კითხვა-პასუხი - რისი გაკეთება არ შეიძლება ეკლესიაში? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რისი გაკეთება არ შეიძლება ეკლესიაში?
მართლმადიდებელი
თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ტაძარში სიარული არასავალდებულოა. შეიძლება "გულში გწამდეს" და "ღმერთთან ეკლესიის გარეშეც შეიძლება ურთიერთობა". მაგრამ არაეკლესიური ადამიანს ხშირად ტაძარში შესვლა იმიტომ ეშინია, რომ უფრთხის რაიმე ისე არ გააკეთოს, როგორც საჭიროა. ეშინია დაარღვიოს ტაძარში ქცევის განსაზღვრული წესები.
 
დიახ, ლოცვა სახლშიაც შეიძლება. მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცხოვრების მთავარი მოვლენა ლიტურგიაში მონაწილეობა და ზიარებაა. ეს არის ღმერთთან შეერთება, რაც ტაძრის გარეშე შეუძლებელია, რადგან საიდუმლოებანი სწორედ იქ აღესრულება (რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის გარდა). დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ეკლესიაში და ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებელ შეცდომებზე (ცრურწმენებზე).
 
 
***
 
 
მრავალს ჰგონია, რომ საეკლესიო ცხოვრებაში არსებობს უამრავი წესი, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვა. ტაძარში შესვლისას რაიმეს "არასწორად" გაკეთების შიში ადამიანებს ხელს უშლის უმთავრესზე კონცენტრირებაში - ურთიერთობა ჰქონდეს ღმერთთან. რა თქმა უნდა, არსებობს ქცევის განსაზღვრული ნორმები, რომლებსაც ტაძარშიც უნდა მივყვეთ, მაგრამ შეცდომების არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ხომ ღმერთთან მოვედით, ის კი - თავად მოწყალებაა.
 
მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ტაძარი არის ნაკურთხი სივრცე, ღმრთის სახლი. მასში ღვთისმოშიშებით  უნდა შევდიოდეთ, პატივს ვცემდეთ იქ მყოფ მლოცველებს და მოწიწებას განვიციდეთ ტაძარში არსებული სიწმიდეებისადმი (წმიდათა უხრწნელი ნაწილები, წმიდა ხატები და სხვა). არსებობს რამოდენიმე საეკლესიო განწესება და ტრადიცია, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან. ჩვენ ჩამოვწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანნი:
 
ტაძარში შესვლისას მორწმუნე ადამიანები პირჯვარს იწერენ.
 
ტაძარში არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი, ღმრთისმსახურებისა და საიდუმლოთა აღსრულების დროს კი სიარული და მიმოსვლა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. ასევე საჭიროა გამოვრთოთ მობილური ტელეფონების ხმოვანი სიგნალები.
 
ჯეროვანი ქცევისა და საეკლესიო კანონების დაცვის პირობებში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიძლება შევიდნენ (მაგალითად, დასათვალიერებლად) სხვა ქრისტიანული კონფესიის ადამიანებიც (პროტესტანტები, კათოლიკეები), ასევე სხვა რელიგიათა წარმომადგენლები. მაგრამ ეს დაუშვებელია ღვთისმსახურების პროცესში. ასეთ დროს ტაძარში დგანან მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები. მეტიც, თვით მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან ყველას როდი აქვს უფლება იდგეს ტაძარში. ასეთებს განეკუთვნებიან მკაცრ ეპითიმიებს დაქვემდებარებული ქრისტიანები, რომლებიც ეპითიმიების დასრულებამდე დგანან სტოაში (ტაძრის შესასვლელში) და იქიდან აკვირდებიან მსახურებას.
 
მოუნათლავ ადამიანებს უფლება აქვთ შევიდნენ ტაძარში და მიეახლონ ხატებს, დაანთონ სანთლები, ევედრონ ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როგორც უკვე ვთქვით, ღვთისმსახურებისგან თავისუფალ პერიოდში. მოუნათლავებს და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს უფლება არა აქვთ მიეახლონ საიდუმლოთ და მონაწილეობა მიიღონ მართალთა ლოცვებში.
 
ადამიანი თუ მონათლული იყო, მაგალითად, ბავშვობაში, მაგრამ შემდეგ ჩამოსცილდა ეკლესიას და ეკლესიურ ცხოვრებას, უმჯობესია ჯერ გაესაუბროს მღვდელს, სანამ მიეახლებოდეს ლოცვებს და საიდუმლოებებს, რომელთაგან უმთავრესია ევქარისტია (ქრისტეს უპატიოსნეს ხორცით და სისხლით ზიარება). ევქარისტიას წინ უძღვის აღსარების (სინანულის) საიდუმლო. ასეთ დროს ადამიანი მიდის მღვდელმსახურთან და მისი თანდასწრებით ღმრთის წინაშე ინანიებს თავის ცოდვებს.
 
ტაძარში უნდა მივიდეთ შესაბამისი სამოსით, რომელიც უნდა იყოს სუფთა და მოკრძალებული. ტრადიციისამებრ ქალები ტაძარში თავდაბურულნი უნდა იყვნენ, მამაკაცები კი, პირიქით, ქუდმოხდილები.
 
ისტორიულად მამაკაცები ტაძარში იდგნენ ტაძრის მარჯვენა მხარეს, ქალები კი - მარცხენა მხარეს, მაგრამ თანამედროვე სამრევლო ტაძრებში ამ წესს ნაკლებად იცავენ. გავრცელებული სხვა ტრადიციაც:ს მამაკაცები წინ - ქალები უკან.
 
ღმრთისმსახურების დროს მორწმუნეები (მლოცველები) დგანან პირით საკურთხეველისკენ.
 
ერისკაცები (ე. ი. არა ღვთისმსახურნი), განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ ადიან ამბიონზე (ამაღლებული ადგილი კანკელის წინ), ხოლო საკურთხეველში შედიან მხოლოდ მღვდლები და საეკლესიო მსახურები.
 
ტაძარში მიღებული არ არის ჭამა და სმა (გარდა პროსფორისა და წყლისა), ასევე დაუშვებელია საღეჭი რეზინის ღეჭვა.
 
ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენებელ ბარათებში, რომლებსაც ლიტურგიის დაწყებამდე აწვდიან მღვდლებს მლოცველი ქრისტიანები, ჩაწერილნი უნდა იყონ მხოლოდ მონათლული და ეკლესიის წიაღში მცხოვრები (ან გარდაცვლილნი) ადამიანები. დაუშვებელია სხვა სარწმუნოების, მწვალებლის ან სქიზმატიკოსის, ასევე მოუნათლავთა და თვითმკვლელთა სახელების ჩაწერა მოსახსენებელ ბარათებში. როდესაც სახელს წერთ, უნდა დაწეროთ მოსახსენებელი ადამიანის სრული სახელწოდება (არა შემოკლებითი), რომელიც მიეცა მას ნათლისღების საიდუმლოში.
 
როდესაც მიეახლებით ხატებს მიღებული არ არის მათი სახეზე ამბორი. აქ არსებობს ასეთი გადმოცემა: წმიდა სამების ხატს ვეამბორებით ხატის კიდეზე სამებისადმი მოწიწების ნიშნად. ასევე იმ ხატებს, სადაც მაცხოვრის მხოლოდ სახეა გამოსახული. უფლის ჯვარცმას ვეამბორებით ფეხსადგამზე, როგორც ნათქვამია ფსალმუნში: "აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს" (ფსალმ. 98:5). ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხელზე, როგორც ზეციურ დედოფალს. წმინდანებსა და ანგელოზებს, შესაბამისად, - მხრებზე და ფრთებზე, რადგან ისინი არიან ჩვენი მეგობრები.
 
 
***
 
 
ყველაზე ხშირი შეცდომები, ანუ რისი გაკეთება არ შეიძლება ეკლესიაში
 
შენიშვნების მიცემა ტაძარში მყოფთათვის და მათთან კამათი.
 
შეეცადეთ არ იაროთ ღვთისმსახურების დროს, არ გადასცეთ სანთლები, არავის მისცეთ შეკითხვა და არ ილაპარაკოთ. ამით თქვენ ხელს უშლით ირგვლივ მყოფ მლოცველებს.
 
ხატებს არ უნდა ეხებოდეთ ხელით და არ უნდა ეამბორებოდეთ (ეს უფრო ქალებს ეხება) პომადიანი ტუჩებით.
 
ლიტურგიის დროს არის მომენტები, როდესაც მღვდელი და მლოცველები დგებიან მუხლებზე. თქვენ, ჯერაც რომ არ იცოდეთ, რისთვის კეთდება ეს, მიჰყევით საერთო ლოცვას და მოქმედებებს. და პირიქით, დაუშვებელია დამოუკიდებელი და ქაოტური მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება შეაცბუნონ მორწმუნეები (თაყვანები, ასამაღლებელთა შეძახილები, ხმამაღალი გალობა).
 
 
***
 
 
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა გახლავთ - ცრურწმენები
 
სამწუხაროდ, ცრურწმენები ვრცელდება მართლმადიდებელთა შორისაც და კერძოდ იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოიქცე ტაძარში. არსებობს მთელი რიგი ცრურწმენები, რომლებსაც ქრისტიანის ცხოვრების მცდარ გაგებამდე მივყავართ.
 
"მხოლოდ ყველა ძლიერი ხატი დაგეხმარება" ან "უნდა ილოცო მხოლოდ განსაზღვრულ ხატებთან" - ეს არის ცთომილება. ადამიანს ეხმარება არა ხატი, არამედ თვით ღმერთი ხატზე გამოსახული წმინდანის ლოცვით; და ხატის "ძალა" კი არა, უფალი შეგეწევათ თქვენი ლოცვებით.
 
"სანთლები უნდა აანთო კანდლიდან, და არა სხვა სანთლიდან, თორემ იმ ადამიანის ცოდვები გადმოგედება" - სანთელი ღმრთისადმი შეწირული უსისხლო მსხვერპლია, სიმბოლოა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საიდან აანთებთ სანთლებს კანდლიდან თუ სხვა სანთლიდან.
 
"სანთელი ჩაქრა - ეს ცუდის მომასწავებელი" ან "სანთელმა ბოლომდე დაღვენთვა ვერ მოასწრო - ღმერთმა არ მიიღო შენი ლოცვა". ესეც მორიგი ცრურწმენაა, რომელსაც ქრისტიანობაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია. სანთელი თუ ჩაქრა, უბრალოდ ის კვლავ უნდა აანთოთ.
 
"ხატებს მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა მიუახლოვდე". - ცრურწმენაა, რადგან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხრიდან მიხვალ ხატთან, მთავარია ეს ღვთისმოშიშებით გააკეთო.
 
"შემეშალა და სანთელი ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდგი", "ცოცხალთა შესაწირავიდან მიცვალებულთა შესწირავზე ავანთე". - ნუ იმშფოთვარებთ ამასთან დაკავშირბით, ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვები და იცის, ვისთვისაც ლოცულობთ.
 
"ქალური წესის (მენსტრუაციის) დროს არ შეიძლება ტაძარში შესვლა" - ამასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი, მაგრამ მღვდლების უმეტესობა იმ აზრზეა, რომ ტაძარში შესვლა დასაშვებია. რაც შეეხება საიდუმლოებებში მონაწილეობას განწმენდის დღეებში, უფრო გონივრული იქნებოდა სულიერ მოძღვართან ან ნაცნობ მღვდელმსახურთან შეთანხმება.
 
როგორც ხედავთ, ტაძარში ქცევის წესები არც ისე რთულია. და თუ ვინმე შენიშვნას მოგცემთ, ნუ იწყენთ და ნუ გაბრაზდებით. მთავარია შეინარჩუნოს სულიერი სიმშვიდე, სიყვარული მოყვასისადმი და მისწრაფება ისწავლოთ მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები.
 
მთლიანობაში ტაძარში უნდა ვიდგეთ მშვიდად, ღვთისმოშიშებით, ვეცადოთ ხელი არ შევუშალოთ გვერდით მდგომ მორწმუნეებს. ისეც ხდება, რომ ცალკეულ ტაძრებში ქცევის ნორმებს გარკვეული გადაჭარბებით იცავენ - მაგალითად, შენიშნვას აძლევენ ქალს, რომელიც ტაძარში შარვლით მოვიდა (უმჯობესი იქნება ასეთ ადამიანს შენიშვნის ნაცვლად რაიმეს თუ მოვაფარებთ წელქვემოთ); ან ქუდი ახურავს თავსაფრის ნაცვლად (აქაც შეიძლება შევთავაზოთ თავსაფრები, რომლებიც წესით ტაძრებში მრავლად უნდა იყოს). შეეცადეთ არ იმშფოთვაროთ და არავის ეკამათოთ, თუნდაც დარწმუნებულნი იყოთ, რომ საყვედური სამართლიანია - მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა კამათში გამარჯვება, არამედ სულის მშვიდი და მოსიყვარულე განწყობის შენარჩუნება.
 
 
***
 
ტაძარში შემსვლელ ნებისმიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი გველოდება. ტაძარში ხდება ღმრთისა და ადამიანის შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი - წმიდა სივრცეა, შიში და შეცბუნება აქ უადგილოა. ნებისმიერი შეცდომა, რომელიც შეიძლება ადამიანმა ტაძარში დაუშვას, - იქ არ დადგეს სადაც საჭიროა, ან ისე ვერ იმოძრაოს როგორც საჭიროა - უმნიშვნელოა და არანაირი ცოდვა არ არის. თქვენ თუ იშვიათად დადიხართ ტაძარში, აჯობებს იქ მსახურების დაწყებამდ მიხვიდეთ, განცალკევდეთ მდუმარებაში, ილოცოთ. შეეცადეთ ესაუბროთ ღმერთს საკუთარი სიტყვებით - ამისთვის ხომ სპეციალური მომზადებაც არ არის საჭირო. შემდეგ კი გაესაუბრეთ მოძღვარს და მიიღეთ მისგან რჩევები.
 
რა თქმა უნდა, ტაძრებში უხეშობასაც ვაწყდებით. არიან ადამიანები, რომლებიც თავს ძალიან "ეკლესიურებად" და "განათლებულებად" მიიჩნევენ, რომელთაც უკვე გაიარეს გარკვეული გზა და იწყებენ ახალმოსულთა განსწავლას. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე იღებენ მოძღვრის ფუნქციას. მართალია, მათ შესაძლოა კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდეთ, მაგრამ არ არიან ტაქტიკურები. ადამიანთან ტაქტი კი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მიუხედავად ამისა ნუ შევშფოთდებით. მთავარია არ დაგვავიწყდეს, ეკლესიაში ჩვენ მოვდივართ ღმერთთან და არა ადამიანთან; და თუკი ადამიანური ხასიათის გამოვლინებები უხეშად შეგვეხება, ვიფიქროთ, ხომ არ არის ეს უფლის მხრიდან ჩვენი ერთგვარი "გამოცდა", რათა შევიგნოთ რისთვის მოვდივართ ეკლესიაში.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому