს-განგების შედგენისას წმიდა მამამ იმ დროს ეგვიპტისა და ალექსანდრიის ტერიტორიაზე არსებულ სავანეთა წეს-განგებებიც გამოიყენა.

დიდი მოძღვრის დამსახურებაა არა მარტო კაპადოკიაში ბერ-მონაზვნობის დაფუძნება, არამედ ისიც, რომ თავისი კანონებით მას ნამდვილი წეს-განგებაც მიანიჭა. ბასილი დიდი ბერული ცხოვრების ორგანიზატორიც და საზოგადო-სამონასტრო გადმოცემის შემოქმედიც იყო. ეგვიპტეში ის გაეცნო მოსაგრეობის ორ ფორმას: განდეგილობას და საზოგადო-სამონასტრო ცხოვრებას, მაგრამ სრულიად ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა.



ბასილი დიდის მიერ კაპადოკიაში დაფუძნებული ძველი, მიწისქვეშა მონასტერი

სრულ განდეგილობაში სულიერად უძლურ ბერთა ცხოვრება, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ გამოცდილ ხელმძღვანელს, დიდ საშიშროებებს შეიცავდა: ზოგიერთი ხიბლში ვარდებოდა და ჭკუიდან იშლებოდა. ბასილი დიდი მიიჩნევდა, რომ განდეგილი ცხოვრება მიზნად მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენას ისახავდა და მოყვასისადმი სიყვარულის უმნიშვნელოვანესი სახარებისული მცნების აღსრულებაზე არ ზრუნავდა.

საწინააღმდეგო უკიდურესობას აწყდებოდა იგი ეგვიპტის ხალხმრავალ კინოვიებშიც, სადაც სამეურნეო ინტერესები დომინირებდა და, რომელსაც ბერების სულიერი ღვაწლი სამეურნეო საქმიანობაზე იფანტებოდა. ამიტომაც დიდმა მოძღვარმა შექმნა ბერ-მონაზვნური წეს-განგების ახალი ფორმა, რომელმაც კინოვიისა და განდეგილობის საუკეთესო მხარეები შეაერთა, თუმცა თავისუფალი იყო მათი უკიდურესობებისგან.

დიდი მოძღვრის სავანეებში ღმრთის ჭვრეტა და ლოცვა შერწყმული იყო ფიზიკურ შრომასთან, სადაც დაიშვებოდა ხელსაქმობის მხოლოდ ის სახეობა, რომელიც ბერის შინაგან კონცენტრირებას და ბერული ცხოვრების უბრალოებას არ არღვევდა. ბასილი დიდის სავანეები დიდი ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ.

წეს-განგების სახით ბერებისთვის დაიწერა "ვრცელი" და "მოკლე განწესებები, გადმოცემული კითხვა-პასუხის სახით", ასევე "მოსაგრეობის შესახებ" და "განწესებები საზოგადო მონასტრების მოსაგრეთა და განდეგილთათვის".

რა თქმა უნდა, ყველა განწესება ბასილი დიდმა უდაბნოში როდი დაწერა, რადგან ზოგიერთი საკითხის დაყენება და მათი პასუხის შინაარსი იმ საჭიროებებზე უთითებს, რომლებიც უდაბნოს არამრავალრიცხოვანი საძმოს მოთხოვნილებათა ფარგლებს სცილდება. ისინი მიანიშნებენ ზოგიერთ მოვალეობებზე, რომელთა აღება ბერებს არ შეეძლოთ. ასეთ საკითხთა შორის იყო, მაგალითად, - საძმოს მარაგიდან უნდა გაიცეს თუ არა მოწყალება უცხო გაჭირვებულებზე, უნდა იყოს თუ არა საძმოში საერო ბავშვთა მასწავლებელი, აქვეა კითხვები მოღვაწეობაზე, მორჩილების შეცვლაზე, დამოკიდებულებაზე ხელმძღვანელთადმი და სხვა. სავარაუდოდ, ასეთი კითხვები ბასილი დიდმა ჩამოაყალიბა და მათ პასუხები გასცა მოგვიანებით, როდესაც ის უკვე პრესვიტერი ან ეპისკოპოსი გახდა.

ბერ-მონაზვნურ თემს ყოველთვის მეთაურობდა წინამძღვარი. თავიდან მის მიერ დაფუძნებულ მონასტრებს თვით ბასილი დიდი წინამძღვრობდა. სავანის იღუმენი - იესუ ქრისტეს წარმომადგენელია, მას ბერები ნებაყოფლობით უნდა ირჩევდნენ, რომელიც შემდეგ მთელი თემის სული, გული და მეთაური ხდება. იღუმენისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თითოეული ბერის აზრი და ზრახვა, რადგან მხოლოდ ამგვარად თუ შეძლებდა იგი ბერთა სულიერი მდგომარეობის შეფასებას და მისი გაუმჯობესებისთვის საჭირო საშუალებების განსაზღვრას. სწორედ წინამძღვრისგან მოდიოდა ყველა მითითება, რომელიც ლოცვის დროის გადანაწილებას, ზოგადმონასტრულ შეკრებებს, საუბრებსა და შრომას ეხებოდა. იღუმენის ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო სავანეში ვინმეს მიღება, ან ვინმეს დასჯა, უცხო მნახველებთან შეხვედრა, თუნდაც ისინი ნათესავები ყოფილიყვნენ.

თავის მხრივ სავანის იღუმენის პასუხისმგებლობა ძლიერ იზრდებოდა და მას დიდ მოთხოვნილებებს უყენებდნენ: უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ყოფილიყო ყოველი მცნების განმახორციელებელი. ასეთ ზნეობრივ და ჭეშმარიტად ქრისტიანულ ცხოვრებასთან შესაბამისობა მოძღვარს არა მარტო უფლებას აძლევდა არჩეულ ყოფილიყო ბერ-მონაზონთა მიერ, არამედ იმის უფლებასაც საკუთარი ნებით შეეცვალა სავანის, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი განაწესი და ცხოვრება.

იღუმენის მხრიდან რაიმე შეცდომის ან შეცოდების შემთხვევაში ბერთაგან ყველაზე გამოცდილებს მოწიწებითა და პატივისცემით შეგონება უნდა მიეცათ მისთვის და დაერიგებინათ. წინამძღვარს საკუთარი თავი ძმობის საზოგადო მსახურად უნდა მიეჩნია და არ უნდა შემოფარგლულიყო ოდენ ზნეობრივ-აღმზრდელობითი მსახურებით, არამედ ფიზიკურ შრომასაც უნდა შედგომოდა.

თემის წევრთა შორის ურთიერთობაზე თუ ვილაპარაკებთ, ბასილი დიდის სავანეებში ჩვენ დავინახავთ ძმობის დაყოფას მცირე და უფროს ძმებად, თანაც უფროსი ძმების უპირატესობა უმეტესწილად ზნეობრივ და სულიერ ცხოვრებაში მათი გამოცდილების დონით განისაზღვრებოდა.

თავის "სიტყვაში მოსაგრეობის შესახებ" ბასილი დიდი ბერ-მონაზვნებს ურჩევს თავიანთი ცხოვრების მთელი დრო ლოცვას დაუთმონ. წმინდანის მიერ დაფუძნებულ მონასტრებში, ის კურთხევას აძლევდა ბერებს დღეში შვიდჯერ შეკრებილიყვნენ საზოგადო ლოცვითვის. საერთო შეკრებები, საუბრები და ფიზიკური შრომა, ლოცვის მსგავსად, ბერ-მონაზონთა მთავარი საქმიანობა უნდა ყოფილიყო. უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნეოდა აგრეთვე ღმრთის ჭვრეტა და ღმრთისმეტყველება.

დიდი მოძღვრის განაწესის მიხედვით, ფიქრები უფალზე მუდმივად უნდა ახლდეს მონაზონს. ღმრთის ჭვრეტამ თავის მიზანს რომ მიაღწიოს, წმიდა მამა ზოგად დარიგებას აძლევს ყოველ ძმას და ავალდებულებს მათ ღმერთზე საფიქრელად რამოდენიმე საათით განმარტოვდნენ.

საზოგადო საუბრებისთვის ბერები ლოცვისთვის დაწესებული პერიოდების შუალედებში იკრიბებოდნენ. ამ შეკრებათა თემა ყოველთვის იყო ის მთავარი საქმე, რომელთაც მათ მთელი თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს.

დანარჩენ დროს ბერები ფიზიკურად შრომობდნენ. ამ შრომას წმიდა მამა აკურთხებდა, რადგან მონაზვნები საკუთარ ცხოვრებისეულ საჭიროებებში სხვებზე დამოკიდებულნი არ უნდა ყოფილიყვნენ, და იმიტომაც, რათა შრომისგან მიღებული მონაგებით გაჭირვებულთაც შეწეოდნენ. ამ შრომა-ღვაწლით ბერები ასევე აკვდინებდნენ თავიანთ ხორცსა და ვნებებს.

გრიგოლ ღვთისმეტყველის წერილებში ვხვდებით აზრებს იმის შესახებ, რომ ბასილი დიდის მიერ მოწყობილი მონასტრები და სკიტეები, სასწავლებლებად იწოდებოდნენ. და ყოველი, ვინც ასეთ სასწავლებელში შევიდოდა, აქ სწავლობდა ყოველივეს, რაც კი სრულყოფილ და სათნოებებით აღსავსე მოსაგრე ცხოვრებას ეხებოდა.

წმიდა მამა ბერს რჩევას აძლევს თავისი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმოს ლოცვას, ილოცოს ყოველ ადგილზე და ყოველ დროს. სწორედ ლოცვაში უნდა იყოს კონცენტრირებული მთელი მისი ღვაწლი.

ლოცვასთან მჭიდრო კავშირშია წმიდა წერილის შესწავლაც. ეს მაცხოვნებელი საქმიანობა მთელი ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს, "რათა სულიერად განვმტკიცდეთ სათნოებებში და იმისთვისაც, რომ განვეშოროთ კაცობრივ გულისთქმათ", რამეთუ ბერი "ყველგან და ყველაფერში უნდა ავლენდეს ღმრთის ნებას".

ლოცვას ასევე მჭიდრო და განუყოფელი კავშირი აქვს მარხვასთან. ბასილი დიდის განწესებებში ლაპარაკია მარხვის ორგვარ სახეობაზე: ზოგადზე, რომელიც დაწესებულია საეკლესიო წეს-განგებით და კერძოზე.

წმიდა ბასილი დიდის სწავლებით, ბერის სულიერი ცხოვრების უმთავრეს ღვაწლს წარმოადგენს ღმრთისადმი მოშურნეობა და მისწრაფება. ამგვარი მოშურნეობითი ღვაწლის ნაყოფი გახლავთ მღვიძარება და გონების სიმტკიცე ღმრთის წინაშე.

ბასილი დიდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ევქარისტიის საიდუმლოს მნიშვნელობას. იმ დროს ზოგიერთ მოსაგრეს შეეძლო ყოველდღიურად ზიარებულიყო, ხოლო ღვთისმოსავ ერისკაცთ წმიდა ძღვენს სახლშიც კი ატანდნენ, სადაც მათ ინახავდნენ და საჭიროების დროს ეზიარებოდნენ.

პასუხობს რა კითხვას, თუ რამდენად ხშირად არის მიზანშეწონილი ზიარება, ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ისინი ეზიარებიან არა ყოველდღიურად, მაგრამ კვირაში რამოდენიმეჯერ: ყოველ კვირადღეს, შაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ასევე დღესასწაულებზე.

ბასილი დიდის ასკეტურ დარიგებებში შეიძლება შევხვდეთ მრავალ განაწესსა და განმარტებას, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების გარეგან მოწყობას ეხება. შედეგად, მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა კრებულში შეტანილ იქნა  მისი მრავალი რეკომენდაცია, რომელიც ასამდე განწესებას აღწევს.

წყარო: zen.yandex.ru
Назад к содержимому