ანტიერეტიკონი - არიან თუ არა არამართლმადიდებლები ეკლესიის წევრები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
არიან თუ არა არამართლმადიდებლები ეკლესიის წევრები
ეკლესიის ხომალდი
ავტორი: დიმიტრი ცელენგიდისი, თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტების პროფესორი.

ვენ, მართლმადიდებლებს, ნიკეო-კონსტანტინოპოლის (381) სარწმუნოებრივი განსაზღვრების მიხედვით გვწამს, რომ არსებობს მხოლოდ "ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო" ეკლესია. ეკლესიის მთელი სისავსის განუწყვეტელი დოგმატური ცნობიერებით, ანუ მისი თვითშეგნებით, სწორედ ის არის ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია.

სარწმუნოების სიმბოლოს აღსარება იმის შესახებ, რომ ეკლესია "ერთია", ნიშნავს, რომ ეს არის მისი არსის დამადასტურებელი ძირითადი თვისება. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ეკლესია გაიყოს, გაიხლიჩოს, რადგან ის ქრისტეს საიდუმლო სხეულია და ქრისტეს, როგორც თავს ეკლესიისა, შეუძლებელია მრავალი ან გაყოფილი სხეული ჰქონდეს. ქრისტეს სხეულში დამარცხდა სიკვდილი, ამიტომაც ის, ვინც ქრისტეს ეკლესიაში იმყოფება, მისი ცხოველმყოფელი საიდუმლოებების მეშვეობითა და მის მცნებათა აღსრულებით ცოცხლობს და ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ მარადიულ ცხოვრებაში გადადის. როგორც ვაზს არ შეუძლია გამოიღოს ნაყოფი თუკი მოკვეთენ თავისი ძირიდან, ასევე ეკლესიიდან, ანუ მართლმორწმუნეთა ერთობისგან მოკვეთილ მორწმუნესაც არ ძალუძს სხვა ეკლესიის დაფუძნება და სულის ცხოვნება.

ეკლესიის რწმენა მოლაპარაკებებითა და შეთანხმებებით მიღწეული შეხედულება კი არ არის, არამედ ღმრთითშთაგონებული და უცვალებელი სწავლებაა. ეკლესიის კონკრეტული რწმენის მიხედვით, შეუძლებელია არსებობდეს მრავალი ან განყოფილი ეკლესია, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის "ერთობის", "ერთადერთობის" ცნებას; რადგან "ერთობა" და "სიმრავლე", "ერთობა" და "განყოფა" ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. "განყოფის" ცნება პრაქტიკულად უარყოფს ეკლესიის რეალურ არსს, რადგან მხოლოდ ერთი და განუყოფელი ეკლესიის აღქმა შეუძლია მართლმადიდებლურ ცნობიერებას. როდესაც ვინმე, მისი სინდისიდან გამომდინარე, განყოფილ ეკლესიაზე ლაპარაკობს, პრაქტიკულად ეკლესიის მიმართ რწმენას განუდგება და მისდამი თავის კუთვნილებას უარყოფს; ის განუდგება ეკლესიის საყოველთაო ცნობიერებისადმი თანაზიარობას. რაც შეეხება მართლმადიდებლებს, მათ არ გააჩნიათ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა ერთ, ჭეშმარიტ ეკლესიისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მას თავის დროზე მოწყდა დასავლური ქრისტეანობა. უცილობლივ, მართლმადიდებელი ქრისტეანები განიცდიან ამ ტრაგედიას, ლოცულობენ და ელოდებიან მათ სინანულს, რათა ისინი კვლავ დაუბრუნდნენ "ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას".


სამოციქულო რწმენა

გაეკლესიურება და ქრისტეს საიდუმლო სხეულში ყოფნა შეუძლებელია წინაპირობების გარეშე.  ის გულისხმობს სამოციქულო სარწმუნოების უცილობელ და უპირობო აღიარებას ისე, როგორც ეს მსოფლიო საეკლესიო კრებებმა განმარტეს და თუ ვინმე მორწმუნეთაგან, მიუხედავად მისი საეკლესიო ხარისხისა, რომელიც შეიძლება ეკლესიაში გააჩნდეს ან მორწმუნეთა ჯგუფი, მათი რაოდენობისდა მიუხედავად, დაარღვევს ეკლესიის მიერ მიღებულ სწავლა-მოძღვრებას, მსოფლიო კრებათა დადგენილებების თანახმად, - ეკლესიისგან მოიკვეთება. ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აღარ შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის საიდუმლოებებში და ეზიაროს წმ. ევქარისტიას.

რომაელი კათოლიკეები ეკლესიას ოფიციალურად XI საუკუნეში გამოეყვნენ. 1014 წელს მათ სარწმუნოების სიმბოლოში შეიტანეს თავიანთი ცდომილი სწავლება სულიწმიდის შესახებ, რომელიც ცნობილია Filioque-ს სახელით. ამ სწავლების მიხედვით, სულიწმიდა, როგორც ღმრთაებრივი იპოსტასი გამოვალს, როგორც მამისგან, ასევე ძისგან. რომაელ-კათოლიკეთა ეს დოგმატური სწავლება უარყოფს ეკლესიის რწმენას ღმერთ სამებისადმი, რადგან, იოანე მახარობლის თანახმად, ჭეშმარიტების სული "მამისაგან გამოვალს" (იოანე 15:26). ხოლო III მსოფლიო კრებამ, თავისი თავმჯდომარის, წმ. კირილე ალექსანდრიელის პირით, სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ დაადგინა, რომ არავისა აქვს უფლება რაიმე შეჰმატოს ან მოაკლოს ყოველივე იმას, რაც გადმოცემული იყო სარწმუნოების სიმბოლოში. ყველა მომდევნო მსოფლიო კრებამ დაადასტურა III მსოფლიო კრების ეს დადგენილება.

ამრიგად, ცხადია, რომ რომაელი-კათოლიკეები (შედეგად კი, პროტესტანტები, რომლებმაც მიიღეს სწავლება Filioque-ს შესახებ) ეკლესიის სამოციქულო სარწმუნოებისგან განდრეკილები არიან. ამიტომაც ზედმეტიც კი არის დავიმოწმოთ დასავლელ ქრისტეანთა ისეთი სარწმუნოებრივი სიახლენი, როგორიცაა მაგალითად, პაპის უცდომელობის დოგმატი, მარიოლოგიური დოგმატები (უბიწო ჩასახვა), რომის პაპის პირველობა, სწავლება ქმნილი მადლის შესახებ და მრავალი სხვა.


სამოციქულო მემკვიდრეობა

სამოციქულო სარწმუნოებასთან განუყრელად არის დაკავშირებული სამოციქულო მემკვიდრეობაც. სამოციქულო მემკვიდრეობის მთელი არსი მხოლოდ ეკლესიის სხეულში იხსნება და უცილობლივ მოციქულთა სარწმუნოებას გულისხმობს.

როდესაც "მოციქულთა მემკვიდრეობაზე" ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ეკლესიის განუწყვეტელი მმართველობა მოციქულთა მიერ, რაც ქარიზმატულ ხასიათს ატარებს და მოციქულთა სულიერი ძალაუფლების ეპისკოპოსებისთვის, მათი მეშვეობით კი მღვდლებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს.

მოციქულებრივი, სულიერი ძალაუფლების გადაცემა კი ხელდასხმის მეშვეობით ხორციელდება. ამრიგად, თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან ხელდასხმულ იყო კანონიკურ-ეკლესიური წესით და შემდგომ, თავისი ცდომილებების გამო აღმოჩნდება ეკლესიის გარეთ, კარგავს სამოციქულო მემკვიდრეობას, რადგან ის მხოლოდ ქრისტეს საიდუმლო სხეულში - მის ეკლესიაში არსებობს.

შედეგად, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან ადგილობრივი ეკლესია - მისი წევრების რაოდენობისდა მიუხედავად, - განვარდება ეკლესიის სისავსისგან, მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ დამტკიცებული სარწმუნოებრივი სწავლებისგან, ის კარგავს სამოციქულო მემკვიდრეობას, რადგან უკვე იმყოფება ეკლესიის გარეთ; ხოლო ეკლესიის გარეთ მყოფ და სარწმუნოებისგან განდრეკილ ქრისტეანებთან დაკავიშირებით ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს სამოციქულო მემკვიდრეობის გაგრძელებაზე.

ყოველივე ზემოთთქმულის საფუძელზე, თვით რომის პაპი, ასევე მთელი რომაულ-კათოლიკური ეპისკოპატი მოკლებულია სამოციქულო მემკვიდრეობას, რადგან, გადაუდგნენ რა მოციქულებრივ რწმენას, განვარდნენ ეკლესიისგან. შედეგად, ეკლესიის გარეთ სამოციქულო მემკვიდრეობის არსებობაზე ლაპარაკს აზრიც კი არა აქვს, ცხადია მას არაფერი შეიძლება აკავშირებდეს ღვთისმეტყველებასთან.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, თვით რომის პაპი, ასევე რომაელ-კათოლიკე ეპისკოპოსთა მთელი სისრულე მოკლებულია მოცქიულთა მემკვდრეობითობას, რადგან, სარწმუნოებისგან განდგომით ისინი განუდგნენ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას. შედეგად, ეკლესიის გარეთ სამოციქულო მემკვიდრეობითობის შესახებ ლაპარაკს არავითარი საღვთისმეტყველო საფუძველი არ გააჩნია.


მღვდლობა და სხვა საიდუმლოებანი

ეკლესიის ჩარჩოებში მღვდლობა - ეს არის თვით ქრისტეს სამღვდელობა, რადგან თავისი ესპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვეობით თვით ქრისტე აღასრულებს საეკლესიო საიდუმლოთ. მღვდლობა განისაზღვრება მოციქულთაგან მომდინარე უწყვეტი გაგრძელებით, ანუ გულისხმობს მოციქულთა მემკვიდრეობას. მღვდლობა გულისმობს, რომ ეკლესიაში, თავის მისტიკურ სხეულში, მღვდელმთავრობს თვით ქრისტე. დაბოლოს, ქრისტეს მღვდლობა, რომელიც ეკლესიაშია, მოიცემა თვით ქრისტეს მიერ მისი ეკლესიის მეშვეობით და ეკლესიისთვის. ამიტომაც, ეკლესიისგან მოწყვეტილი ავტონომიური სამღვდელოება და საიდუმლოებანი არ შეიძლება არსებობდნენ.

მღვდლობა, ისევე როგორც სხვა საიდუმლოებანი, წარმოაჩენს ეკლესიის ლიტურგიკულ გამოვლინებას (ნიკოლოზ კავასილას თანახმად, ეკლესია საკუთარ თავს საეკლესიო საიდუმლოებებში გამოავლენს). ეს ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა საიდუმლოებანი არსებობდნენ, უპირველესად ყოვლისა აუცილებელია არსებობდეს თვით ეკლესია. საიდუმლოებანი შეიძლება შევადაროთ ხის ორ ტოტს. ცოცხალი ტოტები, რომლებიც ყვავიან და ნაყოფი გამოაქვთ, მხოლოდ მანამდე არსებობენ, სანამ ისინი წარმოადგენენ ხის ორგანულ გაგრძელებას, ანუ სანამ ონტოლოგიურად დაკავშირებულნი არიან ხის ტანთან.

საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სხვაგვარად მადიდებელთ - რომაელ-კათოლიკეებს ან პროტესტანტებს - გააჩნდეთ თუნდაც ერთი საიდუმლო, მაგალითად, საიდუმლო ნათლისღებისა. ფუნდამენტური კითხვა, რომელიც ასეთ შემთხვევაში უნდა დავსვათ შემდეგია: ვინ მღვდელმსახურებდა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს? სად მიიღო მღვდელმა მღვდლობის ხელდასხმა? ვინ მისცა მას მღვდლობა, რომელსაც მხოლოდ ეკლესია იძლევა? და როგორ არის შესაძლებელი არამართლმადიდებელთ ეკლესია ჰქონდეთ, თუკი ისინი დოგმატური ცდომილებების წყალობით განვარდნენ მისგან?


ქრისტეს "ორი ფილტვის" თეორია

ეს თეორია კათოლიციზმში გაჩნდა. მისი მიხედვით, ქრისტეს ფილტვებია - რომაული-კათოლიციზმი და მართლმადიდებლური ეკლესია.

საუბედუროდ, დღეს ეს თეორია მრავალმა მართლმადიდებელმა იერარქმა და საერო, აკადემიურმა თეოლოგმაც იშვილა, როგორც ჩანს, სრულიად გამოუკვლევლად და ბრმად. რადგან ეს თეორია, თუ მას მართლმადიდებლური პოზიციიდან განვიხილავთ, არა მარტო უსაფუძვლოა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით - მკრეხელობაა.

მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდად დოგმატური მიზეზების გამო, ონტოლოგიურად განსხვავდება რომაულ-კათოლიციზმისგან. მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ მხოლოდ მან შეინარჩუნა ეკლესიის, როგორც ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულის ხასიათი. რომაული-კათოლიციზმი კი უკვე ათას წელზე მეტია განვარდნილია ამ სხეულიდან.

სხვათა შორის, რადგან ეკლესია, სარწმუნოების სიმბოლოს თანახმად არის, "ერთი" და მთლიანი, საღვთისმეტყველო გაგებით, სრულიად შეუძლებელია გულისხმავყოთ, როგორ შეიძლება ზემოთხსენებული თეორიის თანახმად მართლმადიდებლური და რომაულ-კათოლიკური ეკლესიები ერთად იგულისხმებოდნენ ქრისტეს "ორ ფილტვში", თუკი ისინი მისი სხეულის განსხვავებული ასოები არიან. ამ შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ ქრისტეს სხეულის სხვა დანარჩენი ასოები, ამ ორი ეკლესიის გარდა, ან ეკლესიოლოგიურად დაუსაბუთებელნი არიან, ან კიდევ სხვებით იფარებიან. ამგვარი სწავლების მიღება პირდაპირ გვაახლოვებს პროტესტანტული ეკლესიოლოგიის ქმნილების მიღებასთან, რომელსაც "განშტოებათა თეორია" (Branch theory) უწოდეს (1). რაც მართლმადიდებლური თვალსაზრისით სრულიად დაუშვებელია

კათოლიციზმში წარმოქმნილი თეორია ქრისტეს "ორი ფილტვის" შესახებ მკრეხელობაა კიდევ იმიტომ, რომ მას ქრისტეს უბიწო და წმიდა სხეულში რომაული-კათოლიციზმი შემოჰყავს, როგორც მისი ორგანული ნაწილი, - ანუ როგორც მისი ერთ ერთი ფილტვი, მაშინ როდესაც კათოლიციზმი მრავალგვარი მწვალებლობებითაა დასნეულებული და ონტოლოგიურად ეკლესიის ღმერთკაცობრივი ორგანიზმის გარეთაა.


"და-ეკლესიები"

უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრება "და-ეკლესია" აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიუღებელი. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მიუღებელია, როდესაც მას იყენებენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის კავშირის აღსანიშნავად. და სრულიად მიუღებელია ის, როდესაც მას მართლმადიდებლური ეკლესიისა და რომაული-კათოლიციზმის ონტოლოგიური განსაზღვრებისთვის იყენებენ.

ტერმინს "და-ეკლესია" ბიბლიური ფუნდამენტი არ გააჩნია და პრინციპში, დაკანონებული არც ყოფილა. როდესაც მოციქული პავლე სხვადასხვა ადგილობრივ ქრისტეანულ თემებს მიმართავს, ის მათ "და-ეკლესიებს" არ უწოდებს და სულაც არ გულისხმობს რომელიღაც სხვა ეკლესიის არსებობას, რომელიც ამ ადგილობრივ ეკლესიათათვის "დედა" იქნებოდა. თანაც, წმიდა მოციქულ პავლეს გააჩნდა სრული შეგნება იმისა, რომ ეკლესია ერთია, რომელსაც მისი ცხოვრებისა და ჭეშმარიტების სისავსის გამო სრული კათოლიკურობა (საყოველთაოობა - მთარგმნ.) გააჩნია. ეკლესიის თავი კი თვით ქრისტეა.

ასე, მაგალითად, როდესაც წმ. მოციქული პავლე მიმართავს რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, ის იყენებს ამ შემთხვევისთვის სტერეოტიპულ გამოთქმას: "ღვთის ეკლესიას, რომელიც არის... (მაგალითად, კორინთოში)" (იხ. 1 კორინთ. 1:1). ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის სისავსე შეიძლება ვლინდებოდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მორწმუნეთა ევქარისტული ერთობა არსებობს მათი ეპისკოპოსის მეთაურობით. თავისთავად იგულისხმება, რომ ადგილობრივ ეკლესიათა ერთობა გარანტირებულია ერთმანეთს შორის სარწმუნოებრივ-ლიტურგიკული თანაზიარობით, საეკლესიო წყობით. ადგილობრივ ეკლესიათა ერთობა პრაქტიკაში დაცულია მათი ეპისკოპოსების კრებებით.

ყოველივე ზემოთნათქვამიდან ცხადი ხდება, რომ ერთმორწმუნე და ურთიერთთანამოზიარე ადგილობრივი ეკლესიები, მართლმადიდებლობის ჩარჩოებში, არ იწოდებიან "და-ეკლესიებად" და ეს არავის დაუკანონებია, ცხადია, მართლმადიდებლური და რომაულ-კათოლიკური ეკლესიების "და-ეკლესიებად" წოდების არანაირი საღვთისმეტყველო საფუძველი არ გვაქვს. თანაც, რომაული-კათოლიციზმი, 1014 წლის შემდეგ, არც კი შეიძლება პირდაპირი გაგებით იწოდოს ეკლესიად, რადგან იმ დროიდან მასზე დადებულია საყოველთაო, მართლმადიდებლური ეკლესიის ეპითიმია და განვარდნილია ღმერთკაცობრივი სხეულიდან (ანუ ანათემირებულია).

აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ზემოთხსენებული ეპითიმიის მოხსნა არ შეუძლია ეკლესიის რომელიმე კონკრეტულ პირს, როგორი უმაღლესი მდგომარეობაც უნდა ეპყრას მას საეკლესიო იერარქიაში. ამის გაკეთება მხოლოდ ეკლესიის ერთობას შეუძლია. და ესეც კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც აღმოიფხვრება ის დოგმატური მიზეზები, რომელთა გამოც განვარდა დასავლეთის ეკლესია მართლმადიდებლობისგან.

ამრიგად, ცხადია, რომ ოფიციალურად, 1014 წლიდან რომაული-კათოლიციზმი არ არის ეკლესია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია მართებული სამოციქულო რწმენა და სამოციქულო მემკვიდრეობა. მას არ გააჩნია ღმრთის უქმნელი მადლი, აქედან - არცერთი საიდუმლოც, რომელიც ეკლესიის ღმერთკაცობრივი სხეულის საძირკველია და რომელთა მიერაც მიიღწევა ადამიანის მადლისმიერი განღმრთობა. ამრიგად, რადგან შეუძლებელია ეკლესია არ იყოს ერთი და განუყოფელი, ყოველი ქრისტეანული თემი, რომელიც ეკლესიის გარეთ იმყოფება მწვალებლურია.

________________________________________________

შენიშვნა:

1. როდესაც "განშტოებათა თეორიაზე" ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს პროტესტანტების თეორია ეკლესიის სინამდვილესთან დაკავშირებით. ეკლესია, პროტესტანტების აზრით, ეს არის წმინდანთა უხილავი ერთობა. მათი აზრით, სხვადასხვა მრწამსის ისტორიულ-ემპირიულ ეკლესიებს, როგორც ერთი, უხილავი ეკლესიის ტანის განშტოებებს, გააჩინათ კანონიკურობაც და თანასწორობაც. მრწამსში აღიარებული ეკლესიაც ხომ უხილავია. შედეგად, არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას არ შეუძლია ამტკიცოს, რომ გააჩნია ჭეშმარიტების სრული სისავსე. ქრისტეს ერთი ეკლესია ეს არის განტოტვილ და ყველა მიმართულების ადგილობრივი ეკლესიათა ერთობა.
სტატია გამოქვეყნებული იყო ჟურნალში: "Εν συνειδήσι", 2009, № 6, с. 78–83.

წყარო: http://www.blagogon.ru/articles/300/
Назад к содержимому