სწავლანი > ანტიერეტიკონი
ცრუ შეხედულება საეკლესიო იერარქიაზე,
როგორც უცთომელ ავტორიტეტზე სარწმუნოებრივ საკითხებში
შინაარსი:
უცთომელობის ავტორიტეტი კათოლიციზმში
უცთომელობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში
ავტორიტეტი სამართლებრივი მნიშვნელობით
ზნეობრივი ავტორიტეტი
ეკლესიაში მონაწილეობა - ჭეშმარიტებისადმი მონაწილეობის პირობაა
კრებითობის, სხვაგვარად - უცდომელობის საფუძველი
მსოფლიო კრებათა განმასხვავებელი ნიშნები
მოცემული კრების უცდომელობის კრიტერიუმი
საეკლესიო კრიტერიუმი
რაციონალური კრიტერიუმი
წინა თავის დასკვნა
ბოლოთქმა
ავტორი: მოწამე მიხაილ ალექსანდრეს ძე ნოვოსელოვი (1864 - 1938).
" მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ"
(ინ. 14:6).
" ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა....
მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ
(ინ. 16:13-14).
" ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა....
და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა"
(ეფეს. 1:17,22).
"ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"
(1 ტიმ. 3, 15).
"მრწამს, ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია"
***
აი აზრები, რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღების შეჩერება, ჩემო მეგობრებო. დაუფიქრდით მათ, გამოარკვიეთ კავშირი მათ შორის და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთეთ. მე კი ჩემს საუბარს თქვენთან შორიდან დავიწყებ, და თვითონაც კი არ ვისაუბრებ, არამედ ერთ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ, რომელიც საკმაოდ ყურადსაღებ ისტორიას მოგიყვებათ და მისგან სულის სასარგებლო დასკვნასაც გიბოძებთ.
ეს ადამიანი, იური ალექსანდრეს ძე კოლემინი, მადრიდში ჩვენი საელჩოს მდივანი იყო, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის კანცელარიის მდივნად გადაიყვანეს. მადრიდში ყოფნისას მან ხელი შეუწყო კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში ესპანეთის სამეფო არმიის გენერალური შტაბის განყოფილების მეთაურის ბიკენტი გარსია რიუი-პერესას გადმოსვლას.
საინტერესოა ი. ა. კოლემინისა და მისი მოწაფის ერთობლივი საღვთისმეტყველო მეცადინეობები. მათ ერთად და გულდასმით შეისწავლეს წმიდა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები, კატეხიზმო, ასევე მ. ვლადიმერ გეტეს (1) და ა. ს. ხომიაკოვის თხზულებები, რომლებიც სპეციალურად ბიკენტისთვის ესპანურ ენაზე გადათარგმნა ი. ა. კოლემინმა, ასევე მართლმადიდებლური ლოცვანი და სხვა მრავალი. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ბ-ნმა კოლემინმა გამოსცა დიდი თხზულება (300 გვ.-ზე მეტი) სათაურით: "Римский Духовный Цезаризм перед лицом Соборной Православной Церкви" ("რომის სულიერი ცარიზმი მართლმადიდებლური ეკლესიის კრებითი სახის წინაშე") (СПб., 1913 г.).
_________________
1. არქიმანდრიტი ვლადიმირი - ერში რენე-ფრანსუა გეტე. ფრანგ.: René François Guettée; 1816-1892) - ღვთისმეტყველების დოქტორი, ჯერ იყო ე. წ. კათოლიკე, შემდეგ გახდა მართლმადიდებელი მღვდელი.
_________________
მართლმადიდებლობის მტრებთან პოლემიკაში ჩაბმამდე და ერთი, ჭეშმარიტი ეკლესიისკენ მათ მოქცევამდე, ი. ა.-ს თვითონ უნდა გადაეტანა არცთუ იოლი ბრძოლა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ლამის გამოიჭირეს იგი მზაკვრულად დაგებული მახეებით. თავი დააღწია რა მწვალებლურ განხეთქილებაში გასვლის საფრთხეს, ი. ა. ამ საშიშროების შესახებ აფრთხილებს თავის მართლმადიდებელ სულიერ ძმებს და მათ სულიერ მტრებთან საბრძოლველ იარაღს აძლევს.
აი რას წერს იგი (ი. ა. კოლემინის მსჯელობა აღებულია მისი ბროშურიდან "Авторитет в вопросах веры" (2). სტატია გადმოცემულია მცირედი შემოკლებით: გამოტოვებულია ადგილები, რომელთაც პირდაპირი კავშირი არა აქვთ ძირითად თემასთან. დასათაურებებიც ჩვენია - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის)" :
_________________
2. Колемин Ю. А. Авторитет в вопросах веры. Сергиев Посад, Издание «РФБ», 1915, 28 с. ბროშურა წარმოადგენს რეფერატს, რომელიც წაკითხულ იქნა 1914 წლის 10 დეკემბერს, პეტროგრადში წმ. იოასაფ ბელგოროდელი სასწაულთმოქმედის საძმოს სრულიად რუსეთის საერთო კრებაზე; ის ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში "Богословский вестник", 1915, №5. С. 160-183.
_________________
იცით თუ არა, როგორი მტანჯველი შერცხვენა ელოდება ჩვენს უდიდეს უმრავლესობას, მართლმადიდებელთ, როდესაც აწყდებიან დასავლური (ლათინური) დისციპლინის წარმომადგენლებს, რომლებმაც საუკუნეებია, რაც გამოიმუშავეს საკუთარი მსოფლმხედველობა და მცირედმორწმუნეთა წინააღმდეგ საშინელ შემტევ იარაღად იყენებენ?
მრავალი ჩვენი ინტელიგენტის განდგომა მშობლიური მართლმადიდებლობიდან რომის მხარეს ძალიან სამწუხარო ფაქტია... ნება მომეცით ცხოვრებიდან აღებული მაგალითით გიჩვენოთ, როგორ ხორციელდება ეს განდგომილება ჩვენში, რომელიც განსაკუთრებულ თვისებას ატარებს და, რომელზე პასუხისმგებლობაც ყველა ჩვენგანს ეკისრება, რადგან მასში, განდგომილი აკაკუნებს, ჩვენ კი მას კარს არ ვუღებთ; განდგომილი გვთხოვს - ჩვენ კი ვერაფერს ვაძლევთ; ცხოვრებიდან აღებული მაგალითით გიჩვენებთ, თუ როგორ მარცხდება ჩვენი აღმოსავლური ბუნდოვანება, სუბიექტური ნეტარებისკენ მისი ვრცელი ლტოლვისდა მიუხედავად; მარცხდება დასავლური ობიექტივიზმის ლოგიკური სიზუსტის მიერ... და მაშინ გაიგებთ იმ საცთურს, რომლის მსხვერპლნი ხდებიან ჩვენი ინტელიგენტები; მისი მსხვერპლი ლამის მეც გავხდი, რომელიც ახლა თქვენი მორჩილი მონა ვარ და გელაპარაკებით იმაზე, რაც თვითონ განვიცადე. მაშ ისმინეთ და დატკბით ამ, კიდევ გავიმეორებ, ცხოვრებიდან აღებული გასაუბრებით!
უცთომელობის ავტორიტეტი კათოლიციზმში
მართლმადიდებელთან მიდის იეზუიტი. მე თქვენს ყურადღებას არ გადავღლი ყოველივე იმის დამოწმებით, რაც ნათქვამი იყო მათ შორის ადრე. ამიტომ, პირდაპირ მაგალითზე გადავალ. აი ნამდვილი გასაუბრება:
- გაგაჩნიათ თუ არა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ავტორიტეტი, რომელიც თქვენს სარწმუნოებას მოციქულთა დროიდან წმიდად იცავს? - სვამს კითხვას იეზუიტი.
- დიახ, გაგვაჩნია, - პასუხობს მართლმადიდებელი.
იეზუიტი: ვინ არის ის, თქვენი ავტორიტეტი?
მართლმადიდებელი: ჩვენი მართლმადიდებლური სასულიერო ხელისუფლება.
იეზუიტი: მითხარით: აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი სულიერი ძალაუფლება გარანტირებულია ყოველგვარი ცთომილებისგან?
მართლმადიდებელი ოდნავ შეცბა ამ კითხვის გამო, რაც იეზუიტს საფუძველს აძლევს გადავიდეს შემდეგ განმარტებაზე:
იეზუიტი: ნუ შეცბებით ჩემი ცნობისმოყვარეობით! ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ახლახან მითხარით, ჩვენი სასულიერო დასი ჩვენს სარწმუნოებას მოციქულთა დროიდან წმიდად ინახავსო. რადგან თქვენი სასულიერო ხელისუფლება, ანუ რუსეთის მმართველი სინოდი, არსებობს არა მოციქულთა, არამედ მხოლოდ პეტრე პირველის დროიდან, და რადგან ვერსად ვპოულობთ ვერავითარ დაპირებას, რომელიც მიცემული იქნებოდა რუსეთის სინოდისთვის, რომ გარანტირებულია ყოველგვარი ცთომილებისგან, მინდოდა მცოდნოდა, რას ეფუძნებით, როცა სინოდს მიაწერთ რაიმე ავტორიტეტს სარწმუნოებრივ საკითხებში?
მართლმადიდებელი: მე არ მიმინიჭებია მისთვის ასეთი ავტორიტეტი.
იეზუიტი: უკაცრავად, განა ახლახან არ თქვით, რომ თქვენთვის სარწმუნოებრივ საკითხებში ავტორიტეტი თქვენი სასულიერო ხელისუფლებაა? განა რუსეთის სინოდი არ არის თქვენი სასულიერო ხელისუფლება?
მართლმადიდებელი: დიახ, როგორ არა, არის, ოღონდ მე არ მითქვამს, რომ ის წარმოადგენს ისეთ ძალაუფლებას, რომელსაც მიღებული ჰქონდა დაპირება წმიდა წერილის ტექსტების მიხედვით.
იეზუიტი: მაშ, თუ მას ასეთი დაპირება არ მიუღია, საიდან მოგაქვთ, რომ შეუძლებელია შეცდეს?
მართლმადიდებელი: არ მითქვამს, რომ შეუძლებელია შეცდეს.
იეზუიტი: მაშ, შეიძლება შეცდეს?
მართლმადიდებელი: დიახ, რა თქმა უნდა, - უკმაყოფილოდ პასუხობს მართლმადიდებელი, რომელიც უკვე კედელთან არის მიყენებული.
იეზუიტი: მაშ, - აგრძელებს ფაქიზი ღიმილით იეზუიტი, - რის საფუძველზე აცხადებთ მას ავტორიტეტად? ავტორიტეტი ხომ დაქვემდებარების აუცილებლობას გულისხმობს. მაგრამ თქვენ შეგნებული გაქვთ, რომ ის შეიძლება შეცდეს. მაშ, რატომ უნდა დაექვემდებაროთ აბსოლუტური ჭეშმარიტების საკითხებში ისეთ ავტორიტეტს, რომელიც შეიძლება შეცდეს?
მართლმადიდებელი გრძნობს, რომ რაღაც ირევა და ამბობს:
მართლმადიდებელი: არა, რუსეთის სინოდი, რა თქმა უნდა, ჩვენი სასულიერო ხელისუფლებაა, ოღონდ მხოლოდ ჩვენი რუსული ხელისუფლება, რუსეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ხელისუფლება. ამიტომაც, ის ერთგვარად დაქვემდებარებული ხელისუფლებაა, და არა ის, რომელსაც გააჩნია დაპირება, რომ არასოდეს შეცდება.
იეზუიტი: აჰა! მაშინ, მითხარით, გეთაყვა, რომელია ეს თქვენი უზენაესი ხელისუფლება, რომელიც, თქვენი აზრით, ფლობს ამ დაპირებას და, რომელიც კონკრეტულად არის ის ავტორიტეტი, რომელიც თქვენს რწმენას მოციქულთა დროიდან იცავს წმიდად და ხელშეუხებლად? იქნებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი?
მართლმადიდებელი დუმს. მაგრამ იეზუიტი აგრძელებს:
მაშასადამე, ის არა. იქნებ, ვინმე სხვა პატრიარქი? ან იქნებ ყოველი მართლმადიდებელი იერარქი? რა თქმა უნდა, არა! რადგან განა იერარქები არ ვარდებოდნენ მწვალებლობაში? იქნებ, თქვენი რომელიმე სინოდი, თუ რუსული არა, მაშინ სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიისა? არც ისინი? მას, ვინღაა ამ ავტორიტეტის მფლობელი?
მართლმადიდებელი: არავინ... დაბნეულად პასუხობს მართლმადიდებელი.
იეზუიტი: არავინ?! მაშ, თქვენთან ყოველი მართლმადიდებელი, აი, თუნდაც თქვენ, მაგალითად, გარანტირებული ხართ ყოველგვარი ცთომილებისგან?
მართლმადიდებელი: - არა, არ ვართ გარანტირებულნი.
იეზუიტი: თქვენც არა? მაშ, თქვენთან არავინ, რაც გინდ მაღალი თანამდებობა ეკავოს, არ არის გარანტირებული ცთომილებისგან და ამიტომაც არ გააჩნია გონივრული საფუძველი თავი მიიჩნიოს სასულიერო ძალაუფლების მქონე იმ ავტორიტეტად, რომელსაც უფლება ექნებოდა მოეპოვებინა თქვენი ნდობა და დაქვემდებარებულობა რწმენის საკითხებში! ერთი სიტყვით, როდესაც მეუბნებოდით, რომ თქვენთან არსებობს ასეთი უფლების მქონე სასულიერო დასი, ცდებოდით; და რადგანაც თვითონ ბრძანებდით, რომ თქვენი რწმენა უბიწოებას ინარჩუნებს სწორედ ამ სარწმუნოებრივი ავტორიტეტის წყალობით, გამოდის, როგორც ორჯერ ორი ოთხი, რომ ამგვარი აუცილებელი ხელისუფლების არარსებობის გამო დაეხეტებით ბნელში.
მართლმადიდებელი ჯერაც არ ნებდება და პასუხობს:
მართლმადიდებელი: არა. ასეთი ძალაუფლება ჩვენ აუცილებლად გვაქვს. ოღონდ არც ერთი ჩვენი ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლება არ წარმოადგენს უზენაესობას დანარჩენ სასულიერო ხელისუფლებაზე.
იეზუიტი: კარგი, - აგრძელებს იეზუიტი. - თქვენ გამორიცხეთ ყველა თქვენი ეპარქიული და ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლებების, მღვდელმთავრების, სინოდებისა და პატრიარქების სარწმუნოებრივი უცთომელობა. მაშინ, იქნებ კეთილი ინებოთ და მაინც მიპასუხოთ, ვინ არის მაშინ ეს თქვენი უზენაესი ძალაუფლება, რომელიც იცავს ქრისტეს რწმენის წინდს წმიდად და ხელუხლებლად? ვინ არის ის, ეს თქვენი უცთომელი ავტორიტეტი? ახლა თქვენ არ გაგაჩნიათ უფლება თქვათ, რომ - ეს თქვენი სამღვდელოებაა, ანუ იგივე მღვდელმთავრები, სინოდები და პატრიარქები, რომელთა გამოც დამეთანხმეთ, რომ ისინიც შეიძლება შეცდნენ. რადგან ავტორიტეტად ყოფნა აბსოლუტური ჭეშმარიტების საკითხებში და ერთდროულად ცთომილების შესაძლებლობა გახლავთ - სისულელე.
მართლმადიდებელი შეცბუნებულია, მაგრამ მაინც პოულობს ძალას და ამბობს:
მართლმადიდებელი: დიახ, მე სინამდვილეში არც თუ ზუსტად გამოვთქვი სათქმელი. იცით, ჩვენ საერთოდ ზუსტად ვერ ვუგებთ ერთმანეთს. როდესაც მკითხეთ, ვინ იცავს ჩვენში მართლმადიდებლური ეკლესიის უბიწოებას, მე ნაჩქარევად გიპასუხეთ, რომ არსებული სასულიერო ხელისუფლება. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. რადგან ჩვენს რწმენას, რა თქმა უნდა, იცავს ყოველი სასულიერო ხელისუფლება, და არა რომელიმე მათგანი ცალკე. ჩვენი რწმენის მცველი, საკუთრივ, თვით ეკლესიაა.
იეზუიტი: მართლმადიდებელი ეკლესია? ეკლესია? ვინ? რაო? ეკლესია? რა არის ეკლესია?
ამ მოულოდნელ კითხვაზე მართლმადიდებელი იხსენებს ერთადერთ პასუხს თავისი კატეხიზმოდან და ამბობს:
მართლმადიდებელი: ეკლესია არის ღვთისგან დაწესებული საზოგადოება კაცთა, რომლებიც შეერთებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და საიდუმლოებებით (Пространный Христианский Катихизис православныя кафолическия восточныя Церкви. М., 1915. С. 43) (იხ. ქართულად: სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1994. გვ. 51 – "აპოკ". რედ.).
იეზუიტი: თქვენ თავად, - აგრძელებს იეზუიტი, - გაგაჩნიათ თუ არა მართლმადიდებლური რწმენა?
მართლმადიდებელი: დიახ, გამაჩნია, ღმერთის წყალობით.
იეზუიტი: იერარქიას აღიარებთ?
მართლმადიდებელი: ვაღიარებ.
იეზუიტი: საიდუმლოებებში იღებთ მონაწილეობას?
მართლმადიდებელი: დიახ, ვიღებ.
იეზუიტი: შეგიძლიათ შეცდომის დაშვება?
მართლმადიდებელი: დიახ, შემიძლია.
იეზუიტი: საეკლესიო უცთომელობის ორგანოს ხომ არ წარმოადგენთ?
მართლმადიდებელი: ღმერთო მიშველე!
იეზუიტი: და თქვენ ყველანი, პირველიდან უკანასკნელამდე, იმავე მდგომარეობაში იმყოფებით?
მართლმადიდებელი: ჩვენ ყველანი იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით.
იეზუიტი: მაშასადამე, ამ თქვენს ეკლესიაში, რომელზეც ამბობთ, რომ ის თქვენი სარწმუნოების მცველია, მისი უცთომელობის არანაირი ავტორიტეტი არსად მოიპოვება?
მართლმადიდებელი კვლავ დაბნეულია. მაგრამ, უცებ, თითქოსდა რაღაც გაახსენდაო, შეეპასუხება:
მართლმადიდებელი: უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ გვაქვს ასეთი ორგანო. მას "მსოფლიო კრება" ეწოდება.
იეზუიტი: მსოფლიო კრება? და, სად იმყოფება თქვენთან ეს მსოფლიო კრება?
მართლმადიდებელი: - არსად... ის იკრიბებოდა, როდესაც ამისი საჭიროება იდგა.
იეზუიტი: როდესაც ამისი საჭიროება იდგა! ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აუცილებლობა, რომელსაც ეყრდნობით, სწორედ სარწმუნოების წმიდად დაცვის საჭიროებაა?
მართლმადიდებელი: რა თქმა უნდა.
იეზუიტი: გამოდის, რომ მეცხრე საუკუნიდან თქვენში სარწმუნოების დამცველი ასეთი ორგანოს საქმიანობა არ დაგჭირვებიათ, რადგან მსოფლიო კრებები იმ დროიდან თქვენთან არ შეკრებილან (3). ნუთუ მთელი 1000 წლის განმავლობაში არსად აღმოსავლეთში არასოდეს წარმოშობილა რაიმე ცთომილება?
____________________
3. ბოლო მსოფლიო კრება, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს, როგორც მსოფლიოს, მოწვეულ იქნა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ 787 წ.-ს ქ. ნიკეაში (VII მსოფლიო კრება).
____________________
მართლმადიდებელი კვლავ საგონებელშია. მაგრამ იეზუიტი აგრძელებს კითხვების დასმას და ასე ამბობს:
იეზუიტი: კარგი. დავუშვათ, თქვენთან მთელი ათასი წლის განმავლობაში მართლაც არ იყო რაიმე საჭიროება გამოვლენილიყო თქვენი უცთომელი საეკლესიო ავტორიტეტი. დავუშვათ, თუმც ძალდატანებით, რომ ეს ასეა. მაგრამ მაშინ მითხარით: მაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი აუცილებლობა უკვე არასოდეს გახდება საჭირო?
მართლმადიდებელი: არა. მე საიდან უნდა ვიცოდე! მაგრამ, როდესაც ამისი აუცილებლობა იქნება, მაშინ, ვფიქრობ, კრებასაც მოიწვევენ.
იეზუიტი: კრება! ცთომილი ან უცთომელი?
მართლმადიდებელი: დიახ, რაზეც არის ლაპარაკი.
იეზუიტი: მაშ უცთომელი, არა? ჩვენ ხომ თქვენს უცთომელ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც იმოწმებთ?
მართლმადიდებელი: დიახ.
იეზუიტი: მაშასადამე ლაპარაკია მსოფლიო კრებაზე, და არა ადგილობრივზე, განა ასე არ არის, რადგან თქვენ უცთომელად მხოლოდ პირველს (მსოფლიო კრებას) აღიარებთ?
მართლმადიდებელი: რა თქმა უნდა, ასეა.
იეზუიტი: კარგი. მაშასადამე, როდესაც შეიკრიბება მსოფლიო კრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ თქვენს უძლურებას, რომელიც შესაძლებლობას არ გაძლევთ მიაღწიოთ არა თუ მსოფლიო, არამედ თქვენს უბედურ რუსულ ადგილობრივ საეკლესიო კრებამდეც (4). მაგრამ, დავუშვათ, თუნდაც გავარჯიშებით, რომ ეს ასეა. აი თქვენ, მართლაც მოაწყვეთ ე. წ. მსოფლიო კრება. რას წარმოადგენს ეს თქვენი უცთომელი კრება, და როგორი უნდა იყოს ის თავისი შემადგენლობით, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში უცთომელობის პრეტენზია ჰქონდეს?
_____________
4. რუსეთის ბოლო, რევოლუციამდელი ადგილობრივი კრება შეიკრიბა 1698 წელს; პეტრე I-ის დროს "დროებითი" კრებების ნაცვლად დაწესებულ იქნა ჯერ მუდმივი "წმიდა კრება" ადგილნაცვლის მეთაურობით, ხოლო 1721 წელს - წმიდა მმართველი სინოდი, რის შემდეგაც დროებით კრებათა მოწვევა შეწყდა. ბრძოლა რუსეთის ეკლესიის კრების მოსაწვევად მრავალი ათწლეული გრძელდებოდა; აღვნიშნავთ მხოლოდ მის რამოდენიმე გამოვლინებას: ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილი "О необходимости Собора по нынешнему состоянию Российской Православной Церкви" ("კრების მოწვევის აუცილებლობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით") (1862 г.); ვ. სოლოვიოვის სტატია "О духовной власти в России" ("სასულიერო ხელისუფლების შესახებ რუსეთში") (1881 г.), სადაც მომავალი კრების ძირითად ამოცანად დასახელებულია წყევლა-კრულვების მოხსნა ძველმოწესეებისგან და სხვაგვარად მორწმუნეთა შემავიწროვებელ კანონთა გაუქმება; სინოდის პეტიცია ნიკოლოზ II-ისადმი კრების მოწვევის შესახებ (1905 წ.); წინასაკრებო მომზადება (1906 წ.) და, ბოლოს, წინასაკრებო თათბირი (1912 წ.).
_____________
მართლმადიდებელი: მას მოძღვართა მეთაურობით ესწრებიან ყველა ქვეყნიდან ჩამოსული მორწმუნენი, - პასუხობს მართლმადიდებელი.
იეზუიტი: მაინც რომლები? - კითხულობს იეზუიტი, - მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მართლმადიდებელთას სრული კრება ფაქტობრივად შეუძლებელია; ასეთი კრება არასოდეს მოწვეულა, და არც არასოდეს იქნება მოწვეული. ასე რომ, თქვენ, გეთაყვა, თავის დაძვრენას ნუ ცდილობთ, არამედ გვიჩვენეთ თქვენი საეკლესიო მოძღვრობის უცთომელი ორგანო და მითხარით, როგორია ზუსტად მისი შემადგენლობა.
მართლმადიდებელი: მას ესწრებიან მორწმუნეები, იერარქები, ერისკაცები, - ლუღლუღებს მართლმადიდებელი.
იეზუიტი: იერარქთა ყოველი კრება ერისკაცებთან ერთად მსოფლიო კრებაა?
მართლმადიდებელი: არა, ის ცნობილი ნიშნებით განსხვავდება.
იეზუიტი: რომლით? რა ნიშნებით?
მართლმადიდებელი: მას ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრება.
იეზუიტი: უკაცრავად! არც ერთ თქვენს შვიდ მსოფლიო კრებაზე ეს ნიშანი სახეზე არ ყოფილა. მეორე მსოფლიო კრებას მხოლოდ 150, თანაც მხოლოდ აღმოსავლელი ეპისკოპოსი ესწრებოდა (5).
_______________
5. II მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა 381 წ.-ს კონსტანტინოპოლში, რათა განმეორებით დაეგმოთ კვლავ გაძლიერებული არიანელობა, ასევე სხვადასხვა პრაქტიკული საკითხის გადასაწყვეტად.
_______________
გარდა ამისა, ეს პრაქტიკულადაც შეუძლებელია. როგორ უნდა დაესწროს მსოფლიო კრებას ყველა იერარქი, მთელი სასულიერო დასი და ყველა ერისკაცი, თუნდაც მათი მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელთა სახით! ეს ხომ ისეთ სოციალურ მოწყობას ვარაუდობს, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოში, ეკლესიებსა და ხალხებში, ისეთ დისციპლინას, ისეთ უეჭველ ფორმებს კანონიერი წარმომადგენლობისა, როგორიც არა თუ შვიდი მსოფლიო კრების დროს, არამედ დღესაც კი არ არსებობს და საეჭვოა ოდესმე იარსებოს. ასე რომ ეს თქვენი ვითომცდა უცთომელი მოძღვრობა სხვა არაფერია, თუ არა უსუსური ფიქცია, რომლითაც ფარავთ თქვენს ეკლესიურ ბანკროტობას; რადგან ეს სხვა არაფრეს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ არ გაგაჩნიათ სარწმუნოების ის აუცილებელი, უდავო, უცთომელი მოძღვრობა, რომელსაც თავიდანვე იმოწმებდით, როდესაც მეუბნებოდით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია თავის რწმენას შეულახავი სიწმიდით იცავს.
მაშ, თუ ხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს შეუბილწავი მართლმადიდებლობის თქვენეული თეორიით?! მაშ, თუ ხედავთ რა დაგემართათ იმ დროიდან, რაც განუდექით უცთომელობის ერთ, მკაფიო და ყოველთვის ზუსტ და ნამდვილ კრიტერიუმს, რომელიც წმიდა პეტრეს სამოციქულო საყდარს ეფუძნება?!.. ეკლესია - ეს ფიქცია როდია. ის მოქმედებს.
თქვენი ეკლესია კი მკვდარი ძევს, იმ დონეზე მკვდარი, რომ მისი საკუთარი უცთომელობა უკვე 1000 წელია უმოქმედოა, თუ საერთოდ დავუშვებთ იმ აზრს, რომ ის ოდესმე არსებობდა... რაც თვითონაც გეეჭვებათ, რადგან, იმ დროიდან, რაც უარყავით ერთადერთი ჭეშმარიტი კრიტერიუმი, არც კი უწყით მისი განსაზღვრული ნიშნები. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი კრიტერიუმი მდგომარეობს პეტრეს მემკვიდრის კრებით დადგენილებებში.
პროტესტანტები, რომლებიც სხვა მოსაზრებებით ცდებიან, თქვენგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ აქვთ გამბედაობა და თანმიმდევრულობა მისულიყვნენ ბოლო დასკვნებამდე იმავე მდგომარეობიდან, რომელი მდგომარეობა თქვენი განდგომილების საფუძველიცაა. საკუთრივ რომ ვთქვათ, თქვენ, მორწმუნე ქრისტიანები ხართ, ამიტომაც შიშით გახევდით ნახევარ გზაზე, ახლა კი თქვენი საკუთარი არათანმიმდევრულობისა და საეკლესიო ფიქციების სფეროში უმწეოდ ტრიალებთ, რათა თვალი არ აიხილოთ და სულიერი მშფოთვარება არ დაგეუფლოთ საკუთარი უგუნურების დანახვისას. ამიტომაც გეშინიათ ყოველგვარი ლოგიკური განსჯისა... რადგან ამ შიშის საფუძველიც გაგაჩნიათ...
***
მართლმადიდებელი უკიდურესად გაოგნებულია. მაგრამ ახლა უბედურება ამაში როდია, არამედ იმაში, რომ ამ ჩიხიდან არანაირი გამოსავალი არ ჩანს. იეზუიტი მას აბსოლუტურად ზუსტ, ლოგიკურად შეუვალ და გადაულახავ სისტემას სთავაზობს, და რაც გინდ ეცადოს ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ის ამ თავისი ეჭვებიდან ვერანაირ სწორ და ლოგიკურ გზას ვერ იპოვის, რადგან აქედან გამოსავალი მართლაც არ არსებობს.
ამ შინაგანი დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობაშივე ტოვებს მას იეზუიტიც, რათა შემდეგ, როდესაც საქმე უკვე საკმაოდ მომზადებულია, და ეჭვის მარცვალი, რომელიც თავისი მსხვერპლის სულში ჩათესა, საკმაოდ ღმად გაიდგამს ფესვებს, და სულიერ სიმშვიდეს მოუშლის მას, სწორედ მაშინ მიეახლება და დაუწყებს საუბარს პეტრეზე, მაცხოვრის დაპირებებზე, სახარებისეულ ტექსტებზე, რომელიც წმიდა პეტრეს ეხება. გზადაგზა ლაპარაკი წავა რუსეთის ეკლესიის მოუწესრიგებლობაზე, რომლითაც ასე უკმაყოფილონი არიან, როგორც ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ასევე მრავალი რუსიც, და რომელი უკმაყოფილება ასე ხელს აძლევს იეზუიტს. მისი ბრწყინვალე ლოგიკური არგუმენტაცია საბოლოოდ აცლის ნიადაგს მართლმადიდებელს. მას აჩვენებენ უზადო ლოგიკის ბოლო დეტალებამდე დახვეწილ სურათს; აჩრდილი, რომელიც ქრისტეს ტკბილი სახით ეცხადება, ხელგაშლილი ელოდება გულში ჩასაკრავად, და მართლმადიდებელიც ვერ ძლებს... გარბის მისკენ... და განდგომა აღსრულდება!
ბატონებო, ეს სურათი დახატულია ნატურიდან.
(აღმოჩნდა რა უკიდურეს რთულ ვითარებაში, იეზუიტის მიერ კედელზე მიყენებულმა ი. ა. კოლემინმა სულიერი დახმარებისთვის ერთ მართლმადიდებელ მღვდელს მიმართა, რომელიც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობდა (6).
_______________
6. ლაპარაკია ლონდონელ დეკანოზ მ. ევგენი კონსტანტინეს ძე სმირნოვზე. - იხ.: Прибавления к Церковным ведомостям, 1911, № 26. С. 1153 (მ. ევგენიზე იხ. ასევე: Архим. Киприан (Керн). Дореволюционное русское духовенство за границей // Журнал Московской Патриархии. М., 1993. № 11. С. 71.
_______________
ამ უკანასკნელმა მას ურჩია ეკლესიის ისტორიის, უმთავრესად კი - ა. ს. ხომიაკოვის თხზულებათა მე-2 ტომის წაკითხვა. როდესაც ი. ა. კოლემინს ამ წიგნს აძლევდა მღვდელმა უთხრა: "თქვენ მანდ იპოვით ერთ პატარა თხზულებას "ეკლესიის შესახებ სწავლების კატეხიზმური გადმოცემა" და სამ პოლემიკურ სტატიას (7). ყურადღებით წაიკითხეთ ისინი (ამით, - შენიშნავს ი. ა. კოლემინი, - კეთილმა მწყემსმა მაშინ სარწმუნოებაში მერყევი მართლმადიდებელის სული იხსნა - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის).
_______________
7. ხომიაკოვის თხზულების ზუსტი დასახელებაა: "Опыт катехизического изложения учения о Церкви" (см., например: А. С. Хомяков. Полн. собр. соч. 2-е изд. Т. 2, М., 1880); სამი პოლემიკური სტატიის საერთო სახელწოდება (1853-1858 гг.) კი ასეთია: "Несколько слов православного христианина о западных вероисповеданиях" (იქვე).
_______________
ჩვენ მხოლოდ ერთი მაგალითით ვაჩვენეთ საშიშროება, მაგრამ, ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ ეს მაგალითი ტიპიური არ არის? ფიქრობთ თუ არა, რომ ბევრია ისეთი მართლმადიდებელი, მეცნიერიც კი, რომლებიც იეზუიტის მიერ წარმოებულ საუბარში ჩიხში არ მოემწყვდეოდა? სწორედ ასე აღესრულება მართლმადიდებელ სულთა მოწყვეტა დედა ეკლესიიდან რომის ეკლესიის სასარგებლოდ, და რაც არცთუ იშვიათია, ეს ხდება ამ ბოლო პერიოდშიც, რასაც ჩვენი მოძღვრებიც აღნიშნავენ. უნდა დასრულდეს ეს უმსგავსობა. მართლმადიდებელი ქრისტიანები (კოლემანთან არის: "მართლმადიდებელი ინტელიგენტები") უნდა აღვჭურვოთ აუცილებელი იარაღით და რამოდენიმე სიტყვით მივცეთ მას ერთი შეკრული, კატეგორიული და უდიდესი მნიშვნელობის მქონე წესი, ერთი წესი, რომლის წყალობითაც უკვე აღარ მივიღებთ ცრუ ამოსავალ წერტილებს, რომელიც ჩვენი დამარცხების მუდმივი მიზეზია.
აი ეს წესიც, აი სად იყო შეცდომა: ჩვენ, მართლაც ვეთანხმებოდით იეზუიტს იმაში, რომ ჩვენს ეკლესიაში არსებობს ავტორიტეტი სარწმუნოების საკითხებში. არა! ქრისტეს ეკლესიაში არ არსებობს მკრეხელური, ღმრთისმგმობელი, ანტიქრისტიანული და უზნეო საწყისი, რასაც სინდისისა და სარწმუნოების საკითხებში ავტორიტეტი ეწოდება.
უცთომელობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში
უცთომელი მთელი ქრისტიანული ეკლესიაა. ის თვითონ იღებს მხოლოდ იმას, რაც ქრისტეს თანხმიერია ურთიერთსიყვარულის კავშირით (იხ. კოლას. 2:2-3 - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის). ის თვითონ, თავის მთლიანობაში, აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... მას ხელმძღვანელობს უზენაესი გონი, თვით სულიწმიდა, რომელიც ყოველგვარი სნეულებისგან იცავს და, რომელი სნეულებისგან დაცვის გარანტიას ვერც ცალკე აღებული რომელიმე ჩვენთაგანი დადებს და ვერც ცალკე აღებული რომელიმე კრება.
უცთომელობა სულაც არ ეკუთვნის კრებას, არამედ მთელ ქრისტეს ეკლესიას, რომელიც კრებითად მოწმობს საკუთარ თავზე. ხოლო თითოეულ ჩვენგაგანს ჭეშმარიტება იმ ზომითა აქვს, რა ზომითაც მონაწილეობს ის ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა გვეძლევა საკუთარი პატივმოყვრული გაუცხოების განადგურებით, საკუთარი თავის ეკლესიის სრულყოფილებაში ათქვეფვით, თავმდაბალი სიყვარულით, რომელიც საეკლესიო სხეულთან თანხმობას საკუთარ აზრზე მაღლა აყენებს, რაც არის კიდევაც ავტორიტეტის რადიკალური უარყოფა.
მარტოდენ გაფიქრებაც კი ვინმემ საკუთარ თავს მიაწეროს ისეთი ავტორიტეტი, რომელიც სხვათა სინდისსა და რწმენაზე მაღლა იდგებოდა (შენიშნეთ, ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ რწმენასა და სინდისზე, ანუ უსასრულო სამყაროზე, და არა სასრულ მიწიერ ყოფიერებაზე, რომელიც მხოლოდ საჭირო ნიადაგია ყოველგვარი ავტორიტეტისთვის) - ქრისტეს ეკლესიის რადიკალური უარყოფაა. ეს არის უარყოფისა და პატივმოყვარეობის უფსკრული... ამიტომაც ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება ეფუძნება არა ავტორიტეტს, არამედ თავმდაბლობას, მორჩილებას და სიყვარულს. თავმდაბალი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მონაწილეობდე საყოველთაო ეკლესიაში, რადგან სიყვარულის გარეშე მისდამი რწმენაც შეუძლებელია...
საყოველთაო ეკლესია ჩვენი რწმენის საგანია. ჩვენ ასე კი არ ვამბობთ: "მწამს ეკლესია, ან მწამს იმისა, რასაც ეკლესია ამბობს". არა. ჩვენ ვამბობთ: "მწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია"... ჩვენ გვწამს მისი არსებობა, რადგან მისი არსი ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია, ის საღმრთო გონიერების გამოცხადებაა დედამიწაზე. ამიტომაც ამ გონებაში (იგივე სულიწმიდაში, ჭეშმარიტების სულში) ჩვენ ვმონაწილეობთ მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით (რომელსაც ეკლესიის მორწმუნე წევრთა გულებში ღვრის სულიწმიდა - რომ. 5:5. ამიტომაც სიყვარულის გარეშე შეუძლებელია გწამდეს, შეუძლებელია რაიმე ჭეშმარიტების შემეცნება, არც, მითუმეტეს, შეუცნობელ ჭეშმარიტებათა ავტორიტეტულად დამოწმება - შენიშვნა. მ. ნოვოსელოვის). სინდისისა და რწმენის საკითხებში სიყვარული და ავტორიტეტი ორი ურთიერთსაპირისპირო, ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა ეკლესიაში. ამ ორ საწყისს შორის რაიმე კომპრომისი შეუძლებელია.
ავტორიტეტი სამართლებრივი მნიშვნელობით
ეს დასკვნა ეხება სწორედ იმ ავტორიტეტს, რომელიც ჩვეულებისამებრ ამ იურიდიული ტერმინის ქვეშ იგულისხმება.
ზემოთ მოტანილ მაგალითში, ჩვენი იეზუიტის მსჯელობის თანახმად, ავტორიტეტი, თავისი ჩვეულებრივი სამართლებრივი მნიშვნელობით, - ისეთი ძალაუფლებაა, ისეთი უზენაესი ინსტანციაა (მაგალითად, სასამართლო ხასიათის ინსტანცია), რომლის გადაწყვეტილებები სუვერენულად მიიჩნევა და შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება; ის გულისხმობს შიშველი მატერიალური ფაქტების აღიარებას დადგენილს სწორედ ამ დაწესებულების მიერ მთელი გარდაუვალობითა და შეუვალი ჭეშმარიტებით, რომელიც ჩვენთვის მისაწვდომია ცნებათა იმ წრეში, რომელშიც ბატონობს ეს ავტორიტეტული ძალაუფლება.
შედეგად, ცნებათა ეს წრე, თუკი შედგენილია აბსოლუტური ჭეშმარიტების საკითხთაგან, მაშინ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებად სწორედ ამ ხელისუფლების განსაზღვრებები ჩაითვლება. შედეგად, ამ სტრუქტურაში, მთელი დამოკიდებული ხდება ნაწილზე; ის, მთელი, უნდა დაემორჩილოს ამ ნაწილს, როგორიც გინდ იყოს მისი საკუთარი შეხედულება. აი ასეთი ძალაუფლება უსასრულო სამყაროს საკითხებში ქრისტე მაცხოვარს არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ მიუცია.
უსასრულო სამყაროს საკითხებში მთელი კი არ არის დამოკიდებული ნაწილზე, არამედ პირიქით, ყოველი ნაწილი - მთელზე. უსასრულო სამყაროს საკითხებში ყოველგვარი ადამიანური ავტორიტეტი ქრება იმიტომ, რომ ადამიანურ ავტორიტეტს, თავისი ბუნებრივი ნიადაგი მხოლოდ სასრულ სამყაროში აქვს, მაგალითად, ყველა წმიდად მიწიერ კოლექტიურ ორგანიზმში, ვთქვათ, სახელმწიფოში; ხოლო ქრისტეს ეკლესიაში მხოლოდ მის იმ ფუნქციებში, რომლებიც განეკუთვნება მის მიწიერ ორგანიზაციას, მაგალითად, მმართველობის საკითხებს და დისციპლინას. ხოლო უსასრულო სამყაროში, რომელსაც მაცხოვრის დროიდან განეკუთვნება ადამიანური სინდისიც, მხოლოდ ღმერთი მეფობს, დიადი მღვდელმთავარი წესისამებრ მელქისედეკისა (8), რომელმაც თავისი სისხლით ყოველგვარი ადამიანური საკვრელებისგან გაათავისუფლა ჩვენი სინდისი და ჩვენი რწმენა და თავის ღვთაებრივ და უსასრულო სასუფეველს აზიარა.
_______________
8. ქრისტეს მღვდელმთავარს წესისამებრ მელქისედეკისა უწოდებს მოციქული პავლე (ებრ. 6:20; 7:1-28). მელქისედკი (სიმართლის მეფე) - იდუმალი პიროვნებაა, რომელიც წმიდა წერილში, კერძოდ, დაბადების წიგნში გვხვდება (დაბ. 14:18-20). მისი გენეალოგია ნახსენები არ არის. თუმცა, მელქისედეკი არ მიეკუთვნებოდა ლევიანთა ტომს, მაგრამ მისი მღვდლობა წმიდა წერილში ლევიანებზე (აარონის წესისამებრ) აღმატებულად გამოისახება, წინასახეობრივი მნიშვნელობა გააჩნია (იხ. ფსალმ. 109:4) და მესია-ქრისტეზე მიანიშნებს.
_______________
ეს დიდი მღვდელმთავარი, რომლის შესახებაც ლაპარაკობს წმ. კირილე იერუსალიმელი, ქრისტეა: "ქრისტე მღვდელმთავარი, რომელსაც გააჩნია უწყვეტი მღვდლობა და თავისი მღვდელმთავრობის სხვა მემკვიდრე არ ჰყავს" (10-е огласительное слово к просвещаемым, 14 // Творения иже во святых отца нашего Кирилла Иерусалимского. 2-е изд. Сергиев Посад, 1893. С. 120), - ის ერთადერთი მეფობს თავის ეკლესიაში სინდისისა და რწმენის საკითხებში.
ვინც ამ სფეროში ადამიანის ავტორიტეტს აწესებს ის უარყოფს ქრისტეს, რათა მისი ადგილი დაიკავოს. სწორედ ეს ავტორიტეტი, რწმენისა და სინდიდის საკითხებში, რადიკალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.
ზნეობრივი ავტორიტეტი
თუკი ჩვენ სიტყვა "ავტორიტეტის" ქვეშ, როგორც ზოგჯერ ხდება, წმიდად ფაქტობრივ, წმიდად ზნეობრივ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ, რომელიც ვინმე პიროვნებას ქრისტიანული ღვაწლისა და სიბრძნის გზაზე, ანუ ეკლესიისადმი შვილებრივი დამოკიდებულებით მოუპოვებია, და არა პირუკუ, - გავიმეორებთ, წმიდა ეკლესიისადმი შვილებრივი მორჩილების გზაზე მოუპოვებია, და არა ეკლესიაზე ძალადობის მეშვეობით, - თუკი ასე განვსაზღვრავთ ავტორიტეტს, მაშინ ის, რა თქმა უნდა, არსებობს ქრისტეს ეკლესიაში, რომელიც არის ყოველგვარი სიბრძნის წყარო, იმაზე მეტი, ვიდრე ეს შეიძლება სადმე სხვაგან არსებობდეს. მაშინ ეს იქნება მხოლოდ ფაქტის და არა სამართლის საკითხი.
მაგრამ ეს სიბრძნე, ეს ცოდნა არავის ეძლევა სრულად და არავის ეძლევა კერძოდ (პიროვნულად), რადგან პიროვნული ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს ცოდვის გარდა. ცოდნა-შემეცნება ადამიანს ეძლევა ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობისდა კვალად, რადგან თვით ცოდნა მხოლოდ მას - ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნის, რომელმაც ის დასაბამიდანვე მთელი სისავსით მიიღო.
მოტანილ მაგალითზე ჩვენს იეზუიტს რომ კითხვა დაესვა: "როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, ვინ მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში, და სიმართლეს გეუბნებათ თუ არა, როდესაც მას მიმართავთ, რათა დარწმუნდეთ იმ რელიგიურ მსჯელობათა ჭეშმარიტებაში, რომლითაც არის დაკავებული თქვენი სინდისი?" - მას ვუპასუხებდით: "ჩვენ ეს შეგვიძლია ყოველთვის ზუსტად და დანამდვილებით ვიცოდეთ, მაგრამ არა ჩვენი ტვინის აზროვნების საზომისაებრ, რომელიც იურიდიული ავტორიტეტისგან მიიღებდა მხოლოდ დიალექტიკურ სარწმუნოებრივ განსაზღვრებებს, არამედ ჩვენი გულითადი რწმენისა და გულითადი სიყვარულის საზომისაებრ! თვითონაც გქონდეთ რწმენა და სიყვარული, და მაშინ არასწორ სწავლებას თვითმარქვია მოძღვრებისგან თქვენც არ მიიღებთ! სხვა არანაირი გარანტია საჭირო არ არის".
ეკლესიაში მონაწილეობა - ჭეშმარიტებისადმი მონაწილეობის პირობაა
ქრისტეს ეკლესია თავისი არსით წარმოადგენს ურთიერთსიყვარულის კავშირს და უცდომელობას, უფრო ზუსტად, "სიყვარულით შეერთებულთა გონიერების მთელ სისავსეს" (კოლას. 2:2-3). ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტების შემეცნება წაერთმევა ყველას, ვინც საკუთარ თავს განაშორებს ამ კავშირს, ანუ საკუთარ თავს მასზე მაღლა აყენებს და ყველა სხვას ახვევს საკუთარ აზრს, საკუთარი ავტორიტეტულობის ძალით. ჭეშმარიტების შემეცნება წაერთმევა ყველას, ვინც ჩაიდენს ასეთ მკრეხელობას. თუ ამას ჩადის ერთი ცალკეული პირი, მაშინ ჭეშმარიტების შემეცნება წაერთმევა ამ პირს, და თუ პირთა ჯგუფი, მაშინ ჭეშმარიტების შემეცნება წაერთმევა ამ საკრებულოს, როგორი ტიტულებითაც გინდ იწონებდეს თავს იგი, თუნდაც მსოფლიო კრების ტიტულით. რადგან ჭეშმარიტი მსოფლიო კრება - ეს არის ისეთი შეკრება, რომელიც რწმენის შესახებ მოწმობს არა თვითნებურად, არამედ ეკლესიის სახელით. რადგან ქრისტეს ეკლესიაში, გავიმეორებთ, არავის გააჩნია საკუთარი რწმენის მადლი ან საკუთარი ცოდნა, რომელიც მას პირადად და სრულად მიეცა, არამედ მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის ზომით. და აქ კრება კი არ არის მთავარი, არამედ კრებითობა (სხვაგვარად: უცდომელი მასწავლებლობა - შენიშვნა. მ. ნოვოსელოვის), რომელიც ყველანაირად ვლინდება, იქნება ეს კრებაზე თუ კრების გარეთ. იმის გამო, რომ ეკლესია განსაზღვრულ ისტორიულ პერიოდებში იწვევს კრებებს, ან იმის გამო, რომ ის მას არ იწვევს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამა და ამ პერიოდში არსებობს უცდომელი მასწავლებლობა, ხოლო ამა და ამ პერიოდში არა.
ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც პერიოდში ითხოვდნენ, რათა მასწავლებლობას თავი გამოევლინა ამგვარი სახით, სხვა პერიოდში კი ვითარებები ამგვარი გამოვლინების ფორმას არ ითხოვდნენ. ამის გამო არც კრებითობა და არც მასწავლებლობა სულაც არ კნინდება ან იცვლება თავის მადლმოსილ და უწყვეტ არსებობაში (ასეთი ლოგიკური არგუმენტაციით ერთი მეორის მიყოლებით ინგრევა იეზუიტის ყველა ზემოთმოტანილი არგუმენტი, და ის თავდამსხმელის მდგომარეობიდან გაქცეულის მდგომარეობაში გადადის... მტკიცედ იდექით მხოლოდ ერთზე: "ქრისტეს ეკლესიაში არ არსებობს მასზე უმაღლესი ავტორიტეტი სინდისისა და რწმენის საკითხებში").
ჩვენ ვთქვით, რომ კრება კი არ არის მთავარი, არამედ კრებითობა! მაგრამ, რა არის კრებითობა?
კრებითობის, სხვაგვარად - უცდომელობის საფუძველი
მართლმადიდებლური, კათოლიკე (საყოველთაო), ქრისტიანული სწავლებით კრებითობა მოქმედებს იმ ურთიერთსიყვარულში, რომელიც აკავშირებს ეკლესიის ცალკეულ წევრთა მთელ სიმრავლეს. წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ქრისტიანთა გულები შეერთებულნი არიან სიყვარულით, რათა "ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე" (კოლას. 2:2-3).
ასე რომ წმიდა მოციქულისა და ეკლესიის სწავლებით, ეს არის ურთიერთსიყვარული; სიყვარული, და არა სხვა რამ, წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტეს ჭეშმარიტების შემეცნების გარანტს. და ეს ურთიერთსიყვარული, რომელიც შეიცნობს საღმრთო სიბრძნის საიდუმლოებებს, გამოიხატება ქრისტიანთა ურთიერთ თანხმიერებაში.
ეს თანხმიერება ვლინდება სულის მოქმედებით, და ეს სული ქრისტეს ეკლესიის მთელ მიწიერ ნაწილს თავისი მოგზაურობის ბოლოსკენ ცნობისმოყვარე გონებისთვის მიუწვდომელი გზებით მიუძღვის. ეს სული - თვით სულიწმიდაა; და როგორი წინააღმდეგობებიც გინდ შეხვდეს ეკლესიას ამ გზაზე, როგორი ბოროტი ვნებებითაც გინდ იყონ ეკლესიის ცალკეული წევრები შეპყრობილნი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქრისტეს მადლს და აღუდგებიან ამ კრებით ერთობას, ქრისტეს სიყვარული, რომელიც მათ გულებში მოქმედებს, სხვაგვარად - თვით სულიწმიდა, ყოველთვის, საბოლოოდ ძლევს ამ ვნებებს და არასოდეს დაუშვებს, რათა ეკლესიის მიწიერი არსებობა ჩვენ მიერ განადგურებულ იქნას, რადგან ქრისტე ჩვენთან არის სამყაროს აღსასრულამდე.
ამრიგად, ქრისტეს ეკლესიის კრებითობა ვლინდება ეკლესიის წევრთა ურთიერთთანხმიერებაში. ეს თანხმიერება არ უკავშირდება რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, რომელიმე გეოგრაფიულ პუნქტს, რომელიმე იერარქს ან იერარქთა კრებას, არამედ ერთად ჰკრავს ეკლესიის თანამოზიარე წევრებს და არ საჭიროებს არანაირ იურიდიულ რეგლამენტაციას, რადგან მისი თვითმყოფადი ძალა ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი კანონებით მოქმედებს. ის უბრალოდ არსებობს და თვითონვე განსაზღვრავს ეკლესიურობის დანარჩენ მოვლენებს, ნაცვლად იმისა, მათით იყოს განსაზღვრული. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა - მსოფლიო საეკლესიო კრებები.
რას წარმოადგენენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, და როგორია მათი განმასხვავებელი ნიშნები?
მსოფლიო კრებათა განმასხვავებელი ნიშნები
იერარქთა და მართლმადიდებელთა ყოველი კრება როდია მსოფლიო. ჭეშმარიტ, საყოველთაო და უცდომელ კრებას წარმოადგენს მხოლოდ ისეთი კრება, რომელშიც სახეზეა ორი ფაქტორი, კერძოდ: ერთი - მატერიალური, და მეორე - სულიერი.
მატერიალური ფაქტორი მოცემულია კრების მონაწილე პირებში, მათი ერთობლივი მუშაობის გარეგან პირობებში და გადასაწყვეტ საქმეთა რაოდენობასა და ხასიათში. ხოლო სულიერი ფაქტორი ძევს კრებით მოწმობათა იგივეობაში ეკლესიის მთელი სხეულის რწმენასთან. სწორედ ეს იგივეობა სხვა არაფერია, თუ არა თვით კრებითობა, რომელიც გამოხატულია კრებით. და მხოლოდ ის განსაზღვრავს და გამოხატავს საყოველთაოობას და კრებით უცდომელობას, რომელიც მთლიანად მასშია მოცემული (ანუ ზემოთხსენებულ იგივეობაში - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის). რადგან კრებითობა, საყოველთაოობა, უცდომელობა, თანაბარმნიშვნელოვანი ტერმინებია, რომლებიც ერთი და იგივე მთლიანობის სხვადასხვა სახეობებს გამოხატავენ, რომლის სახელია სულიწმიდა, რომელიც ხელმძღვანელობს ეკლესიას.
სწორედ ეს სულია ეკლესიურობის ყველა მატერიალური ფაქტორის საზომი. მატერიალური ფაქტორები კი არ არიან ეკლესიურობის საზომნი სულისთვის, არამედ, პირიქით, სულია ეკლესიურობის ყველა მატერიალური ფაქტორის საზომი.
აი ის საფუძვლიანი, განმასხვავებელი თვისება მართლმადიდებლური, კრებითი, სამოციქულო ეკლესიისა, რომელიც გადაულახავ უფსკრულად ძევს აბსოლუტურად ყველა რელიგიისა, მიმართულებისა თუ სქიზმისთვის, რომელიც ოდესმე გაჩენილა დროთა განმავლობაში. ამრიგად, კრება უცდომელია მხოლოდ ამ თავისი სულიერ-განმსზაღვრელი ფაქტორის არსებობის შემთხვევაში. რადგან საყოველთაო უცდომელობა, როგორც ვნახეთ, ეკუთვნის არა კრებას თავისთავად, არამედ ქრისტეს მთელ ეკლესიას, რომელიც საკუთარ თავზე საეკლესიო კრებებზე მოწმობს.
მოცემული კრების უცდომელობის კრიტერიუმი
ახლა გავარკვიოთ; სად ძევს კრებითი უცდომელობის სულიერ-განმსაზღვრელი ფაქტორის კრიტერიუმი? მოკლედ: სად ძევს, რომელიმე კრებასთან მიმართებაში, მისი კრებითობის კრიტერიუმი?
სწორად რომ გავცეთ პასუხი ამ კითხვას, საჭიროა მკაცრად განვასხვაოთ ორი თეზისი. პირველი - საეკლესიო თეზისი და მეორე - სამეცნიერო-საღვთისმეტყველო თეზისი. ორივე თეზისი სხვადასხვანაირად მეტყველებს.
საეკლესიო კრიტერიუმი
საეკლესიო თეზისი, რომლის მიხედვითაც ეკლესიაში, ეკლესიისთვის და მისი ყველა ცოცხალი წევრისთვის, კრებასთან მიმართებაში, ეკლესიის მიერ თავად განისაზღვრება მისი კრებითობის კრიტერიუმი, ასე ჟღერს: ქრისტეს ეკლესია თვითონ არის კრებითობის კრიტერიუმი და საზომი საკუთარი თავისთვის.
ეს თეზისი მიუწვდომელია ადამიანის შეზღუდული ცნობიერებისთვის. ის არა მარტო ყოველგვარი მეცნიერების მიღმა ძევს, არამედ ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების მიღმაც, და შეიგრძნობა მხოლოდ მადლმოსილი რწმენით. მასშია გამოხატული აბსოლუტური, უსაზღვრო თავისუფლების პრინციპი, რომელიც ეკუთვნის ქრისტეს ეკლესიის ყველა შვილს მასში მონაწილეობის საზომისაებრ. და რადგან ეკლესიაში მონაწილეობა მოიცემა საკუთარი ნების თავმდაბლური მოკვეთით ყველა სხვა ადამიანის სასარგებლოდ, მაშინ აქედან გარდაუვალად გამოდის, რომ ქრისტეს ეკლესიაში აბსოლუტური პირადი თავისუფლება და აბსოლუტური თვითუარყოფა ერთმანეთს თანხვდებიან. საკუთარი თავის შემწირველი საკუთარ თავს და პიროვნებას თავის ყოვლადძლიერ გამოხატულებაში ჰპოვებს.
რაციონალური კრიტერიუმი
რადგან ადამიანი ამ ქვეყნიერების გონიერი ბინადარია - მიუხედავად იმისა, ეკუთვნის ის ეკლესიას თუ არა, - მასაც გააჩნია რაციონალისტური საყრდენები, რათა ფორმალურად დარწმუნდეს კრებების მიერ მოცემული მოწმობების კრებითობაში. და აი, ამასთან დაკავშირებით მუშავდება სხვა კრიტერიუმი, რაციონალური ანუ სამეცნიერო-საღვთისმეტყველო, რომელიც არის ანალიტიკურ-გონებრივი დაკვირვების პროდუქტი. ეს თეზისი არის კრებათა კრებითობის გადამოწმების მასშტაბი მეცნიერებისთვის - მაგრამ არა ეკლესიისთვის.
ამ თეზისის მიხედვით ყოველი კრების კრებითობა იხილვება მხოლოდ შემდგომ მატერიალურ ისტორიულ მოვლენაში: მის ფაქტობრივ მიღებასა და ეკლესიის მთელი სხეულის მიერ მისგან მოცემული მოწმობების, როგორც საკუთარის შეწყნარებაში. ასე რომ ეს საკითხი წყდება ფაქტის, და არა სამართლის საფუძველზე (9).
_______________
9. ამ საწყისიდან უმცირესი გადახრა, უმცირესი კომპრომისი რომელიმე სხვა ვარაუდთან, იურიდიული იქნება ეს თუ სხვა რომელიმე, წარმოადგენს მწარე ცდომილებას, რომელიც, როგორც ეს მაგალითში ვაჩვენეთ, საკუთარ თავს ავლენს ლოგიკურ უმწეობაშინ მანამ, სანამ ის არ გადაწყდება თავისი ერთადერთი ლოგიკური დასრულებით: პაპიზმით - შენიშვნა. მ. ნოვოსელოვის).
_______________
ამრიგად, თუკი მთელი საეკლესიო სხეული ფაქტობრივად იღებს შემდგარ კრებას, ეს ნიშნავს კრება იყო მსოფლიო; თუკი არ შეიწყნარებს, მაშინ, ეკლესიისთვის ის არაფერს წარმოადგენს.
კრება თავისთავად არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია მხოლოდ კრებითობა, რომელიც დამოკიდებულება არა რომელიმე პირთა ამა თუ იმ შეკრებაზე, მითუმეტეს ერთ რომელიმე პირზე, არამედ მთელ ეკლესიაზე. ეს ყველაფერი დასტურდება ისტორიით. რომელიმე კრების მსოფლიო მნიშვნელობა აღიარებული იყო არა იმწამსვე, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რომელიც ამ საკითხის გასარკვევად იყო საჭირო.
რა თქმა უნდა, ეკლესია თვითონაც და მისი ცოცხალი წევრებიც, მასში მონაწილეობისდა კვალად, თავისი კრებების კრებითობის რაციონალურ კრიტერიუმს საერთოდ არ საჭიროებენ. მაგრამ ცდომილების მისამართით და მათთვის, ვისაც ამგვარი კრიტერიუმის რაციონალური საყრდენი სჭირდებათ ეკლესია კრებაზე რაციონალურად ასაბუთებს თავის მოწმობებს, მიჰყვება რა საზოგადოდ მისაწვდომ კრიტერიუმს. ამიტომაც ის ეყრდნობა ისეთ ფაქტებს, რომელიც აღიქმებიან ყველა ადამიანის გონებით, თვით გარეშეების მიერაც კი.
წინა თავის დასკვნა
ამჯერად აუცილებლად მივიჩნევთ მივუთითოთ წინა თავის ერთ განსაკუთრებულ დასკვნაზე, რომელიც ზუსტად განგვიმარტავს ამ საკითხისადმი მართლმადიდებლობის დამოკიდებულებას.
დასკვნა ასეთია: ეკლესიის რწმენა ეწინააღმდეგება ამა თუ იმ მწვალებლობას არა იმიტომ, რომ ეს მწვალებლობა დაგმობილ იქნა ამა თუ იმ მსოფლიო კრებაზე, არამედ პირიქით: ამა თუ იმ მსოფლიო კრებამ დაგმო ესა თუ ის მწვალებლობა, რადგან ის ეწინააღმდეგება ეკლესიის რწმენას. ამ მიდგომით გზა ეკეტება ყოველგვარ შემდგომ პოლემიკას, რამეთუ ისინი უსაგნო ხდება.
ბოლოთქმა
ამრიგად, რაც შეეხება კრებით უცდომელობას, ის, როგორც ვნახეთ, ძევს კრებათა მიერ მოცემულ მოწმობებში, რომლებშიც ასახულია მთელი საეკლესიო სხეულის რწმენა. ამ კრებითი უცდომელობის, ანუ ამ უცდომელი კრებითი თანხმიერების ხასიათი, სულაც არ იცვლება იმ მატერიალურ მეთოდთა მრავალსახოვნებით, რომლითაც მისი სწავლების სისწორე დასტურდება. რა თქმა უნდა, უცხოთათვის უფრო მიზანშეწონილი ფორმა ამგვარი მოწმობისა მოცემულია ცნობილი რაოდენობის ფიზიკურ პირთა იმ მატერიალურ ყრილობაში, რომელსაც კრება ეწოდება. მაგრამ კრებითი თანხმობა შეიძლება გამოხატულ იქნას ნებისმიერი სხვა მოწმობითაც, რომელიც მთელ საეკლესიო სხეულთან იგივეობრიობის ძალით, ასევე კრებითი მოწმობაა. რადგან კრებითობა ერთი უცვალებელი სულია, მოწმობები კი გარეგან მატერიალურ ფორმათა მრავალფეროვნების კანონს ექვემდებარებიან.
აქედან გამომდინარე, საყოველთაოობა, უცდომელობა, კრებითობა არის ყველგან, ყოველ ჭეშმარიტ, ნამდვილ, ეკლესიის რწმენასთან იდენტურ მოწმობაში, რომელიც ეკლესიის მიერ მოიცემა: კრებით (არა აქვს მნიშვნელობა დიდი იქნება ის თუ მცირე), ან ცალკეული პირის, ან თუნდაც სალოსის და არსრულწლოვანი მორწმუნეების მეშვეობით.
აქედან კი გამომდინარეობს საეკლესიო თეზისი, რომლის მიხედვითაც კრებითი საწყისი აბსოლუტურად დამოუკიდებელია მისი გამოვლინების რაიმე ფორმალურ-იურიდიული კანონისგან. სული საკუთარ თავზე ქრისტეს ეკლესიაში მოწმობს მაშინ, როდესაც ისურვებს, სადაც ისურვებს და როგორც ისურვებს, რადგან ჩვენ არ წარმოვადგენთ საზომს სულისას, არამედ პირიქით, სულია ჩვენი საზომი ჩვენი ჭეშმარიტებისა.
აი, მართლმადიდებლური პასუხი კითხვაზე, ვინ და რომელ შემთხვევაში წარმოადგენს სულიწმიდის უცდომელ ორგანოს ეკლესიაში. ყოველ შემთხვევაში სული მას თვითონ ირჩევს. რადგან ორგანო, თავისი უფლებით კი არ გადმოგვცემს სულს, არამედ სული, თავისი მოწყალებით, ეძლევა ორგანოს. ამით ერთხელ და სამუდამოდ უქმდება კრებითობის იურიდიული გაგების ყველა ხრიკი, რომელი კრებითობაც მისაწვდომია მხოლოდ რწმენისა და სიყვარულისთვის, და არა გონებისთვის.
აი, საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის ურყევი მართლმადიდებლური სწავლება (10).
_______________
10. საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია - ეს რუსული, ბერძნული ან რომელიმე ადგილობრივი ეკლესია კი არ არის. რადგან მისით ცხონდება კაცთა მთელი მოდგმა, იკურთხება მთელი დედამიწა, ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვაქვს ბედნიერება ვეკუთვნოდეთ ამ დიად მთლიანობას, რომელსაც მტკიცედ მივყვებით. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. საყოველთაო ეკლესია კი არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ, ჩვენ, საკუთარი ადგილობრივი ეკლესიით, ვეკუთვნით მას. რუსულ ან ბერძნულ, ან კიდევ რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე კი არ არის ნათქვამი, რომ იქნება სამყაროს აღსასრულამდე, არამედ ქრისტეს საყოველთაო ეკლესია. სწორედ ის არის უკვდავი სხეული ქრისტესი. საყოველთაო რწმენა კარგია არა იმიტომ, რომ ის ჩვენი ხალხის რწმენაა, არამედ ჩვენი ხალხია კარგი მით, რომ დღემდე აღიარებს ამ საყოველთაო მართლმადიდებლურ რწმენას - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის).
_______________
მე ი. ა. კოლემინის სტატიიდან ამოვიღე ყველაზე არსებითი. შესაძლოა, მეგობრებო, ზოგიერთ თქვენგანს ესა თუ ის ადგილი საკმაოდ განზოგადოებულად და რთულად მოგეჩვენოთ. რა ვქნათ? - უნდა დავძლიოთ ეს სირთულე. წინამდებარე წერილის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა ზედაპირულად მოვეპყრათ. მას უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია არა მარტო საღვთისმეტყველო-დოგმატური, არამედ საეკლესიო-პრაქტიკული მნიშვნელობითაც, და განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც საეკლესიო ერთობა თვალსა და ხელს შუა ირღვევა.
რუსული ეკლესიის მიერ განცდილი ვითარებების პირობებში, რომელთა შესახებაც მე არ დავკონკრეტდები, ისინი ისედაც ყველასთვის ცხადია (იგულისხმება საეკლესიო უთანხმოებანი, რომელიც გამოიწვია ე. წ. "განმაახლებლობის" განხეთქილებამ - შენიშვნა მ. ნოვოსელოვის), განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მეტიც - აუცილებელია შევიგნოთ და გავითავისოთ ძირითადი აზრი, რომელსაც ავითარებს ი. ა. კოლემინი, - აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესიაში არ არსებობს საზოგადოდ სავალდებულო გარეგანი ავტორიტეტი სარწმუნოებისა და სინდისის საკითხებში, ასევე თვით ეკლესიის უცდომელობის საკითხში, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე".
ჩვენ, მართლმადიდებლებმა, როგორც მრევლმა, ასვე მოძღვრებმა, სამწუხაროდ, გავითავისეთ კათოლიკეთა აზრი ეკლესიის სფეროში ავტორიტეტის მნიშვნელობის შესახებ. ჩვენი იერარქია მიეჩვია (და თავის მრევლსაც შთააგონა) საკუთარი თავს უყურებდეს რომაელი კათოლიკეს თვალებით, რომელიც თავის პირველიერარქში ხედავს უცდომელ მსაჯულს რწმენის საკითხებში. ჩვენი იერარქიის ეს შეხედულება საკუთარ თავზე მკაფიოდ არის გამოხატული სინოდის 1913 წლის ეპისტოლეში, რომელიც ეხება ღმრთის სახელის შესახებ არსებული საკითხის განხილვას და მიმართვას "მონაზვნობაში მოსაგრე ყველა პატიოსანი ძმისადმი" (Послание от 18 мая 1913 г. // Церковные ведомости. 1913, 20. С. 277-286). გამოთქვამდა რა მკაცრ, უაპელაციო განაჩენს ათონელ-სახელმადიდებელთადმი (11), სინოდი გამოდიოდა იერარქიული უცდომელობის შეგნებიდან. აი, რას ვკითხულობთ ამ ეპისტოლეში:
_______________
11. სახელმადიდებლობა, რუს.: Имяславие – ტერმინი, რომელიც აღმოცენდა ათონის მთაზე ღმრთის სახელთან დაკავშირებულ დავაში.
_______________
"ახლა, როდესაც თავიანთი აზრი გამოთქვეს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებმა, მათი (სახელმადიდებელთა) შემდგომი სიჯიუტე თავიანთ შეხედულებაზე უკვე ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა იქნება" (Церковные ведомости. 1913, 20. С. 286).
გვერდზე დავტოვებ რა საკითხს, თუ ვინ იყო არსებითად მართალი მოცემულ დავაში, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მხოლოდ ამ ეპისტოლეში სინოდის მიერ მკაფიოდ გამოხატულ თავდაჯერებულობას იერარქიის ავტორიტეტის უცდომელობაში.
შემდეგი, შესაძლოა, ორი მომდევნო წერილიც შეიძლება მივუძღვნა ეკლესიაში არსებული ავტორიტეტის საკითხს და საკმაოდ განყენებულად მოვახდინო ი. ა. კოლემინის მიერ განვითარებული თემის ილუსტრირება ისტორიული მაგალითებით; ახლა კი რამოდენიმე სიტყვით აღვნიშნავ იმ პრაქტიკულ ზიანს, რომელიც მომდინარეობს იერარქიაზე არსებული ცრუ შეხედულებიდან, რომელიც თითქოსდა არის უდავო ჭეშმარიტების მცველი და მქადაგებელი; სხვაგვარად რომ ვთქვათ, - უცდომელი ავტორიტეტი. ამ ცრუ შეხედულებიდან მომდინარეობს არსებითად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთნაირად არასწორი დასკვნა.
თუკი საეკლესიო ხელისუფლება გამოთვამს მსჯელობას, რომელიც არ ეთანხმება მრევლის ან მისი გარკვეული ნაწილის რელიგიურ ცნობიერებას, ეს უკანასკნელი იძულებულია: მსხვერპლად გაიღოს (უარყოს) ჭეშმარიტების მისეული გაცნობიერება, და მიიღოს იერარქთა გადაწყვეტილება (როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, ათონურ დავაში მ. ალექსი დაყუდებულმა, რომელმაც სინოდისადმი მორცილების გამო უარყო თავისი პირვანდელი შეხედულება სახელმადიდებლობისადმი), ან, თავისი რელიგიური ცნობიერების ძალით, ზურგი აქციოს ეკლესიას, ამ "უცდომელ ორგანოს", რომელმაც ვერ გაამართლა უცდომელობის პრეტენზია თავის მსჯელობებში.
ბოლო დროს არც თუ იშვიათად გვიწევს სამწუხარო გაუგებრობების მოსმენა იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი იერარქია გაიბლანდა სტილის საკითხში (12), ასევე "ჟივოცერკოვნული" საკითხის (13) გადაწყვეტის მეთოდებში.
_______________
12. 1923 წელს მოწვეულმა განმაახლებელთა კრებამ დაადგინა გადასულიყო გრიგორიანულ კალენდარზე. პატრიარქი ტიხონი, რომელიც საპყრობილიდან იმავე წლის 27 ივლისს გათავისუფლდა, კრების დადგენილებებიდან მხოლოდ ამ გადასვლას დაეთანხმა. მან კალენდრის რეფორმა, საეკლესიო თვალსაზრისით, დასაშვებად მიიჩნია, რადგან (არაზუსტი საგაზეთო ცნობების საფუძველზე) ჩათვალა, რომ ამგვარ რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული იყო შეთანხმება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, და ამასთან განიცდიდა ძლიერ ზეწოლას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მიმართული იყო სამოქალაქო კალენდრის დანერგვისკენ საეკლესიო მიმოქცევაში. პატრიარქმა ტიხონმა გამოსცა ეპისტოლე, რომ 1923 წლის 2 ოქტომბრიდან უნდა გადასულიყვნენ ახალ სტილზე. მაგრამ მორწმუნეთა საყოველთაო პროტესტების გამო უკვე 8 ნოემბერს პატრიარქმა გადაწყვიტა ახალი სტილის შემოღება "დროებით გადაედო" (დეტალურად იხ.: Заявление Патриарха Тихона во ВЦИК // Вестник РХД. Париж, 1975. № 115. С. 78-87).
13. იგულისხმებიან ზოგიერთი საეკლესიო იერარქის თანხმობა და ერთობა საეკლესიო მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკება გაემართათ და კომპრომისებზე წასულიყვნენ განმაახლებლებთან (обновленцы).
_______________
მაშინ როდესაც მორწმუნე ერი რწმენისა და შეხედულებების უფრო მეტ სიმტკიცეს და სიცხადეს იჩენდა. შეფარვით, ზოგჯერ კი აშკარად გამოითქმებოდა აზრი, რომ "ეკლესიას გზა აერია".
ეს უაზრო და მრავალ მიმართებაში უკიდურესად მავნე გაიგივება იერარქიისა ეკლესიასთან, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩვენს, როგორც მორწმუნე, ასევე ურწმუნო საზოგადოებაში. თავის დროზე, ამ უაზრო, გავიმეორებ, იგივეობაზე ააგო ლევ ტოლსტოიმ საკუთარი ღვარძლიანი კრიტიკა ეკლესიის წინააღმდეგ (См.: Новоселов М. Открытое письмо графу Л. Н. Толстому по поводу его ответа на постановление Св. Синода. Вышний Волочек, 1902), ხოლო მისმა მძვინვარე მოწინააღმდეგემ, ზოსიმელმა მხცოვანმა ალექსიმ (14), საეკლესიო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტის შიშით უარი თქვა საკუთარ შეხედულებებზე.
_______________
14. იხ., მაგალითად, Бердяев Н. А. Самопознание. Париж, 1949. С. 202. მღვდელსქიმონაზონი ალექსი, ზოსიმეს უდაბნოს დაყუდებული, მონაწილეობდა 1917 წლის კრებაზე, როგორც დიდი სიმართლის მქონე კაცი. მას მიენდო გადაეწყვიტა არჩევანი ორ კანდიდატს შორის საპატრიარქო ტატხზე; 1917 წლის 5 ნოემბრის კრების სხდომაზე მან ამოიღო ის ბარათი ("კენჭი"), რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად ასახელებდა ეპისკოპოს ტიხონს.
_______________
ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ კარგად დააკვირდებით ი. ა. კოლემინის განსჯას, ვიმედოვნებ აწ უკვე აღარ დაგაბრკოლებთ სხვადასხვა გაუგებრობები და არ ჩავარდებით უიმედობაში იმის გამო, რომ ათობით "ჟივოცერკოვნიკმა" ეპისკოპოსმა და ასობით მღვდელმა უღალატა მართლმადიდებლობას, არც კანონიერ იერარქთა სულიერი მერყეობის გამო მიეცემით უსასოობას. განუდგებიან რა "ჭეშმარიტების სვეტსა და სიმტკიცეს" და ამით აცდუნებენ რა "უმცირესთაგანთ" (მთ. 18:6), "ისრაელის დარაჯნი" (რიცხვ. 3:8) იოტისოდენადაც კი ვერ დააზიანებენ ეკლესიას, რომელიც არის ქრისტეს ჭეშმარიტების საცავი.
დაუფიქრდით ი. ა. კოლემანის ნათქვამს, მის თხზულებას და ნახეთ იგივე ჩემს მე-2, მე-5 და ბოლოს 10-ე წერილებში: თქვენ იქ იპოვით საკმარის მასალას არასწორ მტკიცებულებათაგან თავდასაცავად ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელი მტკიცებულებებიც მორწმუნეებში უსასოობას იწვევენ.
ეკლესიისადმი გონიერი და მტკიცე რწმენა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მაცხოვნებელ შფოთვას ერთმორწმუნე ძმათა გამო, რომლებიც ცდუნებულნი არიან მათ მიერ, ვინც საკუთარი ხარისხით მოწოდებულია რწმენაში განამტკიცოს ისინი. ეს ძმური განგაში მიგვანიშნებს ჩვენსს მოვალეობებზე ცდუნებულებთან მიმართებაში, რომლებიც იმავე სხეულის წევრები არიან, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნით.
მშვიდობა თქვენდა, საყვარელნო! ილოცეთ უფალ იესუში თქვენი ძმისა და ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისთვის.
1924 წლი, 29 თებერვალი.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
წყარო: blagogon.ru. Михаил Новоселов. Письма к друзьям. Письмо одиннадцатое. О ложном воззрении на церковную иерархию как на непогрешимый авторитет в вопросах веры.
Письма к друзьям / М. А. Новоселов; [Предисл., с. V-LIII, коммент. и науч. подгот. текста Е. С. Полищука]. - М. : Изд-во Православ. Свято-Тихонов. богослов. ин-та, 1994.