ასკეტიკა - IV და V საუკუნის ეგვიპტელ ბერ-მონაზონთა ცხოვრების ზოგადი მიმოხილვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ასკეტიკა
IV და V საუკუნის ეგვიპტელ ბერ-მონაზონთა ცხოვრების ზოგადი მიმოხილვა
IV-V საუკუნეების ბერ-მონაზვნობა
შინაარსი:

ბერ-მონაზონთა ცხოვრების თავისებურებანი

ბერად შედგომის პირობები

ბერ-მონაზონთა სამოსი

ბერ-მონაზონთა საცხოვრისი

ბერ-მონაზონთა საქმიანობა

ა) ლოცვა

სიყვარულის საღამოები

შეკრებები

ბერ-მონაზონთა ხელსაქმობა

ბერ-მონაზონთა საკვები

სტუმართმოყვარება

ბერ-მონაზონთა სნეულებანი და გარდაცვალება

ბერ-მონაზვნობის მდგომარეობა რომის იმპერიაში


***

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, დიოკლეტიანესგან დევნულების ჟამს, ანტონი დიდმა ნება დართო ყველა მსურველს მის ახლოს დასახლებულიყვნენ და ცხოვრების მისი წესისთვის მიებაძათ. ამ დროიდან გავიდა სულ რაღაც სამოცი თუ სამოცდაათი წელი და მთელი ეგვიპტე ბერ-მონაზვნებით აივსო. ერთი იმ დროინდელი თვითმხილველის თქმით უდაბნოებში მცხოვრებ ბერთა რაოდენობა, ქალაქებში არსებულ მოსახლეობას უტოლდებოდა. მონასტრები არსებობდნენ ალექსანდრიის ახლოს; ნიტრიის მთა ხუთი ათას ბერს ითვლიდა, კელიისა და სკიტეს უდაბნოებშიც უამრავი ძმობა ბინადრობდა; მემფისისა და ბაბილონის მიმდებარე რაიონებიც მთლიანად ბერებით იყო დასახლებული; ნილოსის ნაპირებიდან ყველგან ბერების საცხოვრისები მოსჩანდა; მარტო სერაპიონის წინამძღვრობის ქვეშ ათი ათასი ბერი იმყოფებოდა, ხოლო ქალაქი ოქსირინხი შიგნითაც და გარშემოც ბერებით იყო გარშემორტყმული. საერო დაწესებულებებიცა და წარმართული ტაძრებიც ბერების საცხოვრებელ ადგილებად იყო გადაკეთებული, და ქალაქში მონასტერი უფრო მეტი იყო, ვიდრე კერძო სახლი, ასე რომ ქალაქის ეპისკოპოსის გამგებლობაში 20 000-მდე მონაზონი და 10 000-მდე ბერი იმყოფებოდა. ტაბენესეს მონასტრები ათი ათასობით ბერს ითვლიდნენ (410. Hieron. Praefat. ad regul. s. Pach. P.64). ქვედა ეგვიპტეში, ნილოსის მარჯვენა შენაკადის გასწვრივ, მოგზაურები ბერ-მონაზვნურ სავანეებს ყველგან აწყდებოდნენ.  

ეგვიპტეში არავინ სვამდა კითხვას, ეკუთვნიან თუ არა ბერები კლერიკოსთა დასს, თუ ისინი ისეთივე ჩვეულებრივი წევრები არიან ეკლესიისა, როგორც ერისკაცნი. მრავალი ბერი თუ უარს ამბობდა მღვდლობის მიღებაზე, მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობისა და საკუთარი უღირსების შეგნების გამო, და არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინოდა ყოფილიყო ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში, როგორც ეს დასავლეთში ხდებოდა. თავის დახრით, წერს ათანასე დიდი "ანტონის ცხოვრებაში", ბერები კურთხევას იღებდნენ ეპისკოპოსისგან და პრესვიტერებისგან; პატივს სცემდნენ მათ და ემორჩილებოდნენ მათ განკარგულებებს როგორც ღმრთის ნებას (411. Vita Pachom. P. 27; Greg. Nazians. Orat. 21; Sozom. Hist. Eccl. L. 6. P. 29; Hist. Lavs. P. 18. Rosw. Vit. P. 530).


ბერ-მონაზონთა ცხოვრების თავისებურებანი

IV-V საუკუნის მწერლები ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ორ წესს განარჩევენ: ბერთაგან ერთ კატეგორიას ისინი ანახორეტებს, სხვებს კი კინოვიტებს უწოდებენ (412. Cassian. de coen. inst. L. 5. P. 36; Collat 18. P. 4, 5; Hieron. Epist. 22 ad Evstoch).

ანახორეტებად იწოდებოდნენ ის განდეგილი ბერები, რომლებიც ტოვებდნენ ძმათა საზოგადოებას და ყველასგან მოშორებით სახლდებოდნენ, დრო და დრო კი მონასტრისგან საკვებსა და რომელიმე ქრისტესმოყვარე ძმას ღებულობდნენ. სხვები ღრმა უდაბნოში შედიოდნენ და იქ, კაცთაგან შორს, ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, იკვებებოდნენ ველური ბალახებით, ხოლო წყურვილს ზეციური ნამით ირწყულებდნენ, რომელსაც დანამული ქვებისგან ან მცენარეებისგან ღებულობდნენ. ხშირად მათ არ გააჩნდათ განსაზღვრული ადგილი საცხოვრებლად, არამედ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ღმრთის ნებით ან პირდაპირი მინიშნებით, რომელიმე ბერი თუ მონადირე ხვდებოდა მათ უდაბნოში, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო წუთისოფელში ღვაწლგამოვლილი მოსაგრისთვის. ამგვარი განდეგილები იყვნენ, მაგალითად, პავლე თებაიდელი და ონუფრი დიდი. არსებობს მხცოვან მამათა გადმოცემა შვიდი განდეგილის შესახებ, რომლებიც სკიტეს მახლობლად მოსაგრეობდნენ ღრმა უდაბნოში. ისინი მნიშვნელოვნად იყვნენ დაცილებულნი ერთმანეთს და მხოლოდ კვირა დღეს იკრიბებოდნენ ლოცვისათვის. მაშინ ყოველ მათგანს საჭმელად მოჰქონდა ის, რასაც ჰპოვებდა: ნაყოფი იქნებოდა ეს თუ ბალახი, ან რომელიმე მცენარის ფესვი; წყალს კი ნამიდან აგროვებდნენ, რომელიც ქვებიდან ან მცენარეებიდან ჩამოედინებოდა. ლოცვისა და ტრაპეზობის შემდეგ ისინი კვლავ შორდებოდნენ ერთმანეთს და მთელ კვირას მდუმარებაში ატარებდნენ (413. Rosw. Vit. P. 530).

რომელიმე განდეგილი ბერი თუ ისე გავიდოდა ღვაწლში, რომ ამის შესახებ რომელიმე მონასტრის ძმებმაც უწყოდნენ, მამებს ჩვეულებად ჰქონდათ მისი ღვაწლის დასაწყისში მოენახულებინათ იგი, რათა ენახათ, ხომ არ დაქვემდებარებია იგი რაიმე საცთურს, და თუ მას ამ მდგომარეობაში ჰპოვებდნენ, კვლავ ეკლესიაში აბრუნებდნენ, მოუმზადებდნენ წყლით სავსე ვარცლს, ილოცებდნენ საცთურში ჩავარდნილი ძმისთვის, ვარცლში ხელებს დაიბანდნენ, ხოლო წყალს მოსაგრეს გადაასხამდნენ, და ძმების ლოცვით ისიც თავისუფლდებოდა საცთურისგან (414. Rosw. L. V. P. 635).

კინოვიტებს კასიანე ერთი წინამძღვრის ძალაუფლების ქვეშ მცხოვრებ და საერთო ქონების მფლობელ ბერებს უწოდებს (415. Cass. Collat. 18. P. 4. Coenobitae, qui in congregatione pariter consistentes unius Senioris iudicio gubernantur. Ib. P. 51. Ex communione consortii coenobitae, cellae que ac diversoria eorum coenobia vocarentur).

რადგან ბერობა თავისუფალი არჩევანის საქმეა დასაწყისში მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე განსაზღვრული განაწესი, მსგავსი იმისა, რაც შემდეგ, დროთა განმავლობაში შემუშავდა. ამიტომაც ბერების განსხვავება ანახორეტებად და კინოვიტებად სრულიად ვერ ასახავს ბერული ცხოვრების მთელ იმ მრავალფეროვნებას, რაც ბერ-მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არსებობდა.

ანტონი დიდის ახლოს დასახლებულმა განდეგილებმა საკუთარი თავი მის სულიერ ხელმძღვანელობას მიანდეს, მაგრამ ესეც წმიდად ზნეობრივი მორჩილება გახლდათ ყოველგვარი სავალდებულო ხასიათის გარეშე. თავისი ბერული ცხოვრების დასაწყისში, ანტონი დიდს მრავალი საცთური ჰქონდა გამოვლილი და ამიტომაც ახალშემოსულ ბერთა სულიერი წინამძღოლობის საჭიროებას აღიარებდა. ანტონი დიდის თქმით, ბერი სრულიად უნდა დაეყრდნოს მხცოვანს და, თუ შესაძლებელია იმაშიც კი, რამდენი ნაბიჯი გაიაროს ან რამდენი წვეთი დალიოს თავის სენაკში, რათა რამენაირად ამ საქმეშიც არ დაბრკოლდეს (416. Фот. Патер. С. 247 по переводу "Душеполезного чтения"); რამეთუ სამართლიანად ამბობდა ერთი მხცოვანი: "თუ ნახავ ყმაწვილს, რომელიც საკუთარი ნებით ცდილობს ცაში ასვლას, მოჰკიდე ხელი ფეხებში და ჩამოაგდე, რადგან ეს სასარგებლოა მისთვის" (417. Фот. Патер. С. 244). აკვირდებოდა რა თავის მოწაფეთა სულიერ მდგომარეობას, ანტონის მათთვის რაიმე საერთო ქონების ფლობა არ განუწესებია და არც ცხოვრების საერთო წესები დაუდგენია მათთვის. საერთო ცხოვრების მკაცრი წესები შემოიტანა პახომიმ ტაბენესეს მონასტრებში, რომელსაც შემდეგ შუა და ქვედა ეგვიპტის სხვა მონასტრებმაც მიჰბაძეს. მაგრამ ეგვიპტელი ბერების უმეტესი ნაწილი, ეგვიპტეში ბერ-მონაზვნობის გაფურჩქვნის ბოლო ხანამდეც, უფრო ანტონის მოწაფეთა ჩვეულებებს მისდევდა, ვიდრე ტაბენესეს კინოვიტური მონასტრისას.

ღმრთის სადიდებლად განსაკუთრებული ღვაწლის აღების მსურველნი ანტონი დიდის მიბაძვით შორდებოდნენ ქალაქებსა და სოფლებს, გადიოდნენ მყუდრო ადგილებში და სახლდებოდნენ იქ, სადაც მოსახერხებელი იყო, ხოლოდ დროსა და საქმიანობას საკუთარი ნების მიხედვით ირჩევდნენ. ხშირად, რა თმა უნდა, ახალშედგომილნი იქ ისადგურებდნენ, სადაც რომელიმე მოღვაწე ბინადრობდა და, რომელსაც უკვე სულიერი ცხოვრების გამოცდილება გააჩნდა, რათა მისი გამოცდილებითა და დარიგებებით ეხელმძღვანელათ. ასე ყალიბდებოდა ურთიერთობა მოწაფესა და მასწავლებელს შორის.  

ბუნებრივია, რომ მხცოვანი, საკუთარი სიმყუდროვე რომ არ დარღვეოდა, ახალშედგომილის მიღებისას გარკვეულწილად ცდიდა მის ხასიათს, უნარებს და სურვილს ბერული ცხოვრებისადმი. მხცოვანისა და მისი მოწაფეების ურთიერთობა განისაზღვრებოდა არა რაიმე წესით, არამედ ერთად მცხოვრებთა პირადი თვისებებით. აი, მაგალითად, მივიდა ორი ახალგაზრდა მაკარი დიდთან სკიტეში. "ჩვენ აქ დარჩენა გვსურს", - ამბობენ ისინი. "წადით, აიშენეთ სენაკი, თუ შეგიძლიათ", - იყო მაკარის პასუხი, და თან მიუთითა კლდეზე, სადაც უნდა მოეწყოთ მათ საკუთარი საცხოვრისი. "აქ რა მუშაობენ?" - იკითხეს მათ. "კალათები", - უპასუხა მაკარიმ, და აჩვენა როგორ უნდა დაეწნათ ისინი და სად მოეპოვებინათ პალმის რტოები; შემდეგ მისცა მათ ერთი ტომარა გამხმარი პური და საჭირო იარაღები. ახალგაზრდებმა უწყოდნენ, რომ ბერობა ღვაწლია; ისინი შრომობდნენ და ლოცულობდნენ თავიანთ სენაკებში, ხოლო შაბათ-კვირას საზიარებლად ეკლესიაში მიეშურებოდნენ. გავიდა სამი წელი, და ახალგაზრდა ბერებმა მაკარისთან დარიგებების მისაღებად სიარული მიატოვეს. ერთხელაც მაკარი თვითონ ეწვია მათ და განჭვრიტა, რომ ისინი უკვე მზად იყვნენ მომავალი ცხოვრებისთვის" (418. Дост. сказ, о подвиж. отцев. С. 151. ავტორის შენიშვნა: Там, где, по нашему мнению, перевод Apophegm Patrum верен, мы будем ссылаться на русский перевод издания 1848 г., в других же случаях на греческий текст по изданию Котельера: Eccles. Graec. monum. Tom. 1).

"ბერი მინდა გავხდე", - უთხრა ერთმა მოწაფემ მხცოვანს. "აირჩიე ადგილი, და სადგომი ავაშენოთ" (419. Дост. сказ. С. 87). ამბა აღათონის ახლოს ცხოვრობდა მისი ორი მოწაფე, და ყოველი მათგანი ღვაწლს მისი შეხედულებისამებრ ეწეოდა; მხცოვანი მხოლოდ დრო და დრო თუ ეწვეოდა მათ (420. Дост. сказ. С. 31, 32). მხცოვნები თავს უფლებას არ აძლევდნენ რაიმე განკარგულება ან ბრძანება გაეცათ მათთან ერთად მცხოვრების ძმებისთვის. ერთმა ძმამ ჰკითხა პიმენს: "ჩემთან ერთად ცხოვრობენ ძმები, მომცემ უფლებას ვუბრძანო მათ?" – "არა! ჯერ შენ გააკეთე შენი საქმე, და თუ ისინი შენებურად ცხოვრებას ისურვებენ, ეცოდინებათ რა აკეთონ". – "მაგრამ მათ თავად სურთ მივცე ბრძანებები". მხცოვანმა მიუგო: "იყავ მაგალითის მიმცემი და არა სჯულმდებელი" (421. Дост. сказ. С. 222). კრონიუსი და თევდორე ფერმელი არასოდეს აძლევდნენ ბრძანებებს მათთან მცხოვრებს ბერებს. "მე განა კინოვიის მეთაური ვარ, - ამბობდა თევდორე ფერმელი, - რომ სხვებს ვუბრძანო?! მოწაფეს თუ სურს, დე აკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ მის თვალწინ" (422. Там же. С. 94).

მაგრამ სხვა ბერები სრულად ემორჩილებოდნენ თავიანთ მხცოვნებს; ისინი მათ გულისთქმებსაც ანდობდნენ. პაფნუტი თვეში ორჯერ მიდიოდა მისგან 12 მილით დაშორებულ მხცოვნებთან, რათა მათთვის საკუთარი გულისთქმები გაემხილა (Дост. сказ. С. 236). მხცოვნები ამბობდნენ: "არავისზე ისე არ ხარობს მტერი (ეშმაკი - მთარგმნ.), როგორც მათზე, ვინც არ ამჟღავნებს თავის გულისთქმებს" (Дост. сказ. С. 209). ასეთი ბერები ნაბიჯსაც კი არ დგამდნენ თავიანთი წინამძღვრის გარეშე; ყოველგვარი განსჯის გარეშე ასრულებდნენ მხცოვნის ბრძანებას. მსგავსი მორჩილების მაგალითები საკმაოდ ბევრია, რომ არაფერი ვთქვათ საერთო ცხოვრების (კინოვიურ) მონასტრებზე, სადაც წინამძღვრის ნება ცხოვრების გარდაუვალი წესია.

ბერ-მონაზონთა ცხოვრების ეს მრავალფეროვნება გვხვდება არა მარტო ცალკეულ თემებს შორის, არამედ იქაც, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ათასობით ბერები. პალადი, რომელმაც თქვა, რომ ნიტრიის მთაზე ცხოვრობს 5000-მდე ბერი, ამატებს, რომ ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ, ასე რომ იქ შეიძლებოდა ცხოვრება განმარტოებითაც, ორ-ორადაც და მრავალთან ერთადაც. მთის მთავარი პრესვიტერი, და განსაკუთრებულ შემთხვევებში მხცოვანთა კრება, იძლეოდა განკარგულებებს, როდესაც ეს გამოწვეული იყო საერთო საჭიროებით, თუმცა ეს მეთვალყურეობა კერძო ცხოვრებაზე ძლიერ არ ზემოქმედებდა, იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ამა თუ იმ ბერის ცხოვრებას შეიძლებოდა გამოეწვია საერთო საცთური. ასე იყო სკიტეს უდაბნოშიც.


ბერად შედგომის პირობები

უდაბნოში ბერული ცხოვრების მოსურნისგან არავინ ითხოვდა მოწმობას იმისა, ვინ არის ის თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობით, თუ თვითონ არ ისურვებდა ამის გაცხადებას. ქორწინებითი კავშირები არ ითვლებოდა ბერად შედგომის დამაბრკოლებელ წინაღობად; ბერად შედგომილნი ხშირად ტოვებდნენ ცოლსა და შვილებს, და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. მაგრამ პირად ქონებას არ იტოვებდნენ, რამეთუ, უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი მოვალეობებიც, რომელთა შესრულებას ადმინისტრაცია მკაცრად ადევნებდა თვალყურს.

საერთო ცხოვრების მკაცრ მონასტრებში ახალმოსულს მონასტრის კარებთან ერთკვირიან ან ათდღიან გამოცდას უქვემდებარებდნენ, შემდეგ მას გახდიდნენ საერო სამოსს და ძმობის თანდასწრებით ბერულად შემოსავდნენ. თუმცა, სხვა თემებში ასეთი გამოცდები არ შეიმჩნევა; სკიტური განაწესებით, ახალმოსულისგან მხოლოდ საუფლო ლოცვისა და რამოდენიმე ფსალმუნის შესწავლას ითხოვდნენ, შემდეგ კი მას ბერის მოვალეობებს განუმარტავდნენ (424. Curs Patr. Gr. edit. Mign. Τ. 34. P. 987).

ბერად შედგომა ახალი ცხოვრების დაწყებად მიიჩნეოდა. ანტონის ცხოვრებაში, რომელიც ათანასეს ეკუთვნის, უკვე გვხვდება აზრი, რომ ბერად შედგომილი საერო საქმეებისთვის არ უნდა დაისაჯოს. ამიტომაც, წუთისოფლისგან განდგომა ერთგვარ მეორე-ნათლისღებად იყო აღიარებული (425. Rosw. P. 643. Hier, epist. ad Paulam. de obitu Blesillac; Epistol ad Demetriad). ერთ მხცოვანს, რომელმაც ბერობა მიიღო, ეჩვენებოდა, რომ ბერულ ტანისამოსზე გადმოდიოდა ნათლისღების მსგავსი მადლი (426. Rosw. L. VI. P. 645). ამიტომაც, მართალია, საერო ცხოვრებისკენ ბერის მიბრუნებას არაფერი აბრკოლებდა, მაგრამ ამგვარი საქციელი საძრახისად და სულის დამღუპველად ითვლებოდა.

დანიშნული არ იყო ბერად აღკვეცის ასაკიც. მრავალი სიყმაწვილეში შედგა ბერად, სხვები კი სიბერეში შეუდგნენ ღვაწლს ღმრთისადმი. მამებს უდაბნოში თან საკუთარი მცირეწლოვანი შვილებიც მოჰყავდათ, რათა მონაზვნური ცხოვრებისთვის აღეზარდათ ისინი. მაგრამ ხშირად ეს ძმათა წინააღმდეგობას ხვდებოდა. ბერები მონასტრებში ყრმებისა და პატარა ბავშვების შემოყვანის წინააღმდეგნი იყვნენ. პაფნუტიმ არ მიიღო ევდემონი, როდესაც ის ჯერ კიდევ ყმაწვილი მოვიდა სკიტეში (427. Дост. сказ. С. 79). როდესაც კარიონმა მცირეწლოვანი შვილი დაიტოვა, სკიტეში ჩოჩქოლი ატყდა; იგივე მოხდა, როდესაც ის დასახლდა თებაიდაში (428. Дост. сказ. С. 129).  ისააკი, კელიის პრესვიტერი, ამბობდა: "ნუ მოგყავთ აქ ბავშვები, მათ გამო ოთხი ეკლესია დაცარიელდა სკიტეში" (429. Там же. С. 34). მაგრამ სხვა მცხოვნები ასე არ ფიქრობდნენ. ერთხელ ძმებმა ამბა პიმენს უთხრეს: "წავიდეთ აქედან, რადგან ბავშვების ტირილი არ გვასვენებს". ამბა პიმენმა უპასუხა: "ანგელოზური ხმების გამო გინდათ გაშორდეთ აქაურობას?" (430. Дост. сказ. С. 220).


ბერ-მონაზონთა სამოსი


ბერმონაზონთა სამოსი თავდაპირველად, რა თქმა უნდა, იმ დროის ჩვეულებრივი სამოსი გახლდათ. მაგრამ ძალიან მალე მიღებულ იქნა ერთფეროვანი, საეროსგან განსხვავებული შესამოსელი. ევაგრე წერს ანატოლის: "შენ მთხოვდი განმემარტა ეგვიპტელ მონაზონთა სამოსის მნიშვნელობა, რადგან ფიქრობ, რომ უმიზეზოდ როდი იქნებოდა მიღებული ჩვეულებრივი სამოსისგან განსხვავებული ამგვარი რამ" (431. Cotell. Eccl. Gr. шоп. Т. III. P. 65). დაცულია გადმოცემა, რომ პირველად ბერული სამოსი შემოიტანა პატერმუფიმ. მან მასთან მისული ყმაწვილი შემოსა ლევიტონით, თავზე დაახურა კუნკული, მხრებზე მოსასხამი (მანტია) და ლენტით შემოსარტყლა (432. Eccl. Gr. шоп. Cotell. Т. III. P. 177, 179. Ruf. hist. топ. С. IV). IV საუკუნის მეორე ნახევარში, იმ დროის მოწმობებით, ბერები, როგორც კინოვიელი, ასევე მეუდაბნოვე განდეგილები, უკვე ატარებდნენ სამოსს, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა:

1. კუნკული, ანუ პატარა ქუდი, რომელიც თავს მხოლოდ კისრამდე ფარავს. ასეთ ქუდებს ატარებდნენ მხოლოდ ყრმები, და ბერებისთვის მას ბავშვური უბოროტობისა და სიწმიდის სიმბოლოზე უნდა მიენიშნებინა. კუნკულს ასეთ მნიშვნელობას აძლევენ ევაგრე, კასიანე, სოზომენე, დოროთე; ეს მნიშვნელობა ენიჭება მას პატერიკებშიც (433. Evagr. Cotell. Eccl. топ. Τ. III. P. 68; Cassian. de coenob. inst. L. 1. P. 4; Sozom. Hist. Eccl. L. 3. P. 14; Doroth. De doctrina. C. 1. ამ მწერლებიდან ვსესხულობთ ჩვენ ბერული სამოსის აღწერასადა განამარტებას. ფოტის "პატერიკში" კუნკული არის უბოროტობის სიმბოლო, ანალავი (პარამანდი) - ჯვრის ნიშანი, სარტყელი კი სიმბოლო მამაცობისა" (გვ. 248)). ბერებს კუნკული არ უნდა მოეხსნათ არც დღისით და არც ღამით. ტაბენესეს სავანეში კუნკულზე იქარგებოდა მეწამული ჯვარი. სკიტეს კანონებში არის ძველ მხცოვანთა განკარგულება, რათა კუნკული იყოს შავი ფერის (434. Patr. Gr. Mign. Τ. 34. P. 890).

2. ბერების ტანისამოსი იყო კოლობი ანუ ლევიტონი, რომელსაც მოკლე სახელოები ჰქონდა და იდაყვებამდე ძლივს აღწევდა (ძველ ქართულ წყაროებში: კოლობი ეწოდების მოკლესა და საჴელ–მოკლესა თეთრს(ა) სტიხარსა. კოლობი შესამოსი არის სამღდლო, მოკლე და საჴელ–მოკლე სტიხარი თეთრი, საჴელ–გრძელს დალმატიკად უწოდეს. ლექსიკონი ქართული), ასე რომ ხელები ნახევრად შიშველი რჩებოდა. მოკლე სახელოებიანი ტანისამოსი იყო მინიშნება იმისა, რომ ბერი ყოველთვის მზად უნდა იყოს ღმრთისადმი მსახურებად და მასზე დაკისრებული მოვალეობების აღსასრულებლად; და, ცხადია, მან ხელი არ უნდა გაიწვდინოს ცუდი საქმეებისკენ. ლევიტონი იყო თეთრი, რადგან ის ჩვეულებრივი სელის მატერიისგან მზადდებოდა.

ერთმა ძმამ ამბა იოანეს სთხოვა: "მომეცი მცირედი სელი, და ლევიტონს შევიკერავ" (Дост сказ. С. 119). აღათონმა თავის მოწაფეს, რომელიც ლევიტონს რეცხავდა, უთხრა: "ჩემი უკეთესია, რადგან სელისგანაა" (იქვე. გვ. 33). ლევიტონები თეთრი ფერისა იყო. ეს ეგვიპტელთა სამოსის ბუნებრივი ფერი გახლდათ, კლიმენტი ალექსანდრიელი ყველა ქრისტეანს მის გამოყენებას ურჩევდა (Pacdag. L. 2. Р. 10; L. 3. Р. 11). ეგვიპტელების ჩვეულებრივი სამოსი შედგებოდა ტილოსგან, რომელსაც ტანზე იხვევდნენ და თეძოებამდე სწვდებოდათ და ბახრამით ბოლოვდებოდა. მას ზემოთ იცმევდნენ მოსასხამს, კერძოდ, თეთრ შალის მანტიას, მაგრამ ტაძრებში მას არ ატარებდნენ და მასში არ კრძალავდნენ.

ზოგიერთი ორ კოლობს, ანუ ლევიტონს ატარებდა (მაგ.: ამბა ნისტერო). სხვები კი ტყავის ლევიტონს ან უხეშ, ბეწვიან შესამოსელს ატარებდნენ. არსენი დიდმა სიკვდილის წინ მოწაფეებს ტყავის ლევიტონი დაუტოვა, რომელსაც ატარებდა. უხეშ, ბეწვიან სამოსს (ტყაპუჭს) ბერები შიშველ ხორცზე იცმევდნენ, რათა ხორციელი ვნებები დაეთრგუნათ, მაგრამ მხცოვნები კიცხავდნენ იმ ბერებს, რომლებიც ამას სხვების დასანახად იქმოდნენ (438. Cass. de coen. inst. L. 1. Р. 3).

3. ტყავის სარტყელი, რომლითაც ისარტყლებოდნენ ბერები უწმიდურების მოკვეთის ნიშნად.

4. ანალავი, რომელიც კასიანესთან αναβολή-ედ იწოდება, ხოლო სოზომენთან - αναβολευς-ად. ის შედგებოდა ორმაგი ნაწნავისგან, რომელსაც შალის ძაფებისგან ქსოვდნენ. სარტყელი ჩამოდიოდა კისრიდან, ჯვრის სახედ მოიცავდა მხრებს და ტანისამოსს იღლიაში შემოსარტყლავდა (აი ანალავის აღწერა კასიანესთან: Gestant etiam vesticulas duplices laneo plexas subtegmine, qvas Gracci αναβολας, nos vero succintoria, sev redimicula vel proprie rebrachiatoria possumus appellare. Qvae discendentia per summa cervicis et e lateribus Colli divisa, utrarumque alarum sinus ambiunt, atqve hinc inde succingunt, ut constrigentia latitudinem vestimenti ad corpus contrahent, atqve conjungant et ita constrictis brachiis impigri ad omne opus, expeditique reddantur (De cocn. inst. L. 1. P. 6)).

5. კასიანესთან ბერულ სამოსს განეკუთვნება მაფორიონიც - მოკლე, ვიწრო კაპიუშონი, რომელიც ბერის კისერსა და მხრებს ფარავს (მცირე მანტია). მაფორიონის, როგორც ბერების განმასხვავებელ სამოსზე სხვა მწერლები არაფერს წერენ, მაგრამ უეჭველია, რომ ეგვიპტელი ბერები მას მუდმივად ატარებდნენ.

მაგალითად, ერთი ძმა ეკლესიაში მხოლოდ მცირე მანტია მოსხმული დადიოდა, და ისიც ძველითა და ჩამოძონძილით, რომელსაც მრავალი ნაკერი აჩნდა; მას ლევიტონიც კი არ გააჩნდა (Дост. сказ. С. 127). ბერი ამბობს: "მე ავიღე მაფორიონის ერთი ბოლო და მისით ძმის მხრები დავფარე" (იქვე. გვ. 289). თეოდორ ფერმელმა, რომელმაც ღარიბებს მთელი თავისი სამოსის დაურიგა, კელიაში მხოლოდ მაფორიონის ამარა მოვიდა (იქვე. გვ. 284). ძმამ, საკუთარი დედა მდინარეზე რომ გადაეყვანა, ხელებზე მაფორიონი დაიხვია (Фот. Патер. С. 79).

ეს მაფორიონი დღევანდელ ბერულ შესამოსელში, შესაძლოა მოიაზრებოდეს ნახევრად მანტიაში (ე. წ. მცირე მანტიაში), რომელსაც არცთუ იშვიათად ატარებენ მეუდაბნოვე ბერები. მაფორიონს უბრალო, იაფი მატერიისგან ქსოვდნენ.

6. ზედა სამოსს, პახომის განაწესის მიხედვით, განეკუთვნება მოსასხამი, რომელიც მზადდება ცხვრის ან თხის ტყავისგან და თეთრი უნდა იყოს. სავარაუდოდ სწორედ ეს მოსასხამი შეიცვალა V საუკუნეში მანტიით, რომელიც მხრებს ფარავს.

7. როდესაც ბერი სადმე მიდიოდა თავისი კელიიდან, ხელში ყოველთვის ეპყრა კვერთხი, რომელიც ევაგრეს მიხედვით არის სიცოცხლის ხის სიმბოლო.

8. ფეხსაცმელს ბერები არ ატარებდნენ; ისინი მას მხოლოდ ძლიერი სიცივის ან სიცხის დროს თუ იცმევდნენ. ერთადერთი ფეხსაცმელი სქელძირიანი სანდლები გახლდათ, რომელიც ფეხზე თასმებით მაგრდებოდა. არსენი დიდის შემდეგ დარჩა მისი პალმის სანდლები (444. Дост. сказ. С. 26). ეკლესიაში შესვლისას ბერებს სწორედ ეს სანდლები ეცვათ, ოღონდ სრული ბერი შესამოსელით უნდა ყოფილიყვნენ შემოსილნი.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც ისააკ პრესვიტერმა ეკლესიიდან გააგდო ერთი ძმა, რომელიც ტაძარში არასრული ბერული ტანისამოსით გამოცხადდა (Достов. сказ. С. 94. Срав. 127).

ბერები ყურადღებით ეკიდებოდნენ იმ სამოსს, რომელსაც ბერად აღკვეცის დროს პირველად იცმევდნენ და კვირა დღეებში, როდესაც ეკლესიაში წმიდა საიდუმლოებათა საზიარებლად მიდიოდნენ, სწორედ მისით იმოსებოდნენ. ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ კი იმწამსვე იხდიდნენ, რადგან ცდილობდნენ თავიანთი აღსასრულის დღემდე შემოენახათ და მასში შემოსილები დამარხულიყვნენ (446. Дост. сказ. С. 277.)

მკაცრ ბერებს სურდათ, რომ მათი ყოველდღიური სამოსი ყველაზე ღარიბული ყოფილიყო. პამბო ამბობს: "ბერი ისეთ სამოსს უნდა ატარებდეს, რომელსაც არავინ აიღებს, კელიიდან სამი დღის გადაგდებულიც რომ იყოს" (447. Дост. сказ. С. 95). აღათონს სურდა, რათა ძმებს არც საკმაოდ კარგი სამოსი ჰქონოდათ და არც ძალიან ცუდი, და ასევე, სამოსი არ უნდა ყოფილიყო ფერადი (448. Rosw. PP. P. 687).

დროთა განმავლობაში ბერ-მონაზონთა სამოსში ფუფუნება იჭრება. ისააკი კიცხავდა მის თანამედროვე ბერებს: "ჩვენი მამები და პამბო ჩამოძონძილი, დახეული და პალმის ფოთლებისგან შემოსილი სამოსით დადიოდნენ, თქვენ კი ძვირფასი მატერიით შემოსილხართ. თქვენს გამო დაცარიელდა ეს ადგილი" (449. Дост. сказ. С. 94). მამები კიცხავდნენ იმათაც, ვინც უცნაური ჩაცმულობით იპყრობდა ყურადღებას. ერთი ძმა კელიაში უხეში მატერიისგან შეკერილ სამოსს იცმევდა. "ვერ მოგიტანს ეს რაიმე სარგებლობას", - ამბობდა ამონი (შენიშვნა: ეგვიპტური წყაროები არ იუწყებიან, რომ ბერების მთელი სამოსი აუცილებლად შავი ფერის უნდა ყოფილიყო. მაგრამ სხვა წყაროები ნათლად მოწმობენ, რომ პალიუმი (მოსასხამი) შავი ფერისა უნდა ყოფილიყო (Zosim L. V. Greg. Nasians. Or. 14 Synes Epist. 145 и др. См.: Asceticon Attesesta. P. 294, 295). იერონიმე მარკელოსის შესახებ წერს: Tunicam fusciorem induta se repente Deo consecravit (Ep. 13). ხოლო ავგუსტინე (Epist. 192 ad Ediciam) შავ სამოსს (nigella) ასკეტთა ნიშნად მიიჩნევს).

აპოლოსი კიცხავდა იმ ბერებსაც, რომლებიც ხუნდებასხმულნი და გრძელი თმებით დადიოდნენ. ტაბენესელი ბერები, სხვათა შორის, განაწესის მიხედვით გრძელთმიანები იყვნენ; ხოლო სხვა ეგვიპტელი ბერები, საერთო ჩვეულების თანახმად, მოკლე თმებს ატარებდნენ. ილარიონ დიდი ყოველ წელიწადს, პასექის დღეს თმებს იკვეცავდა. იერონიმეს მოწმობით, არა მარტო ეგვიპტეში, არამედ სირიაშიც იყო ჩვეულება, რათა ღმერთს შედგომილ ქალწულებსა და ქვრივებს თმები შეეკვეცათ. ამას უკვე მონასტრის წინამძღვარი აკეთებდა. მართალია ქალები ჩვეულებისამებრ თავდაბურულები დადიან, აღნიშნავს იერონიმე, მაგრამ რადგან ეს საყოველთაო ჩვეულება იყო, შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. თმებს იჭრიდნენ სისუფთავისა და კიდევ იმის გამო, რათა არავითარი საცხები არ გამოეყენებინათ თავის ბანვისასს (451. Письмо Иеронима к Собициану 117). თმებს ტაბენესეს ბერებიც იჭრიდნენ (452. Hist. Lavs. P. 41). წვერს კი ყველა ბერი ატარებდა (453. Исидор Пелусиот. Кн. 1. П. 92).

არსადაა ნახსენები კრიალოსანი. პავლე ფერმელი, მის მიერ აღსრულებული ლოცვების რაოდენობა რომ ცოდნოდა, უბეში იმდენ წვრილ ქვას იდებდა, რამდენი ლოცვაც მას უნდა აღესრულებინა, ლოცვის დასრულების შემდეგ კი თითო-თითოდ აგდებდა. Κομβολογιον, κομβοσχοινιον - საკუთრივ წნული, რომელსაც "კრიალოსანსაც" უწოდებენ, მხოლოდ გვიანდელ ძეგლებში გვხვდება. ბერად აღკვეცის წეს-განგებაში, თანაც არა მარტო ბერძნულში, არამედ სლავურშიც, კრიალოსნები ან ე. წ. "ლესტოვკები" ნახსენები არ არის.


ბერ-მონაზონთა საცხოვრისი

უდაბნოში საცხოვრებლად ბერები, როცა შეეძლოთ, გამოქვაბულებს (454. Hist. Lavs. P. 2,44,46,49,74,94,97), ძველი საკერპეების ნანგრევებს (455. Дост. сказ. С. 88) და აკლდამებს იყენებდნენ (თავდაპირველად წმ. ანტონი დიდიც აკლდამაში ბინადრობდა. იხ. Hist. Lavs. P. 45), მაგრამ უმეტესწილად თვითონ აწყობდნენ თავიანთ საცხოვრისს, ზოგჯერ დიდი შრომის ფასადაც (457. Дост. сказ. С. 29). საცხოვრებელ სენაკს ზოგჯერ კლდეში ჭრიდნენ ან ლოდებისგან, აგურებისგან და თიხისგან აშენებდნენ, წნავდნენ ტოტებითაც. ამბა დოროთე ზღვისპირა უდაბნოში ქვებს აგროვებდა, და მათგან თავის სენაკს მთელი წლის განმავლობაში აშენებდა, შემდეგ კი ამ სენაკს იმას აძლევდა, ვინც მასთან ერთად ცხოვრების სურვილს გამოთქვამდა (458. Hist. Lavs. P. 2). მაკარიმ მასთან მოსულ ორ ახალგაზრდას კლდეში თავიანთი სენაკის გამოჭრა დაავალა (459. Дост. сказ. С. 151). როდესაც ორესთან მასთა ერთად ცხოვრების მოსურნე მივიდოდა, ახალმოსულს ორესთან უკვე დამკვიდრებული მრავალრიცხოვანი ძმობა სენაკს ერთ დღეში უშენებდა; ერთნი თიხას ზელდნენ, სხვებს აგურები მოჰქონდათ, დანარჩენები კი წყალს ეზიდებოდნენ. როდესაც სენაკი მზად იყო, მას ყოველივე საჭირო საგნებით ამარაგებდნენ (460. Hist. Lavs. P. 9). სკიტეში ძმობა სენაკებს ერთობლივი ძალისხმევით აშენებდა (461. Rosw. vit. Patr. L. V. P. 645).  

ზოგიერთი სენაკი ძალზედ პატარა გახლდათ. მაკარი ალექსანდრიელის სენაკი უსარკმლო და იმდენად ვიწრო იყო, რომ ფეხის გაწევასაც ვერ ახერხებდა. მასში ატარებდა იგი დიდ მარხვას (462. Hist. Lavs. P. 20). ილარიონ დიდის სენაკი სიგანეში ოთხი, ხოლო სიგრძეში ხუთი ფუტი იყო; ანტონი დიდის სენაკი კვადრატული ფორმისა გახლდათ, თანაც იმ სიგრძის, რომ მასში მძინარე ადამიანი დატეულიყო (463. Иероним. "Жизнь Илариона". С. 13). მაგრამ ჩვეულებრივ ბერების საცხოვრებელს რამოდენიმე ოთახი ჰქონდა. აღმოსავლური ჩვეულების მიხედვით, გარეთა კარებიდან ჯერ შედიოდნენ წინა ოთახში, რომელსაც ώροσεισοδικον-ს (464. Hist. Lavs. P. 43. P. 1117) უწოდებდნენ. აქედან კარი შედიოდა ავლაში, ანუ დარბაზის მსგავს სივრცეში, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობდა, მაგრამ ყველა მხრიდან კორიდორებით იყო შემორტყმული და აქედან კარებით შიდა ოთახებში შედიოდნენ (ავლა ხშირად იხსენიება ბერების საცხოვრებლების აღწერისას. იხ. მაგალითად  Hist. Lavs. P. 20).

ავლა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძალზედ დიდი ზომისა იყო და αυλυδριον-ს (466. Фот. Патер. С. 106). მამათა ცხოვრებაში ნახსენებია შიდა ოთახებიც, მაგალითად, პურისა და სამუშაო მასალების შესანახი განსაკუთრებული ოთახი (Дост. сказ. С. 41, 96). სენაკებში ზოგჯერ მიწისქვეშა სარდაფებსაც აწყობდნენ (Фот. Патер. С. 98).

სენაკების სახურავი იყო ბრტყელი და, სავარაუდოდ, პალმის რტოებით იფარებოდა, რომელთაც ზემოდან თიხას ათავსებდნენ (468. Дост. сказ. С. 183). შეიძლებოდა ამ სახურავზე ასვლა (469. Дост. сказ. С. 156). მხოლოდ თოლოსები (მრგვალი ნაგებობა ძვ. ბერძნ. არქიტექტურაში - რედ.) იგებოდა წამახვილებული სახურავით. ეს იყო ერთგვარი პორტიკი (ლათ.: porticus. სვეტებზე დამყარებული დახურული გალერეა - რედ.); სვეტებს, რომელსაც სახურავი ეყრდნობოდა, ქვებისგან აშენებდნენ (შენიშვნა: ამბა ამუნზე ამბობენ: Οικοσομέι εαντώ δυο θολονς κελλιων (Hist. Lavs. Ρ.8). იოანე ლიკოპოლელზე კი ნათქვამია, რომ მან მთაზე თავისთვის სამი თოლოსი ააშენა, ერთი ხორციელი საჭიროებისთვის, მეორე სამუშაოდ და მესამე სალოცავად (Hist. Lavs. P. 43. P. 1107). თოლოსები სკიტეშიც ჰქონდათ (Фот. Патер. С. 72).

მხცოვნებთან ერთად ზოგჯერ მოწაფეებიც ცხოვრობდნენ და ამიტომ, მათთვის ქოხებს შორიახლო აშენებდნენ (471. Дост. сказ. С. 135). ამ საცხოვრისებს σκηνη, καλυβιον, κελλια ეწოდებოდა (შენიშვნა: კელიად, საკუთრივ იწოდებოდა მონების სამყოფელი. ერთ საერთო ნაგებობაში ყოველი მონისთვის გამოყოფილი იყო ცალკე საკუჭნაო, სადაც მონა ღამეს ათევდა. Colum de re rustie. L. 1. P. 6. Chrysost in prim. ep. ad Timotheum Honul. 16). რამოდენიმე კელიის (სენაკის) ერთობლიობას ασκητηρια, μοναστήρια, μανδραι, λαύρα, κοινοβιαι-ს უწოდებდნენ.

შენიშვნები:

1. ათონური ασκητηρια, სავარაუდოდ, წააგავს ძველეგვიპტურ ბერულ საცხოვრისებს. აი როგორ აღწერს მათ მამა ანტონინე: "ხეობის განაპირა ადგილებში, რომლებიც ყველაზე მყუდრო ადგილებში მდებარეობდა, განმარტოებული სენაკები მოსჩანდა, ხოლო მთის ველდაბლობზე ერთად შექუჩული რამოდენიმე ასეთი სენაკი შეიძლებოდა გეხილათ, რომელთა შუაში ეკლესია მდებარეობდა. ეს იყო ბერთა სოფელი, რომელსაც ბერძნულად ασκητηριον-ს, ჩვენებურად კი "სკიტეს" უწოდებენ. თარგმანში ის "სამოსაგრეოს" ნიშნავს. აქ ტოვებენ კელიოტები თავიანთ დამოუკიდებლობას, და ერთობლივი ცხოვრების ჭაპანს ეწევიან, რომელიც მათ ურთიერთზრუნვის ვალდებულებას აკისრებს, ხოლო ყველას საერთო საქმისადმი ერთგულებას; ამის მიმანიშნებელია სწორედ ის ეკლესია, რომელიც ყველასთვის საერთოა და რომელშიც ისინი მსახურობენ. დამოუკიდებლობის დათმობის სანაცვლოდ სკიტელები ძმურ თანადგომას ჰპოვებენ ერთმანეთში. მონასტერი ეს უდაბნოს ქალაქია, ადილია, რომელიც კედლებით არის შემოსაზღვრული" (Заметки поклонн. Св. Горы. С. 92). ეგვიპტურ მონასტრებს დიდი გალავნები ჰქონდა, რომლებიც ზოგჯერ, როგორც მაგალითად, წმ. ისიდორეს მონასტერში, ძალზედ დიდი სიმაღლისა იყო. მონასტერი ერთ წინამძღვარს ემორჩილებოდა.

2. Μανδραι. Μανδρα ნიშნავს "შემოსაზღვრულ ადგილს, სადაც ცხვრებს ერეკებოდნენ, - ეს არის ცხვრის ბაგა". ეს სახელწოდება მეტაფორულად გადავიდა მონასტრებზე, რომელსაც ნილოს სინელი Πνενματικη μανδρα-ს (Lib. 3. Epist. 241. Doroth. doctrin. 23) უწოდებდა.

3. "ლავრა" საკუთრივ ნიშნავს "ქუჩას, ან მოსახვევს, სადაც ხალხი იკრიბება". აქედან მომდინარეობს ბერების იმგვარი საცხოვრებელის სახელწოდება, რომელიც ქუჩის სახედ არის გაშენებული (Дюкан. Gloss. Graccit et Latin sub voce Lavra).


ბერ-მონაზონთა საქმიანობა

"როგორ ვცხონდე?", - ასე ევედრებოდა ანტონი დიდი უფალს თავისი ბერული ცხოვრების დასაწყისში და იხილა კაცი, რომელიც მას წააგავდა, იჯდა და მუშაობდა; შემდეგ ეს კაცი ადგა, დატოვა სამუშაო და ლოცვას შეუდგა; შემდეგ კვლავ დაჯდა და კალათების წვნა გააგრძელა, შემდეგ ისევ ლოცვაზე დადგა. "ასე აკეთე და ცხონდები", - უთხრა ანტონის უფალმა. ანტონიც ასე იქმოდა და სულის საცხოვნებელ ღვაწლს ბეჯითად ასრულებდა. ამის კეთებას ამცნებდა იგი თავის მოწაფეთაც. ლოცვა და ხელსაქმობა ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის საფუძველთა საფუძველია.

მრავალთათვის ხელსაქმობა აუცილებელი საარსებო საშუალებაც გახლდათ, რათა ბერი ზედმეტ ტვირთად არავის დასწოლოდა; გარდა ამისა, ამგვარი ცხოვრების წესი შესაძლებლობას იძლეოდა მიგეღო მოგზაური, დახმარებოდი ღარიბთ და საპყრობილეში მსხდომ ტუსაღებსაც (476. Cass. de coen. inst. L. 10. P. 22). კასიანე ამბობს, რომ შრომის პირველი მიაზნი უსაქმურობის ვნების დაძლევაა. ეგვიპტელი მამების თქმით, თუ მომუშავე ბერს ერთი დემონი უკაკუნებს კარზე, უსაქმურს ურიცხვი ჯარი დემონებისა (478. Cass. de cocn. inst. L. 10. P. 23).

სხვათა შორის, ხელსაქმობა მამებს უმთავრეს საქმედ როდი მიაჩნდათ, არამედ თანამოსაქმეობად, поделие-დ, როგორც რუსი მამები ამბობდნენ (479. Дост. сказ. С. 283). უმთავრესი საქმე იყო ლოცვა. მუდმივი, წმიდა და გაუფანტველი ლოცვა, კასიანეს თქმით, არის ბერის მიზანი და სრულყოფილება (480. Cass. Collat. 9. P. 2). ამიტომაც, ხელსაქმობას ყოველთვის ლოცვა ცვლიდა, ლოცვა ახლდა თან ხელსაქმობასაც; მხცოვანი კალათს წნავს, მისი ბაგეები კი ჩუმად ლოცულობენ: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა" (481. Дост. сказ. 134).


ა) ლოცვა

საერთო მონასტრებში, როგორც ამას პახომი დიდის მონასტრული განაწესი აჩვენებს, ყოველ დღე ინიშნებოდა განსაკუთრებული დრო ლოცვაზე ძმობის შესაკრებად. კელიაზე დარტყმით და შეძახილით "ალილუია" ძმობას ლოცვის დაწყებას აუწყებდნენ. ბერების გასაღვიძებლად სპეციალურად დაწესებული იყო ერთი ძმა, რომელიც მთელი ღამე მღვიძარებდა და ღამე ვარსკვლავების მოძრაობის მიხედვით განსაზღვრავდა ლოცვის ჟამს, კარზე დარტყმით კი (კაკუნით) ბერებს აღვიძებდა (482. Cass. de coen. inst. L. 2. P. 17; Rosw. Vit. Patr. Lib. V. P. 644. П. 20, Lib. VI. P. 3. П. 2; Иероним. Письмо к Евстохию 88). არა საერთო მონასტრებში და განცალკევებულად მცხოვრები ბერ-მონაზვნები საზოგადო ღმრთისმსახურებაზე მხოლოდ შაბათ-კვირით იკრიბებოდნენ, სხვა დღეებში კი ლოცვის განაწესს საკუთარ სენაკებში ასრულებდნენ.

ბერების უმთავრესი სალოცავი წიგნი ფსალმუნი იყო. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებდა: ფსალმუნთგალობისადმი სიყვარულმა გააჩინაო მონასტრები (483. Avgust. in. Psal. 132). მაგრამ ბერისთვის აუცილებლად ითვლებოდა დილა-საღამოს მხოლოდ 12 ფსალმუნის კითხვა. ეს წესი პირველქრისტეანობის ძველი ასკეტებისგან მოდის (484. Cass. de coen. inst. L. 2. P. 6). ფსალმუნების კითხვის დროს ზოგიერთი ყოველი ექვსი მუხლის შემდეგ გალობდა ერთ "ალილუიას" და ყოველ ფსალმუნს გონებით ლოცვას ამატებდა (485. Cotell. Mon. Gr. Eccl. T. 1. P. 544). მაგრამ სენაკში ლოცვა არ იზღუდებოდა რაიმე კონკრეტული წეს-განგებით, ხელსაქმობა ცვლიდა და თან სდევდა ლოცვას, რომლის ხანგრძლივობა მოსაგრის მონდომებაზე იყო დამოკიდებული. ისიდორე ამბობს: "როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ლოცვის ერთი კონკრეტული ჟამი დაწესებული არ მქონდა; დღე და ღამეს ლოცვაში ვატარებდი" (486. Дост. сказ. С. 90). მაგრამ ზოგიერთი მხცოვანი სენაკში ლოცვისთვის ყოველდღიურად ერთი რომელიმე ჟამის არჩევას და მაშინ ლოცვას მიიჩნევდა სასარგებლოდ; პავლე ფერმელი სამას ლოცვას ასრულებდა, მაგრამ, როდესაც შეიტყო, რომ ერთი ქალწული დღეში შვიდასამდე ლოცვას ასრულებდა, შეწუხდა ქალწულზე ნაკლებად რომ იღვწოდა და რჩევისთვის მაკარი ალექსანდრიელს მიმართა. მაკარიმ მიუგო: "მე აგერ უკვე სამოცი წელია მხოლოდ ას დაწესებულ ლოცვას ვკითხულობ (τεταγμενας εοχας), ვმუშაობ თავის სარჩენად, ძმებს შეხვედრაზე უარს არ ვეუბნები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი სინდისი უქმობაში არ მამხელს. თუ შენ, სამასი ლოცვის შემდეგ სინდისი გაწუხებს, მაშინ აშკარად ან წმიდა გულით არ ლოცულობ ან კიდევ მეტი შეგიძლია და არ აკეთებ" (Hist. Lavs. P. 23, 24).

(შენიშვნა: როგორც ჩანს, ეგვიპტელი ბერების ცხოვრებიდან შეგვიძლია შევიტყოთ იესუს ლოცვის გამოყენების წესი. ერთ ძმას, რომელსაც დემონები ცდიდნენ, მხცოვანმა უთხრა: "ადექი, ილოცე, შეუვრდი უფალს და თქვი: "ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". მართალა ჩვენ არ ვიცით ამ სიტყვების ძალა, მაგრამ როდესაც დემონებს ის ესმით, შიშისგან ძრწიან და უკან იხევენ" (Фот. Пат. 102).

ფსალმუნების გარდა, განათლებული ბერები წმიდა წერილის სხვა წიგნებსაც კითხულობდნენ. მაკარი ერთ ბერს შთააგონებს: "ხშირად იკითხე შენს სენაკში სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები" (488. Дост. сказ. С. 141). სხვები ფსალმუნსა და სამოციქულოს მოგზაურობის დროსაც თან ატარებდნენ (489. Дост. сказ. С. 264). ზოგიერთმა მთელი წმიდა წერილი ზეპირად იცოდა. პალადიუსი ჰყვება, რომ მისმა თანამოსაგრემ სახელად ირონმა, ერთხელ მასთან ერთად სკიტედან ფეხით 40 მილი გაიარა და მთელი ამ ხნის განმავლობაში 15 ფსალმუნი, დიდი ფსალმუნი, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, ესაია, იერემიას ნაწილი, ლუკა მახარობელი და იგავები ზეპირად წაიკითხა (490. Hist. Lavs. P. 32).

მაგრამ მამები უფრო სჯულის აღსრულებას უფრთხილდებოდნენ, ვიდრე მარტო იმის ცოდნას, რამაც შეიძლება ამპარტავნებასა და ცუდმედიდობაში ჩაგაგდოს, როგორც ეს შემდეგ ირონს დაემართა. "წინასწარმეტყველებმა, - ამბობდა ერთი მხცოვანი, - დაწერეს წიგნები, ჩვენი მამები კი მათით იწრთობოდნენ და სწავლობდნენ მათ ზეპირად, მაგრამ შემდეგ მოვიდა ეს მოდგმა, გადაწერა ეს წიგნები და ფანჯარასთან უქმად მიაგდო" (491. Фот. Пат. 248). ერთ მხცოვანთან სამი ძმა მივიდა. ერთმა თქვა: "მე ზეპირად ვიცი მთელი ძველი და ახალი აღთქმა". – "შენ ახლა ჰაერი ფუჭი სიტყვებით აავსე", - უთხრა მცხოვანმა. მეორემ განაცხადა: "მე ჩემთვის მთლიანად გადავწერე მთელი ძველი და ახალი აღთქმა". – "შენ შენი ფანჯარა წიგნებით გადაგიტვირთავს" (492. Фот. Пат. 238).

შაბათსა და კვირას ბერები ჩვეულებისამებრ ეკლესიაში იკრიბებოდნენ წმიდა საიდუმლოსთან საზიარებლად და თუ მონასტრული ეკლესია არ არსებობდა, მაშინ უახლოეს სოფლის ეკლესიას მიაშურებდნენ (493. Cass. Collat. 7. P. 34). საზოგადო ღვთისმსახურებისთვის ეგვიპტის მონასტრებში ინიშნებოდა მხოლოდ ორი ჟამი: მწუხრი და შუაღამე (494. Cass. De coen. inst. L. 2. P. 6). საშუაღამეო ლოცვა იწყებოდა მამლის ყივილამდე და ცისკარზე მთავრდებოდა. ზამთარში, როდესაც ღამე უფრო გრძელია, მსახურება მამლის მეოთხე ყივილამდე გრძელდებოდა (495. Ibid. Lib. 3. P. 5, 8).

ღმრთისმსახურება შედგებოდა 12 ფსალმუნის გალობისგან, რომელთაც ლოცვებიც ახლდა. ფსალმუნები ისე იყო დაყოფილი, რომ ორი მგალობელი თუ იყო, თოთოეული ექვს-ექვს ფსალმუნს გალობდა, თუ სამნი იყვნენ, ოთხ-ოთხ ფსალმუნს, ხოლო თუ ოთხნი - მაშინ სამ-სამს. ოთხ მგალობელზე მეტი არ წესდებოდა (496. Ibid. L. 2. P. 11). ფსალმუნებს დაბალ სკამებზე დამჯდარნი ისმენდნენ (497. Ibid. L. 2. P. 5, 12). ყოველი ფსალმუნის დამთავრების შემდეგ მკითხველი ლოცვას კითხულობდა (498. Cass. De coen. inst. L. 2. P. 4). დიდებისმეტყველებით - "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა" - მხოლოდ ანტიფონები მთავრდებოდა (499. Ibid. P. 8).

ლოცვის შემდეგ, მკითხველთან ერთად, ყველა მიწამდე მეტანიას აღასრულებდნენ და იმწამსვე დგებოდნენ, შემდეგ განიპყრობდნენ ხელებს და კვლავ ლოცულობდნენ (Ibid. P. 7). საერთოდ, ლოცვებით, ძალზე მოკლე ხნით, წყვეტდნენ ფსალმუნების კითხვას, თუმცა ისე, რომ თუ ფსალმუნი მრავალმუხლიანი იყო, მაშინ მასში ორჯერ ან სამჯერ ერთვებოდა სპეციალური ლოცვა. მკითხველი თუ ლოცვას აგრძელებდა, პრესვიტერი, იმ სკამზე, რომელზეც იჯდა ხელს დაარტყამდა და ამით ყველას ფეხზე ადგომისკენ და ლოცვისკენ მოუწოდებდა (501. Cass. de coen. inst. L. 2. P. 10, 11)

(შენიშვნა: კასიანეს თქმით, ეგვიპტელი ბერები უფრო მოკლე, მაგრამ ხშირ ლოცვას ამჯობინებდნენ, რადგან მათი თქმით უკეთესია ფსალმუნის ათი მუხლი წაიკითხო გულის შემუსვრილობითა და ყურადღებით, ვიდრე ათი ფსალმუნი და გონებაგაფანტვით).

12 ფსალმუნის შემდეგ დაწესებული იყო ორი საკითხავი - ერთი ძველი, ხოლო მეორე - ახალი აღთქმიდან, მაგრამ შაბათსა და კვირას ორივე საკითხავი მხოლოდ ახალი აღთქმიდან იკითხებოდა - ერთი მოციქულთა ეპისტოლეებიდან ან საქმეებიდან, მეორე კი - სახარებიდან. ასე ლოცულობდნენ აღდგომიდან მთელი ორმოცდაათი დღის განმავლობაშიც (502. Ibid. Р. 6). ღამის ლოცვები 148-ე ფსალმუნით მთავრდებოდა (503. Дост. сказ. С. 242). ეკლესიაში ყველაზე წინ, როგორც წესი, დგებოდნენ პრესვიტერები; ტაძარში სამარისებრი სიჩუმე იდგა, განსაკუთრებით ლოცვის დროს. ამ მომენტში, მღვდლის ხმის გარდა, რომელიც ლოცვაში გამოიხატება, ჩქამიც კი არ ისმოდა, მხოლოდ გრძნობათა მოჭარბების გამო თუ გაიგებდა კაცი აქა-იქ ბერების ამოოხვრას (504. Cass. de coen. inst. L. 2. P. 10). ერთხელ იოანე კოლობმა, რომელიც ტაძარში იდგა და არ უწყოდა მის უკან ვინმე თუ იდგა, ამოიოხრა, მაგრამ როდესაც შეიტყო მის უკან მდგომის შესახებ, თავი მოუხარა და უთხრა: "მომიტევე ამბა! მე ჯერ საწყისი წესებიც კი არ ვიცი" (505. Дост. сказ. С. 105).

ღმრთისმსახურება სამჯერადი ლოცვითა და მუხლმოყრით მთავრდებოდა (506. Cass. Collat. 2. P. 34. Satis vero constat, ilium trinae orationis numerum, qvi solet in congregationibus fratrum ad concludendam synaxim celebrari, eum, qvi intento animo supplicit, observare non posse). მესამე ჟამი შაბათს და კვირას ინიშნებოდა ევქარისტიის აღსასრულებლად. ყველა ბერ-მონაზონი იმოსებოდა იმ სამოსით, რომელსაც პირველად, ბერად აღკვეცის დროს ღებულობდა. ისინი ტაძარში სრული ბერული შესამოსელით შედიოდნენ (პრესვიტერმა ისააკმა ტაძრიდან გააგდო ბერი, რომელიც ეკლესიაში არასრული შესამოსელით გამოცხადდა (Дост. сказ. С. 94)), ოღონდ ფეხშიშვლად. აქ მათ დიაკვნები სპეციალურ ვარცლში ფეხებს ბანდნენ, ამიტომაც ეს ვარცლები საეკლესიო ჭურჭლად და წმიდა ნივთად ითვლებოდა (508. Rosw. L. 6. Р. 649,658).

ზიარებასთან მიახლებისას ბერები იხსნიდნენ სარტყელს და მანტიას (მოსასხამს) (509. Hist. Lavs. P. 38; Sozom. L. 3. P. 13; Doroth. de doctr. 1). ქრისტეს უპატიოსნეს ხორცს ცალ-ცალკე ეზიარებოდნენ, რომელიც თითოეულ მათგანს ხელში ეძლეოდა. ბერები მას თითთა წვერებით იღებდნენ (510. Pall. Lavs. P. 143; Дост. сказ. С. 275), და ცალკე კიდევ ქრისტეს სისხლს თასიდან, რომელიც დიაკვანს ეპყრა (511. Дост. сказ. С. 286). ავადმყოფ ძმებს ბერები კელიაში აზიარებდნენ. განდეგილები, რომლებიც ტაძრებიდან მოშორებით ცხოვრობდნენ, და ბერები, რომლებიც მოგზაურობაში იყვნენ, წმიდა ძღვენს (საზიარებელ ნაწილებს) თან ატარებდნენ. წმ. ბასილი დიდი ამბობს: "ბერები, რომლებიც უდაბნოებში ცხოვრობენ, სადაც არ არიან მღვდელმსახურნი, საზიარებელ ნაწილებს კელიებში ინახავენ და საჭიროების შემთხვევაში თვითეზიარებიან. ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში მონათლულ ერისკაცთა უმეტესობას საზიარებელი ნაწილები სახლშიც გააჩნია..." (512. Epist. 283 ad Caesar.) (იხ. აგრეთვე: Василий Великий. Творения, ч. VI. Москва 1859 г., Письмо 89 к Кесарии жене о приобщении, стр. 219. По изд. Моск. Л. Акад. 1901 г., стр. 186). ამ ზიარებას სუფთა ტილოში (μουσικιον) ინახავდნენ (513. Prat. Spirit. Moschi. P. 79). ზოგიერთ სავანეში, მაგალითად, აპოლოსთან, ბერები ყოველდღიურად ეზიარებოდნენ და სხეულისთვის საჭირო საზრდოს მხოლოდ სულიერი საზრდოს მიღების შემდეგ მიეახლებოდნენ. კვირა დღეს აღესრულებოდა მხოლოდ ერთი მსახურება, ისიც სადილობამდე, მაგრამ ეს მსახურება საკმაოდ ხანგრძლივი გახლდათ (514. Cass, de coen. inst. L. 3. P. 11).


აღაპები

სკიტესა და ნიტრიის მთაზე მსახურების შემდეგ კვირაობით ძმებს გამხმარ პურსა და მათლაფა ღვინოს ურიგებდნენ (515. Дост. сказ. С. 97); გარდა ამისა, აღაპები ხშირად ძმებისთვის შემოწირული საკვებითაც იმართებოდა (516. Фот. Пат. 69; Rosw. L. V. Р. 627). ეს შემოწირულობა შეიძლებოდა ყოფილიყო ქონება (ადგილ-მამული), რომელთაც მონასტერში აღკვეცილნი მონასტერს ჩუქნიდნენ ("მიეცი მამული ძმურ ტრაპეზს, - ამბობდა პიმენი, - იქ აღაპები ეწყობა" (Дост. сказ. С. 197. არსენი დიდი ამბობდა: "ჩემს გამო აღაპების მოწყობაზე ნუ იზრუნებთ" Дост. сказ.)).  

მრავალი ბერი, თუკი რაიმე ჰქონდა, თავს მოვალედ თვლიდა ის აღაპებისთვის შეეწირა. ერთხელ ამბა მაკარი ამბა პამბოს სანახავად სკიტესკენ გაემართა და შესაწირი მიუტანა (Дост. сказ. С. 134). ერთი ძმა ველზე თესავდა და შემდეგ, როდესაც ნაყოფს მოიმკიდა, სიყვარულის საღამოს, ანუ აღაპს აწყობდა. მხცოვანნი ამას ერისკაცის საქმედ მიიჩნევდნენ (Дост. сказ. С. 194). აღათონი ამბობდა: "არასოდეს მომიწყვია აღაპი, რადგან შესაწირავისა და რჩევების მიცემა ჩემთვის იგივე აღაპია, რადაგნ ძმისთვის სარგებლის გაწევა ნაყოფის შეწირვის ტოლფასია" (Дост. сказ. Epist. Hist. Lavs. P. 18).

ერისკაცნი აღაპებს სწირავდნენ სხვადასხვა ნაყოფს, პურს და ღვინოს (რთველის დასაწყისში) (520. Дост. сказ. С. 15, 42; Фот. Патер. С. 72; Rosw. Vit. Patr. P. 625). აღაპებს მოწვევით ესწრებოდნენ (521. Фот. Патер. С. 69; Rosw. Vit. Patr. P. 627). საპატიო მხცოვნებისთვის განსაკუთრებული სუფრა იშლებოდა (522. Дост. сказ. С. 134). უფროსთაგან ზოგჯერ რომელიმე უმცროს ძმებს თასებს აწვდიდა, თასის მიმღები კი იტყოდა: "მომიტევე" (523. Дост. сказ. С. 257, 282). თუმცა, დიდ მხცოვანთა მიმართ მოწიწებისა და პატივისცემის გამო ბერები ხშირად მათი ხელიდან ამ მომსახურეობის მიღებას ვერ ბედავდნენ ("ერთხელ ერთი პრესვიტერი, დიდი მოსაგრე, ტრაპეზობისას ადგა, რათა ძმისთვის წყლით სავსე თასი მიეწოდებინა, მაგრამ მისთვის თასის გამორთმევა ვერავინ გაბედა" (Дост. сказ. С. 104).

რადგან აღაპები უწმიდეს საიდუმლოთა ზიარების შემდეგ ეწყობოდა, ბერ-მონაზონთა ზომიერი კვების ჩარჩოებს სცილდებოდა, ამიტომაც მრავალი გაურბოდა აღაპს. ერთხელ აღაპზე ყოფნისას ერთმა ძმამ გაიცინა. იოანე კოლობმა მას უთხრა: "გლოვა უფრო გმართებს, რადგან შემოწირულობას ჭამ" (Дост. сказ. С. 102). აღაპები იმ დროს მოწყალების ტოლფას საქმედ მიიჩნეოდა. შიმშილის დროს ერთ მხცოვანთან ხალხი მიდიოდა, რათა აღაპე მიეღო, მოხუციც მათ პურებს ურიგებდა (Rosw. Vit. PP. P. 616). კასიანე შენიშნავს, რომ ეგვიპტეში, ჭამის დროს, სამოძღვრო წიგნების კითხვა ჩვეულებად არ ჰქონდათ. ამ წესს, ამბობს კასიანე, დასაბამი კაპადოკიაში მიეცა (Cass. de coen. inst. L. 4. P. 17).

ერთმა ბერმა მხცოვანს ჰკითხა: "როდესაც ეკლესიაში მივდივარ ხშირად იქ აღაპი მხვდება და ძმები დარჩენას მთხოვენ - როგორ მოვიქცე?". მხცოვანმა მიუგო: "ეს ძნელი საქმეა" (526. Фот. Пат. 69). ზოგიერთი თავს იმითაც კი იქებდა, რომ აღაპებზე არ დადიოდა. "ნუ მეტყვი, - ურჩევს ერთი მხცოვანი ახალბედას: - "მე შეკრებებზე არ დავდივარ" ან: "არ ვესწრები აღაპებს", არამედ ყველასთან დაიცავი თანასწორობა" (527. Дост. сказ. С. 170). ისააკ თებაიდელი, აპოლონის მოწაფე, ლიტურგიის შემდეგ ჩვეულებისამებრ თავისი სენაკისკენ სწრაფად მიეშურებოდა. "მე ძმობას კი არ გავურბივარ, - ამბობდა იგი, - არამედ ეშმაკის მზაკვარებას. ვინმე ანთებული სანთლით რომ დადგეს ღია ცის ქვეშ, სანთელი მალე ჩაუქრება: ჩვენც ასე ვართ, წმიდა ევქარისტიით განათლებულნი, რაც უფრო მეტ ხანს დავრჩებით სენაკის გარეთ, მით უფრო დავაბნელებთ ჩვენს გონებას" (528. Дост. сказ. С. 97). სწორედ ამიტომ, პრესვიტერები ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ბერებისთვის, რათა ლიტურგიის შემდეგ სწრაფად განშორებოდნენ ტაძარს და საკუთარ სენაკებში განმარტოვებულიყვნენ.

ერთ ძმას ჩვევად ჰქონდა ლიტურგიის შემდეგ ტაძარი ყველაზე ბოლოს დაეტოვებინა, რადგან ძმათაგან ტრაპეზზე მიწვევას ელოდა, რამეთუ თავისთან არაფრის მოხარშვა არ უნდოდა. მაგრამ ერთხელაც ის ლიტურგიიდან ყველაზე ადრე გამოვიდა. როდესაც პრესვიტერმა ჰკითხა, რა იყო მისი ასეთი აჩქარების მიზეზი, ბერმა მიუგო: "ლიტურგიის დაწყებამდე მცირედი ოსპი მოვხარშე და შინ მეჩქარება". მაშინ პრესვიტერმა ყველა ბერს მისცა უფლება ოსპი ლიტურგიის დაწყებამდე მოეხარშათ, რათა ლიტურგიის შემდეგ განმარტოვების შესაძლებლობა ყველას მიცემოდა.

იმ შემოწირულობებს, რომელსაც ძმებს სენაკებში ურიგებდნენ, ყველა წყალობად და კურთხევად მიიჩნევდა. ერთხელ სკიტეში ლეღვის რამოდენიმე ნაყოფი გააგზავნეს, და როგორც უმნიშვნელო არსენის არ მიართვეს რომ არ სწყენოდა. როდესაც ეს არსენიმ გაიგო, ეკლესიაში არ წავიდა და თქვა: "თქვენ მე მომიკვეთეთ, რადგან მომაკელით წყალობა, ღმერთმა რომ ძმებს გამოუგზავნა და რომლის მიღების ღირსი არ მქმენით". პრესვიტერმა იმწამსვე მიუტანა მას ლეღვის ნაყოფი და ეკლესიაში სიხარულით მოიყვანა" (529. Дост. сказ. С. 15; Сравн.: Hist. Lavs. P. 31).


შეკრებები

უპირატესად კვირა დღეს ძმები მონასტრებში იკრიბებოდნენ სულიერ საკითხებზე საბაასოდ. ერთი მხცოვანი, რომელიც თავის დროებას უჩივოდა, ბერ-მონაზონთა ადრინდელ შეკრებებს ასე იხსენებდა: "ადრე, როდესაც შევიკრიბებოდით და სულის სარგო თემებზე ვსაუბრობდით, წრეს შევკრავდით და - ცაში ვლივლივებდით, ახლა კი მოყვასის განსაკითხად ვიკრიბებით და ჯოჯოხეთში ვიხრუკებით" (530. Cass. Collat. 2. P. 2, Collat. 16. P. 10, Collat. 18. P. 11). ამ შეკრებებზე ზოგჯერ წამოიჭრებოდა საკითხი, რომელსაც უფრო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პასუხობდნენ, ვიდრე ჭკუის დასარიგებლად, და მაშინ გამოცდილი მამები ამგვარი საუბრების შეწყვეტას ცდილობდნენ და გაურბოდნენ თავყრილობას. ასე, მაგალითად, ერთხელ სკიტელი ბერები მელქისედეკის შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ. კოპრიმ თქვა: "ვაი შენდა, კოპრი! შენ დაუტევე ის, რისი კეთებაც ღმერთმა გამცნო, და ეძიებ იმას, რაც შენთვის არავის უთხოვია". როდესაც ძმებმა ეს ისმინეს, დაიშალნენ და საკუთარ სენაკებს მიაშურეს" (531. Фот. Пат. 212).

მრავალრიცხოვან თემებში, როგორიც იყო, მაგალითად, ნიტრიის მთა და სკიტეს სავანე, ამგვარ შეკრებებზე წყდებოდა ისეთი საკითხებიც, რომელიც მთელს ბერ-მონაზვნობას ეხებოდა. ამ შეკრებებს იწვევდა და ითხოვდა უფროსი პრესვიტერი (532. Дост. сказ. С. 246). ნიტრიის მთაზე, IV საუკუნის მიწურულს რვა პრესვიტერი მსახურებდა, მაგრამ წირვას მხოლოდ ერთი, უფროსი პრესვიტერი ასრულებდა უფროსი, სხვები კი არა; ამასთანავე, ისინი არავის განსჯიდნენ და ქადაგებებსაც არ წარმოსთქვამდნენ, არამედ მხოლოდ უფროს პრესვიტერთან ერთად ისხდნენ შეკრებებზე (533. Hist. Lavs. P. 7).

ნიტრიის მთზე იყო ერთი და ძალზედ ვრცელი ტაძარი, მეორე უკვე აპოსხიტებისთვის ააშენეს, რომლებიც მართლმადიდებლობისგან მიიდრიკნენ (534. Дост. сказ. С. 276). სკიტეში, ტბის ნაპირას, მდინარეთა შენაკადებთან ოთხი ეკლესია იყო, სადაც ოთხი პრესვიტერი მსახურობდა (535. Дост. сказ. С. 142). შეკრებებზე გადამწყვეტი ხმა მხოლოდ უფროს ძმებს გააჩნდათ, სხვები, მართალია, ესწრებოდნენ შეკრებას, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე. ერთხელ რაღაც საქმის გამო სენაკებში შეკრება გაიმართა, ევაგრემ კი ლაპარაკი დაიწყო. მაშინ პრესვიტერმა შენიშვნა მისცა და უთხრა: "შენ აქ მოგზაურივით ზიხარ" (536. Дост. сказ. С. 79).

შეკრებებზე განიხილავდნენ: 1) პრესვიტერის არჩევას. ასე აირჩიეს კელიებში მცხოვრებმა მამებმა პრესვიტერად ისააკი (537. Дост. сказ. С. 98). 2) სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3) ზოგჯერ შეკრება რაიმე საგანგებო შემთხვევის გამო აწესებდა მარხვას. 4) ხშირად განსახილველი თემა ეხებოდა შემცოდა ძმებს და სასამართლო იმართებოდა. სასამართლოს ექვემდებარბოდნენ ის ბერები, რომლებიც დაცემის შემდეგ, რომელიც ყველასთვის ცნობილი ხდებოდა, ძმობაში დარჩენას ისურვებდნენ. ხოლო ვისაც ძმობაში დარჩენა არ სურდა, მას ნებისმიერ დროს შეეძლო ერში დაბრუნება, თუმცა ამგვარი უკანმიქცევა ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა. სულიერი სრულყოფილება, რომელიც ძნელი ღვაწლითა და ხანგრძლივი შრომით მიიღწევა, ყველა მოსაგრეს შემცოდე ძმის მიმართ სულგრძელად განაწყობდა და ყველა მათგანი ძმისგან სინანულს მოელოდა. ამიტომაც, შემცოდის გასამართლება უფრო მოწყალებით გამოირჩეოდა ვიდრე სასჯელით.

ერთმა ძმამ სკიტეში შესცოდა. ძმებმა მისი გასამართლება გადაწყვიტეს და მოსესთან კაცი გააგზავნეს; მოსემ მოსვლა არ ისურვა. მაშინ პრესვიტერმა კვლავ გააგზავნა კაცი მოსესთან, რათა მისთვის ეთქვათ: "შენ შეკრება გელოდება". მოსემ აიღო გარღვეული კალათა, ჩაყარა მასში ქვიშა და წამოვიდა. "ეს ჩემი ცოდვებია, - ამბობდა იგი, - რომლებიც ჩემს უკან იყრებიან, მაგრამ მე მათ არ ვუყურებ, ახლა კი სხვისი ცოდვების სანახავად და გასასამართლებლად მოგიწვევიხართ". ძმებმა ისე მიუტევეს შემცოდეს, რომ არაფერი უთქვამთ (538. Дост. сказ. С. 156). ასე მოიქცა პიორიც, რომელიც ერთი ძმის ცოდვების განსასჯელად დაიბარეს. ის შეკრებაზე ისე მოვიდა, რომ ზურგზე ქვიშით სავსე ჩანთა ეკიდა, წინ კი კალათი მოჰქონდა, რომელშიც ასევე მცირედი ქვიშა ჩაეყარა. "ჩემი უამრავი ცოდვა, - ამბობდა ის, - უკან დავტოვე, ხოლო ძმის მცირედი შეცოდებანი წინ დამიდვია და განვიხილავ. უმჯობესი იქნებოდა ჩემი ცოდვები დამედო წინ და მათ გამო ღმერთისთვის პატიება მეთხოვა". როდესაც მამებმა ეს ისმინეს, უთხრეს: "აი, გზა ცხოვნებისა" (539. Дост. сказ. С. 231).

შემცოდე ძმის მიმართ მოწყალე სასამართლოს მაგალითი მოგვცა თვით ბერ-მონაზვნობის დამფუძნებელმა ანტონი დიდმა. ერთ ძმას ილიას სავანიდან საცთური შეემთხვა, რის გამოც გააგდეს და უკან დაბრუნება აუკრძალეს. ანტონიმ ის ასე დაიცვა: "ქარმა ხომალდს ზღვაში მიუსწრო, და მანაც თავისი ტვირთის ნაწილი დაჰკარგა, თვითონ კი ძლივს გადარჩა. თქვენ კი იმისი ჩაძირვაც გსურთ, რამაც ნაპირამდე მიაღწია" (540. Дост. сказ. С. 8). სავანეში მისული ბერი შეიწყნარეს.

ერთ ძმას ცოდვა ბრალდებოდა; ის კი უარჰყოფდა, თუმცა მის თავის მართლებას არავინ უსმენდა. მაშინ პაფნუტი კეფალამ თქვა იგავი: "მდინარის პირას ტალახში ჩავარდნილი ერთი კაცი ვნახე. უცებ მოვიდნენ ვიეთნიმე რათა დახმარებოდნენ მას, მაგრამ ამოყვანის ნაცვლად მთლად ყელამდე დანთქეს". ანტონი დიდმა თქვა პაფნუტიზე: "აი კაცი, რომელსაც სულის მკურნალობა და ცხონება ძალუძს" (541. Дост. сказ. С. 10).

სხვა მამებიც უფრო მოწყალებისა და თანაგრძნობის სულით ხელმძღვანელობდნენ, ვიდრე შურისგებისა. ერთმა პრესვიტერმა რომელიღაც შეცოდების გამო ეკლესიიდან ძმა გააგდო. ამბა ბესარიონი ადგა და მასთან ერთად გავიდა ეკლესიიდან, თან ამბობდა: "მეც ცოდვილი ვარ" (542. Дост. сказ. С. 53). ერთხელ მაკარი ალექსანდრიელმა ეკლესიიდან ცოდვის გამო ორი ბერი მოიკვეთა და მათაც სოფელს მიაშურეს. მაკარი ეგვიპტელმა არ მოიწონა ეს ქმედება (543. Дост. сказ. С. 147). მამები თავმდაბლობითა და სიყვარულით ცდილობდნენ შემცოდეთა დარიგებას. სკიტელი პრესვიტერი ისიდორე ესარჩლებოდა უძლურთ, ზარმაცთა და უხეშთ, რათა ისინი თავმდაბლობითა და მოთმინებით გამოესწორებინა (544. Дост. сказ. С. 90); მაგრამ, თუ თვით შემცოდენი ითხოვდნენ დასჯას, მაშინ მამები სასჯელს გამოსასწორებლად უწესებდნენ. ასე იყო ერთხელ, როდესაც ორმა ბერმა უბიწოების დარღვევისთვის სასჯელი ითხოვა და მათაც ერთი წლის განმავლობაში კელიიდან გამოუსვლელობა მიესაჯათ, ყოველდღიურად კი მცირე პურსა და წყალს აძლევდნენ (545. Фот. Пат. 104).

მამები მკაცრ ზომებს ღებულობდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც ხიბლსა და მედიდურობაში ვარდებოდა. ასე, მაგალითად, ვალენტი, რომელიც ცთუნდა და წმიდა ზიარება უარჰყო, ჯაჭვებით შეჰკრეს და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა დამცირებებითა და მკაცრი ცხოვრებით გამოასწორეს. ირონი, რომელიც ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა, მცირე ხნით ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული, მაგრამ, როდესაც მისი სინანული ვერ იხილეს, გაუშვეს და ისიც საერო ცხოვრებას დაუბრუნდა (546. Hist. Lavs. P. 31, 32).

ნიტრიის მთაზე მსუბუქი სხეულებრივი გვემაც მიღებული იყო. იქაურ ეკლესიაში სამი პალმა იდგა და სამივეზე თითო მათრახი ეკიდა: ერთით სჯიდნენ ბერებს, სხვებით ქურდებს, თუ ისინი ხელში ჩაუვარდებოდათ, და მესამით მოგზაურებს, თუ რაიმეს დააშავებდნენ. დამნაშავეს აიძულებდნენ ჩახუტებოდა პალმას და ზურგზე რამოდენიმე როზგის დათვლის შემდეგ უშვებდნენ (547. Hist. Lavs. P. 7).

მართალია მამები მკაცრად იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და სასტიკად კრძალავდნენ მწვალებლებთან ყოველგვარ ურთიერთობას (548. Дост. сказ. С. 257, 282), ცთომილებაში ჩავარდნილ ძმას, თუ ეს შეცდომა მისი გონების სიმარტივიდან და უბრალოებიდან გამომდინარეობდა, შემწყნარებლურად ეპყრობოდნენ და მშვიდობიანი საშუალებებით ცდილობდნენ მის გამოსწორებას; თანაც ხედავდნენ, რომ თვით ღმერთიც კი არ უთვლიდა მას დანაშაულში ამგვარ უმეცრებას. სკიტეში ცხოვრობდა ერთი ძმა, დიდი მოსაგრე, რომელსაც ეგონა, რომ ქრისტეს ხორცი, რომელსაც ზიარების საიდუმლოში ვღებულობთ, ნამდვილად ქრისტეს ხორცი როდია, არამედ მხოლოდ სახე (αντιτυπον) ხორცისა. მივიდა მასთან ორი მხცოვანი, რომლებიც ევედრნენ მას, რათა ელოცა ღმრთის მიმართ და ეთხოვა მისთვის ეჩვენებინა ნამდვილად ქრისტეს ხორცს ღებულობდნენ ისინი ზიარებისას თუ არა. ლოცვაზე მდგომი მხცოვანი საკვირველმა ხილვამ დაარწმუნა ამ საიდუმლოს ჭეშმარიტებაში და იმწამსვე აღიარა: "მწამს, უფალო, რომ პური ესე არის უპატიოსნესი ხორცი შენი და თასი ესე უპატიოსნესი სისხლი შენი" (549. Дост. сказ. С. 64.).

სხვა მხცოვანი, რომელიც ქვემო ეგვიპტეში ცხოვრობდა, თავისი სიმარტივის გამო ამბობდა, რომ მელქისედეკი - ღმრთის ძეა. ალექსანდრიის არქიეპისკოპოსმა კირილემ, რაკიღა უწყოდა, რომ მხცოვანი იგი სასწაულთმოქმედი იყო, სთხოვა მას: "მამაო თხოვნა მაქვს შენთან: ზოგჯერ აზრად მომდის თითქოსდა მელქისედეკი - ღმრთის ძეა, ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ ის უბრალო ადამიანია. ევედრე უფალს, რათა გაგიმხილოს ეს საიდუმლო". მხცოვანი სამი დღე ლოცულობდა და ბოლოს კირილეს უთხრა: "მელქისედეკი - უბრალო ადამიანია, ღმერთმა ასე მითხრა" (550. Дост. сказ. С. 66).

ზოგჯერ თვით მოსაგრენი საკუთარ ლოცვებში ეძიებდნენ თავიანთ გაურკვევლობათა პასუხებს სარწმუნოებრივ საკითხებში. ფოკა, რომელიც მერყეობდა და ეძიებდა სად არის მართლმადიდებლობა - ქალკედონის კრების მიმდევრებში თუ აპოსხიტებში, - ზეგარდმო გამოცხადებით დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ქალკედონის კრების მამათა სწავლებაშია" (551. Дост. сказ. С. 276).

ბერების შეკრებებს, რა თქმა უნდა, მძაფრი პოლემიკებიც ახასიათებდა (552. Дост. сказ. С. 106) ამიტომაც მრავალი მოსაგრე გაურბოდა მათ. ისეც ხდებოდა, რომ ამ შეკრებებზე გადაწყვეტილებას არცთუ მართებული შეხედულების მქონე ბერები ღებულობდნენ. მხცოვანმა აღათონმა ერთხელ ერთი ასეთი არასწორი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, მოვიდა შეკრებაზე და განაცხადა: "თქვენ საქმე არასწორად გადაგიწყვეტიათ". – "ვინ ხარ შენ, რომ ასე ლაპარაკობ?" - შეეპასუხნენ მას სხვები. "ძე კაცისა, - მიუგო აღათონმა, - რამეთუ წერილ არს: "ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო" (ფსალმ. 57:2) (553. Дост. сказ. С. 31).


ბერ-მონაზონთა ხელსაქმობა

კინოვიურ მონასტრებში მცხოვრებ ბერებს, ცხადია, არ შეეძლოთ მიჰყოლოდნენ სრულ უპოვარებას (554. Cass. Coll. 19. P. 9. Anachoreta ακτημοδονην id est, contemptum et privationem materialium rerum non potest afseqoi). ყოველ მათგანი, სენაკის გარდა, თავის თუნდაც მცირე მეურნეობას, მცირე საკუთრებას ფლობდა. ზოგიერთები ფქვილისა და სხვა სურსათ-სანოვაგის წლიურ მარაგს (555. Дост. сказ. С. 41) და მუშაობისთვის საჭირო წლიურ მასალას ამზადებდნენ (556. Дост. сказ. С. 183), გააჩნდათ საჭირო იარაღები, წიგნები და ცოტა ფულიც. ამიტომაც პატერიკებში არაიშვიათად ქურდებიც არიან ნახსენებნი, რომლებიც ძარცვავდნენ ბერების საცხოვრებელს. მაგრამ საკუთრების ფლობის ეს აუცილებლობა ბერების გულს მატერიალური კეთილდღეობისკენ არ მიდრეკდა. ერთხელ მაკარიმ მისი კელიის ქურდებს წაასწრო, და კი არ გაყარა, თავის კელიიდან ნივთების გამოტანაში თვითონ დაეხმარა (557. Дост. сказ. С. 146). ერთი მცხოვანი ქურდებმა სრულიად გაძარცვეს და მოჰპარეს ყველაფერი, რაც კი სენაკში ჰქონდა, მაგრამ ბერს ფულით სავსე ქისაც შეენახა, რომელიც ქურდებმა ვერ იპოვეს. მცხოვანმა ამ ქისას ხელი დასტაცა და ქურდებს ყვირილით გაეკიდა: "ჩემს კელიაში ქისა დაგრჩათო" (558. Rosw. Lib. V. P. 631).

ასეთი მაგალითი უხვადაა. სხვათა შორის, ფულის შენახვას ყველა როდი ბედავდა. ერთ ძმას ბერად აღკვეცის დროს ორი სოლიდის დატოვება სურდა. მხცოვანმა, ვისაც მან რჩევისთვის მიმართა, ამგვარი განზრახვა არ მოუწონა. დოროთე ანტინელს უმცროსმა მელანიამ 500 ოქრო გამოუგზავნა. მხცოვანმა სამი ოქრო აიღო, დანარჩენები კი ბერ დიოკლეს მისცა: "ის ჩემზე ჭკვიანია და უკეთესად მოიხმარს ამ თანხას" (559. Hist. Lavs. P. 97).

უფროსი მელანია ჰყვებოდა, რომ ერთხელ მან პამბოს სამასი ლიტრი ვერცხლით სავსე ყუთი მიუტანა და სთხოვა ეს თანხა შენაწირად შეეწყნარებინა. მცხოვანი ამ დროს იჯდა და კალათს წნავდა. ისე, რომ მუშაობა არ მიუტოვებია, ბერმა უთხრა: "ღმერთი გადაგიხდის". შემდეგ კი ეკონომ ორიგენეს დაავალა: "გამოიყენე ეს ძმობის საჭიროებისთვის, რომლებიც ლიბიაში და კუნძულებზე ცხოვრობენ: ეს მონასტრები ყველაზე ღარიბია, აქ კი ნაყოფიერი ქვეყანაა". – "მე ველოდი, - ამბობს მელანია, - რომ მხცოვანი შემაქებდა, მაგრამ, ვერაფერი რომ ვისმინე, თვითონვე ვუთხარი: "აქ სამას ლიტრამდე ვერცხლია". – "შვილო ჩემო! - მიუგო მოხუცმა ისე, რომ ყუთისთვის არც კი შეუხედავს, - ღმერთს თუ მოუტანე, მას არც უნდა უთხრა შენაწირის რაოდენობა. მან ორი ლეპტაც კი არ უარჰყო, არამედ უმეტეს შენაწირზე მეტად დააფასა, ამიტომაც დამშვიდდი, შენი შენაწირი შეწყნარებულია" (560. Hist. Lavs. P. 10).

ზოგიერთი მხცოვანი ფულს შეწირვას, თუნდაც ის შემდეგ ღარიბებისთვის დაერიგებინათ, ორმაგ ცოდვად მიიჩნევდა - მათი აზრით ეს იყო ფულის საჭიროების გარეშე მიღება და სხვისი შენაწირით თავის მოწონება (561. Фот. Пат. С. 126). სხვებს არ სურდათ რაიმე შემოწირულობის მიღება უკიდურესი საჭიროების დროსაც კი. ერთ დასახიჩრებულ მხცოვანს საჭიროებისთვის ფული შესთავაზეს. მხცოვანმა შემომწირველს უთხრა: "შენ მოხვედი რათა წამართვა ჩემი გამომზრდელი ღმერთი, რომელიც აგერ უკვე 60 წელია მივლის", - და ფული არ მიიღო (562. Фот. Пат. 128). ზოგიერთს ბევრი წიგნის ფლობაც ქვრივთა და ღარიბთადმი უმოწყალობის გამოვლენად მიაჩნდა (563. Фот. Пат. 125). მაკარი ეუბნებოდა თევდორე ფერმელს: "მართალია შენ დიდ სარგებლობას ღებულობ წიგნებისგან და ძმებიც განისწავლებიან, მაგრამ უპოვარება უმეტესია" (564. Дост. сказ. С. 281. ხარისხიანად გადაწერილი ძველი და ახალი აღთქმის კოდექსი 18 სოლიდი ღირდა (Rosw. L. V. Р. 630; Дост. сказ. С. 56, 57)).

ბესარიონი პატარა ფორმატის სახარებას სულ თან ატარებდა, მაგრამ მან ისიც კი გაყიდა, რათა უპოვართ შესწეოდა და სჯეროდა, რომ ამით სახარების ცნებას აღასრულებდა (565. Hist. Lavs. P. 116). სერაპიონ სინდონიტმა საკუთარი თავიც კი გაჰყიდა 20 სოლიდად მოყვასის გადასარჩენად (566. Hist. Lavs. P. 83). ბერი მეგეთის არაფერი გააჩნდა მახათის გარდა, რომლითაც ტოტებს ანაწევრებდა (567. Дост. сказ. С. 171).

რაიმე საკუთრების ფლობის აუცილებლობა განდეგილებს სრული უპოვარების დაცვაში რომ არ აბრკოლებდა, კარგად არის ნაჩვენები მონათხრობში ღირ. გელასის შესახებ. მან მთელი ცხოვრება უპოვარებაში გაატარა. სიბერეში გელასიმ კინოვია (ბერთა საერთო საცხოვრებელი - რედ.) მოაწყო, რომელიც მინდვრებს, მუშებს, საქონელსა და ხარებს ფლობდა. გელასი ყველას პასუხობდა: "თქვენი გონება უფრო მიეჯაჭვება იმ სადგისს, რომლითაც მუშაობთ, ვიდრე გელასის გონება მომხვეჭელობას" (568. Дост. сказ. С. 171).

ბერები ცდილობდნენ შემოეზღუდათ თავიანთი მოთხოვნილება, ამიტომაც ხელსაქმესაც ყველაზე მარტივს ირჩევდნენ. კასიანე ამბობს: "ბერები ისეთ საქმეს ეძებდნენ, რომლის შესრულება ღამის სიბნელეშიც შესაძლოა" (569. Cass. de coen. inst. L. 2. P. 12). თუმცა მათ თიხის ან სპილენძის ლამპრებიც ჰქონდათ, რომლებსაც სასანთლეზე დგამდნენ (570. Фот. Пат. С. 268; Rosw. V. P. P. LVI. P. 630) და მასში სელის ზეთს ასხამდნენ (571. Фот. Пат. 75). ფინიკის ტოტებისგან კალათებს, თოკებსა და ბადეებს წნავდნენ (572. Дост. сказ. С. 15, 36, 40, 261). ფინიკის ნორჩ ყლორტებს ზოგჯერ თვითონვე ჭრიდნენ, ზოგჯერ კი მთელი წლის სამყოფს ყიდულობდნენ, ბეს კი წინასწარ იხდიდნენ (573. Дост. сказ. С. 183). კალათების ყურებს თუ სახელოებს წინასწარ ამზადებდნენ (574. Rosw. L. V. Р. 634). ამუშავებდნენ სელს, წნავდნენ ბადეს, ამზადებდნენ ტილოს (576. Дост. сказ. С. 17, 39; Hist. Lavs. P. 7), ასხამდნენ სანთლებსაც (577. Дост. сказ. С. 191), სხვები კი მეთუნეებად მუშაობდნენ (578. Rosw. L. III. P. 496). იყვნენ გადამწერნიც, რომლებიც წიგნებს წერდნენ (579. Дост. сказ. С. 45, 166).

მოსავლის აღების დროს თითქმის ყველა ბერი მიწათმფლობელებთან ხორბლის ასაღებად მუშაობდა და ჩვეულებისამებრ გასამრჯელოს ხორბლითვე იღებდა (580. Rus. Hist, monach. P. 18; Дост. сказ. С. 143). სერაპიონ არსინოელთან ყოველი ბერი მოსავლის აღებისას 12 არტიბ ხორბალს ღებულობდა, რაც ორმოცი მოდის ტოლფარდოვანი იყო (მოდი - სითხისა და მარცვლოვანთა მოცულობის ძველი საზომი ერთეული - რედ.) (581. Hist. Lavs. P. 76. ერთი არტიბისგან ოცდაათამდე დიდი პური ცხვებოდა (Франц. Corpus inscript. graecarum III. 393). კალათების დაწვნით ბერების შემოსავალი დღეში 16 ნუმიდან ორ კერატამდე აღწევდა (582. Дост. сказ. С. 134; Apophtegm. Patrum Cotell. mon. Gr. Eccl. Т. I. P. 638. კერატი ნახევარი მილიარისის (miliarisium) და 12 ფოლისის (რომაულ-ბიზანტიური მონეტა - რედ.) ტოლია. ნომასმა ანუ სოლიდი 24 კერატისგან შედგებოდა). სხვა მხცოვნებს ბოსტნები გააჩნდათ, სადაც ბოსტნეული მოჰყავდათ და ხეებსაც რგავდნენ (583. Rosw. Vit. P. P. P. 500; Hist. Lavs. P. 9).

საკუთარ ნამუშევარს ბერები ზოგჯერ თვითონვე ჰყიდდნენ. ამას აკეთებდნენ სისო, მაკარი და სხვა დიდი მამები. ჩვეულებისამებრ ისინი ნივთის ფასს მხოლოდ ერთხელ ადგენდნენ (ანუ არ ევაჭრებოდნენ მომხმარებელს - რედ.) (584. Дост. сказ. С. 31, 232).

ზოგჯერ სამუშაოდ შემოდიოდნენ ცნობილი ძმები ან მუშები, ან კიდევ აქლემთა მწყემსები, რომლებიც თავიანთი მუშაობით მხცოვნებს პურით ამარაგებდნენ (585. Дост. сказ. С. 15, 107; Rosw. Vit. P. P. 320). ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში კეთდებოდა, უმეტესწილად მხოლოდ ერთხელ იყიდებოდა (586. Rosw. Vit. Patr. P. 475. П. 12).

ბერები იმ შემთხვევაშიც მუშაობდნენ თუ მათ, სამუშაოს გარდა, თავის სარჩენი სხვა საშუალებაც გააჩნდათ და ასე იმიტომ აკეთებდნენ, რათა უსაქმურად არ ყოფილიყვნენ; წნავდნენ კალათებს, შემდეგ შლიდნენ და წვავდნენ საკუთარ ნამუშევარს (587. Дост. сказ. С. 37; Cass. de coen. inst. L. 10. P. 24). მოგზაურობის დროსაც კი, ნილოსზე ნავით მოგზაურობა თუ უწევდათ, მხცოვანი თავისი თოკის მოსაწნავად ჯდებოდა, რომლისგანაც შემდეგ კალათებს წნავდნენ (588. Дост. сказ. С. 37). შრომის უმთავრესი მიზანი შემოსავალი, ანუ მონაგები კი არ იყო, არამედ უსაქმურობის ძლევა, ამიტომაც მხცოვნები არ თანხმდებოდნენ მიეყიდათ თავიანთი ნამუშევარი მათთვის, ვისაც ის არ სჭირდებოდა. პიმენს ერთხელ სანთლებისთვის ძაფები დააკლდა, რომელთაც ის ამზადებდა. ერთმა ვაჭარმა, რომელსაც სანთლები არ სჭირდებოდა, პიმენს გამზადებული სანთლები გამოართვა, რათა შემდეგ მათგან ძაფები ამოეღო. მაგრამ ეს პიმენმა რომ შეიტყო, თავისი სანთლები და ძაფები უკან მოითხოვა (589. Дост. сказ. С. 191). პიორი ორი წელი მკაზე დადიოდა, და ამისთვის მას არაფერს უხდიდნენ, მიუხედავად ამისა მესამე წელს ის იმავე ბატონთან მივიდა სამუშაოდ, და როდესაც ბატონმა საფასური გადაუხადა, პიორმა ყველაფერი ეკლესიის პრესვიტერს მიუტანა (590. Дост. сказ. С. 231). ერთხელ თავისი ნამუშევრის გასაყიდად ქალაქში ჩასული აღათონი ქუჩაში სნეულ მათხოვარს გადააწყდა, რომელზეც არავინ ზრუნავდა. თავისი მონაგებით მან დაიქირავა შენობა, სადაც საწყალ სნეულს სამი თვე უვლიდა, სანამ არ გამოაჯანმრთელა (591. Дост. сказ. С. 33).

საჭიროების შემთხვევაში ბერები ერთმანეთს სელს, ფულს, შრომის იარაღებს ესესხებოდნენ (592. Дост. сказ. С. 119, 225). ისინი არ მუშაობდნენ არა მარტო კვირა დღეებში, არამედ მოწამეთა ხსენების დღეებშიაც (593. Фот. Пат. 231).

ბერებიდან ისინი, რომელთაც არ შეეძლოთ ხელსაქმობა, ქველმოქმედებას მისდევდნენ. ორი ძმა, პაისი და ისაია, მდიდარი ვაჭრის შვილები, ბერად აღიკვეცნენ. ერთმა ძმამ მისი კუთვნილი ქონების ნაწილი მონასტრებს, ეკლესიებს და საპყრობილეებს დაურიგა, თვითონ კი თავს ხელსაქმობით ირჩენდა; მეორემ თავისი ნაწილი მონასტრის მშენებლობას მოახმარა, დარჩენილი ფულით კი მოგზაურთ, ავადმყოფთა და მოხუცებს ემსახურებოდა, შაბათ-კვირაობით კი სამ ან ოთხ ტრაპეზს აწყობდა უპოვართათვის. უფლისთვის ერთის მსახურებაც სათნო იყო და მეორისაც (594. Hist. Lavs. P. 15, 16).

აპოლონი, რომელსაც მხცოვანების გამო ვერც ხელსაქმობას სწავლობდა და ვერც კითხვას, თავისი ფულით წამლებს და სენაკისთვის საჭირო ნივთებს ყიდულობდა, რათა მით ნიტრიის მთის ძმობას სნეულებათა შემთხვევებში შეწევნოდა. დილაადრიან დგებოდა იგი რათა მოევლო ასკეტთა საცხოვრისები და მონასტრები, რათა ენახა ვინმე ხომ არ იყო ავად. თან დაჰქონდა ქიშმიში, ბროწეული, კვერცხი, ხორბლის პური და საერთოდ, ყველაფერი, რაც კი ავადმყოფს სჭირდებოდა. სიკვდილის წინ მან ყველა თავისი ნივთი სხვას დაუტოვა, რათა მისი საქმე ამიერიდან მას გაეგრძელებინა (595. Hist. Lavs. P. 14).


ბერ-მონაზონთა საკვები

ბერების ხელსაქმობა უპირველეს ყოვლისა მათი საზრდოობის ერთ-ერთი პირობა გახლდათ. საკვებში ზომიერების და თავშეკავების მცნება ყველა ბერისთვის საზოგადო იყო, მაგრამ საკვების ხარისხი თავიდან განსაზღვრული არ ყოფილა. წმ. ეპიფანე ბერების შესახებ წერს: "ერთნი თავს იკავებენ ყოველგვარი ოთხფეხა პირუტყვის, ფრინველის, თევზის, კვერცხის და ყველისგან; სხვები მხოლოდ ოთხფეხა პირუტყვის ხორცისგან იკავებენ თავს, მაგრამ ფრინველს და სხვა დანარჩენს მიირთმევენ. სხვები ფრინველისგანაც იკავებენ თავს, და მხოლოდ ყველსა და თევზს შეიწყნარებენ. ზოგიერთები თევზაც არა სჭამენ, არამედ მარტო ყველს, ზოგიერთები კი ყველზეც უარს ამბობენ; და არიან ისეთებიც, რომელებიც თავს იკავებენ პურისგან, ხის ნაყოფისგან და ყოველგვარი მოხარშულისგან" (Expos, fidei. P. 23).

მაგრამ, თუ ბერები მოხვდებოდნენ უცხო სახლში, სადაც მათ ხორცის შეჭამადს სთავაზობდნენ, განსაკუთრებულად საპატიო მიზეზის გამო უარს არ ამბობდნენ. როდესაც ეპიფანეს ილარიონ დიდი ესტუმრა და სადილობისას ფრინველის ხორცი შემოიტანეს, ილარიონმა არ ჭამა და თქვა: "იმ დღიდან, რაც ბერი გავხდი, დაკლული არაფერი მიჭამია" (Дост. сказ. С. 70). რამოდენიმე სკიტელი ბერი, მათ შორის პიმენი, ერთხელ ერთ ერისკაცს ესტუმრნენ, სადაც მათ სადილად ხორცი შესთავაზეს. ყველამ ჭამა პიმენის გარდა. სადილობა რომ მორჩა მხცოვნებმა, რომლებმაც უწყოდნენ პიმენის გონივრულობა, მას ხორცის უჭმელობის მიზეზი ჰკითხეს. "თქვენ ჭამეთ და არავინ დაბრკოლდა, - თქვა პიმენმა, - მაგრამ მე რომ მეჭამა, მრავალი ჩემთან მოსული ძმა დაბრკოლდებოდა და იტყოდა: "პიმენმა ხორცი ჭამა და ჩვენ რატომ არ უნდა ვჭამოთო" (Дост. сказ. С. 228).

ერთხელ არქიეპისკოპოს თეოფილეს ბერები ესტუმრნენ, სადილად მათ ხორცი შესთავაზეს. ბერებმა ჭამეს. არქიეპისკპოსმა აიღო ხორცის ერთი ნაჭერი და მის გვერდით მჯდომ ბერს შესთავაზა სიტყვებით: "აი, ხორცის კარგი ნაჭერი". მაშინ მხცოვნებმა მუგეს: "აქამომდე ბოსტნეულს ვჭამდით, და თუ ეს ხორცია, აღარ შევჭამთ" - ამის შემდეგ მათ ხორცი აღარ უჭამიათ (Фот. Пат. 77).

აქედან ჩანს, რომ მხოლოდ სტუმართმოყვარეობის გამო ჭამდნენ ბერები ხორცს, და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით სხვებისთვის საცთურსა და დაბრკოლებას არ ქმნიდნენ. კასიანეს თქმით ბერების ჩვეულებრივი საჭმელი იყო პური, მწვანილი, ხილი, ბოსტნეული და როგორც ფუფუნება წვრილი, დამარილებული თევზი (Cass. de coen. inst. L. 4. P. 22, L. 5. P. 23; Collat. 2. P. 19). ოსპის სუპი, იშვიათად იყო შეკმაზული ზეთით და თაფლით.  რბილი პური ფუფუნებად ითვლებოდა და თუ ვინმეს ასეთი პური ჰქონდა, როგორც განსაკუთრებულ პატივზე, ამ პურის საჭმელად ძმებსაც პატიჟებდა (Фот. Пат. 77).

დიდ თემებში პურის საცხობებიც ჰქონდათ. ასე, მაგალითად, ნიტრიის მთაზე პურის შვიდი საცხობი იყო, სადაც პურის გამოცხობა შეეძლოთ არცთუ შორს მცხოვრებ ბერებსაც (Hist. Lavs. P. 7; Дост. сказ. С. 288, 284). სკიტეს ახლოს იყო სოფელი, სადაც საპურე იყო გახსნილი (Дост. сказ. С. 142). მაგრამ სხვა ადგილებში რბილი პურის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი მანძილი უნდა ევლოთ (Rosw. Vit. P. P. L. 5. P. 644). კელიაში მხცოვნებს გააჩნდათ მხოლოდ კერია, სადაც ფიჩხს ანთებდნენ (Фот. Пат. 43) და ფაფას იხარშავდნენ. ამიტომაც განდეგილებში ყველაზე მეტად გამოიყენებოდა პაკსამები - ქერის, სრულიად მშრალი, მცირე ზომის პური, თანაც იმდენი, რომ ორი პაქსამი ერთ ფუტს ძლივს იწონიდა.

შენიშნვა: Παξαμας — ქერის პური, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო ვინმე პაკსამასისგან, რომელიც კულინარიულ ხელოვნებაზე წერდა და ეს პური მეომრებისთვის გამოიგონა. პაკსამს διπυρος-ს, ანუ "ორცხობილას", "ცეცხლზე ორჯერ გამომცხვარს" უწოდებენ, შესაძლოა იმიტომ, რომ გამოცხობის შემდეგ ან ახმობდნენ, ან კიდევ თვით ქერს პურად გამოცხობამდე წვავდნენ (Дюканж. Есер. Grdc.). პაკსამების წონაზე იხ.: Hist. Lavs. P. 28; Дост. сказ. С. 266; Cass. Collat. 2. P. 19. ერთი პასკამის ღირებულება შეადგენდა სპილენძის სამ დინარს ან ლეპტას (Cass. de coen. inst. L. 4. P. 14), ერთი სოლიდი შეადგენდა 6000 დინარს).

ჭამამდე, პაკსამები აუცილებლად უნდა დასველებულიყო. მათ საკმაოდ დიდხანს ინახავდნენ. ათანასე დიდი, "ანტონის ცხოვრებაში" ბრძანებს, რომ ანტონი ექვსი თვის პურის მარაგს ინახავდა და თანაც შენიშნავს: "ასე იმარაგებენ პურს თებაიდის მცხოვრებნი, და პაკსამები მათ ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ხელუხლებელი რჩებათ" (608. «Жизнь Антония» в «Творениях святых отцев». Т. 3. С. 217). ორი პაქსამი დღე-ღამის განმავლობაში ბერის ჩვეული ნორმა გახლდათ.

შენიშვნა: პაკსამების გარდა გვხვდება პურის შემდეგი სახელწოდებებიც: σιτια, άρτος, ψωμος ან ψωμιον - ორცხობილა (Apophteg. P. P. P. 460); βουκελλαστος - გამომხმარი მრგვალი პური, რომელიც ჯარისკაცებს ლაშქრობაში თან მიჰქონდათ (Hist. Lavs. P. 21. Ср.: Rosw. Vit. P. P. P. 1018).

ღვინო ბერებში არ იკრძალებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ათანასე დიდი დრაკონტიუსისადმი მიწერილ წერილში არ ამართლებდა იმ ბერებს, რომლებიც ღვინოს სვამდნენ. "ვხედავთო, - წერდა ის, - ეპისკოპოსებს, რომლებიც ღვინოს არ სვამენ, და ბერებს, რომლებიც სვამენ". ერთხელ პიმენს შეუქეს ერთი ბერი, რომელიც ღვინოს არ სვამდა. პიმენმა უპასუხა: "ღვინო სულაც არ არის ბერული სასმელი" (610. Фот. Пат. 65). სხვათა შორის, ღვინოს სვამდნენ მხოლოდ კვირა დღეებში, და იმასაც სტუმრად. ზოგიერთი მხცოვანი უარს არ ამბობდა ერთი თასი ღვინის დალევაზე, მაგრამ ამის სანაცვლოდ შემდეგ მთელი დღე წყლისგან თავშეკავებით სჯიდა საკუთარ თავს (ასეთი იყო, მაგალითად, წმ. მაკარი დიდის ჩვეულება). სხვები ღვინოგარეული წყლის დალევას დიდ ფუფუნებად მიიჩნევდნენ (Фот. Пат. 68) და ერთ თას ღვინოს სიკვდილს უწოდებდნენ (იქვე).

ერთი ბერი, რომელსაც სკიტეს თავყრილობაზე ღვინის დალევა არ სურდა, თოლოსში გაიქცა, რომელიც ჩამოინგრა. ძმებმა თქვეს: "სამართლიანად შეგემთხვა, მედიდურო", - მაგრამ პრესვიტერმა მიუგო მათ: "მან კარგი საქმე გააკეთა, და ცოცხალია ჩემი ღმერთი, არ აღსდგება ჩემს დღეებში ეგ თოლოსი, რათა მსოფლიოს ახსოვდეს, სკიტეში ერთმა ჭიქა ღვინომ თოლოსი როგორ დაანგრია ".

დღის ცხრა საათამდე ბერებს ჭამისა და დალევის უფლება არ ეძლეოდათ (Cass. de coen. inst. L. 5. P. 20; Collat. 2. P. 11). წეს-განგების მიხედვით ჭამდნენ მხოლოდ ცხრა საათზე, ისიც ლოცვისა და ფსალმუნთგალობის შემდეგ (Rosw. L. 3. П. 4, 55, Lib. 5. P. 10. П. 69, Lib. 6. P. 3. П. 2). ზოგიერთი ყოველდღიურად საღამომდე მარხულობდა. თუმცა გამოცდილი მხცოვნები ყველას ურჩევდნენ ეჭამათ ცხრა საათზე, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო მწუხრისა და ღამის ლოცვებზე დგომა (Cass. Collat. 11. P. 17). რადგან ვახშმობა კვირა დღეების გარდა მიღებული არ იყო, ზოგიერთი ბერი დილის ცხრა საათზე ერთ პასკამს ჭამდა, მეორედ კი საღამოსთვის ინახავდა (Cass. Collat. 2. P. 26. Ср.: de coen. inst. L. 3. P. 12). ოთხშაბათსა და პარასკევს არაფერს ჭამდნენ.

ერთი ფუნტი გამხმარი პური ოსპის ფაფის რამოდენიმე კოვზით და მუჭა მწვანილით, რომელსაც ბერები დღეში ერთხელ იხმევდნენ, საკმაოდ ზომიერ საკვებად მიიჩნეოდა. მაგრამ ზოგიერთი ბერი პურის ჭამისგანაც თავს იკავებდა. მაკარი ალექსანდრიელს, რომელიც აღფრთოვანებული იყო ტაბენესელი ბერების მაგალითით, რადგან ისინი დიდმარხვაში მოხარშულსა და ცხელს არაფერს ჭამდნენ, შვიდი წელი მოხარშული არაფერი უჭამია, არამედ მხოლოდ უმი მწვანილი და ზოგჯერ ბოსტნეული. შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ ერთი ბერი არაფერს ჭამდა დღეში ერთი ფუნტი პურის გარდა, თავისი პური დააქუცმაცა, კოკაში ჩაყარა და საკუთარ თავს დაუწესა იმაზე მეტი არ ეჭამა, რასაც ხელი ერთხელ ამოიღებდა ამ კოკიდან. მთელი სამი წლის განმავლობაში ასე აკეთებდა იგი და ყოველდღიურად ოთხი თუ ხუთი უნცია პურის მეტს აღარ ჭამდა. ზეთს მთელი წლის განმავლობაში ერთ სექსტარზე მეტს არ იყენებდა (Hist. Lavs. P. 20). ზეთს მხცოვნები იყენებდნენ არა მარტო საჭმლისთვის, არამედ ხელების დასარბილებლადაც, რომლებიც მუშაობისგან უხეშდებოდა (619. Regol. Pachom. in Codice Holsten).

ზოგიერთი ზეთს საერთოდ არ იყენებდა. ერთხელ ერთ მხცოვანს ზეთი მოუტანს. მან თქვა: "აი აქ დგას მცირე ჭურჭელი, რომელიც თქვენ სამი წლის წინათ მომიტანეთ. როგორც დადგით ისევე დგას" (620. Фот. Пат. 58). ბენიამინი ყვებოდა საკუთარ თავზე: "ალექსანდრიიდან ყოველი ძმისთვის თითო ალებასტრის ჭურჭლით სუფთა ზეთი მოიტანეს. ერთი წლის შემდეგ ყველა ბერმა ეკლესიაში თავისი ჭურჭელი ხეუხლებლად მიიტანა. და როდესაც ხელი ჩავყავი ჩემს ჭურჭელი, რათა ზეთი გამესინჯა, მეგონა უდიდესი დანაშაული ჩავიდინე" (Дост. сказ. С. 55). ერთმა ბერმა სხვა არანაირი ზეთი არ უწყოდა ბოლოკის ზეთის გარდა. მხცოვანი დოროთე დღეში მხოლოდ ექვს უნცია პურს ჭამდა და ერთ ჭიქა წყალს აყოლებდა (Hist. Lavs. P. 2). ამბა ილია ახალგაზრდობაში მხოლოდ კვირაში ერთხელ ჭამდა, ხოლო სიბერეში სამ უნცია პურს და სამ ცალ ლეღვს ყოველდღიურად (Hist. Lavs. P. 51).

მრავალი მხცოვანი მოხარშულს არაფერს ჭამდა. ამონი სიყმაწვილიდან სიკვდილამდე მხოლოდ უმი საკვებით იკვებებოდა და ცეცხლზე მომზადებულს არაფერს ჭამდა, პურის გარდა (Hist. Lavs. P. 14). მოსე სკიტელი ძალზედ ბევრს მუშაობდა და დღეში 50 ლოცვას კითხულბდა, ყოველდღიურად კი მხოლოდ 12 უნცია პურს ჭამდა (Hist. Lavs. P. 23). აპოლოსი ჭამდა მხოლოდ მწვანილს, ხოლო პურს, ბოსტნეულს და სხვა ნაყოფს, ან კიდევ ცეცხლზე მომზადებულ საჭმელს არ ღებულობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან დაიწყო ფაფის ანუ მოხარშული მწვანილისა და პურის ჭამა (Hist. Lavs. P. 86).

პრესვიტერი ფილორომი 22 წელი იკავებდა თავს მოხარშული საკვებისგან (Hist. Lavs. P. 113). ერთმა მხცოვანმა საკუთარ თავს დაუწესა წყალი 40 დღე არ დაელია, თანაც წყლით სავსე ჭურჭელს ყელზე გამობმული ატარებდა (Фот. Пат. 79). დიოსკორე მხოლოდ ქერის ან ოსპის პურს ჭამდა (630. Фот. Пат. 58), ისააკი თავის პურს ეკლესიის სასაკმევლიდან აღებულ ფერფლს აყრიდა (Дост. сказ. С. 94). პავლე ფერმელი მთელი დიდი მარხვა ოსპის მცირე რაოდენობითა და ერთი ჭიქა წყლით ატარებდა (Фот. Пат. 67). ამუნა ორი თვე ძლებდა ქერის მცირე რაოდენობით (Дост. сказ. С. 42). ხოლო არსენის მთელი წლისთვის მცირე ხორბალს აძლევდნენ, და აქედან ის მასთან სტუმრად მოსულთა გამასპინძლებასაც კი ახერხებდა (Дост. сказ. С. 15)

მაგრამ მარხვის ასეთი გაძლიერებული ღვაწლი არა თუ სავალდებულო არ იყო ბერთათვის, არამედ გამოცდილი მხცოვნები აფრთხილებდნენ კიდევაც ახალბედებს, ასე არ ექნათ. პიმენი, რომელიც ახალგაზრდობაში მხოლოდ კვირაში ერთხელ საზრდოობდა, სხვებს ყოველდღიურ ჭამას ურჩევდა. იგივეს ამბობდნენ სხვა მხცოვნებიც (Cass. de coen. inst. L. 5. P. 9). სვინკლიტიკია ამბობდა: "გადამეტებული ღვაწლი მტრისგანაა. მუდმივად მარხვის ერთი წესი გქონდეთ. ნამდვილი მოსაგრეობის თვისება ზომიერებაა" (Фот. Пат. 228).

დღე-ღამის განმავლობაში ბერებს მხოლოდ სამი ან ოთხი საათი თუ ეძინათ (Sozom. L. 3. P. 14; Cass. Collat. 12. P. 15; Collat. 13. P. 6; de coen. inst. L. 5. P. 20). არ გვაქვს მოწმობები იმისა, რომ სიცხის დროს ისინი შუადღე იძინებდნენ. ბერებს ჩვეულებისამებრ უხეშ და ბეწვიან საწოლზე ეძინათ (Cass. Collat. 1. P. 23; Collat. 15. P. 11; Collat. 21. P. 11). ზოგიერთს ეს მოკლე ძილიც კი ბევრად ეჩვენებოდა. მაკარი ალექსანდრიელი ერთხელ ოცი დღე ებრძოდა საკუთარ თავს, რათა ძილისკენ მიდრეკილება დაეთრგუნა, და ამ დროს არ იძინებდა. დოროთე არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, არამედ მხოლო ცოტაოდენ წასთვლემდა მუშაობის ან ჭამის დროს (Hist. Lavs. P. 2, 20). არსენი დიდი ამბობდა, რომ ძილისთვის ერთი საათიც საკმარისიაო. ანტონი დიდი ღამის უდიდეს ნაწილს მღვიძარებაში ატარებდა (Дост. сказ. С. 15).

ამგვარად, ბერის ყოველდღიური ცხოვრება ხელსაქმობასა და ლოცვაში გადიოდა, რომელსაც ხანდახან საკუთარ აზრებზე ფიქრი და განსჯა ცვლიდა. აი ბერი დამჯდარა სამუშაოდ, მის გვერდით კი ორივე მხარეს ორი კალათია; ბერი ხან ერთში ჩააგდებს კენჭს ხან მეორეში. ეს მისი აზრების ნიშნებია, კეთილი და ბოროტი აზრებისა. საღამოს ის საკუთარ თავს ამით ამოწმებს, იღებს ორივე კალათს და მათში კენჭების რაოდენობას ითვლის და თუ ბოროტი აზრების კალათაში მეტი კენჭი აღმოჩნდება, თავს მძიმე მარხვით ისჯის (641. Фот. Пат. 158).


სტუმართმოყვარება

ბერის ასეთი კონცენტრირებული, კონკრეტულ წეს-განგებას დაქვემდებარებული ცხოვრება არცთუ იშვიათად ირღვეოდა მნახველთა მოსვლით. სენაკში მდუმარედ ყოფნა ერთ-ერთ უპირველეს პირობად მიიჩნეოდა წარმატებული მონაზვნური ღვაწლისთვის. "როდესაც სენაკში ზიხარ, - ამბობდა მოსე, - ყველაფერს თვით სენაკი გასწავლის" (642. Дост. сказ. С. 175). "გაექეცი ადამიანებს, - ასწავლიდა ღირ. მაკარი, - ჩაჯექი შენს სენაკში, იგლოვე ცოდვები, არ შეიყვარო კაცთა სჯა-ბაასი და ცხონდები" (643. Дост. сказ. С. 155). მაგრამ ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი მოსაგრეების მოთხოვნილება მიეღოთ მხცოვანთა დარიგებანი, ასევე თვით მხცოვანთა მოთხოვნილება სხვა ბერებთან ურთიერთობისა ხშირად აღძრავდა მათში თანამოძმეთა და თანამოაზრეთა მონახულების სურვილს. გარდა ამისა, ეგვიპტეში ბევრი იყო სხვა ოლქებიდან ჩამოსული მოგზაური, და თვით ეგვიპტის სხვადასხვა მონასტრების ბერები დადიოდნენ განდეგილებთან ესწავლათ ბერული ცხოვრება და სხვა სავანეთა მცხოვრებთაგან მიეღოთ სასარგებლო რჩევა-დარიგებანი.

შორეულ მოგზაურობას ბერებს ზოგჯერ მატერიალური საჭიროებაც აიძულებდა. ამიტომაც სტუმართმოყვარების მოვალეობა ყველგან წმიდად იყო დაცული. კინოვიებში სტუმართათვის განსაკუთრებული სასტუმროებიც კი ჰქონდათ სავანის კარებთან. ნიტრიის მთაზე ეკლესიის გვერდით სასტუმრო იყო გაშენებული, სადაც მოგზაურებს ორი და სამი წლითაც კი აჩერებდნენ. ერთი კვირა მათ შეეძლოთ უსაქმოდ ყოფნა, შემდეგ კი ავალდებულებდნენ ემუშავათ ბაღში ან სამზარეულოში, ან კიდევ პურის საცხობში. საპატიო ადამიანებს წასაკითხად წიგნებს აძლევდნენ, მაგრამ მეექვსე საათის შემდეგ ვინმესთან ლაპარაკი იკრძალებოდა (644. Hist. Lavs. P. 7). ნებისმიერ მოგზაურს შეეძლო შესულიყო ნებისმიერი უცნობი ბერის სენაკში და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ გულითადად მიიღებდნენ. ყოველი მოგზაური ძვირფასი სტუმარი იყო ყოველი ბერისთვის. ბერების ისტორიის მწერლები საკუთარ თავზე და თავის თანამეგზურებზე ამბობენ, რომ როდესაც ისინი ნიტრიის მთაზე მივიდნენ, ზოგიერთმა ბერმა, როდესაც ისინი იხილეს, გამოვიდნენ წყლით, სხვები ფეხებს ბანდნენ მოგზაურთ, მესამენი ტანისამოსს უწმენდდნენ, სხვები კი სატრაპეზოდ ჰპატიჟებდნენ. ვისაც როგორც შეეძლო ისე ცდილობდა სტუმრების მიღებას და პატივისცემას. ერთხელ მოგზაურები აპოლოსის სავანეს მიადგნენ, ბერები მათ გალობით შეხვდნენ, მიწამდე თაყვანისცეს მათ და ეამბორნენ. ამის შემდეგ ერთნი წინ გაუძღვნენ მოგზაურთ, სხვები კი უკან მიჰყვნენ, და ასე, გალობით მიდიოდნენ ისინი აპოლოსამდე. როდესაც აპოლოსმა გალობა ისმინა, თვითონ გამოვიდა სტუმრების შესახვედრად და პირველმა თაყვანისცა მათ, შემდეგ ადგა, ეამბორა, თავისთან შეიპატიჟა, ილოცა, საკუთარი ხელით დაუბანა ფეხები მოგზაურთ და დასვენება სთხოვა. ასე ეპყრობოდა ის ნებისმიერ მომსვლელს (645. Hist. Lavs. P. 52).

სტუმართმოყვარეობის საზოგადო ჩვეულებად იყო ქცეული სტუმრისთვის კელიაში შესვლამდე მოსასხამის მოხსნა და ლოცვის თხოვნა.

ამ დროს მასპინძელი ჩვეულებისამებრ ამზადებდა წყლით სავსე ვარცლს და ფეხებს უბანდა მოსულს, შემდეგ კი სტუმრისთვის საჭმელს ამზადებდა. სტუმარს ყველაფერ საუკეთესოს სთავაზობდნენ, რაც კი შეიძლებოდა მასპინძელს ჰქონოდა, იქნებოდა ეს პური თუ ბოსტნეული, ანთებდნენ ფიჩხს, რომელშიც ოსპს ჰყრიდნენ, ან კიდევ ფაფას ხარშავდნენ (646. Дост. сказ. С. 85), სტუმარს ერთ ფიალა ღვინოსაც სთავაზობდნენ, თუ ჰქონდათ. პატივისთვის მასპინძელი სტუმარს ლოცვასა და ტრაპეზის კურთხევას სთხოვდა, სტუმარი კი ხშირად ამ პატივს უფროსობის მიხედვით მასპინძელს უთმობდა (647. Дост. сказ. С. 11; Фот. Пат. 166; იხ. იერონიმე. "პავლე თებაიდელის ცხოვრება").

ტრაპეზისთვის იდგმებოდა მაგიდა, რომელზეც დებდნენ პურს, დგამდნენ დოქით წყალს და საკვებს ფეხზე მდგომარენი მიირთმევდნენ (648. Дост. сказ. С. 151). ხოლო თუ სენაკში რამოდენიმე ძმა ერთად ცხოვრობდა, მაშინ სტუმარს ფეხებს უფროსი უბანდა, უმცროსი კი ტრაპეზის დროს ემსახურებოდა (649. Фот. Пат. 245). სტუმრის პატივსაცემად მარხვა დღის ნებისმიერ დროს იხსნილებოდა (650. Cass. Collat. 2. P. 5,25; Collat. 19. P. 16; de coen. inst. L 5. P. 24). "რა ვქნა, - ჰკითხა ერთმა ბერმა მხცოვანს, - თუ მარხვის დღეს განთიადზე ძმა მომადგება? ეს მაშფოთებს". – "თუ სინდისის ქენჯნის გარეშე სჭამ ძმასთან, - მიუგო მხცოვანმა, - კარგად იქცევი" (651. Дост. сказ. С. 163).

სკიტეში ზოგჯერ ნიშნავდნენ საზოგადო მარხვას კვირის ხუთი დღის განმავლობაში, და ამ დროს სკიტეს ბერებს არაფერი უნდა ეჭამათ, მოგზაურთათვის და უძლურთათვის კი დაწესებული იყო ორდღიანი მშრალი მარხვა (652. Фот. Пат. 214). ერთხელ ამგვარი მარხვის დროს მოსესთან სტუმრები მოვიდნენ და მოსემაც მათ ფაფა მოუხარშა. სკიტეს მხცოვნებმა თქვეს: "მოსემ ადამიანური მცნება დაარღვია, მაგრამ ღვთის მცნება აღასრულა" (653. Дост. сказ. С. 158). კასიანე ერთ ეგვიპტელ მხცოვანს ეკითხებოდა: "რატომ არღვევთ მარხვის კანონს სტუმარი ძმების მიღებისას?" – "მარხვა ყოველთვის ჩემთანაა, - მიუგო მხცოვანმა, - თქვენთან კი ყოველთვის როდი მიწევს ყოფნა. მარხვა თუმც სასარგებლოა, ის მაინც ჩვენი ნებაა, ხოლო სიყვარულის ნებისმიერი საქმის აღსრულება ღვთის სჯულით აუცილებელია. თქვენი სახით მე თვით ქრისტეს ვღებულობ, და ამიტომაც, მთელი გულისხმიერებით უნდა გემსახურო. გამოტოვებული მარხვა თქვენი გაშვების შემდეგ შემიძლია ავინაზღაუროთ" (654. Дост. сказ. С. 123).

როდესაც ერთ მხცოვანს, რომელმაც სტუმრის გამო მარხვა დაარღვია, სტუმრებმა უთხრეს: "მოგვიტევე, რომ გაიძულეთ შენი განაწესის დარღვევა", - მხცოვანმა მიუგო: "ჩემი განაწესი სტუმრების მიღება და მათი მშვიდობით გაშვებაა". სხვა ბერმა თქვა: "ვინც სიყვარულის გამო ჭამს, ის ორ მცნებას აღასრულებს: საკუთარი ნების უარყოფისა და მოყვასის სიყვარულისა" (655. Rosw. L. V. Р. 615)

მოგზაურთა გამასპინძლებითა და მათთან ტრაპეზის გაყოფით ბერები მალავდნენ თავიანთ მარხვასა და ღვაწლს. და სტუმარიც, რომელიც ხშირად თვითონაც მკაცრი მმარხველი იყო, ყოველჟამ შემოთავაზებულ ტრაპეზს იზიარებდა. "შენ თუ ვინმესთან მიხვალ, - ამბობდნენ მამები, - ნუ გაუხსნი მას წესს შენ ცხოვრებისა, ხოლო თუ მისი შენარჩნუება გინდა, იჯექი შენს სენაკში". სკიტეს მამებზე ამბობდნენ, რომ თუ ვინმე მათ საქმეებს დაინახავდა, ისინი უკვე მას სათნოებად კი არა ნაკლად მიიჩნევდნენ" (656. Фот. Пат. 172). სხვათა შორის, მამები ასეთ რჩევასაც იძლევიან: თუ ძმა მარხვის დროს გესტუმრა, და მას მოსვენება სჭირდება, ტრაპეზი მხოლოდ მას შესთავაზე, და თუ არ ნებავს, ძალას ნუ დაატან, რადგან მარხვასთან დაკავშირებით საზოგადო განაწესი გვაქვს (657. Hist. Lavs. P. 52).

შენიშვნა: კასიანე ამბობს, რომ სტუმართმოყვარეობას ზოგიერთი მუცელღმერთობამდე მიუყვანია (Collat. 12. Р. 6). ხდებოდა ისეც, რომ მომსვლელ ძმებთან ბერებს ჭამა დღეში რამოდენიმეჯერ უწევდათ (Дост. сказ. С. 123).

სტუმრებთან ბერები საუბრობდნენ იმ თემაზე, რაზეც თვითონ სტუმრები მსჯელობდნენ, თუნდაც ეს არასულიერი თემები ყოფილიყო და საკუთარ ცოდვებს შემდეგ განმარტოვებით იგლოვდნენ (658. Дост. сказ. С. 112). სხვათა შორის, რამდენადაც იძლეოდა ამის უფლებას სტუმართმოყვარეობა, ცდილობდნენ შეემოკლებინათ ამგვარი საუბრები. განსაკუთრებით გაურბოდნენ ბერები ლაპარაკს ერეტიკოსებთან, თუმცა სტუმართმოყვარეობაზე არც მათ ეუბნებოდნენ უარს (659. Дост. сказ. С. 257, 287). მამებს არ უყვარდათ საკუთარი საგანძურის - სულიერი სიბრნის - გახსნა მათ წინაშე, ვინც მათთან საუბარში სულიერ სარგებლობას არ ეძებდა. მაგრამ როდესაც მამებს მათთან საუბრით ან ლოცვით სულიერი ნუგეშის მეძიებელნი ესტუმრებოდნენ, დროის გასვლას ვერც კი გრძნობდნენ და ჭამაც ავიწყდებოდათ. ერთხელ ერთი მცხოვანი ერთ ბერს საღამოს ესტუმრა, მასპინძელმა თავის მოწაფეს ოსპის მოხარშვა დაავალა. იმიანაც მოხარშა და პურიც მოალბო. სტუმარი და მასპინძელი ისე გაერთნენ სულიერი საუბრებით, რომ მეორე დღის მეექვსე საათამდე ჭამა არ გახსენებიათ. მასპინძელმა კვლავ უთხრა მოწაფეს: "მოხარშე ოსპი". – "ოსპი მე ჯერ კიდევ გუშინ მოვხარშე", - მიუგო მოწაფემ და მაშინ ორივე მხცოვანმა საჭმელი იხმია. სხვა დროს ერთი მხცოვანი სტუმრად მივიდა, და მასპინძელმა ოსპის მოხარშვის შემდეგ თქვა: "მცირედ ვილოცოთ", - დადგნენ ლოცვაზე და ერთმა ჯერ მთელი ფსალმუნი წაიკითხა, მეორემ კი ყველა დიდი წინასწარმეტყველი. გათენდა, და სტუმარი შინ წავიდა, მათ ჭამა საერთოდ დაავიწყდათ (660. Фот. Пат. 73, 74).

პიმენი მასთან მისულებს ურჩევდა საუბრისას მხცოვან ბერთა ნააზრევიდან ესარგებლათ, ვიდრე წმიდა წერილიდან, რამეთუ უკანასკნელ შემთხვევაში საფრთხე მეტია (661. Фот. Пат. 263).  სტუმარს თუ ღამის გასათევი სჭირდებოდა, დახვეულ ჭილობს, რომელიც სკამის ფუნქციას ასრულებდა, ერთ კუთხეში სტუმრისთვის გაშლიდნენ, მეორეში კი მასპინძლისთვის (662. Cotell. Μ. Ε. Gr. Tom. l; Apophtegm. Patr. P. 493; Дост. сказ. С. 119; Rosw. L. 5. P. 614). საღამოს და შუაღამით ჩვეულებისამებრ 12 ფსალმუნი იკითხებოდა, მაგრამ სტუმრისთვის საშუაღამეო ლოცვაში მონაწილეობა სავალდებულოდ არ ითვლებოდა, თუ თვით სტუმარი არ მოისურვებდა ლოცვაში მონაწილეობას (663. Дост. сказ. С. 152).

რაიმე შემთხვევა თუ დედაკაცს აიძულებდა ღამის გასათევი კელიებში ეძება, ჯეროვანი სიფრთხილის გამოჩენით, ხანმოკლე მასპინძლობაზე არც მას ეტყოდნენ უარს (664. Фот. Пат. 106). სკიტეში კი ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: თუ დედაკაცი მოვიდოდა ძმასთან ან სხვა ნათესავთან სასაუბროდ, ერთმანეთს დაშორიშორებულნი ესაუბრებოდნენ (665. Дост. сказ. С. 129).

დიდ მარხვაში მრავალს ჩვეულებად ჰქონდა თავისი სენაკის კარი ჩაეკეტა და ამ დროს სტუმრებს არ ღებულობდნენ. მაგრამ სიყვარული აქაც იმარჯვებდა. ერთმა ძმამ, რომელსაც ავი ზრახვები ებრძოდა, დატოვა კელია და რჩევის მისაღებად პიმენს მიაშურა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ კარს გაუღებდა. თუმცა, პიმენმა ის მიიღო და უთხრა: "ჩვენ ხის კარის დაკეტვა კი არ გვისწავლია, არამედ ენის კარისა" (666. Дост. сказ. С. 201).

სტუმრის პატივსაცემ საკვებს ბერები საკუთარი შრომით მოიპოვებდნენ. მეზობლად მცხოვრები ბერები თუ ერთმანეთის სიღარიბეზე შეიტყობდნენ, ურთიერთ სტუმრობისას თან პური და ზოგჯერ ღვინოც კი მიჰქონდათ, რათა მასპინძელთან ერთად გაეზიარებინათ (667. Дост. сказ. С. 187). მაგრამ სტუმართმოყვარეობის გრძნობისთვის ეს ძალზედ მძიმე გამოცდა გახლდათ. ერთხელ პიორი პამბოსთან თავისი პურით მივიდა. პამბომ უსაყვედურა მას და ამგვარი ქცევის მიზეზი ჰკითხა. პიორმა მიუგო: "რათა ტვირთად არ დაგწოლოდი". პამბომ არაფერი უთხრა და გარკვეული დროის შემდეგ თვითონაც საკუთარი პურით ესტუმრა პიორს, რომელიც უკვე დალბობილი იყო. "რატომ მოიტან დამბალი პური?" - იკითხა პიორმა. "შენ რომ არ შემეწუხებინე, პური თვითონ დავალბე" - იყო პასუხი (668. Hist. Lavs. P. И).


ბერ-მონაზონთა სნეულებანი და გარდაცვალება

ბერები უმძიმეს სნეულებებს ღმრთის ნებისადმი მორჩილებით ითმენდნენ (669. Hist. Lavs. P. 13), მაგრამ არც ექიმების დახმარებას უარყოფდნენ (670. Hist. Lavs. P. 30). ნიტრიის მთაზე თავისი ექიმებიც ჰყავდათ (671. Hist. Lavs. P. 7). სტიკეში მოწყობილი იყო ვრცელი საავადმყოფო, სადაც ლოგინებიცა და ბალიშებიც ჰქონდათ (672. Дост. сказ. С. 23). როდესაც შეიტყობდნენ რომელიმე ძმის დაავადებას, კელიაში მასთან რაც კი საჭირო იყო სნეულისთვის ყველაფერი მიჰქონდათ (673. Дост. сказ. С. 41, 286) და ცდილობდნენ შეესრულებინათ დაავადებულის განსაკუთრებული თხოვნები. ასე მაგალითად, ერთ ავადმყოფ მხცოვანს ტკბილეული მოუნდა. მაკარი დიდი თვითონ გაეშურა ალექსანდრიაში და მხცოვანს ნანატრი აღუსრულა (674. Дост. сказ. С. 144). ბრმა და მოხუც მხცოვანთან არა მარტო საკვები მოჰქონდათ, არამედ ხელით აჭმევდნენ და საკვებს პირში უდებდნენ (675. Дост. сказ. С. 49). მომაკვდავი ბერის ლოგინს გარს ეკვრებოდნენ ძმები, რათა მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები მოესმინათ (676. Rosw. Р. 524). სიკვდილის წინა წუთებში ყველაზე დიდი მოსაგრეების აზრი და გონება უღრმესი თავმდაბლობითა და მორჩილებით იყო გამსჭვალული.

დიდი პამბო სიკვდილის წინ ამბობდა: "ისე მივდივარ ღმერთთან, თითქოსდა მისდამი მსახურება ჯერაც არ დამეწყოს" (677. Hist. Lavs. P. 10). აღათონი სიკვდილის წინა წუთებში ამბოდა: "რამდენიც შემეძლო ვცდილობდი ღმრთის მცნებების დაცვას, მაგრამ მე ადამიანი ვარ, და საიდან უნდა ვიცოდე, ესათნოვა ღმერთს ჩემი საქმეები თუ არა. სანამ ღმრთის წინაშე არ წარვსდგები, არ მაქვს გამბედაობა, რადგან სხვაა კაცის სამსჯავრო და სხვა ღმრთისა". შემდეგ ითხოვა აწ აღარ ელაპარაკათ მასთან და სახეზე ღიმილაღბეჭდილი გარდაიცვალა (678. Дост. сказ. С. 34). არსენი დიდი სიკვდილის წინ ამბობდა: "ნურავის მისცემთ ჩემს ნეშტს, ფეხზე თოკი გამომაბით და სოროში შემათრიეთ". როდესაც მისი გარდაცვალების ჟამი დადგა, ძმებმა ის მტირალი ნახეს. "შენც გეშინია მამაო?" - იკითხეს ძმებმა. – "დიახ, მეშინია. ჩემი ნამდვილი შიში ბერად შედგომის დღიდან ყოველთვის იყო ჩემთან" (679. Дост. сказ. С. 25).

მხცოვან მოსაგრეთა გარდაცვალების შემდეგ ბერები აღაპებს აწყობდნენ (680. Там же).

წყარო: П. С. Казанский. Общий очерк жизни иноков египетских в IV и V веках. Москва 1872 Печатано по определению Совета Московской Духовном Академии. Ректор протоиерей Александр Горский (Из 4–й книжки прибавлений к Творениям Святых Отцев в русском переводе, 1871 года).
Назад к содержимому