Перейти к контенту

ასკეტიკა - სწავლანი, თუ ვინ უნდა დავადანაშაულოთ ჩვენს ცოდვებში - საკუთარი თავი თუ ეშმაკი? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ასკეტიკა
სწავლანი, თუ ვინ უნდა დავადანაშაულოთ ჩვენს ცოდვებში - საკუთარი თავი თუ ეშმაკი?
 
ამონაწერები კრებულიდან "სიკეთისმოყვარეობა" (ევერგეტინოსი)
წმიდა ანტონი დიდი
1. პატერიკიდან
 
 
1) ამბა ანტონი ამბობდა: "ჩვენი თაობის მიმართ ღმერთი არ უშვებს ისეთ ბრძოლას, როგორსაც ძველი დროის მამები ითმენდნენ, რადგან იცის, ჩვენი დროის ადამიანების უძლურება".
 
 
2) ამბა აგათონის მოწაფემ, აბრაამმა, ამბა პიმენს ჰკითხა:
 
- რა მოვიმოქმედო, ეშმაკები საშინლად მებრძვიან?
 
- გებრძვიან? ისინი მხოლოდ მაშინ გვებრძვიან, როცა ჩვენს ნებას არ ვასრულებთ. ჩვენთან მებრძოლი ეშმაკი კი ჩვენი საკუთარი ვნებები და თვითნებობაა, სწორედ ისინი გვტანჯავენ და გვებრძვიან. ეშმაკები კი, გინდა იცოდე, ვის ებრძოდნენ? ამბა მოსესა და მის მსგავს მოღვაწეებს.
 
 
3) ძმამ ჰკითხა ამბა პამვოს:
 
- რატომ მიშლიან ეშმაკები ხელს, სიკეთე გავუკეთო მოყვასს?
 
- ნუ იტყვი ასე, თუ არ გინდა ღმერთი ცრუდ გამოიყვანო, - მიუგო ბერმა. სჯობს თქვა: "მე არ მსურს სიკეთე გავაკეთო". უფალმა ხომ წინასწარ გაგვაფრთხილა: "აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლკ. 10:19).
 
 
4) ძმამ ჰკითხა ამბა სისოის:
 
- როგორ ვიხსნა თავი ვნებებისა და ეშმაკების მხრიდან მოწეული განსაცდელებისგან?
 
ბერმა მიუგო:
 
- თითოეული ჩვენგანი საკუთარი მიდრეკილებით გამოიცდება.
 
 
5) ნეტარმა სინკლიტიკიამ თქვა: "რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს მოჭიდავე, მით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე გამოჰყავთ მასთან საბრძოლველად".
 
 
6) ერთხელ ამბა მოსეს ძლიერ შეუტია სიძვის ვნებამ. როცა სენაკში ჯდომა ვეღარ შეძლო, მივიდა და უამბო ამბა ისიდორეს, მან კი სენაკში დაბრუნება ურჩია. ამბა მოსე არ დაეთანხმა:
 
- ვერ გავუძლებ, მამაო.
 
ამბა ისიდორემ სენაკის სახურავზე აიყვანა და უთხრა:
 
- გაიხედე დასავლეთით.
 
ამბა მოსემ გაიხედა და ეშმაკების სიმრავლე დაინახა. ისინი ერთად შექუჩულიყვნენ და საბრძოლო ყიჟინას გამოსცემდნენ. ამის შემდეგ ამბა ისიდორემ ის აღმოსავლეთით გაახედა. ამბა მოსემ ურიცხვი რაოდენობის წმინდა ანგელოზები დაინახა თავიათ ბრწყინვალებაში.
 
ამბა ისიდორემ უთხრა:
 
- ესენი უფლის ანგელოზები არიან, წმინდანების დასახმარებლად წარმოგზავნილნი. დასავლეთით მდგარნი კი - წმინდანთა მოწინააღმდეგენი; მაგრამ ჩვენები მეტნი არიან. ასე რომ, მტკიცედ იდექი და ნურაფრის შეგეშინდება.
 
ამბა მოსემ სულის შემართება იგრძნო, ღმერთს მადლობა აღუვლინა და სენაკში დაბრუნდა.
 
 
7) ამბამ თქვა: "თავიდან, როცა ადამიანი წუთისოფელს უარყოფს და ბერად აღიკვეცება, მისი ძლიერად გამოცდის ნებას უფალი ეშმაკს არ აძლევს. დროთა განმავლობაში, როცა თანდათან წარმატებას მიაღწევს, უფალი უშვებს, რომ გამოიცადოს იგი ხორციელი ვნებებითა და სხვადასხვა მიდრეკილებებით. ამ დროს ის უნდა დამდაბლდეს, ცრემლად დაიღვაროს, მოინანიოს ძველი და ახალი ცოდვები. ასეთი მოღვაწე განსაცდელების წყალობით აგროვებს ბრძოლის გამოცდილებას, სწავლობს მოთმინებას, განმსჯელობას, ცრემლით ლოცვას. ღმერთი ყოველთვის არღვევს მტრის ჩანაფიქრს და ნელ-ნელა აძლევს მას შვებას. მაგრამ ზოგიერთებმა სულმოკლეობა გამოიჩინეს და ერში დაბრუნდნენ, რადგან მოწყინებამ დარია ხელი".
 
 
2. ამბა კასიანესგან
 
ამბა სერინმა თქვა: "ერთსა და იმავე დემონს არ შეუძლია ნებისმიერი ვნება შთააგონოს ადამიანს. ყოველი ვნებისთვის გარკვეული ბოროტი სულები არიან გამოყოფილნი და მხოლოდ მათ ძალუძთ მისი შთაგონება. ერთნი დაკავებულნი არიან უწმინდურობითა და მისი ავსუნიანობით, მეორენი - ბილწსიტყვაობით, მესამენი - მრისხანებით, სხვები კიდევ - მედიდურობით. თითოეულ სულს, რაც მოსწონს იმას შთააგონებს ადამიანს, განსაკუთრებით, თუკი ხედავს, რომ იგი მიდრეკილია ამ ვნებისკენ და სიამოვნებით იღებს შეთავაზებას.
 
ზუსტად ასევე, ისინი უტევენ ადამიანებს არა ერთი და იმავე მეთოდით; მათი შემოტევის ხერხი დამოკიდებულია დროზე, ადგილზე და თვით ადამიანის პიროვნებაზე. ეშმაკები ეხმარებიან ერთმანეთს, ხან ერთიმეორეს ცვლიან, მაგრამ ამასთან, არ იცავენ მკაცრ თანმიმდევრობას, არც წესრიგს, რამეთუ ნათქვამია: "ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ" (იგავნი 14:6), და კიდევ: "მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნენ" (მეორე რჯლ. 32:31). თუმცა ისინი თანხმდებიან ერთმანეთში, როცა გვებრძვიან, და როგორც უკვე აღვნშნე, დროისა და ადგილის შესაბამისად ერთმანეთს ენაცვლებიან.
 
არავის შეუძლია ერთდროულად პატივმოყვარეც იყოს და სიძვის ვნებითაც იწვოდეს; ამპარტავნულად თავს იწონებდეს და იმავე დროს ნაყროვანებითაც იმცირებდეს თავს; სულელური ხუმრობებითა და სიცილით იყოს დაკავებული და თან რისხვით იყოს ანთებული. თითოეული ბოროტი სული რიგში დგას ადამიანთან შესაბრძოლებლად, დამარცხების შემთხვევაში კი გვერდზე დგება და მის ადგილს სხვა იკავებს, მასზე გამოცდილი და ძლიერი.
 
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეშმაკი არ არის ერთნაირი ძალისა და სიშმაგის, - თითოეულს თავისი მოქმედების არეალი, შესაძლებლობა და კონკრეტული მიზანი აქვს. ქრისტეს იმ მხედრებს, რომლებიც ახალმშემდგარნი არიან სათნობების გზაზე და ჯერ კიდევ სუსტნი არიან, ნაკლებად ძლიერი ეშმაკები უტევენ. თუ მოღვაწე მათ დაამარცხებს, მაშინ უფრო ძლიერი ეშმაკები აღუდგებიან.
 
უფრო მაღალი რანგის სულიერი ბრძოლა რომ ადამიანის ძალებზე აღმატებული ყოფილიყო, მაშინ ვერც ერთი მოღვაწე ვერ გაუძლებდა ასეთი რიცხოვნობისა და ძალის მქონე მტრის შემოტევას. ადამიანი საერთოდ ვერ მოიგერიებდა ეშმაკების იერიშებს, ამ ბრძოლაში რომ არ ყოფილიყო შუამდგომელი, წესების დამდგენელი და მსაჯული კაცთმოყვარე ქრისტე. სწორედ ის აკვირდება, რომ ბრძოლა თანაბარძალოვნად წარიმართოს, ჩვენი ძალების შესაბამისად. უფალი უშლის მოწინააღმდეგეს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ძალიან რთული და გაუსაძლისია ჩვენთვის. წმინდა წერილის თანახმად ის არ დაუშვებს, რომ სხვა განსაცდელი არ შეგემთხვეთ, ადამიანური განსაცდელის გარდა, რადგან "სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორ. 10:13).
 
რა თქმა უნდა, ეშმაკებისთვისაც იოლი არ არის ეს ბრძოლა, მათაც ყოფნით თავიანთი საზრუნავი და მწუხარება, განსაკუთრებით, როცა მათი მოწინააღმდეგე მტკიცე, მედგარი და მამაცი მხედარია. ამას ადასტურებს მოციქული, როცა ამბობს: "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12) და ასე შემდეგ: და კიდევ: "ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე" (1 კორ. 9:26); და სხვა ადგილას: "კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს" (2 ტიმ. 4:7), სადაც ღვაწლია, იქ პაექრობა და ორთაბრძოლაა, იქ გარდაუვალად არის შრომა, საზრუნავი და ტკივილი ორივე მხარისთვის.
 
ჩვენ გვახარებს მათზე გამარჯვება და გვწყინს მათგან დამარცხება. ასეთივე განცდები აქვთ მათაც: ზეიმობენ, როცა ჩვენზე იმარჯვებენ. თუკი, მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, ვერ ახერხებენ ჩვენს დამარცხებას და უკან იხევენ, მაშინ მთელი სირცხვილი, ჩვენი ძველი დამარცხებებისა, მათზე მიიქცევა, როგორც ეს წმინდა წერილშია ნათქვამი: "მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა" (ფსალმ. 7:17) (1), და კიდევ: "საბრჴესავე მათსა შეითხინედ" (ფსალმ. 34:8) (2).
 
ყოველივე ეს კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა. ამ უხილავ ბრძოლას ცხადად ხედავდა იგი შინაგანი თვალით; იცოდა, რომ მტერს ახარებს ჩვენი დაცემა და ამიტომ ეუბნებოდა ღმერთს: "განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა" (ფსალმ. 12:4-5) (3). და კიდევ: "მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა შენითა (4), უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა. ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი" (ფსალმ. 34:24-25) (5). წმიდა იერემია კი ამბობს: "სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი" (იერ. 17:18).
 
მართლაც, როდესაც ეშმაკებს ვამარცხებთ, ისინი ორმაგად იმუქრებიან: პირველი შემუსვრაა, რომ ადამიანები სიწმინდეს აღწევენ, მათ კი ის ჰქონდათ და დაკარგეს; მეორე - ისინი სულები არიან და მარცხდებიან ხორციელ და მიწიერ ქმნილებათაგან.
 
__________________________
 
1. ახ. ქართ.: "მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა" (ფსალმ. 7:17).
 
2. ახ. ქართ.: "მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას" (ფსალმ. 34:8).

3. ახ. ქართ.: "მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: "დავძლიე იგი". გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი" (ფსალმ. 12:4-5).

4. ასეა ერთ-ერთ ძველ ხელნაწერში: "სიმართლითა შენითა". იხ. ბიბლია. ძველი აღთქმა. წიგნი II. ფსალმუნი. 34:24. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2017 წ. გვ. 1872.
 
5. "გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი" (ფსალმ. 34:24-25).
 
__________________________
 
 
3. წმინდა მაქსიმესგან
 
ზოგიერთები ამბობენ: რომ არ იყოს გარკვეული გარე ძალა, რომელიც ბოროტებისკენ მიგვდრეკს, მაშინ ჩვენს ყოფაში ბოროტება არ იქნებოდა. სინამდვილეში ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი უგულისხმობა გონების ბუნებრივი მისწრაფების მიმართ. ამიტომ არის, რომ ვინც გულისხმისყოფით ცხოვრობს, ყოველთვის კეთილად იქცევა და ბოროტებას არასდროს ჩადის. თუ გინდა, შენც ასეთივე გახდე, მოიკვეთე უყურადღებობა და გაფანტულობა და ამით განაძევებ შენგან ბოროტებას, რადგან ბოროტება ეს არის რაიმე ცნების არასწორი გააზრება, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება ხოლმე.
 
ჩვენი ბუნების თანახმად, გონება უნდა დავუმორჩილოთ სიტყვა-ღმერთს და ვიბატონოთ ჩვენში არსებულ უგუნურ ნაწილზე. თითოეულმა რომ ეს წესრიგი შევინაჩუნოთ, მაშინ ცვენი ყოფიერებიდან ბოროტება გაქრება და ვეღარაფერი მიგვდრეკს მაშინ.
 
 
4. პატერიკიდან
 
1) ამბა ისაიას შესახებ გვიამბობენ, რომ ერთხელ მან აიღო დაწნული კალათა, მიადგა ერთ-ერთ ბეღელს და პატრონს სთხოვა:
 
- მომეცი ცოტაოდენი პური.
 
- მკაში იღებდი მონაწილეობას, მამაო? - ჰკითხა მან.
 
- არა, - მიუგო ბერმა.
 
- ეს როგორ, - გაიკვირვა პურის პატრონმა, - არ მოგიმკია და წაღება გინდა!
 
- ნუთუ ვისაც არ მოუმკია, გასამრჯელოს არ იღებს?
 
- არა, არ იღებს!
 
ბერი ხელცარიელი წავიდა. როცა მოწაფეებმა ეს გაიგეს, ამბა ისაიას ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვეს, აეხსნა, რატომ მოიქცა ამგვარად.
 
მოძღვარმა მიუგო:
 
- ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თქვენთვის მეჩვენებინა: ვინც არ შრომობს, ღმერთისგან ჯილდოს ვერ მიიღებს.

 
2) ერთი ბერი უდაბნოში ცხოვრობდა წყაროდან თორმეტი მილის დაშორებით. ერთხელაც, წყლის მოსატანად მიმავალი, მოწყინებაში ჩავარდა და გულში თქვა: "რა აზრი აქვს ჩემს ასეთ ტანჯვას, მოდი, წყალთან ახლოს დავსახლდები".
 
ამის თქმა იყო და, ზურგსუკან ფეხის ხმა მოესმა. შებრუნდა და უცნობი ადამიანი დაინახა, რომელიც მის ნაბიჯებს ითვლიდა.
 
- ვინა ხარ? - ჰკითხა.
 
- უფლის ანგელოზი, - მიუგო უცნობმა. - წარმოგზავნილი ვარ შენი ნაბიჯების დასათვლელად, რათა ჯილდოც მათი მიხედვით მოგცე. ამის გაგონებაზე ბერმა სიმხნევე და სულის შემართება იგრძნო, სენაკი წყაროდან კიდევ ხუთი მილის მოშორებით გადაიტანა და ამის შემდეგ უკვე შვიდმეტი მილის სიშორიდან დადიოდა წყალზე.
 
 
3) სკიტელი ამბა ხერომენის შესახებ ყვებოდნენ, რომ მისი მღვიმე ტაძრიდან ორმოც მილზე მდებარეობდა, ხოლო წყალი და ჭაობი, სადაც ის კალათებისთვის ლერწამს აგროვებდა - თორმეტ მილზე. მიუხედავად ამისა, ამბა სრულებითაც არ წუხდა, რომ ასე შორს უწდევდა სიარული და, ჩვეულებრივ, ყოველ კვირას დადიოდა ტაძარში.
 
 
წყარო: სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი). I ტომი. წიგნი მეორე. თბილისი 2013 წ. გვ. თ. 30-ე. გვ. 67-74.
Назад к содержимому