კითხვა-პასუხი - რაში მდგომარეობს წმინდანთ სიწმინდე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
წმინდანები სულიწმიდით გაბრძნობილნი იყვნენ,
მაგრამ ამავდროულად ერთმანეთსაც ედავებოდნენ და შეცდომებსაც უშვებდნენ.
მაშ, რაში მდგომარეობს მათი სიწმიდე?
კანონიზირებული წმინდანები
სიწმიდისა და უცოდველობის ცნებები სინონიმები როდია. ასევე არ არის სინონიმები: წმინდანი და უვნებო, წმინდანი და შეუმცდარი, წმინდანი და კარგი ადამიანი. წმინდანი - ეს არის მონანული ცოდვილი, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც საღად აფასებს თავის სულიერ მდგომარეობას, ხედავს თავის ცოდვებს და ღმრთისადმი საკუთარ ლტოლვაში მთელი ძალით ცდილობს მავნე ჩვევებისგან, ბიწიერებისგან და ცოდვებისგან გათავისულფებას.
 
ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იშვა კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა, რომ ერთი ცოდვაც არ ჩაუდენია. ეს იყო იესუ ქრისტე, რომლის პიროვნებაში ადამიანური ბუნება შეურევნელად, განუყოფელად, უცვალებლად და განუცალკევებლად შეუერთდა საღმრთო ბუნებას. მასში ჩვენ ყველას გვეხსნება ცხონების, ცათა სასუფევლის მოპოვების შესაძლებლობა. მაგრამ იმისთვის, რომ ვცხონდეთ, აუცილებელია ვიღვაწოთ, სიტყვისამებრ მაცხოვრისა: "სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას" (მათე 11:12). ეს ძალისხმევა დაკავშირებულია ცოდვით მიდრეკილებათა დაძლევასთან, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასთან, მოპოვებაში ისეთივე ზრახვებისა, როგორიც ქრისტე იესუს ჰქონდა (იხ. ფლპ. 2:5). ამ გზაზე ხდება სწორედ შეხვედრა სულიწმიდასთან, რომლის მადლი აღადგენს და განაახლებს ჩვენს ბუნებას, ხელს უწყობს ჩვენში ღმრთის მსგავსების მიღწევას. ადამიანი მართლაც სულით განბრძნობილი და სულით მავალი ხდება.
 
მაგრამ სულით განბრძნობა და სულით მოძღვრობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რომელიღაც კეთილშობილ ზომბად გადაიქცა, რომლის აზრებს, გრძნობებს, მოქმედებებსა და სიტყვებს ვიღაც სხვა მართავს. ჩვენი უნიკალური პიროვნება სულიწმიდით განბრძნობისა და სულიწმიდით დამოძღვრის შემთხვევაშიც ნარჩუნდება. წმიდა წერილში ვკითხულობთ ადამიანებზე, რომლებიც უშუალო ურთიერთობაში იყვნენ ღმერთთან და ამავდროულად სხვადასხვა ემოციებს განიცდიდნენ, ზოგჯერ ღმრთის განკარგულების საწინააღმდეგოდ მიდიოდნენ და ცდებოდნენ. ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი მოსე, რომელსაც საეკლესიო ტრადიცია ღმრთისმხილველს უწოდებს, ღმერთს ედავება, ეწინააღმდეგება მას და ეკამათება. სულიწმიდა ადამიანს არ ართმევს თავისუფლებას - მათ შორის ცთომილებაში შთავარდნის თავისუფლებასაც. სწორედ ამიტომ მართლმადიდებლობაში არ არსებობს სწავლება ვინმეს უცთომელობაზე, ხოლო ყველა დოგმატი და სწავლა-მოძღვრებითი მდგომარეობანი კრებითი ცნობიერებით მიიღებოდნენ. ჭეშმარიტების დამცველად გამოდის თვით უფლის მიერ დაფუძნებულია ეკლესია, და არა ცალკეული პიროვნება, თუნდაც ყველაზე წმინდა.
 
ნებისმიერი ადამიანი - და ამ შემთხვევაში წმინდანები გამონაკლიები არ არიან - საკუთარ თავზე ატარებს ეპოქის დაღს, მასზე გავლენას ახდენენ ის პირობები, რომლებშიც გაიზარდა და ცხოვრობს, ასევე განათლება და სოციალური გარემოცვა. ეკლესიის ისტორიის ყველა ეპოქაში ეს კარგად ესმოდათ. ამიტომაც კანონიზაცია - წმინდანის ზოგადსაეკლესიო განდიდება - ყველა მისი საქციელის ავტომატურ მოწონებას არ ნიშნავს. ასე, მაგალითად, წმ. კირილე ალექსანდრიელი დიდი ხნის განმავლობაში ძლიერ მტრობდა წმ. იოანე ოქროპირს და მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ აღიარა თავისი უსამართლობა. მიუხედავად ამისა, ორივენი ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანები არიან. წმიდა იოსებ ვოლოკოლამელმა ბევრი იღვაწა სულიერი განათლების ნიადაგზე, მაგრამ მისი მკაცრი მოწოდებები მწვალებლობის აღმოსაფხვრელად, საკმაოდ საეჭვოა. თუმცა, როგორც ის, ასევე მისი ოპონენტი, - როგორც მწვალებელთა დევნის, ასევე საეკლესიო ქონების საკითხში, - ღირ. ნილოს სორელი წმინდანთა დასში განიდიდებიან.
 
ამრიგად, აღიარებს რა დროისა და ადგილის, ასევე უძლურებისა და ცთომილებების გავლენას, რომლებიც საზოგადოდ ახასიათებთ ადამიანებს, ეკლესია კანონიზაციის საკითხის განხილვისას, ყურადღებას აქცევს იმ უმთავრეს, რაც მთელ მის ცხოვრებაში ამოძრავებდა ადამიანს, - ღმრთისადმი ლტოლვას და მისი მსახურების გულწრფელ მოსურვებას.
 
 
წყარო: foma.ru
Назад к содержимому