სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია
თავი 8
ახ. ქართ.:
1. მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
2. ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
3. დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად).
4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
5. კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
6. რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,
7. ამიტომაც მიაქცევს თქვენზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
8. მოსპობს იუდეაში ყოველ კაცს, რომელიც თავის აწევის, ან რაიმეს გაკეთების შემძლებელი იქნება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
9. ჩვენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, და კვლავადაც რომ განძლიერდეთ, კვლავადვე იძლიენით!
10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
11. რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ძლიერი ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
12. ნუ იტყვით სასტიკს; რადგან ყოველი, რასაც ეს ხალხი იტყვის, სასტიკია. მის შიშს ნუ შეუშინდებით და ნუ შეძრწუნდებით.
13. უფალი ძალთა - ის ჰყავით წმიდა და ის იყოს შენთვის შიში. მას ესავდეთ.
14. და თუ მასზე იქნები მინდობილი, ის შენთვის საწმიდარი იქნება; და არ შეეჩეხები მას, როგორც საბრკოლებელ ქვას, არც როგორც დამაქცეველ კლდეს. ხოლო იაკობის სახლი ხაფანგშია და ღრმულში მსხდომნი იერუსალიმში.
15. ამიტომ მათ შორის მრავალნი უძლურ იქნებიან, დაეცემიან და შეიმუსრებიან; მიეახლებიან და შეპყრობილ იქნებიან — კაცნი, რომელნიც უსაფრთხოებაში იყვნენ.
16. მაშინ გამოცხადდებიან ისინი, ვინც რჯულს ბეჭდავენ, რათა არ ისწავლონ.
17. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
18. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
19. თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
20. მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
21. ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
22. მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
23. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
ძვ. ქართ.:
1. და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.
2. და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.
3. და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ
4. მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.
5. და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:
6. არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.
7. ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.
8. და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.
9. ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.
10. და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.
11. ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.
12. ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.
13. ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,
14. იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.
15. ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.
16. მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.
17. და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.
18. აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.
19. და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?
20. რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.
21. და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.
22. და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.
***
თავი 8
6. ემანუელის თვისებების შესახებ
(თ. 8:4-14)
წინამდებარე თავი შეიცავს წინასწარმეტყველის ქადაგებას, რომელიც წინა თავში გადმოცემული სიტყვის შინაარსის გახსნას ემსახურება.
ზემოთ (ანუ წინა სიტყვაში) წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ აქაზს და მის ქვეშევრდომებს მოკავშირე მეფეეების ფაკესი და რაასონისა არ უნდა ეშინოდეთ (ეს. 7:4), რადგან მათი განზრახვა ტახტიდან ჩამოაგდონ აქაზი არ აღსრულდება (ეს. 7:7), რადგან ორივენი იძულებულნი იქნებიან დატოვონ იუდეა, მეტიც, საკუთარ საზღვრებშიც კი ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ ძალაუფლებას (7:16); მათი ძალაუფლება აკვამლებული მუგუზლებივითაა, მალე ჩაქრება (ეს. 7:4), ხოლო ერთ-ერთი მათგანის სამეფო - კერძოდ ისრაელისა 65 წლის შემდეგ მცხოვრებთაგან თითქმის დაიცლება (ეს. 7:8).
1. მითხრა უფალმა: აიღე ახალი დიდი გრაგნილი ქარტიისა და ზედ კაცის საწერელით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
2. ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
3. დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ).
1-3. ახლა (ანუ წინამდებარე სიტყვაში) წინასწარმეტყველი უპირველეს ყოვლისა აღწერს იმ სიმბოლურ მოქმედებებს, რომლებიც ღმრთის განკარგულებით აღასრულეს მათ და თვალსაჩინოდ მიუთითეს იუდეველთ ისრაელისა და სირიის სამეფოთა სწრაფი გაპარტახება.
ამ მოქმედებათაგან პირველი (1-2 მ.) მდგომარეობდა იმაში, რომ წინასწარმეტყველი ორი ერთგული მოწმის თანდასწრებით: კერძოდ, მღვდელ ურიასა (იხ. 4 მეფ. 16:10) და ვინმე ზაქარია ბარაქიას ძის თანდასწრებით, იღებს ახალ დიდ გრაგნილს და მასზე ადამიანებისთვის ჩვეული მეთოდით წერს (კაცის საწერელით, γραφίδιἀνθρώπων, ბუკვ. გრიფელით, შემდგომი აზრია - ყველასთვის გასაგები ადამიანური წერილით) საიდუმლო სიტყვებს "მალიად წარმოტყვევნასა და მსწრაფლ იავარქმნაზე", რადგან დადგა ამისი დრო. ეს საიდუმლო ზედწერა "სიმდიდრის დატყვევებაზე", რომელიც, როგორც ქვემოთ არის განმარტებული (მ. 4), განეკუთვნება ისრაელისა და სირიის სამეფოებს, და ყველასთვის გასაგებად იყო დაწერილი დიდ გრაგნილზე, რაც თვალსაჩინო შეხსენება გახლდათ იუდეველთათვის მათ უსაფრთხოებაზე მათდამი გადამტერებული სირიისა და ისრაელის სამეფოთა წინაშე.
სხვა სიმბოლური მოქმედება (მ. 3) მდგომარეობდა იმაში, რომ წინასწარმეტყველმა ესაიამ თავის შვილს, რომელიც დაიბადა წინასწარმეტყველი ქალისგან (ოქროპირის განმარტებით ეს წინასწარმეტყველი ქალი ესაიას ცოლი იყო - "აპოკ." რედ.) მისცა იდუმალი სახელი: "მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ". ეს საიდუმლო სახელი, თავისი მნიშვნელობით, მსგავსია გამოთქმისა, რომელიც დაიწერა გრაგნილზე: "იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად".
4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
შემდეგ წინასწარმეტყველი განმარტავს მიზეზს იმისა, თუ რატომ მისცა ასეთი სახელი თავის ძეს, და ამასთანავე განმარტავს ორივე სიმბოლური მოქმედების აზრს. მისი თქმით ასეთი სახელი მის შვილს მიეცა "იმიტომ ან იმის ნიშნად, რომ ვიდრე ამ სახელით წოდებული ყრმა ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ" (მ. 4).
წინამდებარე წინასწარმეტყველება თავისი მნიშვნელობით ზემოთნათქვამის იდენტურია: "ვიდრე ყრმა ისწავლიდეს კეთილისა და ბოროტის ცნობას, ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომლისაც შენ გეშინია, მისი ორი მეფის გამო" (ეს. 7:16). როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ლაპარაკია ისრაელისა და სირიის სამეფოთა გაპარტახებაზე აშურელი მეფის თელგათფელასარის მიერ (ამის შესახებ იხ. ზემოთ). "მამისა" და "დედის" დაძახების უნარი ყრმაში მეტყველების შესაძლებლობის გამოვლენის პირველი ნიშანია, რომელიც ჩვეულებისამებრ ბავშვის ცხოვრების პირველ წელს ან მეორე წლის დასაწყისში ხდება. შედეგად, დროის პერიოდი, რომელიც ჰყოფს ამ სიტყვების წარმოთქმასა და მის აღსრულებას, თითქმის უტოლდება (ბევრად ნაკლებია) იმ პერიოდს, რომლითაც არის წინა ქადაგება დაშორებული მის აღსრულებას (ერთი წელი და ოდნავ მეტი) (იხ. ეს. 7:16). ეს კი ნიშნავს, რომ წინამდებარე ქადაგების წარმოთქმა უნდა განვაკუთვნოთ თითქმის იმავე დროებას (დაახლოებით ერთი წლით გვიანდელ პერიოდს), რომელსაც ეკუთვნის წინამდებარე სიტყვა.
5. კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
6. რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,
7. ამიტომაც მიაქცევს თქვენზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
8. მოსპობს იუდეაში ყოველ კაცს, რომელიც თავის აწევის, ან რაიმეს გაკეთების შემძლებელი იქნება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს. ემანუელ!
ეს განყოფილება იმ მუქარის გაგრძელებაა, რომელიც წინასწარმეტყველმა წინა ქადაგების მეორე ნახევარში წარმოთქვა (ეს. 7:11-25). წინასწარმეტყველის დაპირება, რომელიც ნიშნებით (ეს. 7:14-16) და სიმბოლური მოქმედებებით (ეს. 8:1-3) დასტურდება, ვერ არწმუნებს აქაზს იმაში, რომ მის წინააღმდეგ ფაკეს და რაასონის განზრახვა არ განხორციელდება, და ამიტომაც არ უნდა მიმართოს უცხოტომელთა დახმარებას მათ წინააღმდეგ, არამედ საჭიროა ოდენ ჰქონდეს სასოება ღმრთისა.
აქაზი, რომელმაც ჭეშმარიტი ღმრთისადმი რწმენა დაკარგა, კავშირს კვლავ ასირიელ თელგათფელასარში ეძებს 94 მეფ. 16:7-8). წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით აფრთხილებს აქაზს, რომ თელგათფელასარი, რომელიც მან ფაკეს და რაასონის წინააღმდეგ მოიწვია, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ეს ორი მეფე (ეს. 7:17-25), რაც შემდეგ გამართლდება (1 პარ. 18:21). ახლა (ეს. 8:5-8) წინასწარმეტყველი ლაპარაკობს იმავე საშიშროებაზე, რაც ელოდება იუდეველთა სამეფოს ასირიელთა მეფის მხრიდან, და ამატებს, რომ იუდეის მოსალოდნელი გაპარტახება ამ მეფის ჯარების მიერ სასჯელი იქნება იმისთვის, რომ აქაზის ზოგიერთმა ქვეშევრდომმა, რომელმაც ღმრთის შეწევნის იმედი დაკარგა, დავითის სახლის რჯულიერი მეფის ნაცვლად, მეზობელ მეომარ მეფეთა რაასონისა და ფაკეს ძალაუფლების ქვეშ ყოფნა ისურვა.
"რაკი შეიძულა ამ ხალხმა (ანუ იუდეველებმა, აქაზის ქვეშევრდომებმა) სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რაასონს და რემალიას ძეს (ანუ ფაკეს), ამიტომაც მიაქცევს თქვენზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (სილოამის მდორედ მავალი წყლის ნაცვლად) - აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას. აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე. მოსპობს იუდეაში ყოველ კაცს, რომელიც თავის აწევის, ან რაიმეს გაკეთების შემძლებელი იქნება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს" (ეს. 8:6-7).
"სილოამის მდორე წყალს" (1) წინასწარმეტყველი გადატანითი აზრით აქ ან დავითის სამეფო მოდგმას უწოდებს ან კიდევ ამ მოდგმის წარმომადგენელს მეფე აქაზს მსგავსად იმისა, როგორც ოდნავ ქვემოთ (მ. 7) აშურეთის მეფეს უწოდებს "ძლიერ და უზღვავ წყალს" (შეად. იერ. 46:7-8(, რაც ჩანს იქიდან, რომ სილოამის წყლებს მეფეები რაასონი და ფაკე უპირისპირდებიან (მ. 6). აქედან გამომდინარე წინასწარმეტყველის სიტყვები იღებენ ასეთ შინაარსს; იმის გამო, რომ იუდეველები უკმაყოფილონი იყვნენ დავითის სახლის რჯულიერი მეფის აქაზის მშვიდი მმართველობით და ისურვეს მეომარ მეფეთა რაასონისა და ფაკეს ქვეშევრდომობა, უფალი მიუგზავნის მათ აბობოქრებულ მდინარესავით მრისხანე და ძლიერ აშურელ მეფეს, რომელიც თავისი ჯარებით აავსებს იუდეის მთა-ბარს და ალყას შემოარტყამს ყველა გალავანს. აქედან ჩანს, რომ როდესაც აქაზი ეომებოდა ისრაელისა და სირიის მეფეებს, იუდეაში თვით აქაზის პარტიის გარდა, რომელიც დახმარებას აშურელ მეფესთან ეძიებდა, იყო კიდევ იმგვარ ადამიანთა პარტია, რომელთაც, დაკარგეს რა ღმრთის შეწევნისადმი რწმენა, მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ სირიელ და ისრაელელ მეფეებს. იუდეველთაგან სწორედ ამ პარტიის ხალხს სურდა შეთქმულების მოწყობა აქაზის დასამხობად და მის ნაცვლად ტაბაველის ძე (იხ. ზემოთ 7:6).
______________
1. სილოამის წყარო (ან წყალსაცავი) იმყოფებოდა იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. არხის მეშვეობით ის უერთდება სხვა, ცოტათი მის მაღლა მდებარე უწმიდესი ქალწულის წყაროს, რომელიც ასე იმიტომ იწოდებოდა, რომ გადმოცემის მიხედვით წმ. ქალწული აქ წყლის ასაღებად მოდიოდა; ამ უკანასკნელთან ერთად ის (სილოამის წყარო) ივსება წყლით, რომელიც სიონის მთის ძირიდან მოედინება, რომელიც ღმერთს უყვარდა (ფსალმ. 77:68), და რომელზეც თვით ღმერთი მკვიდრობდა (ფსალმ. 8:18); სწორედ იქ იდგა ღმრთითრჩეული და ღვთითსაყვარელი დავითის სასახლე (ფსალმ. 77:70-72). ამ წყაროს სილოამად წოდება ნიშნავს "მოვლინებულს" (ინ. 9:7), და გულისხმობს - მიწიდან ღმრთითმოვლინებულ წყაროს, საიდანაც ირწყულებდნენ წყურვილს იერუსალიმის მცხოვრებნი. ამ მეჩხერ წყაროს ჰქონდა მდორე და მშვიდი დინება. ამ ნიშნებით სილოამის წყაროს წყლები, გადატანითი მნიშვნელობით, იუდეველთათვის წარმოადგენდნენ ან შინაური ძლიერების ან კიდევ მტრების წინააღმდეგ ღმრთის შეწევნის სიმბოლოს, რომელსაც იღებდნენ სიონიდან, ანუ ღმრთისგან, მის მიერ დაწესებული მეფეების მეშვეობით დავითის სახლიდან, რომელთაც ღმერთმა აღუთქვა მარადიული წყალობა და შეურყეველი მეფობა (2 მეფ. 7:16). აქედან ნათელი ხდება, თუ რატომ დაიმსახურეს სილოამის მდორე (მშვიდობიანი) წყლის უარმყოფელებმა ისეთი სასჯელი, რომლითაც მათ ღმრთის სახელით წინასწარმეტყველი ემუქრება.
______________
გამოთქმა: "მიაქცევს თქვენზე უფალი ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას)", აჩვენებს, რომ წინასწარმეტყველის მიერ ნაუწყები აშურელთა შემოსევა იქნება თვით ღმერთის საქმე, რომ აშურეთის მეფე მხოლოდ ღმრთის რისხვის იარაღი იქნება იუდეველთა წინააღმდეგ (შეად. ეს. 10:5). ასე იყო ყოველთვის: წმ. წერილის მოწმობით, "მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს" (იგავნი 21:1), ამიტომაც მათ, საკუთარი ძალისხმევით, ღმრთის ნების გარეშე ან მის წინააღმდეგ არაფრის ქმნა ძალუძთ, ისევე როგორც ხერხი ან ნაჯახი ვერ ამოძრავდება იმის გარეშე, ვისაც ისინი ხელში უჭირავს (ეს. 10:15); მათ ყველა საქმეებს მართავს ღმერთი, ასე რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი, ერთი შეხედვით, საკუთარი ნებით მოქმედებენ, სინამდვილეში ღმრთის განკარგულების შემსრულებლებად წარმოჩინდებიან.
შემდეგ აღწერს რა იმ გაპარტახების აღწერას, რომელსაც მოახდენს იუდეაში აშურელთა მეფე, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ეს მეფე "მოსპობს (წარტყვევნის) იუდეიდან ყოველ კაცს, რომელიც თავის აწევის ან საერთოდ რაიმეს გაკეთების შემძლებელი იქნება. მისი ჯარები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ აავსებენ მთელ ქვეყანას ("აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს") (მ. 8).
იუდეიდან ყველა, რაიმე მიმართებით ძლიერ და მნიშვნელოვან ადამიანთა ტყვეობაში წასხმა, როგორც ცნობილია, მოხდა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის დროს (4 მეფ. 24:14), რომელმაც იუდეაში მხოლოდ ღარიბი მიწათმოქმედები დატოვა (იერ. 52:16). ამის საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში აშურეთის მეფეში, რომელმაც უნდა გააპარტახოს იუდეა, გულისხმობს არა მარტო აშურელ მეფეებს სენაქერიმსა და ასრაგადონს, რომლებიც აჩანაგებდნენ იუდეას (4 მეფ. 18:13; 2 პარ. 33:11); არამედ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც საბოლოოდ გააპარტახა და გაანადგურა იუდეის სამეფო (4 მეფ. 24:1, 10-16; 25:1-12). ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, შეიძლება აშურეთის მეფედ იწოდა იმ აზრით, რომ ის აშურელ მეფეთა ძალაუფლების მემკვიდრე იყო.
გამოთქმა: "ყოველი კაცი, რომელიც თავის აწევის შემძლებელი იქნება" - გულისხმობს ადამიანს, რომელსაც შეგნებული აქვს რომ მტერთან შებრძოლების საკმარისი ძალა გააჩნია ან მტკიცედ იმედოვნებს ღმრთის შეწევნას, თავს არ იდრეკს მტრის წინაშე, სულმოკლედ ფარ-ხმალს არ ჰყრის და მტერს არ ბარდება, არამედ გმირულად, და შემართებით აქვს თავი აწეული და მზად არის საკუთარი თავი და ქვეყანა დაიცვას. "ყოველი კაცი, რომელიც რაიმეს გაკეთების შემძლებელი იქნება" - ეს (ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით) არის ან წარჩინებული ადამიანი ან კიდევ საერთოდ რაიმეს შემძლე, რომელსაც სხვების თვალში გარკვეული მნიშვნელობა და წონა გააჩნია.
სიტყვებში: "აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს. ემანუელ!" - იუდეველთა ქვეყანა ემანუელის (ჩვენთან არს ღმერთის) ქვეყანაა არა იმ აზრით, რომ ამ ქვეყანაში უნდა დაბადებულიყო იგი (ეს. 7:14 შეად. მიქა 5:2 და მთ. 2:5-6), არამედ იმ გაგებით, რომ ეს ქვეყანა მას (ღმერთს) ეკუთვნის, როგორც მეფეს, როგორც მეუფეს (თავადს, მბრძანებელს (ეს. 9:6)), რომელიც დავითის ტახტს დაიკავებს (ეს. 9:7 შეად. ლკ. 1:32-33).
9. ჩვენ თანა არს ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, და კვლავადაც რომ განძლიერდეთ, კვლავადვე იძლიენით.
10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი).
გამოთქვა რა ზემოთ მუქარა მცირედმორწმუნეთადმი, წინასწარმეტყველი აქ მორწმუნეებს ანუგეშებს. ის თითქოსდა ამბობს: მართალია აშურელი მეფეები, ღმრთის ნებით, დიდად გააპარტახებენ იუდეას, ისინი მაინც ვერ იქნებიან შემძლენი ამოწყვიტონ ღმრთის ერი, თუნდაც რომ დააპირონ ამისი განხორციელება; ასეთი საშიშროება შეუძლებელია დაემუქროს იუდეას, რადგან მათ მხარეზეა თვით ღმერთი ("ჩვენ თანა ღმერთი"). ეს ჭეშმარიტება უნდა უწყოდეს ყველა ხალხმა, რომლებიც იუდეველთა წინააღმდეგ ომობენ და უნდა დაემორჩილონ მას.
"გულისხმა ჰყავთ, ხალხებო, და იძლიენით (ἡττᾶσθε)!" ამბობს წინასწარმეტყველი. ამ ჭეშმარიტებას უნდა მიაყურადოს ყველა ხალხმა თვით მიწის კიდემდე: "ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით", - ანუ დაემორჩილენით მას, - რაოდენ ძლიერნიც იყოთ: "განძლიერებულნი იძლიენით". ამისი მიზეზი იმაშია, რომ ყველა წარმართი ხალხის ძალა, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ღმერთზეა დამოკიდებული და ამიტომაც, ღმრთის ნებით, შესაძლოა მათ ნებისმიერ დროს წაერთვათ იგი და ძლეულ იქმნენ: "განძლიერებულნი იძლიენით, და კვლავადაც რომ განძლიერდეთ, კვლავადვე იძლიენით". ხოლო რადგან "ჩვენთან (ანუ იუდეველებთან) არს ღმერთი", ამბობს დასასრულ წინასწარმეტყველი, ამიტომ "თუ ვინმე თქვენთაგანი (წარმართთაგან) რაიმე მტრულს ჩაიფიქრებს ჩვენ წინააღმდეგ ("ქმენით თათბირი, გაცუდდება!", რადგან ამ ზრახვებს ჩაშლის ღმერთი და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი ("თქვით სიტყვა") არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)".
მსგავსი აზრი წინასწარმეტყველმა გამოთქვა ზემოთაც (7:5-7) და არცთუ იშვიათად გვხვდება წმ. წერილის სხვა ადგილებშიც.
წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები, რომლებიც 9-10 მუხლებშია გადმოცემული შესულია მწუხრის ლოცვებში, ისევე, როგორც შემდეგი თავის მე-6 მუხლის სიტყვები.
11. რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ძლიერი ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
12. ნუ იტყვით სასტიკს; რადგან ყოველი, რასაც ეს ხალხი იტყვის, სასტიკია. მის შიშს ნუ შეუშინდებით და ნუ შეძრწუნდებით.
მოუწოდა რა იუდეველებზე გადამტერებულ წარმართებს საღმრთო განგებულებას დამორჩილდნენ, რომლებიც იცავს იუდეველთ (მ. 9-10), წინასწარმეტყველი ამის შემდეგ გადმოგვცემს იმას, რაც მისთვის საღმრთო გამოცხადებითაა ცნობილი ("რადგან ასე მითხრა უფალმა") თუ როგორია წარმართთა დამოკიდებულება ღმრთისადმი, ამავდროულად კი საღმრთო განგებულებისადმი.
"ისინი (ანუ წარმართები) ძლიერი ხელით არ ემორჩილებიან ღმრთის ერის გზებს და არ დადიან ამ გზებით" ("ასე მითხრა უფალმა, როცა ძლიერი ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით"), - ასე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი წარმართებზე (მ. 11), რაც იმას ნიშნავს, რომ ღმრთის ყოვლისშემძლე ხელს მიჰყავს ისინი იმისკენ, რათა თავიანთ ისტორიულ და კერძო ცხოვრებაში იქცეოდნენ ღმრთის მიერ იუდეველი ხალხისადმი ნაჩვენები გზით, ხოლო ისინი არ ემორჩილებიან და უარყოფენ ღმრთის ამ წინამძღოლობას.
ღმრთის რჩეული ერი, რომელსაც მიენდო უფლის სიტყვა (რომ. 3:2), ანუ გამოცხადებული რჯული სინას მთაზე და ყველა სხვა გამოცხადება, რომლებიც მას დანარჩენი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების მიერ მიეცა და დანიშნული იყო იმისთვის, რათა, საკუთარ სიცოცხლეს რომ აგვარებდა და აშენებდა ღმრთის რჯულით, იგივე ესწავლებინა წარმართებისთვისაც, რათა მათაც, თავიანთ გარემოში შეენარჩუნებინათ მტკიცე და წმიდა რწმენა აღთქმული მესიისადმი და მოემზადებინა წარმართებიც; მოკლედ - ნათელი ყოფილიყ ყველა ამ უკანასკნელისთვის (ეს. 49:6).
იუდეველი ხალხის ასეთი უმაღლესი დანიშნულება ავალდებულებდა წარმართებს ჯეროვანი პატივი მიეგოთ მისთვის. ეს მათ უნდა ესწავლათ იმ მრავალრიცხოვან სასწაულთაგან, რომლებიც სხვადასხვა დროს აღსრულდა წარმართებზე იუდეველი ხალხის დასაცავად და განსადიდებლად. მაგრამ, წარმართები, მიუხედავად ამ სასწაულებისა, მაინც არ ემორჩილებოდნენ უფლის მარჯვენას, რომელიც შეაგონებდა მათ ამ საკვირველებებით. მეტიც: შეთქმულებებს იზრახავდნენ იუდეველი ხალხის მიმართ და ამით თითქოსდა ცდილობდნენ დაერღვიათ საღმრთო გეგმები.
აი ასე, მოცემულ შემთხვევაშიც, შედგა რაასონისა და ფაკეს შეთქმულება აქაზის დასამხობად და ღმრთის აღთქმის საწინააღმდეგოდ, რომელმაც აღუთქვა იუდეველთ, რომ "დავითის შთამომავალნი იმეფებენ სამარადისოდ" (შეად.: 2 მეფ. 7:12–16). მაგრამ ამგვარი განზრახვით იუდეის წინააღმდეგ ამხედრებულნი, ისინი (მოკავშირე მეფეები) თავიანთი ზრახვების წარმატებით განხორციელებისთვის შთააგონებდნენ იუდეველთ, რომ არ ეწოდებინათ სასტიკი მათი განზრახვისთვის; თუმცა სინამდვილეში - ამბობს წინასწარმეტყველი, ყველაფერი ის, რასაც ეს ადამიანები (ანუ სირიელები ისრაელიტებთან ერთად) იუდეველთა წინააღმდეგ იზრახავენ არის სასტიკი". თუმცა იუდეველები არ უნდა შეუშინდნენ ამ შეთქმულებას: "მის შიშს (ანუ ყოველივე იმას, რითაც ისინი გაშინებენ) ნუ შეუშინდებით და ნუ შეძრწუნდებით" (მ. 12) - ეუბნება წინასწარმეტყველი იუდეველთ.
13. უფალი ძალთა - ის ჰყავით წმიდა და ის იყოს შენთვის შიში. მას ესავდეთ.
14. და თუ მასზე იქნები მინდობილი, ის შენთვის საწმიდარი იქნება; და არ შეეჩეხები მას, როგორც საბრკოლებელ ქვას, არც როგორც დამაქცეველ კლდეს. ხოლო იაკობის სახლი ხაფანგშია და ღრმულში მსხდომნი იერუსალიმში.
ღმრთის ერს შიშის წყაროდ მხოლოდ ღმერთი უნდა ჰყავდეთ და მოწიწება ჰქონდეთ მის წინაშე, როგორც უზენაეს და ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ, რომელიც მეფობს ყველა მეფესა და სამეფოზე; წმიდა ჰყავთ იგი, როგორც ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ღმრთის ერს არ შეუძლია და არც უნდა ეშინოდეს სხვა ვინმესი და თუ მასზე (ღმერთზე) დააფუძნებს თავის სასოებას, ის იქნება სრულ უსაფრთხოებაში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს წინასწარმეტყველი იუდეველთ: "უფალი ძალთა - ის ჰყავით წმიდა და ის იყოს შენთვის შიში. მას ესავდეთ" (მ. 13) და თუკი მას დაენდობი, "არ შეეჩეხები მას, როგორც საბრკოლებელ ქვას, არც როგორც დამაქცეველ კლდეს" (მ. 14), პირიქით ის იქნება შენი განმწმენდელი ("ის შენთვის საწმიდარი იქნება") (მ. 14).
ბოლო სიტყვები, "ის შენთვის საწმიდარი იქნება" უთითებენ იმ განწმენდაზე, რომელსაც მიიღებენ მესიისადმი მორწმუნენი (და მიიღეს კიდეც), და რომლისთვისაც იყვნენ განკუთვნილნი სხვა ხალხებზე უადრესად. იუდეველები სხვა ხალხებზე უწინარეს ემზადებოდნენ მისი მოსვლისთვის. მაგრამ მესიისგან ამ განწმენდას მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც მისდამი სასოებით არის გამსჭვალული: "და თუ მასზე იქნები მინდობილი, ის შენთვის საწმიდარი იქნება". ხოლო ურწმუნოთათვის ის (უფალი) დაბრკოლების ლოდად და დამაქცეველ კლდედ იქცევა.
მესიის შესახებ მსგავსი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მართალ სიმეონ ღვთისმიმრქმელის მიერ: "აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად" (ლკ. 2:34). როგორც მართალი სიმეონის ამ წინასწარმეტყველებაში, ასევე ესაიას განსახილველ მუხლში მოცემულია მითითება იმ განყოფაზე, რომელიც უნდა გამოიეწვია კაცთა შორის მესიის გამოჩენას. ვინც ირწმუნენა იგი, როგორც თავიანთი მაცხოვარი, მის მიერ განიწმინდნენ და მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ცხონება, ხოლო სხვებმა არ აღიარეს მასში მაცხოვარი, ცდუნდნენ მისი მორჩილების, თავმდაბლობის და გარეგნული სიგლახაკის გამო, და ფეხი წამოკრეს მას, როგორც დაბრკოლების ქვას. ეს გაყოფა დადასტურებულია წმ. მოციქულთა წერილითაც (იხ. მთ. 21:42; 1 პეტ. 2:6-8; რომ. 9:33; 10:11) და ქრისტიანობის მთელი ისტორიითაც.
ამ მომავლიდან წინასწარმეტყველს თავისი მზერა გადააქვს აწმყოზე (წინასწარმეტყველის თანამედროვე დროებაზე), ამ აწმყოში იუდეველი ხალხის მდგომარეობაზე და ამბობს, რომ ახლა ისრაელის ორივე სახლი, ანუ ორივე სამეფო: იუდეველთა და ისრაელისა, თითქოსდა ხაფანგშია გაბმული და მეტიც (უფრო კერძოობით) იერუსალიმის მცხოვრებნი თითქოსდა იმყოფებიან ღრმულში (ἰν κοιλάσματι, ბუკვ.: ჩაღრმავება, ორმო, რომელსაც მხეცების დასაჭერად იყენებენ).
ფრინველებსა და პირუტყვებს, რომლებიც მათთვის გათხრილ ორმოში ცვივდებიან, გარდაუვალი საფრთხე ელით: ან სიკვდილი ან სამუდამო ტყვეობა. აქედან მოდის გამოთქმა: "ხოლო იაკობის სახლი ხაფანგშია და ღრმულში მსხდომნი იერუსალიმში" - გამოდის ის აზრი, რომ მთელი იუდეველი ერი (ისრაელიანნი და იუდეველნი), იერუსალიმის მცხოვრებლების ჩათვლით, რელიგიურ-ზნეობრივ მიმართებაში უდიდეს საშიშროებაში იმყოფებიან. იუდეველები, რომლებიც მეზობელ ხალხთა მაგალითს ბაძავდნენ, კერპთთაყვანისცემას მიეცნენ, - ის იყო მათთვის ხაფანგი ან ორმო, როგორც ამბობს აქ წინასწარმეტყველი (შეად.: ნავ. 23:13), ან, რაც იგივეა, მათი წარწყმედის მიზეზი, როგორც ამას მოწმობს წმ. წერილი, რადგან ორივე ებრაული სამეფო წარწყმდა, მათ დაკარგეს თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, კერძოდ - სწორედ კერპთყვანისმცემლობისთვის. ასე, მაგალითად, მეფეთა წიგნის მოწმობით, ისრაელის სამეფოს დაღუპვის მიზეზი იყო ის, რომ ისრაელიანებმა "თაყვანი დაუწყეს უცხო ღმერთებს... გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე, დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ" (4 მეფ. 17:7, 9, 10).
ხოლო იუდეველთა სამეფოს დაცემის მიზეზად სახელდება უკეთურ იუდეველ მეფეთა კერპთთაყვანისმცემლობა. ასე, მაგალითად, მეფე აქაზზე წმიდა ისტორიკოსი (პარალიპომენონის მე-2 წიგნის ავტორი) ამბობს: "თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე აქაზი. მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო. მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ" (2 პარ. 28:22-23).
კიდევ უფრო თვალსაჩინოდ არის გამოტანილი იუდეის დაცემის მიზეზად მეფე მანასიას კერპთაყვანისცემა: "იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა უკუღმართის ქმნაში ამორეველებს, მასზე წინ რომ იყვნენ, და იუდაც შეაცდინა თავისი კერპებით, ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს. ... მივატოვებ ჩემი წილხვედრილის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, საძარცვავად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისათვის" (4 მეფ. 21:11-12, 14 შეად. 24:10).
15. ამიტომ მათ შორის მრავალნი უძლურ იქნებიან, დაეცემიან და შეიმუსრებიან; მიეახლებიან და შეპყრობილ იქნებიან — კაცნი, რომელნიც უსაფრთხოებაში იყვნენ.
16. მაშინ გამოცხადდებიან ისინი, ვინც რჯულს ბეჭდავენ, რათა არ ისწავლონ.
ამიტომაც (διά τοῦτο), ანუ ამ სამწუხარო მდგომარეობის სედეგად, რომელშიც არიან ახლა "იაკობის სახლეულნი" (მ. 14), მრავალნი მათგან (იუდეველთაგან და ისრაელიანთაგან) "უძლურ იქნებიან" (ანუ დაკარგავენ პოლიტიკურ ძლიერებას), დაეცემიან და შეიმუსრებიან, მიუახლოვდებიან თავიანთი პოლიტიკური არსებობის დასასრულს და შეპყრობილ იქნებიან (ἁλώσονται) თვით ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უსაფრთხოებაში იყვნენ.
ისრაელისა და იუდეის სამეფოთა დაცემის ისტორია სრულიად ადასტურებს ამას. რაც უფრო იხრებოდნენ იუდეველები ჭეშმარიტი ღმრთისთაყვანისცემისგან კერპთაყვანისცემისკენ, მით უფრო უძლურდებოდნენ ისინი პოლიტიკურ მიმართებაში და მით უფრო ახლოვდებოდა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასასრული.
როდესაც აღსრულდება ეს წინასწარმეტყველება, "მაშინ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - გამოცხადდებიან ისინი, ვინც რჯულს ბეჭდავდნენ, რათა არ ისწავლონ", ანუ ისინი, რომელთაც არასოდეს ჩაუხედავთ რჯულში, არ შეთახმებიან მას, და არ უხელმძღვანელიათ მისი მითითებებით" (მ. 16).
სხვათა შორის, მოსეს რჯულში ნათლად არის ნათქვამი, რომ თუ ისრაელიანები არ შეასრულებენ უფლის მცნებებს და დაიწყებენ კერპთაყვანისმცემლობას, მაშინ უფალი მათი ცხოვრებიდან აიღებს აღთქმებს და "მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე. მოგაწებებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოსულხარ. მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები. სპილენძად გექცევა თავზე ცა და მიწა - რკინად შენს ფეხქვეშ. მტვრად აქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე" და სხვ. (მეორე რჯლ. 28:20-24).
ისრაელიანებს რომ არ დაეხუჭათ თვალი რჯულის ამ მუქარებზე, და მისით ეხელმძღვანელათ თავიანთ ცხოვრებაში, ამით თავიდან აიცილებდნენ ყველა მითითებულ უბედურებას, ამიტომაც, პირიქით, როდესაც ეს უბედურებები მოიწევა, ეს ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ რჯულის მუქარებს ისინი არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ, და თითქოსდა დაბეჭდილი ჰქონდათ ისინი, რათა არასოდეს გაეხსნათ და არასოდეს ესწავლათ. ამ აზრს გამოხატავს წინასწარმეტყველი სიტყვებით: "მაშინ გამოცხადდებიან ისინი, ვინც რჯულს ბეჭდავენ, რათა არ ისწავლონ".
წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.
თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024-2026 წ.
