ასკეტიკა - როგორ ვიპატიჟებთ ეშმაკთ... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ასკეტიკა
როგორ ვიპატიჟებთ ეშმაკთ...
მეუდაბნოვე ბერი და ეშმაკი
ავტორი: ალექსეი ოსიპოვი - ღვთისმეტყველების დოქტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამსახურებული პროფესობი, პუბლიცისტი, მწერალი, აპოლოგეტი და მქადაგებელი.
 
როგორ პირობებში გვესხმიან თავს ეშმაკნი და როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე? - ღირ ისააკ ასურელი წერს, რომ ვერც ერთი ქმნილება (ვერც პირუტყვები და ვერც ადამიანები) ვერ შეეხებიან ადამიანს ღმრთის კეთილი განგებულების გარეშე. ის კი - ღმრთის ნება - ყოველთვის დაუშვებს მოხდეს ის, რაც სასარგებლოა კაცისთვის.
 
როგორ პირობებში შეიძლება ღმრთის ნებით მოგვიახლოვდეს ეშმაკი? ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ნებაყოფლობით ვუწვდოთ ხელს ამ ამაზრზენ არსებას. როდესაც ჩვენ ვცოდავთ ნებაყოფლობით, ანუ საკუთარი ნებით.
 
რას ნიშნავს საკუთარი ნებით? - მე ვიცი, რომ ვერ ვიქურდებ, რომ მაქვს არჩევის ნება: შემიძლია მოვიპარო ან არ მოვიპარო. როდესაც მე თავისუფალი ვარ ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, მაგრამ ჩავდივარ ცოდვას, სწორედ ამ მომენტში ვუწვდი ხელს ეშმაკს: "გამარჯობა... მოდი ვიმეგობროთ!"
 
ეს მაშინ, როდესაც თვით ადამიანი ნებას აძლევს ეშმაკს იბატონოს მასზე.
 
ასეთი ნებაყოფლობითი აზრები დიდ საშიშროებას წარმოადგენენ ჩვენთვის. როდესაც მეწვევა ცუდი (ბინძური) აზრი, ის ჯერ კიდევ ძლიერ ვერ მიტაცებს, და მე შემწევს ძალა მოვიშორო იგი.
 
ოჰ, რომ იცოდეთ, რაოდენ დიდი სიფრთხილე გვმართებს ამგვარი ფიქრებისადმი და არ გავანავარდოთ ის, ვინც მუდმივად ბოროტებას ჩაგვჩურჩულებს.
 
ამრიგად, არავის ძალუძს მოგვიახლოვდეს, მათ შორის დემონებსაც, ღმრთის ნების გარეშე. ხოლო ღმრთის ნება ამას დაუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე თვითონ, საკუთარი სურვილით დავიწყებ ეშმაკისთვის მოსაწონი ქმედებების აღსრულებას.
 
ზოგჯერ, სინამდვილეში, არ მაქვს ძალა საკუთარ თავზე: მივედი სტუმრად, ვცდილობდი არ გავმძღრიყავი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და გავძეხი... ანუ, არის შემთხვევები, როდესაც ძნელია საკუთარი თავის შეკავება, იმდენად ძლიერია ლტოლვა კონკრეტული მოქმედებისადმი.
 
ეს ცოდვაა? - რა თქმა უნდა! მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც ისე ძლიერი ჭრილობაა იმისგან განსხვავებით, როდესაც რაიმე ცოდვას ჩავდივარ საკუთარი ნებით, საკუთარი მისწრაფებით. თუკი ჯერ კიდევ შემრჩენია წინააღმდეგობის ძალა, დაპყრობილი ვერ ვიქნები, მაგრამ მაინც ვაკეთებ.
 
ასეთ შემთხვევაში, როგორც წერს ანტონი დიდი, ვუერთდები ბოროტ სულებს. წმ. ანტონი მათ მტანჯველ-დემონებს უწოდებს.
 
თუკი ჩვენ ხშირად ჩავდივართ ერთსა და იმავე ცოდვას, ეს მტანჯველი-დემონი იწყებს ჩვენზე ბატონობას სანამ ბოლომდე არ დაგვეუფლება. ვთქვათ, ჯერ დავლიე ერთი სირჩა, შემდეგ ორი, შემდეგ სამი, თითქოსდა კიდევ შემიძლია დალევა... ბოლოს კი ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდება. და მაშინ მისი ცხოვრება ნგრევას იწყებს. ვერ მუშაობს, სახლში კონფლიქტები აქვს, ჯანმრთელობა კი შერყეული...
 
როდესაც ასე თუ ისე ვცდილობთ ღმრთის მცნებების მიხედვით ცხოვრებას, ვებრძვით ცოდვებს, ვინანიებთ მათ, ვერავინ ვერ შეგვეხება. ვერავითარი ჯადქოარი და ვერავითარი დემონი.
 
ჩვენ ასე ჩაციკლულები ვართ ამ მისნებზე და ჯადოქრებზე... და დაგვავიწყდა, რომ ჩვენი ბატონია ღმერთი. ამიტომაც, ვერავითარი დემონი მოახლოვებასაც კი ვერ გაბედავს, თუკი მე თვითონ, საკუთარი ნებით არ ჩავბარდები.
 
ეშმაკთ არავითარი ძალაუფლება არა აქვთ ადამიანზე. მათ შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანში ან ადამიანზე იმ ზომით, რა ზომითაც თვითონ არის თანახმა ამაზე. ანუ, მაშინ, როდესაც სრულიად ცხადია, რომ ეს უნამუსო საქმეა და ადამიანი მიდის ამ საქმეზე...
 
წმ. ანტონი დიდი წერს: "ღმერთი კეთილია. და მხოლოდ კეთილსა იქმს".
 
თუკი ადამიანი ღმრთის მცნებებით ცხოვრებას ცდილობს, დადის და ლოცულობს ეკლესიაში, მონაწილეობას იღებს სინანულის საიდუმლოში, ის ამით უერთდება ღმრთის სულს. ხოლო თუ ღმრთის მცნებათა წინააღმდეგ დაიწყებს ცხოვრებას, მაშინ მტანჯველ-დემონებს შეუერთდება და მათი სამასხარაო ხდება. მსგავსი მსგავსს უერთდება.
 
ქრისტეს განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეშმაკმა ძალა დაკარგა, ის დაემხო. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ხელი გავუწოდოთ მას და წამოვაყენოთ. აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ დადგება დრო, როდესაც ის გათავისუფლდება. რადგან ადამიანები საბოლოოდ მიეცემიან დემონურ ცხოვრებას. არ დარჩება არავითარი რწმენა. მე ვლაპარაკობ რწმენაზე არა ფორმით, არამედ ცხოვრებით.
 
სწორედ მაშინ ანტიქრისტე თავს ღმერთად გამოაცხადებს და ყველანი სიხარულით მიიღებენ მას. დაწერილია, რომ ანტიქრისტე დაჯდება ღმრთის ტაძარში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მას ღმერთად ჩათვლიან, მაცხოვრად, მესიად, ქრისტედ... ადამიანები დაიწყებენ მის თაყვანისცემას ქრისტეს ნაცვლად.
 
აი ეს მოხდება. მაშინ ადამიანები ანტიქრისტეს და სატანის სრულ მონობაში იქნებიან. ჯერ ეს ამ დონეზე არ ხდება. მხოლოდ იმ ზომით მოქმედებს ჩვენში ეშმაკი, რა ზომითაც გავუწვდით მას ხელს.
 
ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ დავემორჩილოთ მას.
 
ამასწინათ ერთი ადამიანი მიყვებოდა ამბავს, რაც არაერთხელ დამართნია. ეს ხდებოდა ღამით, როდესაც უეცრად გრძნობდა, რომ დემონი უახლოვდებოდა. ისეთი შიში იპყრობდა ამ კაცს, რომ თითის განძრევაც კი არ შეეძლო. თითქოსდა მოინუსხაო. ამ გამყინავი საშინელებისგან ადამიანს არაფრის ქმნა არ შეეძლო.
 
და ის, ვინც ეს ისტორია მომიყვა, ამბობდა, რომ უდიდესი ძალისხმევით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ეცადა წარმოეთქვა ლოცვა "მამაო ჩვენო..." და ყველაფერი გაქრა.
 
როგორც ჩანს, ეს მოხდა ამ ადამიანის (და არა მარტო მის) შესაგონებლად... რათა შეიგნოს მანაც და ყველამ, რაშია ღმრთის ძალა და როგორია ეშმაკის უძლურება.

წყარო: zen.yandex.ru
 
თარგმანი: "აპოკალიფსისი". 1 ივლისი. 2021 წ.
Назад к содержимому