კითხვა-პასუხი - რატომ არ გმობს მოციქული პავლე მონათმფლობელობას, როგორც ამორალურ მოვლენას? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ არ გმობს მოციქული პავლე მონათმფლობელობას, როგორც ამორალურ მოვლენას?
მონათმფლობელობა
რატომ არ გმობს მოციქული პავლე მონათმფლობელობას თავის ეპისტოლეებში, რომლებიც მიმართულია, როგორც მონების, ასევე მონათმფლობელებისამი?
 
სოციალურ-ეკონომიკური ექსპლოატაცია, ანუ ვითარება, როდესაც ადამიანთა ერთი ჯგუფი იყენებს სხვა ადამიანებს პირადი გამდიდრების ან სიამოვნებისა და საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არ იფარგლება მონათმფლობელობის პერიოდით, არამედ წითელ ზოლად გასდევს მთელ მსოფლიო ისტორიას. არსებობს იგი ჩვენს დროებაშიც. თვით სოციალისტურ საზოგადოებებშიც, რომლის საბაზისო პრინციპი იყო "ყველას მოეთხოვოს უნარების მიხედვით, ყველას მიეცეს შრომის მიხედვით", მაინც მიუღწეველ მიზნად რჩება. ამიტომ არა მარტო მონათმფლობელური წყობა, არამედ სხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციებიც შორს არიან ზნეობრივი იდეალისგან.
 
უდავოდ, კლასიკურ ანტიკურ საზოგადოებაში მონებისადმი დამოკიდებულება არ იყო ჰუმანური. რომაული დამპყრობლური ექსპედიციებისა თუ ომების დაწყებით, როდესაც მონათა ბაზრები გადატენილი იყო ცოცხალი საქონლით, მონათა ფასი დევალვირებული აღმოცნდა და მათ ეპყრობოდნენ, როგორც სულიერ საგნებს. მათი ექსპლოატაცია ძლიერდებოდა, ხოლო მდგომარეობა უარესდებოდა. ამ მხრივ საკმაოდ ნიშანდობლივია რომის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის კატონ უფროსის რეკომენდაციები. ტრაქტატში "მიწათმოქმედების შესახებ" ის ყველას ურჩევს თავიდან მოიშორონ მოხუცი და სნეული მონები, რათა მათ გამოკვებაზე ფული ფუჭად არ ხარჯონ. არანაკლებ ცინიკურად მსჯელობდა ჩვ. წ.-მდე I ს-ის მწერალი მარკ ტერენციუს ბარონი, რომელიც მონებს შინაურ ცხოველებს და ნივთებს ადარებდა და ამბობდა, რომ საშუალებები, რომლებითაც მუშავდება ველები, იყოფიან "მოლაპარაკე, ნახევრადმოლაპარაკე და მუნჯ იარაღებად. მოლაპარაკეს მიეკუთვნებიან მონები, ნახევრად მოლაპარაკეს - ხარები, ხოლო მუნჯებს - ურიკები".
 
არის თუ არა მონათმფლობელური წყობა ამორალური? - დიახ. მაგრამ განა თანამედროვე კაპიტალისტური მოდელები, სადაც ყველაფერი მხოლოდ მოგებისკენ არის მიმართული, უფრო მეტი სიყვარულით და პატივისცემით გამოირჩევა დაქირავებული მუშებისადმი? - არა. უმეტესწილად ადამიანი აქაც განიხილება მხოლოდ ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით.
 
სახარებისეული უწყება, რომელიც დედამიწაზე მოიტანა იესუ ქრისტემ, და რომელმაც თავისი მომდევნო განმარტება მოციქულთა ეპისტოლეებში ჰპოვა, რომელიც ახალი აღთქმის წიგნთა მთელ კორპუსს წარმოადგენს, სულაც არ ლაპარაკობს სოციალურ სამართლიანობაზე. ის საერთოდ სულ სხვა რამეზეა. მისი არსი მშვენივრად არის გამოთქმული იოანე ნათლისმცემელის მოწოდებაში, რომელიც შემდეგ იესუ ქრისტეს ქადაგებებშიც ისმის: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი" (მათე 3:2; 4:17)ს.
 
ახალაღთქმისეული სახარება მიმართულია იმისკენ, რათა შეცვალოს ადამიანის გული და გონება, რადგან სინანული (ბერძნ. "მეტანოია" - გონების შეცვლა) თავისი პირვანდელი ეგზისტენციალური აზრით - ეს არის ადამიანის ცხოვრების ღრმა და კარდინალური შეცვლა, რომელიც მას მოაბრუნებს ღმრთისკენ, და რომელსაც ადამიანი ღმრთის ზეციური სასუფევლის სივრცეში შეჰყავს.
 
ამ ცვლილებისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი პროფესია, სოციალური სტატუსი, სქესი, ეროვნება და განათლების დონე. მთავარია მხოლოდ ერთი - ღმრთისადმი რწმენა და ამ რწმენის მიხედვით ცხოვრების სურვილი. მოციქულმა პავლემ ბრწყინვალედ გამოხატა ეს აზრი: "ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესუში რწმენით. ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში" (გალატ 3:26-28).
 
იგივე მოციქული, როდესაც მსჯელობდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ქრისტიანი მონა, წერდა: "თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო" (1 კორინთ. 7:21). "უმჯობესში" მოციქული გულისხმობს სულიერ სარგებლობას და ადამიანს უფლებას აძლევს თვითონ გადაწყვიტოს, რომელი მდგომარობაა უმჯობეის მისი ცხონებისთვის - მონობა თუ თავისუფლება.
 
მონობა ძალზედ გავრცელებული იყო ძველ სამყაროში. წმ. მოციქული პალე საზოგადოებრივ წყობას კი არ ცვლიდა, არამედ ადამიანთა ზნეობას. ამიტომაც ის იღებს სამოქალაქო წყობას, როგორიც ის არის, და მას სიცოცხლის ახალ სულს აძლევს. გარეგნულად ის ყველაფერს უცვლელად ტოვებს, მაგრამ მიმართავს შინაგანს, და მას ახალ წყობას ანიჭებს. გარეგანი წყობის ცვლილება იწყებოდა შიგნიდან, როგორც სულიერი ცხოვრების თავისუფალი განვითარბის შედეგი. გადააკეთე შინაგანად, და გარეგანი, თუკი ის უაზროა, თავისთავად გაუქმდება.
 
სოციალური სამართლიანობა, როგორც მოციქულ პავლეს ეპოქაში, ასევე ჩვენს დროში ადამიანის სულიერი გარდასახვის ერთადერთი შედეგია. მონათმფლობელებს შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღეს, იყო შემთხვევები, როდესაც ბატონები თავიანთ მონებს ათავისუფლებდნენ და მათზე ოჯახის წევრებივით ზრუნავდნენ.
 
სიყვარულზე დაფუძნებული სრული თანასწორობა სუფევდა მხოლოდ ადრექრისტიანულ თემებში, სადაც ქონება საერთო ჰქონდათ და ყველანი ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდნენ, ხოლო ქრისტიანების შემყურე წარმართები, როგორც ამას აღწერდა II ს-ის აპოლოგეტი ტერტულიანი, ამბობდნენ: "შეხედეთ, როგორ უყვართ მათ ერთმანეთი". საკუთარი თავის შეცვლით, ქრისტიანებს გარემომცველ სამყაროში შემოჰქონდათ ზნეობრივი ცვლილებები და აკეთილშობილებდნენ მას. საბოლოო ჯამში, ის წარმოდგენები ადამიანის ღირსებაზე, რომელიც ჩადებული იყო ახალაღთქმისეულ გამოცხადებაში, გახდა მონობის, როგორც სოციალური მოვლენის გადალახვის საფუძველი.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს მიხედვით.
Назад к содержимому