Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - იოსებ ვოლოკოლამელი - განმანათლებელი - 2 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
 
განმანათლებელი
წმიდა სამება


სიტყვა მეორე
 
 
სიტყვა ნოვგორედელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტე ჯერაც არ დაბადებულა, არამედ მოვა დრო, როდესაც იშვება; ხოლო ის, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, - უბრალო კაცია, და არა ღმერთი. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ქრისტე ღმერთია; ის იშვა იუდეის ბეთლემში ქალწულ მარიამისგან იუდეველთა მეფის ჰეროდეს დროს და ჩვენი ცხოვნებისთვის ნებაყოფლობით იტვირთა ჯვარცმა, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა.
 
 
 
***
 
ღვთაებრივი მოციქული და მახარობელი მათე ამბობს: "... იუდეის ბეთლემში დაიბადა იესუ ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს..." (შეად. მთ. 2:1). ღვთივსათნო და ღვთითრჩეული მოციქული პავლე წერს: "როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა" (გალატ. 4:4-5).
 
და კიდევ: "უცილობლად - დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით. ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი" (1 ტიმ. 3:16; 4:1-2), - და განსაკუთრებით მივაკუთნებ მე ამ სიტყვებს დღევანდელ ნოვგოროდელ მწვალებლებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქრისტე ჯერაც არ დაბადებულა, არამედ მოვა დრო, როდესაც დაიბადებაო.
 
იმის შესახებ, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, ეს ერეტიკოსები ამბობენ, თითქოსდა უბრალო კაცი იყო, და არა ღმერთი; რომ ის ჯვარს აცვეს იუდეველებმა და გაიხრწნა საფლავში, როგორც კაცი, არ აღმდგარა, არ ამაღლებულა და არც მოვა ადამიანთა განსაკითხად. მაგრამ ჩვენ მთელ წმიდა წერილში გვაქვს მოწმობანი იმის შესახებ, რომ ქრისტე ღმერთია; ქრისტე არის ის, ვინც იშვა იუდეის ბეთლემში ქალწულ მარიამისგან იუდეველთა მეფის ჰეროდეს დროს; ის ჯვარს აცვეს, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა განსაკითხად ცოცხალთა და მკვდართა.
 
ასე გვწამს ჩვენ და ასე ვფიქრობთ - და ვწყევლით ყოველგვარ მწვალებლობას, განსაკუთრებით დეკანოზ ალექსისა და მისი ურჯულოების მოზიარეთ: მღვდელ დენისს, თევდორე კურიცინს და ყველას, ვინც ფიქრობდა და ფიქრობს ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე, ჭეშმარიტ ღმერთზე, რომ ის თითქოსდა უბრალო კაცია, და არა ბუნებით ღმერთი, რომლებიც ელოდებიან წარმწყმედელ ანტიქრისტეს, რომელთან ერთადაც დაიწვებიან ჩაუქრობელ ცეცხლში.
 
ჩვენ კი დანამდვილებით ვიცით, რომ არა მარტო წმიდა მოციქულნი, არამედ წინასწარმეტყველნი, მართალნი, მეფენი და პატრიარნი მრავალჯერ და მრავალსახედ წინასწარმეტყველებდნენ ქრისტეს შობას, მისი დაბადების დროსა და ადგილს. არა მარტო შობას, არამედ მის ჯვარცმასაც, აღდგომასაც, ცაში ამაღლებასაც და მეორედ მოსვლასაც, როდესაც იგი დიდებით მოვა, რათა განიკითხოს ცოცხალნი და მკვდარნი, - ეს ყველაფერი მათ დეტალურად იწინასწარმეტყველეს.
 
აქ ჩვენ უპირველეს ყოვლისა დავწერთ მის ღვთაებრივ შობაზე ქალწულ მარიამისგან, შემდეგ - მის ჯვარცმაზე, აღდგომაზე, ცაში ამაღლებასა და მეორედ მოსვლაზე.

 
ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს შობის შესახებ
 
პატრიარქთა შორის უდიდესი იაკობი ამბობს: "არ წაერთმევა მთავარი იუდას და არგანი ფერხთაგან ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (იხ. დაბ. 49:10). მან სამართლიანად თქვა "ხალხთა" და არა "იუდეველთა". იაკობის წინასწარმეტყველებიდან ქრისტეს შობამდე გავიდა 1808 წელი (იგულისხმება წმ. იოსებ ვოლოკოლამელის დრომდე - "აპოკ." რედ.). თავიდან იუდეველები ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროიდან ვიდრე საულამდე მათ ხელმძღვანელობდნენ მსაჯულები, შემდეგ, ბაბილონის ტყვეობამდე, მეფეები, ამის შემდეგ, ვიდრე ქრისტეს შობამდე, მათ ხელმძღვანელობდნენ მღვდელმთავრები. ამიტომაც ითქვა: "როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს" (შეად.: მთ. 2:1).
 
უკვე გაქრნენ იუდეველი ხალხისგან, საკუთრივ იუდას ტომიდან, მეფეები და მბრძანებლები, და მეფობდა ჰეროდე, რომელიც არ იყო იუდეველი (ჰეროდე დიდი - იდუმეველი იყო. იდუმეა დაპყრობილი ჰყავდა ისრაელს იოჰანან გირკანის მეფობიდან (135-104 წწ. ვიდრე ქრ. შ.-მდე) და იუდაიზირებული იყო), ამიტომაც მოვიდა ქრისტე, "ხალხთა სასოება". და ის მოვიდა საჭირო და ნაწინასწარმეტყველებ დროს, როგორც ამას ადასტურებს წმიდა წერილი, განსაკუთრებით კი პატრიარქი იაკობი: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49:10).
 
ამის მსგავსადვე ამბობს წინასწარმეტყველი დანიელიც: "მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე" (დან. 9:25), - მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. ყველა წინასწარმეტყველი იუწყებოდა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე, მის შობაზე, სასწაულებზე, ჯვარცმაზე, აღდგომაზე, ზეცად ამაღლებაზე, მეორედ მოსვლაზე. მაგრამ ყველაზე ზუსტად მაინც დანიელმა იწინასწარმეტყველა. სხვები, თუმც ყველაფერს იუწყებოდნენ, მაგრამ არ დაუსახელებიათ ეპოქა და წელი, რომელშიც იქნებოდა მისი მოსვლა. დანიელმა კი ზუსტად დაასახელა ქრისტეს განკაცების დრო. მან ასევე იწინასწარმეტყველა უფალ იესუს მეორედ მოსვლა, და არა მარტო იწინასწარმეტყველა, არამედ ხილვით იხილა უფალი იესუ ქრისტე, "ცის ღრუბლებზე მომავალი კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (შეად.: დან. 7:13, 14). ამიტომაც იოსები (იოსებ ფლავიოსი (დაახლ. 37 წ. – 100 წ-ის შემდგ.), თუმც კი იუდეველი იყო, გაკვირვებას ვერ მალავდა დანიელის წინასწარმეტყველების სიზუსტის გამო და მას ყველა წინასწარმეტყველთა შორის უდიდესს უწოდებდა. ახალაღთქმისეული მადლით გაბრწყინებული ჩვენი წმიდა მამები და მოძღვრები - ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ ამით და ადიდებდნენ დანიელს, რადგან მათ გამოითვალეს წლები, მრავალრიცხოვანი და ცნობილი ისტორიული ფაქტები და ჰპოვეს, რომ დანიელის სიტყვები - ჭეშმარიტია.
 
მოდი ჯერ მოვისმინოთ ის, რაც თქვა დანიელმა ჩვენი უფლის შობის შესახებ. მან მეფე ნაბუქოდონოსორს უთხრა: "მეფეო, შენს სარეცელზე მწოლარე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; ... ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო. ... ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიკავა. სიზმარი ეს იყო" (დან. 2:29, 31-36).
 
მისი მნიშვნელობა ასაეთია. ოქროს თავი - ეს არის ბაბილონის სამეფო და შენ, მეფეო, ასევე ისინიც, ვინც შენამდე ბაბილონში მეფობდნენ. ვერცხლის ხელები და მკერდი - ეს ორი სამეფოა, სპარსული და მიდიური, რომლებიც დაანგრევენ შენს ძალაუფლებას ბაბილონის სამეფოში. ხოლო სპილენძის მუცელი და ბარძაყები - ალექსანდრე მაკედონელია, რომელიც დაანგრევს ყველა ამ სამეფოს, ის წააგავს სპილენძს, რომლის ჟღარუნი ქვეყნიერების ყველა მხარეს მისწვდება. მის სამეფოს სხვა სამეფო გაანადგურებს, და ეს - რომის სამეფოა, რომელსაც "ფეხები ნაწილობრივ რკინისა აქვს, და ნაწილობრივ - თიხისა".
 
რადგან რომის სამეფო ყველა დანარჩენს დაიმორჩილებს, ის მიმსგავსებულია რკინას, რომელიც ოქროზე, ვერცხლზე და სპილენძზე უფრო მკვრივია, - ის დაიპყრობს ყველა სამეფოს და ხელმწიფებას. მაგრამ არც ის იცოცხლებს და იმეფებს მარადიულად: მოვა დრო, როდესაც ზეციური ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც საუკუნოდ არ დაინგრევა, და ის სხვა ხალხს არ გადაეცემა, ის შემუსრავს და გაფანტავს ყველა სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება; რადგან შენ ნახე, რომ ლოდი, რომელიც ხელისუკვრელად მოწყდა მთისგან, შემუსრავს თიხას, რკინას, სპილენძს, ვერცხლსა და ოქროს; და ეს შემმუსვრელი ლოდი მთის ტოლა იყო, და აავსებს მთელ დედამიწას.
 
დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. ლოდი, რომელიც ხელისუკვრელად მოწყდა მთას, არის ძე ღმრთისა; "მთისგან" - ნიშნავს, რომ ის წმიდა ქალწულისგან იშვება; "ხელისუკვრელად" - ნიშნავს რომ იშვება უხრწნელად, რადგან ქალწულმა ის მამაკაცის თესლისა და ქალწულობის გარხწნის გარეშე დაჰბადა; "შემუსრავს კერპს" - ნიშნავს, რომ შემუსრავს ყველა კერპს და კერპთაყვანისმცემლობას; "ვეებერთელა მთად რომ იქცა და აავსო მთელი დედამიწა" - ნიშნავს, რომ მისი ქადაგება ქვეყნიერების ერთი კიდიდან მეორე კიდეს მისწვდება; "შემუსრავს და გაფანტავს" ყველა სამეფოს - ნიშნავს, რომ ის აიძულებს ყველა სამეფოს მას არა მარტო მეფე უწოდონ, არამედ ღმერთიც, რის გამოც მისი მეფობა არასოდეს არავის გადაეცემა, რადგან ღმრთის სამეფო უსასრულოა.
 
თითქოსდა ვიღაცეებმა დანიელს ჰკითხეს მისი სიტყვების შესახებ: "მოვა დრო, როდესაც ზეციური ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც საუკუნოდ არ დაინგრევა", - და არავინ იცის, როდის აღმართავს ღმერთი ამ სამეფოს. მაგრამ თუკი ადამიანებს მიწიერი, მოკვდავი მეფის ხელმწიფების დრო-ჟამი და პერიოდები აინტერესებთ, რაოდენ უფრო მნიშვნელოვანი და სასურველია გაიგონ დრო ზეციერი, უკვდავი მეფის მობრძანებისა! და დანიელმა ღიად და გაბედულად მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც კი თვალნათლივ იხილა მთავარანგელოზ გაბრიელისგან და ის, რაც ზუსტად შეიტყო მისგან: "იცოდეთ და შეიგნეთ: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე" (იხ. დან. 9:25).
 
რას ნიშნავს სიტყვები: "როდესაც გამოვა ბრძანება"? წინასწარმეტყველი ლაპარაკობს სპარსეთის მეფის დარიოსის, იგივე არტაქსერქსეს ბოლო განკარგულებაზე, იერუსალიმის აღდგენის თაობაზე, - იმ დროიდან ქრისტემდე იქნება 7 შვიდეული და 62 შვიდეული, და არა კიროსის განკარგულებიდან იერუსალიმის აღდგენის შესახებ: მაშინ კიროსმა გაუშვა იესუ იოცედეკის ძე, ზორობაბელი და ეზრა, რათა აღედგინათ ქალაქი და ტაძარი, მაგრამ მეზობელმა ხალხებმა ნება არ მისცეს მათ დაეწყოთ ეს საქმე, სანამ დარიოს არტაქსერქსე არ გამეფდა.
 
ამასთან იესუს, ზორობაბელს, ეზრას და ნეემიას ებრძანათ ტაძარი და ქალაქი კიროსის მეფობის მეექვსე წელიწადს დაესრულებინათ. იმ წელს შესრულდა 70 წელი ტყვეობიდან, რის შესახებაც წინასწარმეტყველებდა იერემია, და მთელი იუდეველი ხალხი გათავისუფლებულ იქნა; იმ დროიდან აითვლება 7 შვიდეული და 62 შვიდეული ვიდრე ქრისტემტე; ეს შვიდეულები - კვირეულები როდია, რადგან კვირაში შვიდი დღეა, ხოლო ამ შვიდეულებში 7 წელიწადია; და ეს შვიდეულები 7 და 62, საერთო ჯამში - 483 წელია. ანგელოზი იმიტომაც ითვლის მას შვიდეულებით, და არა უბრალოდ წლებით, რომ იუდეველებში ეს რიცხვი პატივდებულია და ყველაზე საპატივცემო რიცხვად მიიჩნევა სხვა რიცხვებს შორის. ასე, მაგალითად, გამოსვლათა წიგნში წერია: "ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, ... დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში" (Лев.25:1, 8-9).
 
მრავალი სხვა მოწმობაც არსებობს წმიდა წერილში რიცხვ 7-თან დაკავშირებით. და ნურავინ იტყვის, რომ წინასწარმეტყველმა განუსაზღვრელად თქვა შვიდეულებზე: მისი სიტყვები შეიძლება ასეც განიმარტოს და ისეც. დაე ნურავინ იტყვის ასეთ სისულელეს! ცნობილია, რომ წინასწარმეტყველი ჭეშმარიტებას იუწყება, და ეს მრავალი ჟამთააღმწერელის მიერაც არის დადასტურებული, განსაკუთრებით იოსებ ფლავიოსის, იუდეველ ფილოსოფოსის მიერ, ასევე ევსებიოს პამფილელის, მრავალგანსწავლული ეპისკოპოსის, მიერ, იგივეს ვიტყვით დიდ ნიკიფორეზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქზე და აღმსარებელზე, უბრძენეს გრიგოლ მონაზონზე, რომელმაც დაწერა "ქრონოგრაფი".
 
ისტორია მოგვითხრობს, რომ თავიდან ფეგლაფელასარმა, ასირიელმა მეფემ, დაიპყრო იუდეა, შემდეგ სალმანასარმა დაიპყრო სამარია და მეზობელი ქალაქები, შემდეგ სენაქერიმმა აიღო ქალაქი იერუსალიმი და ღმრთისგან დაისაჯა, შემდეგ ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იერუსალიმი. ამ ტყვეობის შესახებ ამბობს იერემია: "ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს" (შეად.: იერ. 25:11). ნაბუქოდონოსორის შემდეგ 5 წლის განმავლობაში მეფობდა მისი ძე ევილ-მეროდახი, შემდეგ სამი წელი - ბალთაზარი, შემდეგ კი კიროს სპარსელი, რომელმაც გაუშვა იუდეველები და ზორობაბელი, რათა განეახლებინათ ქალაქი იერუსალიმი და ტაძარი, მაგრამ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მეზობელმა ხალხებმა; კიროსის შემდეგ 18 წელი მეფობდა მისი ძე კამბიზი, რომელსაც ნაბუქოდონოსორიც ეწოდებოდა - მან იერუსალიმის წინააღმდეგ გაუშვა მხედართმთავარი ოლოფრენე, რომელიც ივდითმა მოკლა; შემდეგ 7 თვის განმავლობაში მეფობდა სმერდიზ მოგვი; სმერდიზის შემდეგ 20 წელი მმართველობდა დარიოსი, ის, რომელიც არტაქსერქსედ იწოდა - მან ბრძანა საბოლოოდ აღედგინათ ტაძარი და ქალაქი იერუსალიმი, და საბოლოოდ გაათავისუფლა იუდეველები, როგორც უკვე ვთქვით, თავისი მეფობის მეექვსე წელს.
 
იმ დროიდან 7 შვიდეული და 62 შვიდეული გავიდა ქრისტემდე დანიელის წინასწარმეტყველების შესაბამისად. ამის შემდეგ დარიოსი მეფობდა 14 წელი, მის შემდეგ მისი ძე ქსერქსე - 15 წელი, შემდეგ ართავანი - 6 თვე, არტაქსერქსე ლონგიმონი - 41 წელი, არტაქსერქსე ათონი - 2 თვე, საგდოანი - 7 თვე, დარიუს უკანონოდშობილი - 19 წელი, არტაქსერქსე მნემონი - 40 წელი, არტაქსერქსე, მისი ძე (მას ოხს უწოდებდნენ), - 4 წელი, ხუსი - 4 წელი. დარიუს არსამანელი (კოდომანი) მეფობდა 6 წელი, ის მოკლა ალექსანდრე მაკედონელმა, რომელიც სპარსეთში მეფობდა 12 წელი.
 
ალექსანდრეს შემდეგ სპარსეთში მეფეები აღარ იყვნენ. ალექსანდრეს შემდეგ ეგვიპტეში ჯერ მეფობდა პტოლომეოს ფილადელფოსი 38 წელი; შემდეგ პტოლომეოს ევერგეტი - 25 წელი (სხვა ხელნაწერებში დამატებულია: "პტოლომეოს მცირე 29 წელი"); პტოლომეოს ეპიფანე - 17 წელი და 6 თვე; პტოლომეოს ლაგიდე, იგივე ალექსანდრე, მეფობდა 10 წელი; პტოლომეოსი, მისი ძმა, მეფობდა 8 წელი; სელევკ ნიკანორი ჯ- 20 წელი; სელევკის ძე ანტიოქ დიდებული - 15 წელი, ის დევნიდა ელეაზარს, სოლომონიას და შვიდ ძმა მაკაბელებს; ანტიოქმა, მისმა ძემ იმეფა - 23 წელი; პტოლომეოს ლატური და დიონისე - 30 წელი; კლეოპატრა, პტოლომეოსის ქალიშვილი, მეფობდა 22 წელი, ის მოკლა ავგუსტუსმა კეისარმა და გაანადგურა პტოლმეოსთა ძალაუფლება თავისი მეფობის მეთოთხმეტე წელს.
 
პტოლომეოსთა ძალაუფლების დამხობის შემდეგ ეგვიპტეში მეფობდა ავგუსტუსი 28 წელს, სულ - 42 წელს, და მისი მეფობის 42-ე წელს წმიდა ქალწულ მარიამისგან იშვა ხორციელად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, დაუსაბამო ღმერთი.
 
იმ დროიდან - 30 წელი ვიდრე ქრისტეს ნათლისღებამდე, რომელიც იყო ტიბერიუს კეისრის მმართველობის დროს, რომელიც მეფობდა ავგუსტუსის შემდეგ. მაშინ დასრულდა 7 შვიდეული და კიდევ 62 შვიდეული მოყოლებული დარიოსიდან, რომელსაც ასევე ერქვა არტაქსერქსე, მისი მმართველობის მე-6 წლიდან ვიდრე ტიბერიუს კეისრის მმართველობის 15-ე წლამდე, სანამ იორდანეზე მოინათლებოდა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე! აქ არის მხოლოდ ერთი ზედმეტი წელი და ცხრა თვე.
 
დაე ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა წინასწარმეტყველი შეცდა, როდესაც თქვა, რომ დარიოსის განკარგულებიდან ვიდრე ქრისტემდე გავა 483 წელი, ფაქტობრივად კი გავიდა ერთი წლით და 9 თვით მეტი. ეს გადამწერთა შეცდომაა: წინასწარმეტყველ დანიელის დროიდან ჩვენს დრომდე გავიდა 2000 წელი (იგულისხმება ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის დროება - "აპოკ." რედ.), და წარმოიდგინეთ რამდენი გადამწერი უნდა ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში! წერილში სხვა შეცდომებიცაა, რადგან ის, რაც დიდი ხნის წინ დაიწერა, იშლება და წასაკითხად რთული ხდება, მაგალითად, თუ "მყარ" ასოს (იგულისხმება სლავური ъ – "აპოკ." რედ.) წაეშლება ერთი (ზედა) მონახაზი, გაუგებარი გახდება ეს "მყარი" ასო იყო თუ "რბილი" (ანუ ь – "აპოკ." რედ.).
 
ზოგჯერ ასო Т გამოიყურება, როგორც П (რიცხობრივი შესატყვისობა - 80), ზოგჯერ კი ასო П გამოიყურება, როგორც И (რიცხვი 8), რის გამოც ხშირად წერილებში გვხვდება განსხვავებები. მოციქულთა საქმეებში წერია: "შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე" (შეად.: საქმე 13:20) - აქ ზედმეტია თითქმის ასი წელი. მოციქულთა წერილი კი არ არის ცდომილი, არამედ ან გადამწერი შეცდა, ან კიდევ დიდი ხნის წინ ნაწერი ასოები წაიშალა და ძნელად წასაკითხი გახდა, როგორც უკვე ადრეც ვთქვით. თუ განვიხილავთ წმიდა წერილს, მრავალ ასეთ ცდომილებას ვიპოვით. მაგრამ ამჯერად საკმარისია ამის შესახებ.
 
დავუბრუნდეთ დანიელის წინასწარმეტყველებას. 7 შვიდეულისა და 62 შვიდეულის დასრულების შემდეგ მეუფე ქრისტე მოვიდა იორდანეზე; მაშინ ის მოინათლა, დაიწყო სასწაულთა ქმნა და ადამიანებს წარმოუდგა, როგორც ქრისტე ღმერთი, როგორც ამას მოწმობდა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც თქვა: "ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ... ჩემზე უწინარეს იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად" (ინ. 1:30, 31).  რადგან ნათლისღებამდე ქრისტეს არ აღუსრულ;ებია სასწაულები და არ მოუცია ნიშები, ამიტომაც ადამიანთათვის უცნობი იყო. თუმცა მისი შობის დროს გამოვლინდა ნიშები და სასწაულები, მაგრამ ყველას როდი გამოეცხადა იგი, არამედ მხოლოდ მცირედთ.
 
მაგრამ როდესაც ნათელ-იღო იორდანეში, გაიხსნა ცა, და სულიწმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა მასზე, ხოლო ზეცითგან გაისმა ხმა მამისა: "და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ" (მთ. 3:17; 17:5). იოანემ შესძახა: "მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა" (ინ. 1:34). ასე რომ, იუდეველ მმართველთა გაქრობის შემდეგ, იაკობის წინასწარმეტყველების შესაბამისად, მოვიდა ქრისტე. რადგან ჰეროდემ მოკლა ჰირკანი, მაკაბელთა მოდგმის მეფე და მღვდელმთავარი, იმ დროიდან მაკაბელთა მოდგმაში არ ყოფილა არც მეფე და არც მღვდელმთავარი. ჰეროდე უცხოტომელი გახლდათ, მისი მმართველობის დროს დაიბადა ქრისტე, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი" (დაბ. 49:10).
 
ოცდაათი წლის შემდეგ ის მოინათლა და დაიწყო უდიდეს სასწაულთა ქმნა და საკვირველი საქმენი მოიმოქმედა, აღადგინა მკვდრები და ბრმებს თვალი აუხილა, განწმინდა კეთროვანნი და განკურნა განრღვეულნი, დევნა ეშმაკნი და უამრავი სხვა საკვირველი საქმენი აღასრულა, როგორც ამას საღმრთო სახარება მოწმობს. ამიტომაც აშკარა გახდა ხალხისთვის, რომ ის არის წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები ძე ღმრთისა.
 
ამრიგად, ჩვენ, მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა საღმრთო წერილის მიხედვით ზუსტად განვმარტეთ, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტად ქრისტე და ჩვენი ღმერთი, ვინც ჰეროდეს მმართველობის დროს, იუდეის ბეთლემში იშვა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან, ოცდაათი წლისა მოინათლა იორდანეში და ადამიანებს საკუთარი თავი გამოუცხადა; მწვალებლები კი ცრუობენ, თითქოსდა ქრისტე ჯერაც არ დაბადებულიყოს, და ელოდებიან დროს, როცა ის დაიბადება. თუმცა, ამის შესახებაც კმარა.
 
ამის შემდეგ ჩვენ ღვთაებრივი წინასწარმეტყველური წერილის მიხედვით ვილაპარაკებთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ჯვარცმაზე, რომელიც მან ჩვენი ცხოვნებისთვის განიცადა, მის აღდგომაზე, ზეცად ამაღლებაზე და მის მეორედ მოსვლაზე, როდესაც დიდებით მოვა, რათა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი, - რადგან ეს ყველაფერი ღვთაებრივმა წინასწარმეტყველებმა წინასწარ გვაუწყეს და ზუსტად აღგვიწერეს.


ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ჯვარცმის შესახებ
 
ესაია ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ამბობს: ასე ბრძანებს უფალი: "აჰა, გულისხმა-ყოფს ჩემი ყრმა, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება. რაოდენ გაუკვირდებათ შენს შემხედვარეთ, - იმდენად საძულველი იქნება შენი ხილვა და შენი დიდება კაცთაგან" (1).
 
______________
 
1. ძვ. ქართულ თარგმანებშია: "ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა". ან კიდევ: "ვითარცა იგი, უკვირდა შენთვის მრავალთა, ეგრეთ უდიდებელ იყოს ხილვაი შენი კაცთაგან, და დიდებაი შენი ერთაგან კაცთაისა" (ბიბლია. ტ. II. ესაია 53:13-14. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი 2017 წ. გვ. 2552).

______________
   
"არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ... მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მივსცე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მან კი მრავალთა ცოდვები იტვირთა და მათი ცოდვებისთვის დაისაჯა" (ეს. 53:2-9). კიდევ ასეც ამბობს ესაია: "მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად" (ეს. 50:3). და კიდევ: "უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს" (ეს. 3:14).
 
ამის მსგავსად ამბობს წინასწარმეტყველი ზაქარიაც: "მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს" (ზაქ. 11:12). "შეჰხედავენ მას, რომელიც განგმირეს" და "ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი" (ზაქ 13:6). და კიდევ ამბობს ზაქარია: "დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი" (შეად.: ზაქ. 13:7) (2).
 
______________

2. ღირ. იოსების მიერ დამოწმებული ციტატა ახლოსაა ოსტროგის ბიბლიის რედაქციასთან და განსხვავდება, როგორც სლავურ-ელიზავეტინური ბიბლიის (1751 წ.), ასევე სინოდალური თარგმანისგან (1876 წ.) - რედ.

______________
 
"იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა; იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი. ... იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს" (ზაქ. 14:6-7, 20).
 
იერემიამ თქვა: "და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა" (მთ. 27:9-10 შეად.: იერ. 32:9). "და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს" (ზაქ. 11:12).
 
ო, წინასწარმეტყველთა ბრწყინვალებავ! ო, სულიწმიდის დიდო და ჭეშმარიტო სიბრძენვ (არქიეპ. გრიგოლის ხელნაწერშია: "უტყუარო წინაუწყებავ")! არ უთქვამს: "10 ვერცხლი" ან "20 ვერცხლი", არამედ "30". სახარებაც 30 ვერცხლზე ლაპარაკობს - და წინასწარმეტყველიც. სახარება ამბობს: "და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა" (მთ. 27:9) და წინასწარმეტყველიც ამბობს: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა" (იერ. 32:9). ჰკითხე იუდეველს: "განა იერემია გაჰყიდეს 30 ვერცხლად? განა მისთვის მისცეს შეფასებულის საფასური?" არასოდეს, არანაირად! და კიდევ ეზრა ამბობს: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გაშალა თავისი ხელები, მაცხოვარი იერუსალიმისა" (3)
 
______________
 
3. ეს სიტყვები - "გაშალა თავისი ხელები" - სლავური ბიბლიის ხელმისაწვდომ რედაქციებში აღმოჩენილი ვერ იქნა - რედ.

______________
 
დავითი ბრძანებს: "და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი" (ფსალმ. 68:22). "გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე; განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (ფსალმ. 21:17-19). და კიდევ: "შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს" (ფსალმ. 2:2).
 
მოსეც ამბობს: "და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა და არა გრწმენეს შენ" (შეად.: მეორე რჯლ. 28:66). თუ ვინმე იტყვის, რომ აქ ლაპარაკია სპილენძის გველზე, ის აშკარად მოიტყუება - რადგან იუდეველებს სწამდათ სპილენძის გველის.
 
იერემია კი გვამცნობს: "უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: შევურიოთ ხე მის პურში და ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი" (იხ. იერ. 11:19). პურს წინასწარმეტყველი უწოდებს ქრისტეს ხორცს, ხეს კი - ჯვარს.



გაგრძელება იქნება.

წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва : Институт русской цивилизации, 2011.

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2025 წ.
Назад к содержимому