საუბრები ბიბლიაზე - წმიდა წერილის განმარტების წმიდა მამებისეული პრინციპები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
წმიდა წერილის განმარტების წმიდა მამებისეული პრინციპები
საუბრები ბიბლიაზე
ნაწილი 1


შესავალი
 
დიადმა ღმერთმა განიზრახა მოეცა წმიდა წერილი, რომელშიც მრავალი გაუგებარი და წინააღმდეგობრივი ადგილია. ღმერთმა ასე იმიტომ ინება, რომ ისინი, ვისაც ჯერ-ერთი, ჭეშმარიტება არ აინტერესებთ და მეორეც, ბიბლიურ გადმოცემებს "ძველებრაულ მითებს" უწოდებენ, დაბრკოლებულიყვნენ და ეს წიგნი განზე გადაედოთ. ასე "გაჰფანტა უფალმა ქედმაღალთა გულის ზრახვანი" (ლუკა 1:51).
 
მაგრამ ღმერთი არ აყოვნებს იმ მორჩილ და თავმდაბალ ადამიანთა განათლებას, ვინც გულდასხმით ეძიებენ ჭეშმარიტებას, "რჯულშია მათი მისწრაფება და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობენ" (შეად. ფსალმ. 1:2), და წმიდა მამათა მიერ წმიდა წერილის გულისხმისყოფის გასაღებებს აწვდის, რითაც გარეშე თვალთათვის უხილავი და იდუმალი კარები იღება და ჩნდება "საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის".
 
წმიდა წერილის ყოველ საიდუმლო ოთახს თავისი გასაღები აქვს, მაგრამ ისინი არეულია და გაბნეულია მთელ "სახლში", ასე რომ, დიდი მონდომებაა საჭირო მათ საპოვნელად და გამოსაყენებლად.
 
 
პრინციპი №1:  ღმრთის თითოეული სიტყვისადმი უცილობელი რწმენა
 
ღმრთის სიტყვა მთლიანობაში ერთი ჭეშმარიტებაა, მთლიანი და განუყოფელია, და შენ თუკი სიცრუედ ჩათვლი თუნდაც ერთ რომელიმე გამონათქვამს ან სიტყვას, მთელი წმიდა წერილის ჭეშმარიტების წინააღმდეგ შესცოდავ. პირველდაწყებითი ჭეშმარიტება კი თვით ღმერთია. "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14:6), ამბობს უფალი; "ჭეშმარიტია შენი სიტყვა" (იოანე 17:17), ეუბნება თვით ღმერთი იესუ ქრისტე მამა ღმერთს.
 
ამრიგად, მთელი წმიდა წერილი ჭეშმარიტებად ჩათვალე: ყოველივე რაზეც ის ლაპარაკობს, როგორც იყო, როგორც არის და როგორც იქნება.
 
ვისაც წმიდა წერილის სწავლების შეცნობა სურს მას უსიტყვოდ უნდა ენდობოდეს, რადგან ბიბლიის სიტყვებისადმი რწმენა თვით ღმრთისადმი რწმენას ნიშნავს, რომელსაც ჩვენ, როგორც მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, საკუთარ სიცოცხლეს ვანდობთ. "სარგებლობა არ მოაქვს მოსმენილ სიტყვას, თუ არ შეეზავება ეს სარწმუნოება მსმენელთა რწმენას" (ებრ. 4:2), - ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე.
 
თუკი წმიდა წერილში ნათქვამი ვინმეს არასარწმუნოდ მოეჩვენება, ქრისტიანმა ის არ უნდა უარყოს, არამედ, გადადოს გვერდზე, და საკუთარ თავს უთხრას: "სავარაუდოდ, ღმერთი მე ამ საკითხს მოგვიანებით განმიმარტავს". თუკი მორწმუნე ამ სიტყვას სიცრუედ ჩათვლის ან იგავ-არაკად, შესაძლოა წმიდა წერილის მომავალი შეცნობა მისთვის სამუდამოდ დაიხუროს, რადგან ღმერთს მხოლოდ მორწმუნეთა გულები ესათნოვება: "აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს" (ეს. 66:2). "საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ" (ფსალმ. 24:14).
 
№1 პრინციპიდან მომდინარეობს აკრძალვა მივმართოთ სამეცნიერო ეგზეგეტიკას. ურწმუნოებს და მათ, ვინც სამეცნიერო-კრიტიკული მეთოდებით იკვლევენ წმიდა წერილს და, რაც, თავის მხრივ, ღმრთის სიტყვაში რეგულარულ დაეჭვებას ნიშნავს, წმიდა წერილის წვდომის მადლი არ ეძლევათ, რადგან ნათქვამია: "ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ" (1 კორინით. 1:19). "მართლმადიდებელ" მეცნიერ-ბიბლეისტთა გონება, რომლებიც პრაქტიკაში რეგულარულ დაეჭვებას ნერგავენ, შეგნებულად უძლურდება უზენაესის მიერ და ისინი ბიბლიის შესახებ ათასგვარ დაცინვის ღირს სისულელეებს ქადაგებენ. ამიტომაც არ არის გასაკვირი სასულიერო სემინარიებისა და აკადემიების კურსდამთავრებულ ასობით მღვდლებს შორის, სადაც მათ "სამეცნიერო ბიბლეისტიკას" ასწავლიან, წმიდა წერილის მცოდნეებს იშვიათად ვხვდებით.
 
 
პრინციპი №2: "ღვთის სიტყვა ცოცხალია და ქმედითი" (ებრ. 4:12)
 
"ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი" (ლუკა 1:37) და აღასრულებს ყოველივეს, რაც მას ნებავს (ეს. 55:11). ეს პრინციპი კარგად გამოთქვა ტერტულიანმა: "ნუ დაგაეჭვებს რწმენა იმის მიმართ, რასაც ვქადაგებთ, რადგან შენ საკუთარი თვალებით ხედავ, რომ ეს ყველაფერი აღსრულდა და სრულდება".
 
წმიდა წერილის შესწავლისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ღმრთის სიტყვა, განსაკუთრებით ის, რომელიც განკარგულებით ითქვა, ყოველთვის აღსრულდება, ყოველთვის საქმედ იქცევა. "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი" (დაბ. 1:3). "მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს" (ფსალმ. 32:9). "ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე" (ეს. 55:11). "წერილის სიტყვა ყოველთვის განხორციელდება" (ორიგენე). ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს - ღმრთის სიტყვა ისეთია, როდესაც უფალი რაიმე ამბობს, ის სამყაროს არსებობის კანონი ხდება.
 
ამგვარად, წმიდა წერილის ჭეშმარიტი გაგება შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ობიექტურ რეალობას, რომელიც იმავე ღმრთის სიტყვით აღესრულება, ხოლო მის წერილობით ასლს სწორედ ბიბლია წარმოადგენს.
 
აი როგორ იყენებს მოცემულ კრიტერიუმს თვით უფალი იესუ ქრისტე: "ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს" (მათე 12:28). "საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული" (იოანე 5:36). ქრისტეს მოსვლა ღმრთის სიტყვის რეალური განხორციელება იყო, რომელიც იუწყეს წინასწარმეტყველებმა, ამიტომაც თვით ღმრთის განკაცების რეალობა გვკარნახობს წინასწარმეტყველურ წერილთა სწორ გაგებას.
 
მოციქული პეტრე: "კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა" (საქმე 15:7-8). წარმართთათვის სულიწმიდის რეალური მინიჭება ამტკიცებს, რომ ღმერთი რწმენის მიერ ცხონებისკენ ყველა ხალხს მოუწოდებს. ამის შემდეგ იაკობ მართალი ბრძანებს: "მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: "შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას" (საქმე 15:15-16). ეს არის ღმრთის მიერ ქმნილი ობიექტური რეალობის კრიტერიუმებით წინასწარმეტყველურ წერილთა განმარტების მაგალითი.
 
ანალოგიიურად უარყოფს მოციქული პავლე იუდეველთა მწვალებლობას: "მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?" (გალატ. 3:2). გალატელებმა გრძნობითად მიიღეს სული წმიდის ნიჭი, თანაც სჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად (პირიქით, თავი ცოდვილებად მიაჩნდათ), შედეგად, წერილის ნამდვილი სწავლება რწმენითა და მადლით ცხონებაში მდგომარეობს.
 
წმ. გრიგოლ პალამა ასევე აპელირებდა ობიექტური რეალობის მიმართ: "თუკი არსებობს შეზიარებული ღმერთთან, ხოლო ღმრთის ზეშთამყოფი არსება სრულიად შეუზიარებელია, მაშასადამე არსებობს რაღაცა შეუზიარებელ არსებასა და შეზიარებულთა შორის, რომლის ძალითაც ისინი ეზიარებიან ღმერთს" (ტრიადები საღმრთოდ მდუმარეთა დასაცავად. III.2, 24-25). ასევე ამბობდა: "ყოველი სიტყვა ებრძვის სიტყვას, მაგრამ ცხოვნებას - რომელი?" (იქვე. ტრიადა I.3, 11).
 
მეორე პრინციპი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიბლიური წინასწარმეტყველების ინტერპრეტაციისთვის. მაგალითად, თუკი იუდეველები და პროტესტანტები იტყვიან მართლმადიდებლური ხატები კერპებიაო, ჩვენ მათ ასე ვუპასუხებთ: "ღმერთი შეგვპირდა, რომ ისტორიის მიწურულს "ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება" (ეს. 2:18), თქვენ კი ამბობთ, რომ, პირიქით, კერპებმა აავსესო ქვეყანა. ნუთუ ღმერთმა მოგვატყუა? ან ისე უძლურია, რომ არ შეუძლია აღასრულოს თავისი სიტყვა? სულაც არა. სინამდვილეში, როგორც ვხედავთ, ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში, დედამიწა მართლაც იწმინდება კერპთაგან - წარმართულ ღმერთთა ქანდაკებებისგან. ხოლო მართლმადიდებლური ხატები კერპი არ არის".
 
ამასთან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღმრთის ზოგიერთი სიტყვა ჯერაც არ აღსრულებულა, რადგან მომავალში უნდა აღსრულდეს.
 
უზენაესმა უთხრა მოსეს: "სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში" (გამ. 40:15). ღმრთის სიტყვა "ყოვლისშემძლეა" (შეად. ლუკა 1:37). მაგრამ როდის აღასრულა ღმერთმა მოცემული აღთქმა და ვის მიანიჭა სამარადისო მღვდლობა თაობიდან თაობაში? (გამ. 40:15).
 
ეს აღთქმა (გამ. 40:15) თუ აარონის ხორციელ შთამომავლობას ეხება, მაშინ, გამოდის, რომ ღმერთს თავისი სიტყვა არ შეუსრულებია. კოჰენები (იუდაური სამღვდლო დასი - "აპოკ." რედ.) დღეს მოკლებულნი არიან მღვდლობას. ძველაღთქმისეული მღვდლობა გაუქმებულია. თუკი ეს აღთქმა ერთდროულად ქრისტესაც განეკუთვნება და ძველაღთქმისეულ მღვდლებსაც (ქრისტეს აჩრდილებს), მაშინ მაინც ისე გამოდის, რომ ღმერთს არ შეუსრულებია თავისი სიტყვა, რადგან კოჰენები დღესაც მოკლებულნი არიან მღვდლობას. №2-ე პრინციპის შესაბამისად ორივე განმარტება არაჭეშმარიტია.
 
სწორი პასუხი ასეთია: ეს აღთქმა (გამ. 40:15) ეხებოდა მხოლოდ ქრისტეს და მის მიერ დაფუძნებულ ახალაღთქმისეულ იერარქიას. ასე, მაგალითად, წმ. ეპიფანე კვიპროსელი, ამხელს რა ნაზორეველთა ცთომილებას, ამბობს, რომ "დავითის სახლისთვის მიცემული აღთქმა მარადიულ მეფობაზე და აარონისეული მღვდლობის მარადიულობა მაშინ აღსრულდა, როდესაც ქრისტე მაცხოვარმა თავის პიროვნებაში ორივე ეს ღირსება გააერთიანა და სამარადისოდ დაამტკიცა ის თავის ეკლესიაში" (ციტ.: В.И. Экземплярский. Библейское и Святоотеческое учение о сущности священства). სხვა მამებიც მხოლოდ ქრისტიანებს განაკუთვნებენ მოსეს სჯულის ყველა მარადიულ დადგენილებას და მათ უმაღლესი სულიერი აზრით განმარტავენ.
 
ეს ნიშნავს, რომ ძველი აღთქმა შეიცავს აღთქმებს მხოლოდ ქრისტიანთათვის. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ: "როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე" (იერ. 33:22), უნდა გვესმოდეს, რომ დავითის თესლი და ლევიტელები, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან - ეს მხოლოდ ქრისტიანებია. ამის შესახებ მოციქული ამბობს: "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11). ძველი აღთქმის სახეები და აჩრდილები სწორედ ქრისტიანთათვის არის ბოძებული. აი რატომ იმოწმებს განწესებათა წიგნი ასე ხშირად ძველ აღთქმას.
 
 
პრინციპი №3: ძველი აღთქმა - ღვთისმეტყველებაა, ახალი აღთქმა - ღმერთმოქმედება
 
ამ პრინციპს კარგად განგვიმარტავს წმ. დიონისე არეოპაგელი და გვიხსნის, თუ როგორ გავიგოთ ბიბლიის ორი უმთავრესი ნაწილის ურთიერთმიმართება:
 
"პირველმა თქვა იესუს მომავალ ღმრთისმოქმედებათა შესახებ, ხოლო მეორემ - სრულყო; და ის ჭეშმარიტება, რაც ერთმა მოგვცა გამოსახვით, მეორემ - განახორციელა. რადგან ამ (ახალ - "აპოკ." რედ.) აღთქმაში სრულყოფამ (განხორციელებამ) ჭეშმარიტება სარწმუნო ჰყო, და ღმრთისმეტყველების დასრულება ღმრთისმოქმედებით წარმოაჩინა" (1).
 
 
_________________
 
1. ძვ. ქართ.: "... პირველმან მან (ძვ. აღთქმამ - "აპოკ." რედ.) თქუნა იესუის ღმრთის მოქმედებანი, ხოლო მეორემან მან (ახ. აღთქმა - "აპოკ." რედ.) სრულ ყვნა და ვითარმედ იგი სახეთა შინა ჭეშმარიტებისასა გამოსახვიდა, ხოლო ესე მოწევნულსა გვიჩვენებს, რამეთუ მისისა მის პირველ მოსწავებისა ამისმან სრულმყოფელობამან ჭეშმარიტებაი სარწმუნო ყო და არს ღმრთისმეტყუელებისა მის თავ-დგმულობა ღმრთის მოქმედებაი ესე" (დიონისე არეოპაგელი. საეკლესიოისა მღვდელთ-მთავრობისათვის. III. ხედვაი. § 5. ციტ. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. გვ. 174).
 
_________________
 
 
ძველი აღთქმა - ეს არის უპირატესად ღვთისმეტყველება, მაგრამ კომენტატორმა ის არ უნდა უარყოს ან დააკნინოს. აი, ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარი: "შენიშნე, რომ ის, რაც პირველმა, ძველმა აღთქმამ, თქვა, მეორემ, ახალმა, აღასრულა. შენიშნე, რომ ძველ აღთქმას ის უწოდებს ღვთისმეტყველებას, ხოლო ახალს ღმრთისმოქმედებას".
 
თუკი ღმრთისმეტყვეელება (ძველი აღთქმა) და ღმრთისმოქმედება (ახალი აღთქმა) ერთმანეთს არ შეესაბამებიან, მაშინ ჩვენ წინაშეა მცდარი განმარტება. ისინი იოტამდე და წერტილ-მძიმემდე უნდა შეესაბამებოდნენ ერთმანეთს, როგორც ბრძანებს ამას ჩვენი უფალი: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მათე 5:17-18).
 
 
პრინციპი №4 "სხეული და ჩრდილი", როგორც მთელი წმიდა წერილის გასაღები
 
"რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება" (ებრ. 10:1); " ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი — ქრისტესი" (კოლას. 2:17). მას ეფუძნება განმარტების ტიპოლოგიური მეთოდი და მან გააშუქა ძველი აღთქმის ბნელი ადგილები, რადგან ახალ აღთქმასთან დააკავშირა. უფრო მოცულობითად ის ჩამოაყალიბა ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა: "ის, რაც ძველ აღთქმაშია - ჩრდილია, ხოლო ხატია ის, რაც ახალ აღთქმაშია, ჭეშმარიტება კი - მომავალი საუკუნეა" (Комментарий к «Церковной иерархии» св. Дионисия Ареопагита. Гл.3, 3.2).
 
მოდი, უფრო დეტალურად გავხსნათ "სხეულისა და ჩრდილის" პრინციპის სტრუქტურა. როდესაც სინას მთაზე ასული მოსე მოსე ღრუბელში შევიდა და სულიერად ღმრთის მთაზე ავიდა (იხ. გამ. 24:13, 18), ღმერთმა მას რომელიღაც სავანის ერთგვარი სახე აჩვენა.
 
"იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე" (გამ. 26:30; შეად. 25:40).
 
ყოველ ხატს აქვს თავისი პირველხატება. ამიტომაც გამოსვლის ტექსტში არის არა ორი, არამედ სამი ურთიერთდაკავშირებული ელემენტი;
 
1. მთის პირველხატი (სამარადისო წარუვალი ჭეშმარიტება).
 
2. მისი ნიმუში (ხატი, სახე), რომელიც მოსემ ნახა.
 
3. და ძველაღთქმისეული კარავი (სახე-აჩრდილი), რომელიც მოსემ მოაწყო.
 
მთის პირველხატი - ეს არის ზეციური სამსხვერპლო, როგორც უზენაესი ღმრთის განსაკუთრებული მყოფობის სავანე (იხ. 3 მეფ. 8:30). ეს არის წმინდანთა ესქატოლოგიური სამეფო, რომელსაც წმიდა წერილი სიონის მთას, ღმრთის სავანეს (ფსალმ. 131:13-14) ან კიდევ ზეციურ იერუსალიმს (გამოცხ. 21:2-3) უწოდებს.
 
ნიმუში, რაც მოსეს ზეციურ მთაზე ანახეს - დედამიწაზე მართლმადიდებლური ეკლესიის (ქრისტეს სხეულის) მოწყობა გახლავთ.
 
და ბოლოს, მოსეს კარავი და მისი მოწყობა ქრისტეს სხეულის (ეკლესიას) აჩრდილია ძველ აღთქმაში. აჩრდილი არ არის სხეული, მაგრამ საერთო მონახაზში ის შეესაბამება სხეულს და ჩრდილის მოძრაობის მიხედვით შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სხეული (ეკლესია). აი რატომ არის "მთელი წერილი ღვთივსულიერი და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში" (2 ტიმ. 3:16)
 
ამრიგად, მართლმადიდებელი კომენტატორის წინაშეა - ზეცა, რომელსაც ის განუწყვეტლივ უნდა უმზერდეს: "ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე" (კოლას. 3:2), მის უკან ეკლესიის ჩრდილია - ძველაღთქმისეული კარავი, რომელსაც ყოველთვის უნდა მიხედოს, რომ შეადაროს, რადგან "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11).
 
როგორც ვხედავთ, ძველი აღთქმა სპეციალურად იქნა ჩაწერილი ქრისტიანთათვის. "რადგან მოსეს რჯულში სწერია: "პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას." ხარებზე ზრუნავს ღმერთი? თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია" (1 კორინთ. 9:9-10). ამის შესახებ წერს მოციქული ბარნაბაც თავის ეპისტოლეში: "გევედრებით... არ დაემსგავსოთ იმათ, ვინც ამრავლებს საკუთარ ცოდვას და ამბობს: იუდეველთ აღთქმა ჩვენიცაა. ის მხოლოდ ჩვენია..."
 
წმიდა წერილის მართებული განმარტებისას სამივე ელემენტი (ზეციური პირველხატი, ეკლესიის მოწყობა და კარავი) ერთ აზრში ემთხვევიან ერთმანეთს და ერთ მწყობრ რიგად ლაგდებიან.
 
მაგალითად, პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ ევქარისტია - ეს მსხვერპლი როდია, ამიტომაც მათ "სალოცავ სახლებში" არც ტაძრები სჭირდებათ, არც სამსხვერპლოები, არც ტაძრის მსახურები. მათ ჩვენ უარვყოფთ "სხეულისა და ჩრდილის" პრინციპით: ზეცაში ჩვენ ვხედავთ ტაძარსაც (ეს. 6:1), სამსხვერპლოსაც (ეს. 6:6; გამოცხ. 8:3 და სხვა) და მღვდელმთავარსაც, "რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში" (ებრ. 8:1) და მსხვერპლსაც: "რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ" (გამოცხ. 7:17).
 
ძველაღთქმისეული აჩრდილისკენ თუ მივიხედავთ, ჩვენ ასევე ვპოვებთ ტაძარსაც, სამსხვერპლოსაც და მღვდელმთავარსაც, რომელიც სწირავს. შედეგად, ახალაღთქმისეულ ეკლესიაშიც ეს ყოველივე სამართლიანად არსებობს, როგორც ამის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი ესაია: "მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა" (ეს. 56:7). "მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი" (ეს. 66:21). შედეგად, პროტესტანტთა "სალოცავი სახლები" წმიდა წერილს არ შეესაბამებიან.

წყარო: https://pawellvasiliev.livejournal.com/15075.html
საუბრები ბიბლიაზე
ნაწილი 2

 
პრინციპი №5: მეტაფორული (სულიერი) განმარტება არ აუქმებს ბუკვალურს, არამედ შეესატყვისება მას, როგორც სული სხეულს

პრინციპი ახდენს წმიდა წერილის ბუკვალურ და გადატანითი მნიშვნელობების სწორი ურთიერთმიმართების რეგლამენტირებას.
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "წმიდა წერილის, ძველი და ახალი აღთქმის სხეულს წარმოადგენს მისი ისტორიული ბუკვალურობა, ხოლო სულს - დაწერილის აზრი. როგორც ადამიანი მოკვდავია თავისი ხილული ნაწილით, მაგრამ მისი უხილავი ნაწილი უკვდავია, ასევე წმიდა წერილიც ფლობს ასოს წარმავლობას, ხოლო მეორე მხრივ შეიცავს მასში დაფარულ სულს, რომლის ყოფიერება წარუვალია და რომელიც ჭვრეტის ჭეშმარიტ საგანს წარმოადგენს".
 
რადგან არ არსებობს სხეული სულის გარეშე, ამიტომ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ბუკვალური განმარტებით, არამედ ყოველთვის ვეძებოთ წმიდა წერილის სული. მეორე მხრივ, არ შეიძლება სრულიად უგულებელვყოთ წერილის სხეული და ზედმეტად ვიქნეთ გატაცებულნი ალეგორიზმებით, რათა ორიგენესეულ ცთომილებაში არ შთავცვივდეთ.
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი: "აი ჩვენ ვკითხულობთ წმიდა წერილს. თუკი ყველაფერს ბუკვალურად გავიგებთ, მაშინ მოგვაკლდება გარჩევითობის სათნოება; და თუკი ყველაფერს სულიერ ალეგორიად ჩავთვლით, მაშინ საკუთარ თავს შევიკრავთ განურჩევლობის სისულელით. როდესაც წმიდა მქადაგებლები წმიდა გამონათქვამებს კითხულობენ - ისტორიაში ბუკვალურ აზრს, ხოლო ბუკვალურ მნიშვნელობაში სულიერ აზრს ეძიებენ. ზოგჯერ ისინი მისდევენ წინმსწრობ მამათა სათნოებებს ისე, როგორც ისინი იაზრებდნენ წერილს ბუკვალური თვალსაზრისით; ზოგჯერ კი სულიერად განსჯიან იმას, რისი გამოკვლევა ისტორიულად შეუძლებელია, და ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ" (Беседы на пророка Иезекииля. Беседа третья, стр.55-56. Казань, 1863 г.)
 
ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელსაც არ სურს ღმერთს დაუჯეროს იმაში, რომ "ყველა ურწმუნო საუკუნო სასჯელს მიიღებს" ან იმაში, რომ "სამყარო შეიქმნა 6 დღეში", ხალისით უშვებს შემდეგ შეცდომას. ისინი ამბობენ: "რომელიღაც წმიდა მამა ალეგორიულად განმარტავდა, და არა ბუკვალურად - აი ჩვენც ავდგებით და წმიდა წერილის სიტყვებს ბუკვალურ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ". "ალექსანდრიელები" და "ანტიოქიელები" მათთვის წინააღმედეგობრივნი არიან და ასეთ მღვრიე წყალში თეოევოლუციურ თევზებს იჭერენ.
 
მაგრამ, როგორც ღირ. მაქსიმე აღმსარებლისა და წმ. რომის პაპ გრიგოლის სიტყვებიდან ვხედავთ, ეს ცრუ არგუმენტია. წმიდა მამები წმიდა წერილში წვდომისა და შემეცნების რამოდენიმე სწორ დონეს განსაზღვრავდნენ. როგორც სულის არსებობა არ აუქმებს სხეულს, ასევე გადატანითი (სულიერი) მნიშვნელობა ან განმარტება არ აუქმებს ბუკვალურს, არამედ გამსჭვალავს მას, როგორც სული სხეულს. ამიტომაც, სინამდვილეში, "ანტიოქიელები" არ ეწინააღმდეგებიან "ალექსანდრიელებს" და პირიქით.
 
აი, მაგალითად, როგორ განმარტავდა ღირ. იოანე კასიანე რომაელი მოციქულის სიტყვებს: "ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა" (გალატ. 4:26).
 
"თუ გნებავთ აქ ერთბაშად მეტყველების ოთხი ფორმაც შეიძლება გაერთიანდეს. ერთი და იგივე იერუსალიმი შეგიძლიათ ოთხი აზრით გაიგოთ:
 
ისტორიული თვალსაზრისით (ბუკვალურად) - ეს არის იუდეველთა ქალაქი;
 
ალეგორიულად (გადატანითი მნიშვნელობით) - ეს არის ქრისტეს ეკლესია;
 
ანაგოგიურად (ამაღლებულ-სულიერი გაგებით) - ეს არის ღმრთის ზეციერი ქალაქი, ყოველი ჩვენთაგანის დედა;
 
ტროპოლოგიურად (ზნეობრივად) - ეს არის ადამიანის სული, რომელსაც უფალი ამ სახელით ხშირად ამხნევებს ან აქებს" (გასაუბრებანი).
 
როგორც ვხედავთ, ერთ ბუკვალურ განმარტებას შეიძლება არა ერთი, არამედ კიდევ რამოდენიმე სულიერი განმარტება მიემატოს.
 
ყველგან მყოფობს თუ არა სხეული? კომენტატორს უბრალოდ უნდა ახსოვდეს, რომ ბუკვალურ-ისტორიული აზრი (სხეული) არ არსებობს წმიდა წერილის შემდეგ ადგილებში:
 
- იესუ ქრისტეს იგავებში, განხორციელებულ სიბრძნეში;
 
- ქებათა ქებაში (V მსოფლიო კრების მიერ თევდორე მომფსვესტელის განმარტების აკრძალვა);
 
- რთულ წინასწარმეტყველურ ხილვებში (ეზეკიელის, დანიელის და იოანე ღვთისმეტყველისა აპოკალიფსისში) (1);
 
ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში თხრობა შეიცავს ბუკვალურ აზრს (წმიდა წერილის სხეული) და ის ასევე საჭიროებს რწმენით გაჯერებას (იხ. პრინციპი №1).
 
 
__________________
 
 
1. "აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: როდესაც ავტორი წინასწარმეტყველებებში ბუკვალურ-ისტორიული აზრის არარსებობაზე ლაპარაკობს, ის გულისხმობს სიმბოლურ ხილვათა გაგებას პირდაპირი ისტორიული მნიშვნელობით: მაგ.: აპოკალიფსისში ასეთ ადგილებად შეიძლება დავასახელოთ: ეკლესიის გაქცევა უდაბნოში (გამოცხ. 12:6), ან ერთი მხეცის ამოსვლა ზღვიდან (გამოცხ. 13:1-2) და მეორისა მიწიდან (გამოცხ. 13:11-18) და სხვა. ცხადია, რომ აქ რეალური მოვლენები სიმბოლური შესამოსელითაა შემოსილი.
 
__________________

 
პრინციპი №6: წმ. მარკოზ ეფესელის რჩეულთა განმარტების პრინციპი
 
"მოძღვართა შორის გვხვდება წმიდა წერილის სხვადასხვაგვარი განმარტება, და ყველა მათგანი ერთნაირად როდი ჩაწვდა წერილის ზუსტ აზრს... ამიტომ, ვალდებულნი ვართ მათგან ავირჩიოთ უმნიშნელოვანესი და ისეთი, რომელიც უფრო შეესაბამება საეკლესიო დოგმატებს, სხვა განმარტებანი კი მეორე ადგილზე გადავწიოთ".
 
პრინციპი არეგულირებს წერილის სწორ მიმართებას გადმოცემასთან. წმ. მარკოზი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ წმიდა მამათა განმარტებანი. აუცილებელია მათ შორის ავირჩიოთ ისინი, რომელთა შესახებაც გვაუწყებდა მოციქული: "აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი (ძვ. ქართ.: "რჩეულნი" - "აპოკ." რედ.) თქვენს შორის" (1 კორინთ. 11:19). ხოლო ყველაზე გამოცდილი განმარტება, ჯერ-ერთი, უნდა შეესაბამებოდეს ღმრთის მთლიან სწავლებას, და, მეორეც, ყველა საეკლესიო დოგმატს.
 
წმ. მარკოზი ეფუძნებოდა პროცედურას, რომელსაც იყენებდა მეხუთე-მეექვსე კრება და დაფიქსირებულია 16-ე კანონში. შვიდი დიაკვნის მსახურებასთან დაკავშირებით (იხ. საქმე 6:2-6) მოციქულთა საქმეების წიგნის ჭეშმარიტი აზრის გამოსაკვლევად ტრულის კრების მამებმა ისარგებლეს წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: "ეკლესიის მოძღვარი იოანე ოქროპირი ამ ადგილის შესახებ ამბობს..."
 
შემდეგ მამებმა წმიდა წერილი, რომელიც განუმარტა მათ ოქროპირმა, ნეოკესარიის კრების მამათა აზრს შეადარეს: "ნეოკესარიის კრების მამებიც მათ მიერ დაწესებულ კანონებში ნათლად განსაჯეს, რომ კანონით შვიდი დიაკონი უნდა დაადგინონ... ჩვენ, შევადარეთ რა მამათა აზრები მოციქულთა გამონათქვამებს, აღვიქვით, რომ მათი სიტყვა იყო არა საიდუმლოთა მსახურებაზე, არამედ ტრაპეზზე მსახურების საჭიროებისათვის".
 


რჩეული კომენტატორი იოანე ოქროპირი და მოციქული პავლე, რომელმაც მას განუმარტავს თავის წერილს. ოქროპირის მოწაფის პროკლეს ხილვა.
 
 
შედეგად შეიცვალა ნეოკესარიის მთელი კრების დადგენილება ("კონსენსუს პატრუმ"!) იმის საფუძველზე, რომ ის ეწინააღმდეგებოდა წმიდა წერილს. ეს აჩვენებს, რომ არა მარტო ცალკეული მამები, არამედ მათი კონსენსუსიც კი შეიძლება მცდარი იყოს. შესაძლებელია ვითარება, როდესაც ერთი ავტორიტეტული კომენტატორის შეცდომას იმეორებენ სხვა წმიდა მამები, რომლებიც მას მისდევდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენს წინაშეა "კონსენსუსი" (თანხმობა), ოღონდ მცდარი. ამიტომაც საჭიროა მხოლოდ რჩეული განმარტების პრინციპი.
 
იმავე ტრულის კრების 19-ე კანონში ნათქვამია: "ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და, ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მამების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა". აუცილებელია ვივარაუდოთ, რომ მამებმა დააწესეს წმიდა წერილს მიუმატონ ყველაზე დახელოვნებულ კომენტატორითა განმარტებანი, რომლის მაგალითიც თვითონვე მოგვცეს 16-ე კანონში. ამგვარად, 19-ე კანონი წმიდა წერილთან დაკავშირებით ამტკიცებს სწორედ დახელოვნებულთა განმარტების პრინციპს, და არა კონსენსუს პატრუმს.
 
კიდევ უფრო ადრე №6-ე პრინციპს წმ. ბასილი დიდის "ზნეობრივ განწესებებში" ვპოულობთ: "წერილში დამოძღვრილი მსმენელები უნდა განიცდიდნენ იმას, რასაც ბრძანებენ მოძღვრები, და მას წმიდა წერილის თანახმად უნდა აღიქვამდნენ, ხოლო საწინაღმდეგოს უარყოფდნენ, ამგვარი სწავლებების მიმდევრებს კი - გაურბოდნენ".
 
"წერილში დამოძღვრილ მსმენელთა" როლში ტრულის (VI მსოფლიო კრების) მამებმა დაამტკიცეს გამოეყენებინათ იოანე ოქროპირისა და სხვა გამოცდილ კომენტატორითა თხზულებები.
 
სხვა ადგილას წმ. მარკოზი წერს: "ჩვენ უსიტყვოდ გვწამს მხოლოდ კანონიკური გადმოცემის, და არა იმისა, რაც კერძო აზრით დაუწერიათ ამა თუ იმ მოძღვართა და მათ მოწაფეთ". მამათა ყველა განმარტება როდია თანასწორი. კანონიკური გადმოცემა - ეს არის იმ წმიდა მამათა განმარტებანი, რომელთა კანონიკურობა კრებითად და სანიმუშოდ იქნა აღიარებული. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია "მსოფლიო კრებათა საქმეებში".
 
დღეისთვის მართლმადიდებელი ქრისტიანები უშვებენ შემდეგ შეცდომას: მამათა განმარტებებს მიუყენებენ ერთმანეთს და მათ ხელოვნურ თანხმობაში მოიყვანენ. მაგალითად, ასე აკეთებს მღვდელი გიორგი მაქსიმოვი, რომელიც პროგრამის "ციტატის ძიება" დახმარებით ჰკრებს ვრცელ თემატურ მასალას, წმიდა მამათა გამონათქვამებს. სინამდვილეში, მამათა განმარტებები ერთმანეთს კი არ უნდა შევუთანაწყოთ, არამედ ღმრთის სიტყვას შევუთანხმოთ, რათა მისი ნამდვილი მნიშვნელობა გამოვარკვიოთ. ეკლესიის მამათა და მოძღვართა განმარტებების შეკრება რომელიმე კონკრეტული მონაკვეთის განმარტების მიზნით აუცილებლად შედარებულ უნდა იქნას წმიდა წერილის პარალელურ ადგილებთან და ეკლესიის დოგმატებთან, რითაც განისაზღვრება ყველაზე დახელოვნებული და რჩეული განმარტება.
 
აი როგორ აღწერს პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი უნიატების მიერ ფერარო-ფლორენციის კრებაზე (1439) გამოგონილ сonsensus patrum-ის პრინციპს: "ლათინები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელთ და, სხვათა შორის, ირწმუნებოდნენ, რომ ჩანამატის (იგულისხმება ჩანამატი მრწამსში: "და ძისგან" – Filioque – "აპოკ." რედ.) მათი გაგება არ გულისხმობდა ორი "წყაროს" არსებობას, ან ღმრთის გამომავლობის ორ "საწყისს". მაგრამ ამ საკითხშიც მხოლოდ აზრთა სხვაობა ფიქსირდებოდა. ბოლოს უნიის ბიზანტიელმა მომხრეებმა, ცდილობდნენ რა გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, წინადადება წამოაყენეს კონცენტრირებულიყვნენ მოცემულ პრობლემაზე ვითომცდა არსებულ მამათა თანხმობაზე ("კონსენსუს პატრუმზე" – sonsensus patrum – "აპოკ." რედ.). საბოლოო ჯამში, აცხადებდნენ ისინი, თუკი ბერძენი და ლათინი წმინდანები სულიწმიდით იყვნენ აღვსილები, სულიწმიდის ძისგანაც გამომავლობის საკითხში ვერ შეცდებოდნენ. მათი ტრინიტარული ღვთისმეტყველება ერთნაირი უნდა ყოფილიყო, თუნდაც ის სხვადასხვანაირად გამოეხატათ. სინამდვილეში მათ ერთი და იგივე უნდა ჰქონოდათ მხედველობაში. მაშასადამე Ріlіо ეს იგივეა, რაც გამომავლობა, ანუ рег Ріlіt. ორივე ფორმულა გამოხატავს ერთსა და იმავე დოგმატურ ჭეშმარიტებას.
 
გასაოცარია, მაგრამ, თუ საღვთისმეტყველო ენით ვიტყვით, ეს უკიდურესად სადავო აქსიომა შედეგში ჩიხიდან გამოსვლად იქნა მიჩნეული... consensus patrum-ს (მამათა თანხმობას), რომელიც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს უნიის მომხრეებმა, შეეძლო ვითარების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ თვით პრობლემას ვერასოდეს გადაჭრიდა. გიორგი სქოლარიუსი, რომელმაც consensus patrum-ის შედეგად სრულად მიიღო გრიგოლ II-ის (კვიპროსელის) საღვთისმეტყველო შეხედულებები, შემდეგში ნათლად და გადაჭრით გამოდიოდა წმიდა მამათა თანხმობის პრინციპის წინააღმდეგ, რომელიც ამ კრებაზე გამოიყენეს" (Христианский Восток и возвышение папства стр.580-581).
 
ამგვარად, сonsensus patrum-ის პრინციპის საფუძველში, იმ სახით რა სახითაც იყენებს მას მღვდელი გიორგი მაქსიმოვი, ძევს ცრუ უნიატური თეზისი ნებისმიერ საკითხზე ყველა წმიდა მამის (ან უმრავლესობის) თანხმიერი სწავლების შესახებ. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სვეტები და მნათობები: წმ. მარკოზ ეფესელი და გიორგი სქოლარიუსი сonsensus patrum-ს თანმიმდევრულად უარყოფენ რჩეული განმარტების პრინციპის სასარგებლოდ, რომელიც გამოხატულია ტრულის კრების 16-ე და 19-ე კანონებში.
 
ნეტ. ავგუსტინე რჩეული კომენტირების შესახებ ბრძანებს: "როდესაც რწმენასა და საქმეებზე ლაპარაკობს, ის (ტიხონი - მის შესახებ იხ. თ. მე-3 – "აპოკ." რედ.) ამბობს, რომ რწმენის დამსახურებად ღმრთისგან გვეძლევა მხოლოდ საქმენი, მაგრამ თვით რწმენა დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, და ის ღმრთის ნიჭს არ წარმოადგენს. ის ვერ ჩაწვდა მოციქულის სიტყვებს: "მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან" (ეფეს. 6:23). თუმცა, ტიხონისთვის უცნობი იყო პელაგიანელთა სწავლება, რომელიც, ჩვენს დროში იშვა და გვაიძულა მის წინააღმდეგ დიდი მოშურნეობით დაგვეცვა ღმრთის მადლი. მოციქულის თქმით: "აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი (ძვ. ქართ.: "რჩეულნი" – "აპოკ." რედ.) თქვენს შორის" (1 კორინთ. 11:19), ამან უფრო ყურადღებიანნი და მოსაგრენი შეგვქმნა ღმრთის წინაშე. ამიტომაც წმიდა წერილში ჩვენ აღმოვაჩინეთ ის, რაც ვერ შენიშნა ტიხონიმ, რომელიც ნაკლებად ერკვეოდა სწავლებაში ღმრთის მადლის შესახებ და ნაკლებად ზრუნავდა სწორედ იმისთვის, რომ არ ჰყოლოდა მტერი, - ჩვენ აღმოვაჩინეთ, ვამბობ, რომ თვით რწმენაც არის ნიჭი იმისა, ვინც მას ყოველს მისი საზომისაებრ მიანიჭებს" (О христианском учении», кн.3).

გაგრძელება იქნება

https://pawellvasiliev.livejournal.com/15272.html
Назад к содержимому