კითხვა-პასუხი - შესაძლებელია თუ არა ცხონება ტაძარში სიარულის გარეშე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
შესაძლებელია თუ არა ცხონება ტაძარში სიარულის გარეშე?
ტაძარი
სიტყვა ცხონება ცხოვრებას ნიშნავს და მარადიული სიცოცხლის დამკვიდრების აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ის ამავდროულად წუთისოფლის ყოველგვარი საცთურის დაძლევაზე, უბედურებათა და საშიშროებათა გადალახვაზეც მიანიშნებს, ცხონებისკენ მიმავალ გზაზე რომ გვხვდება. ცხონება სურს იმას, ვისაც ღმრთისგან განდგომისა და ამ ქმედებით გამოწვეული მარადიული სიკვდილის ეშინია. ამგვარ მორწმუნეს მხოლოდ ღმრთისადმი სიყვარული ამოძრავებს, რადგან მარადიულ სიკვდილს ხომ ღმრთისადმი უსიყვარულობა და მისი მცნებების უგულებელყოფა იწვევს. ვისაც არ უყვარს ღმერთი, ის არც იცავს მის მცნებებს და არც ცხონებისთვის ზრუნავს. სულის ცხონებისთვის აუცილებელია ღმრთის მონაწილეობა. ამიტომაც, იმათ, ვინც წუთისოფელში ცათა სასუფეველს ელტვის და მარადიული ცხოვრების დამკვიდრებას ცდილობს, ეკლესია კონკრეტულ მითითებებს აძლევს და ეს მითითებები ყოველ მორწმუნეს ტაძართან, ეკლესიასთან აკავშირებს. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ტაძრის მნიშვნელობას ჯეროვნად ვერ აღიქვამენ.

სულიერი მომსახურეობის ბიურო

ხშირად ეკლესიაში ამქვეყნიური ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ეძიებენ: მათ სურთ იყონ უზრუნველყოფილნი, ჰქონდეთ ჯანმრთელობა, წარმატება, მაგრამ არ ეძიებენ ღმერთს. ტაძარში მიდიან იმგვარი მომსახურეობებისთვის, რომელსაც სხვაგან ვერსად მოიპოვებენ: აკურთხებენ მანქანებს, ბინებს, ნათლავენ და წესს უგებენ ნათესავებს, ანთებენ სანთლებს. თუკი მორწმუნე ეკლესიას სასანთლე ყუთის იქით ვერ აღიქვამს, მაშინ ის მისთვის ხდება მაღაზია ან სულიერი მომსახურეობის ბიურო. ასეთ შემთხვევაში სულის ცხონებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.


საპირისპირო მიდგომა

ადამიანებს სწამთ ღმერთი და ამბობენ: "წეს-ჩვეულებები, თაყვანები და სანთლები ღმერთს არ სჭირდება". სიმართლეა, ღმერთს საერთოდ არაფერი სჭირდება, ის სრულყოფილი და მარადნეტარი არსებაა. რელიგიის ეს გარეგანი მხარე, ადამიანისა და ღმერთის კავშირის გამომხატველი გარეგანი ფორმები სჭირდებათ თვით ადამიანებს.

ყოველი ადამიანი სულიერ-ხორციელი არსებაა. ხორცი ადამიანის მთელი ბუნების დასაკუთრებას ელტვის. ხორცის მოთოკვას კი ხელს უწყობს ასკეტიკა - სულიერი წრთვნა. ამ მიზნით ქრისტიანები იცავენ მარხვას და ლოცულობენ.

ქრისტიანები ანთებენ სანთლებს - სულის ხილულ სიმბოლოს, რომელიც ღმრთისადმი სიყვარულით იწვის. ეკლესიაში შეიცნობენ ჭეშმარიტებას და განათლდებიან სულიწმიდის მადლით. მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ურთიერთმხარდაჭერისთვის იკრიბებიან და საზოგადო ლოცვებში მონაწილეობენ, ამით ისინი ღმრთისა და მოყვასისადმი მადლიერების აღვლენას სწავლობენ. მაგრამ არც ეს არის საკმარისი.


ზეცად აღმავალი კიბე

ქრისტიანები თავიანთი ეკლესიისა და რწმენის ბატონები როდი არიან. "თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ" (იოანე 15:16).

ეკლესია უფალმა ღმერთმა - იესუ ქრისტემ დააფუძნა. ამისთვის ის განკაცდა. ღმერთმა ეკლესია დააფუძნა, როგორც ერთადერთი და საუკეთესო გზა ცხონებისკენ, ხოლო თვითონ ამ ეკლესიის თავი გახდა. საიდუმლონი - ეკლესიის გულია, რომლებშიც ღმერთი მღვდელმსახურთა მიერ მართალ ქრისტიანებზე მოქმედებს.  

ეკლესიის გარეშე, ევქარისტიის საიდუმლოში ღმერთთან ერთობის გარეშე ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას ვერ დაამარცხებს, სულს ვერ განიკურნავს. მაცხოვარი ბრძანებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ" (იოანე 14:6). ეკლესია - პატრიარქი და ეპისკოპოსები ან მღვდლები და ბუზღუნა დედაბრები კი არ არის, ეკლესია მთელი ერი და ბერია, მებრძოლი (მიწაზე მცხოვრები) და მედღესასწაულე (ცაში მცხოვრები) ერია, ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომლის თავი გახლავთ თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.

ალექსი ხომიაკოვი წერდა: ”ეკლესია - გონიერ ქმნილებებში მცხოვრები ღმრთის სულია". ხოლო წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა: "ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა".

ამრიგად, ვისაც სულის ცხონება სურს ის მართალ ეკლესიაში უნდა იარებოდეს და სულის მაცხოვნებელ საიდუმლოებებს ეზიარებოდეს.

გფარავდეთ ღმერთი!

წყარო: zen.yandex.ru
Назад к содержимому