სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია
თავი 7
ახ. ქართ.:
10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:
11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.
12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.
13. უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?
14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.
15. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.
16 მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს კეთილისა და ბოროტის ცნობას, ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომლისაც შენ გეშინია, მისი ორი მეფის გამო.
17. ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს.
ძვ. ქართ.:
1. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
15. ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;
16. რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.
17. არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.
***
თავი 7
წინასწარმეტყველება ემანუელის დაბადების შესახებ
ეს თავი შეიცავს წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა აქაზის მეფობის დროს, როდესაც იუდეას თავს დაესხნენ ისრაელის და ასურეთის მეფენი (1). ამ სიტყვის პირველი ნახევარი (1-16 მმ.) მანუგეშებელი ხასიათისაა. მოკლედ მიუთითა რა იმ ვითარებებზე, რომელთა პირობებშიც იქნა წარმოთქმული ეს სიტყვა (1-2 მმ. შეად. 2 პარ. 28), წინასწარმეტყველი გადმოსცემს მისთვის ღმრთითბოძებულ გამოცხადებას ("უთხრა უფალმა ესაიას" - მე-3 მ) იმის შესახებ, რომ ისრაელისა და ასურეთის მეფეთა განზრახვა არ აღსრულდება (მმ. 3-7), და რომ ორივე ეს სამეფო ძალიან მალე გაპარტახდება (მმ. 8-9). ამის უეჭველობის დასტურად წინასწარმეტყველ იესაია მეფე აქაზს სთავაზობს სთხოვოს ღმერთს მისცეს მას ნიშანი ცაში ან მიწაზე (მმ. 10-11) და, რადგან აქაზი, თავისი მცირედმორწმუნეობით, უარს ამბობს ნიშნის მოცემის თხოვნაზე (12-ე მ.), წინასწარმეტყველი, მიმართავს რა დავითის მთელ მოდგმას (დავითის სახლს), თვითონ იძლევა თავისი სიტყვების უეჭველობის დამადასტურებელ საკვირველ ნიშანს.
______________
1. ამ სიტყვის წარმოთქმის ზუსტი თარიღი შეიძლება განვსაზღვროთ შემდეგნაირად: აქაზი, წმ. წერილის მოწმობით, იუდეველთა საყდარზე ავიდა ისრაელის მეფის, ფაკეს მმართველობის 17-ე წელს (4 მეფ. 16:1), შედეგად, სამი წლით ადრე უკანასკნელი მეფის გარდაცვალებისა (რადგან ფაკე მეფობდა სულ 20 წლის განმავლობაში - 4 მეფ. 15"27) და 12 წლით ადრე ისრაელის სამეფოს დაცემამდე, რომელიც აღსრულდა ფაკეს მემკვიდრის ოსიას მეფობის მე-9 წელს (4 მეფ. 17:6), რომელიც იყო ქრ. შ.-მდე 722 წელს. ამრიგად, აქაზის გამეფების წელი ამ გამოანგარიშების თანახმად იქნება 734 წ (722+12) ქრ. შ-მდე. მაგრამ ეს წელი სავარაუდოდ მხოლოდ პირველი წელი უნდა ყოფილიყო აქაზის ერთპიროვნული მმართველობისა, ამაზე უადრეს ის 7 წლის განმავლობაში მეფობდა თავის მამასთან, იონათანთან ერთად, დაწყებული 741 წლიდან (734+7) ქრ. შ.-მდე, ზუსტად ასევე ბოლო სამი წელი მისი მმართველობისა (დაწყებული 728 წლიდან ქრ. შ.-მდე, ანუ ოსიას 3 წლიდან - 4 მეფ. 18:1) ემთხვევა მისი მემკვიდრისა და ეზეკიას ძის მეფობის პირველ წლებს. ასე უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ აქაზმა სულ იმეფა 16 წელი (4 მეფ. 16:2), ამასთანავე, თუ არ დავუშვებთ საკუთარ მამასთან ერთობლივ მეფობას, რომელიც გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, და ძესთან ერთად, 3 წლის განმავლობაში, სულ მისი მეფობის ხანგრძლივობა გამოვა 6 წელი (ფაკეს 17-ე წლიდან ოსიას 3 წლამდე, ანუ 734-728 წლებში ქრ. შ.-მდე). მეფეთა მე-4 წიგნის ცნობით (15:37-38), ისრაელიტები და ასურელები იუდეას თავს დაესხნენ ჯერ კიდევ იონათანის სიცოცხლეშივე, სავარაუდოდ, მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ეს ის თავდასხმაა, რომელიც განეკუთვნება იონათანის მეფობის დასასრულსა და აქაზის მეფობის დასაწყისს, და სავარაუდოდ მიზეზი გახდა წინასწარმეტყველის წინამდებარე სიტყვის წარმოთქმისა.
______________
ნიშანი (ანუ მტკიცებად) იმისა, რომ ისრაელისა და ასურეთის მეფეთა განზრახვები არ აღსრულდება, წინასწარმეტყველის თქმით, იქნება ის, რომ დავითის სახლიდან ქალწული შობს ემანუელს (14 მ. მეორე ნახევარი). აი რატომ არ აღსრულდება იუდეველთა საყდრიდან დავითის კანონიერი მემკვიდრის აქაზის ჩამოგდება; მეტიც, - თვით ბოროტგანმზრახველები შეეწირებიან ამ ჩანაფიქრს და თავადვე უფრო მალე დაიხოცებიან, ვიდრე ახალშობილი ყრმა ისწავლის კარგის გარჩევას ცუდისგან (მ. 15-16).
სიტყვის ამ ნახევრის უმნიშვნელოვანესი ნაწილს წარმოადგენს წინასწარმეტყველება ქალწულისგან ემანუელის შობის თაობაზე (მ. 14), რომელიც წინასწარმეტყველმა ესაიამ იუდეველი ხალხის სანუგეშოდ წარმოთქვა ისრაელისა და ასურეთის მეფეთა შემოსევის დაწყებამდე, და აღნიშნა, რომ ეს იქნება ნიშანი, რომელიც, ერთი მხრივ, დაადასტურებს იუდეველთა მეფობის სრულ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ - მისი ამ გადამტერებული სამეფოების მოახლოვებულ განადგურებას.
იმ ისტორიულ ვითარებათა შესახებ, რომლებმაც განაპირობეს ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმა, ესაია ამბობს შემდეგს:
აქაზის, იუდეველთა მეფის მმართველობის დროს, მოხდა ის, რომ ასურეთის მეფე რაასონმა (რასინმა) ისრაელის ფაკე მეფის რემალიას ძესთან ერთად, იერუსალიმზე გაილაშქრა, მაგრამ მისი განადგურება ვერ შეძლეს (ბერძნ. πολιορκῆσαι, საკუთრივი აზრით, ალყა, - შეად. ეს. 1:8). ამ ლაშქრობის მიზანი სხვათა შორის იყო ის, რომ აქაზის მმართველობის უკმაყოფილო იუდეველებთან შეთმულები (ასეთები კი, როგორც ჩანს, იყვნენ - იხ. ეს. 8:6), ეს უკანასკნელი ჩამოეგდოთ იუდეის ტახტიდან და მის ნაცვლად ვინმე ტაბავეელის ძე დაესვათ (მმ. 5-6).
როდესაც მოკავშირე მეფეთა ეს ბოროტი განზრახვა (მ. 5) ცნობილი გახდა აქაზის სამეფო კარზე ("ემცნო დავითის სახლს", იგივეა, რაც სამეფო სახლს ან სასახლეს, სამეფო კარს), თვით მეფე (აქაზი) და მისი დაახლოვებული პირები შეძრწუნდნენ ("მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან" (ეს. 7:2). სწორედ ამ დროს წინასწარმეტყველი ესაია ღმრთისგან იღებს განკარგულებას: ა) თავის ძესთან შეარ-იასუთთან (2) ერთად შეხვედროდნენ აქაზს ტბორის წყალსადენთან (საბანელთან), რომელიც იმყოფებოდა მაღლივი გზის ახლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.
______________
2. სლავური ტექსტის მიხედვით წინასწარმეტყველ ესაიას ძის სახელს - იასუთს მიმატებულია სიტყვა დარჩენილი (ბერძნ.: καταλειφθεῖς), რომელიც სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა წინასწარმეტყველ ესაიას ძის სრული ებრაული სიტყვის თარგმანის პირველ ნახევარს (შეაერ - იასუთ), სწორედ სიტყვა "შეარ" ნიშნავს დარჩენილს, ანუ ნატამალს. ამ სახელის მეორე ნაწილი - იასუთი, რომელიც სლავურ ტექსტში თარგმანის გარეშეა დატოვებული, ნიშნავს - მოქცევას, ცხონებას. ამგვარად წინასწარმეტყველის ძის სრული სახელი "შეარ-იასუთ" თარგმანში ნიშნავს - ნატამალი ცხონდება. ეს სახელი სიმბოლურად მიუთითებს იუდეველ ხალხის მომავალ ხვედრზე (მსგავსად ისევე, როგორც ქვემოთ - 8:3-ში და ოსიას წინასწარმეტყველების 1-ელ თავში), კერძოდ იმაზე, რომ თუმც იუდეველებს ემუქრებათ უბედურებები, ისინი მაინც არ დაიღუპებიან ამ ჭირვებათაგან, არამედ მათი ნატამალი (ნარჩენი) გადარჩება (შეად. ეს. 10:22).
______________
და ბ) უთხრან აქაზს: "ჩუმად იყავი (სლავ.: "блюди еже молчати"; რუს.: сохраняй тишину; ბერძნ.: φολάξαι τοῦ ἡσυχᾶσαι: ლათ.: vide, ut taceas, смотри, чтобы молчать) (ქართულ თარგმანებშია: "მშვიდად იყავი" (ახ. ქართ.); "დაწყნარებულად იყავი" (ძვ. ქართ.) – "აპოკ." რედ.), ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი" (3), რადგან როდესაც ჩემი გულისწყრომა ჩაცხრება კვლავ განგკურნავ" (ანუ აღგადგენ და ადრინდელ მდგომარეობაში დაგაბრუნებ) (4).
______________
3. (ძვ. ქართ.: "ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა" – "აპოკ." რედ.). აკვამლებულ მუგუზლებში (შეშაში) წინასწარმეტყველი, აშკარად, გულისხმობს ასურეთისა და ისრაელის ორ მოკავშირე მეფეს, რომლებმაც ბოროტი იზრახეს აქაზის წინააღმდეგ; ასე ამ მეფეებს იმიტომ უწოდებს, რომ ასურეთისა და ისრაელის სამეფოთა სწრაფ განადგურებაზე მიანიშნებს. ამ მეფეთა ძლიერება ისევე მალე გაქრება, როგორი სისწრაფითაც ქრება აალებული მუგუზალი, - ასე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი.
4. წინასწარმეტყველი ამას ღმრთის სახელით ამბობს. ამ სიტყვების აზრი ისაა, რომ იუდეაზე მოკავშირე მეფეთა თავდასხმა მხოლოდ დროებითი სასჯელია იუდეისთვის.
______________
ხოლო "რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი და რემალიას ძე და თქვეს: გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე, ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება!" (მ. 4-7). მაგრამ დამასკო ადრინდელივით დარჩება მხოლოდ არამის (ასურეთის) მეთაურად (დედაქალაქად) და რაასინი - მხოლოდ დამასკოს ხელმძღვანელად (ეს. 7:8) (5).
______________
5. აქ წინასწარმეტყველი ლაპარაკობს არა იმაზე, რომ მოკავშირე მეფეთა გალაშქრება იუდეაზე არ მოხდება, რადგან, თვით წინასწარმეტყველისვე მოწმობით (იხ. ეს. 1:7-9), ასევე 2 პარ. 28:5-8 თანახმად, ასურეთის და ისრაელის მოკავშირე მეფეებმა იუდეაში უდიდესი გაპარტახება მოაწყვეს და იუდეველთაგან მრავალი ტყვედ წაასხეს. აქ ლაპარაკია აქაზის ტახტიდან ჩამოგდების ჩანაფიქრის უპერსპექტივობაზე და მის ნაცვლად ტაბავეელის ძის აღსაყდრებაზე, რა თქმა უნდა იმ მიზნით, რათა იუდეის სამეფო დაუმორჩილონ ასურეთისა და ისრაელის მეფეებს. რადგან ეს განზრახვა ღმრთის ნების საწინააღმდეგო იყო (დაბ. 49:10; 2 მეფ. 7:12-16), მისი აღსრულება შეუძლებელი იყო.
______________
"ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე" (მ. 9). გავა კიდევ 65 წელი და ადამიანებისგან გაღატაკდება ისრაელის სამეფო; ახლა ჯერ-ჯერობით სამარია რჩება ისრაელის სამეფოს (ეფრემის) მეთაურად (დედაქალაქად), ხოლო რომალიას ძე მხოლოდ სამარიის მეთაურად. "თუ არ ირწმუნებთ (უფლის ამ სიტყვებს - შეად. მ. 7), ვერც გულისხმაყოფთ", თქვა ბოლოს წინასწარმეტყველმა (მ. 9) (6).
______________
6. ამ სიტყვების აზრი სხვაგვარად შეიძლება ასეც გადმოიცეს: ასურეთის მეფე რაასინმა და ისრაელის ფაკემ ერთმანეთში კავშირი დაამყარეს და შეითქვნენ, რათა იუდეის სამეფო დაემორჩილებინათ. მაგრამ წინასწარმეტყველი ესაია ღმრთის სახელით ბრძანებს, რომ მათი ეს განზრახვა არ შესრულდება: ყოველი მათგანი თავისი სამფლობელოს ამარა დარჩება, კერძოდ - რაასინი მხოლოდ ასურეთის დედაქალაქ დამასკოს მეთაურად, ხოლო ფაკე - მხოლოდ სამარიას მფლობელად, რომელიც ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეტიც: თვით ისრაელის სამეფოს არსებობა არახანგრძლივია, 65 წლის შემდეგ ის ადამიანებისგან დაიცლება. ადამიანთაგან რომელ დაცლაზე ლაპარაკობს აქ წინასწარმეტყველი? - წინამდებარე სიტყვა, როგორც ზემოთ ითქვა, წარმოთქმულია მეფე აქაზის დროს, ხოლო ისრაელის სამეფოს დანგრევა და გაპარტახება ასურეთის მეფის სალმანასარის ხელით მოხდა აქაზის მემკვდირის ეზეიკიას მმართველობის მე-6 წელს, შედეგად წინამდებარე სიტყვის წარმოთქმიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ.
ამრიგად, თუკი სალმანასარის მიერ ისრაელის სამეფოს გაპარტახებას ვიგულისხმებთ, წინასწარმეტყველის მიერ მითითბული 65 წელი უნდა მივიჩნიოთ არა წინამდებარე წინასწარმეტყველის წარმოთქმის, არამედ რომელიღაც უადრესი მოვლენის დროდ. ნეტ. იერონიმეს მოწმობით, მისმა თანამედროვეებმა ამ 65 წელს ითვლიდნენ იმავე საკითხზე ამოსის წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან (ამ. 5:27; 7:11, 17), ხოლო ეს უკანასკნელი განეკუთვნება ოზიას მეფობის 25-ე წელს. თუ ოზიას მეფობის დარჩენილ 27 წელს მისი მემკვიდრის მეფობის წლებს მივუმატებთ, ვიდრე ისრაელის სამეფოს დანგრევამდე, მართლაც 65 წელს მივიღებთ (ოზია - 27; იოათამი - 16; აქაზი - 16 და ეზეკია - 6 წელი). ვიღებთ რა ამ განმარტებას, უნდა ვიფიქროთ, რომ წინასწარმეტყველი ესაია მოცემულ შემთხვევაში ახალ წინასწარმეტყველებას კი არ წარმოთქვამს, არამედ მხოლოდ შეგვახსენებს, რომ ადრე ის წარმოთქმული იყო წინასწარმეტყველ ამოსის მიერ, ამიტომაც უთითებს წელთა არა იმ რაოდენობას, რომელიც მაშინ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებამდე რჩებოდა, არამედ იმას, რომელიც წინასწარმეტყველ ამოსის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებიდან მოდიოდა.
რადგან იუდეველებს ეს ყველაფერი შეიძლებოდა ბუნდოვნად და დაუჯერებლად მოსჩვენებოდათ, წინასწარმეტყველი შემდეგ ამბობს, რომ ეს, როგორც მომავალი, ბუნდოვანია, და ამიტომაც ის რწმენის საგანი უნდა იყოს: ვინც ამას არ ირწმუნებს, ის ვერც გაიგებს, და შემდგ.; და პირიქით, ვინც ირწმუნებს მომავალს, ჯერაც შეუცნობელს, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ასეთია საზოგადოდ რწმენის მნიშვნელობა: რწმენა, მოციქულთა თქმით, ეს არის "უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა" (ებრ. 11:1).
______________
10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:
11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.
ეს ყველაფერი, როგორც ახაზს, ასევე დანარჩენ იუდეველთაც, რომლებიც ფოთლებივით ცახცახებდნენ მოკავშირე მეფეთა ძლიერების წინაშე, შეიძლებოდა აუსრულებელ ან წარმოუდგენელ რამედ მოჩვენებოდათ. ამიტომაც წინასწარმეტყველი ახაზის მცირე რწმენის გასაძლიერებლად მას ღმრთის სახელით სთავაზობს მოსთხოვოს უფალს, თავისი შეხედულებისამებრ, საკვირველი ნიშანი ცაში ან მიწაზე: "მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან" (მ. 11).
მოცემულ შემთხვევაში ნიშანი გულისხმობს რაიმე ზებუნებრივს, საკვირველ მოვლენას ცაში ("მაღლა ზესკნელიდან") ან მიწაზე ("დაბლა ქვესკნელიდან").
"ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან" შეიძლებოდა ყოფილიყო საშინელი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც გაიხსნებოდა მიწის წიაღი (როგორც ეს მოხდა მოსეს დროს, იხ. რიცხვ. 16:30-33); ხოლო "ნიშანი მაღლა ზესკნელიდან" შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე საკვირველი მოვლენა ან ა) ციდან, მაგალითად: უჩვეულო სეტყვა ან წვიმა, როგორიც იყო იესუ ნავეს ძის დროს (იხ. ნავ. 10:10-11), უჩვეულო ელვა ქუხილთან და სეტყვასთან ერთად, როგორიც იყო ეგვიპტეში მოსეს დროს (გამ. 9:23), ან კიდევ არადროული წვიმა ქუხილით, როგორც ეს იყო სამუელის დროს (1 მეფ. 12:17-18) ან ბ) ცაში, მაგალითად: უჩვეულო უკუნი სიბნელე, მსგავსი იმისა, როგორიც იყო ეგვიპტეში მოსეს დროს (გამ. 10:22-23), მზისა და მთვარის შეჩერება, როგორც ეს მოხდა იესუ ნავეს ძის დროს (ნავ. 10:12-14), მზის უჩვეულო უკუსვლა, როგორც ეს მოხდა მეფე ეზეკიას და წინასწარმეტყველ ესაიას დროს (ეს. 38:7-8) ან სხვა მათი მსგავსი.
წინასწარმეტყველი მეფე ახაზს სთავაზობს: "მოითხოვე ნიშანი, საიდანაც გსურს, ან ქვესკნელიდან ან ზეციდან. გინდა გაიპოს დედამიწა და გაიხსნას ჯოჯოხეთის უდიდეს პირდაღებული უფსკრული? ან იქნებ ზეცის გახსნა გსურს?" (ნეტ. იერონიმე).
მაგრამ ახაზმა ღვთისმოშიში მიზეზით (რჯულის მოთხოვნისამებრ - მეორე რჯლ. 6:16, შეად. მთ. 4:7), - უფლის გამოცდა არ ისურვა და უარი თქვა სასწაულებრივ ნიშანზე:
12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.
მაშინ, წინასწარმეტყველი ესაია საყვედურით მიმართავს უკვე არა მარტო ახაზს, არამედ დავითის მთელ მოდგმას (სახლს) (სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ამ მოდგმის წევრები თავიანთი მეთაურის მსგავსნი იყვნენ).
13. ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?
ამ საყვედურიდან, რომელიც დავითის მთელი სახლისადმი ან მოდგმისადმი არის მიმართული, უკვე ჩანს, რომ ახაზი (ამ სახლის უხუცესი წარმომადგენელი) უარს ამბობს საკვირველი ნიშნის მოთხოვნაზე არა იმიტომ, რომ მართლაც არ სურდა უფლის გამოცდა, არამედ სულ სხვა მიზეზით. ჭეშმარიტი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მან დაკარგა რწმენა, და დახმარების ძებნა კერპებსა (2 პარ. 28:22-23) და მეზობელ ხალხებში დაიწყო (4 მეფ. 16:7-9).
სიტყვები: "არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ...?" ნიშნავს - აბრკოლებ ადამიანთა (კერძოდ, წინასწარმეტყველთა) ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაარწმუნონ მეფე და ხალხი მათ უსაფრთხოებაში მტრების წინაშე. წინასწარმეტყველი ესაია ცდილობდა ახაზი დაერწმუნებინა იმაში, რომ მოკავშირე მეფეები არა თუ არსებით ზიანს ვერ მიაყენებენ იუდეველთა სამეფოს, არამედ თვითონაც ძალიან მალე იწვნევენ ღირსეულ შურისგებას თავიანთი ბოროტი ზრახვებისთვის (იხ. ზემოთ მმ. 4-9).
მაგრამ ახაზმა თავისი ურწმუნოებით წინასწარმეტყველის ეს მცდელობა წარუმატებელი გახადა; სწორედ ამას ნიშნავს, რომ "შეაღონა მან (მეფემ) ხალხი". ხოლო როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ იხილა ახაზის მხრიდან მისი სიტყვებისადმი ასეთი უნდობლობა, შესთავაზა მას მოეთხოვა ნიშანი, ანუ სასწაული, შედეგად უშუალო საღმრთო მტკიცებულება, მაშინ ახაზმა თავისი უარით მოეთხოვა ღმრთისგან სასწაული გამოხატა მტკიცე გადაწყვეტილება არ არწმუნა არა თუ წინასწარმეტყველის სიტყვებისა, არამედ თვით ღმრთის ძლიერებისა: რადგან ნიშანი ან სასწაული ღმრთის უშუალო ძალის მოქმედებაა.
სწორედ ეს ნიშნავს, რომ ახაზმა თავისი ურწმუნოებით არა თუ შეაბრკოლა წინასწარმეტყველის ძალისხმევა, არამედ ერთგვარად შეაბრკოლა თვით ღმერთიც. ღმერთმა თავისი მრავალმოწყალებით, რომელსაც ნებავს არა ცოდვილთა წარწყმედა, არამედ "ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა" (ეზეკ. 3:11), წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ახაზს შესთავაზა მოეთხოვა სასწაული, რათა გაეფანტა მისი ურწმუნოება, მაგრამ ახაზი უარს ამბობს ამ სასწაულზე და ამით აძნელებს ღმრთის განზრახვის შესრულებას, რადგან ღმერთი არ ავიწროებს ადამიანის თავისუფალ ნებას.
რადგან ახაზი, თავისი ურწმუნოების გამო, უარს ამბობს ითხოვოს სასწაული, "ამიტომ თავად მოგცემს უფალი ნიშანს" (და ამას წინასწარმეტყველი, როგორც ზემოთ, ეუბნება დავითის მთელ სახლს), ანუ ისეთ ზებუნებრივ ან საკვირველ მოვლენას, რომელიც ყველაზე სარწმუნო ნიშანი (დასტური) იქნება და, ამავდროულად, წინდიც სულ ახლახან გამოთქმული წინასწარმეტყველებისა (რომელიც ეხებოდა იუდეის უსაფრთხოებას მეზობელ მეფეთა მხრიდან). ეს ნიშანი შემდეგშია:
14. აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს.
ამ მუხლის სიტყვები, ცალკე აღებულნი, შეიცავენ წინასწარმეტყველებას ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან მესიის შობაზე. სწორედ ამ აზრით არის ეს სიტყვები განმარტებული მათეს სახარებაში (1:20-23), სადაც ნათქვამია, რომ როდესაც ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა სულიწმიდის ზებუნებრივი მოქმედებით მუცლად იღო და, როდესაც მისმა დამწინდველმა იოსებმა ეს შენიშნა, დააპირა საიდუმლოდ გაეშვა იგი, მაშინ "ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის" (მთ. 1:18-21).
ამ ამბის გადმოცემის შემდეგ, მახარობელი იქვე ამატებს, რომ ეს ყველაფერი აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველების აღსასრულებლად: "ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი" (მთ. 1:22-23).
წინასწარმეტყველის ამ სიტყვების (14 მ.) შედარება მათე მახარებლის მოტანილ სიტყვებთან (1:21 და 1:23) ჩანს, რომ სახელი ემანუელი, რომელიც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი", არის ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესუ ქრისტეს საიდუმლო სახელი (იხ. მთ. 1:21). ეს სახელი დაფარულად მიუთითებდა იესუ ქრისტეს პიროვნებაში უმჭიდროვეს, იპოსტასურ შეერთებაზე ღმრთისა ადამიანთან, რადგან როდესაც დედამიწაზე ჩვენი ცხონებისთვის გამოჩნდა ღმერთკაცი იესუ ქრისტე, მაშინ ყოველ ადამიანს შეეძლო ეთქვა: "ჩვენთან არს ღმერთი", რადგან მაშინ მართლაც ხილული სახით ადამიანთა შორის ღმერთი მკვიდრობდა.
ახლა თავისთავად იბადება კითხვა: როგორი სახით შეიძლებოდა ქალწულისგან ემანუელის შობა, მოვლენა, რომელიც ესოდენ შორს იყო წინასწარმეტყველების წარმოთქმის დროიდან, ყოფილიყო ნიშანი ან მტკიცებულება იმისა, რომელიც იუდეველთ აჩვენებდა სხვა, ასევე მომავალი მოვლენის უეჭველობას - იუდეველთა გათავისუფლებას მეზობელ მეფეთაგან? - ამ ნიშნის ან მტკიცებულების აზრი ასეთია: მეკავშირე მეფენი ფაკე და რაასონი, როდესაც იუდეის წინააღმდეგ მიდიოდნენ გასალაშქრებლად, მიზნად ჰქონდათ, როგორც ეს ზემოთ ითქვა, ახაზის დამხობა თავისი ტახტიდან და მის ნაცვლად ვინმე ტაბავეელის ძის გამეფება.
მაგრამ მათი ეს განზრახვა ღმრთის განსაზღვრებას ეწინააღმდეგებოდა, რომლის ძალითაც მეფეები იუდას ტახტზე დავითის სახლიდან არ შეწყდებოდა მანამ, სანამ ქვეყანას ქალის აღთქმული შთამომავალი არ მოევლინებოდა (დაბ. 3:15; 22:18; 19:10 შეად. 2 მეფ. 7:12-16), რადგან ეს შთამომავალი დავითის სამეფო მოდგმიდან, კერძოდ ქალწულ მარიამისგან უნდა გაჩენილიყო (ლკ. 1:31-33 შეად. 2:4). აი რატომ არის წინასწარმეტყველის მიერ ემანუელის შობის უწყება ნიშანი, როგორც ღმრთითგანსაზღვრული მოვლენა, რომელიც უეჭველად უნდა აღსრულდეს, ან კიდევ, რაც იგივეა, მტკიცებულება დავითის სახლის სრული უსაფრთხოებისა მოკავშირე მეფეთა წინაშე, რომელთაც განზრახული ჰქონდათ დავითის სახლის სამეფო ხაზის შეწყვეტა და ახაზის ნაცვლად ტაბავეელის ძის გამეფება: რადგან ვის შეეძლო იმ მოდგმის ამოწყვეტა, ვისგანაც ღმრთის განკარგულებით ემანუელი უნდა გაჩენილიყო?
15. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის.
16 მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს კეთილისა და ბოროტის ცნობას, ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომლისაც შენ გეშინია, მისი ორი მეფის გამო.
მისცა რა სარწმუნო ნიშანი იმისა, რომ მოკავშირე მეფეების ჩანაფიქრი ახაზის წინააღმდეგ არ აღსრულდება (ეს. 7:7 შეად. 7:14), წინასწარმეტყველი, კიდევ უმეტესად რომ დააჯეროს იუდეველები თავიანთ უსაფრთხოებაში ამ მტრების მხრიდან, ამატებს, რომ იუდეა ძალიან მალე გათავისუფლდება ამ მეფეთა შემოსევისგან: იმდენი დროც კი არ გავა (თითქოსდა ასე ამბობს წინასწარმეტყველი), რამდენიც საჭიროა იმისთვის, რათა ყრმამ, რომელიც იშვება ქალწულისგან ისწავლოს კარგის გარჩევა ცუდისგან, რომ ეს მეფეები არა თუ გაშორდებიან იუდეას, არამედ თითოული მათგანი საკუთარ ქვეყანასაც კი დატოვებს (სიკვდილის მიზეზით). ხოლო ემანუელისთვის ეს პერიოდი იქნება ისეთივე, როგორიც ნებისმიერი სხვა ყრმისთვის, და ის, სხვა ბავშვების მსგავსად, გამოიკვებება ყველაზე ფაქიზი საჭმლით ("ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს"), ვიდრე ისწავლიდეს ცუდის უარყოფას ("ბოროტების უკუგდებას") და სიკეთის არჩევას (მე-15 მ.).
დროის პერიოდი, როდესაც ყრმები მხოლოდ (ან უკიდურეს შემთხვევაში უპირატესად) მსუბუქი სახეობის საკვებით იკვებებიან, შეიძლება იყოს ორი წელი ან ოდნავ მეტი. ამიტომაც წინასწარმეტყველის სიტყვები შეიძლება ასეც გადმოიცეს: "მცირედი, დაახლოებით ორი წელი გავა ემანუელის შემეცნებითი უნარების დადგომამდე".
მაგრამ ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან მოკავშირე მეფეთა სიკვდილამდე გავა კიდევ უფრო ნაკლები პერიოდი: "მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომლისაც შენ (წინასწარმეტყველი მიმართავს ან მეფეს ან დავითის მთელ სახლს, როგორც ზემოთ) გეშინია, მისი ორი მეფის გამო" (მ. 16).
ასეც მოხდა. თეგლათფალსარმა, აშურელთა მეფემ, რომელიც ახაზმა ფაკეს და რაასონის წინააღმდეგ მოიწვია (4 მეფ. 16:7-8), არა მარტო აიძულა ისინი გაშორებულიყვნენ იუდეას, არამედ, დაიპყრო რა სირიის დედაქალაქი დამასკო, მოჰკლა რაასონი, ხოლო ქალაქის მოსახლეები ტყვედ წაასხა (4 მეფ. 16:9), მაშინვე გააპარტახა მან ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთი ნაწილი, საიდანაც აშურეთში გამოყარა მცხოვრებთა ნაწილი (4 მეფ. 15:29). ამის შემდეგ ძალიან მალე მოკვდა ფაკეც, რომელიც ოსიას ხელიდან დაიღუპა (4 მეფ. 15:30), მისი მეფობის მე-9 წელს დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა და თვით სამეფო ისრაელმა (4 მეფ. 17:6).
მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია დროის ზუსტი დამთხვევა. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ არ გავა იმდენი დროც კი, რაც ახალშობილი ყრმის შემეცნებითი უნარების გახსნას სჭირდება, ანუ 2-3 წელი, რომ ქვეყანა, რომელიც იუდეას ემუქრება, თვითონ დაკარგავს თავის მეფეებს. და მართლაც, ლურსმული დამწერლობის აშურულ ძეგლთა მოწმობით, რაასონი, სირიის მეფე, ქრ. შ.-მდე 733-732 წლებში მოჰკლა აშურეთის მეფემ თეგლათფელასარმა, ხოლო ამის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება, როგორც ზემოთ ითქვა, წარმოთქმული იყო, სავარაუდოდ ახაზის (ერთპიროვნული) მმართველობის პირველსავე წელს, ანუ 734 წ. ქრ. შ.-მდე; ხოლო ფაკე ოსიამ მოკლა ქრ. შ.-მდე 730 წელს, რადგან ამ უკანასკნელის მეფობის მე-9 წელი ქრ. შ.-მდე 722 წელზე მოდის.
"მიწა, რომლისაც შენ გეშინია, მისი ორი მეფის გამო", ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც ეპყრა ისრაელის და სირიის სამეფოებს, და რომლებიც თავიანთი მეფეების მეთაურობით ემუქრებოდნენ იუდეას, რის გამოც ეშინოდა ახაზს. ამ ქვეყნის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ "გაუდაბურდება ეს მიწა, რომლისაც შენ გეშინია, მისი ორი მეფის გამო", ანუ ორივე მეფემ უნდა დატოვოს თავიანთი ქვეყანა, რითაც წინასწარმეტყველი ორივე მეფის მსწრაფლ სიკვდილზე მიანიშნებს.
ზოგიერთები (მაგ. იაკიმოვი) სიტყვებს: "ორი მეფის გამო" მიიჩნევენ სიტყვა "გეშინიას", და არა "გადაუდაბურდებას" დამატებად. ამ შემთხვევაში ბოლო სიტყვა რჩება დამატების გარეშე, მაგრამ საერთო აზრი მაინც იგივე რჩება: "ქვეყანა, რომლისაც შენ გეშინია, ამ ორი მეფის გამო (სწორედ იმიტომ, რომ შეთანხმებულნი არიან გამოვიდნენ იუდეის წინააღმდეგ), გაუდაბურდება (ამ უკანასკნელთაგან, ანუ მეფეთაგან)".
წინამდებარე თავში მოცემული წინასწარმეტყველური და მამხილებელი სიტყვის მეორე ნახევარში, ესაია იუდეველებს აუწყებს უბედურებებს, მაგრამ არა ისრაელის და სირიის მოკავშირე მეფეთაგან, არამედ უმთავრესად აშურელთაგან, რომელთაც მიმართა ახაზმა დახმარებისთვის, და ნაწილობრივ - ეგვიპტელთაგან (მმ. 17-25).
გაგრძელება იქნება.
წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.
თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024-2025 წ.
