Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება 11 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
წმ. წინასწარმეტყველი ესაია

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია


თავი 11
 
 
ახ. ქართ.:
 
1. იესეს ფესვიდან აღმოცენდება რტო და იმავე ფესვიდან ამოვა ყვავილი.
 
2 დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული ცოდნისა და კეთილმსახურებისა.
 
3 ის აღვსებული იქნება ღვთისმოშიშებით, გარეგნული შეხედულების მიხედვით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
   
4 სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დასცემს ქვეყანას თავისი ბაგეების სიტყვით, და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს.
   
5 სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
   
6 დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ.
 
7 ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას.
 
8 ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს.
 
9 არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული.
   
10 იმ დღეს ხალხთა მთავრად იდგება იესეს ფესვი და მისდამი სასოებით აღივსებიან ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
   
11 იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
 
12 დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
 
13 გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს.
 
14 ხომალდებით გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ, ერთად დაიპყრობენ ზღვისპირელებს, აღმოსავლეთის ყველა მცხოვრებს, პირველად ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, ხოლო ყამონელნი პირველნი შეისმენენ.
 
15 ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
 
16 გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.  
   
 
ძვ. ქართ.:
 
1 და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.
 
2 და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა,  
 
3 სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,  
 
4 არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.  
 
5 და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.  
 
6 მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი.  
 
7 და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს.  
 
8 და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას  
 
9 და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.  
 
10 და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით.  
 
11 და იყოს მას დღესა შინა, შესძინოს უფალმან ჩვენებად ჴელი მისი შურვებად დაშთომილსა ერისასა, რომელი უკუეთუ დაშთეს ასსურასტანელთაგან და ეგჳპტისაგან, და ბაბილონისაგან და ეთიოპიისაგან, და ელამიტელთაგან და მზისაღმოსავალთაგან, და არაბიასაგან და ჭალაკთაგან ზღჳსათა.  
 
12 და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი ისრაჱლისანი და განთესულნი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.  
 
13 და მოისპოს შური ვფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს.  
 
14 და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ჴელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ.  
 
15 და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ ეგჳპტისა, და მიყოს ჴელი მისი მდინარესა ზედა სულითა მაიძულებელითა. და დასცეს იგი შჳდთა ჴევნებთა მიმართ, ვიდრემდის განვლამდე მისსა ფერჴშესასხმელითა.  
 
16 და იყოს საგზაურ დაშთომილისა ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა. და იყოს ისრაჱლი, ვითარცა დღესა, ოდეს გამოვიდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა.
 
 
 
***
 
 
8. იესეს ფესვიდან აღმოცენებულ რტოზე
 
თავი 11-ე
 
ამ თავში მოცემულია წინასწარმეტყველება მესიის ხორციელად წარმოშობის შესახებ იესეს ფესვიდან, ანუ დავითის სახლიდან, და იმის შესახებ, რომ ის დედამიწაზე ჭეშმარიტებისა და სიმართლის მეუფებას დაამყარებს.
 
 
1. იესეს ფესვიდან აღმოცენდება რტო და იმავე ფესვიდან ამოვა ყვავილი.

კვერთხისა (რტოსა) და ყვავილის სახელით წინასწარმეტყველი აქ გულისხმობს იესუ ქრისტეს, რომელიც ხორციელად დავითის სახლიდან, იესეს ძისგან, წარმოიშვა (რომ. 1:3; 2 ტიმ. 2:8); შესაბამისად, იესეს ფესვში იგულისხმება მისი მოდგმა ანუ ტომი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ყველაფერი, რაც შემდგომ არის ნათქვამი (2-10 მუხლები) იესეს ფესვიდან აღმოცენებულ ამ რტოზე, არავის შეიძლება მიესადაგოს, გარდა იესუ ქრისტესი.
 
ამის პირდაპირი დამადასტურებელი მოწმობა გვაქვს მოციქულ პავლეს ეპისტოლეში: წინასწარმეტყველის სიტყვები: "იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა", მიეკუთვნება იესუ ქრისტეს (რომ. 15:8-12; ეს. 11:10). ამასვე ადასტურებს საეკლესიო გადმოცემის საერთო მოწმობაც, რომელიც ერთ-ერთ საეკლესიო საგალობელშია გამოხატული: "იესეს ფესვიდან ამოსულო კვერთხო და მისგან აღმოცენებულო ყვავილო, ქრისტეო, ქალწულისაგან აღმოცენდი" (ქრისტეშობის კანონი, მე-4 გალობის ირმოსი (ძლისპირი)).
 
იესეს მოდგმის სახელდება ფესვად, რომლისგანაც ხორციელად წარმოიშვა მესია, ხოლო მისგან წარმოშობილისა — ყვავილად, მიუთითებს იმაზე, რომ მესიის დაბადების დროისთვის დავითის სამეფო მოდგმა დამცირებულ მდგომარეობაში იყო (როგორც ფესვამდე მოჭრილი ხე); პატრიარქ იაკობის წინასწარმეტყველების თანახმად ამ მოდგმის მეფეები უკვე აღარ არსებობდნენ (იხ. დაბ. 49:10), და ეს მოდგმა იმ კერძო მდგომარეობამდე იყო მისული, რომელშიც დავითის გამეფებამდე იმყოფებოდა, ანუ სხვა მოდგმებს გაუთანაბრდა. ამიტომ, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მესია იესეს ფესვიდან წარმოიშობა და არა დავითისგან, თუმცა იგი უფრო ხშირად დავითის ძედ (შთამომავლად) იწოდება.
 
 
2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.
 
3. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
 
 
მადლისმიერი ნიჭების ჩამოთვლისას, რომლებითაც დავითის ეს შთამომავალი იქნება შემკული, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მასზე დაივანებს (ანუ დამკვიდრდება):
 
 
ა) "ღვთის სული".
 
ღვთის სული, ანუ სულიწმიდა იყო მასზე ქალწულ მარიამის წიაღში მისი განკაცებისა და იორდანეში ნათლისღების დროიდან (წმ. ეფრემ ასური). ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის წიაღში, იესუ ქრისტეს განკაცების დროიდან მასში სულიწმიდის დამკვიდრების მითითებას ვხედავთ მთავარანგელოზის სიტყვებში, რომელმაც მისი განკაცების შესახებ ქალწულს ახარა: "სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი" (ლკ. 1:35). იორდანეში ნათლისღებისას იესუ ქრისტეზე სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ნათლად არის დამოწმებული სახარებაში (მთ. 3:16; მარკ. 1:10; ლკ. 3:22). სულიწმიდის ეს გარდამოსვლა იესუ ქრისტეზე ნიშნავს იმას, რომ მამა ღმერთი მის ადამიანურ ბუნებას სულიწმიდის ნიჭთა მთელ სისავსეს ანიჭებს (ინ. 3:34).
 
 
ბ) "სული (ანუ ნიჭი) სიბრძნისა და გონიერებისა".
 
ის, რომ იესუ ქრისტეს სიბრძნისა და გონიერების ნიჭი ჰქონდა, იქიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ თორმეტი წლის ყმაწვილმა იერუსალიმის ტაძარში თავისი გონივრული კითხვებითა და ბრძნული პასუხებით იუდეველი მოძღვრები ძლიერ გააკვირვა (ლკ. 2:42-47). ამის შემდეგაც იესუ ქრისტე, რომელიც, მახარებლის სიტყვების თანახმად, სიბრძნეში წარემატებოდა (ლკ. 2:52), არაერთხელ იწვევდა თავის თანამედროვეთა გაოცებას თავისი სიბრძნით. "უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?" (ინ. 7:15); "და როცა დაასრულა იესუმ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება" (მთ. 7:28).
 
 
გ) "სული (ანუ ნიჭი) რჩევისა და სიმხნევისა".
 
რჩევის ნიჭი, ანუ ხსნის მომტანი რჩევების უნარი, თითქმის იგივეა, რაც სიბრძნისა და გონიერების ნიჭი; უკანასკნელი ნიჭის გარეშე შეუძლებელია ხსნის მომტანი რჩევების მიცემა. იესუ ქრისტეს ასეთი რჩევების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ: 1) მისი რჩევა მდიდარი ჭაბუკისადმი (მარკ. 10:17-22), 2) მისი რჩევა კაცისადმი, რომელსაც მისი მიმდევრობა სურდა (ლკ. 9:59-62) და 3) მისი რჩევა საერთოდ ყველასადმი: "როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ" (მთ. 7:12).
 
სიმხნევის ნიჭი, ანუ ძალმოსილება, არის სასწაულთა აღსრულების ძალა ან ნიჭი, რომელსაც იესუ ქრისტე, როგორც ღმერთი, უმაღლესი სისავსით ფლობდა.
 
 
დ) "სული (ანუ ნიჭი) ცოდნისა და კეთილმსახურებისა".
 
ცოდნის ნიჭი, ანუ ყოვლისმცოდნეობა, რომელიც იესუ ქრისტეს ეკუთვნოდა, იმაში გამოვლინდა, რომ ის მომავალს წინასწარ ჭვრეტდა და ადამიანთა გულის ზრახვებსაც კი გულისხმაყოფდა. ასე აჩვენა მან, რომ იცოდა ნათანაილის (ინ. 1:47-48), იუდა გამცემელის (ინ. 13:21, 26), მწიგნობრებისა (მთ. 9:3-4) და ფარისეველების გულისთქმები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, რათა ენახათ, განკურნავდა თუ არა იგი შაბათს ხელგამხმარ კაცს (ლკ. 6:8), აგრეთვე უწყოდა მან ფარისეველთა და ჰეროდიანთა ფარული ზრახვები (მთ. 22:18). მისი ყოვლისმცოდნეობის დამადასტურებელია ასევე მისი წინასწარმეტყველებები მომავალ მოვლენათა შესახებ (მაგალითად, თავისი ჯვარცმითი სიკვდილის, მოციქულ პეტრეს უარყოფის, იერუსალიმისა და მთელი სამყაროს ბედის შესახებ).
 
იესუ ქრისტეს კეთილმსახურების ნიჭის გამოხატულებას წარმოადგენს მისი ხშირი დასწრება იერუსალიმის ტაძარსა და სინაგოგებში, მარხვების დაცვა, მშობლების პატივისცემა და მათდამი მორჩილება და, საერთოდ, მოსეს რჯულის ყველა განწესების დაცვა.
 
 
ე) "ის აღვსებული იქნება ღვთისმოშიშებით".
 
ეს ნიჭი იმაში გამოვლინდა, რომ იესუ ქრისტე, როგორც თავად ამბობდა საკუთარ თავზე, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ასრულებდა არა საკუთარ, არამედ თავისი მომავლინებელი მამის ნებას და ეძიებდა არა საკუთარ, არამედ მამის დიდებას. კერძოდ, ამ ნიჭის გამოხატულებაა იესუ ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში: "მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ. ... თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი" (მთ. 26:39-42).
 
 
3. ის აღვსებული იქნება ღვთისმოშიშებით, გარეგნული შეხედულების საფუძველზე  არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
 
4. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დასცემს ქვეყანას თავისი ბაგეების სიტყვით, და თავისი ბაგეების სულით მოაკვდინებს ბოროტეულს.
 
5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
 
 
იმ მადლისმიერი ნიჭების ჩამოთვლის შემდეგ, რომლებითაც მესია იქნება შემკული, წინასწარმეტყველი შემდგომ მისი მოღვაწეობის ხასიათზე მსჯელობს.
 
"ის (მესია) ადამიანებს არ განსჯის გარეგნული შეხედულების საფუძველზე (არამედ, თითოეულის ღირსებისამებრ, რომელიც მან, როგორც ყოვლისმცოდნემ,  იცის), და არ ამხილებს იმის საფუძველზე, თუ რას ან როგორ ამბობენ ადამიანზე ("არც გაგონილით არ დაიწყებს მხილებას", οὐδὲ κατὰ τὴν λαλίαν).
 
ასე აირჩია იესუ ქრისტემ მოციქულად მათე, ანუ ლევი, რომელიც, როგორც მეზვერე, ადამიანთა საერთო შეხედულებით ცოდვილად ითვლებოდა; მრუშობაში მხილებულ ქალს შეუნდო; თვით ჯვარზე გაკრული ავაზაკიც კი აცხოვნა — და ყოველივე ეს იმიტომ, რომ იგი ადამიანებს ისე არ განსჯიდა, როგორც თავად ადამიანები განსჯიან, ანუ არა საქმეთა გარეგანი მხარის, არამედ სულის შინაგანი თვისებების მიხედვით.
 
უარყოფითად გამოთქმულ აზრს ("გარეგნული შეხედულების საფუძველზე  არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას") წინასწარმეტყველი შემდგომ დადებითად გამოხატავს: "არამედ სიმართლით განსჯის" (κρινεῖ, მომავალი დრო, ἐν δικαιοσύνη) "სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ" (ἐν εὐθύτητι) "სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ" (მე-4 მუხლი), ანუ: "განსჯას აღასრულებს მდაბალზე ისე, როგორც სიმართლე მოითხოვს (სიმართლის მიხედვით), და ამხელს ქვეყნის მდაბალთ ისე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს (სამართლიანობის მიხედვით)".
 
"მდაბლებში" აქ უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ისინი, რომლებიც თავად მოკრძალებულად ფიქრობენ საკუთარ თავზე და თავიანთ დამსახურებებზე (მაგალითად, მეზვერე ზაქე), ისე მათაც, რომლებსაც სხვები ამცირებენ და არაფრად აგდებენ (მაგალითად, მეზვერე მათე).
 
მესიის მოღვაწეობაზე საუბრის გაგრძელებისას წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ის, ა) "თავისი ბაგეების სიტყვით" (ანუ, რაც იგივეა, თავისი ქადაგებით) მთელ ქვეყანას (მსოფლიოს) აუწყებს სიმართლეს და, ამასთანავე, ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ("დასცემს", πατάξει).
 
მართლაც, იესუ ქრისტეს ქადაგებამ, ისევე როგორც მის მიერ წარგზავნილ მოციქულთა ქადაგებამ, ყველაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა: ზოგიერთები მოულოდნელმა სიხარულმა აღავსო, რადგან საბოლოოდ იპოვეს ჭეშმარიტი ნათელი, რომელსაც ეძებდნენ; სხვები კი, პირიქით, საპირისპირო, მტრული გრძნობების მოზღვავებამ შეძრა იესუ ქრისტესა და მისი მიმდევრების მიმართ.
 
 
4. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დასცემს ქვეყანას თავისი ბაგეების სიტყვით, და თავისი ბაგეების სულით მოაკვდინებს ბოროტეულს.
 
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ იესუ ქრისტეს საღვთო და სრულყოფილი მოძღვრება, ერთგვარად იქნება უკეთურთა დამსჯელი და მომსპობი მათრახი. ყოველი ადამიანური მოძღვრება მეტ-ნაკლებად შემწყნარებლურად ეკიდება ადამიანის უძლურებებს. ასეთი არ არის იესუ ქრისტეს მოძღვრება.
 
მაგრამ თუკი მაცხოვრის მოძღვრება უკეთური ადამიანებისთვის მათრახი იყო, მით უფრო უკეთურების სათავე — ეშმაკისთვის. ამის დამადასტურებელია ის, რომ ბოროტი სულებით შეპყრობილნი (ეშმაკეულნი), როდესაც იესუ ქრისტე მათ უახლოვდებოდა, ჩვეულებრივ ყვიროდნენ: "რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესუ, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მთ. 8:29).
 
სწორედ ასეთ აზრს გამოთქვამს წმ. კირილე ალექსანდრიელი, როდესაც ამბობს: "ის (იესუ) უბრძანებდა უწმინდურ სულებს და, რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას ეხებოდა, მისი ბაგით ისმოდა სიტყვის ხმა, ხოლო სულის გამოუთქმელი ძალით დემონთა სიმრავლე ილეწებოდა".
 
უფრო ფართო მნიშვნელობით, "უკეთურში" შეიძლება ანტიქრისტეც ვიგულისხმოთ, რომლის დამარცხების შესახებ მოციქული პავლე თითქმის იმავე სიტყვებით ამბობს: "მაშინ (ე. ი. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ) გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით"" (2 თეს. 2:8).
 
 
5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
 
 
ასეთი იქნება იესეს ამ დიდი შთამომავლის მოღვაწეობა, რადგან მას, ასე ვთქვათ, "სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე" (მე-5 მუხლი).
 
ეს ნიშნავს, რომ მესია მთლიანად იქნება განმსჭვალული სიმართლითა და ჭეშმარიტებით; ის აღძრული იქნება მხოლოდ სიმართლის აღსრულების სურვილით, ხოლო მისი ყველა საქმე იქნება სიმართლისა და ჭეშმარიტების მატარებელი.
 
 
6. დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ.
   
7. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას.
   
8. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს.
 
9. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული.

 
მესიის ასეთი მოღვაწეობის გავლენით დედამიწაზე დამყარდება მშვიდობა და სიყვარული, ხოლო კაცობრიობაში მოხდება დიდი ზნეობრივი გარდაქმნა, რომელსაც წინასწარმეტყველი შემდეგი ნიშნებით აღწერს:
 
"და მაშინ (ე. ი. როდესაც დედამიწაზე მესიის მოღვაწეობა გამოვლინდება) მგელი კრავთან ერთად იძოვებს, ხოლო ჯიქი (ფოცხვერი, πάρδαλις) თიკანთან ერთად დაისვენებს (დაწვება, დაიძინებს), ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ" (მე-6 მუხლი).
 
"ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას (ნამჯას, τὸ ἄχυρον, ლათ. acus, eris) შეჭამს (მე-7 მუხლი). ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში (მღვიმეში, ἐπὶ τρωγλῶν) ჩაყოფს ხელს (მე-8 მუხლი). და საერთოდ, არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული" (მე-9 მუხლი).
 
"წმინდა მთაში" ქრისტეს წმინდა ეკლესია უნდა ვიგულისხმოთ (წმ. კირილე ალექსანდრიელი, ნეტარი იერონიმე და სხვ.), რომელმაც თავისი დასაბამი სიონზე მიიღო.
 
წინასწარმეტყველის ზემოთ მოტანილი სიტყვების აზრი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც მესიის მოსვლამდე ჯიქების, ლომებისა და დათვების მსგავსად სასტიკნი და სისხლისმოყვარენი იყვნენ, სამყაროში მესიის მოსვლისა და მისი მაცხოვნებელი მოძღვრების მიღების შემდეგ, კრავებივით თვინიერნი გახდებიან, შეუერთდებიან მათ ქრისტეს ეკლესიაში ("წმინდა მთაზე") და აღარ ავნებენ მათ.
 
ამ ჭეშმარიტების გამოსახატავად წინასწარმეტყველმა სახე-სიმბოლოები აიღო იმ მდგომარეობიდან, რომელშიც პირველქმნილი სამყარო იმყოფებოდა ადამიანთა ცოდვით დაცემამდე, როდესაც არა მხოლოდ თავად ადამიანებს არ ეშინოდათ მათ გარშემო მყოფი ცხოველებისა, არამედ არც ცხოველები ვნებდნენ ერთი მეორეს, რადგან ყველა თვინიერი და ბალახისმჭამელი იყო (დაბ. 1:30).
 
სასტიკ და სისხლისმოყვარე ადამიანებში, რომლებსაც წინასწარმეტყველი ლომებს, ჯიქებს, დათვებსა და ასპიტებს უწოდებს, უნდა ვიგულისხმოთ ისინი, რომლებიც მაცხოვარს მტრულად შეხვდნენ და ყველა მის მიმდევარს სასტიკად ექცეოდნენ. ხოლო თვინიერი ადამიანები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ცხვრებს, თიკნებს, ხარებსა და ხბოებს უწოდებს, არიან ისინი, რომლებმაც კრავის მსგავსად თვინიერებით მიიღეს ქრისტეს მოძღვრება და ხარის მსგავსად სახარებისეული რჯულის უღელი საკუთარ თავზე იტვირთეს. აქედან გამომდინარე, როდესაც წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ველური და მტაცებელი ცხოველები შინაურ და თვინიერ ცხოველებთან ერთად მოსძოვენ და დაისვენებენ, ნიშნავს, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უწინ ქრისტეს მდაბალ მიმდევრებს ქედმაღლურად (ლომის მსგავსად), ბოროტად (ასპიტის მსგავსად) და სასტიკად (ჯიქის მსგავსად) ეპყრობოდნენ, დროთა განმავლობაში სახარებისეული თვინიერების სულით დამარცხდებიან და თავადაც, ქრისტეს ეკლესიის წევრებად ქცეულნი, თავიანთ მხეცურ ზნეობას თვინიერებით შეცვლიან.
 
მსგავსი გარდაქმნის ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ წმ. მოციქული პავლე, რომელიც ქრისტესადმი მოქცევამდე, როგორც თავად ამბობს საკუთარი თავის შესახებ, "უმეტესად დევნიდა ღვთის ეკლესიას"; ხოლო ქრისტესადმი რწმენის შემდეგ ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად იქცა (საქ. 9:15) და სახარების ქადაგების საქმეში ყველა მოციქულზე მეტად იღვაწა. "მგელი — პავლე (ამბობს ნეტარი იერონიმე), რომელიც თავდაპირველად დევნიდა და ტანჯავდა ეკლესიას, რომლის შესახებაც ნათქვამია: "ბენიამინი მგელია მტაცებელი" (დაბ. 49:27), ცხოვრობდა კრავ ანანიასთან, რომლის მიერაც მოინათლა (საქ. 9:10-18), და "რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში" (საქ. 9:19), რომლებიც არიან ის კრავები ანუ ცხვრები, რომელთა დამწყემსვაც იესუ ქრისტემ მოციქულ პეტრეს, ხოლო მისი სახით — ყველა სხვა მოციქულსა და მათ მემკვიდრეებს მიანდო (ინ. 21:15-17).
 
ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აგრეთვე ქრისტიანთა მრავალი მდევნელი, რომლებიც ქრისტესკენ მოიქცნენ, როდესაც მათ მიერ რწმენისთვის წამებულ ქრისტიანთა სიმამაცე და სიმტკიცე დაინახეს.
 
ქედმაღალი მტრები და ქრისტიანთა მდევნელები ქრისტესადმი მოქცევის შემდეგ, ა) წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, თვინიერ და მდაბალ ქრისტიანებთან ერთად ერთი და იმავე საზრდოთი იკვებებიან ("ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას"), ანუ, ქრისტეს ეკლესიის წევრებად ქცეულნი, ყველა ქრისტიანისთვის საერთო ერთსა და იმავე სულიერ საზრდოს — ქრისტეს მადლისმიერ მოძღვრებას — მიიღებენ, და ბ) ეყოლებათ, ჩვილებივით თვინიერი და უბოროტო მწყემსები — წინამძღოლები ("ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ"). სახარების ამ მდაბალ მსახურთა, ქრისტიან მწყემსთა შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისინი გულის ბავშვური უბრალოებით ხელს დაადებენ, ანუ თავიანთ სამწყსო გავლენას გაავრცელებენ ისეთ ბოროტ ადამიანებზეც კი, რომლებიც ასპიტებს ჰგვანან, და (რაც იგულისხმება) ამას საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე გააკეთებენ.
 
ხოლო საერთოდ ეკლესიის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მასში ("წმინდა მთაზე") საერთოდ არავის ავნებენ და ვერავის მოსპობენ. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია და მასში ღვთის მიერ დადგენილი იერარქია უმძიმესი მტრების მხრიდან ყოველგვარი საფრთხის მიღმაა. ეს აზრი თავად იესუ ქრისტემაც ნათლად გამოხატა, როდესაც თქვა, რომ მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას თვით ჯოჯოხეთის ძალებიც ვერ დაამარცხებენ (მთ. 16:18), და როდესაც თავის მოციქულებს მისცა "ხელმწიფება გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა", თანაც აღუთქვა: "არაფერი გავნებთ თქვენ" (ლკ. 10:19).
 
თუმცა წინასწარმეტყველის სიტყვები: "პატარა ყრმა ხელს დაადებს ასპიტთა სოროებს და ასპიტთა ნაშიერების სარეცელს", ისევე როგორც იესუ ქრისტეს მიერ თქმული მსგავსი სიტყვები (ლკ. 10:19), შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ, იმ აზრით, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს, განსაკუთრებით კი მისი ეკლესიის მწყემსებს, ექნებათ სასწაულებრივი ნიჭი: ისინი ყოველგვარი ზიანის გარეშე შეძლებენ შეეხონ თვით ყველაზე საშიშ ცხოველებსაც კი. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ღვთის წმინდა რჩეულთათვის ყველაზე მტაცებელი და ბოროტი მხეცებიც კი თვინიერნი და უვნებელნი იყვნენ, როგორც კრავები. ასე, მოციქული პავლე ყოველგვარი ზიანის გარეშე ხელში იღებდა გველს (საქ. 28:3-6).
 
მსგავსი მაგალითები ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გვხვდება. მსაჯულმა სამსონმა ყოველგვარი ზიანის და ყოველგვარი იარაღის გამოყენების გარეშე დაგლიჯა მასზე თავმდამსხმელი ლომი (მსჯ. 14:6). წინასწარმეტყველი დავითი თავის შესახებ ამბობს, რომ როდესაც მამის ფარას მწყემსავდა და ისე ხდებოდა, რომ ლომი ან დათვი მისი ფარიდან ცხვარს იტაცებდა, ის მტაცებელს მისდევდა და ნადავლს ართმევდა; ხოლო თუ იგი წინააღმდეგობას გაუწევდა, ყელში სწვდებოდა და კლავდა (1 მეფ. 17:34-36). წინასწარმეტყველმა დანიელმა თავისი სიმართლით დაუხშო პირი ლომებს, რომლებთანაც იგი შესაჭმელად ჩააგდეს (დან. 6:16-22).
 
თავდაპირველად, როდესაც ადამიანი უბიწო და უცოდველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყველა მხეცი მისთვის თანაბრად უვნებელი და, მეტიც, მორჩილიც კი იყო; მათი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ მასში ღვთის ხატის დაბნელების შედეგად შეიცვალა. მაგრამ რამდენადაც ღვთის ზოგიერთი რჩეული განსაცდელთა გზით თანდათან განეშორებოდა ყოველგვარ ცოდვას, რაც მათში ღვთის ხატს აბნელებდა, იმდენად უბრუნდებოდა ძალაუფლება ცხოველებსა და, საერთოდ, ბუნებაზე. იესუ ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის შემდეგ, მადლისმიერი ძალების დახმარებით, პირველქმნილ მდგომარეობასთან დაბრუნება უფრო ადვილი გახდა, ვიდრე ძველი აღთქმის ეპოქაში. ამიტომაც ქრისტიანობის ისტორიაში ცხოველებზე წმინდანთა მეუფების მაგალითები გაცილებით მეტია, ვიდრე ძველი აღთქმის ისტორიაში.
 
 
10. იმ დღეს ხალხთა მთავრად იდგება იესეს ფესვი და მისდამი სასოებით აღივსებიან ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
 
 
ყოველივე ზემოთქმულის მიზეზი, წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, იქნება ის, რომ იესეს დიდი შთამომავლის სამყაროში მოსვლასთან ერთად მთელი ქვეყანა უხვად აღივსება ღვთისშემეცნებით, როგორც ზღვა ივსება წყლით. ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება მესიის მოსვლამდე მხოლოდ ერთი, ღვთის ერის, ხვედრი იყო; ამასთანავე, წინასწარმეტყველთა მიერ ის სრულად და ნათლად კი არ იყო გამოცხადებული, არამედ დაფარულად, სახე-სიმბოლოების ქვეშ, რომლებიც ზოგჯერ ძნელად გასაგები იყო. ამიტომ მისი გავლენის ძალა უხეშ და უმეცარ წარმართებზე შედარებით შეზღუდული იყო.
 
ხოლო სამყაროში მესიის მოსვლის შემდეგ ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება ყველა ხალხისთვის განურჩევლად ხელმისაწვდომი გახდა; ის ადამიანებს ეუწყა არა წინასწარმეტყველთა მიერ და არა დაფარულად, არამედ თავად ღმერთის ბაგით, რომელმაც კეთილინება და კაცობრივი ბუნება მიიღო. ამასთანავე, იგი ისეთი ნათელი და გონებისთვის მისაწვდომი ფორმით იქნა ნაუწყები, რომ მას ადვილად ითვისებდნენ თვით უსწავლელი ადამიანებიც კი, "მცირიდან დიდამდე", როგორც ამის შესახებ იწინასწარმეტყველა იერემიამ (იერ. 31:34). და რაც მთავარია, ყველა, ვინც გულწრფელად მიიღო ქრისტეს მოძღვრება და ირწმუნა იგი, თავისი რწმენის შესაბამისად, იღებდა მადლისმიერ ნიჭებს, რომლებიც მათ ახალ ქმნილებად გარდაქმნიდა. სწორედ ამიტომ მესიის მიერ დედამიწაზე მოტანილ ჭეშმარიტ ღვთისშემეცნებას ისეთი დიდი შედეგები ჰქონდა, როგორიც ძველი აღთქმის ღვთისშემეცნებას არც ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა.
 
შემდგომ წინასწარმეტყველი საუბრობს იმაზე, ა) რომ მესია არა მარტო იუდეველთა, არამედ წარმართთა იმედისა და რწმენის საგანიც იქნება და ბ) რომ თვით მისი განსასვენებლის ადგილი საყოველთაო პატივისცემის საგნად იქცევა.
 
 
10. იმ დღეს ხალხთა მთავრად იდგება იესეს ფესვი და მისდამი სასოებით აღივსებიან ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
   
"იმ დღეს (ე. ი. "ძველთაგანვე წინასწარ განსაზღვრულ და წინასწარ დადგენილ დროს" — წმ. ბასილი დიდი) იესეს ფესვი აღდგება იმისთვის, რათა იბატონოს (არა მხოლოდ იუდეველებზე, არამედ) წარმართებზეც ("ხალხთა მთავრად იდგება იესეს ფესვი"); მასზე დაამყარებენ იმედს ("მისდამი სასოებით აღივსებიან ტომები") წარმართებიც და მისი განსასვენებლის ადგილი პატივისცემის საგანი იქნება ("დიდება იქნება მისი საშვებელი")".
 
აქ წინასწარმეტყველი იესეს ფესვს უწოდებს იმავე მესიას, რომელიც ზემოთ (1-ელ მუხლში) იესეს ფესვიდან აღმოცენებულ რტოდ (კვერთხად) და ყვავილად არის სახელდებული. მესიის სახელდება იესეს ფესვიდან აღმოცენებულ რტოდ ან ნაზარდად და ყვავილად მიუთითებს იმაზე, რომ მესია ხორციელად იესეს შთამომავალი იქნება და თანაც ისეთი შთამომავალი, რომელიც თითქოს მთელი მისი მოდგმის ყვავილს წარმოადგენს და იესეს მთელი მოდგმის საუკეთესო სამკაულად მოგვევლინება.
 
ხოლო მესიის სახელდება იესეს ფესვად, ან, როგორც აპოკალიფსშია ნათქვამი, დავითის ფესვად (გამოცხ. 5:5; 22:16) მიუთითებს იმაზე, რომ მესიის პიროვნებაში თავმოყრილი იყო მთელი ის მნიშვნელობა, რომელიც იესეს ან დავითის მოდგმას კაცობრიობის ხსნის ისტორიაში ჰქონდა; ანდა იმაზე, რომ ეს მოდგმა, რიცხობრივად შემცირებული და დაკნინებულ მდგომარეობამდე მისული, მხოლოდ იესუ ქრისტეში დგას ხესავით ფესვზე, მტკიცდება და ნარჩუნდება, როგორც თავის საფუძველზე. ამავე აზრით იესუ ქრისტეს მთელი იუდეველი ერის თესლი და საყრდენი ეწოდება (იხ. ზემოთ — ეს. 6:13).
 
წინასწარმეტყველის სიტყვებში: "იმ დღეს ხალხთა მთავრად იდგება იესეს ფესვი და მისდამი სასოებით აღივსებიან ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი", მოცემულია წინასწარმეტყველება იმისა, რომ იუდეველებთან ერთად წარმართებიც შევლენ ქრისტეს ეკლესიაში. ამავე აზრს გამოხატავს პატრიარქ იაკობის ძველი წინასწარმეტყველება: "ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49:10). ამიტომაც ჩვენი წმინდა ეკლესია გალობს: "იგი, ვისზეც ძველად იაკობმა იწინასწარმეტყველა, როგორც წარმართთა იმედზე, ქრისტეო, იუდას ტომიდან გამობრწყინდი" (ქრისტეშობის კანონის მე-4 გალობის ტროპარი).
 
სწორედ ამ მნიშვნელობით განმარტავს ამ სიტყვებს მოციქული პავლე. რომაელ ქრისტიანთა მიმართ ეპისტოლეში უს ამბობს, რომ იესუ ქრისტე იყო ხსნის აღმასრულებელი: ა) წინადაცვეთილთათვის, ანუ იუდეველთათვის, მათი მამებისთვის მიცემული აღთქმების ძალით, და ბ) წარმართთათვის, ღვთის წყალობით, ღვთის განსადიდებლად, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა აღსასრულებლად და, მათ შორის, ესაიას წინასწარმეტყველებისაც: "იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა" (რომ. 15:8-12).
 
წინასწარმეტყველის სიტყვები: "დიდება იქნება მისი საშვებელი" გამოხატავს იმ აზრს, რომ მისი სიკვდილი ("განსასვენებელი", ბერძნ. ἀνάπαυσις, განსვენება, ლათ. sepulchrum — საფლავი), ანუ თვით მისი სიკვდილის სახე და მისი დაკრძალვის ადგილი, დიდებული იქნება და ადამიანთათვის პატივისცემის საგნად იქცევა. ამას ახლა მართლაც ვხედავთ: ქრისტეს ჯვარი, მისი სიკვდილის იარაღი და ჩვენი ხსნის საშუალება, და იესუ ქრისტეს ჯვარცმით ტანჯვა ქრისტიანთა მხრიდან უდიდესი კრძალვითი პატივისცემის საგანია, ისევე როგორც მისი ცხოველმყოფელი საფლავი, რომელშიც ქრისტეს ყოვლადწმიდა სხეული ესვენა, და არა მხოლოდ ეს, არამედ გოლგოთაც, მთელი იერუსალიმიც და თვით მთელი პალესტინაც. დედამიწაზე ყველა ის ადგილი, რომელიც ჩვენი მაცხოვრის იქ ყოფნამ განწმინდა, სამუდამოდ ძვირფასი დარჩება ყველა მორწმუნისთვის. ამ წმინდა ადგილების თაყვანისსაცემად ყოველწლიურად ასობით ათასი მომლოცველი მიემართება მთელი მსოფლიოდან.
 
ამ თავის განხილული მონაკვეთი წარმოადგენს პარემიას, რომელიც ქრისტეშობის წინა საღამოს იკითხება, რადგან დღესასწაულზე აღსრულებული მოვლენა წარმოადგენს აქ მოცემული წინასწარმეტყველების — მესიის, ქრისტეს, შობის — აღსრულებას. ის დაიბადა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან, დავითის ანუ იესეს მოდგმისგან, და თანაც იმ დროს, როდესაც ეს მოდგმა უკიდურესად დაკნინებულ მდგომარეობაში იყო; ის დაიბადა ქალაქ ბეთლემში, იესეს სამშობლოში.
 
 
11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
 
12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
 
13. გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს.
   
14. ხომალდებით გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ, ერთად დაიპყრობენ ზღვისპირელებს, აღმოსავლეთის ყველა მცხოვრებს, პირველად ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, ხოლო ყამონელნი პირველნი შეისმენენ.
 
 
შემდეგ წინასწარმეტყველი აღწერს: ა) სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული იუდეველების შეკრებას ქრისტეს ეკლესიაში, რასაც ისრაელიანებსა და იუდეველებს შორის მტრული ურთიერთობის შეწყვეტა მოჰყვება, და ბ) მათი მეშვეობით წარმართთა მოწოდება ქრისტეს ეკლესიაში.
 
ა) და იქნება იმ დროს ("იმ დღეს" — შდრ. 1-ელ და მე-10 მუხლებს), რომ უფალი კვლავ გამოავლენს (აჩვენებს) თავის ყოვლისშემძლეობას ("გაიწვდის უფალი ხელს"), რათა გამოავლინოს თავისი მოშურნეობა ("რათა იშუროს") იმ ადამიანთა დარჩენილი ნაწილის მიმართ, ვინც კი დარჩება ასურეთში, ეგვიპტეში, ბაბილონში, ეთიოპიაში, ელამში, აღმოსავლეთის სხვა ხალხებში, არაბეთში და ზღვის კუნძულთა მცხოვრებთა შორის (მე-11 მუხლი).
 
აქ ჩამოთვლილია ის ხალხები, რომელთა შორისაც ამქვეყნად მესიის მოსვლამდე გაფანტულ იუდეველებს უნდა ეცხოვრათ. ასურეთში ებრაელთა დასახლების შესახებ პირდაპირი მოწმობა გვაქვს მეფეთა მეოთხე წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის სამეფოს ქვეშევრდომები ასურეთში ფელგაფელასარმა (4 მეფ. 15:29) და სალმანასარმა (4 მეფ. 17:3-6) გადაასახლეს.
 
ეგვიპტეში იუდეველი მოსახლენი, სავარაუდოდ, ტყვეების სახით გაჩნდნენ მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ფარაონმა სუსაკიმმა რობოამის მეფობის დროს იუდეაზე ძლევამოსილი ლაშქრობა მოაწყო (3 მეფ. 14:25-26), აგრეთვე მას შემდეგ, რაც იუდეაზე ფარაონმა ნექაომ გაილაშქრა, რომელმაც იოახაზ მეფე ეგვიპტეში ტყვედ წაიყვანა (2 ნეშტ. 36:3).
 
ეთიოპიაში, ეგვიპტის მოსაზღვრე ქვეყანაში (ეს. 20:3-5), რომელიც ამ უკანასკნელის სამხრეთით მდებარეობდა, იუდეველი მოსახლენი, შესაძლოა, მაშინვე გაჩნდნენ, როდესაც ეგვიპტეში და ბაბილონში იუდეველები ნაბუქოდონოსორმა ტყვეების სახით გადაასახლა (4 მეფ. 24:14-16; 2 ნეშტ. 36:6, 10, 20). ელამელთა შორის ებრაელები, სავარაუდოდ, ნაბუქოდონოსორის დროს დასახლდნენ, რომლის დროსაც ძველი ელამის სამეფო (რომელიც ჯერ კიდევ აბრაამის დროს არსებობდა — დაბ. 14:1-15), მდინარე ტიგროსის ნაპირებზე, სუსას მახლობლად, ბაბილონის მონარქიის შემადგენლობაში შედიოდა (ივდით. 1:5-6), თუმცა მას ჯერ კიდევ საკუთარი მეფე ჰყავდა (იერ. 49:34-39).
 
ბაბილონის ტყვეობის დროიდან ელამელები წმინდა წერილში უკვე სპარსელთა ახალი სახელით გვხვდებიან (ეზ. 27:10; 38:5; დან. 10:1, 13, 20).
 
აღმოსავლეთის ხალხებში (მაგალითად, წმ. ეფრემ ასურის მიხედვით) იგულისხმებიან შინარის მკვიდრნი (დაბ. 11:2), ქალდეის ანუ ბაბილონის სამხრეთ ნაწილის მცხოვრებნი, სადაც მდებარეობდა ცნობილი ძველი ქალაქი ქალდეველთა ური, საიდანაც აბრაამი იქნა მოწოდებული (დაბ. 11:28). აქ იუდეველი ტყვეები ნაბუქოდონოსორის დროიდან გაჩნდნენ.
 
"არაბები, მეომარი ხალხი, მთელი დროის განმავლობაში ებრძოდნენ ისრაელიანებს" (წმ. ბასილი დიდი), რის გამოც მათ შორის ყოველთვის შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ებრაელი ტყვეებიც.
 
ზღვის კუნძულებში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან მდებარე კუნძულები და ქვეყნები იგულისხმება. ამ ადგილებში გაფანტულ იუდეველებში, სავარაუდოდ, იგულისხმებიან ის იუდეველებიც, რომლებიც, წინასწარმეტყველ იოველის მოწმობით, ფინიკიელებმა ბერძენთა შვილებს მიჰყიდეს (იოელ. 2:6). თავად იუდეველები შემდგომ თავიანთ გაფანტულ თანამოძმეებს, რომლებიც ბერძენთა შორის ცხოვრობდნენ, "ბერძნულ განფანტვას" (ინ. 7:35), ანუ ელინისტებს უწოდებდნენ; და რადგან ისინი ძალიან მრავალრიცხოვანნი იყვნენ, ამ სახელით შემდგომში საერთოდ პალესტინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა იუდეველს ხმობდნენ.
 
აქ წინასწარმეტყველი ჯერ კიდევ ნათლად არ გვიჩვენებს, თუ კონკრეტულად რას აღასრულებს მაშინ ("იმ დღეს") უფალი, რომელიც მოშურნეობს წარმართთა შორის გაფანტული თავისი ერის ნარჩენის გამო. ეს აზრი მომდევნო სიტყვებში ივსება: "დროშას აღუმართავს ხალხებს (ზემოთ ჩამოთვლილთ), შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას" (მე-12 მუხლი).
 
უფალი მისცემს ნიშანს — ნიშნავს, რომ უბრძანებს წარმართ ხალხებს, თავისუფლება დაუბრუნონ მათ შორის გაფანტულ იუდეველებსა და ისრაელიანებს; ისინი კი დედამიწის ყველა კიდიდან ("ოთხი კიდიდან"), ანუ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შეიკრიბებიან (შდრ. ეს. 43:5-7).
 
აქ აშკარად ლაპარაკია ყველგან გაფანტული იუდეველების შეკრებაზე მესიის სულიერ სამეფოში. ეს ჩანს ესაიას ამ წინასწარმეტყველების შედარებიდან ზაქარიას ანალოგიურ წინასწარმეტყველებასთან: "ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხ ქართაგან შეგკრიბავთ თქუენ. იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო" (ზაქ. 2: 6; შდრ. ეს. 60:1), "რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი" (ზაქ. 2:6, 10-11).
 
ხოლო ზაქარიას სიტყვები: "აჰა, მოვდივარ და დავმკვიდრდები შენს შორის" (ე. ი. იერუსალიმში) "და მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი" (შდრ. ზაქ. 8:21-22 და ეს. 2:2-3; შდრ. ოს. 1:10) — არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ აქ ლაპარაკია ქრისტეს ეკლესიაში იუდეველთა შეკრებაზე წარმართებთან ერთად. სწორედ ამისთვის, მახარებელ იოანეს მოწმობით, იტანჯა იესუ ქრისტე: "რადგან იესო უნდა მომკვდარიყო არა მარტო ნათესავთათვის" (იუდეველი ერისთვის), "არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები (სხვა ცხვრები, რომლებიც არ არიან ამ ფარიდან — ინ. 10:16)" (ინ. 11:51-52).
 
ქრისტეს ეკლესიაში იუდეველთა ამ შეკრების დასაწყისი მაშინ დაიდო, როდესაც მოციქულები, თავად მაცხოვრის ბრძანებით, თავიანთი ქადაგებით უპირველესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებისკენ წარიმართნენ (მთ. 10:6), ხოლო შემდგომ, როდესაც ყველა ხალხისათვის სახარების საქადაგებლად იქნენ წარგზავნილნი (მთ. 28:19), თავიანთ ქადაგებას პირველ რიგში წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს სთავაზობდნენ (საქ. 13:46). ხოლო ამ შეკრების დასრულებას, მოციქულ პავლეს სიტყვის თანახმად, მაშინ უნდა ველოდოთ, როდესაც "წარმართთა სისავსე შევა" (ქრისტეს ეკლესიაში) და როდესაც "მთელი ისრაელი ცხონდება" (რომ. 11:25-26).
 
იუდეველთა ზემოთ აღწერილი შეკრება დედამიწის ყველა კიდიდან, წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, დასრულდება იუდეველთა და ისრაელიანთა სამეფოებს შორის ურთიერთშერიგებით. ""გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს" (მე-13 მუხლი).
 
""შურში" აქ იგულისხმება არა სიკეთეში მიბაძვა, არამედ სხვათა კეთილდღეობის შური" (წმ. ბასილი დიდი).
 
ისრაელის სამეფო თავისი არსებობის დასაწყისიდანვე მუდმივად მეტოქეობდა და მტრობდა იუდეველთა სამეფოს. ასე, მაგალითად, წმინდა წერილის მოწმობით, ისრაელის პირველი მეფე იერობოამი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ომობდა იუდეველთა მეფე რობოამის წინაარმდეგ (3 მეფ. 14:30); ასევე ისრაელის მეფე ბააშა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ომობდა იუდეველთა მეფე ასასთან (3 მეფ. 15:32). წინასწარმეტყველ ესაიას დროს ისრაელის მეფე ფაკე, რომელი იყო რომელიას ძე, სირიის მეფე რაზინთან კავშირში იუდეველთა მეფე აქაზის წინააღმდეგ იბრძოდა (ეს. 7:1, 5-6).
 
ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ღვთის ერის გარეგანი დაყოფა ორ სამეფოდ, რომელთაგან თითოეულს თავისი მეფე ჰყავდა, შეწყდა; მაშინ ყველა იუდეველი ერთი მმართველის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა, რის შესახებაც წინასწარმეტყველმა ოსიამ იწინასწარმეტყველა (ოს. 1:11). ხოლო მესიის სამყაროში მოსვლის დროიდან, როდესაც ყოველგვარი გარეგანი, ხორციელი უპირატესობა გაუქმდა, შეწყდა თვით განსხვავებაც იუდეველებსა და წარმართებს შორის (გალ. 3:28; 5:6) და საბოლოოდ დასრულდა ურთიერთმტრობა იუდეველებსა და ისრაელიანებს შორისაც: ქრისტიანული სიყვარულის რჯულმა ყველა ერთ სხეულად, ანუ ერთ სამწყსოდ, გააერთიანა, რომლის ერთადერთი თავი (ეფ. 5:23; კოლ. 1:18), და ერთადერთი მწყემსი არის იესუ ქრისტე (ინ. 10:16). სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს წინასწარმეტყველი ამ მუხლში.
 
იუდეველთა შეკრებასთან ერთად, მათი მეშვეობით, აღსრულდება წარმართთაგან რჩეულთა მოწოდებაც ქრისტეს ეკლესიაში. როგორც ზემოთ მოკლედ გამოთქმული აზრის დამატება და განმარტება მესიისკენ წარმართთა მოქცევის შესახებ (მე-10 მუხლი), წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მათი მოქცევა იუდეველთა მეშვეობით აღსრულდება. "ხომალდებით გაფრინდებიან (ე. ი. იუდეველები), ამბობს წინასწარმეტყველი, ფილისტიმელთაკენ, ერთად დაიპყრობენ ზღვისპირელებს, აღმოსავლეთის ყველა მცხოვრებს (შდრ. მე-11 მუხლს), პირველად ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, ხოლო ყამონელნი პირველნი შეისმენენ" (მე-14 მუხლი).
 
აქ საუბარია ისრაელის სულიერ დაპყრობებზე, რომლებიც "იმ დღეს" უნდა აღსრულდეს (1-ლი და მე-10 მუხლები), ანუ ქრისტეს ეკლესიაში წარმართთა შემოყვანაზე ქრისტეს მორწმუნე იუდეველთა, უპირველესად კი წმინდა მოციქულთა, სახარებისეული მოღვაწეობის მეშვეობით.
 
წმინდა მოციქულებმა, თავად იესუ ქრისტესგან მიღებული მცნების თანახმად: "წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს" (მთ. 28:19), ესაიას ამ წინასწარმეტყველებისა და მეფსალმუნის სხვა მსგავსი წინასწარმეტყველების შესაბამისად (ფს. 18:5), მართლაც იქადაგეს როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე, დედამიწის ყველა კიდემდე: "მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ" (რომ. 10:18).
 
 
15. მოაოხრებს უფალი ეგვიპტის ზღვას, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
 
16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.  
 
 
დასასრულს წინასწარმეტყველი ამბობს, რომ გაფანტულ იუდეველთა ზემოთ აღწერილ შეკრებას სხვადასხვა ქვეყნიდან, ისევე როგორც მათ სულიერ გამარჯვებებს წარმართებზე, თან ახლავს ისეთივე სასწაულებრივი ნიშნები, როგორებიც ოდესღაც ახლდა იუდეველთა ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებას მოსეს დროს.
 
"და მაშინ მოაოხრებს უფალი ეგვიპტის ზღვას (ე. ი. მეწამულ ზღვას) და ქარტეხილში გამოავლენს თავის ძალას ("ხელს აღმართავს") მდინარეზე და (ამ ქარით) შვიდ ტოტად დაყოფს ("განწვალავს") მას, ისე, რომ შესაძლებელი იქნება მასზე ფეხსაცმლით გადასვლა" (მე-15 მუხლი). "და (ამგვარად) გამოუჩნდება გზა ("გასასვლელი", δίοδος) მისი ერის ნატამალს, რომელიც იმ დროისთვის დარჩება ეგვიპტეში (შდრ. მე-11 მუხლს), ანუ ისრაელიანებისთვის მაშინაც ისე იქნება, როგორც იყო იმ დროს, როდესაც ისინი ეგვიპტიდან გამოდიოდნენ" (მე-16 მუხლი).
 
წინასწარმეტყველის ეს დასკვნითი სიტყვები უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ყველა ხალხს რომ გაუადვილოს მის ეკლესიაში შესვლა, აღასრულებს ისეთივე და კიდევ უფრო დიდ სასწაულებს, როგორებიც ოდესღაც ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლის გასამარტივებლად აღსრულდა. და მართლაც, როგორც თვით იესუ ქრისტეს ქადაგებას მცირედმორწმუნეთა დასარწმუნებლად მრავალი და დიდი სასწაულები ახლდა, რის გამოც მის შესახებ მახარებელთან ნათქვამია, რომ ასწავლიდა როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი და ფარისეველნი (მთ. 7:29), მისი მოციქულების ქადაგებასაც ყველგან ახლდა სასწაულებრივი ნიშნები: "ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით" (მკ. 16:20).


გაგრძელება იხ. სარჩევში.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024-2026 წ.
Назад к содержимому