კითხვა-პასუხი - რას ნიშნავს ფრაზა "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს ფრაზა: "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ"?
წმიდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა
ყოველ დილით მართლმადიდებელი ქრისტიანი გაღვიძებისთანავე, ახალი დღის დაწყებისთანავე ჯერ პირჯვარს იწერს და საზეიმოდ წარმოთქვამს "სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ". ეს წესი იმდენად ჩვეული გახდა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისთვის, რომ, ზოგჯერ მას სწრაფად, ხან მთქნარებისას, ხან კიდევ ლოგინში ზმორებისას წარმოთქვამს. მაგრამ რამდენად სწორად ვიქცევით ასეთ შემთხვევაში?

რა თქმა უნდა, დილა უფლის სახელის ხსენებით უნდა დავიწყოთ - ეს უდიდესი სიკეთეა. მაგრამ ამის გაკეთბა რუტინულად და ღვთისმოშიშების გარეშე დიდი შეცდომაა, მეტიც, ის განგვაშორებს მადლს, იმ უსასრულო შეწევნას, რომლის უეჭველი იმედი და სასოება შეიძლება გვქონდეს.


პირველი ლოცვა

სწორედ ეს მოკლე ლოცვაა პირველი, რომელსაც კეთილი დედა და პასუხისმგებლობის მქონე მამა ასწავლის თავის შვილს. როდესაც ისინი აჩვენებენ პატარას, თუ როგორ უნდა გადაიწეროს პირჯვარი, მშობლები მას უმთავრეს ლოცვას ასწავლიან, რომელიც უნდა დაიმახსოვროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოთქვას, და ყოველი კეთილი საქმე მისით დაიწყოს. სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული უფლისადმი ვედრება, მისდამი მადლობა და მისი წმიდა სახელის დიდება.


რას ნიშნავს ლოცვის სიტყვები?

"სახელითა" - არა მარტო სახელზე მიანიშნებს, არამედ "დიდებაზეც". ანუ დღის დასაწყისშივე ღმერთს ვადიდებთ ჩვენი ხმის პირველი ბგერების გაჟღერებისთანავე. ამაოდ როდი იწყება მისით არა მარტო საშინაო ლოცვები, არამედ ყოველი ღვთისმსახურება და უფალთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება თუ ქადაგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმრთის ქება-დიდებით, ჩვენ მას ერთგულ მსახურებას აღვუთქვამთ, ვპირდებით, რომ ვიშრომებით მისი სახელის სადიდებლად და შევასრულებთ მის ნებასა და მცნებებს.

თვით მაცხოვარმა სახარების მიერ მიანიჭა ადამიანებს ეს სიტყვები, როდესაც მოციქულებს დაავალა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19). "სახელებითო" კი არ თქვა, არამედ "სახელითა". ანუ იესუ ქრისტემ ამით წმიდა სამების ერთობა მიანიშნა, ხაზი გაუსვა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სამი იპოსტასი - მამა, ძე და სულიწმიდა - ერთი ღმერთია. და ყველა მათგანი ფლობს ერთ ძალას, ერთ უფლებას და ერთარსებას. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ყველას ერთნაირი აქვთ ძალა, ერთნაირად მიეგებათ პატივი და ერთნაირად ეკუთვნით თაყვანისცემა.

ლოცვას ამთავრებს სიტყვა "ამინ". ეს არის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც არასოდეს ითარგმნებოდა და არ იცვლებოდა იმ დროიდან, რაც ის ძველ აღთქმაში გამოიყენეს. მას წარმოთქვამდა ღმერთი, როდესაც დედამიწაზე კაცთა შორის იქცეოდა. მაშასადამე, ეს ჭეშმარიტად ღვთაებრივი სიტყვაა, ისეთივე მნიშვნელოვანი და ლოცვისგან განუყოფელი, როგორც სხვა სიტყვები.

"ამინ" ნიშნავს: სიმართლეა, ჭეშმარიტებაა, სწორედ ასეა, უეჭელია. ანუ ის მეტყველებს ადამიანის დასტურზე, რომ მას სწამს ღმრთისა მთელი გულით და მთელი სულით, და ერთი წამითაც კი არ აეჭვებს, რომ ღმერთი აუცილებლად შეეწევა ყოველ კეთილ და სასარგებლო საქმეში, რომელსაც ამ ლოცვით დაიწყებს და სიტყვა "ამინ"-ით დაამთავრებს. ლოცვის დასასრულს მორწმუნის ბაგეთაგან "ამინის" თქმა გამოხატავს შემდეგ აზრს: "მე მწამს, რომ კაცთათვის ბევრი რამ შეუძლებელია, მაგრამ ღმრთისთვის - ყველაფერია შესაძლებელი"!


როგორ წავიკითხოთ ლოცვა?

ამ ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად უნდა წარმოითქვას, ღვთისმოშიშებით და გარკვეული საზეიმო განწყობით. ღმრთის მადლი - აი ის სიწმიდა, ძალა და სიმტკიცე, რომელიც მოცემულია ამ ლოცვის სიტყევბსა და პირჯვრისწერის წესში, რომელიც მას ახლავს. წმიდა სამების სამივე იპოსტატის მოქმედება ამ ლოცვაში დაუყოვნებლივ ძალაში შედის. ეს ლოცვა მორწმუნეთა მხრიდან გაისმის, როგორც ღმრთის აღსარებას, როგორც ჩვენი სარწმუნოებრივი ქადაგება. ეს პატარა ლოცვა უდიდეს საქმეს აკეთბს, რადგან ის აკურთხებს ყოველ ადამიანურ წამოწყებას, აძლავს მას უდიდეს ძალას გახდეს ღვთითშეწირული, და ერთდროულად განწმინდოს ეს ღმრთივსათნო მსხვერპლი.

ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ლოცვა არის კლიტე, რომელიც აღებს გონებას და ადამიანურ ძალებს ღმრთის სიტყვის მისაღებად. ეს ლოცვა არის დარაჯი, რომელიც იცავს გონების, გულისა და სულის სიწმიდეს. ამიტომაც საჭიროა, რომ ლოცვა: "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ" წარმოვთქვათ შეგნებულად და დაფიქრებით, ყოველთვის, როდესაც საჭიროა ღმრთის შეწევნა ჩვენს ცხოვრებისეულ ვითარებებში.

დღის დასასრულსაც, ამ ლოცვის წარმოთქმით მორწმუნეები ადიდებენ და მადლობენ უფალს, თავიანთ ერთადერთ მფარველს, შემწესა და იმედს - წმიდა სამებას: მამას, ძეს და სულიწმიდას.

აი როგორი აზრი დევს ამ მოკლე ლოცვაში, რომელიც დაგვიტოვა უფალმა იესუ ქრისტემ. ეს არის უდიდესი ნიჭი, საჩუქარი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება შემოატრიალოს სიკეთის, ნათლისა და მარადიული მადლისკენ.

დიდება უფალს ყველაფრისთვის!

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому