სწავლანი > ანტიერეტიკონი
ციტირების ხელოვნება
პუბლიკაციები საერთო სათაურით "ციტირების ხელოვნება", ეძღვნება ლათინელ მწვალებელთა მხრიდან წმიდა მამათა ტექსტების გაყალბებებსა და დამახინჯებებს ფერარო-ფლორენციის კრებაზე.
ავტორი: პ. პაშკოვი.
წერილი I
ფერარაში წარმოებული დისკუსიის დროს სარწმუნოების სიმბოლოში ჩამატების უფლებამოსილების შესახებ როდოსელი არქიეპისკოპოსი ანდრია ხრისოვერგი ამტკიცებდა:
"პაპს ეკუთვნის ძალაუფლება მოიწვიოს კრებები, რაც მტკიცდება თქვენი მოწმობებითაც. ასე, მაგალითად, თქვენი მოძღვარი სტეფანე, რომელსაც ახალმოწამეს უწოდებთ, ამხილა ხატმებრძოლ-მწვალებლები, კრების მოწვევა რომ სურდათ, და კონსტანტინოპოლში შეკრებილ ამ მამებს საჯაროდ განუცხადა: "როგორ ბედავთ მოიწვიოთ კრება და შეადგინოთ უკეთურთა თავყრილობა (παρασυναγωγήν) რომის უზენაესი პონტიფიკოსის ან მისი ადგინაცვალი პირის გარეშე?" ხოლო დანარჩენ (პატრიარქთა) დასწრებაში თუ დაუსწრებლობაში, ცხადია, არანაირი საჭიროება არ არის" (Sessio Ferraria V // Quae supersunt Actorum graecorum Concilii Florentini / Ed. J. Gill. R., 1953. P. 131).
ასეთი სახით მოცემული ციტატა არ გვხვდება არც ერთ წყაროში. ყველაზე ახლო წყარო მომდინარეობს ღირსმოწ. სტეფანე ახლის (მასვე უთითებს აქტების გამომცემელი მღვდ. ჯოზეფ ჯილი) ცხოვრებიდან: "რატომ არის (თქვენი კრება) მსოფლიო, თუკი ის არ მოუწონებია არც რომის ეპისკოპოსს (თუმცა კანონი კრძალავს საეკლესიო საქმეების მოწყობას რომის პაპის გარეშე), არც, პირდაპირ ვიტყვი, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეპისკოპოსებს? სად არის მათი სიგელები, რომელთა საფუძველზე თქვენი ცრუ კრება შეიძლება მსოფლიო კრებად გამოცხადდეს?" (Vita Stephani Iunioris // PG. 100. Col. 1144).
აშკარაა, რომ ამ ტექსტში "მკაფიოდ ჩანს" არა ის, რასაც ამტკიცებდა არქიეპ. ანდრია, არამედ მისი საპირისპირო რამ: რომის ეპისკოპოსის მონაწილეობა მართლაც განსაკუთრებით არის აღნიშნული, როგორც აუცილებლობა, მაგრამ ლაპარაკია იმაზეც, რომ სხვა პატრიარქთა სიგელების გარეშე კრება შეუძლებელია მსოფლიოდ იწოდოს და "ცრუ საკრებულოს" წარმოადგენს (ასეთი შეფასება ტიპიურია ხატმებრძოლეობის ბიზანტიელ მოწინააღმდეგეთა და და თვით მეშვიდე მსოფლიო კრების ღვთისმეტყველებისთვის).
საკვირველია ციტირების ის ხელოვნება, რომელსაც ფლობს არქიეპ. ანდრია, რომელსაც საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად შეუძლია გამოიყენოს ტექსტები, რომლებშიც სრულად საწინააღმდეგო შეხედულებებია გამოთქმული.
P. S. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად სასაცილოა ბრალდება წმ. მარკოზ ევგენიკოსის მისამართით, თითქოსდა ის ზედმეტად ეჭვიანი იყო, და თავის ოპონენტებს ციტატების დამახინჯებას აბრალებდა. სინამდვილეში ანდრია ხრისოვერგმა წმიდა მამათა გამონათქვამების ნახევარი მეტ-ნაკლები დამახინჯებით დაიმოწმა.
წერილი II
ერთ-ერთი საკვანძო ტექსტი, რომელიც ფერარო-ფლორენციის კრებაზე განხილებოდა, იყო ღირ. მაქსიმე აღმსარებლის წერილი მარინისადმი (CPG, N 7697.10). ეს ტექსტი წარმოადგენს Filioque-სთან (1) მართლმადიდებლური აღმოსავლეთის შეხვედრის ისტორიულად ყველაზე ადრინდელ მოწმობას.
_______________________
ფილიოკვე (лат. Filioque – "და ძისაგან") — ნიკეო-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ლათინური თარგმანის დანამატი, რომელიც სამების შესახებ დოგმატად არის მიღებული დასავლური (რომის) ეკლესიის მიერ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმიდა გამოდის არა მარტო მამა-ღმერთისგან, არამედ "მამისგან და ძისგანაც". ფილიოკვე არ მიიღო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რაც მოგვიანებით ეკლესიათა შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. – "აპოკ." რედ.
_______________________
რომის პაპმა თევდორემ დაახლ. 645 წ.-ს აღმოსავლეთში გააგზავნა ეპისტოლე, რომელიც სარწმუნოების მისეულ აღსარებაში შეიცავდა Filioque-ს, მაგრამ არა როგორც სარწმუნოების სიმბოლოს წევრი (უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო პირველი პაპი, რომელმაც სწავლება სულიწმიდის ძისგანაც გამომავლობის შესახებ ჩართო აღმოსავლეთში გაგზავნილ ეპისტოლეში. მანამდე არც ერთ პაპს მსგავსი რამ არ მოუმოქმედნია); ამან დიდი აღშფოთება და ბრალდებათა ქარტეხილები გამოიწვია ბიზანტიელ იერარქთა მხრიდან, რომელიც იმ დროს ერეტიკული, კერძოდ, მონოთელიტური იყო. ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა, რომელსაც რომის ეკლესიის მართლმადიდებლობის დაცვა სურდა, და მონოთელიტების უმთავრეს მოწინააღმდეგედ გამოდიოდა, ორთოდოქსული განმარტება მისცა გამოთქმას "a Patre Filioque procedere" (См.: Siecienski E. The Filioque: History of a Doctrinal Controversy. Oxf., 2010. Р. 78-79).
ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს გააჩნია ასეთი სახე:
"ხოლო ისინი, ვინც კონსტანტინოპოლში გმობდა ახლანდელი უწმიდესი პაპის კრებით ეპისტოლეს, მაგრამ არა ყველა თავს... არამედ მხოლოდ ორ მათგანს. ერთი ეხებოდა ღვთისმეტყველებას; მასში, როგორც ისინი ამბობენ, ნათქვამი იყო: "სული წმიდა გამოვალს (ἐκπορεύεσθαι) ძისგანაც". სხვა კი ეძღვნებოდა ღმრთის განკაცებას... რაც შეეხება პირველ საკითხს, (რომაელებმა) მოიტანეს რომაელ მამათა ერთსულოვანი მოწმობა, ასევე კირილე ალექსანდრიელისაც, მის მიერ შედგენილი ტრაქტატიდან იოანეს სახარებაზე. ამით (ამ გამონათქვამებით) მათ აჩვენეს, რომ ძეს არ ახსენებენ სულიწმიდის მიზეზად (οὐκ αἰτίαν τὸν Υἱὸν ποιοῦντας τοῦ Πνεύματος), რადგან მამას ძისა და სულის ერთადერთ მიზეზად აღიარებენ (μίαν γὰρ ἴσασιν Υἱοῦ καὶ Πνεύματος αἰτίαν τὸν Πατέρα), ერთს - შობადობის მიხედვით, მეორეს კი - გამომავლობით. მაგრამ მათ სურთ მიუთითონ, რომ სული გამოდის (πρόεισι) ძის მიერ, და მით მკაფიოდ გააცხადონ არსთა ერთობა და განუსხვავებლობა... ამგვარად, (რომაელები) ბრალდებულ იქნენ უსამართლოდ" (Maximus Confessor. Exemplum epistoli ad dominum Marinum // PG. 91. Col. 136).
უნიის შესახებ დისკუსიის დროს ეს ტექსტი წარადგინა როდოსელმა არქიეპისკოპოსმა ანდრია ხრისოვერგმა, რომელიც ლათინური მხარის წარმომადგენელი იყო. მაგრამ თუკი ბერძნულად ტექსტი სწორად იქნა წაკითხული, ლათინური თარგმანი, რომელიც თვით ხრისოვერგმა შეასრულა და თავისი თარგმანი თვითონვე წაიკითხა, არსებითად განსხვავდებოდა ორიგინალისგან. გამოთქმა "ძეს არ ახსენებენ სულიწმიდის მიზეზად, რადგან მამას ძისა და სულის ერთადერთ მიზეზად აღიარებენ" მის თარგმანში საერთოდ გამოტოვებული იყო, მათნ ნაცვლად კი უბრალოდ ეწერა: "რომაელები აღიარებენ სულიწმიდის ერთ საწყისს (unum principium Spiritus Sancti)"; ამით არქიეპ. ანდრიამ იმპლიციტურად მიაწერა ღირ. მაქსიმეს ლიონის კრების ფორმულა: "სული გამოდის მამისგან და ძისგან, როგორც ერთი საწყისისგან". ხრისოვერგი, მთარგმნელ ნიკოლოზ სეკუნდინეს მიერ იქვე, სხდომაზევე იქნა მხილებულ ციტატის დამახინჯებაში; პასუხად მან განაცხადა, თითქოსდა წმინდანს სწორედ ეს უნდა ჰქონოდა მხედველობაში.
შეიძლება თუ არა მსგავსი (არცთუ აშკარა) განმარტების საფუძველზე თარგმნისას ამოაგდო მთელი ფრაზები და თვითნებურად ჩაანაცვლო ტერმინები და გამონათქვამები ძველი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველის ეპისტოლეში? მოდი, ეს მკითხველმა განსაჯოს.
მოგვყვავს კრების საქმეთა ტექსტი:
"ანდრია როდოსელი: წმიდა მაქსიმე ამართლებს რომის ეკლესიას, რომელიც უსამართლოდ იქნა დადანაშაულებული აღმოსავლელი ეპისკოპოსების მიერ.
წაიკითხე მარინისადმი მიწერილი მისი წერილი!
(ეს წერილი წაკითხულ იქნა ბერძნულად, ხოლო როდოსელმა არქიეპისკოპოსმა ის ლათინურად გადათარგმნა პაპისთვის. მაშინ ადგა მთარგმნელი ნიკოლოზ სეკუნდინე და, როგორც ის ამბობდა, მიტროპოლიტთა სურვილით მიმართა როდოსელ არქიეპისკოპოსს).
ნიკოლოზ სეკუნდინე: მამაო, შენ ცუდად გადათარგმნე გამონათქვამი. შენ ამტკიცებ, თითქოსდა წმინდანს ეთქვას, რომ რომაელები "აღიარებენ სულიწმიდის ერთ საწყისს". მაგრამ წმიდა მაქსიმე ასე როდი ამბობს. ის წერს, რომ ისინი "ძეს არ ახსენებენ სულიწმიდის მიზეზად (οὐκ αἰτίαν τὸν Υἱὸν ποιοῦντας τοῦ Πνεύματος)", და ამატებს: "რადგან მამას ძისა და სულის ერთადერთ მიზეზად აღიარებენ (μίαν γὰρ ἴσασιν Υἱοῦ καὶ Πνεύματος αἰτίαν τὸν Πατέρα)".
ანდრია როდოსელი: კმარა ამის შესახებ! მოგვიანებით განვიხილოთ (ეს გამონათქვამი) და დავამტკიცებთ, რომ წმინდანს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში. ახლა კი ისიც საკმარისია, რასაც ნეტარი მაქსიმე ამბობს, რომ დასავლელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება უსამართლოა" (Sessio Ferraria V // Quae supersunt Actorum graecorum Concilii Florentini / Ed. J. Gill. R., 1953. P. 132).
მეორე კითხვა, რომელზე დაფიქრებასაც ვთავაზობთ მკითხველს (განსაკუთრებით რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობისას), არის ასეთი: მოწმობს თუ არა წყაროებთან ასეთი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს თუ ის სულ სხვა რამეზე მეტყველებს?
წყარო: https://vk.com/wall-184478279_37593 // https://vk.com/wall-184478279_37631