Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება 9 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
წმ. წინასწარმეტყველი ესაია

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია


თავი 9
 
 
ახ. ქართ.:
 
1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
 
2. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.
 
3. რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი - მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს.
 
4. რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი.
 
5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
 
6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
 
7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
 
8. გაიგებს მთელი ერი - ეფრემი და სამარიის მკვიდრი, მედიდურად და გულდიდად რომ ლაპარაკობს:
 
9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
 
10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს.
 
11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
 
12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
 
13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
 
14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
 
15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
 
16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
 
17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები.
 
18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
 
19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
 
20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა,
 
2. ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.
 
3. უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი
 
4. მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,
 
5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,
 
6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
 
7. რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.
 
8. სიკუდილი მოავლინა უფალმან იაკობისა ზედა; და მოვიდა ისრაჱლსა ზედა.
 
9. და ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა.
 
10. ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი.
 
11. და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.
 
12. ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი.
 
13. და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს.
 
14. და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა:
 
15. მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ.
 
16. და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი,
 
17. ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
 
18. და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი.
 
19. გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს,
 
20. არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა,
 
21. რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.
 
 
***
 
 
თავი 9
 
 
7. ემანუელის თვისებების შესახებ
 
(თ. 9:1-7)
 
(გაგრძელება)
 
ამ თავის დასაწყისში (1–5 მუხლები) მოცემულია წინასწარმეტყველება იმ დიდების შესახებ, რომელიც სხვებზე ადრე დადგება ზებულონისა და ნეფთალიმის ტომებისთვის, როდესაც მსოფლიოში მოსული მესია პირველად გაახმოვანებს თავის ქადაგებას ამ მხარეებში და თვითონაც დასახლდება მათ საზღვრებში. ამასთან ერთად, შემდგომ ნაწინასწარმეტყველევია (6–7 მუხლებში) ის საკვირველი თვისებები, რომლებიც ექნება მესიას.
 
 
1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
 
1. ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა.
 
(1-ლი მუხლი ბიბლიის ახალქართულ თარგმანებში არ გვაქვს, ამიტომაც ვიმოწმებთ მას ძველი ქართულით და შინაარსობრივი თარგმანით ახალქართულ ენაზე (იხ. ქვემოთ) - "აპოკ." რედ.).
 
სხვებზე ადრე დალიე, და ეს სასწრაფოდ აღასრულე, ზებულონის ქვეყანავ და ნეფთალიმის მიწავ და ყველა დანარჩენნო, რომლებიც ზღვის მიდამოებში და იორდანის გაღმა ცხოვრობთ, მთელო ეგრეთ წოდებულო წარმართთა გალილეავ.
 
2. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
 
 
1–2 მუხლები. წინა თავის ბოლოში (21–22 მუხლებში) წინასწარმეტყველმა იუდეველებს მათი უღმერთოების გამო დიდი უბედურებების დადგომა აუწყა, და რადგან ამ უბედურებათა სასმისი სხვებზე ადრე უნდა დაელიათ (და წმიდა წერილის მოწმობით, დალიეს კიდეც – 4 მეფ. 15:29) იორდანის გაღმა მხარის (გალაადის), ზებულონისა და ნეფთალიმის ქვეყნის, მთლიანად კი ეგრეთ წოდებული წარმართთა გალილეის მცხოვრებლებს; აწ წინასწარმეტყველი, მიმართავს რა ამ მხარეთა მკვიდრთ, აფრთხილებს მათ ამის შესახებ და თანაც დიდ ნუგეშს სთავაზობს. ის თითქოსდა ასე ამბობს: ზებულონისა და ნეფთალიმის ქვეყნებს სხვებზე ადრე და სხვებზე მეტად წილად ხვდა უბედურებანი, სამაგიეროდ მომავალში ის განდიდდება იმით, რომ მასში, სხვებზე უფრო ადრე, გაბრწყინდება სახარებისეული მოძღვრების ღვთაებრივი ნათელი.
 
უბედურებათა ეს სასმისი (ესე იგი ზემოთ აღნიშნული უბედურებანი, – 8:21–22) "სხვებზე ადრე დალიე, და ეს სასწრაფოდ აღასრულე, ზებულონის ქვეყანავ და ნეფთალიმის მიწავ და ყველა დანარჩენნო, რომლებიც ზღვის მიდამოებში და იორდანის გაღმა ცხოვრობთ, მთელო ეგრეთ წოდებულო წარმართთა გალილეავ" (1 მუხლი) (ამის შემდეგ კი ყველა ამ ქვეყნებში მცხოვრებნი) – "ეს ხალხები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სიბნელეში დადიოდნენ, იხილავენ დიდ ნათელს".
 
შემდეგ, თითქოსდა ამის განმარტების მიზნით, წინასწარმეტყველი პირდაპირ ამ ქვეყნის მცხოვრებლებს მიმართავს და ამბობს: "ამ ქვეყანაში მცხოვრებნო და (ერთგვარად) სასიკვდილო სიბნელეში მყოფნო, თქვენზე გამობრწყინდება დიდი ნათელი" (2 მუხლი).
 
გალილეა პალესტინის ჩრდილოეთი ნაწილია, რომელიც მოიცავს ასერის, ზებულონის, ისაქარისა და ნეფთალიმის ტომთა სამკვიდროს (ნავ. 19:10–32). წინასწარმეტყველის მიერ ის წარმართულად იწოდება იმიტომ, რომ მასში იუდეველთა გარდა მოსახლეობის მნიშვნელოვან და თუნდაც უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ წარმართები, რომელთა ზნეობრივ გავლენასაც ექვემდებარებოდნენ მათ შორის მცხოვრები იუდეველები. ამიტომაც ჭეშმარიტ, გამოცხადებულ სარწმუნოებას აქ არ ჰყავდა ისეთი მკაცრი მიმდევრები, როგორც იუდეაში (პალესტინის სამხრეთ ნაწილში), იერუსალიმის მახლობლად: სჯულით დადგენილი წესები, რომელთაც ასე აფასებდნენ იუდეაში, გალილეაში არცთუ ისე მკაცრად იყო დაცული. მეზობელი წარმართების გავლენით გალილეველები ადვილად ითვისებდნენ წარმართულ ცრურწმენებს და იძირებოდნენ მანკიერებებსა და უმეცრების სიბნელეში. სავარაუდოდ, სწორედ ამ აზრით უწოდებს წინასწარმეტყველი გალილეის მკვიდრთ სიბნელეში მოსიარულე და სასიკვდილო აჩრდილში მცხოვრებ ხალხს. "ხალხი, რომელიც დადის (მათეს სახარებაში ზის – 4:16) სიბნელეში და ცხოვრობს (მათეს სახარებაში ზის – იქვე) წყვდიადსა და სასიკვდილო აჩრდილში, წმიდა ბასილი დიდის განმარტებით, არიან წარმართული უმეცრებით დაბნელებულნი". სხვა იუდეველებს არ უყვარდათ გალილეველები და ამცირებდნენ კიდეც. იუდეველებში გალილეაზე ისეთი წარმოდგენაც კი ჩამოყალიბდა, რომ იქიდან წინასწარმეტყველი არ მოდის (ინ. 7:41–52), და რომ ნაზარეთიდან, გალილეის ქალაქიდან, სიკეთის არავითარი მოლოდინი არ შეიძლება არსებობდეს (იხ. ინ. 1:46).
 
სწორედ ამ ნახევრად წარმართულ ქვეყანაში, წინასწარმეტყველის თქმით, უნდა გამობრწყინდეს დიდი ნათელი. ამ დიდ ნათელში წინასწარმეტყველი გულისხმობს იმ ნათელს, რომელიც მამასთან იმყოფება და რომელიც განანათლებს ყოველ კაცს, მომავალს სოფლად, როგორც წმიდა ბასილი დიდი განმარტავს, - იესუ ქრისტეს, რომელმაც თვითონ ინება ასე ეწოდა საკუთარი თავისთვის: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (ინ. 8:12; 12:46).
 
ეს წინასწარმეტყველება, წმიდა მამათა განმარტებით, აღსრულდა მაშინ, "როდესაც ჩვენმა უფალმა, იოანესგან ნათლისღებისა და ეშმაკისგან გამოცდის შემდეგ, დაიწყო თავისი მაცხონებელი სახარების ქადაგება და სასწაულთმოქმედება ნახსენებ ტომთა საზღვრებში", და როგორც წმიდა ეფრემ ასურელი აღნიშნავს, რის გამოც თავის სამყოფლად აირჩია კაპერნაუმი, გალილეის ერთ-ერთი ქალაქთაგანი.
 
ასე განმარტავს ამ წინასწარმეტყველებას მათეს სახარებაც: იესუ ქრისტე იოანესგან ნათლისღების შემდეგ გავიდა უდაბნოში, იქ იმარხულა ორმოცი დღე და იქ გამოცდილ იქნა ეშმაკისგან. ხოლო როცა მარხვის დღეები დასრულდა, იუდეიდან გალილეაში წავიდა და დასახლდა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალიმის ტომთა საზღვრებში. ამის შემდეგ მახარებელი დასძენს: "რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;  ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი" (მთ. 4:14–16).
 
"ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა ნათელი დიდი" – აქ წინასწარმეტყველი წარსულ დროში მეტყველებს მომავალზე, რაც ჩანს ამ სიტყვების შემდგომ სიტყვებთან შედარებით: "წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ ნათელი გამოუბრწყინდა".
 
ასევე, მომდევნო მუხლში ერთსა და იმავე საგანზე ერთდროულად ლაპარაკია წარსულ და მომავალ დროში: "გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული". წინასწარმეტყველთათვის, რომლებიც ღვთის სახელით მეტყველებდნენ, რომლისთვისაც არ არსებობს განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის, რამეთუ ის "არამყოფსაც მყოფთ უწოდებს" (რომ. 4:17; დაბ. 17:5), სრულიად ბუნებრივია მომავალ მოვლენებზე საუბარი ისე, თითქოს ისინი უკვე მომხდარიყოს, რადგან ისინი მომავალსაც ისევე ნათლად ჭვრეტდნენ, როგორც აწმყოს ან წარსულს. ეს განსაკუთრებით უნდა ითქვას ესაია წინასწარმეტყველზე (იხ. ამის შესახებ ზემოთ).
 
 
3 მუხლი. მიმართავს რა თავად გალილეელთა ზემოხსენებული სულიერი განათლების შემოქმედსა და მიზეზს ("შემდეგ კი წინასწარმეტყველური სიტყვა თავად უფლის პიროვნებაზე გადადის" (იხ. ბასილი დიდი)), წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მის მიერ სიბნელიდან ნათლად გამოყვანილ ხალხს შეადგენს ურიცხვი სიმრავლე, და ყველანი იზეიმებენ და იხარებენ, როგორც მოსავლის აღებისას ან ნადავლის გაყოფისას. "იქნება სიმრავლე ხალხისა (τὸ πλεῖστον τοῦ λαοῦ), რომელთაც შენ, მესია და უფალი, შენი სიხარულით გამოიყვან", ანუ გამოიყვან იმ უმეცრების სიბნელიდან, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. "და ისინი, აგრძელებს წინასწარმეტყველი, იხარებენ შენს წინაშე ისევე, როგორც ჩვეულებრივ "მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას". ამ შედარებებით წინასწარმეტყველი მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ნათლით განათლებულ ხალხთა სიხარული (შეად. 2 მუხ.) იქნება უაღრესად გულწრფელი და შეურყვნელი, როგორიც ჩვეულებრივ არის სიხარული ნაყოფის მოკრეფისასა და ნადავლის გაყოფისას. სწორედ ასეთი სიხარულით გაამხიარულა ხალხი უფალმა იესუ ქრისტემ, რომელმაც ხსნა ყველას მოჰმადლა.
 
 
4 მუხლი. "რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი - მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს".
 
შემდეგ წინასწარმეტყველი მიუთითებს თვით ამ სიხარულის მიზეზებზეც. პირველი მიზეზი ასეთი გულწრფელი სიხარულისა იქნება ის, რომ უღელი, რომელიც მათზე იწვა, მოეხსნებათ, რადგან მჩაგვრელთა კვერთხი (ხელისუფლების სიმბოლო), ანუ სხვაგვარად – ის ხელმწიფება რომელიც აქამდე ტანჯავდა მათ, უფალმა შემუსრა (შეად. მოეხსნებათ), ისევე როგორც ოდესღაც მადიამელთა წინააღმდეგ ომის დღეს" (როგორც მადიამის დღეს).
 
აქ საუბარია არა პოლიტიკური, არამედ სულიერი მონობის განადგურებაზე. "უღელი", მონობის სიმბოლო, ამ შემთხვევაში ნიშნავს მონობას ცოდვისა და ეშმაკისადმი; ხოლო "მჩაგვრელთა კვერთხი" – ეშმაკის ხელისუფლებას (საზოგადოდ, კვერთხი ხელისუფლების სიმბოლოა). ეს დასტურდება წინასწარმეტყველის შემდგომი სიტყვებითაც (5–7 მუხლები), და აგრეთვე იმით, რომ ამ მონობის გამაუქმებელი, იესუ ქრისტე, არათუ არ ანადგურებდა პოლიტიკურ მონობას და არ ათავისუფლებდა თავის მიმდევრებს უცხოთა ხელმწიფებისგან, არამედ ამცნებდა კიდეც უცხო ხელისუფლებებისადმი მორჩილებას (მთ. 22:21) და მოუწოდებდა ყველას დარჩენილიყვნენ იმ წოდებაში, რა წოდებაშიც თითოეული მათგანი იმყოფებოდა (1 კორ. 7:20, შეად. ეფ. 6:5, კოლ. 3:22; ტიტ. 2:9).
 
იესუ ქრისტეს მიერ ეშმაკზე გამარჯვების შედარება გედეონის მიერ მადიამელებზე გამარჯვებასთან მიუთითებს იმაზე, რომ გედეონის სასწაულებრივ გამარჯვებას წინასახეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. წინასახის ნიშნები შემდეგია: გედეონმა დაამარცხა მადიამელები არა იარაღის ძალით, არამედ მტერს შემოერტყა მხოლოდ სამასი უიარაღო მეომრით, რომელთაც ხელთ ეპყრათ საყვირები და თიხის ჭურჭელში დამალული სანთლები. ამ საყვირების ხმამ და სანთლების მოულოდნელმა ნათელმა (ჭურჭლის დამსხვრევის შემდეგ) მტერი არია და გააქცია. ასევე, იესუ ქრისტეს გამარჯვებაც ეშმაკზე და მის მსახურებზე – ურწმუნო იუდეველებზე და წარმართებზე, მოხდა ქრისტეს ჭეშმარიტ მეომართა მცირე რიცხვით, რომლებიც წმიდა მოციქულები იყვნენ, და რომლებმაც ყოველგვარი იარაღის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სახარებისეული მოძღვრების ნათლის წყალობით გაიმარჯვეს.
 
 
5 მუხლი. ადამიანთა გულწრფელი სიხარულის მეორე მიზეზი (და ამავე დროს ქრისტეს გამარჯვების შედეგი) იქნება მათ შორის მშვიდობის დამყარება: (იხარებენ), "რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი" (იმის ნაცვლად, რომ ისარგებლონ მათით).
 
ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი იმეორებს აზრს, რომელიც ზემოთ გამოთქვა სიტყვებით: "მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს" (ეს. 2:4). უფრო ვრცლად ეს აზრი გახსნილია იმავე წინასწარმეტყველის მიერ სხვა ადგილას (ეს. 11:6–8).
 
 
6 მუხლი. ზემოხსენებული სიხარულის მესამე და უმთავრესი მიზეზი (და ამასთანავე პირველი ორი მიზეზის მიზეზიც) ის არის, "ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ", ანუ ღვთის ძე, მამა ღმერთმა ჩვენთვის მსხვერპლად შეწირა.
 
ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
 
სიტყვებით: "ყრმა იშვა" (შეად. ლკ. 2:10–11) წინასწარმეტყველი მიუთითებს მესიის ხორციელ შობაზე უწმიდეს ქალწულ მარიამისგან (შეად. ზემოთ ეს. 7:14) და ამით ადასტურებს მის ადამიანურ ბუნებას. ხოლო სიტყვები: "ძე მოგუეცა ჩუენ" შეიძლება გავიგოთ, როგორც მითითება მესიის ღვთაებრივ ბუნებაზე; ეს ჩანს წინასწარმეტყველის აწინდელი სიტყვების შედარებიდან თავად იესუ ქრისტეს სიტყვებთან: "ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე" (ინ. 3:16), აგრეთვე იქიდან, რომ სახარებაში უფალ იესუ ქრისტეს "ძედ" წოდება ჩვეულებრივ მის ღვთაებრივ ძეობას კი არა, არამედ ადამიანურს ნიშნავს (მთ. 11:27, ინ. 3:35, 5:20–23).
 
შემდეგ, აღწერს რა ამ ღვთაებრივი ყრმის თვისებებს, წინასწარმეტყველი ამბობს: "ხელმწიფება (მთავრობა, ἁρχή) მისი იქნება მის მხრებზე" (ძვ. ქართ.: "რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა").
 
ეს ნიშნავს, რომ ის ასწავლის და იმოქმედებს ხელმწიფებით. თავად იესუ ქრისტე ამბობს საკუთარ თავზე: "მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც" (მთ. 28:18). მისი ამ ღვთაებრივი ხელმწიფების დასტურია მრავალრიცხოვანი და დიდებული სასწაულები, რომლებიც მან აღასრულა. აი რატომ ამბობდნენ მისი თანამედროვენი მასზე, რომ "ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი" (მთ. 7:29).
 
მესიის სხვა თვისებებს წინასწარმეტყველი შემდეგი დიდებული სახელებით გამოხატავს: "და ეწოდება სახელად:

ა) დიდი განზრახვის ანგელოზი", ანუ დიდი განზრახვის მაცნე. აქ იგულისხმება წმიდა სამების სამარადისო განზრახვა, რომელშიც მარადისობიდან იყო განსაზღვრული, პირველქმნილი ცოდვის გამო, კაცთა მოდგმის ხსნა საბოლოო დაღუპვისგან მხოლოდშობილი ღვთის ძის ვნებით. სწორედ ეს ნუგეშისმომცემი და მაცხოვნებელი განჩინება ამცნო იესუ ქრისტემ კაცთა მოდგმას. უწინ ამ საიდუმლო განზრახვის მაცნენი ადამიანებისთვის იყვნენ წინასწარმეტყველნი, მაგრამ ისინი ამ საიდუმლოს ყოველთვის არასრული სიცხადით, ზოგჯერ კი ფარულად იუწყებოდნენ; უკანასკნელ ჟამს კი ეს საიდუმლო ნაუწყებ იქნა და სრულად გაცხადდა ღვთის ძის მიერ ("ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ" – ებრ. 1:1), რომელსაც მამა "ყველა თავის საქმეს უჩვენებს" (ინ. 5:20) და რომელმაც, შესაბამისად, სრული სივრცითა და ნათლით გაუხსნა ადამიანებს ღვთაებრივი განჩინება გამოსყიდვის შესახებ.
 
ეწოდა სახელად - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
 
ბ) "საკვირველი თანგანმზრახი". ეს სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ მესია, ძე ღვთისა, არა მხოლოდ დიდი განზრახვის მაცნე იყო, არამედ, როგორც წმიდა სამების მეორე პირი, თავადაც მონაწილეობდა მასში და, შეიძლება ითქვას, წევრი იყო ამ განზრახვისა.
 
გ) ღმერთი ძლიერი, ესე იგი ყოვლისშემძლე და დ) ჴელმწიფე, ესე იგი უფალი.
 
ამ სახელწოდებებს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ: ორივე მათგანი მიუთითებს, რომ იესუ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღვთის ძეა, მამა ღმერთთან თანასწორი ხელმწიფება და ძალა გააჩნია (შეად. ზემოთ: "რომლის ხელმწიფებაც იქნება მის მხრებზე").
 
ე) მთავარი მშვიდობისა, ანუ წინამძღოლი და შემოქმედი მშვიდობისა, იგივე შერიგებისა. აქ პირველ რიგში იგულისხმება ადამიანის ღმერთთან შერიგება, რომელიც აღსრულდა გოლგოთის მსხვერპლის წყალობით.
 
ადამიანთა დაცემული მოდგმა წყევლის ქვეშ იყო, და მაშასადამე, თითქოსდა ღვთის რისხვის ქვეშ, მაგრამ იესუ ქრისტემ გამოგვისყიდა ამ წყევლისგან, რამეთუ თავის თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები და მათთვის განკუთვნილი წყევლაც: "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე"" (გალ. 3:13);
 
მეორეც, იგულისხმება მშვიდობა ადამიანის სინდისში, რომელიც დადგა გამოხსნის შემდეგ. მანამდე ადამიანს, როგორც წყევლის ქვეშ მყოფს, არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა სიმშვიდე თავის სინდისში, მას განუწყვეტლივ აწამებდა მომავალი საუკუნო სატანჯველის შიში ცოდვების გამო;
 
და მესამეც, ადამიანთა შერიგება ერთმანეთთან, რასაც წინასწარმეტყველებდა წინასწარმეტყველი ესაია (ეს. 2:4, 9:5, 11:6–8) და რომლის დადგომასაც უგალობდნენ ანგელოზნი, რომლებიც გამოეცხადნენ ბეთლემელ მწყემსებს, როდესაც შერიგების შემოქმედი იშვა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა" (ლკ. 2:14).
 
ვ) მამა მომავალი საუკუნისა, ესე იგი მომავალი მარადიული სიცოცხლის შემოქმედი, მომწყობი ანუ დამაარსებელი. თავად იესუ ქრისტე ამბობდა თავის თავზე, რომ "ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე" (ინ. 3:36), ესე იგი მიაღწევს მარადიულ სიცოცხლეს. ამის საფუძველზე წმიდა მოციქულმა პავლემაც თქვა, რომ იესუ ქრისტე "სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა" (ებრ. 5:9).
 
ამით ემანუელის, ღვთის ძის საკვირველ სახელთა ჩამოთვლა დროებით წყდება. წინასწარმეტყველი, თითქოსდა ღვთის ძის "მშვიდობის მთავრად" წოდების განმარტებისთვის თავად მამა ღმერთის პირით ამბობს: "რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა" ("მოვჰფენ მის მშვიდობას მთავრებზე, მშვიდობას და სიმართლეს"). ეს სიტყვები, წმიდა ბასილი დიდის აზრით, ნათქვამია აგრეთვე მესიაზე, ოღონდ თავად მამა ღმერთის სახელით: "რამეთუ კეთილინება მამამ (მოციქულის თქმით)... რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც (კოლ. 1:20), – ამიტომაცაა ნათქვამი წინასწარმეტყველთან: "რამეთუ მოვჰფენ მშვიდობას მთავრებზე"; ხოლო რადგან იესუ ქრისტე ჯვარცმითი სიკვდილის შემდეგ, რომლითაც ყველა შეარიგა მამა ღმერთთან, დიდებით აღდგა, წინასწარმეტყველმა ნათქვამს დაამატა: "მის მშვიდობასა და სიმართლეს". "ვფიქრობ, ამბობს წმიდა ბასილი დიდი, ამ სიტყვით გამოიხატება აღდგომის საიდუმლო".
 
 
7 მუხლი. ამ, თითქოსდა შესავალი აზრის შემდეგ, რომელიც თავად ღვთის სახელით ითქვა, წინასწარმეტყველი აგრძელებს მესია-ემანუელის თვისებებზე შეწყვეტილ სიტყვას და ამბობს: "დიდია ხელმწიფება მისი და მის მშვიდობას არ ექნება საზღვარი დავითის ტახტსა და მის სამეფოზე" (ძვ. ქართ.: "დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა"). ეს ნიშნავს, რომ მისი ხელმწიფება უსაზღვრო იქნება; ამის შესახებ უფრო ნათლადაა ნათქვამი დანიელ წინასწარმეტყველთან: "მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დან. 7:14, შეად. 1 კორ. 15:27, ებრ. 2:8).
 
ამიტომ, მის მიერ ქვეყნად მოტანილი მშვიდობაც არ შემოიფარგლება დავითის სამეფოს საზღვრებით, რამეთუ ეს მშვიდობა საუკუნო იქნება, ისევე როგორც საუკუნო იქნება თვით მისი სამეფო (იხ. დანიელ წინასწარმეტყველის ზემოთ მოყვანილი სიტყვები). ამ მშვიდობის შემოქმედი მამა ღმერთისგან მიიღებს დავითის ტახტს და მეფედ დაჯდება მის სამეფოში იმ მიზნით, რათა განამტკიცოს და დაიცვას იგი სამართლითა და სიმართლით, ამიერითგან და უკუნითი უკუნისამდე.
 
ასე საუბრობს წინასწარმეტყველი დავითის ტახტზე მესიის გამეფების მიზანზე. "დაჯდება დავითის ტახტზე და მის სამეფოში, რათა განამტკიცოს იგი და დაიცვას იგი" (წმიდა ბასილი დიდი). ზუსტად ამ აზრს სძენს წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს ლათინური თარგმანიც, სადაც დამატებულია სიტყვა "დაჯდება", რომელიც ბერძნულ და სლავურ ტექსტებში არ არის (1).
 
______________
 
1. ბიბლიის ნეტ. იერონიმესეულ ლათინურ თარგმანში ასე იკითხება: "Super solum David, et super regnum ejus sedebit, ut confirmet illum et corroboret" (ეს. 9:7).
 
______________
 
ამ სიტყვების აზრი ის გახლავთ, რომ დავითის სამეფოს, რომელსაც მესიის სამეფოს წინასახე უნდა ყოფილიყო, განახლება სჭირდებოდა: ის ხანმოკლე და, მაშასადამე, არამყარი იყო, რამეთუ აკლდა სამართალი და სიმართლე. ხოლო მესია, რომელმაც უნდა აღასრულოს სამართალი კაცთა შორის (ეს. 2:4; 11:3–4) და დაამკვიდროს სიმართლე ქვეყნად, როდესაც დაჯდება თავისი მამის, დავითის ტახტზე, სწორედ ამ თავისი სამართლითა და სიმართლით განაახლებს და განამტკიცებს დავითის სამეფოს ამიერითგან და უკუნითი უკუნისამდე.
 
ნათქვამის უეჭველობას წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით ადასტურებს: "ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას", ესე იგი, უფალი საბაოთი, შურით აღძრული თავისი დიდებისთვის, უსათუოდ აღასრულებს იმას, რასაც ჰპირდება კაცობრიობას თავისი წინასწარმეტყველთა მიერ, რამეთუ ღვთის სიტყვა უეჭველია: "ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?" (რიცხვ. 23:19).
 
ამ თავის უკანასკნელი ორი მუხლი შეადგენს პარემიას, რომელიც იკითხება ქრისტეს შობის წინადღეს, რამეთუ ქალწულისაგან შობილი ქრისტეს სახით სოფელს მოევლინა ის ყრმა, რომელზედაც აქ ითქვა.


გაგრძელება იხ. სარჩევში.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024-2026 წ.
Назад к содержимому