სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია
თავი 12
ახ. ქართ.:
1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.
2. აჰა, ღმერთია ჩემი მაცხოვარი უფალი, ვესავ და ვცხოვნდები მის მიერ, არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი დიდება და ქება! ის იყო ჩემი მხსნელი.
3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ ამაღლდა მისი სახელი.
5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
ძვ. ქართ.:
1. და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.
2. აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.
3. აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა.
4. სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.
5. საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა.
6. იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.
***
9. ხსნისა და მადლის ჟამის შესახებ
შინაარსის მიხედვით, ეს თავი წინა თავის გაგრძელებას წარმოადგენს. იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ისრაელის სახელით წარმოთქმული საგალობელი მესიანური ჟამის შესახებ.
1. შენ იტყვი იმ დღეს (ანუ, მესიის მოსვლის დღეს): გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.
სიტყვა "განმირისხდი" ებრაელებთან მიმართებაში, უახლოესი ისტორიული მნიშვნელობით, ისრაელის სამეფოს ასურეთის ტყვეობასა და იუდეის სამეფოს ბაბილონურ ტყვეობაზე მიუთითებს; აქედან გამომდინარე, "ის დღე" (შდრ. ზემოთ — 11:10-11), ანუ შეწყალების ან რისხვის მოშორების დღე, უახლოესი მნიშვნელობით ასურეთ-ბაბილონის მონობისგან კიროსის დროს გათავისუფლების დღეს აღნიშნავს (იხ. 1 ეზრ. 1:1-6). წმინდა წერილის მოწმობით, ისრაელის სამეფოს დაცემა ასურეთის მეფე სალმანასარის ხელით სწორედ იმიტომ მოხდა, რომ "განრისხდა უფალი ისრაელის მთელ მოდგმაზე" მისი უკეთურების გამო (4 მეფ. 17:7-24). იგივე მიზეზი ჰქონდა იუდეის სამეფოს დაცემასაც ნაბუქოდონოსორის ხელით. ამრიგად, ასურელები და ბაბილონელები მხოლოდ ღვთის რისხვის იარაღები იყვნენ (1) იუდეველთა და ისრაელიანთა წინააღმდეგ; ამიტომ უფლის რისხვის მოშორება სწორედ ასურეთ-ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებას ნიშნავს.
______________
1. ამ მნიშვნელობით, წინასწარმეტყველი ცოტა ზემოთ (10:5) ასურელებს ღვთის რისხვისა და გულისწყრომის კვერთხად მოიხსენიებს.
______________
მაგრამ რადგან იუდეველთა ასურეთ-ბაბილონური მონობა მთელი კაცობრიობის ცოდვისა და ეშმაკისადმი მონობის სახეს წარმოადგენდა, აქ უფრო ფართო მნიშვნელობით იგულისხმება ის შეწყალება, რომელიც კაცობრიობამ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეშვეობით მიიღო. მის სამყაროში მოსვლამდე კაცთა მოდგმა ღვთის რისხვისა და რჯულის წყევლის ქვეშ იმყოფებოდა. იესუ ქრისტემ, როგორც ღვთის კრავმა, საკუთარ თავზე აიღო სოფლის ცოდვები და თავისი ჯვარზე ვნებით გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან, "თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის" (გალ. 3:13; შდრ. რჯლ. 21:23). ამგვარად, მესიის სახით თავად ღმერთი გახდა კაცობრიობის მხსნელი.
2. აჰა, ღმერთია ჩემი მაცხოვარი უფალი, ვესავ და ვცხოვნდები მის მიერ, არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი დიდება და ქება! ის იყო ჩემი მხსნელი.
ეს არის სწორედ ის უსაზღვრო ღვთიური მოწყალება კაცთა მოდგმისადმი, რომელიც, წინასწარმეტყველის სიტყვებით, ქების საგანი იქნება, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს: "აჰა (ახლა), ღმერთი ჩემი ჩემი მხსნელი გახდა, ვესავ მას და (არავის და არაფრის) არ შემეშინდება, რადგან (რამეთუ, διότι) უფალი არის ჩემი დიდების (ჩემი განდიდების) და ჩემი ქების საგანი და სწორედ ის იქცა (იქმნა, ἐγένετο, გახდა) ჩემს ხსნად" (ჩემდა მაცხოვრად).
ასურეთ-ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა გათავისუფლება განხორციელდა არა იარაღის ძალით, არა გამოსყიდვით და არა ვერცხლით (ეს. 45:13; 52:5), არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნებით (1 ეზრ. 1:1-6). ასევე, კაცთა მოდგმის გამოსყიდვაც ცოდვისა და ეშმაკის მონობისაგან მხოლოდ ღმერთის მიერ აღსრულდა და მხოლოდ ღმერთის მიერ შეიძლებოდა აღსრულებულიყო. ამიტომაც წინამდებარე საგალობლის სიტყვები თანაბრად შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ებრაელთა ტყვეობიდან გათავისუფლების, ისე კაცთა მოდგმის გამოსყიდვის ჟამს. როგორც მაშინ ებრაელებს, ასევე ახლა ჩვენ, ქრისტიანებს, შეგვიძლია ვუგალობოთ: "აჰა, ღმერთი ჩემი — მხსნელი ჩემი; ჩემი დიდება და ჩემი ქება — უფალია" (შდრ. ფს. 3:4), "და იქმნა ჩემდა მაცხოვრად". და როგორც მაშინ ებრაელები, ასევე ახლა ქრისტიანებიც ნათლად უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ღვთის სასოება არავის შეარცხვენს და მასზე მინდობილს აღარავისი უნდა ეშინოდეს, რადგან, ღვთის სიტყვის თანახმად, "ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით" (ფს. 144:18) და "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი" (ფს. 33:8).
3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
სადიდებელი საგალობლის სიტყვებს დროებით წყვეტს და წინასწარმეტყველი მოწოდებით მიმართავს გადარჩენილ და შეწყალებულ ისრაელს (შდრ. 1-ლი მუხლი), რათა სიხარულით ისარგებლოს ღვთის მიერ ბოძებული ხსნით: "და სიხარულით ამოიღეთ, — ამბობს იგი, — წყალი ხსნის წყაროებიდან".
ამ მეტაფორულ გამოთქმას ასეთი აზრი აქვს: წყაროს (fons, πηγὴ — წყარო, ნაკადული) ის თავისებურება აქვს, რომ მასში ყოველთვის სუფთა წყალია და არასოდეს შრება; ამიტომ ცხელ ქვეყნებში წყაროს განსაკუთრებული ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, როგორც ამ შემთხვევაში, ისე წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც (იერ. 2:13), წყარო თვით ღმერთის სახედ არის აღებული, რომელიც ადამიანისათვის ყოველივე სიკეთის უწყვეტი და მარადიული წყაროა (მიზეზია). კერძოდ, აქ წყაროში იგულისხმება იესუ ქრისტე — მარადიული ხსნის მიზეზი (ებრ. 5:9), მომნიჭებელი ღვთაებრივი ძალებისა, რომელნიც სიცოცხლისა და კეთილმსახურებისათვის არიან საჭირო (2 პეტ. 1:3). ამ აზრით, თავად იესუ ქრისტეც საკუთარ თავს წყაროს ადარებს (ინ. 4:14; 7:37). ამ შედარებით წინასწარმეტყველი გვიჩვენებს, რომ იესუ ქრისტესადმი რწმენით მომადლებული მაცხოვნებელი მადლი ყველას უხვად მიეცემა; იგი, როგორც დაუშრეტელი წყარო, ყველასთვის იქნება გახსნილი და ვისაც მოესურვება, ის ამ წყაროდან ამოიღებს. "ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას", — ბრძანებდა თავად მაცხოვარი (ინ. 7:37; შდრ. გამოცხ. 21:6). "მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით,... წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!", — ამბობს წინასწარმეტყველი ესაია სხვა ადგილას (ეს. 55:1).
ამის შემდეგ, ამ მცირე შესვენების დამთავრებისთანავე, თავის ბოლომდე (4-6 მუხლები) წინასწარმეტყველი კვლავ აგრძელებს იმ სადიდებელი საგალობლის გადმოცემას, რომელსაც, მისი სიტყვებით, შეწყალებული და გადარჩენილი ისრაელიანები უგალობებენ ან უნდა უგალობდნენ ღმერთს.
4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ ამაღლდა მისი სახელი.
ღმერთმა, რომელიც თავისი არსებით უხილავია, ინება, ადამიანთათვის ცნობილი გამხდარიყო და, ასე ვთქვათ, თავისი სახელიც დაიმკვიდრა მათ შორის თავისი დიდი და საკვირველი საქმეებით. ღმერთის განმადიდებელ სასწაულთა შორის უდიდესი იყო ის, რომ თავად ღმერთი ჩვენი ხსნისათვის კაცად იქცა: " სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე" (ინ. 1:14). ამ უდიდესი სასწაულის ხსოვნისას — (მოიხსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი) — ყველამ ამის გამო უნდა განადიდოს უფალი და უგალობოს მის სახელს. პირველთაგანნი, რომლებმაც ღმერთი ამ უდიდესი სასწაულის გამო განადიდეს, იყვნენ მართალი ზაქარია, იოანე წინამორბედის მამა (ლკ. 1:68-75), და ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი (ლკ. 1:46-55), როდესაც მათ ჯერ კიდევ მხოლოდ მისი აღსრულების დასაწყისი იხილეს. მიწაზე ღმერთკაცის შობის იმავე ღამეს, ამის გამო ღმერთი განადიდეს ბეთლემელ მწყემსებთან გამოცხადებულმა ანგელოზებმა (ლკ. 2:13-14). შემდეგ, ამის გამო ღმერთს ადიდებდნენ წმინდა მოციქულებიც (საქმ. 16:25) და ყველა მორწმუნესაც უბრძანეს იმავეს გაკეთება (ეფ. 5:19; კოლ. 3:16). ამ მცნების თანახმად, ღვთის სახელი დღესაც ყველგან და განუწყვეტლივ განიდიდება წმინდა ტაძრებში სხვადასხვა საგალობლით.
ღვთის განდიდება, წინასწარმეტყველის სიტყვებით, მხოლოდ საგალობლებით არ უნდა შემოიფარგლოს: მოუწოდა რა ყველას, განედიდებინათ და ეგალობათ ღვთისათვის, წინასწარმეტყველმა დასძინა: "ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში". ამით იგი იმ აზრს გამოხატავს, რომ მორწმუნეებმა, თავად რომ განადიდებენ ღვთის სახელს, წარმართებსაც უნდა ასწავლონ იგივე და აუწყონ მათ ღვთის დიდი და საკვირველი საქმეები. მართლაც, ასე ხდებოდა ყოველთვის: ქრისტიანობის არსებობის დასაწყისიდანვე მისი საუკეთესო წარმომადგენლები დაუღალავად იღვწოდნენ წარმართთა განათლებისა და მოქცევის საქმეში.
5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
ამ მუხლში მეორდება წინა მუხლის აზრი: "აქეთ უფლის სახელი" იგივეა, რაც "აქეთ უფალი, უგალობეთ მის სახელს"; ხოლო "აუწყეთ ეს (ე. ი. რომ დიდებული საქმე აღასრულა) მთელ ქვეყანას" იგივეა, რაც "აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში".
6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
ადამიანთა გამოსყიდვის დიდი საქმე იერუსალიმში აღსრულდა; ამიტომ, თუ იგი ყველა გადარჩენილის სიხარულის მიზეზი და წყაროა, მით უმეტეს, ასეთი უნდა იყოს სიონის მკვიდრთათვის, რომელთა შორისაც ეს საქმე აღსრულდა. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ზემოთ წინასწარმეტყველმა საერთოდ ყველა გადარჩენილს მოუწოდა სულიერი სიხარულისაკენ (მე-3 მუხლი), ახლა ამისკენ განსაკუთრებულად სიონის მკვიდრთ მოუწოდებს: "იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში (ე. ი. სიონზე) ისრაელის წმიდა!"
აქ სიტყვები: "რამეთუ ამაღლდა მისი სახელი" (ე. ი. ღმერთი, იხ. ეს. 1:4) იმავეს ნიშნავს, რასაც ზემოთ ნათქვამი "რადგან დიდებულად იღვაწა", ე. ი. მიუთითებს ჩვენი ხსნის იმ გონებისათვის მიუწვდომელ საქმეზე, რომელიც იერუსალიმში აღსრულდა, ანუ სიონზე, რადგან იერუსალიმი სიონზე მდებარეობდა და ამიტომ წმინდა წერილში ზოგჯერ სიონის ასულადაც იწოდება (იხ. ეს. 1:8).
ამ თავის მე-3-6 მუხლები შეადგენს საკითხავს, რომელიც ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს, მეექვსე ჟამნზე და წყლის კურთხევის წესის დროს იკითხება. მისი შინაარსი მართლაც მჭიდრო კავშირშია აღსანიშნავ მოვლენასთან. იორდანეში თავისი ნათლისღების დროიდან იესუ ქრისტე აშკარად შეუდგა კაცთა მოდგმის მსახურებას და, თავად აღვსილი ღვთის სულით, რომელიც ნათლისღებისას მტრედის სახით გარდამოვიდა მასზე, უხვად დაიწყო სულიწმიდის ნიჭთა გარდამოღვრა მის მორწმუნეებზეც და ახლაც განაგრძობს მათ გარდამოღვრას წმინდა საიდუმლოებებისა და სხვა მრავალი საშუალების მიერ. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ის წყალიც, რომელიც ამ დღესასწაულზე უფლის ნათლისღების მოსახსენებლად იკურთხება და მორწმუნეებს გარკვეულწილად აზიარებს სულიწმიდის იმ ნიჭებს, რომლებიც თავდაპირველად მთელი სისავსით გარდამოვიდა ღმერთკაც იესუ ქრისტეზე იორდანეში მისი ნათლისღების დროს. ამიტომ ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის წესის დროს შემდეგი სტიქარონი იგალობება:
"უფლის ხმა წყალთა ზედა ღაღადებს და ამბობს: მოვედით, მიიღეთ ყველამ სული სიბრძნისა, გონიერებისა, ღვთის შიშისა, სული ქრისტეს გამოცხადებისა" (ე. ი. მიიღეთ ის მადლმოსილი ნიჭები, რომელთა მფლობელიც იყო ქრისტე).
წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.
თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024-2026 წ.
