ანტიერეტიკონი - არის თუ არა სომხეთის ეკლესია მართლმადიდებლური? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
არის თუ არა სომხეთის ეკლესია მართლმადიდებლური?
სომხეთის ეკლესია
ავტორი: თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორი პროტოპრესვიტერი თეოდორ ზისისი

 
წინათქმა
 
პროტოპრესვიტერ თეოდორ ზისისის წიგნთან დაკავშირებით
 
(მცირეოდენი შემოკლებით)
 
 
" მწვალებელთა ცთომილებას ის იწვევს, რომ მათი თქმით იგივეა ჰიპოსტასი (გვამოვნება) და ბუნება"
 
ღირ. იოანე დამასკელი.
 
მართლმადიდებლულრი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 3, თ. 3 (47). ორი ბუნების შესახებ (მონოფიზიტების წინააღმდეგ)
 
 
სარწმუნოებრივ საკითხებში არსებობს სრულიად ობიექტური და პრინციპული კანონები, რომლებიც მათი დარღვევის უფლებას არავის აძლევს. ეს კანონები, როგორც წესი, მოწმობენ იმის შესახებ, რომ ნებისმიერი გაერთიანება, რომლის საფუძველსაც, დოგმატურ განსხვავებათა უკიდურესი ზედაპირული ცოდნის პირობებში, წარმოადგენს რელიგიური კომპრომისი და პოლიტიკური გათვლა, უცილობლივ მიგვიყვანს მართლმადიდებლობის დაკარგვამდე. ამგვარი უნიონალური შეთანხმებები სრულიად მოკლებულნი არიან მაცხოვნებელ მადლს, მაშასადამე, ისინი არიან სრულიად უსარგებლონი.
 
მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიების ნამდვილი, ანუ ჭეშმარიტებაში გაერთიანების გზაზე, საცთურ ლოდს წარმოადგენს სომხური ეკლესიის დამოკიდებულება IV მსოფლიო კრების დადგენილებებისადმი. ამ კრებითი დოკუმენტისადმი მართლმადიდებლური ეკლესიისა და სომხური ეკლესიის დამოკიდებულება სრულიად ურთიერთსაპირისპიროა. მართლმადიდებლური ცნობიერების აზრით ეს სარწმუნოებრივი დოკუმენტი საფუძვლად უდევს მთელ მართლმადიდებლურ ქრისტოლოგიას, ანუ სწავლებას წმიდა სამების მეორე პირზე. ძველი ეკლესიის თვალსაჩინო ისტორიკოსი პროფ. ვ. ვ. ბოლოტოვი კრების მიერ გამოტანილი განსაზღვრების მნიშვნელობაზე წერდა: "ოროსის" (ὅρος᾿) დოგმატური შინაარსი შეიცავს ორ პოზიციას: ა) ქრისტეში ორი ბუნებაა; ბ) მაგრამ ერთია პირი, ანუ იპოსტასი. ამრიგად, ღმერთკაცის ეს ერთიანი იპოსტასი განისაზღვრება, როგორც ღმერთ-სიტყვის იპოსტასი, რომელიც არის ღმერთკაცის მთელი პირადი ცხოვრების, ქრისტეს ყველა მოქმედების და მდგომარეობის სუბიექტი. ამ დოგმატს გააჩნია ღრმა სოტერიოლოგიური მნიშვნელობა. ქრისტე არის მთელი კაცობრიობის მაცხოვარი... შედეგად, IV მსოფლიო კრების განსაზღვრებებზე უარის თქმა მართლმადიდებლობაზე უარის თქმას, ანუ ადამიანის სულის მარადიულ წარწყმედას ნიშნავს.
 
თვით ქალკედონის კრების, კერძოდ მისი სარწმუნოებრივი განსაზღვრებების გარშემო არსებული გაუთავებელი დავის ფაქტი, მის მაღალ დოგმატურ ღირებულებაზე მეტყველებს: "მთელი თავისი შეუვალი განსაზღვრულობით ქალკიდონის ოროსი ნიკეის სიმბოლოს თანასწორია. დოგმატური სწავლება ქალკიდონში ისეთი სიცხადით იქნა გამოთქმული, რომ შეუძლებელი იყო ამ კრების აღიარება, სინამდვილეში მისი უარყოფით. ამ ოროსის სამ მოკლე სიტყვას: «ἐν δύο φύσεσιν» (ქართ.: "ორ ბუნებაში") ვერანაირად უთანხმდებოდა ვერანაირი მონოფიზიტური შეხედულება, მისი უკიდურესი გამოხატულებიდან ვიდრე უმსუბუქეს ელფერამდე ისევე, როგორც ვერც ერთი არიანელი, როგორი ჯურისაც გინდ ყოფილიყო იგი, ვერ შეუთანხმდებოდა ნიკეის ὁμοούσιον-ს ("ერთარსობას" – "აპოკ." რედ.) თავისი შეხედულებებით. ქალკედონის კრების მონოფიზიტური სულისკვეთებით განმარტების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა. რჩებოდა ორიდან ერთი: ის ან უნდა მიეღოთ გულწრფელად ან კიდევ ჩამდგარიყვნენ მის ოპოზიციაში - ან ყრუ ოპოზიციაში (ე. ი. წინასწარგანზრახული იგნორირებით და დადუმებით), ან კიდევ ღია ოპოზიციაში (ანუ მისი პირდაპირი უარყოფით) (Проф. В.В. Болотов. Лекции по истории древней церкви // Посмертное изд. под ред. [и с предисл.] проф. А. Бриллиантова. Т. 4. 1918. с. 314. 4. История церкви в период вселенских соборов. Четвертый вселенский собор. Спор о догматическом авторитете четвертого вселенского собора и отношение к православию и к монофиситству императоров до Юстина I) (URL: https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Bolotov/lektsii-po-istorii-drevnej-tserkvi/9_21).
 
მიუხედავად ქალკედონის კრების ოროსის დოგმატური სიზუსტისა, სწორედ ის გახდა მონოფიზიტებთან მართლმადიდებელთა ერთობის დამაბრკოლებელი საცთური ლოდი. V-VI საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა გაუთავებელი დავა ქალკედონის კრებაზე, მისი ავტორიტეტის აღიარებასა თუ უარყოფაზე. იმპერატორები იძულებულნი გახდნენ ჩარეულიყვნენ ამ დავაში. იმპერატორისთვის ამ კრების აღიარება-არაღიარება ნიშნავდა - "მყარად ადგას თუ არა მას თავზე დიადემა და მტკიცედ დგას თუ არა იგი თავის ტახტზე შიდა მტრების წინააღმდეგ".
 
რაც შეეხება უშუალოდ სომხურ ეკლესიას, როგორც ამას ელადის ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ღვთისმეტყველის თეოდორ ზისისის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო სტატია, და ასევე მღვდელმონაზონ სერგის (ტროიცკი) ნარკვევი აჩვენებს, ის მაინც სევიროს ანტიოქიელის ქრისტოლოგიის მიმდევრად რჩება, რომელიც ქრისტეს "შედგენილი ბუნების" შესახებ ასწავლიდა. მისი დამოკიდებულება IV მსოფლიო კრებისადმი კვლავ უცვლელია, ის არ აღიარებს მის დადგენილებებს. ასე, მაგალითად, მალაქია ომანიანი, კონსტანტინოპოლის ყოფილი სომეხი პატრიარქი, ისტორიული სინამდვილის დამახინჯებით ბრალს დებს წმიდა იმპერატორ მარკიანეს "იძულებითი საშუალებების" გამოყენებაში, რომლის მიხედვითაც თითქოსდა წმ. ლეონის რჩევით "ბოლო სიტყვა მის (ანუ წმ. ლეონის) სწავლებას ეკუთვნის".
 
ვ. ვ. ბოლოტოვი სრულიად საპირისპიროს წერს: "ქალკიდონის კრებისადმი დამოკიდებულების ისტორია, როგორც ჩანს, წარმოადგენს სრულ მოულოდნელობას. ყველა ადრინდელ კრებაზე უფრო მრავალრიცხოვანმა ქალკედონის კრებამ, ერთხმად მიიღო დოგმატური განსაზღვრება. მთელ ამ საქმეს აკვირდებოდა ყველა კანონიერი disederata, რომელიც კი შეიძლება დაადგინო ამგვარი მნიშვნელოვანი საქმისთვის. იმპერატორს სურდა თავისუფალი კრება, და კრებაზე მისი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მეფის კეთილი განზრახვა აღსრულებულიყო...
 
ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი კრება, რომელზეც საქმე ესოდენი წინდახედულობით წარმოებულიყოს, ან გამოყენებულიყო იმდენი მონდომება, რომ ყოველი განცხადება პატივისცემით მიეღოთ, რათა ყველაფერი აგებულ ყოფილიყო თავისუფალი, გონივრული რელიგიური შეხედულების საფუძველზე. ამიტომაც იმპერატორს სრული უფლება ჰქონდა კრების დადებითი შედეგების მოლოდინში ყოფილიყო. "დაე აწ ჩაწყდეს არაღვთისმოშიში კინკლაობანი. მხოლოდ უკეთურს შეუძლია საკუთარ თავს დაუტოვოს პირადი აზრი იმ საკითხზე, რომელზეც თანხმიერება გამოავლინა ესოდენ მრავალმა მღვდელმსახურმა, მხოლოდ სრულიად უგუნურს შეუძლია ნათელ და სხივმოფენილ დღეს სხვა, მომატყუებელი სინათლე ეძებოს, და ვინც აწ კვლავ წამოწევს საკითხებს იმის შემდეგ, რაც ნაპოვნია ჭეშმარიტება, ის მხოლოდ ცდომილებას ეძებს"" (იქვე. გვ. 313).
 
სომეხი ღვთისმეტყველების მცდელობა ქალკედონის კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრების მიღება ახსნან ოდენ კონსტანტინოპოლის პატრიარქთა ადმინისტრატიული პრეტენზიებით ეკლესიაში დაეკავებინათ ალექსანდრიელ პატრიარქთა ადგილი და პირველობისთვის მიეღწიათ აღმოსავლეთში, რაშიც თითქოსდა მას მხარს უჭერდა ძველი რომის მთავარეპისკოპოსი, აშკარად წარუმატებელია.
 
მოცემული პარადიგმა ატარებს არა მარტო ანტიმეცნიერულ ხასიათს, არამედ საკმაოდ მიამიტურიც არის. ქალკედონის კრებაზე მიღებულმა 28-ე კანონმა ახალი რომის არქიეპისკოპოსთან დაკავშირებით, რომელიც პატივით მეორედ გამოცხადდა რომის პაპის შემდეგ (1), დასავლეთში, რომაელ მღვდელმთავართა შორის დიდი აღშფოთება გამოიწვია. წმ. რომის პაპმა ლეონ დიდმა არ აღიარა ეს კანონი, გაწყვიტა ურთიერთობა არქიეპისკოპოს ანატოლი კონსტანტინოპოლელთან და მას განკვეთითაც კი დაემუქრა (См. Джемс С. Робертсон. История Христианской Церкви от апостольского века до наших дней. СПб. 1890, т. 1, с. 446). ამიტომაც აზრს ახალი და ძველი რომის ეპისკოპოსთა კავშირის შესახებ არ გააჩნია არანაირი ისტორიული საფუძველი.
________________
 
1. აი ამონაწერი ამ დადგენილებიდან: "რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება" (დიდი სჯულისკანონი).
 
________________

დიახ, სამწუხარო ფაქტად უნდა ვაღიაროთ ის, რომ სომხებსა და რომაელებს შორის ურთიერთობას უარყოფითი დაღი დაასვა წმიდა იმპერატორ მარკიანეს უარმა სამხედრო დახმარება აღმოეჩინა სომხებისთვის სპარსელებთან ბრძოლაში. პროფ. ვ. ვ. ბოლოტოვი ასევე არ მალავს სომხურ-ბიზანტიური ურთიერთობების ამ ისტორიულ ფაქტს, რომელმაც ღრმა პირადი წყენა გამოიწვია სომხებში იმპერატორ მარკიანესა და მისი მხედართმთავრის ანატოლის მიმართ. ხოლო, რადგან ქალკედონის კრება იმპერატორმა მარკიანემ მოიწვია, ეს გარემოება ქალკიდონის კრებისადმი სომეხთა ტრადიციული ზიზღის მიზეზი გახდა.
 
მაგრამ, მიზეზები რამდენიც გინდ ვეძებოთ გარეპოლიტიკურ ფაქტორებში, რამაც შესაძლოა ბიძგი მისცა სომხეთის ეკლესიის განდრეკას მართლმადიდებლური ეკლესიისგან, ის მაინც არ არის ორი ეკლესიის ურთიერთობის გახლეჩის მიზეზი. განყოფის უმთავრესი მიზეზი სწავლა-მოძღვრებით განსხვავებებშია. სომხეთის ეკლესია პრინციპულია IV მსოფლიო კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებისადმი და წმ. ლეონ დიდის ტომოსისადმი. ის მათ არასწორად და მისთვის მიუღებლად მიიჩნევს (2).
________________
 
2. "ძირითადი ჭეშმარიტებები, რომლებიც აყალიბებენ დოგმატურ საიდუმლო იკონომიას ქრისტიანობაში, ანუ სამებობას, განკაცებას და გამოსყიდვას, შევსებულ იქნა სამი კრების დადგენილებებით. ამ კანონის დარღვევით, ქალკედონის კრება ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის შერწყმის ან განკაცების საშუალებათა და ვითარებათა განმარტებებისა და განსაზღვრებების გზას დაადგა" (Малахия Орманиан. Указ. Сочин., с. 96). "სომეხ, ქართველ და კასპიელ-ალბანელთა ეპისკოპოსთა კრებამ, რომელიც მოწვეულ იქნა დვინში (506) ბაბკენის მეთაურობით, გაასაჯაროვა ეფესოს კრების სარწმუნოების აღსარება და უარყო ყოველივე, რაც მომდინარეობდა ნესტორისგან და ატარებდა მისი სწავლების დაღს, მათ შორის ქალკედონის კრების დადგენილებებიც" (იქვე. გვ. 37).
 
________________

უეჭველად, თანამედროვე კაცისთვის არცთუ იოლია ჩაწვდეს IV მსოფლიო კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრების საღვთისმეტყველო სიღრმეს და წმ. ლეონ დიდის ტომოსს, ისევე როგორც პრინციპულად საკმაოდ რთულია გავერკვეთ მართლმადიდებელთა პოლემიკაში ანტიქალკიდონიტებთან. "მაგრამ როგორ მივუახლოვოთ ხალხურ გაგებას განსხვავება "ბუნებას" (φύσις) და "იპოსტასს" (ὑπόστασις) შორის, რომელიც თვით უფრო განათლებულ ადამიანებსაც კი უფრო ალღოთი ესმით?" - სვამს კითხვას პროფ. ვ. ვ. ბოლოტოვი. "ერთი სიტყვით, - ასკვნის იგი, - მხოლოდ მაღალგანათლებულ აზრს შეეძლო შეგნებული ინტერესით დაკვირვებოდა ჩვენ მიერ განსახილველ დავას ორ ბუნებასთან დაკავშირებით" (ვ. ვ. ბოლოტოვი. დასახ. შრ. გვ. 315). მაგრამ, ამის გარდა, მაცხოვნებელი სიმართლის მეძიებელს ყოველთვის უეჭველ დახმარებას უწევდა ეკლესიის ცხოვრებისეული გამოცდილება, ის გამოცხადებები და შეგონებები, რომლებსაც უფალი აძლევდა თავის ღმრთითრჩეულთ.
 
თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გასაგები რომ იყოს წმ. პაპ ლეონის ტომოსის და IV მსოფლიო კრების ოროსის მნიშვნელობა მართლმადიდებლობისთვის, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაგვერთო ისტორიულად სანდო თხრობანი მოციქულ პეტრეს მიერ წმ. ლეონ დიდის ტომოსის სასწაულებრივი ჩასწორების შესახებ და ასევე წმ. დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაული IV მსოფლიო კრებაზე.
 
გარდა ამისა, ზოგიერთი მონათხრობი სულიერი მდელოდან, რომელიც შედგენილია წმ. სოფრონ იერუსალიმელის მიერ და, მოწმობს იმაზე, რომ თვით მონოფიზიტობაც სევეროზ ანტიოქიელის ინტერპრეტაციაში (სწავლება ქრისტეს ერთიანი შედგენილი ბუნების შესახებ) უცილობლივ მიდის სამარადისო წარწყმედამდე. შეიძლება ადამიანური ცნობიერების პოზიციიდან გაუთავებლად ვიდავოთ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებზე, მაგრამ გამოცხადება, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ წმინდანებს, არასოდეს კარგავს თავის ძალას, და უთითებს იმაზე, თუ სად არის მოცემული დამღუპველი ცრუბრძნობა, და სად დაუზიანებელი ჭეშმარიტება.
 
მაგრამ, რადგან სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა წვდომა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ სპეციალურ დამატებაში გამოგვეტანა თავები ღირ. იოანე დამასკელის "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემიდან", ასევე ზოგიერთი თავი მისი სხვა ნაშრომიდან "ცოდნის წყარო. ფილოსოფიური თავები". ამით ჩვენ მივდევდით ერთ მნიშვნელოვან მიზანს - მკითხველისთვის მიგვეცა მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის ძირითადი დოგმატური სწავლებების გაცნობისა და შეთვისების შესაძლებლობა, რომელთა გარეშე სრულიად შეუძლებელია სწორად და ზუსტად გავიგოთ ეკლესიის სწავლება წმიდა სამების მეორე პირზე.
 
ეკლესიის მამათა მიერ მიღებული შემეცნებით-ფილოსოფიური აპარატის გარეთ საკუთარი ბრძნობით ფილოსოფიური ნაგებობების აშენების მცდელობა დამარცხებისთვის არის განწირული; ისინი მუდმივად გადაიხრებიან ერთი რომელიმე უკვე დაგმობილი მწვალებლობისკენ. ასე, მაგალითად, ღირ. იოანე დამასკელის სწავლების სფეროში ცხადი ხდება არამართლმადიდებლურობა და კრიპტონესტორიანელობა თეზისისა ღმერთ სიტყვის მიერ საკუთარ იპოსტასში დაცემული ადამიანური ბუნების მიღების შესახებ. ქრისტეს ადამიანური ბუნება, როგორც არავისი საკუთრება, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ სახეობას, მხოლოდ მისი (ქრისტეს) საკუთარი იპოსტასის ინდივიდუალური ბუნებაა (3).
________________
 
3. ღირ. იოანე დამასკელის თანახმად ტერმინი "ბუნება" შეიძლება აღნიშნავდეს ზოგად ცნებას, და როგორც ასეთს მას არ გააჩნია ნამდვილი რეალობა; მეორეც, შეიძლება აღნიშნავდეს სახეობას და ამ შემთხვევაში ბუნება საკუთარ თავში შეიცავს ამ გვარის ყველა ინდივიდუალურ იპოსტასს; მესამეც, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც კერძო, როდესაც დაკავშირებულია სახეობის ბუნებასთან, მაგრამ არ მოიცავს ყველა ინდივიდუალურ იპოსტასს. სიტყვა ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო სწორედ მესამე მნიშვნელობით. იხ. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 3, თ. 11 (55).
________________

ის არ აღიქმება, როგორც ერთგვარი მოცემულობა ვიღაცისგან, არამედ იქმნება და ახლადიქმნება სიტყვით საკუთარ იპოსტასში მარადისქალწულ მარიამის უბიწო და უწმიდეს სისხლთაგან (4) (Преп. Иоанн Дамаскин. Точное изложение Православной веры. Книга 3, гл. 7, с. 252), რომელშიც შეუქმნა საკუთარ თავს "გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი", განდევნა რა კაცთა ვნებისმიერი შობა, ცოდვის სნებოვნებასა და სიკვდილს რომ გადასცემს მემკვიდრეობით (5).
 
სრულიად წმიდა და უბიწო ადამიანური ბუნება ქრისტეში გახდა შემძლე მიეღო წმიდა ღვთაების სისრულე და გამხდარიყო "განწმენდის ამოუწურავი წყარო, ისე რომ ძალის უშრეტობით განებანა პირველმშობელთა შებილწვა, და საკმარისი ყოფილიყო ყველა შემდგომთა განსაწმენდად" (Свят. Григорий Палама. Омилии. М. «Паломник». 1993, Омилия 16, с. 156) (6).
________________

4. "და მაშინ ზედმოუჩრდილა მას უზენაესი ღვთის გვამოვანმა სიბრძნემ და ძალამ, ღვთის ძემ, თანაარსმა მამისამ, როგორც საღვთო თესლმა, და ქალწულის უბიწო და უწმინდეს სისხლთაგან შეუმტკიცა მან თავის თავს მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი, სათავე ჩვენეული ცომისა, - თუმცა არა თესლოვნებითად, არამედ შემქმნელობითად წმინდა სულის მიერ..." (იხ. Точное изложение православной веры. Книга 3, гл. 2, стр. 242) (ქართულ თარგმანში: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ორმოცდამეექვსე. ღვთის სიტყვის ჩასახვის რაგვარობისა და მისი საღვთო განხორციელების შესახებ. https://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/46.htm).
 
5. "რადგან ხორციელი ჟინი, არის რა დამოუკიდებელი ნებისგან და აშკარად მტრულია სულის კანონისა... მას თავიდანვე შემოაქვს განკითხვა, როგორც ხრწნადობას, და ასე წოდებული შობს, რა თქმა უნდა ხრწნილებისთვის..." (Григорий Палама. Омилии. М. «Паломник». 1993, Омилия 16, с. 155).
 
6. "უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. წიგნი 3, თ 17 (61). https://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/61.htm).
________________

შევუდგებით რა მოცემული წიგნის გადმოცემას, გამოვთქვამთ იმედს, რომ ის ჯეროვან სამსახურს გაუწევს ყოველ ჩვენგანს ჯანსაღი და აუცილებელი ბრძოლის საქმეში ძვირფასი მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად, რომელიც სამყაროს მაცხოვარმა ქრისტემ სამარადისო ნეტარი ცხოვრების მისაღწევად გვიბოძა.


***


სომხები - ერთ-ერთი კეთილშობილი და გმირი ხალხია, რომლებმაც ბრძოლისა და დიდი მსხვერპლის ფასად მოიპოვეს ისტორიული არსებობის უფლება. სწორედ ამ მხრივ ბერძნები სომხებს დიდი სიმპათიით ეპყრობიან, რადგან შეგნებული აქვთ, რომ ჩვენ მივდივართ ერთობლივი გზით, რადგან, როგორც ისტორიულად, ასევე ურთიერთ თანამშრომლობით ცხოვრების სხვა ასპექტებში, ყველაზე უმეტესად კი იმიტომ, რომ სომხები არიან ქრისტიანები.

მაგრამ არსებობს ერთი სხვა ხასიათის საკითხი, რომელსაც კავშირი აქვს უშუალოდ სომეხთა საეკლესიო ცნობიერებასთან: ამის გამო და გადმოცემის თანახმადაც ეს უკანასკნელები განიხილებიან, როგორც მწვალებელი-მონოფიზიტები. ეს მხოლოდ ჩვენს დროებაში, როდესაც ყველაფერი შეფარდებითი ხდება, შეგნება ჩლუნგდება და გადმოცემა ვეღარ ასრულებს გადამწყვეტ როლს, იზრდება ტენდენცია მისი დაფარვისადმი, დავიწყებისადმი, მისდამი არასერიოზული დამოკიდებულებისადმი, და სხვა მოწმობით შეცვლისადმი.

ქრისტიანული ეკუმენიზმის ფარგლებში ეს ახალი მოწმობა ცდილობს ყოველმხრივ წაშალოს და გაანადგუროს არსებითი განსხვავებანი, და პირიქით, გიგანტურ ზომებამდე გაზარდოს მართლმადიდებლობისა და მწვალებლობის მსგავსობის აზრი. ამ აზრის მიღება ნიშნავს ყოველივეში მართლმადიდებლურად ვაღიაროთ სომხეთის ეკლესია, ისევე როგორც ჩვენი, და განსხვავებები, რომლებიც გვყოფენ, თითქოსდა არის უმნიშვნელო და არაარსებითი ხასიათის. ეს შეხედულება დღეისთვის ქმნის განსაკუთრებულ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს დიალოგი მართლმადიდებლურ და ანტიქალკიდონურ ეკლესიებს შორის, და რომელთაც ეკუთვნიან სომხებიც.

არიან თუ არა ანტიქალკიდონიტები მართლმადიდებლები? შევეცდებით ამ კითხვას პასუხი გავცეთ წინამდებარე თავში. სპეციალურად, დავეფუძნებით რა წმ. ფოტიოს დიდის სწავლებას, შევეცდებით გავარკვიოთ საკითხი - არის თუ არა სომხეთის ეკლესია მართლმადიდებლური. წინამდებარე თავი წარმოდგენილია მოხსენების სახით, რომელიც წარდგენილი იყო 1994 წელს უკვე ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის ორგანიზებასაც თესალონიკის სამიტროპოლიო აწყობს. იმ წელს ეს თემა უმთავრესი იყო, კონფერენცია მიეძღვნა წმ. ფოტიოს დიდის პიროვნებას და შრომებს. კონფერენციაზე მოხსენება წარდგენილი იყო სახელწოდებით: "წმიდა ფოტი და სომხების შემოერთება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან".


1. სომხეთის ეკლესიის დაარსება და ჩამოყალიბება

სომხებმა, მათი გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობა მოციქულ თადეოსისგან (ლებეოსი) (იხ. მათე 10:3 – "აპოკ." რედ.) და ბართლომესგან მიიღეს. სწორედ ისინი მიიჩნევიან სომხეთის ეკლესიის დამფუძნებლებად (7).
_______________
 
7. იხ. მალაქია ორმანიანი, სომხეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1896-1908). Малахия Орманиан (1841-1918). Армянская церковь, ее история, учение, управление, внутренний строй, литургия, литература, ее настоящее. М. 1913, с. 11. "საზოგადოდ მიღებული ქრონოლოგია წმ. თადეოსის სამოციქულო მისიას განუკუთვნებს რვაწლიან პერიოდს (35 წ-დან 43 წ-მდე.), ხოლო ბართლომეოსის მისიას თექვსმეტწლიან პერიოდს (44 წ-დან 60 წ-მდე)"
 
_______________

ის, რომ ქრისტიანობა სომხეთში ქადაგებული იყო უკვე მოციქულთა დროს, ისტორიული ჭეშმარიტებაა. ის განუწყვეტლად არსებობდა ადგილ-ადგილ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავრცელება შეზღუდული იყო და მართალთა მცირერიცხოვანი თემებით შემოიფარგლებოდა, ისტორიულად ცნობილი საეკლესიო ორგანიზაციის არსებობის გარეშე.
 
სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ასეთი შეზღუდვა პირველ საუკუნეებში შეიძლება გავამართლოთ წმ. გრიგოლ პართეველის ღვაწლით, რომელმაც უკვე სამი საუკუნის შემდეგ მთელი თავისი საქმიანობა მიმართა ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტიანიზაციისკენ და ეკლესიის მოწყობისკენ ბერძნული სასულიერო დასის დახმარებით, რომელიც მას ახლდა კესარია-კაპადოკიის არქიეპისკოპოს ლეონტისგან 302 წელს საეპისკოპოსო ქიროტონიის მიღების შემდეგ.
 
კესარიაში წმ. გრიგოლი ადრეც ყოფილა, როდესაც მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დახსნილ იქნა სპარსთა თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტისგან; იქ მან მიიღო ბერძნული განათლება და გაქრისტიანდა. სპარსებმა დაიპყრეს სომხეთი III ს-ის პირველ ნახევარში და იქ ძალდატანებით დანერგეს სპარსული რელიგია. წმ. გრიგოლმა თავისი სამოციქულო მისია სომხეთში, სადაც ის დაბრუნდა, დაიწყო ქრ. შ.-დან 261 წელს. მისი საქმიანობა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მან ქრისტიანულ რწმენას აზიარა სომხეთის მეფე თრდატ III, რომელმაც ქრისტიანობა ქვეყნის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოაცხადა.
 
ამგვარად, სომხეთი გახდა პირველი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელმაც, ღმრთის განგებით, მცირე დროში წააქეზა იმპერატორი კონსტანტინე დიდი სახლმწიფო რელიგიად ეღიარებინა ადრე დევნილი ქრისტიანობა და შეექმნა პირველი და მსოფლიო ისტორიაში ერთიანი საყოველთაო ქრისტიანული სახელმწიფო.
 
ყოველ შემთხვევაში, წმ. გრიგოლი გახდა სომეხთა "განმანათლებელი", როგორადაც აღიარებს მას საეკლესიო ცნობიერება და ისტორიული მეხსიერება. მან სომხეთის ეკლესია დაუკავშირა კესარია-კაპადოკიის ეკლესიას, რომლისგანაც გარკვეულწილად იყო კიდევაც დამოკიდებული. ეს ეკლესია (კესარია-კაპადოკიის - "აპოკ." რედ.) IVს-ის შუა წლებში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრი იყო, რომლის ცნობილი კათედრა დაამშვენა მასზე მოწოდებულმა და სიბრძნით და ღვთისმეტყველებით განთქმულმა პატრიარქი ფოტიმ.
 
სომხეთში წმ. გრიგოლის ქადაგების წარმატებებით შთაგონებულმა წმ. ათანასე დიდმა 318 წ. დაწერა ქრისტეს ტრიუმფის შესახებ, რომელსაც დაემორჩილა ისეთი მიუწვდომელი ოლქის ხალხიც კი, როგორებიც იყვნენო სომხები.
 
ქალკიდონის IV მსოფლიო კრებამდე (451 წ.) სომხები იყვნენ ერთი, წმიდა და სამოციქულო ეკლესიის წევრები. მისი წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ მსოფლიო კრებაში, რომელთა დადგენილებებს დღემდე მისდევენ, მიიჩნევენ რა მათ მსოფლიო კრებებად. მათში განვითარდა ღვთისმსახურება, ღვთისმეტყველება, ბერ-მონაზვნობა, ეკლესიის მმართველობა საეკლესიო ცხოვრების სხვა სფეროებთან ერთად. 428 წელს მათ ქვეყანაზე სპარსელთა მორიგი თავდასხმისა და სპარსეთის შემადგენლობაში მისი ჩართვის შემდეგ პატრიარქი ისააკ დიდი (378–439) ყველა ღონეს მიმართავდა, რათა უცხოტომელთა ოკუპაციას შექმნოდა გარეგანი წინააღმდეგობა სომეხთა სულისკვეთების, თვითშეგნების და საეკლესიო რეფორმების გატარების გზით. დაცვა განსაკუთრებით გამოვლინდა მესროპ მაშტოცის მიერ, რომელმაც შექმნა 36 ასოსგან შექმნილი სომხური ალფავიტი, რითაც დასაბამი მიეცა სომხური ფილოლოგიის განვითარებას.
 
მესროპი, სომეხთა ეროვნული ანბანის შემქმნელი, შემდეგში სომხეთის პატრიარქი გახდა. მან ძირითადად ბერძნულიდან და სირიული დედნებიდან გადათარგმნა წმიდა წერილი და ეკლესიის მამათა თხზულებები. მესროპი გარდაიცვალა 440 წელს, ქალკიდონის IV მსოფლიო კრებამდე 11 წლით ადრე, რომელიც შეიცავს სარწმუნოებრივ განსაზღვრებას, საფუძველი რომ დაუდო უთანხმოებას სომხურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის.


2. საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფა
 
სომხები, რომლებიც სპარსელებთან სამხედრო კონფლიქტში იყვნენ ჩართულნი, მიუხედავად IV მსოფლიო კრების სხდომათა ხანგრძლივობისა, მონაწილეობას არ იღებდნენ ქრისტოლოგიასთან დაკავშირებულ საღვთისმეტყველო დავებში, მათ ასევე ვერ შეძლეს მალევე გაეგოთ კრებაზე არსებულ საღვთისმეტყველო პრობლემათა და იმ დაძაბულ მღელვარებათა შესახებ, რომლებმაც კრება ევტიქის მონოფიზიტობის დაგმობამდე და ნესტორის დაგმობის განახლებამდე მიიყვანა.
 
სომხებში სირიის მონოფიზიტ ეპისკოპოსთა გავლენით ჩამოყალიბდა აზრი, რომ IV მსოფლიო კრება მონოფიზიტობის დაგმობით ნესტორის უარყოფილ დიოფიზიტობაში (სწავლება ორი ბუნების შესახებ - მთარგმნ.) შთავარდა, რომელიც მონოფიზიტური მწვალებლობის სრულიად საპირისპირო მწვალებლობაა. მაგრამ IV ს-ის სარწმუნოებრივი განსაზღვრებიდან აუცილებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ის მიდიოდა საშუალო და სამეუფო გზით, ნესტორის გაყოფილ ქრისტოლოგიასა და ევტიქის აღრევას შორის, განამტკიცებდა რა ერთობის მართლმადიდებლურ ქრისტოლოგიას იმ განსაზღვრებით, რომ ქრისტეს ერთ იპოსტასში შეურევნელად, უცვალებლად და განუყოფლად შეერთდა ორი ბუნება.
 
სომხები კონტექსტიდან ამოგლეჯით და არაზუსტად განმარტავენ წმ. კირილე ალექსანდრიელის ცნობილ გამონათქვამს: "განკაცებული სიტყვის ერთიანი ბუნება" (τὴν μίαν φύσιν τοῦ Θεοῦ Λόγου σεσαρκωμένην), და სწამთ, რომ კრებამ რომის წმიდა პაპ ლეონის ნესტორიანული სწავლების ზეგავლენით უარყო წმ. კირილეს სწავლება, გააუქმა III მსოფლიო კრების დადგენილებები და შეიწყნარა ნესტორიანელობა, რომელიც კრებამ ევტიქიანელობასთან ერთად დაგმო.
 
ყოველ შემთხვევაში, მოხდა ისე, რომ სომხეთში მონოფიზიტობამ იმარჯვა, ხოლო IV მსოფლიო კრება უარყოფილ იქნა. ასეთი დამოკიდებულება შემდეგ გამყარდა სომხეთის ეპისკოპოსთა კრებით ვანკარშაპათში (491 წ.) და დვინში (527 წ. ან 535 წ.). მიუხედავად ამისა, სომხებს შორის იყვნენ ქალკიდონის კრების მომხრეებიც, როგორიც იყო, მაგალითად, იოანე მანდაკუნი (478-490) და ამის შემდეგაც რამოდენიმე კათოლიკოსი, რომლებიც აღიარებდნენ IV მსოფლიო კრებას და უარყოფდნენ მონოფიზიტობას.
 
ასეთ კათოლიკოსებს არაერთხელ უცდიათ გაერთიანება ვიდრე კონსტანტინოპოლის დაცემამდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მცდელობამ სომხები ვერ შეაერთა მართლმადიდებლურ ეკლესიას, სომხების მნიშვნელოვანი რაოდენობა მაინც შედიოდა საეკლესიო ნავთსაყუდელში და ეკლესიაში იმყოფებოდა. ასე, მაგალითად, VI ს-დან მარტო პალესტინაში მართლმადიდებლობისკენ მოექცა უამრავი სომეხი. ბერი ნიკონ მავრორიტისი (XI ს.) გადმოგვცემს, რომ წმ. საბა განწმენდილმა ნება დართო სომეხ მონაზვნებს "სომხურად ეგალობათ საეკლესიო წეს-განგება", სამწმიდაო საგალობელის გარდა, რომლის გალობა განწესებული იყო ბერძნულ ენაზე, რათა თავი აერიდებინა პეტრე კნაფევსის არასწორი თეოპასხიტური დამატებისთვის ("რომელი ჯვარს ეცვ ჩვენთვის").
 
ბერძნულ ცენტრებში მცხოვრები სომხების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ მისდევდა მონოფიზიტობას, არამედ მართლმადიდებლებად რჩებოდა, მაშინ როდესაც სხვა სომხები მართლმადიდებლობას სხვაგვარად უერთდებოდნენ. ყველა მათგანს სომეხ-ბერძენი (ჰაიჰურუმ) ეწოდებოდა. სწორედ სომეხთა ამ ნაწილს მიეკუთვნებოდნენ სომხური წარმოშობის იმპერატორები და იმპერატრიცები, ასევე მხედართმთავრები და ბიზანტიის იმპერიის სხვა გამოჩენილი პიროვნებები, ისევე როგორც ეკლესიის წმინდანები.
 
სომეხი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ 1915 წელს თურქთა მიერ სომეხთა ცნობილ ხოცვა-ჟლეტამდე მცხოვრები ჰაიჰურუმები (სომეხ-ბერძნები) ქალკიდონიტი სომხები იყვნენ. ამასთან ბერძენი ისტორიკოსები მათ სომხურად მოლაპარაკე ბერძნებად მიიჩნევენ, რომელთაც სომხებთან საერთო მხოლოდ ენა ჰქონდათ, თვითონ კი მიეკუთვნებოდნენ ქსენოფონტესა და ალექსანდრე დიდის ჯარისკაცთა ნარჩენებს (იხ. Архимандрит Василий Стефанидис. Церковная история с древних времен до наших дней. (Ἐκκληαστική Ἱστορία ἀπ᾿ ἀρχῆς μέχρι σήμερον, Ἀθῆναι 1959, σελ. 243. Χ. Μ. Μπαρτικιάν, Ἑλληνισμός καί Ἀρμενία, Ἀθῆναι 1991, σελ. 63–65).)


3. მყარი დამოკიდებულება სომხებისადმი, როგორც მწვალებლებისადმი

სომეხი არაქალკიდონიტები, ანუ ისინი, რომლებიც უარყოფენ IV მსოფლიო კრებას, ამასთან ერთად კი ყველა მომდევნო მსოფლიო კრებებს, მთელი ისტორიის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესიიდან მათი გამოყოფისა და მონოფიზიტობისკენ მიდრეკის შემდეგ, სრულიად განსაზღვრულად და უცვალებლად განიხილებიან, როგორც მწვალებლები. მათდამი ასეთი დამოკიდებულება, როგორც ვნახავტ, ჰქონდა წმ. ფოტიოს დიდსაც, რომელიც, რა თქმა უნდა, ცდილობდა სომეხთა დიდი ნაწილი როგორმე მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა.
 
საკუთრივ სომხები აღიარებენ თავიანთ მონოფიზიტობას, როდესაც მას მართლმადიდებლურ დიოფიზიტობას უპირისპირებენ, რომელსაც მწვალებლობად მიიჩნევენ, რადგან მას ნესტორისეულ (გაყოფილ) დიოფიზიტობასთან აიგივებენ (8). სომხებისადმი, როგორც მწვალებლებისადმი ამგვარი სრულიად გამყარებული დამოკიდებულების საჩვენებლად საკმარისია თუნდაც ასეთი ფაქტი.

_______________
 
8. "შედეგად, სომხური ეკლესია მხარს უჭერს ეფესოს კრების მონოფიზიტიზმს (სწავლებას ერთარსობის შესახებ), რომელიც საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რასაც ევტიქი იცავდა" (მალაქია ორმანიანი. Малахия Орманиан, бывший Константинопольский патриарх. Армянская церковь. М. 1913, с. 99).

_______________
 
იოანე კიტროსელის (ბერძნ.: Ἰωάννης Κίτρου; XII ს. - XIII ს. დასაწყისი) დირაქიელ ეპისკოპოს კონსტანტინე კაბასილასისადმი მიწერილ კანონიკურ პასუხებში დასმულია შეკითხვა: "ნებას აძლევთ თუ არა ამ ქალაქებში მცხოვრებ სომხებს თავისუფლად აშენონ ეკლესიები თუ საჭიროდ თვლით ეწინააღმდეგოთ მათ, თუკი ისინი თავიანთი ნებისამებრ იქცევიან?" ის პასუხობს, რომელიც ერთი მხრივ უთითებს ბიზანტიის იმპერიის ზენაციონალურ საყოველთაო სულზე, მაგრამ მეორე მხრივ, იღებს სოტერიოლოგიურ ხასიათსაც, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულიდან მომდინარეობს.
 
ამ პოზიციის თანახმად აუცილებელია თავი ავარიდოთ მართლმადიდებელთა და მწვალებელთა შერევას იმგვარად, როგორც თვითონ წერს: "შეჭირვებასა და შეზღუდვებში უნდა გაიგონ, რომ უარყოფილნი არიან მათი დაგმობილი მწვალებლობის გამო. მეორე, ნელ-ნელა ქრისტიანებთან კერძო საუბრების მეშვეობით ვუბიძგოთ ცვლილებებისკენ, თუ ყველას ვერა, იმათ მაინც, ვინც შეიყვარა ცხონება".
 
დიდ ინტერესს წარმოადგენს ეს პასუხი სრული სახით, რომელიც ასე გამოიყურება: "ქრისტიანულ ქვეყნებსა და ქალაქებში ოდითგანვე სხვა ენებისა და სხვა სარწმუნოების (იუდეველები, სომხები, ისმაილიტელნი, აგარიანელები და სხვები) ცალკე ცხოვრობდნენ, და არ ერეოდნენ ქრისტიანებს. ამიტომაც ასეთი ადგილებს განუსაზღვრავენ ამგვარ ტომებს ან ქალაქში ან კიდევ ქალაქგარეთ ისე, რომ ისინი იქ იყონ მიწერილნი და მათი საცხოვრებელი ამ ადგილების ფარგლებს არ სცილდებოდეს. ასეთი რამ მოიფიქრეს ძველმა მეფეებმა, როგორც ვფიქრობ, სამი მიზეზით:
 
ჯერ-ერთი, იმისთვის, რათა ამგვარი შევიწროვებული და განცალკევებული საცხოვრებელი ადგილით მათ შეიგნონ, რომ უარყოფილად მიიჩნევიან მათი დაგმობილი მწვალებლობის გამო.
 
მეორეც, რათა ნელ-ნელა, ქრისტიანებთან კერძო საუბრების მეშვეობით ვუბიძგოთ ცვლილებებისკენ, თუ ყველას ვერა, იმათ მაინც, ვინც შეიყვარა ცხონება.
 
მესამეც, რათა ვისაც ეს სჭირდება, ისარგებლოს მათი მიღწევების ნაყოფით.
 
და აი, სომხებიც იმ ადგილას, სადაც ისინი არიან მიწერილნი, აშენებენ ტაძრებს, ასრულებენ მათი სწავლების შესაბამის მსახურებას და რჩებიან უცვლელნი. იგივე ეხება იუდეველთ და ქრისტიანულ ქალაქებში მცხოვრებ არაბებს. თუკი ისინი დაარღვევენ მათთვის გამოყოფილი ადგილების საზღვრებს, არა მარტო თვითონ გადაეყრებიან წინააღმდეგობას, არამედ მათი საცხოვრებლებიც, როგორიც გინდ იყოს, დაინგრევიან. მოხერხებული და უსაფრთხო ცხოვრება ამ ადგილებში დიდი ხანია მოშლილია" (Γ. Ράλλη – Μ. Ποτλῆ, Σύνταγμα τῶν θείων καί ἱερῶν κανόνων, Ἀθῆναι 1855, τόμ. 5, σελ. 415).
 
ასეთი მიდგომა იყო გაბატონებული მართლმადიდებლურ ეკლესიაში სომხებთან, როგორც მონოფიზიტ მწვალებლებთან მიმართებაში და ასეა ეს ჩვენს დრომდე. ცნობილი ისტორიკოსი არქიმანდრიტი ბასილი სტეფანიდისი, რომელიც მიიჩნევს, რომ სირია არის ადგილი, სადაც თავიდანვე გაბატონდა ნესტორიანელობა, თავის საეკლესიო ისტორიის სახელმძღვანელოში სომხების შესახებ წერს: "... იმავე ადგილს განეკუთვნება ნესტორიანელობის საწინააღმდეგო მწვალებლური მონოფიზიტური სწავლება" (Архимандрит Василий Стефанидис. Указ. Соч., с. 220). მოცემულ ადგილას ის წერს მონოფიზიტობის უკიდურეს გამოხატულებაზე - ევტიქიანელობაზე, რომელსაც მიაკუთვნებს ამისთვის არგაკიცხულ სომხებს და სხვა ანტიქალკიდონიტებსაც. ამით ის მართლმადიდებლებს სომეხთა მცდარი შეფასებისკენ უბიძგებს, როგორც თითქოსდა მონოფიზიტებისკენ, მაგრამ ისინი წარმოადგენენ სევეროსის მიმდევარ ზომიერ მონოფიზიტებს, რომელსაც ისინი წმინდანად და თავიანთ მოძღვრად მიიჩნევენ, რითაც იმადვე, თუნდაც ზომიერ, მაგრამ მაინც მონოფიზიტებად რჩებიან. თავისი ისტორიის სახელმძღვანელოს დასაწყისში, არქიმანტრიდი ბასილი სტეფანიდისი სომხების შესახებ წერს: "სომხებს, მონოფიზიტობის იდეის გამოკლებით, გააჩნია შემდეგი განსხვავებები", რომელთა შესახებაც მსჯელობს შემდეგ (Указ. Соч., с. 413).


4. ახალი არამართლმადიდებლური დამოკიდებულება სომხური ეკლესიისადმი, როგორც მართლმადიდებლურისადმი
 
საკმაოდ საინტერესოა ის, რომ 19 ს-ის მიწურულიდან დაიწყეს იმგვარი აზრის ჯიუტად დამკვიდრება, რაც ადრე, მრავალი საუკუნის განმავლობაში მიღებულის სრულიად საწინააღმდეგოა, და ყველა დიდი წმინდანის მიერ იყო დაფიქსირებული. ეკლესიის მამათა ამ დასში იმყოფება წმ. ფოტიოს დიდიც, რომელიც თავისი შრომებით ეკლესიის გადმოცემას გამოხატავს და აფიქსირებს.
 
ამ ახალი თვალსაზრისის მიხედვით სომხები თავიდანვე, ისევე როგორც სხვა ანტიქალკიდონიტი მონოფიზიტები: სიროიაკობიტები, კოპტები და ეთიოპები, რომლებთანაც ერთობას ინარჩუნებს სომხეთის ეკლესიაც, - თითქოსდა არ არიან მონოფიზიტები, და, შედეგად, ისინი სულაც არ არიან ერეტიკოსები, არამედ, როგორც ჩვენ, შეიცავენ მართლმადიდებლურ რწმენას. წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიიდან გამოყოფა და მისგან განდგომა არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ საღვთისმეტყველო მიზეზებით, ანუ მათი და ჩვენი სარწმუნოების განსხვავებით. მომხდარი გამოყოფა შეიძლება განმარტებულ იქნას ძირითადად ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზებით და ქრისტოლოგიური განსაზღვრებების სხვადასხვა გაგების პოზიციიდან (9).
 
______________________
 
9. მოცემული თვალსაზრისი თავის გამოჩენას უნდა უმადლოდეს ათანასე არვანიტისის (Ἀθ. Ἀρβανίτη) სტატიას "Армения" (Ἀρμενία). Энциклопедии по религии и нравственности ("სომხეთი". რელიგიისა და ზნეობრიობის ენციკლოპედია) (т. 3, сс. 167–195), რომელიც, გადმოსცემს რა სომხური ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, ამართლებს სომხების უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ევტიქიანელებისა და მონოფიზიტების დახასიათება ეძლევათ. არსებული დოგმატური სწავლების საპირისპიროდ, სომხეთის ეკლესიის გამოყოფას ის წარმოგვიჩენს მხოლოდ გარეპოლიტიკური მიზეზის პოზიციიდან: "უარი მიეღოთ ქალკიდონის კრება, როგორც IV მსოფლიო კრება, მხოლოდ უბედური შემთხვევაა, რომელიც გამოწვეული იყო მთელი ეკლესიისგან სომხეთის ეკლესიის გამოყოფით. ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას, როგორც ეს ნაწილობრივ უკვე აღვნიშნე, უმეტესწილად, პოლიტიკური ანომალიებით, რომელთა გამო სომხეთის ეკლესიას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო კრების გადაწყვეტილებებში. ზუსტად ასევე იმპერატორ მარკიანესა და იმპერატრიცა პულქერიასადმი უკმაყოფილებით, რომლებმაც დახმარება არ აღმოუჩინეს სომხებს სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამ კრების თანახმად სომხები გადასცეს ანათემას, ანუ უფრო ეფუძნებოდნენ გარეპოლიტიკურ მიზეზებს, ვიდრე დოგმატურს". გვ. 191.
 
______________________
 
შედეგად, მომხდარის გამო ბრალი მთლიანად ეკისრება ბიზანტიას, რომელიც მტრულ პოლიტიკას ეწეოდა სომეხი ერისადმი და იძულებული იყო განეცალკევებინა იგი ერთიანი მართლმადიდებლური იმპერიისგან. ასევე ბრალი ედება ორივე სახელმწიფოს ღვთისმეტყველებს, რომლებმაც გამოიჩინეს უძლურება არსებული ტერმინოლოგიური (ლექსიკური) განსხვავებების გადალახვისა და ნამდვილი ურთიერთგაგების მიღწევის საქმეში.
 
მსგავს შეფასებებს თუ მივყვებით, მაშინ ადვილად შეიძლება ვთქვათ, რომ არა მაშინ, არამედ სწორედ ახლა უკავიათ საღვთისმეტყველო პრინციპებს უმთავრესი ადგილი ღვთისმეტყვლებაში. იმ დროს სარწმუნოებრივი ერთობა, როგორც ეკლესიოლოგიის ფუნდამენტური მოთხოვნა, ქრისტიანულ სახელმწიფოებში ნამდვილი ერთობის საფუძვლად იყო აღიარებული.
 
ასეთი სახელმწიფო მასთან ერთობის პირობად ითხოვდა ერთობას ეკლესიასთან. ახლა კი, როდესაც მთელი სამყარო გახლეჩილია მრავალრიცხოვან სახელმწიფოებრივ ერთეულებად, მსგავსი შეხედულება ამგვარ გაერთიანებაზე ფასდეება როგორც მიუღებელი და არათეოლოგიური.
 
იგივე თვალსაზრისი ინერგება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ჩარჩოებშიც. მის თანახმად აუცილებელია, რათა ეკლესიები დაემორჩილონ სახელმწიფოებრივ ძალაუფლებას და დაექვემდებარონ სეკულარულ ღვთისმეტყველებას (τόν κόσμο θεολογικά), რათა გაერთიანდნენ წინასწარი პირობების გარეშე, რაც უზრუნველყოფდა ერთობას რწმენასა და ჭეშმარიტებაში (ერთობა ჭეშმარიტებაში ἓνωσις ἐν τῇ ἀληθείᾳ), მაგრამ ისე, რომ შენარჩუნებული იყოს მათი საკუთრივი განსხვავებანი (შეერთება სიცრუეში ἓνωσις ἐν ψεύδει), რადგან ამგვარი თვალსაზრისის თანახმად, ის გამოიხატებოდა და გამოიხატება განშტოებათა ცნობილი თეორიით და სხვა უახლესი თეორიებით, რომელთაგან ყოველი არსებული ეკლესია არ არის მართლმადიდებლური და ამიტომაც არა აქვს უფლება წარადგინოს პრეტენზია, რომ მხოლოდ ის არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის მემკვიდრე. სწორედ ასეთმა წარმონაქმნმა უნდა გააერთიანოს ერთ ხეში ყველა განცალკევებული ეკლესია, როგორც ამ ხის ტოტები.
 
უეჭველია, რომ ყველაზე ლიტონმა გლეხმაც კი, რომელიც არ ფლობს ამ თეორიის ავტორთა სიბრძნეს, იცის, რომ როდესაც ხეს მოატყდება ერთი ტოტი და მოაკლდება მისი მაცოცხლებელი წყლები, რომელიც ცირკულირებს მთელ ხეში, ასეთი ტოტი გახმება. თუკი მას, სანამ გახმებოდეს, დარგავენ და კვირტებს გამოიყრის, მაშინ ეს იქნება სხვა ხე. ხოლო ტოტი, რომელსაც ეკლესიის ხის გვერდით რგავენ, და რომელიც მას არ ეკუთვნის, არამედ "იძლევა კვირტებსა და ყლორტებს", არიან მწვალებლობები.
 
მკაცრი და სერიოზული დამოკიდებულება სარწმუნოებრივი განსხვავებებისადმი დღეს ფასდება შუასაუკუნეობრივ პოზიციად და მანერად, რომლებიც უკომპრომისოა თავისი აზროვნებით. ჩვენს დროში მსგავსი შეხედულებები მთლიანობაში განიხილება, როგორც ფანატიკოსებისა და ზილოტების შეხედულება, რომელსაც რწმენის საკითხებში თავისი ჯიუტობით ყველასთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.
 
ნიმუშად მოჰყავთ ძმები კოპტები ეგვიპტეში, რომლებიც სრულიად მარტონი და დაუცველნი აღმოჩნდნენ მუსლიმებით სავსე ეგვიპტეში, ან კიდევ მართლმადიდებელთა უძლურება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რომელსაც შეეძლო უფრო ძლიერი ყოფილიყო მრავალრიცხოვან და საკმაოდ ძლიერ პროტესტანტებთან შედარებით, თუკი გაერთიანდებოდნენ ანტიქალკიდონიტ მონოფიზიტებთან.
 
მაგრამ არასაღვთისმეტყველო მიზეზების გარდა, რომელსაც უყენებენ დროის ღვთისმეტყველებისადმი სეკულარულთა და ადაპტირებულთ, მოცემულ პოზიციაში არსებობს ერთგვარი უძირო საღვთისმეტყველო ეგოიზმი, რომელიც უცხოა მართლმადიდებლური ზნეობისა და ეკლესიის წმიდა მამათა სულისკვეთებისთვის. ეს უკანასკნელნი, ესოდენ ბრძენნი და ნიჭიერნი, ნამდვილი ფილოსოფოსები, რომლებმაც სიბრძნე ამა სოფლისგან კი არ მოიპოვეს, არამედ ქრისტესა და მოციქულთა სწავლებების, ასევე ეკლესიის გადმოცემის საფუძველზე და "ყოველივეში მისდევდნენ წმიდა მამებს", რითაც დატოვეს მსოფლიო კრებათა შეუცდომელი სარწმუნოებრივი განსაზღვრებები. ისინი არც კი ცდილობდნენ შეეცვალათ "საუკუნეობრივი საზღვრები, რომლებიც მამებმა დააწესეს" და სიახლეები დაენერგათ სარწმუნოებაში. სიბრძნე მათ ესმოდათ რწმენის გაძლიერებისადმი მსახურების აზრით, და არა იმაში, რათა მოეხდინათ გადატრიალებები. რწმენის ასეთი განმტკიცება ვლინდება წმიდა კრებათა და წმიდა მამათა სწავლებების ერთობაში.
 
ამასთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანია შენიშვნა, რომ შვიდ მსოფლიო კრებებს შორის არსებობს ისეთი ერთობა, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ შვიდი სხდომისგან შემდგარი ერთი კრების სახით. ამ კრებათაგან ყოველი მისდევს წინა კრებას, ხოლო მისი ჭეშმარიტება დასტურდება მომდევნო კრების მიერ, ასე რომ ყველა ერთად გამოხატავს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ჭეშმარიტებას.
 
სომხეთის და სხვა მონოფიზიტური ეკლესიების პოზიციებისადმი დათანხმება, რომ თითქოსდა IV მსოფლიო კრება წმ. რომის პაპ ლეონის გავლენით დაეცა ნესტორიანელობაში, ნიშნავს ყველა, როგორც წინამორბედი, ასევე შემდგომი კრების ერთობის დარღვევას. ეს იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველები, მეოთხე მსოფლიო კრების მამათაგან განსხვავებით, რომელთაც გული ატკინეს მონოფიზიტებს, რადგან მწვალებელთა კატეგორიას განაკუთვნეს ისინი, უფრო უნარიანი, ნიჭიერები და ჰუმანურები აღმოჩნდებოდნენ მონოფიზიტებთან დაკავშირებულ საღვთისმეტყველო განსაზღვრებათა მთლიან გაგებაში.
 
ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა იგივე გვეთქვა ღვთისმეტყველების გიგანტების, სახელგანთქმული მამების შესახებაც, რომლებიც მონოფიზიტობას სწავლობდნენ; ისეთების მიმართ, როგორებიც იყვნენ წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ღირ. იოანე დამასკელი და წმ. ფოტიოს დიდი. ისინი გამოხატავენ და აღბეჭდავენ ეკლესიის სწავლების მუდმივობას და ერთობას მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, როგორც ამ დროების ღვთისმეტყველების წარმომადგენელნი. ღირ. მაქსიმე აღმსარებელი მე-7 ს-ში, ღირ. იოანე დამასკელი მე-8 ს-ში და წმ. ფოტიოს დიდი - მე-9 ს-ში. როგორ არ გავითვალისწინოთ ის, რომ ესინი იყვნენ წმინდანები და სულიწმიდით გაბრძნობილები, რაც განასხვავებს კიდევაც მათ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, წუთისოფლის ამაოებაში მოფუსფუსე თანამედროვე ღვთისმეტყველებისგან.
 
მათ შექმნეს გნოსეოლოგიის გასაოცარი და უძლეველი იარაღი, რომელმაც ქმნა კიდევაც ისინი გიგანტებად და, რომელთა წინაშე თითოეული ჩვენგანი თავს ქონდრისკაცებად უნდა გრძნობდეს. და ამ გიგანტებმა როგორ ვერ შეძლეს გაეგოთ ანტიქალკიდონიტთა ქრისტოლოგია და სრულიად უსაფუძვლოდ აღმართეს მათზე ცილისწამებანი, როდესაც მწვალებლებად შერაცხეს ისინი, ჩვენ კი დღეს თურმე ყველაფერი ეკლესიის მამებზე ბევრად უკეთესად გვესმის, რადგან მონოფიზიტებს მართლმადიდებელთა ერთმორწმუნეებად მივიჩნევთ ისე, რომ არავითარი აუცილებლობაც კი არ არსებობს რაიმე საღვთისმეტყველო დიალოგში და უფრო მარტივად არის შესაძლებელი მათთან ერთობის გამოცხადება.
 
მაგრამ მაინც, შევხედოთ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სომხეთის ეკლესიისადმი წმ. ფოტიოს დიდს. თუკი წმინდანის შესაბამის შრომებს დავეყრდნობით, აუცილებელი გახდება გავაკეთოთ სრულიად კონკრეტული დასკვნა: მისი აზრი უცილობლივ მიგვიყვანს სიღრმისეულ გადატრიალებამდე იმ მიმართულებებსა და დასკვნებში, რომლებიც გაკეთდა მართლმადიდებელ ეკლესიათა და ანტიქალკიდონიტთა საღვთისმეტყველო დიალოგების პროცესში. სწორედ ამ მიზეზით, წმ. ფოტიოსის შრომათა საკმაოდ დიდი მოცულობისდა მიუხედავად, საკმაოდ მნიშვნელოვანია შევიგნოთ, რომ აუცილებელია ერთი ვრცელი მოხსენების დაწერა ან დამოუკიდებელი პუბლიკაციის დაბეჭდვა კონსტანტინოპოლელი წმინდანის აზრთა შესახებ სომხეთის ეკლესიაზე. სწორედ ამიტომაც მოცემულ ნაშრომში შემჭიდროვებული სახით არის წარმოდგენილი წმიდა ფოტიოს დიდის ძირითადი შეხედულებები.


5. თანამედროვე საღვთისმეტყველო დიალოგი ანტიქალკედონიტებთან უარყოფს მართლმადიდებლურ გადმოცემას. დოგმატური არევ-დარევა

ყოველ შემთხვევაში, დღეს გაჩნდა აუცილებლობა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იყენებენ ყოველგვარ ძალისხმევას სრულიად ახალი დახასიათება მიეცეს სომხებს და სხვა ანტიქალკედონიტებსაც; წარმოადგინონ ისინი არა მონოფიზიტებად და არა მწვალებლებად, არამედ მართლმადიდებლებად. თუკი ადრე ასეთი თვალსაზრისი არსებობდა მხოლოდ, როგორც კერძო შეხედულება და არანაირი წონის არმქონე საღვთისმეტყველო აზრი, რის გამოც არავინ იყო შეშფოთებული ამ საგნით, ჩვენს დღეებში ის წარმოადგენს მთავარ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს მართლმადიდებელ ეკლესიათა ოფიციალური დიალოგი მონოფიზიტებთან (10).
 
_________________
 
10. რმე-ს წმიდა სინოდის ზაფხულის სესიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება განეახლებინათ დიალოგი ანტიქალკედონურ ეკლესიებთან, რომელიც ადრე შეჩერებული იყო მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპული უთანხმოების გამო ანტიქალკიდონიტებთან მონოენერგიზმის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც VI მსოფლიო კრებამ დაგმო, მაგრამ შეთვისებულ იქნა სევეროზ ანტიოქიელის მიმდევართა მიერ.
 
_________________
 
ასეთი მიმართულება ხვდება სრულიად კანონზომიერ წინააღმდეგობას ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის, წმიდა მთის და ცალკეული ღვთისმეტყველის მხრიდან. ანტიქალკიდონიტებმა ისე, რომ არ უარუყვიათ თავიანთი ორი უძირითადესი საღვთისმეტყველო პოზიცია (ქალკიდონის IV მსოფლიო კრების უარყოფა და უარის თქმა იმაზე, რომ ქრისტეში განკაცების შემდეგ არის ორი ბუნება), რომლებიც უფლებას გვაძლევს ვუწოდოთ მათ მონოფიზიტები, წარმატებით მიაღწიეს მათთან დიალოგის მწარმოებელი კომისიის მართლმადიდებელი წევრების მხრიდან, ეღიარებინათ, რომ ორივე ეკლესიამ მემკვიდრეობით მიიღო ერთი და იგივე სამოციქულო რწმენა და გადმოცემა, ასევე შეადგენენ მართლმადიდებელი ეკლესიის ორ ოჯახს (11).
 
_________________
 
11. სარწმუნოებისგან ასეთი აშკარად განდგომით თეზისებს ვხვდებით "მართლმადიდებელ ეკლესიასა და ორიენტალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის შერეული კომისიის" შემაჯამებელ დოკუმენტებში. კერძოდ, 1990 წლის 23-28 სექტემბრის და შამბეზის 1993 წლის 1-6 ნოემბრის მასალებში. იხ. Пагубное единомыслие. СПб. 1996.
 
_________________
 
ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა საკმაოდ სუსტი საღვთისმეტყველო არგუმენტების ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ ნაცარტუტად აქცია წმ. ფოტიოს დიდმა. განსაკუთრებით ანტიქალკიდონიტების სახელთა დაკავშირებით, რომელიც დიალოგის განხილვის თემა გახდა. ანტიქალკიდონიტებმა, გამოიჩინეს რა საკმაო პრინციპულობა, მიაღწიეს სასურველ წარმატებას - ამიერიდან არ იწოდნენ მონოფიზიტურ ეკლესიებად ან ქალკედონამდელ ეკლესიებად. მაგრამ პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ მათ წოდებოდათ ძველი აღმოსავლური ეკლესიები.
 
მოგვიანებით მათ მოითხოვეს წოდებულიყვნენ უბრალოდ მართლმადიდებელ ეკლესიებად. მათ არ მიიღეს მართლმადიდებელთა კომპრომისული შემოთავაზება წოდებულიყვნენ მართლმადიდებლურ არაქალკიდონურ ეკლესიებად, არამედ მოითხოვეს ამოეშალათ სიტყვა არაქალკიდონური ეკლესიები და დიალოგის პერიოდში წოდებულიყვნენ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებად, რითაც თითქოსდა მართლაც ხდებოდა მათი მართლმადიდებლებად აღიარება.
 
საღვთისმეტყველო დიალოგის აგებულებაში ასეთი "შემოქმედებითი მიდგომის" გამოვლენას თავის ამოცანად გააჩნდა და გააჩნია ერთობლივი ძალისხმევით შექმნას ის, რაც სახელდებულია კონფუზად, ნამდვილ არევ-დარევად, რომელიც არსებობს ანტიქალკიდონიტების ქრისტოლოგიაში. სახელები მართლმადიდებელი და მართლმადიდებლური მოცემულ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათში იგულისხმება მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემა. ამისთვის საჭიროა რწმენის, ღვთისმსახურებისა და მმართველობის ერთობა, რომელსაც შეიცავენ ისინი, ვისაც პატივის მიხედვით პირველ კათედრად გააჩნიათ კონსტანტინოპოლის საყდარი.
 
ამრიგად, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებლები გათანაბრებულნი არიან მონოფიზიტებთან, და ყველა ისინი მთლიანობაში მართლმადიდებლობად იწოდებიან, მონაწილეობას იღებენ საერთო "სრულიადმართლმადიდებლურ" კომისიებში. მაგრამ საკმაოდ დასანანია ის, რომ ამგვარი ბრიყვული გამოხტომების შემდეგ, "სრულიადმართლმადიდებლურ" კომისიებს აყალიბებენ მხოლოდ ჩვენთვის და მონოფიზიტებთან ერთობლივ განცხადებებს მართლმადიდებლურ ტექსტად ასაღებენ.
 
ამდენად არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მთელ ამ უთავბოლობაში, რომელიც დიალოგის ჩარჩოებში წარმოიქმნა მთელ რიგ თეოლოგთა საღვთისმეტყველო შრომების საფუძველზე, ყველა ეს ტენდენცია შეეხო საღვთისმეტყველო გამოკვლევებს და სწავლების პროცესს ჩვენი უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, და აისახა ჩვენს ოდესღაც ტრადიციულად ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მონოფიზიტებისადმი.
 
მაგალითად, ყურადღების ღირსია ის, რომ თუმც ჩვენი საღვთისმეტყველო სკოლები უფლებას არ აძლევენ ღვთისმეტყველების მაგისტრის დიპლომი მიეცეს რომაელ-კათოლიკეებს, ან პროტესტანტებს, არც რომელიმე სხვაგვარად მორწმუნეებს, ეს უფლება მიენიჭათ ღვთისმეტყველ-კოპტებს. პროფესორთა სამეცნიერო შრომებში წერენ, რომ ეგვიპტის მონოფიზიტები არ არიან ერეტიკოსები, არამედ სქიზმატიკოსები, თანაც, მიმართავენ ღირ. იოანე დამასკელის ავტორიტეტს, და ამახინჯებენ მის სწავლებას (Ν. Ματσούκα, Ὀρθοδοξία καί αἵρεση (მართლმადიდებლობა და მწვალებლობები), Θεσσαλονίκη 1992, σελ. 35–36. ღირ. იოანე დამასკელის ჭეშარიტი პოზიციის შესახებ იხ. შესაბამის გამოკვლევებში, "Православие» антихалкидонских монофизитов" (Ἡ «Ὀρθοδοξία» τῶν Ἀντιχαλκηδονίον Μονοφυσιτῶν), Θεσσαλονίκη 1994).
 
მონოფიზიტებთან დაახლოების ასეთ ჩარჩოებში მიმდინარეობს მცდელობა თავს მოგვახვიონ ის აზრი, რომ IV მსოფლიო კრების ტომოსს არ განუცდია წმ. ლეონ რომაელის სწავლების გავლენა, რომელიც, როგორც მონოფიზიტები მიიჩნევენ, ატარებს ნესტორიანულ ხასიათს, არამედ განიცადა წმ. კირილეს გავლენა, რადგან არსებობს განსხვავება წმ. ლეონისა და წმ. კირილეს სწავლებებს შორის (12).
 
_________________
 
12. სწორედ ასეთი ტენდენციაა წარმოდგენილი Γ. Μαρτζέλου-ს გამოკვლევაში: Γένννεση καί πηγές τοῦ Ὄρου τῆς Χαλκηδόνας. Συμβολή στήν ἱστορικο-δογματική διερεύνηση τοῦ Ὃρου τῆς Δ´ Οἰκουμενικῆς Συνόδου, Θεσσαλονίκη 1986, რომელშიც ბოლოს მოცემულია დასკვნა, რომ ქალკიდონის კრების განსაზღვრებები თავისი დოგმატური შინაარსით არა უბრალოდ უთანხმდება წმ. კირილეს ქრისტოლოგიას, არამედ აშკარად წმ. კირილესეულ ხასიათს ატარებს.
 
_________________
 

გაგრძელება იქნება.

თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი, 2022 წ. ივლისი.

წყარო: Протопресвитер Феодор Зисис, профессор фессалоникского университета. Является ли армянская церковь православной? Издательств "ОБРАЗ". Сергие Посад 2005 г.
Назад к содержимому