Перейти к контенту

ასკეტიკა - იმის შესახებ, რომ მოღვაწეებს ეშმაკები ძლიერ უტევენ, დაუდევრებს კი ყურადღებას არ აქცევენ, - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ასკეტიკა
ევერგეტინოსი
იგავი - "სამი თქვენ და სამი ჩვენ"
I ტომი
 
(წიგნი მეორე)
 
 
 
იმის შესახებ, რომ მოღვაწეებს ეშმაკები ძლიერ უტევენ, დაუდევრებს კი ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ასეთები ისედაც მათ ხელში არიან. აგრეთვე იმის შესახებ, რომ ღმერთი ფრიად ეხმარება სიკეთის მაძიებლებს და ბრძოლასაც მათ სასარგებლოდ უშვებს.
 
 
 
2. წმიდა ეფრემისგან
 
ბერმა (და ყველამ, ვინც კი ქრისტიანულ ცხოვრებას შედგომია - "აპოკ." რედ.) მთელი სიფრთხილით უნდა დაიცვას საკუთარი გული და გრძნობები, რადგან ამ ცხოვრებაში ჩვენ დიდ ბრძოლას ვაწარმოებთ. მტერი კი განსაკუთრებით ავი და სასტიკია მოღვაწეთა მიმართ, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: "ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5:8). მას მტკიცედ უნდა შევეწინააღმდეგოთ და ზეგარდმო შეწევნა ვითხოვოთ; ხოლო, ვინც ვნებებს დაუზავდა, ის როგორღა შეებრზოლება მათ, როდესაც სიამოვნების მონა გახდა და ნებაყოფლობით უხდის ხარკს ტირანს? სადაც მტერია, იქ ბრძოლაა; სადაც ბრძოლაა, იქ ღვაწლია; სადაც ღვაწლია, იქ ჯილდოცაა.

ასე რომ, ვისაც სურს მწარე ტყვეობას თავი დააღწიოს, მტერთან ბრძოლა უნდა დაიწყოს. წმინდანებმაც მხოლოდ მას შემდეგ მიაღწიეს ზეციურ სიკეთეებს, როცა მზაკვარი დაამარცხეს.

შეიძლება ვინმემ იკითხოს:

- თუკი იქ, სადაც ვნებების სიძულვილია, ბუნებრივად წარმოიშობა მათთან ბრძოლა, როგორც შენ ამბობ, მაშინ რატომ ხდება, რომ სიამოვნების მოყვარულებს ისე ძლიერ ებრძვიან სასირცხვილო ვნებები, რომ მათ მონანიების ძალაც კი არ შესწევთ?
 
ამაზე გიპასუხებთ:
 
- ნუ იფიქრებ, საყვარელო ძმაო, რომ ასეთი ბრძოლა სათნოების დამადასტურებელი იყოს ან დამატყვევებელთან შეწინააღმდეგებას გამოხატავდეს. პირიქით, ეს ლაპარაკობს ვნებისადმი სრულ მორჩილებასა და მისდამი სიყვარულზე. ამიტომ ასეთი ადამიანებში სურვილიც კი არ არის მტრის წინააღმდეგ ბრძოლისა.
 
ბრძოლის ველზე გამორიცხულია რაიმე შეთანხმება. ვინც თავად დაემორჩილა მტრის ნებას და ვნების მონა გახდა, ცხადია, ნამდვილ ბრძოლას ვერ წარმართავს. თუ მათ მაინც აქვთ ბრძოლა, ეს იმიტომ კი არა, რომ სათნოების მაძიებელნი არიან და მტერს უტევენ, არამედ მათი დამატყვევებლის სისასტიკის მიზეზით, რათა მუდმივად უხადონ ხარკი და თავი ვერ დაანებონ მონურ მსახურებას ვნებებისადმი, რომლებსაც ისინი საკუთარი ნებით დაემორჩილნენ.
 
ტყუილად არ არის ნათქვამი: "ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა" (2 პეტ. 2:19). ასეთი ადამიანები მონობაში მოხვდნენ არა ძალადობრივად და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, არამედ, პირიქით, თვითონვე იხდიან სასყიდელს იმისთვის, რომ მაცდურის ნებას ასიამოვნონ, და რადგან თავად ილტვიან ბოროტებისკენ, ამიტომ არც ზრუნავენ თავშეკავებაზე და არც ცოდვით დაცემის ეშინიათ.
 
სულ სხვანაირი ბრძოლა აქვთ იმათ, ვინც ღვაწლს ტვირთულობს: თუ მათ უტევენ, ისინი იგერიებენ; ცეცხლით წვავენ - ითმენენ; როცა საცდური ჩნდება - ღვთის შიშით განერინებიან; თუ ფეხს გამოკრავენ და წააქცევენ, - მაშინვე დგებიან. ვინც ბარბაროსებმა შეიპყრო, ტირანის ტყვეობაში აღმოჩნდა და ახალი ბატონის ხელშია, ის ყოველგვარი ბორკილებისა და საპყრობილეს გარეშე რჩება თვის მტრებთან, მათ მხარეზე იბრძვის და მათი მზვერავიც კი ხდება თავისიანებს შორის; ხოლო ვისთვისაც აუტანელია მონობა, ვისთვისაც საძაგელია ბარბაროსთა შორის ცხოვრება და მათი ურჯულო ზნეობა, ის მათგან გაქცევას ცდილობს და რაც შეიძლება, სწრაფად.
 
ასეთნი ელოდებიან შესაფერის დროსა და შემთხვევას, რომ კვლავ თავიანთი ნათესავების გარემოცვაში აღმოჩნდნენ და წინანდელი თავისუფლება დაიბრუნონ; იმედოვნებენ, რომ თანამემამულენი მოვლენ დასახმარებლად, და როგორც კი მტრებს ხელიდან უსხლტებიან, ისინი მაშინვე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდიან, იბრძვიან თანამემამულეთა მხარეს და მათთან ერთად იმარჯვებენ მოწინააღმდეგეზე.
 
ამიტომ ვისაც უნდა მწარე ტყვეობას თავი დააღწიოს, უნდა აღდგეს მტრის ხელმწიფების წინააღმდეგ და ღია ომი წამოიწყოს მასთან, გულიდან გაბედულად წარმოთქვას იმის მსგავსი სიტყვები, რაც ყრმებმა უთხრეს ნაბუქოდონოსორს "იცოდე, ეშმაკო, არც შენს სიტყვებს შევისმენ და არც შენს ნებას დავემორჩილები" (შდრ. დან. 3:18).
 
ბრძოლისას ღვთის შეწევნასაც უნდა მოუხმო, იგივე ყრმები ასე მიმართავენ ღმერთს: "ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს; ნუ შეგვარცხვენ, არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ შენი უხვი მოწყალებისამებრ. გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს, უფალო. დაე, შერცხვნენ ყველანი, ვინც შენს მორჩილებს ბოროტებას უკეთებენ; შერცხვნენ მთელი თავიანთი ძლიერებით და შეიმუსროს მათი ძალა. დაე, შეიგნონ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი, განდიდებული მთელს ქვეყნიერებაზე" (დან. 3:41-47) და თუნდაც ღვარძლისგან უზომოდ განრისხებულმა ტირანმა შვიდჯერ მეტად გაახუროს ვნებების ღუმელი, "მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა" (ფსალმ. 30:25), რადგან ღმერთი მაინც გააგრილებს მტრისგან გავარვარებულ ღუმელს ნამით და ტირანი თვითონ იძრწოლებს მათი ჩრდილისგანაც კი, იმდენად დიდი იქნება ზეგარდმო მოვლენილი შეწევნა.


გაგრძელება იქნება.

წყარო: სიკეთისმოყვარება (ევერგეტინოსი). I ტ. წიგნი მეორე. თბილისი 2013 წ. გვ. 55-58.

საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.
Назад к содержимому