ანტიერეტიკონი - Filioque-ს მწვალებლობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
Filioque-ს მწვალებლობა
წმიდა სამების დოგმატი
შინაარსი:
 
 
Filioque – ძირითადი განსხვავება
 
Filioque-ს საღვთისმეტყველო უარყოფა
 
 
***
 
 
Filioque – ძირითადი განსხვავება
 
ერთ-ერთ ძირითად განსხვავებას მართლმადიდებლებსა და ფრანკო-ლათინებს შორის წარმოადგენს სწავლება სულიწმიდის შესახებ, ანუ ე. წ. Filioque ("და ძისაგან" - "აპოკ." რედ.). ფრანკო-ლათინებმა სარწმუნოების სიმბოლოს ეს ფრაზა დაუმატეს იმიტომ, რომ თითქოსდა სულიწმიდა გამოდის მამისგანაც და ძისგანაც (Filioque) (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - "აპოკ." რედ.), რითაც ამახინჯებენ ქრისტეს სიტყვას და ეკლესიის მამათა სწავლებას, როგორც ის იყო გამოხატული კრებითად II მსოფლიო კრებასა და სხვა საეკლესიო კრებებზე. ამ პუნქტზე იქნა გამახვილებული მრავალი მამის მთელი ანტიერეტიკული პოლემიკა. აქ უმთავრესად შეგახსენებთ სამ უდიდეს მნათობს მართლმადიდებლობისა, ანუ წმ. ფოტიოს დიდს, წმ. გრიგოლ პალამას და წმ. მარკოზ ეფესელს.
 
გაერთიანებული რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში ძალიან ადრე დაიწყო განვითარება იმ სწავლებამ, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა მამისგანაც გამოდის და ძისგანაც, რითაც ირღვეოდა სამებისშიდა ურთიერთობა წმიდა სამების იპოსტასებს შორის. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ეს თემა საბოლოოდ ცენტრალური განმასხვავებელი პუნქტი გახდა დასავლეთის "ეკლესიასა" და აღმოსავლეთის ეკლესიას შორის. ჩვენ აღვნიშნავთ რამდენიმე მახასიათებელ პოზიციას, რომლებშიც ვლინდება პაპიზმის სიჯიუტე ამ ერეტიკულ სწავლებაში.
 
როდესაც 1054 წელს კარდინალმა ჰუმბერტმა პაპს შეატყობინა, რომ მან კონსტანტინოპოლის წმიდა სოფიის ტაძრის საკურთხეველში, საღმრთო ლიტურგიის დროს დადო ლიბელიუმი, რომელშიც, როგორც მწვალებლები ანათემას იყვნენ გადაცემული პატრიარქი და ყველა მართლმადიდებელი, პატრიარქისა და მართლმადიდებელთა მთავარი გამკიცხავი პუნქტი იყო ის, რომ მათ დათესეს მრავალი ღვარძლი და "როგორც სულიწმიდის მოწინააღმდგეებმა და ღმრთისმებრძოლებმა სარწმუნოების სიმბოლოდან ამოიღეს სულიწმიდის გამომავლობა ძისგან". ანუ, ჩვენ, მართლმადიდებლებს გვკიცხავდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ამოვიღეთ ფრაზა სარწმუნოების იმ სიმბოლოდან რომელიც დააწესა II მსოფლიო კრებამ!
 
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ანათემები უკვე წარსულს მიეცა და, შედეგად, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, პრობლემა მაინც არსებობს, რადგან საეკლესიო დადგენილებით შეიძლება ანათემა უარყოფილია, მაგრამ არ არის უარყოფილი Filioque - ს მწვალებლობა, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა.
 
პაპისტების უდიდესი თეოლოგი თომა აკვინელი, რომელსაც Doctor angelicus-საც უწოდებენ, იცავდა ამ მწვალებლობას. ამ სწავლებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შენიშვნაში ის წერდა: "შედეგად, სულიწმიდის საერთო მიზეზს წარმოადგენს მამა და ძე". სხვა შენიშვნაშიც ის წერს: "მამა და ძე არიან ერთიანი მიზეზი სულიწმიდისა". და აგრძელებს: "თუმც ამბობდნენ, რომ სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისგან, მაგრამ ამ გამოსვლაში არ გამოირიცხება ძეც".
 
1054 წლის სქიზმის შემდეგ "ეკლესიათა" შეერთების ყველა მცდელობის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა Filioque - ს მწვალებლობა. მართლმადიდებლები ლათინებს სთავაზობდნენ ამოეღოთ დამატება სარწმუნოების სიმბოლოს სწავლებიდან, მაშინ როდესაც ლათინები ჯიუტად იცავდნენ ამ სწავლებას და რა თქმა უნდა ამტკიცებდნენ, რომ მართლმადიდებლებმა ეს ფრაზა სარწმუნოების სიმბოლოდან უსაფუძვლოდ ამოიღეს.
 
ნიშანდობლივია ის, რომ 1274 წლის ლიონის კრებაზე, და ასევე 1438-39 წლების ფერარო-ფლორენციის კრებაზე Filioque გასაუბრებათა ცენტრალური საკითხი იყო. მოგვიანებით, გარკვეული ზეწოლისა და ძალადობის მიუხედავად, მართლმადიდებლებში ის განიხილებოდა, როგორც გამორიცხვისთვის აუცილებელი, როგორც ბრძანებდა ამას წმ. მარკოზ ეფესელი. მაგრამ მართლმადიდებელთა ყველა მცდელობა მართლმადიდებლურ რწმენასთან მოეყვანათ ლათინები აწყდებოდა მათ დოგმატურ სწავლებას Filioque - ს შესახებ.
 
ამრიგად, სქიზმა ორ ეკლესიას შორის წარმოიშვა Filioque - ს მწვალებლობის შედეგად, და ამიტომაც გენადი სქოლარიუსმა თქვა: "სქიზმა, რა თქმა უნდა, მოხდა სიმბოლოში შეტანილი დამატების გამო, ამიტომ ჯეროვანია ლათინები მიღებულ იქნან ამ დამატების უარყოფის შემდეგ". ეკლესიის მამები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია პაპიზმის უკან მიქცევა მართლმადიდებლური ეკლესიისგან, რომლისგანაც ის განვარდა, თუკი უარს არ იტყვის Filioque - ს მწვალებლობაზე.
 
 
Filioque-ს საღვთისმეტყველო უარყოფა
 
მოდი ჩვენი ყურადღება მივაპყროთ Filioque - ს მწვალებლობის ძირითად პოზიციებს, რათა გამოვავლინოთ ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობა.
 
ა) III მსოფლიო კრების გადაწყვეტილებების თანახმად დაუშვებელია სარწმუნოების სიმბოლოს მოაკლდეს ან შეემატოს ერთი სიტყვაც კი. და რა თქმა უნდა, აქ აღიარებულია ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლოც, რადგან ყოველი კრება ადასტურებდა წინა კრების დადგენილებებს.
 
ბ) საკითხი წმიდა სამების შესახებ საიდუმლოა, რომლის წვდომა ადამიანური ლოგიკით შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მხოლოდ დოგმატი წმიდა სამების შესახებ, მაგრამ არა თვით საიდუმლო. ეს ნიშნავს, რომ ვენდობით ქრისტეს ღმრთითგამოცხადებულ სიტყვებს ისე, რომ მასში წვდომას საკუთრი გონებით არ ვცდილობთ.
 
გ) ქრისტემ ჩვენ განგვიმარტა კავშირი წმიდა სამების პირთა შორის. მოციქულებმა მიაღწიეს პიროვნულ ცოდნას სულთმოფენობის დღეს. ამგვარად წმიდა სამების საიდუმლო თვით ღმერთის გამოცხადების საკითხია და არა ადამიანური გამოცხადებისა. ეს გამოცხადება ადამიანმა "ერთხელ" მიიღო სულთმოფენობის დღეს (იხ. იუდას ეპისტოლე. 3). წმინდანები საუკუნეთა განმავლობაში მონაწილეობენ ამ გამოცხადებაში, რომელიც მათ მემკვიდრეობით მოციქულთაგან მიიღეს. ამის შესახებ ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ლათინებმა განავითარეს თეორია, თითქოსდა საუკუნეების განმავლობაში ადამიანები უკეთ იწყებენ გამოცხადების შემეცნებას და მასში წვდომას. ამას გარკვეული კავშირი აქვს სქოლასტიკასთან. მართლმადიდებლობაში ითქმება, რომ წმიდა სამების საიდუმლოს დოგმატს განიცდიან ისინი, ვინც წვდებიან გამოცხადებას და გამოხატავენ მას თავისი ეპოქის საჭიროების შესაბამისად.
 
ე) ქრისტემ გამოგვიცხადა, რომ სიტყვა-ღმერთი იშვება და სულიწმიდა გამოდის მამისგან. ამგვარად, მამა არის უშობელი, ძე არის შობილი და სულიწმიდა არის გამომავალი. წმიდა სამების პირები ფლობენ საერთო არსს, ანუ ბუნებას, მაგრამ არა პირად საერთო თვისებებს, რომლებიც არის - უშობელობა, შობადობა და გამომავლობა. არევ-დარევა და ბუნდოვანება ამ თვისებებს შორის არღვევს კავშირს წმიდა სამების პირთა შორის. თუკი სულიწმიდა გამოდის მამისგანაც და ძისგანაც, მაშინ მოხდებოდა შემდეგი:
 
ძე უნდა შობილიყო მამისგან და სულიწმიდისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სულიწმიდა აღმოჩნდებოდა კნინ მდგომარეობაში, რადგან გვექნებოდა მხოლოდ დიადა (მამა-ძე). შემდეგ, სულიწმიდაც რომ თანასწორი ყოფილიყო სამების სხვა პირებისა, აუცილებელი იქნებოდა მისგანაც გამომავალი ყოფილიყო რაიმე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაქრებოდა ღმრთის სამპიროვნება, რადგან შემოვიდოდა მეოთხე იპოსტასი.



მართლმადიდებლური და ლათინური (ე. წ. "კათოლიკური") ტრიადოლოგიური სწავლებების სქემატური გამოსახვა.
კარგად ჩანს, როგორ კნინდება Filioque-ს ლათინური სწავლებით სულიწმიდის თანასწორობა ძესთან და მამასთან.

 
ვ) ვრჩებით რა ქრისტეს სიტყვის ერთგულნი, ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი-სიტყვა იშვება მამისგან და სულიწმიდა გამოდის მამისგან (იოანე 15:26). მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ იშვება ძე და რატომ ხდება ასე. ამ საკითხს ჩვენ ვუდგებით აპოფატიკურად. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვსაჭიროებთ ე. წ. აპოფატიკურ ღვთისმეტყველებას. რაც შეეხება ღმერთს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ "ის არის", ანუ იმას, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ არ გვესმის როგორია მისი არსი, ასევე "ვინ არის" პიროვნება. იპოსტასური თვისებები, - მამის უშობელობა, ძის შობადობა და სულიწმიდის გამომავლობა, - არსებობის სახეებია, ანუ ისინი წარმოადგენენ ფორმას რომლის მეშვეობითაც არსებობენ იპოსტასები.
 
ამგვარად სულიწმიდა გამოდის მამისგან და წარმოიგზავნება ძის მიერ (διὰ τοῦ Ὑιοῦ). ბერძნულ ენაზე სხვა რამეს წარმოადგენს გამომავლობა და სულ სხვა რამეს წარმოგზავნა.

წარმოგზავნა არ არის იპოსტასური თვისება, ის არ არის არსებობის ფორმა, არამედ მისიაა. გამომავლობა კი იპოსტასური თვისებაა, სულიწმიდის არსებობის ფორმაა, მაშინ როდესაც წარმოგზავნა არის მისია და სამყაროში გამოცხადება, რომელიც ხდება ძის მიერ, როგორც ძე განკაცდება სულიწმიდის მიერ. როგორც სიტყვა-ღმერთის განკაცება სულიწმიდის მიერ (διὰ) არ არის გაიგივებული ღმერთ-სიტყვის მამისგან შობასთან, ზუსტად ასევე სულიწმიდის წარმოგზავნა ქრისტეს მიერ (διὰ) არ არის გაიგივებული სულიწმიდის მამისგან გამომავლობასთან.
 
ზ) წმ. გრიგოლ პალამას და წმ. მარკოზ ეფესელს სულიწმიდის მისია და წარმოგზავნა, - როგორც ეს აშკარა ხდება ზოგიერთი ძველი წმიდამამებისეული ტექსტების გაცნობის შემდეგ, - ესმით იმ აზრით, რომ სულიწმიდა სამყაროს ევლინება ენერგიით და დროში.

ანუ, სხვა არის საუკუნეთა უწინარესი არსებითი გამომავლობა სულიწმიდისა, რომელიც აღსრულდება მხოლოდ მამისგან, და სულ სხვაა სულიწმიდის მოვლენა ენერგიით დროის ფარგლებში, რომელიც აღსრულდება მამისგან ძის მიერ, ან მამისგანაც და ძისგანაც. ეს არის უმნიშვნელო, მაგრამ არსებითი განსხვავება, რომელიც ვერ გაიგეს ლათინებმა და არასწორად განმარტეს შესაბამისი ტექსტები.
 
თ) ყველაზე ძირითადი განსხვავება მართლმადიდებლობასა და პაპიზმს შორის აშკარავდება საკითხში ღმრთის არსისა და ენერგიის შესახებ.

ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, რომ, რადგან ღმრთის არსი არაქმნილია, მაშინ მისი ენერგიაც არაქმნილია. არსი არ არსებობს ქმედება-ენერგიის გარეშე. თუკი არსი არაქმნილია, მაშინ არაქმნილია მისი ქმედება-ენერგიაც, და თუკი არსი ქმნილია, მაშინ ქმნილი აღმოჩნდება მისი ქმედება-ენერგიაც. თომა აკვინელს და თანამედროვე პაპისტ თეოლოგებს სწამთ actus purus-ის (წმიდა მოქმედება). ანუ ისინი მიიჩნევენ, რომ არაქმნილი ენერგია-ქმედება აბსოლუტურად ასოცირდება ღმრთის წმიდა მოქმედებასთან და ადამიანს არ შეუძლია ღმერთთან კავშირ-ურთიერთობა დაამყაროს actus purum-ის მეშვეობით, არამედ მხოლოდ ღმრთის ხელთქმნილი ენერგიის მიერ. ამგვარად ღმერთში ლათინებს შემოჰყავთ ქმნილი ენერგიები, რაც სინამდვილეში შეუძლებელს ხდის ადამიანის ცხონებას, რადგან შეუძლებელია მისი მიღწევა ქმნილი ენერგიების მეშვეობით.
 
ვინმე თუ გამოიჩენს ყურადღებას, დარწმუნდება იმაში, რომ სულიწმიდის გამომავლობისა და წარმოგზავნის საკითხის განხილვას კავშირი აქვს საკითხთან ღმრთის არსსა და ღმრთის ენერგია-ქმედებაზე. ნიშანდობლივია ის, რომ დიალოგი წმ. გრიგოლ პალამას და სქოლასტიკოს ბარლაამს შორის დაიწყო filioque-თი და უცებ გადავიდა საკითხზე ღმრთის ენერგია-ქმედება ქმნილია თუ  უქმნელი.
 
ი) filioque - ს შემოტანის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. გამოკვლევებმა, რომლებიც ჩაატარა პროფესორ-პროტოპრესვიტერმა იოანე რომანიდისმა, ნათელი მოჰფინა ისტორიულ მოვლენებს. ის მიიჩნევდა, რომ filioque ფრანკების მიერ გამოიყენებოდა რომაელთა წინააღმდეგ, ერთიანი რომის იმპერიის როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში. რომის მართლმადიდებელი პაპები გმირულად ეწინააღმდეგებოდნენ filioque - ს დამკვიდრებას სარწმუნოების სიმბოლოში. საბოლოო ჯამში ის მაინც შეტანილ იქნა, როდესაც პირველად ძველი რომის კათედრაზე ავიდა იტალო-ფრანკი პაპი ბენედიქტე VIII (1009-1014). IX ს-ში დასავლელი და აღმოსავლელი რომაელები მართლმადიდებლები იყვნენ და ფრანკებს ებრძოდნენ, როგორც სხვაგვარად მორწმუნეებს. სქიზმა მოხდა არა რომის პაპებსა და რომაელ პატრიარქებს შორის, არამედ ერთი მხრივ რომის პაპ-რომის პატრიარქებსა, და მეორე მხრივ ფრანკ მწვალებლებს შორის.
 
კ) ფერარო-ფლორენციის კრებაზე წმ. მარკოს ეფესელმა დაამტკიცა მართლმადიდებლური შეხედულებანი. უნიის ხელმოწერა დამსწრე მართლმადიდებელთა მიერ, - წმ. მარკოზისა და ზოგიერთების გამოკლებით, - წარმოადგენდა იმ ეპოქის რთული ვითარებებისა და მართლმადიდებლებზე ზეწოლის შედეგს. ბოლოს უნიამ მაინც ვერ გაიმარჯვა ორი მიზეზის გამო: პირველი, იმიტომ, რომ შემდგომმა კრებებმა ის დაგმეს; ხოლო მეორეც იმიტომ, რომ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მას და არა იმიტომ, რომ თეოლოგიურად გაურკვეველი იყო, არამედ იმიტომ, რომ საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო იმ გამყიდველობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ამ კრებაზე. ეს აჩვენებს, რომ გასაუბრებანი აუცილებელია ჩატარდეს ურთიერთ პატივისცემის სულისკვეთებით, და არა პოლიტიკური ზეწოლებისა და ტენდენციების გამოყენებით.
 
ლ) შედეგად, დასავლურ ღვთისმეტყველებაში აღმოცენებული განსხვავებული ტერმინოლოგია საშუალება ხდება იმისა, რათა ზუსტი სიტყვის დახმარებით გაგებულ იქნას საკითხები, რომლებიც ღმრთითგამოცხადებულ ღვთისმეტყველებას ეხება. ეს არის სქოლასტიკის გამოხატულება, რომელსაც არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ცნობერების შეზღუდული ტერმინები და ის ტერმინები, რომლებიც როგორც კატაფატიკურ, ასევე აპოფატიკურ ღვთისმეტყველებაში იბადება.  მაგრამ განსხვავებულმა ტერმინოლოგიამ დასავლეთის ღვთისმეტყველებაში შექმნა აზროვნების ფორმა, რომელიც მხოლოდ შობს არსებულ პრობლემატიზმს. ამიტომაც განსხვავებული დოგმატური ტერმინოლოგია სინამდვილეში დაკავშირებულია მართლმადიდებლური ისიქაზმის უარყოფასთან ან გადაფასებასთან, როგორც ამას აჩვენებს წმ. გრიგოლ პალამას ანალიზი და, რომელიც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და სულიერი ცხოვრების საფუძველია.
 
შედეგად, იმ ტერმინების განმარტება, რომლებიც გამოიყენებოდა დროთა განმავლობაში არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო ანალიზის თემას, არამედ პირობას ჭეშმარიტი ისიქაზმის გახსნისა და მისით ცხოვრებისათვის.
 
 
წყარო: Σεβ. Μητροπολίτου Ναυπάκτου και Αγίου Βλασίου Ιεροθέο. Η αίρεση του Filioque "ΘΕΟΔΡΟΜΙΑ" ΤΡΙΜΗΝΙΑΙΑ ΕΚΔΟΣΗ ΟΡΘΟΔΟΞΟΥ ΔΙΔΑΧΗΣ

ΕΤΟΣ Γ . ΤΕΥΧΟΣ 2 . ΑΠΡΙΛΙΟΣ - ΙΟΥΝΙΟΣ 2001

https://azbyka.ru/otechnik/Ierofej_Vlahos/eres-filioque/#0_2
Назад к содержимому