კითხვა-პასუხი - რას ნიშნავს მართლმადიდებლობაში თავმდაბლობა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს მართლმადიდებლობაში თავმდაბლობა?
მაცხოვრის თავმდაბლობა
ალბათ, ყოველ ადამიანს სმენია ისეთ ცნებაზე, როგორიცაა თავმდაბლობა, სმენია, რომ თავმდაბალი უნდა იყო, რათა აღასრულო ღმრთის ნება და მიუახლოვდე მის სასუფეველს. დიახ, უეჭველად, თავმდაბლობის შესახებ ყოველ ადამიანს სმენია, მაგრამ ყველას ჯეროვნად როდი ესმის მისი მნიშვნელობა და, როგორ მოიქცეს, რათა ნამდვილად თავმდაბალი ერქვას.
 

რას ნიშნავს თავმდაბლობა?
 
თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ადამიანმა უნდა გამოიჩინოს თავმდაბლობა, ჯერ სწორედ მოცემული ტერმინის მნიშვნელობა უნდა ავხსნათ. ისეთი ცნება, როგორიცაა თავმდაბლობა - გახლავთ ტერმინი, რომელსაც დადებითი მნიშვნელობა გააჩნია და, რომელიც შეიძლება აღვწეროთ შემდეგნაირად:
 
თავმდაბლობა - ეს არის ამპარტავნების საწინააღმდეგო ქრისტიანული სათნოება;
 
თავმდაბლობის არსი მდგომარეობს საკუთარი თავის საღ და ობიექტურ შეფასებაში; ეს არის საკუთარი თავის შეცნობა;
 
უფლის მიმართ თავმდაბლობა შეიძლება ვუწოდოთ საკუთარი ცოდვების დანახვას და უფლის მოწყალებისადმი სასოებას;
 
მოყვასთადმი თავმდაბლობა - ეს არის გაღიზიანებისა და ბოღმის უქონლობა, თუნდაც ისინი რამეს არასწორად აკეთებდნენ;
 
საკუთარი თავისადმი თავმდაბლობა - ეს არის უნარი ყურადღება არ მიაქციო სხვათა ნაკლოვანებებს და ნათლად დაინახო და შეიგნო საკუთარი მინუსები.

 
თავმდაბლობა - ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც სამი საფეხურისგან (ხარისხისგან) შედგება:
 
თავმდაბლობის პირველი საფეხურია - ყოველგვარი კრიტიკის შეწყნარება, როგორც სამკურნალო საშუალებისა, სალბუნისა, რომელიც პიროვნულ სრულყოფილებაში გეხმარება;
 
მეორე საფეხური მდგომარეობს ყოველგვარი მრისხანების მოთოკვაში;
 
ხოლო მესამე საფეხური საკუთარი კეთილი საქმეებით თავმოწონების უარყოფა და მუდმივი ღვაწლია სრულყოფილების მისაღწევად; ამგვარ მდგომარეობაში ადამიანი მუდმივად ცდილობს იყოს უკეთესი, უფრო კეთილი, ქრისტიანულ სათნოებათა უმჯობესი აღმსრულებელი.
 
ჭეშმარიტად თავმდაბალი ადამიანი რომ იყო, საჭიროა მთელი ძალით აღასრულო სახარებისეული მცნებები.
 
 
რატომ არის თავმდაბლობა ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი უმთავრესი?

ხშირად გვესმის, რომ თავმდაბლობა ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა, მაგრამ ბევრს არ ესმის, თუ რატომ არის ასე. მიზეზები, რის გამოც თავმდაბლობა ერთ-ერთი უმთავრეს სათნოებად მიიჩნევა, შემდეგია:
 
თავმდაბლობა ასახავს ჯეროვან დამოკიდებულებას ღმრთისადმი, მოყვასთადმი და საკუთარი თავისადმი;
 
თავმდაბლობა ეხმარება ადამიანს მაქსიმალურად სწორად და ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრებისეული როლი;
 
ჭეშმარიტი თავმდაბლობა ასახავს ადამიანის მზადყოფნას ყოველთვის და ყველაფერში აღასრულოს ღმრთის ნება;
 
თავმდაბალი ადამიანი გამოხატავს უფლისადმი გულწრფელ მადლიერებას, თუნდაც ცხოვრებაში ისე ვერ წავიდეს საქმე, როგორც მას სურდა ან გეგმავდა;
 
თავმდაბლობა - ეს ფორმალური თავმდაბლობა როდია, არამედ უფლის ნებისა და მისი მცნებებისადმი ჭეშმარიტი მიმდევრობა;
 
თავმდაბლობას ასევე გააჩნია ისეთი დადებითი შედეგი, როგორიცაა ჭეშმარიტი სიყვარული და მოწყალება.
 
მრავალი ადამიანი თავმდაბლობას უძლურებად და ნაკლად მიიჩნევს, მაშინ როდესაც, ის აჩვენებს ჭეშმარიტ სულიერ ძალას, რადგან საკუთარი შეცდომების დანახვა ყველას როდი ძალუძს.
 
რაც უფრო ახლოს არის ადამიანი ჭეშმარიტ თავმდაბლობასთან, მით უფრო მეტი საცთური გაუჩნდება მას ცხოვრებაში, რადგან ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობს ყოველი ადამიანის ჩამოშორებას ღმრთისგან.
 
 
როგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

თავმდაბლობის სწავლა ძალიან ძნელია, რადგან საკუთარი შეცდომებისა და არასრულყოფილებების აღიარება ყოველთვის მძიმეა, თუმცა, ამის მიღწევა შეუძლებელი როდია. თავმდაბლობა რომ ვისწავლოთ, დიდი დრო უნდა დავუთმოთ მას და მივდიოდ ქვემოთ ჩამოთვლილ სასარგებლო რჩევებს:
 
საჭიროა მთელი ძალით ვებრძოლოდ საკუთარ ამპარტავნებას და დავძლიოთ იგი;
 
საჭიროა შევიგნოთ, რომ ადამიანს ღმრთის შეწევნის გარეშე არაფერი შეუძლია;
 
საჭიროა მაგალითები ავიღოთ წმიდა მამათა ცხოვრებიდან და ვეცადოთ მათ მიბაძვას;
 
დიახ, ადამიანს უდიდესი ძალისხმევა მართებს, რათა შეიგნოს საკუთარი უძლურება და ისწავლოს გარესამყაროს საცთურებისადმი წინააღმდეგობა. საკუთარ სიამაყესთან ბრძოლაში და საკუთარი უსუსურობის შეგნებაში ადამიანი დიდ დროს ხარჯავს, მაგრამ თუკი ის შეძლებს მიწიერი ვნებების დათრგუნვას, ის ავტომატურად გამარჯვებული ხდება, საკუთარ თავზე გამარჯვება კი ყოველთვის იმსახურებს პატივისცემას.
 
თავმდაბლობა - ეს არის კარგი და კეთილშობილი პრაქტიკა, რომელიც ყოველი ქრისტიანის ყოველდღიურობას უნდა ამშვენებდეს, რადგან ის სხვა ადამიანების უბოროტო შეფასებაში, საკუთარი შეცდომებისა და ცოდვების აღქმაში გვეხმარება, ეს ყოველივე კი გვაახლოვებს ღმერთთან.

წყარო: omolitvah.ru
Назад к содержимому