აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
უცნობი ავტორი
ჩვენი ქვეყნიერების დასაბამი და დასასრული
(აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებათა გახსნის მცდელობა)
გამოხმაურება წიგნზე:
"წმიდა იოანე კრონშტადტელი. ჩვენი ქვეყნიერების დასაბამი და დასასრული".
მოსკოვის გამომცემლობამ "ლოკიდ-პრესმა" 2004-2008 წლებში ხუთი ტირაჟით გამოსცა წიგნი "ჩვენი ქვეყნიერების დასაბამი და დასასრული. აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებათა გახსნის მცდელობა", რომლის ავტორობაც იოანე კრონშტადტელს მიეწერა. ეს საკმაოდ მოცულობითი თხზულება რევოლუციამდე დედაქალაქში ანონიმურად სამჯერ გამოიცა. თავად მამა იოანე 1905 წლის დღიურის ჩანაწერში წერდა: "შევცოდე შენს წინაშე, უფალო, გულთა და წიაღთა გამომცდელო, შემშურდა თხზულების "ხილული სამყაროს დასაბამია და აღსასრულის" ავტორისა, რომ ის, საერო კაცი, ჩემზე, აკადემიკოსსა და მღვდელზე უფრო განსწავლულია ღვთისმეტყველებაში და ფრიად ბრძნულად, ღრმა აზროვნებითა და სიმარტივით შეადგინა თავისი თხზულება!".
აღსანიშნავია, რომ 1914 წელსაც წიგნი ხელახლა გამოიცა ავტორის მითითების გარეშე.
რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ცნობებს შემდეგი გამოცემების შესახებ იძლევიან:
1. სანქტ-პეტერბურგი: ლეშტუკოვი. პ. ო. იაბლონსკის ორთქლის სწრაფმბეჭდავი, 1900-1901.
2. სანქტ-პეტერბურგი: წიგნების გამყიდველ ი. ლ. ტუზოვის გამომცემლობა, 1904 (მეორე გამოც.).
3. სანქტ-პეტერბურგი: ი. ლ. ტუზოვი, 1914 (მესამე გამოც.).
პატრიარქ კირილეს რედაქტორობით გამოცემული "მართლმადიდებლური ენციკლოპედია" იოანე კრონშტადტელის შრომების რიცხვში ამ თხზულებას ასევე არ მოიხსენიებს (ბმული https://www.pravenc.ru/text/471321.html#part_7).
ვინ შექმნა ეს შრომა? ხშირად წერენ, რომ ამ შრომის ავტორი ოპტინის უდაბნოს მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (უსპენსკი) იყო, საკმაოდ ცნობილი სასულიერო მწერალი და არანაკლებ სახელგანთქმული მთარგმნელი (მან თარგმნა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებათა მესამე ტომი და მისი ჰიმნები). თუმცა, მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (უსპენსკი) 1886 წელს დაიბადა, განსახილველი წიგნის პირველი გამოცემა კი 1901 წლით თარიღდება; ცხადია, თოთხმეტი წლის ასაკში მსგავსი თხზულების დაწერა მას ჯერ არ შეეძლო. გარდა ამისა, მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (უსპენსკი) ოპტინის უდაბნოს ბერი არასდროს ყოფილა. ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ გარემოებას: იოანე კრონშტადტელი ავტორს "საერო კაცს" უწოდებს.
საიდან წარმოიშვა მღვდელმონაზონ პანტელეიმონის ავტორობა? ჯორდანვილის წმიდა სამების მონასტრის 1960 წლის გამოცემაში მითითებულია: "შეკრიბა, ხელახლა დაბეჭდა და ილუსტრაციებით შეავსო არქიმანდრიტმა პანტელეიმონმა". საუბარია მონასტრის დამაარსებელ არქიმანდრიტ პანტელეიმონ (ნიჟნიკზე) (4 იანვარი, 1895 – 13 იანვარი, 1985). ზოგიერთმა გამომცემელმა ის შეცდომით სწორედ ამ წიგნის ავტორად მიიჩნია.
წყარო: https://azbyka.ru
წინასიტყვაობა
კეთილმსახურ მკითხველთა ყურადღებას წარმოვუდგენ განსჯას სამყაროს დასაბამისა და აღსასრულის, წმიდა წერილისა და ბუნების საიდუმლო ნიშნების შესახებ. ეს განსჯა ეხება აგრეთვე წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველურ გამოცხადებებს.
აპოკალიფსის განმარტება სწორედ ახლა შეიძლება იყოს დროული, როდესაც ცრუ პროპაგანდამ საბოლოოდ დაამახინჯა აპოკალიფსის მთელი შინაარსი და ის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისგან განდგომილთა იარაღად აქცია.
აქ მოთხრობილია აგრეთვე იერუსალიმის დანგრევის მიზეზებზე ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს, რამეთუ ავბედითი ქალაქის უბედურებანი ალყის ჟამს სამყაროს დანგრევის დიდი დრამის დიდ წინასიტყვაობად შეიძლება იქცეს, რომლის საიდუმლო შინაარსი, სამყაროს განახლებასთან ერთად, აპოკალიფსისის საგანს წარმოადგენს. ის გარემოება, რომ იერუსალიმის დაღუპვა ქრისტეს უარყოფის გამო ერთგვარი ხატებაა სამყაროს დაღუპვისა, ნათლად ჩანს სახარებისეულ წინასწარმეტყველებაშიც ამ მოვლენებზე, რომელიც უახლოესმა მოწაფეებმა თვით ჩვენი უფლისაგან, იესუ ქრისტესაგან მოისმინეს. მან ინება და იერუსალიმის დაღუპვისა და სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველებანი ერთ მთლიანობად შეაერთა, თითქოსდა მათ შორის დროითი შუალედი არც არსებობდეს. ეს სრულ შესაბამისობაშია წინასწარმეტყველებათა ზოგად ხასიათთან, რამეთუ წინასწარმეტყველი, რაკი საუკუნეების სიმაღლეზე დგას, არ იცნობს დროს და მის წინაშე ყოველივე ერთ აწმყოდ ერთიანდება. ამიტომაც ვერც ერთი წინასწარმეტყველება ვერ იქნება გაგებული იმისი შეწევნის გარეშე, ვისაც მხოლოდ ერთს ძალუძს "გონების გახსნა წერილთა შესამეცნებლად" (შეად. ლუკ. 24:46). ამ ძნელ საქმეში აუცილებელია დავეყრდნოთ წმიდა გადმოცემას, რომელიც ეკლესიის წმიდა მამათაგან მომდინარეობს.
რაკიღა შევუდექით წმიდა წერილის საიდუმლო ნიშნებს, რომელიც ეხება უფალ იესუ ქრისტეს, რომელიც მოვალს განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა, მთელი არსებით ვესავთ მის ღვთიურ მადლს, რომელიც კურნავს უძლურებს და აღავსებს ნაკლულთ. მასშია აღსრულება, რამეთუ ნათქვამია: "მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ" (იოან. 1:16).
დაე ასე იყოს ყველა იმათთვის, რომლებიც მოელიან უფლის მოსვლას, ვითარც ღამის მცველნი მოელიან დილას. მორჩილად ვითხოვ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ამ თხზულების ნაკლოვანებათა მიმართ, როგორც წინასწარმეტყველებათა განსჯის მრავალჯერ ნაცად ასპარეზზე გამოსვლის ერთ-ერთ სუსტ მცდელობას. მთავარ სახელმძღვანელოდ ავიღე V საუკუნის ერთ-ერთი მამის, კესარიის მთავარეპისკოპოს წმიდა ანდრიას სახელგანთქმული წიგნი "აპოკალიფსისის განმარტება", თარგმანი ბერძნულიდან პ. მ. ბ.-სი, გამოცემა 1882 წ.
შესავალი
I
ხილული სამყარო და მისი დასაბამი. – სამყარო სიტყვის ფართო გაგებით – ფიზიკური ფერი და სულიერი ნათელი. – სამი სამეფო. – ბუნების დიდი წიგნი. – ღმერთში ცხოვრების ნათელი იმედები.
დაუსაბამო ღმერთი, სამი იპოსტასის ერთობა, ყოვლისშემძლე, ყოვლადნეტარი, თვითკმარი, ყოვლადსრულყოფილი, ქმნილებათა არსებობას არ საჭიროებდა.
მისმა უსასრულო სიკეთემ ინება, ჰყოლოდა თანაზიარნი თავისი მარადიული ნეტარებისა.
დიდების სამეფო, იგივე ცათა სასუფეველი, გამზადებულია ღვთისმოყვარე, უკვდავ ზეციერ ძალთათვის, რომლებმაც არ გადაუხვიეს სათნოებას ცდუნების წინაშე.
ერთ-ერთ უბრწყინვალეს და უძლიერეს სულს მიმზიდველად მოეჩვენა შემოქმედის მორჩილებიდან განდგომა და ღვთის საწინააღმდეგოდ, საკუთარი სამეფოს დაფუძნება, რათა თავისი ძალაუფლებით ცათა უზენაეს ღმერთს გატოლებოდა.
ამის შედეგები ცნობილია.
მთიები (ცისკრის ვარსკვლავი - "აპოკ". რედ.) ეშმაკად, ღვთისა და ყველა ღვთის მოყვარე ქმნილების მტრად გადაიქცა.
დაუმორჩილობის ცდუნებამ მრავალი სული დაასნებოვნა და ბოროტების ახალი სამეფო ბნელეთის მთავრის მიმდევრებით აივსო.
ვინც ამ დამღუპველ განსაცდელს გაუძლო, ღვთის შემწეობითა და განმტკიცებით დაჯილდოვდნენ და სიმართლის მარადიულ ძეებად იქცნენ.
დიდების სამეფო, ანუ ცათა სასუფეველი, შემოქმედის ნებით, ცარიელი არ უნდა დარჩეს.
ამ დანაკლისის შესავსებად (1) თითქოს ახალი არსებები წარმოიშვნენ, თუმცა არა ნათელმოსილ, არამედ ნივთიერ გარსში, ანუ ხორცში. და ისინი, ადამისა და ევას სახით, შემოქმედის ხელთაგან წარმოდგნენ, როგორც მშვენიერნი და შემოქმედის სიბრძნის გვირგვინები.
_________________________________
1. "აპოკალიფსისის" რედ. შენიშვნა: აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანები მოწოდებულნი არიან შეავსონ დაცემულ ანგელოზთა რიცხვი მომდინარეობს IV ს-დან. პირველად ის ნეტ. ავგუსტინემ გამოთქვა, რაც შემდეგ სხვებმაც გაიმეორეს (წმ. გრიგოლ დიალოგოსი, ანასტასი სინელი, ანსელმ კენტერბერიელი). თუმცა ეს აზრი ყველა წმიდა მამამ როდი გაიზიარა.
აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი შექმნილია დაცემულ ანგელოზთა რაოდენობის შესავსებად არსებითად აკნინებს ადამიანის შექმნის მოტივის ღირებულებას. გამოდის, რომ ღმერთს ადამიანის შექმნა გარეგანი აუცილებლობის ზემოქმედებით გადაუწყვეტია. მაგრამ შემოქმედი არ ექვემდებარება არა მარტო გარეგან აუცილებგლობებს სამყაროსა და ადამიანის შექმნაში, არამედ მას ამისი შინაგანი აუცილებლობაც არა აქვს. "შესაქმე - ეს არის თავისუფალი აქტი, - წერს ვლადიმირ ლოსკი. - ღვთიური არსებისთვის ის არ არის განპირობებული არანაირი "შინაგანი აუცილებლობით"... ღმერთი იმიტომაა შემოქმედი, რომ ისურვა ამად ყოფნა" (Лосский В.Н. Догматическое богословие // Богословские труды. Сб. 8. М.: Издание Московской Патриархии, 1972. С. 145). წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღმერთმა "სიყვარულის სიჭარბის" გამო არარსებობიდან ყოფიერებად მოიყვანა ადამიანი (Григорий Нисский, святитель. Большое огласительное слово // Григорий Нисский, святитель. Творения: В 8-и ч. Ч. 4. М., 1862. С. 15). ადამიანის შექმნის მიზეზი ლუციფერის ამბოხი და მის მომხრე ანგელოზთა დაცემა კი არა, ღმრთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარულია.
უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ იხ. სტატია ჩვენს საიტზე: "ანგელოზთა ვაკანტური ადგილები, ანუ ერთი უცნაური სწავლების შესახებ".
_________________________________
ახლადშექმნილი ქმნილება, ღვთის სიბრძნის განჩინებით, წარმოიშვა არარაობიდან, და სამყარო, მისთვის მოწყობილი, ღვთის სიტყვით დასაბამშივე შექმნილ წყალთაგან და მტვრის ოკეანეთაგან აღმოცენდა (მართალია, მოსეს მიერ აღწერილ ქმნილების ისტორიაში, სამყაროს საწყის მტვერზე არაფერია ნათქვამი, იგავთა წიგნის გამოთქმა (იგავ. 8:26) საწყის მტვერზე სავსებით შეეფერება მეცნიერულ თვალსაზრისს და აახლოვებს მას უფრო თანამედროვე წარმოდგენასთან საწყის ატომებზე).
შემოქმედის სიდიადე ამ საწყის ატომებში გამოვლინდა, რამეთუ ისინი, მიუხედავად თავიანთი უმნიშვნელობისა, უფორმობისა, უხილავობისა და მოუწყობლობისა, მასალად ემსახურნენ არა მხოლოდ ბუნების სამეფოს, არამედ ადამიანის მოწყობასაც, რომელიც მოწოდებულია მეფობდეს ბუნებაში და სრულყოფილებამდე ამაღლდეს ერთობაში ღმერთთან.
ჩვენთვის დაფარულია, ატომთა პირველადი წყლები დიდხანს წარმოადგენდნენ თუ არა რაიმეს, გარდა უფსკრულის ტალღათა მსგავსი ქაოსისა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადება წმიდა წერილში ხილული სამყაროს დასაბამის ჭვრეტის შესაძლებლობას გაძლევს მაშინ, როდესაც წყალთა ქაოსს უკვე დაჰფარფატებს ცხოველმყოფელი სულიწმიდა. ამრიგად, ხილული სამყაროს ისტორია იწყება მარტივი ნივთიერების პირველადი წარმოშობითა და სულიწმიდის მიერ მისი უდიდეს სფერულ სხეულებად გარდაქმნით.
დღევანდელი სტიქიები, ანუ მიწა, წყალი და ჰაერი, დასაბამში სხვა არაფერს რომ არ წარმოადგენდნენ, გარდა უფორმო მტვრისა, ეს ჩანს ღვთის სიტყვის მოწმობიდან (იგავ. 8:26) და იმ დაკვირვებათაგან, რომლებიც ამ მოწმობებს ადასტურებენ.
ბუნების სამეფოს კვლევებმა სრულიად დაადასტურა და ნათელჰყო აზრი, რომელიც ჯერ კიდევ სოლომონმა გამოთქვა, კერძოდ ის, რომ სამყაროს სტიქიები ერთი უფორმო ნივთიერებისგან შედგება, ანუ ფლობს ბუნების ერთიანობას.
ეს უმცირესი და უხილავი ნაწილაკები შემოქმედისგან დაჯილდოებულნი არიან ჩვენთვის მიუწვდომელი მოქმედების ძალით, რომლის წყალობითაც მათ, თავიანთ შეერთებათა და შეხამებათაგან, სხეულთა სახეობების უთვალავი მრავალფეროვნება წარმოქმნეს მტვრისაგან აღმოცენებულ ბუნების სამეფოში.
სინათლის ფიზიკური საწყისი შეიქმნა ქმნილების პირველ დღეს, მისგან წარმოშობილ ფიზიკურ ძალებთან — ელექტრობასთან და სითბოსთან ერთად, ღვთის სიტყვისამებრ: "იქმენინ ნათელი" (დაბ. 1:3). ის გამოვლინდა სამყაროს ერთ მხარეში — აღმოსავლეთში. ქმნილების მეოთხე დღეს ამ ნათლით შეიმოსნენ დიდებული ბნელი სხეულები, რომელთაც დაევალათ სხვა, მათგან აღებული მცირე ბნელი სხეულების მართვა მიზიდულობის ძალით, გაეთბოთ ისინი და გაენათებინათ თავიანთი გვირგვინოსანი, სხივმოსილი საფარველის სამმაგი - სინათლის, სითბოსა და ელექტრონული სხივებით.
მზის ბნელი ბირთვი, სამყაროს ყველა სხვა მსგავს სფეროსთან ერთად (2), დასაბამშივე შეიქმნა საწყის ატომთა წყლებისგან, რომლებიც თავდაპირველად უფსკრულის სივრცეებს ავსებდნენ. წყალთა ეს ოკეანეები, ღვთის სიტყვის ბრძანებითა და ღვთის სულის მოქმედებით, დიდ სფეროებად უნდა დაყოფილიყვნენ, ხოლო ეს უკანასკნელნი, უკვე დროში, ანუ ქმნილების მეორე დღეს, პლანეტებად უნდა გამრავლებულიყვნენ.
_________________________________
2. ეგრეთ წოდებული უძრავი ვარსკვლავები, რომლებიც სინამდვილეში იგივეა, რაც ჩვენთვის ცნობილი მზე, ჩვენი დღის მნათობი, რომელიც ერთ-ერთია ღვთის დიდებულ სახლში არსებულ დღის მნათობთა უსასრულოდ დიდი რაოდენობიდან.
_________________________________
მესამე დღეს, ხმელეთის დამფარავ ზღვის ტალღათა აორთქლებით, იმავე სიტყვითა და სულით, შეიქმნა ჰაერი, ღრუბლები და მტკნარი წყალი, ხოლო სულიწმიდაში მოქმედი იპოსტასური სიბრძნის ყოვლისშემძლე ძალით აღიმართა კონტინენტები. ღვთის იპოსტასური სიბრძნის შემოქმედმა სიტყვამ მეორე დღეს ბრძანა პლანეტათა განმტკიცება, ანუ დიდ სფეროთა დაყოფა და პლანეტათა შორის ჰაერისთვის სივრცის გახსნა; აგრეთვე ცათა მყარის ჩამოყალიბება ღრუბლებითურთ, რომლებიც წყალთა აორთქლებისაგან წარმოიშვნენ; ხოლო სიტყვისა და სულის ყოვლისშემძლე ძალით, მესამე დღეს გამოჩნდა, ანუ წყალთაგან აღზევებულ იქნა, ხმელეთი — და წარმოიშვა მცენარეულობა სრულყოფილ ასაკში.
ეს ყოველივე უზენაესის სიბრძნისა და ძალის სასწაულებია. სწორედ ასევე სასწაულებრივად აღეშენება ღვთის საქმე ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებაშიც (მიტრ. ფილარეტ მოსკოველის, "შენიშვნებიდან დაბადების წიგნზე"), რომელიც პირველად განათლდა შინაგანი ნათლით, რათა შეემეცნებინა წმიდა წერილი და ქრისტეს მცნებები. მისთვის მალე დგება შინაგანი სამყაროს მოწყობის მეორე პერიოდი, რამეთუ ხორციელ ვნებათა ტალღები თანდათან იფანტებიან, და იქ, სადაც მათი მღელვარება მძვინვარებდა, მკვიდრდება სიმტკიცე და თავშეკავებულობა მადლისმიერი ნათლის ზემოქმედებით, რომელიც ნაკლოვანებათა შემავსებელი და კაცობრივ უძლურებათა მკურნალია.
ვნებათა თანდათანობითი დაშლა მოქმედებს შემდგომ პერიოდშიც, რომელიც სამყაროს მოწყობის მესამე დღეს შეესაბამება, როდესაც ვნებათა წყლები საზღვრებს ექვემდებარებიან და ორთქლდებიან, ხოლო სურვილთა ტალღები ისეთ ზღვარში ექცევიან, რომელთა გადალახვაც არ შეუძლიათ, და მათი სიმძვინვარე უკან იხევს მტკიცე სულის საკეთილდღეოდ, დასასვენებლად და დასამშვიდებლად.
მადლისმიერი ცხოვრების ამ ჟამს, ადამიანის გული, განბანილი ვნებათა ტალღებისგან, შესძლებს მიიღოს სულიწმიდის ცხოველმყოფელი სითბო და აღმოაცენებს სულის ნაყოფს: "სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, დიდსულოვნებას, სიტკბოებას, სიკეთეს, რწმენას" (გალ. 5:22, 23).
ამ ქვეყნის აღსასრული, არსებითად, არ იქნება განადგურება, არამედ მხოლოდ დედამიწის განახლება (გამოცხ. 21:1).
თავშეუკავებელთა და არაფხიზელთაგან მასზე ვერავინ იცხოვრებს, არამედ მისი განახლებული ძალები მარადჟამს მოემსახურებიან განახლებულ ქმნილებას ცხოვრების ახალ პირობებში.
ჟამთა აღსასრულისას, სამყაროს მესამე დღეს შეესაბამება მესამე ბეჭდის მოხსნა, უკანასკნელი ჟამის განჩინებათა წიგნიდან. ნიშნად დადგენილია მიწის ნაყოფთა სიმწირე და, ამის გამო, არსობის პურის უკიდურესი სიძვიერე (გამოცხ. 6:5, 6). მკითხველმა გულისხმაყოს: ხომ არ ეხება ეს მის ჟამს, როგორც აღსასრულის დასაწყისს?
მეოთხე დღე აღინიშნება პირველ დღეს შექმნილი ნათელმოსილი საწყისის საბოლოო და თანაბარი განაწილებით სამყაროთა შორის, თითოეულის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.
ამ ნათელმოსილი საწყისით, როგორც სამეფო პორფირით, იმოსებიან სამყაროს დიდებული სხეულები, რომელთაც დანიშნული აქვთ მცირეთა მართვა და მათი ბრწყინვალებით შემოსვა იმ მხრიდან, რომელიც მისკენ არის მოქცეული, ხოლო სიბნელეში ტოვებენ იმ მხარეს, რომელიც მისგან მიქცეულია.
არავის რომ არ მოჰკლებოდა მზისაგან გადმოფრქვეული სიკეთენი, ყველა ბნელმა მიწიერმა სფერომ მიიღო ბრუნვითი მოძრაობა თავისი დახრილი ღერძის გარშემო და, ამასთანავე, წლიური მოძრაობა თავისი ცენტრალური სფეროს, როგორც თავისი პირველწყაროს გარშემო. ამ ორმაგი მოძრაობით პლანეტებს ებოძათ დღისა და ღამის, აგრეთვე წელიწადის დროთა მონაცვლეობა, რაც აუცილებელია მათი დროებითი არსებობისათვის — რათა აღდგეს ნივთიერი, უძლური ბუნების გამოფიტული ძალები მისივე დროებითი დანიშნულების აღსრულებისას.
ამ მოძრაობათა წყალობით დედამიწის სფეროს ყოველი ადგილი მზის სხივთა მოქმედების ქვეშ ექცევა. აქედან გამომდინარეობს სხივთა ენერგიის მრავალფეროვნება, რამეთუ მათი მიმართულება ხან პირდაპირია, ხან კი — ირიბი, რის გამოც მეტ-ნაკლებად თბება ან ნათდება სფეროს ზედაპირის სხვადასხვა სარტყელი, აგრეთვე მიმდებარე საჰაერო სივრცეც, ოღონდ ეს უკანასკნელი — მხოლოდ დედამიწიდან არეკლილ სხივთა მეშვეობით.
სამყაროს მოწყობაში ღვთის ქმნილების მესამე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ სწორედ ამ დღიდან იწყებს არსებობას დედამიწაზე მცენარეულობა. დედამიწა მოისხამს პირველ და ყველაზე უხვ ნაყოფს ბუნების სამეფოს მკვიდრთა საჭიროებისათვის. ამ დღიდან დედამიწა, კეთილი დედასავით, იწყებს თავისი, თავდაპირველად მტკიცე და უძლიერესი ძალების დახარჯვას ადამიანთა და სხვა ცოცხალ ქმნილებათა სასარგებლოდ და განსამტკიცებლად. და ეს გაგრძელდება ზუსტად იმ ჟამამდე, სანამ მისი დამუშავებისადმი გულგრილობით დაუძლურებული დედამიწა არ მოაკლდება ძალებს და კაცობრივი მოდგმის საზრდოობის ტვირთს ვეღარ ზიდავს.
მაგრამ იგი არ შეწყვეტს თავის საქმეს თვით თავისი აღსასრულის ჟამამდე. ღვთის აღთქმისამებრ: "ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, ... არ გაუქმდება" (დაბ. 8:22). თვით სამყაროს აღსასრულიც კი მიასწრებს მას, როდესაც ის კაცთა მოდგმას უკანასკნელ, მწირ მოსავალს შესთავაზებს.
რამდენად დიდია ეს, არეკლილ სხივთა მიერ განათებული სივრცე, იმ მეცნიერთა მიერ იქნა გამოკვლეული, რომლებიც საჰაერო ბურთებით ღრუბელთა მიღმა სფეროებში აღმაღლდნენ. დადგინდა, რომ უკვე შვიდი ვერსის სიმაღლეზე სიბნელეა გაბატონებული და ცა თითქმის შავად მოჩანს, რომელიც ღამეზე გაცილებით უფრო ბნელია. ამ ბნელ ფონზე გასაოცარი ბრწყინვალებით ანათებენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები, მაგრამ ისინი უკვე აღარც ათბობენ და აღარც ანათებენ სივრცეს, თუმცა უფრო ძლიერად ბრწყინავენ, ვიდრე ეს დედამიწიდან უმთვარო ღამეს მოჩანს. დედამიწისგან არეკლილი მზის სხივები კი იქამდე ვერ აღწევს. მსგავს სანახაობას წარმოადგენს ცა დღისით უაღრესად მაღალ მთიანეთში, სადაც, დიდი სიმაღლის გამო, ღრუბლები არ არის. ამბობენ, რომ იქ ცა მუდამ მუქი ლურჯია და ვარსკვლავები დღისითაც კიაფობენ.
საკვირველია, რატომ არ არის განათებული უფსკრული, იგივე ცათა მყარი, რომელიც დედამიწის სფეროს გარს აკრავს, არამედ დედამიწისაგან მოშორებით დაფარულია მკვრივი სიბნელით, რომლის შუაგულშიც მნათობები ბრწყინავენ — სწორედ ისინი, რომელნიც ანათებენ დედამიწასა და მის მოსაზღვრე უახლოეს სივრცეს და მოსავენ მას ცისფრად, ზოგჯერ კი, ბინდისფრად და სხვა ფერებითაც. ეს კი იმის გამო ხდება, რომ მნათობთა სხივები, ოდნავ ორთქლით გაჯერებულ სივრცეში გავლისას არ იშლებიან და არ წარმოშობენ იმ მოვლენებს, რომლებსაც ჩვენ განათებასა და გათბობას ვუწოდებთ. ხოლო ჰაერის იმ სფეროებში შესვლისას, რომლებიც ღრუბელთა სახით ორთქლით არიან გაჯერებულნი, სხივები გარდატყდებიან და შვიდ სხვადასხვა ფერში აირეკლებიან, უმეტესად — ცისფრად. ამით ისინი საგნებს არა მხოლოდ ანათებენ, ათბობენ და სხვადასხვა ფერად "ღებავენ" მათ, არამედ გარეგან სილამაზესაც ანიჭებენ, რომელიც სინამდვილეში ამ საგნებს არ გააჩნიათ. ასე, მაგალითად, უფსკრული, იგივე ხილული ცა, სინამდვილეში შავია, მაგრამ დედამიწასთან ახლოს, სხივთა გარდატეხისა და დაშლის გამო, ცისფერ შეფერილობას იძენს.
მსგავსი რამ ხდება ყველა საგნის შემთხვევაშიც.
ბუნების ეს მოვლენა იმაზე მეტყველებს, რომ ფიზიკური ნათლის სასწაულებში სამყაროს შემოქმედმა აღბეჭდა უხილავ, სულიერ სასწაულთა მსგავსება, რომლებიც ღვთაების ნათლისაგან წარმოიშობა. გონიერი ქმნილებანი, თავისთავად, ბნელნი არიან. ხოლო მადლისმიერი ნათლის ზემოქმედებით სიბნელეს განეშორებიან. სულის შინაგანი განათებისა და სითბოს მიღებისას, ისინი უახლოვდებიან იმ ზნეობრივ სილამაზეს, რომელიც განსაზღვრულია მათთვის შემოქმედის განგებულებით.
თეთრი, ანუ უფერო სხივის შვიდ კაშკაშა ფერად დაშლა გვაგონებს სულიწმიდის შვიდ მადლიერ ნიჭს, რომლებიც რწმენის საიდუმლოებით განამტკიცებენ სულის ძალებს, რათა იზრდებოდნენ სათნოებაში ღვთის სადიდებლად. სინათლის ფიზიკური მოვლენები სულიერთან ისეა დაკავშირებული, როგორც ფოტოგრაფიული გამოსახულება იმასთან, რასაც იგი ასახავს.
ყოველი ხილული საგანი გარეგან შეფერილობას თავისი შინაგანი უნარისგან იძენს, აირეკლოს ესა თუ ის სხივები ცისარტყელის შვიდ ძირითად ფერთაგან.
ასევე ჩვენი სულიც, თავისთავად, ის სიბნელეა, და თუ სინამდვილეში ასეთი არ არის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისგან ბოძებული აქვს უნარი, მიიღოს მადლისმიერი ნათელი და სითბო თავისი შემოქმედისა და განმგებლისაგან. ადამიანის სულისთვის ის არის სულიერი მზე, ანუ მზე სიმართლისა. მის გარეშე სულში სიბნელეა, მჭმუნვარებაა, სასოწარკვეთილებაა, ბოროტებაა.
როგორც დედამიწის ზედაპირის არცერთი წერტილი და მასზე მყოფი არცერთი საგანი არ არის მოკლებული მზის სხივთა კეთილისმყოფელი მოქმედების შესაძლებლობას, ასევე არცერთი გონიერი ქმნილება არ არის მოკლებული შესაძლებლობას, თუ ინებებს, ისარგებლოს სამყაროს ჭეშმარიტი მზის, ყოველი ქმნილების შემოქმედისა და განმგებლის სხივთა მადლისმიერი ზემოქმედებით.
პირველი ადამიანი განერიდა სიმართლის მზეს და ზნეობრივი სიბნელის სფეროში შთავარდა, ოღონდ არა სრულ წყვდიადში. მას შემდეგ, ქრისტეს, ნათლისმფენელ გამოცხადებამდე, მცირედნი თუ მიმართავდნენ ამ ნათელს. ადამიანი შეეჩვია ზნეობრივი სიბნელის მდგომარეობას, როგორც ბოროტების საქმნელად უფრო მოსახერხებელს, თან იქამდე, რომ შეიყვარა თავისი ჯაჭვები და ბორკილები. ნათლის რჩეულები გლოვობდნენ, რადგან ხედავდნენ ღვთისმსგავს ქმნილებათა ბუნების ზნეობრივი სიბნელისადმი დამონებას.
ეს რჩეულები მოუთმენლად ელოდნენ კაცობრიობისათვის აღთქმულ ჟამს, როდესაც მადლისმიერი ნათელი კაცობრიობის საკუთრება გახდებოდა, თუ არა მთლიანად, სულ მცირე, მისი იმ ნაწილისა, რომელსაც სრულიად არ დაუკარგავს ჭეშმარიტების სულიერი ნათლის აღქმის უნარი.
რაოდენ ნეტარია ჩვენი საუკუნეები აღთქმული ნათლის, ქრისტეს მოსვლამდელ საუკუნეებთან შედარებით. ჩვენ, ჭეშმარიტების ნათლისკენ მოქცეულ მხარეში, გვეძლევა შესაძლებლობა, აღვიქვათ მადლისმიერი ნათელი და ქრისტეს მადლით დავუბრუნოთ ჩვენს ბნელ და ვნებიან ბუნებას მისი პირველქმნილი ნათელმოსილება.
რასაკვირველია, სიბნელესთან ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მადლისმიერი ნათლის შეწყნარება. სად არის ამ ბრძოლის ველი, რათა ვიცოდეთ, სად უნდა ვისწრაფოთ საომრად? საომარი ველი ჩვენს შიგნითაა, რამეთუ სიბნელეს ჩვენ გარეთ კი არა, საკუთარ თავში ვხედავთ. მას ვაცნობიერებთ გრძნობებში, აზრებში, განზრახვებსა და შეგრძნებებში. სიბნელე ვლინდება სიტყვებსა და საქმეებში, რომლებიც ასახავენ ჩვენს ჭეშმარიტ მდგომარეობას, რომელიც სრულიად უცხოა იმ შეფერილობისა, რასაც აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს ანიჭებს სიმართლის მზის შინაგანი, მადლისმიერი ნათელი.
ხდება ხოლმე ისიც, რომ სიტყვებსა და საქმეებს თითქოს მიმზიდველი შეფერილობა აქვთ, რაც მოსაწონია მათთვის, ვინც არ იცნობს ჭეშმარიტ ნათელს და ვერ არჩევს სიცრუეს ჭეშმარიტებისგან. ასეთი შეფერილობა დროებით ცდომილებაში გვაგდებს.
ყალბ შეფერილობას გამოცდა გამოავლენს. მშვენიერი ორნამენტები სრულებით სხვა სახით წარმოჩნდება. ასევე, პირმოთნისაგან განსაცდელის დროს უეცრად ადამიანი-მხეცი გამოვლინდება. ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, მან უნდა შესძლოს ჭეშმარიტის სიცრუისგან გარჩევა: წინასწარმეტყველისა ცრუწინასწარმეტყველისგან.
ყალბი შეფერილობა, ანუ პირმოთნეობა ცდილობს მიჰბაძოს ჭეშმარიტებას იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა შეცდომაში შესაყვანად. აქედან მომდინარეობს მოძღვრებათა და ზნეობრივ დარიგებათა მთელი სისტემები, რომლებსაც ჭეშმარიტების სახე აქვთ, მაგრამ არა მისი ნაყოფი. გამოსაცდელად არსებობს საცდელი ქვა იმისა, თუ რა არის ჭეშმარიტი და რა — მცდარი.
ეს საცდელი ქვა არის მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და მისი წმიდა მოციქულებისა, რომელიც გადაეცა წმიდა ეკლესიას, როგორც ჭეშმარიტების ერთგულ მცველს.
ამ მოძღვრებაში ჩაღრმავება მის ერთგულ მცველად ყოფნას ჯერ კიდევ არ ნიშნავს სწორედ იმიტომ, რომ ცალკეულმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს ყველაზე აუცილებელი: როგორ უნდა გამოიყენოს საქმეში სახარების მცნებები.
ეს ცოდნა არის სულიწმიდის მადლი, მოვლენილი წმიდა ეკლესიის მწყემსთათვის, თუმცა განცალკევებული ცეცხლოვანი ენების სახით, მაგრამ ურთიერთსიყვარულისა და ჭეშმარიტების შეცნობის კავშირით ერთ მთლიანობად შემაერთებელი მწყემსისა მის სამწყსოსთან.
თუ ვხედავთ მოძღვარს, რომელიც გამოეყოფა კავშირს წმიდა ეკლესიასთან და განხეთქილებას იწვევს, ის არ არის სულიწმიდის მადლისგან. მისი მოძღვრება არის ცრუ ნათელი, რომელიც იძლევა ყალბ, არამტკიცე შეფერილობას და ვერ უძლებს გამოცდას. თუნდაც ციდან გამოცხადებულმა ანგელოზმა გამოიწვიოს განხეთქილება, მასაც არ უნდა ვენდოთ, მოციქულთა ანდერძისამებრ (გალ. 1:8). და ამასობაში, რა ხშირად ვიტაცებთ ახალი მოძღვრების ქარს და ვფიქრობთ, რომ გვერდზე, ეთიკის მასწავლებელთან, ჭეშმარიტება უკეთ ცხადდება, ვიდრე ქადაგებს ამას წმიდა ეკლესია. მწარე და დამღუპველია ეს შეცდომა!
ბუნების სამეფოში არსებობს ისეთი ზეციური სხეულები, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან მზის მოქმედების სფეროში და კვლავ ქრებიან.
ამგვარ სხეულებს ყველა იცნობს იმ არასასიამოვნო შთაბეჭდილებათა გამო, რომლებსაც ისინი მზის სისტემაში გამოჩენისას აღძრავენ. თვით მათი სახე იწვევს უნებურ შიშსა და რაიმე უბედურების მოლოდინს. ისე გეჩვენება, თითქოსდა ჰაერში მახვილი ჰკიდია. ესენი არიან მოხეტიალე სხეულები, ანუ კომეტები. ისინი მუდმივად იცვლიან თავიანთ გზებს, ერთი მზის სისტემიდან მეორეში გადადიან და ვერსად პოულობენ სადგურს. რატომ ხდება ეს? განა იმიტომ არა, რომ მათ არ გააჩნიათ მყარი, მთლიანი ბირთვი, არამედ შედგებიან მრავალი წვრილი ნაწილაკისგან, რომლებიც, პლანეტის მიზიდულობის არეში მოხვედრისთანავე, ცვენად ვარსკვლავებად იქცევიან და მზეს შორდებიან.
სამყაროს ყოვლისშემძლე მომწყობს ენება ხილულ მოვლენებში აღებეჭდა უხილავი სამყაროს საიდუმლონი და გამოეცხადებინა, თუ რატომ მოხდა ზეციური სამყაროს ვარსკვლავთა დაცემა და დღემდე რატომ ეცემა მრავალი ადამიანი, რომელთაც არა აქვთ მყარი რწმენა და ამიტომ განეშორებიან წმიდა ეკლესიას.
შედარებათა გაგრძელებით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მზის სისტემა არის ოჯახის გამოხატულება იმ წესით, რომელიც განსაზღვრულია ამ ღვთაებრივი დაწესებულებისთვის სამყაროს შემოქმედის განგებულების გეგმაში.
პირველ ადამიანურ ოჯახში უფროსობა და მმართველობა ადამს ებოძა, როგორც მზეს, ხოლო ევას, როგორც მისგან წარმოშობილს, საპატიო, მაგრამ დაქვემდებარებული მდგომარეობა ერგო, მსგავსად იმისა, რაც მთვარეს უპყრია მზის სისტემაში.
შვილებს, მზისაგან წარმოშობილ პლანეტათა მსგავსად, განესაზღვრათ დამოკიდებულება ორივე მნათობზე, რამეთუ ისინი ორივეს სიკეთით განუყოფლად არიან მათთან დაკავშირებულნი.
დაცემა, რომელიც პირველ ადამიანურ ოჯახს დაატყდა თავს, მოხდა იმის გამო, რომ ცოლი გამოვიდა მისთვის განსაზღვრული დაქვემდებარებული მდგომარეობიდან და ქმრის გვერდის ავლით დაუწყო მიყურადება გაღმერთების მაცდურ რჩევებს. სიამაყის უფსკრულში დაცემით მან თითქმის დაანგრია ადამიანური ოჯახი, რომელთანაც განუყოფლად იყო დაკავშირებული.
მთელი კაცობრიობა მაშინ ამ ოჯახში იყო მოქცეული და მისი დანგრევა საბოლოოდ გაანადგურებდა მათ მთელ შთამომავლობას. ის მთლიანად ცვენად ვარსკვლავებად იქცეოდა. სამყაროს ყოვლადკეთილმა მომწყობმა იზრუნა დაცემული ქმნილების განსამტკიცებლად და უკეთესი სახით მისი გაახლებისთვისაც კი.
ზეციურ აღმაშენებელს თავად მოუწევდა დიდი ადამიანური ოჯახის, ანუ ეკლესიის ახალი ნაგებობის სათავეში ჩადგომა, რომელიც არის სვეტი და საფუძველი ჭეშმარიტებისა.
გვაქვს თვით ზეციური ხუროთმოძღვრის რწმუნება, რომ ვერანაირი მტრული ძალები ვერ შეარყევენ და ვერ დაამარცხებენ ეკლესიას უკანასკნელ დღემდე. რაც უფრო ახლოვდება ქრისტეს ეკლესიის გვირგვინი, ქრისტეს ჭეშმარიტი მშენებლობის საწინააღმდეგოდ მიწიდან აღმოცენდება ნაგებობა,— ბაბილონი, რომელიც არის ამ წუთისოფლის თავადის, წითელი ურჩხულის სამეფო.
მეორდება ძველთა საქმე, რომელთაც სურდათ მიწაზე უკვდავეყოთ საკუთარი თავი და სახელი მოეხვეჭათ. დღევანდელი ქამიტებიც, ძველთა მსგავსად, იმაზე კი არ ოცნებობენ, მათი სახელები ცაში იყოს ჩაწერილი, არამედ იმაზე, რომ მიწაზე დატოვონ სახელი და თავიანთი საქმეების ხსოვნა. აქედან გამომდინარეობს ახალი ბაბილონი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ჭეშმარიტებისა და სიცრუის შერევა.
წმიდა ეკლესიის ნათელი, ბრწყინვალებით მოელვარე სწავლების ნაცვლად, რომელიც ეფუძნება სახარებას, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, ეკლესიის მამებსა და მსოფლიო კრებებს, ისინი ელტვიან განდგომილ სწავლებასა და ბნელ ფილოსოფიურ სისტემებს, რომლებშიც ჭეშმარიტება სიცრუესთან არის შერეული, ხოლო სიმართლე გადაჯაჭვულია უსამართლობასთან.
ეს ახალი ბაბილონის მხოლოდ საძირკველია. თუ რა მოხდება შემდეგ, ამის მიხვედრა შეიძლება იმ მიწიდან აღმოცენებულ საზოგადოებებზე დაკვირვებით, რომლებიც ემუქრებიან ადამიანთა ჯანსაღი ცნებების დამხობას, ძველი ბაბილონის ცნებათა აღრევის განმეორებას და ახალი ამბოხის აღძვრას უზენაესის წინააღმდეგ.
ყოვლისშემძლის განზრახვა და მისი განჩინებანი უცვლელნი არიან. ახალ ბაბილონს ძველის ხვედრი ელის, თუნდაც ცამდე ამაღლდეს იგი. მიუხედავად ამისა, ცრუსწავლების კოშკი დღითიდღე კი არა, საათობით იზრდება. დიდია საფრთხე დავკარგოთ თვით ცხონების გზა იმ განფენილ მტვერში, რომელსაც ბაბილონის მშენებლობით აღმართავენ მეოცნებენი და მიწაზე საკუთარი სახელების აღმბეჭდავნი.
სად უნდა გავიქცეთ ამ მტვრისგან?
სად, თუ არა მშვიდ სადგურში, რომელიც ხელთუქმნელ და მარადიულ ნაგებობაშია გახსნილი, სადაც თვით სამყაროს მომწყობი და ჩვენი ცხონების აღმაშენებელი სიყვარულით იღებს ყველა დამაშვრალსა და ტვირთმძიმეს? უეჭველად, ასჯერ უკეთესია უსახელო მონა იყო ღმრთის სახლში, ვიდრე ბაბილონის სახელოვანი და დიდებული მშენებელი, რომლის აღსასრულიც წარწყმედა და მარადიული ტანჯვაა ცეცხლოვან და გოგირდოვან ტბაში.
მივაპყროთ მზერა ზეციურ მნათობებს და ვისწავლოთ ეკლესიის ყოვლისშემძლე აღმშენებლის დიდება, რომელმაც ის სულიერი მნათობებით შეამკო და, რომლებსაც ეკლესია წმიდა მამებს უწოდებს. ისინი გვასწავლიან ხელოვნებას, ვიპოვოთ ცხონების გზა ბაბილონის ნაგებობის მტვერში, როგორც ზეციური მნათობები ასწავლიან ზღვაოსნებს ჭეშმარიტ გზას მშვიდი და აუღელვებელი ნავთსაყუდელისკენ.
ნეტარ სულთა სამყარო არ არის შექმნილი ატომებისგან, რამეთუ თავის არსებობაში ის განპირობებულია გონიერი ნათლით, როგორც ზეციური სამყაროს სფეროთი. ის ცათა ცად და მესამე ცად იწოდება. სამოთხედაც, რომელიც მოპოვებულ იქნა ჩვენთვის, დაცემულ კაცთათვის, ღვთის განკაცებული და იპოსტასური სიბრძნის სისხლის უზომო საფასურით.
ღვთის სიტყვის მოწმობით, აქ, ამ ცხოვრებაში ყოფნისას, ჩვენ ჯერ კიდევ ვერც ვხედავთ, ვერც ვისმენთ და ვერც ვაცნობიერებთ იმ ნეტარ მდგომარეობას, რომელიც გამზადებულია ღვთის მოყვარულთათვის. ამის ნაცვლად, შეგვიძლია და უნდა ვირწმუნოთ მომავალი საუკუნის ნეტარება ისე, თითქოს ვხედავდეთ, ვისმენდეთ და ვაცნობიერებდეთ მას ჩვენი გონებით, როგორც ყველაფერ იმას, რაც თვალწინ გვიდგას. განა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სოფლად ცხოვრებისას, ჩვენი გონება მასზე მაღლა უნდა ფრენდეს და მუდმივად განეშორებოდეს ხილულს, რათა თავისუფლად ვუცქერდეთ ცაში ჩვენთვის გამზადებულ ნეტარებას? ამა სოფლის ზღვის აუტანელი ხმაური განაშორებს ჩვენს ყურადღებას ცათა სასუფეველს და აზრს იმდენად მიაჯაჭვებს მიწიერ სფეროს, რომ მომავალ საუკუნეზე ფიქრის დროც კი არ რჩება.
ჩვენი რწმენა შორს არის იმ რწმენისგან, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე წინასწარ უნდა განიცდიდეს მომავლის სიხარულს. პირიქით, მარადისობაზე, სხვა სამყაროში გადასვლაზე ფიქრისას სიხარულს კი არა, ანგარიშმიუცემელ შიშს ვგრძნობთ. ეს ასე არ იქნებოდა, აზრი რომ შეჩვეულიყო იქ ყოფნას, სადაც მას ელის ღვთის მოყვარულთა ნეტარება, მარადიული განსვენება და გამოუთქმელი სიხარული.
ცოდვილი მდგომარეობა დიდად უშლის ხელს იმ თავისუფლებას, რომელიც უმანკო შვილებს ახასიათებთ მშობლებთან ურთიერთობისას, როდესაც თავიანთ თავში არ გრძნობენ ისეთ დანაშაულს, რომელიც მშობლიურ სიყვარულს განიოტებდა.
მომავალი სიკეთეების იმედით ტკბობისთვის აუცილებელია განვეშოროთ ცოდვას და ყოველივე ამაოს, ამქვეყნიურს, და განსაკუთრებით — ამსოფლიურ სიამაყეს.
შეუძლებელი შესაძლებელი გახდება, და ის, რაც თვალს ჯერ არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ხელმისაწვდომი გახდება შინაგანი, ჭვრეტითი უნარისთვის, რომელიც სინანულის ცრემლებით არის განწმედილი. მაშინ რწმენა მიუახლოვდება იმ მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება ხილვა იმისა, რაც საფლავის მიღმა გაეხსნება სულის სულიერ თვალებს.
დიდი ბედნიერებაა — მჭვრეტელი რწმენით მოიცვა მომავალი საუკუნის სიკეთენი. მაშინ გასაგები ხდება მიწიერი ცხოვრების მიზანი, იმ განსაცდელი გაჭირვების მიზეზები, რომელიც ზოგჯერ სუნთქვას გვიკრავს, როგორც წყალწაღებულს. ყოველივე ამის ატანა უფრო ადვილია მოთმინებით და იმის იმედით, რომ აღსასრული ახლოა, რომელიც გვირგვინს დაადგამს მოთმინებას და დაგვავიწყებს ყოველივე უსიამოვნოს, და არა მხოლოდ დაგვავიწყებს, არამედ გვანანებს კიდეც იმას, რომ ესოდენ ცოტა გადავიტანეთ.
ამსოფლიური გასაჭირითა და ცვალებადობით გამოწვეულ სივიწროვეში არც ისე ადვილია ზეციურის ჭვრეტა, მაგრამ განა მწუხარება და სივიწროვე მუდმივად ახლავს თან ცხოვრების გზას? არსებობს შეღავათის ჟამიც. ეს შეღავათის ჟამი უნდა გამოვიყენოთ ზეციურზე საუბრისა და ზეციურ სიკეთეებზე ლოცვისთვის. ჩვენ შიგნით მიმდინარე მძიმე სულიერი ბრძოლის შესამსუბუქებლად, საჭიროა შეწყალებისთვის ვევედროთ ქრისტეს, ჩვენს ღმერთსა და მაცხოვარს. ნეტარნი არიან ისინი, ვინც შეიძინა განუწყვეტელი ლოცვის ჩვევა. ნეტარნი არიან ისინი, ვისშიც ის ბუნებად იქცა და სუნთქვას შეერწყა. მათი ყოველი სუნთქვა აქებს ღმერთს. უტკბესი სახელი, რომლის მსგავსი არც ცაშია და არც მიწაზე იესუ ქრისტეა. ქრისტეს სახელი ჩვენი სუნთქვა უნდა იყოს ცხადსა და ძილში, ყოველთვის და ყველგან.
დღესდღეობით სულ უფრო და უფრო იხსნება ბუნების დიდი წიგნი, როგორც გამოცხადება შემოქმედის შესახებ. განა ის ყველაზე ნათლად არ მეტყველებს აღმაშენებლისა და შემოქმედის ერთობაზე, ყოვლისმპყრობელისა და უფლის ერთობაზე, ყოვლის აღმასრულებლისა და განმგებლის ერთობაზე? სად არის უფრო მეტი სიმშვიდე ქვეყნად, თუ არა თვითმპყრობელი მეფის, თავისი ერის უსაზღვრო მამის სამეფოში? რომელ ოჯახშია წესრიგი და კეთილმოწყობა, თუ არა იქ, სადაც თვით მამა აწესრიგებს ყოველივეს?
ცხადია, რომ ყოველ მიწიერ საქმეში წესრიგი და კეთილმოწყობა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ერთი პატრონი და განმგებელია. ამას ადასტურებს მრავალთათვის ცნობილი ანდაზაც: "საქმეს აკეთებს არა ხალხი, არამედ კაცი". ერთმმართველობა კეთილმოწყობის ნიშანია და პირიქით: კეთილმოწყობა ერთმმართველობის ნიშანია.
ბუნების სამეფოში უზენაესი კეთილმოწყობა ნერგავს სრულ რწმენას მთელი ქმნილების მეფისა და უფლის ერთობისადმი.
ბუნების სამეფო გვაუწყებს აგრეთვე შემოქმედის სამებისეული ერთობის მიუწვდომელ საიდუმლოს. ამ საიდუმლოს ბეჭედი ღრმად არის დასმული ყველა შექმნილი ნივთის, ყოველივე იმის ბუნებაში, რაც ნივთიერებისგან, ანუ მტვრისაგან არის მოწყობილი. სამებისეული ერთობა, როგორც ძირითადი აზრი, გატარებულია შემოქმედის სიბრძნის ყველა ნაწარმოებში.
განა ბუნების იგივე წიგნი არ გვეუბნება შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და მის ყველგანმყოფობაზე?
შეხედეთ ცას, მოფენილს სფეროებითა და მზეებით, რომლებიც უფსკრულის სივრცეებში უხილავ ხელს უპყრია.
მიმოიხედეთ ირგვლივ და იკითხეთ: ვისი ხელი არ იღლება ქმნილებათა უთვალავი სიმრავლის გამოსაკვებად, არა მხოლოდ დიდი, არამედ ისეთი უმცირესი ქმნილებებისაც, რომელთაგან რამდენიმე მილიონი მარტო ერთ ჭიქა წყალშია? ყველა და ყველაფერი რომ შეინახო, გამოკვებო და გააცოცხლო, აუცილებელია იყო ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი, იყო ყველგან ერთდროულად, ხოლო ასეთი ამოცანა მხოლოდ ყოვლადსრულყოფილი, ყველგანმყოფი და ყოვლისშემძლე შემოქმედისა და განმგებლის სულისათვის არის შესაძლებელი.
დაუსაბამო და უსასრულო ღვთაების ხატება თვით მის მიერ არის აღბეჭდილი მის ხელთა საქმეში — სამყაროში, რომელსაც სფერული და უსაზღვრო გარეგნობა აქვს. თითოეული ცალკეული სამყაროც სფეროს მსგავსებას წარმოადგენს. ცალკეულ სამყაროთა შორის არსებული განუზომლად დიდი მანძილები და შექმნილ ქმნილებათა შორის არსებული განუზომლად დიდი მრავალფეროვნება, იმდენად დიდი, რომ უსასრულობას ესაზღვრება, გვაძლევს წარმოდგენას სამყაროს უსაწყისო მამის უსასრულო თვისებებზე.
შემოქმედის თვისებათა შეცნობაში განმტკიცებულნი, ჯერჯერობით შევჩერდეთ ერთ-ერთ მათგანზე: უსასრულო სიკეთეზე, რომელმაც არსებობა უბოძა და განაგებს ყველა თავის ქმნილებას.
უხილავი ხელი აგრძელებს სიცოცხლეს და იცავს თითოეულ ჩვენთაგანს სწორედ იმ ჟამს, როდესაც უმცირესმა შემთხვევამაც კი შეიძლება მოგვიპოს სიცოცხლე და ყოველივე, რაც ამ ცხოვრებას ამკობს.
რატომ არ უნდა შევიცნოთ, ვის ეკუთვნის ეს ჩვენი მოწყალე ხელი, და რატომ არ უნდა შეგვეძლოს მადლობა მივაგოთ ჩვენს კეთილისმყოფელს?
ადამიანისთვის დამახასიათებელი ამპარტავანი გონება შთააგონებს მას, რომ ცხოვრების ყოველ სიკეთეს ის ამ სიკეთეთა ამთვისებელ საკუთარ უნარებს უნდა უმადლოდეს. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ეს სული ადრეული ბავშვობიდანვე იჩენს თავს.
შეხედეთ ახალშობილს, რომელმაც ესესაა დაიწყო ცხოვრება, და უკვე იცილებს ძიძის ხელს, რომელიც კვებავს მას, და ცდილობს აჩვენოს, რომ თვითონ იკვებება. მით უფრო ადვილია ზრდასრული ადამიანისათვის, უკუაგდოს და არ აღიაროს უფლის კეთილისმყოფელი ხელი, რამეთუ ის გვწყალობს და გვიცავს, თვითონ კი უხილავი რჩება. რწმენა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უხილავი ხილულად მივიჩნიოთ და ხილულ სიკეთეში უხილავი კეთილისმყოფელი განვიცადოთ.
კეთილი და მადლიერი გული თვითონვე ცდილობს შეიცნოს ის, ვისაც მადლობა და დიდება უნდა მივაგოთ.
როდესაც ადამიანი ვერ ცნობს თავის კეთილისმყოფელს, იტანჯება მისი ძიებით, სანამ არ შეიცნობს მას და არ მიუძღვნის მადლიერების ხარკს მისი სახელის დიდებით. ასეთი ძიებისას ის მიმართავს მათ, ვინც მას იცნობს, და გაჰყვება მათ, სანამ ისინი საწადელ კეთილისმყოფელთან არ მიიყვანენ.
მხოლოდ მაშინ გაძღება მადლიერი გული ნეტარი მადლიერებით, როდესაც უხილავი კეთილისმყოფელი თავისი ხილული დიდებით გამოცხადდება და თავისთან მოუწოდებს ყველას, ვინც ეძებდა მას, და ვისაც თუმც არ ეხილა ღმერთი, მაგრამ უხილავადაც სწამდა მისი.
ასეთია ჩვენი ცხოვრების ნათელი იმედები, რომელთა გამო ადვილია მოითმინო მისი წმიდა სახელისთვის ის დიდი მწუხარებანი, რომლებიც ელიან მორწმუნეებს აწმყოში და განსაკუთრებით მომავალ, უკანასკნელ ჟამს, როდესაც, წმიდა წინასწარმეტყველ დანიელის თქმით "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დან. 12:1).
ამ დაწყებულ მძიმე ჟამებზე თვით უფალი გვაფრთხილებს წმიდა სახარებაში, რამეთუ წინასწარ ხედავს, რომ მრავალი შეიძლება შეცდეს მთელ მსოფლიოში ახალი ბაბილონის მშენებლობით აწეულ მტვერში, და მრავალმა ეს მეძავი ქრისტეს ჭეშმარიტ სასძლოს, წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას ამჯობინოს.
ამის დასაბამი, რომელიც უკვე დაიწყო უკანასკნელ საუკუნეებში, განმტკიცდება ეკლესიიდან მის შვილთა მთელი მესამედის განდგომით, სახედ იმისა, თუ როგორც სამყაროს შექმნის ჟამს მოხდა ზეციდან უნათლეს ზეციერ ძალთა მესამედის ჩამოგდება.
როგორც ერთი, ისე მეორეც, არის წითელი ურჩხულის საქმე, რომელსაც სახარებაში ამა სოფლის თავადი ეწოდება და, რომელსაც ადამის ცოდვით დაცემის დროიდან აქვს მიწაზე თავისი სამეფო, რომელშიც ყოველივე ღვთის საწინააღმდეგოდ აღესრულება.
წყარო: https://azbyka.ru
წინამდებარე მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
