აპოკალიფსისი > განმარტება
"მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა...
რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით…"
(გამოცხ. 16:12)
"მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით" (გამოცხ. 16:12).
"ევფრატის დაშრობის" ხატება, რომელიც უკანასკნელი რისხვის მეექვსე თასთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთი ურთულესია გამოცხადების წიგნის დაფარულ მოწმობათა გულისხმისსაყოფად.
მაგრამ თანამედროვე კომენტატორთა დიდი უმრავლესობა ამ მოვლენას მხოლოდ ბუკვალური თვალსაზრისით განიხილავს, რის შედეგადაც პირდაპირ ჩვენს დღეებში, მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში, აქტიურად განიხილება არა მარტო წყლის დონის რეალური დაკლება მდინარე ევფრატში, არამედ "დემონთა კივილიც", რომელიც თითქოსდა მიწიდან ისმის იმ ადგილებში, სადაც წყალმა დაიკლო.
(შესაძლოა ეს არც არავის ესმის, ან ესმის მხოლოდ საკუთარ თავში, - მსგავსი "სენსაციური" მტკიცებულებების უარყოფა ისე, რომ არავის ეჭვი არ დარჩეს მათ ფანტაზიურ ხასიათზე, ძალზედ ძნელია, შეუძლებელიც კი... მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შემაძრწუნებელი "უ-უ-უუუუ!!!" რომელიც მიწიდან გაისმის, ძალიან შთამბეჭდავია მცირე კლასელთათვის და ბიოლოგიის ზოგიერთი ახალგაზრდა მასწავლებლისთვისაც, რომლებიც აცდენდნენ ლექციებს და არ იციან, რომ დემონები ევფრატის კალაპოტში იმაზე ნაკლები როდია, რაც კუზბასისა და პენსილვანიის შახტებში).
გარდა იმისა, მათ, ვინც გამოცხადების მოწმობები პირდაპირი,
ბუკვალური გაგებით ესმით, შეიძლება ვურჩიოთ მოძებნონ პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა შეუშალოს
ხელი წყლის კალაპოტმა ხელი თანამედროვე არმიის გადასვლას მდინარე ევფრატზე, და რა სახის
მსოფლიო არმია უნდა შეიკრიბოს ერაყის შუამდინარეთში, და რა მიზნით, ვინ მოახდინა
"მეფეთა" რეკრუტირება ამ არმიაში, რომელ მეფეთა და ა. შ. ... ?
(რადგან მდინარე ტიგროსის დაშრობაზე გამოცხადებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, ვარიანტის განხილვა მდინარე ტიგროსის ფორსირებაზე და შემდგომში დამშრალი ევფრატის გადალახვაზე ირანის, პაკისტანის, ინდოეთის და ჩინეთის ქვეითი ჯარების მიერ, სრულიად უსაფუძვლოა).
ასეა თუ ისე, გამოცხ. 16:12-ის "წაკითხვა" ახალაღთქმისეული აზრით (ანუ არა ბუკვალურად, არამედ სულიერად, დასამოძღვრად) შესაძლებელია მხოლოდ გონიერებაზე დაყრდნობით და იმის გულისხმისყოფით, რომ "ევფრატის დიდი მდინარე" წარმოდგენილია, როგორც "წყალგამყოფი" ხილულ და უხილავ, "ზეციურ" სამყაროებ სორის, და რომელიც შეესაბამება ბიბლიური სამოთხის ერთ-ერთ სულიერ საზღვარს (შეად.: "მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ... მეოთხე მდინარეა ევფრატი" (Быт.2:10-14)).
სხვა სიტყვებით, თუკი ადრე "მდინარე ევფრატი" გამოდიოდა, როგორც განსაზღვრული "სულიერი ორიენტირი", რომელთან მიმართებაში ახალაღთქმისეულ ქადაგებაში განისაზღვრებოდა სხვადასხვა მდგომარეობანი და პოზიციებ (გამოცხ. 7:1; 9:14), - უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის გადმოღვრის დროს თავის დასაბამიერ მდგომარეობას იცვლის თვით "სამყაროთა საზღვარი" (შეად.: "ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: "ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც"" (ებრ. 12:26)). თანაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება მდინარე იორდანეზე ისრაელის ბუკვალური გადასვლის ბიბლიური მოწმობის შესაბამისად, როდესაც უფლის მხედრობა, რომელიც "მზის აღმოსავალიდან" (ანუ იორდანის გაღმა ნაპირიდან) მიემართებოდა, იორდანის გამხმარი კალაპოტი გადავიდა და დაეუფლა მიწას, რომელიც მას აღთქმისამებრ ეკუთვნოდა (ის. ნავ. 3).
(სიმბოლური აზრით საკმაოდ არსებითია, რომ ისრაელი იორდანეზე გადავიდა მკათათვეში (ანუ მოსავლის აღების დროს), როდესაც მდინარე თავისი ნაპირებიდან გადადიოდა, ანუ განსაკუთრებულად ღრმა იყო (ის. ნავ. 3:15 შეად.: "... მკა აღსასრულია სოფლისა" (ძვ. ქართ.: "მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ") (მთ. 13:39). ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხ. 14:15-20-ში აღწერილია "მიწის სულიერ ნაყოფთა" გაყოფა "ზეციურ ხორბლად" და "ღვინის მტევნებად", რომლებიც "მრისხანების საწნახელში" დაიწნიხება და რომელთა სისხლი "მკვდარ ზღვაში ჩაიწრიტება", - ასეთი პანორამა ზუსტად შეესაბამება "წყალთა საბოლოო გაყოფას", რომელიც ბუკვალური იორდანის გადასვლისას მოხდა, შეად.: "დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა ... უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა" (ის. ნავ. 3:16).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ ძველაღთქმისეულ დროში ბუკვალური იორდანის ფეხით გადასვლისას ისრაელის მხედრობის წინ მიდიოდა აღთქმის კიდობანი, რომელიც უკვე ნახსენები იყო გამოცხადების წიგნში ზეციური ტაძრის ხილვაში და აღნიშნავდა თვით მაცხოვარს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ზეციურ მხედრობას (გამოცხ. 11:19), შეად.:
"აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს. ... როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება. როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე), დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ... უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი. უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე" (ის. ნავ. 3:11-17).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეგვიპტიდან
ისრაელის გამოსვლის მოვლენებში იყო მომენტი, როდესაც ზღვის წყლები გაიპო და გზა მისცა
გამოსყიდულთ (გამ. 14:21-22; ეს. 43:16-17; ეს. 51:10 და სხვა), - მაგრამ "გაწეული
ზღვა" იდეურად არ უკავშირდება "გაწეული მდინარის წყლებს", როგორც მინიმუმი
იმ მიზეზით, რომ დროთა აღსასრულს ღმრთის სამეუფო ხალხი კი არ "გარბის", არამედ
უტევს, შეად.: "ციური ლაშქარი მისდევდა მას, თეთრ ცხენებზე ამხედრებულნი
და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილნი" (გამოცხ. 19:14)).
ამრიგად, "ევფრატის წყლების დაშრობა" შეესაბამება სამყაროს ერთ-ერთ უკანასკნელ შერყევას, როდესაც გაქრება ზღვარი, რომელიც სულიერ სამყაროს განყოფს "ფიზიკურისგან", და უკეთურების გადარეულ სამეფოს გამოეცხადება ზეციური მხედრობა, რომელიც მოდის, რათა შეებრძოლოს "მთელი ქვეყნიერების მეფეებს" (გამოცხ. 16:14, შეად.: "ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან" (იერ. 46:6))
თანაც სამეფო ზეციური მხედრობის მეთაური, რომელიც "აღმოსავლეთიდან მოდის" იქნება თვით უფალი, შემოსილი საკუთარი ჭეშმარიტი დიდებით (შეად.: "ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან" (გამოცხ. 17:14); "ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით" (ლკ. 1:78)).
გარდა ამისა, უშუალოდ უკანასკნელი დღის ბრძოლის წინ წყლების საკვირველი დაშრობა აგრძელებს და ამთავრებს "ბაალის წინასწარმეტყველთა ამოწყვეტის" ბიბლიურ ხატებას, რომელიც აღასრულა წინასწარმეტყველმა ილიამ, როდესაც თორმეტი ქვისგან აგებულ სამსხვერპლოზე ზეციური ცეცხლი გადმოიყვანა. ეს თორმეტი ქვა წარმოადგენდა ისრაელის თორმეტი ტომის სიმბოლოს (სიტყვამ მოიტანა და, ეს ნიშანდობლივი დაკვლა (ბაალის წინასწარმეტყველებისა) მოხდა არა შემთხვევით ადგილას, არამედ მდინარე კიშონთან, რომელიც მეგიდოს გორაკზე მოედინება, და რომელიც გამოცხადების წიგნის შემდგომ მოწმობებში მოიხსენიება - იხ. გამოცხ. 16:16), შეად.:
"უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, ... და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. ... ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. ... ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა" (3 მეფ. 18:30-40).
მეტიც, უკანასკნელი რისხვის მეექვსე თასში სრულდება მეექვსე საყოველთაო საყვირის "მდინარე ევფრატთან" დაკავშირებული მოვლენები:
"მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი" (გამოცხ. 9:13-16).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ევფრატზე"
შეკრული ოთხი ანგელოზის გათავისუფლების შემდეგ უკეთურთა მხედრობა, რომლის რიცხვი
"ორასი ათასჯერ ათასია" აღავსებს მთელ დედამიწას, მაგრამ განადგურებული იქნება
უფლის გამოცხადებით, რომელიც სათავეში ჩაუდგება "სამეფო მხედრობას", რომელიც
უკანასკნელ შებრძოლებაზე გადმოდის "მზის აღმოსავლეთიდან". თანაც მსგავსი
პანორამა ზუსტად შეესაბამება ისრაელის მიწის "გეოგრაფიულ" ხატებებს, სადაც
მდინარე იორდანე, რომელიც ისრაელის მხედრობამ იესუ ნავეს დროს "მშრალივით"
გადავიდა, წარმოადგენს იზრეელის ველისა და მეგიდოს გორაკის აღმოსავლეთ საზღვარს,
შეად.: "და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი"
(გამოცხ.
16:16)).
მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღის მოვლენები, 16-ე
თავში მხოლოდ ნაწილობრივ არის აღწერილი ისე, რომ ნახსენები არ არის მრავალი მნიშვნელოვანი
დეტალი, - ამიტომაც მსოფლიო უკეთურებასთან უკანასკნელი ბრძოლის შესახებ საუბარი გაგრძელდება
17-20 თავების კომენტარებში, სადაც იგივე მოვლენები წარმოდგენილია სხვა მოწმობებით
და სხვა ბიბლიური ხატებებითაა შემოსილი.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.