ანგელოზები - დემონები: უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანგელოზები
დემონები: უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი?

მცირედი დარიგება
ანგელოზთა იერარქია
კითხულობენ თუ არა ეშმაკნი ადამიანის აზრებს?

პასუხი: ამის შესახებ ღირ. იოანე კასიანე რომაელი (დაახლ. 360 - 435 წწ.) წერს, რომ დემონებმა არ იციან ადამიანთა ზრახვები, მაგრამ მათ, უეჭველად, იციან ის აზრები, რომელთაც ამ ადამიანს თვითონვე შთააგონებენ; და კვლავ, მათ არ შეუძლიათ იცოდნენ მიიღეს მათ ეს აზრები თუ არა, თუმცა ხვდებიან მას ჩვენი ქცევის მიხედვით.

დავუშვათ, მათ ადამიანს სიძვა შთააგონეს და მანაც დაიწყო მოპირისპირე სქესის წარმომადენელთა ყურება: აჰა, მაშასადამე მიუღია; ვთქვათ შთააგონეს მრისხანების აზრი, ადამიანი გაწითლდა, დაიწყო მუშტების ქნევა (მე, რა თქმა უნდა, ვახდენ უტრირებას) - მაშასადამე, ესეც მიუღია; და თუკი ჩვენ, როდესაც მოსაუბრეს ვუმზერთ, შეგვიძლია მივხვდეთ გვეთანხმება ის ჩვენ თუ არა, მით უფრო შეუძლიათ ამისი მიხვედრა დემონებს.

რაც შეეხება ღვთისგან შთაგონებულ აზრებს ან რაიმე ბუნებრივ ფიქრებს, დემონები მათ შეიძლება მიხვდნენ მხოლოდ ჩვენი ქცევის მიხედვით, მაგრამ არ ძალუძთ მიხვდნენ მათ იმწამსვე, როგორც კი ეს ფიქრები გაჩნდა ან როგორც კი ღმერთმა შთაგვაგონა.

როდესაც ლოცვაზე მარტო ვდგავარ, თანაც სიბნელეში, ძალზედ მეშინია: თითქოსდა ვიღაც დგას ჩემს ზუგს უკან ან გვერდითა ხედვით ვხედავ რაღაც მოძრაობას. როგორ ვებრძოლო ამ შემოტევას?

პასუხი: ასეთი რამ ხდება სულმოკლეობისა და მცირედმორწმუნეობის შემთხვევაში. როდესაც ადამიანი განმარტოვებულია, ლოცულობს ან კითხულობს სულიერ ლიტერატურას, დემონებს, ბუნებრივად, ეზიზღებათ ასეთი საქციელი და ცდილობენ ჩვენს შეშფოთებას და ლოცვისგან განშორებას.  ამიტომაც, უნდა მოვიქცეთ სრულიად თავისუფლად, გაბედულად და უკუვაგდოთ ყოველგვარი შთაგონება. როდესაც გგონია, რომ თითქოსდა გვერდიდან რაღაცას ხედავ, ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას. მტრის ამ შთაგონებას თუ მიეცემი, ის უფრო და უფრო შემოგიტევს; და ნუ იყურები გვერდითა მხედველობით; ნურც ის შეგაშფოთებს, რომ ვიღაც დგას შენს უკან, -
მიიხედე და დაინახავ, რომ სინამდვილეში იქ არავინ დგას.

მართლმადიდებელ მოსაგრეებს სძულდათ დემონები და არ უფრთხოდნენ მას მაშინაც კი, როცა ისინი მათ ხილულად ეცხადებოდნენ. ერთხელ, როდესაც ერთი მოსაგრე ლოცვაზე იდგა, უეცრად სენაკში კატა შემოვიდა და მლოცველს მანტიიდან მხარზე ააცოცდა. მოსაგრემ ამას არავითარი ყურადღება არ მიაქცია და ლოცვა გააგრძელა, კატა კი გაქრა.

მაგრამ ასეთი გამოვლინებები ეცხადებოდათ ძლიერ მოსაგრეებს, ხოლო ჩვენ, უძლურთ, არავინ გამოგვეცხადება, მხოლოდ დროსა და ძალას დავხარჯავთ ამაო განცდებსა და ემოციებზე. გეშინია? - პირჯვარი გადაიწერე, და მორჩა, მეტი არაფერი! თუ შეშინდები, გაექცევი ყველა ბნელ კუთხეს, შიში გაგეზრდება და ისეთი სიძლიერით შეგიპყრობს, რომ საკუთარი ცხვირის დაცემინებაც კი შეგაშინებს.

გარდა ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმრთის მიშვების გარეშე ჩვენს თავს არაფერი ხდება, ხოლო უფალი არასოდეს დაუშვებს იმაზე მეტს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. დემონთა შიში გვმართებს, ოღონდ იცით რა აზრით? - უნდა გვეშინოდეს არ მივეცეთ მათ მიერ შთაგონებულს, არ შევასრულოთ მათი ნება და მათთან ერთად ღმრთის მოწინააღმდეგეები არ აღმოვჩნდეთ.

სახარების მიხედვით თუ გვსურს ცხოვრება, თუ მთელი სულით და გულით მივენდობით უფალს, ვერავინ შეგვაშინებს და საშიშიც არავინ შეიძლება იყოს. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?" (ახ. ქართ.: "თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?") (რომ. 8:31).

წყარო: http://www.pravmir.ru/boyatsya-li-barabashek
Назад к содержимому