სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა საჭიროა წეს-ჩვეულება?
ავტორი: მღვდელი კონსტანტინე პარხომენკო.
განა უფრო ადვილი არ არის გვწამდეს ღმერთის, ვესაუბრებოდეთ მას, სხვა დანარჩენი კი რა საჭიროა?
ისინი, ვინც წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ გამოდიან, ჯერ-ერთი, ივიწყებენ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ. ანგელოზები რომ ვყოფილიყავით, მაშინ ჩეულებრივ ჩვენთვის ღმრთის დიდება ოდენ სულითაც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, და ყოველი ჩვენი შინაგანი განწყობა გარეგან ფორმაში შეიმოსება. წეს-ჩვეულება - ეს შინაგანი განწყობის შესამოსელი გახლავთ. როდესაც ერთმანეთს ვესალმებით - ხელს ვუწვდით ერთურთს; როდესაც ერთმანეთი გვიყვარს - ვეხვევით ერთმანეთს და ვკოცნით. ესეც წეს-ჩვეულებაა, ანუ ჩვენი შინაგანი განწყობის გარეგანი გამოხატულებაა.
მეორეც, გარეგანი წეს-ჩვეულების წინააღმდეგ არსებული შეხედულებები ლოგიკურია მხოლოდ იმ რელიგიურ წარმოდგენათა ჩარჩოებში, რომელიც უარყოფს ხორცს, სამყაროს და ყოველივე იმას, რაც მასთან კავშირშია. განსაკუთრებით ეს ახასიათებს ე. წ. გნოსტიციზმს, II-III საუკუნეების მწვალებლობას, რომელიც ყოველივე ქმნილს, ყოველივე მიწიერს უარყოფდა. გნოსტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ქრისტე მოჩვენებითად, ილუზორულად აღდგა; მათი აზრით მოწაფეებს მხოლოდ ეჩვენებოდათ, რომ ის აღდგა. განა შესაძლებელიაო, - ამბობდნენ გნოსტიკოსები, - ქრისტეს ხელმეორედ მიეღო რაიმე ცოდვილი, ცუდი, რაღაც სხეული... მწვალებელი აპოლონიუს ტიანელი ამბობდა, რომ შეუძლებელია ღმერთი რაიმე მატერიალურით ვადიდოთ, თვით სმენისთვის მისაწვდომი სიტყვის მეშვეობითაც კი, ამიტომაც მთელი მატეერია სამყაროში საკმაოდ შებილწულია იმისთვის, რომ ის ძღვნად იქნას შეწირული ღმრთის მიმართ.
მაგრამ ძველი და ახალი აღთქმა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებენ. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ჩვენი გრძნობების გარეგანი ნიშნებით გამოხატვა სრულიად შესაძლებელი და კანონიერია.
მაგრამ, იბადება კითხვა: სჭირდება თუ არა ღმერთს წეს-ჩვეულება შინაგანი გრძნობის გარეშე? პასუხი - არა, არ სჭირდება. წეს-ჩვეულება გვჭირდება ჩვენ, რადგან ის გვეხმარება სრულიად - აზრით, სიტყვით, ყოველი ჟესტით - ჩავერთოთ ლოცვაში, წარვდგეთ ღმრთის წინაშე. მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს: ღმერთი არ იღებს ჟესტებს და მოქმედებებს, რომლის მიღმა არ დგას გულწრფელი გრძნობა, არამედ მხოლოდ მექანიკური ჟესტები და მოქმედებანი მოიაზრება. ამდაგვარნი იყვნენ იესუ ქრისტეს დროინდელი იუდეველები. როდესაც მაცხოვარი მათზე საუბრობდა, იმოწმებდა წინასწარმეტყველ ისაიას: "ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ..." (მათე 15:8-9).
ქრისტიანობაში არავითარი მაგიზმი არ არსებობს! გარეგანი აუცილებლად უნდა იყოს შეერთებული შინაგანთან.
წყარო: zen.yandex.ru