სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
განმანათლებელი
სიტყვა მეოთხე
ნოვგოროდელ მწვალებელთა საწინააღმდეგოდ, რომელნიც ამბობენ: "ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ეხსნა ადამი და მისი მოდგმა? ნუთუ არ ჰყავდა მას ზეცათა მხედრობანი, წინასწარმეტყველნი და მართალნი, რათა მოევლინა ისინი თავისი ნების აღსასრულებლად? არამედ თავადვე ჩამოვიდა უგლახაკესი ღარიბის სახით, განკაცდა, ივნო და ამით სძლო ეშმაკს? არ ჰშვენის ღმერთს ასე მოქცევა!" ხოლო აქ მოტანილია წმიდა წერილის მოწმობანი იმის შესახებ, რომ ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელია და ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს მის ღვთაებრივ ხელმწიფებას; არამედ თავისი სიბრძნისა და კაცთმოყვარეობის სიღრმიდან, ჩვენი ცხონებისათვის, ინება თავად განკაცებულიყო, ვნებულიყო, შთასულიყო ჯოჯოხეთს, აღმდგარიყო მკვდრეთით, გამოეყვანა ადამი და მისი მოდგმა ჯოჯოხეთიდან. ამრიგად, თავისი ღვთაებრივი სიბრძნით ღმერთმა დაამარცხა ეშმაკი, აცხოვნა სამყარო და დღემდე აცხონებს.
ღვთაებრივი პავლე, საყოველთაო მოძღვარი, ასე საუბრობს ქრისტეს განკაცების საიდუმლოზე: "ო, ღვთის სიმდიდრეთა, სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?" (რომ. 11:33-34). როგორ მოემსახუროს ენა აზრებს? როგორ შეიცნოს გონებამ? არც ცნობილი სიტყვებია საკმარისი — საჭიროა სულიერი მხედველობა. რამეთუ კაცობრივი გონება ვერ მიეკარება მიუწვდომელ ბუნებას; და ვერც ყველასთვის ცნობილი სიტყვით განისაზღვრება იგი: "რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო" (ფილიპ. 2:6), "იგია დიდების ბრწყინვალება და მისი იპოსტასის ხატი, რომელსაც ყოველივე უპყრია სიტყვითა მით ძლიერებისა" (იხ. ებრ. 1:2-3) (ციტატა. ძვ. ქართ. მიხედვით - "აპოკ." რედ.). "თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა" (ფილიპ. 2:7). და კვლავ: "უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო" (1 ტიმ. 3:16). და კიდევ: "საიდუმლოი ესე დიდია" (ეფეს. 5:32) — ქრისტესა და ეკლესიაზე. ყოველივე, რაც ქრისტეზე ითქმის, არ არის უბრალო სიტყვები, არამედ ამავე მოციქულის თქმით საიდუმლოდ იწოდება: " მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი — მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში" (იხ. ეფეს. 3:8-9), აწ განცხადებული წმიდათა მისთა მიმართ, "რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება" (კოლ. 1:26-27). და კვლავ ამბობს მოციქული: " რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი" (ეფეს. 3:3-4).
რა საიდუმლოება სჯობნის ამ საიდუმლოს? რომელი სახლთმშენებლობა აღემატება ამ სახლთმშენებლობას? ბასილი დიდი ამბობს: ღმერთი იყო ქვეყანაზე და იყო ხორცში, მოქმედებდა არა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, არამედ უშუალოდ დაუნათესავდა და შეუერთდა კაცობრივ ბუნებას, და ჩვენგან მიღებული, მისთვის ნათესაური ხორცით, კაცობრიობა თავისკენ აამაღლა.
ვინმემ შეიძლება თქვას: რაკიღა ადამიანური ბუნება ღვთაების ნათესაურია, მაშ, რატომ არ აღივსო ღვთის სიტყვა ხორციელი უძლურებებით? ამას ასე ვუპასუხებთ: როგორც ცეცხლი არ გადაედინება რკინაში, არამედ გადაეცემა მას, მასთან ერთად იმყოფება და გადასცემს თავის ძალას, რომელიც ამ გადაცემით არ მცირდება და ყოველივეს აღავსებს, რასაც კი შეეხება, — ასევე ღვთის სიტყვამ არ დაკარგა თავისი ღვთაება ჩვენში დამკვიდრებით და არც შეიცვალა. "სიტყვა ხორცად იქცა" (იოან. 1:14) — და არ მიუტოვებია მას ცა, როდესაც მიწა იტევდა ზეციერს თავის წიაღში. ნუ ჰგონებ, რომ ღვთაება დამხობილ იქნა: ღმერთი არ გადაადგილდება, ხორციელთაებრ, ადგილიდან ადგილზე; ნუ ფიქრობ, რომ ღვთაება შეიცვალა ხორცში დამკვიდრებით: უკვდავი უცვალებელია. მეკითხებით, რატომ არ შეიმოსა ღვთის სიტყვამ ხორციელი უძლურებები? ასე გიპასუხებთ: ცეცხლი არ იძენს რკინის თვისებებს; რკინა შავი და ცივია, მაგრამ გაცხელებისას ცეცხლს ემსგავსება — ცეცხლით ნათლდება და არ აშავებს ცეცხლს, ცხელდება და არ აგრილებს ალს. ასევე უფლის კაცობრივი ხორცი ღვთაების თანაზიარი შეიქნა, მაგრამ არ გადასცა მას თავისი უძლურებები. ან თუნდაც მკვდარ მიწიერ ცეცხლს ვერ შეადარებ ღვთაების მოქმედებას, თუ გგონია, რომ უვნებელმა (არქ. გრიგოლის ხელნაწერშია: "უკვდავმა") მიიღო ვნებანი კაცობრივი უძლურებისგან?
შენ გიკვირს, როგორ მიიღო ხრწნადმა ბუნებამ უხრწნელობა, ღვთაებასთან შეერთებით. მაგრამ ჩაწვდი ამ საიდუმლოს და ღირსეულად შეაფასე უფლის განკაცება: უწმიდესი და უბიწო ღვთაება, ხორციელ ნივთიერებაში ყოფნის დროსაც კი, განკურნავს ვნებითს, მაგრამ არ ივსება ვნებებით. ნანახი გაქვს მზე, რომელიც ჭაობზე ანათებს, უწმიდურზე ბრწყინავს? ის ამით არ იღებს სუნს — პირიქით, მხოლოდ შეხებით აშრობს ჩირქს და წმენდს უწმიდურებას. რად შიშობ, რომ უვნებელმა და უხრწნელმა ბუნებამ შეიძლება მიიღოს ჩვენგან რაიმე უწმიდურება?
ქრისტე დაიბადა იმისთვის, რათა განეწმინდე მონათესავე ბუნებით. ის იზრდება, რომ შენც, მისი მაგალითის მიბაძვით, შეუერთდე ღვთაებას. ო, სიღრმევ სიკეთისა და ღვთის კაცთმოყვარეობისა! ჩვენ კი, მრავალი ნიჭის სამაგიეროდ, არ ვენდობით კეთილისმყოფელს და მბრძანებლის დიდი მოწყალების საპასუხოდ, თავს ვარიდებთ მორჩილებას. ო, უაზრო, მზაკვარო და ბოროტო კაცობრივო ხასიათო! მოგვები თაყვანს სცემენ — მწვალებლები კი იკვლევენ: როგორ შეიძლება ღმერთი ხორცში იყოს? რომელ ხორცში? ხორცის მიღების შემდეგ სრულყოფილი კაცია ის თუ არასრულყოფილი?
მაგრამ დაე დადუმდეს ყოველივე ზედმეტი ღვთის ეკლესიაში! იდიდოს სარწმუნოების ჭეშმარიტებამ!
როგორც ამბობს წმინდა კირილე: მოისმინეთ და ირწმუნეთ, რამეთუ ღვთაებრივი სიტყვა მამისა შეუერთდა მიწიერ ბუნებას დედის მეშვეობით; ძველი კაცობრივი ხატის განახლების მოსურნე კაცად დაიბადა, შეინარჩუნა რა ღვთაების სიმაღლე კაცის სიმდაბლეში, არ მისცა ვნებებს უვნებელი ღვთაება, არ მიიღო ცოდვა შემცოდე კაცობრივი ბუნებისგან. უხორცო იმისთვის განკაცდა, რომ ვისაც არ შეუძლია ღვთაებისგან მიღება, მიიღოს კაცისგან.
ათანასე დიდმა თქვა: ჩვენ უნდა მივმართოთ არა მხოლოდ სასწაულს, არამედ ღვთის განკაცებასაც, რამეთუ, როგორც ნათქვამია, ღმერთი უბრალოდ ჩვილი კი არ ხდება და დედის მკლავებზე მიიწვინება, არამედ იმოსება უჭეშმარიტესი მიწიერი ბუნებით, ცოდვის გარდა, და ჭეშმარიტად კაცი ხდება. როგორ და რა სახით? არ მსურს ლაპარაკი, — ამბობს წმიდა ათანასე, — რამეთუ ეს გამოუთქმელია და ბოლომდე აუხსნელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თავად მშობელისთვისაც; და არა მხოლოდ მისთვის, რამეთუ ისიც კაცობრივი ბუნებისაა, თუმცა ყოველ კაცზე მეტად იხილა მადლი, — არამედ თავად უხორცო ბუნებისთვისაც, პირველისთვის პირველის შემდგომ, თუმცა ის უხორცო ბუნებაა. და თუ საიდუმლოს მსახურთ ვერ შეძლეს საიდუმლოს ბოლომდე შეცნობა, როგორღა ესწრაფვი შენ მის გაგებას? რამეთუ კაცმა, რომელიც სხვა ბუნებისაა, არ უწყის როგორ დაიბადა. მითხარი ჯერ შენს თავზე როგორ დაიბადე კაცად, და მერე იკითხე ღვთის განკაცებაზე. და როგორც შენ ვერც შობისას და ვერც მის შემდგომ ვერ შეიცანი შენი შობა, ასევე შეუძლებელია იცოდე ღვთაებრივი შობის შესახებ, თუმცა შენი შობა კაცობრივი იყო და არა ღვთაებრივი; ყოველივე დანარჩენი კი შემეცნებადია. რამდენადაც ღმერთზე ნაკლები ხარ, იმდენად უფრო საიდუმლოა შენს აუხსნელ შობაზე ღვთის შობა.
შემდგომ ღმერთი განკაცდა, რამეთუ კაცს თავად არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა. და ვერც ანგელოზს შეეძლო კაცთა გამოსყიდვა, რამეთუ საკმარისი გამოსასყიდი არ გააჩნდა. ღვთაება, როგორც ასეთი, ვერ ივნებოდა, ამიტომ თავად ღმერთი დაიბადა კაცად: რამეთუ უცოდველს მართებს ცოდვათაგან განთავისუფლება, უკვდავს — სიკვდილისაგან ხსნა, როგორც ბრძანებს უპირველესი მოციქული პეტრე: "რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით" (იხ. 1 პეტრ. 3:18). მსგავსად ამისა ამბობს ნეტარი მოციქული პავლეც: "როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (1 კორ. 15:22).
და ჩვენც ასე გვწამს და ასე ვმსჯელობთ, და ყოველგვარ მწვალებლობას ვწყევლით, განსაკუთრებით კი — ათასგზის და მეტად წყეულ პროტოხუცეს ალექსის, და მასთან ერთად მღვდელ დენისს, თედორე კურიცინს და ყველას, ვინც მათსავით ფიქრობდა და ფიქრობს, რომელნიც უარყოფენ ჩვენს მეუფეს იესუ ქრისტეს, ღვთის ძესა და ჩვენს ღმერთს, უგულებელყოფენ წმიდა ქალწულსა და ღვთისმშობელ მარიამს, უარყოფენ მის ჭეშმარიტ შობასა და მთელ საღმრთო განგებულებას, რომლითაც იგი ჩვენთვის ხორცში დამკვიდრდა, უარყოფენ ჯვარცმას, აღდგომას, ზეცად ამაღლებასა და მის მეორედ მოსვლას ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად. ვწყევლით მწვალებლებს, რომელთაც გმეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჭეშმარიტად, უეჭველად, არ მიაგეს მას პატივი როგორც ღვთისმშობელს; რომელთაც ასევე გმეს წმიდანები: დიდი წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანე, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი და მართალნი. ვწყევლით მათ, რომელნიც შეუერთდნენ ეშმაკს, მის მსახურებსა და გონებადაბნელებულ იუდეველთ, წარწყმედის ძეთ, რომელთაც მრავალი ფუჭსიტყვაობა, სიცრუე და, უმეტესად, გმობა ილაპარაკეს.
აწ ვიტყვით ერთს იმისგან, რასაც ისინი ცრუობენ. ისინი ამბობენ: ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ეხსნა ადამი და მისი მოდგმა? ნუთუ არ ჰყავდა მას ზეცათა მხედრობანი, წინასწარმეტყველნი და მართალნი, რათა მოევლინა ისინი თავისი ნების აღსასრულებლად? არამედ თავადვე ჩამოვიდა უგლახაკესი ღარიბის სახით, განკაცდა, ივნო და ამით სძლო ეშმაკს? არ ჰშვენის ღმერთს ასე მოქცევა!
ჩვენ კი გვაქვს ღვთაებრივი წერილის მოწმობა იმისა, რომ ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელია და ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს მის ღვთაებრივ ხელმწიფებას. თავისი სიბრძნისა და კაცთმოყვარეობის სიღრმიდან, ჩვენი ცხონებისთვის, თავად ღმერთმა ინება განკაცება, ვნება და შთასვლა ჯოჯოხეთს, რათა და ამოეყვანა იქიდან ადამი და მისი მოდგმა. ამრიგად, მან ღვთაებრივი სიბრძნით აჯობა ეშმაკს, აცხოვნა მთელი სამყარო და დღემდე აცხონებს. რამეთუ ეს შეჰფერის კეთილ და კაცთმოყვარე ღმერთს, რომელიც ყოველივეს განაგებს თავისი გამოუთქმელი და მიუწვდომელი სიბრძნით.
მწვალებელი კი ამბობს: დიახ, ღმერთს სწორედ სიბრძნით შეჰფერის ყოველივეს განგება, მაგრამ არა რაღაც ხერხებით — ხრიკებით სძლიოს ეშმაკს და აცხოვნოს ადამი და მისი მოდგმა; ნუთუ ღმერთს არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, თავისი ყოვლისშემძლე ხელმწიფებით, და არა მოხერხებით?
ამაზე მწვალებელს ასე ვუპასუხებთ: დაფიქრდი, უბადრუკო და უგუნურო, რას ამბობ! შენ ფიქრობ, რომ ღმერთს არ შეეძლო თავისი ყოვლისშემძლე ხელმწიფებით ისე მოქცეულიყო, როგორც სურდა, და რომ მას არ უნდა ეძლია ეშმაკი მოხერხებით?
რატომ არ გინდა დაინახო შემდეგი რამ: ნუთუ ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეეძლო ცხადად მიეცა ებრაელთათვის ეგვიპტის სიმდიდრე? მან ეს არ გააკეთა, არამედ უბრძანა მოსეს, ხრიკებით მოეტყუებინა ფარაონი, რათა გაეშვა მას ებრაელი ერი უდაბნოში სამი დღით უფალ ღმერთისადმი მსახურებისთვის, და შემდეგ დაბრუნებულიყო (გამ. 7–13). და კიდევ: ღმერთმა მოავლინა წინასწარმეტყველი, რათა მოხერხებით დაეძლია იერობოამი და ამხილა მისი მსხვერპლშეწირვები (3 მეფ. 13). და კიდევ: ნუთუ ღმერთს არ ჰქონდა ძალა და ხელმწიფება, რომ ცხადად ეცხო დავითი მეფედ? თუმცა ღმერთმა მოხერხებით აჯობა სავლეს: მას შემდეგ, რაც ღმერთმა გააგზავნა სამუელი დავითის მეფედ საცხებლად, სავლემ ჰკითხა სამუელს, სად იმყოფებოდა იგი; სამუელმა, სავლესთვის ჭეშმარიტება რომ დაეფარა, ისე მოაწყო, თითქოსდა მსხვერპლის შესაწირად იყო წასული (1 მეფ. 16:1–13). ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ცხადად მოეკლა სისარა და ოლოფერნე? მაგრამ მან მოხერხებით აღძრა იაელი სისარას მოსაკლავად, ხოლო ივდითი — ოლოფერნეს მოსაკლავად (მსაჯ. 4; იუდით. 10–13).
ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ცხადად ეხსნა ებრაელი ყრმები მოკვდინებისაგან, ცხადად მიეცა იაკობისთვის კურთხევა, ცხადად დაემსხვრია რაქილის კერპები, სიბრძნისეული ხერხის გარეშე ეხსნა რააბი? მან ეს არ გააკეთა თავისი ღვთაებრივი ხელმწიფებით, არამედ ყოველივე სიბრძნისეული ხერხით განაგო. ღმერთმა უბრძანა მეან ქალებს, ეთქვათ ფარაონისთვის, რომ ებრაელი ქალები სხვაგვარად მშობიარობენ, ვიდრე ეგვიპტელნი, და ამით მან სიბრძნით აჯობა ფარაონს (გამ. 1:15–20). მან ასწავლა რებეკას როგორ მიეღო იაკობს ისავის ნაცვლად სიბრძნისეული ხერხით კურთხევა (დაბ. 27). ღმერთმა მიანიჭა გონება რაქილს, რათა სიბრძნით დაეძლია ლაბანი და დაემსხვრია კერპები (დაბ. 31:19–35). ასევე რააბიც განამტკიცა ღმერთმა სარწმუნოებაში: მან სიბრძნით აჯობა იერიქონის მკვიდრთ და ამის წყალობით ცოცხალი გადარჩა (იეს. ნავე 2).
და როგორც მაშინ უფალმა ღმერთმა ღვთაებრივი სიბრძნით სძლო ეგვიპტელებს, სავლეს, იერობოამს, მოკლა სისარა და ოლოფერნე, სიბრძნით აჯობა ფარაონს, ისავს, ლაბანს, სიბრძნისეული ხერხით მოაკვლევინა იერიქონის მკვიდრნი, — ასევე ახლაც, ღვთაებრივი სიბრძნითა და მისივე ღვთაებრივი სიბრძნისეული განგებულების ძალით, მოკლა ეშმაკი. და როგორც მაშინ ღმერთმა სიბრძნისეული ხერხით იხსნა ისრაელნი და წინასწარმეტყველი, სიბრძნისეული ხერხით მიანიჭა დავითს მეფობა, სიბრძნისეული ხერხით იხსნა იაელი და ივდითი, მიანიჭა სიცოცხლე ებრაელებს, კეთილი უყო ეგვიპტელ მეან ქალებს მათი გონივრული მოქმედებისათვის, გონივრული ხერხით მიანიჭა კურთხევა იაკობს, იხსნა რაქილი და სიკვდილისაგან და იხსნა რააბი მათი გონივრული ხერხის გამო, — ასევე ახლაც ღმერთმა თავისი ღვთაებრივი სიბრძნითა და განგებულებით იხსნა კაცობრივი მოდგმა და გამოიყვანა ჯოჯოხეთიდან. ღვთაებრივ წერილში მრავლადაა მაგალითები თუ როგორ მოქმედებს თავად უფალი ბრძნული ხრიკებითა და განგებულებით.
ღვთის წმიდა კაცნიც ღვთაებრივი ბრძანებით აღასრულებდნენ თითქოსდა უვარგისს, მაგრამ ღვთისთვის კეთილსა და სათნოს. ასე, მაგალითად, უფალმა უბრძანა ოსიას, ცოლად შეერთო მეძავი (ოს. 1:2), უბრძანა ესაიას, შეუმოსავად და ფეხშიშვლად ევლო და ეწინასწარმეტყველა (ეს. 20:2), იერემიას — კისერზე ეტარებინა ხის უღელი (იერ. 27:2), ეზეკიელს — მარცხენა გვერდზე დაწოლილიყო ასრვა დღე, ხოლო მარჯვენაზე — ორმოცი და პურის ნაცვლად ეჭამა კაცის განავალი, ხოლო მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ილოცა, რათა არ შებილწულიყო, ღმერთმა უბრძანა მას, ეჭამა ცხოველთა განავალი (ეზეკ. 4:4–6, 9–15).
ევას რომ ასეთი ბრძნული ხერხი ჰქონოდა და მხოლოდ ღვთის რჩევისთვის მოესმინა, როგორც ამ წმიდანებმა გააკეთეს, არ მოტყუვდებოდა გველის მზაკვრობით. ამიტომაც არ უნდა შევცბეთ, ვცდუნდეთ ან ეჭვი შევიტანოთ სიბრძნისეული ხერხისა და განგებულების მსგავსი შემთხვევების გამო, არამედ მხოლოდ ვირწმუნოთ ღვთის სიბრძნის უსაზღვრო სიღრმე.
როდესაც ღმერთი რაიმეს აღასრულებს ან ბრძანებს — მიიღეთ იგი სარწმუნოებით და ნუ შეეცდებით კადნიერად მიზეზის ძიებას, რამეთუ მიზეზის კვლევა, კამათში წინააღმდეგობის გაწევა და ფარული აზრის ამოხსნა გახრწნილი, უგუნური და ურწმუნოებით დაავადებული სულის საქმეა, რომელიც ისევე მსჯელობს, როგორც სიმონ მოგვისა და მანეს მიმდევრები. ამ უძველეს მწვალებელთა გამოგონებანი კი ასეთია: ისინი ამბობენ, თითქოს ღმერთმა, შურით აღვსილმა ადამის მიმართ, გააძევა იგი სამოთხიდან, შემდგომ კი უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მოსპო კაცობრიობა ნოეს დროს, უსამართლოდ დაწვა სოდომელნი, დაახრჩო ფარაონი, მოსპო ქანაანელები და მრავალი ამის მსგავსი — ეს არის ის გმობანი და გამოგონებანი, რომლებსაც ახლა არ შევეხებით. ნუთუ არ არის ეს უღმრთოების თანამედროვე სახეც? აშკარაა თანამედროვე მწვალებელთა მძვინვარება და განუკურნებელი უგუნურება, რომელნიც ამბობენ, რომ არ შეჰფერის ღმერთს თავად ჩამოვიდეს ქვეყანაზე, იშვას ქალისაგან და ხორცით ივნოს. მათ მრავალსიტყვაობით აჯობეს თავად ეშმაკსაც კი, რამეთუ არავის, საღი გონების მქონეს, ასე არასდროს ულაპარაკია, არც უფიქრია და ენით წარმოთქმაც არასდროს გაუბედავს.
ჩვენ კი მთელი სიყვარულითა და გულმოდგინებით ვირწმუნებთ უფლის განკაცების განგებულებას, რომელიც მან ჩვენი ცხონებისათვის აღასრულა. და ამ სასწაულთა და ნიშთა, ჯვარცმის, აღდგომის, ზეცად ამაღლებისა და მისი მეორედ მოსვლის მეშვეობით, როდესაც დიდებით მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად, ვეცდებით გულმოდგინედ ჩავწვდეთ უფლის განკაცების განგებულებას, იმას, რაც მან განკაცებით განაგო, და განვმარტავთ ამას არა უბრალო ენით, არამედ პასუხისთვის წმიდა წერილს მივმართავთ, რამეთუ, იოანე ოქროპირის თქმით, ვინც პასუხს იღებს თავის შეკითხვაზე ღვთაებრივი წერილიდან, თავად ჭეშმარიტება ჰყავს მასწავლებლად: წმიდა წერილი არის მარგალიტი, რომლის პოვნისასაც, უფლის თქმით, კაცმა სიხარულისაგან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ეს მარგალიტი შეიძინა (შდრ.: მათ. 13:45-46).
ეს დიდი საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში და კაცთა მოდგმას გამოეცხადა უკანასკნელ ჟამს, დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა მრავალმა წინასწარმეტყველმა და მართალმა, რომლებიც განიწმიდნენ ღვთაებრივი სულის მადლით და წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალ ხსნას მთელი ქვეყნიერებისა, რომელიც თავისი მოსვლით მოგვანიჭა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, ნეტარმა და მხოლოდძლიერმა, მეუფეთა მეუფემ და უფალთა უფალმა, დაუსაბამომ, უსასრულომ, საუკუნომ, მარადმყოფმა, უქმნელმა, უცვალებელმა და უხორცომ, უხილავმა, აღუწერელმა, რომელსაც აქვს მხოლოდ უკვდავება და მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, მამითურთ და სულიწმიდითურთ, თანადიდებულმა, რომელმან არარაისგან შექმნა ყოველივე, ხილული და უხილავი. პირველად მან შექმნა ურიცხვი სიმრავლე უხილავ ანგელოზურ მხედრობათა, ხოლო შემდგომ — ეს ხილული ქვეყანა: ცა, მიწა და ზღვა — შეამკო იგი, ნათლით გაანათა. დაასხა ცაში მზე, მთვარე და ვარსკულავები, შეამკო ქვეყანა მრავალფეროვანი მცენარეებით, ყვავილებითა და ცხოველებით, ხოლო ზღვა — მრავალრიცხოვანი ნადირითა და თევზებით. "რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს" (ფს. 32:9).
ერთ-ერთი ანგელოზი უგუნურებით აღდგა შემოქმედის წინააღმდეგ და კეთილისაგან ბოროტებისკენ მიიდრიკა; ამის გამო ის მოკლებულ იქნა თავის პატივსა და ხარისხს, მის მიმდევარ ანგელოზებთან ერთად, და ეწოდა ეშმაკი, ხოლო მის მორჩილთ — ბოროტნი სულნი.
ამის შემდეგ შემოქმედს ენება მოევლინებინა მეორე ქმნილება ქვეყანაზე, სხვა ანგელოზი, ღვთის თაყვანისმცემელი, მცველი ყოველი ხილული ქმნილებისა, მეუფე ყოვლისა, რაც ქვეყანაზე არსებობს; მტვრისგან შეუქმნა მას ხორცი, საკუთრივ თავისგან კი სიცოცხლის სუნთქგვა ჩაბერა, დაასახლა იგი სამოთხეში და მიმადლა თავისუფალი ნება; ცეცხლი არ სწვავდა მას, წყალი არ ძირავდა, ნადირი არას ავნებდა. შეამკო რა იგი ყოველგვარი სათნოებითა და დიდებით, ღმერთმა დაადგინა მეფედ მთელ ხილულ ქმნილებაზე, და შექმნა მისგან დედაკაცი, მისი შემწე, და მისცა მათ სჯული: რომელი ხეების ნაყოფი შეიძლებოდა ეჭამათ და რომლისა — არა, რამეთუ თავიდან კაცნი უნდა გამოცდილულიყვნენ მცნების დაცვაში. თუ კაცი დაიცავს მცნებას, მიიღებს უხრწნელებას, უცვალებელ სიმტკიცეს, სრულყოფილებას, უკვდავებას და დაიკავებს განდგომილის ადგილს ზეცაში; ხოლო თუ არ დაიცავს მცნებას, სიკვდილით მოკვდება.
რაჟამს ეშმაკმა იხილა კაცი, ასე ამაღლებული ღვთის მიერ, შურით აღივსო მის მიმართ და გველის მიერ ჯერ დედაკაცი აცდუნა, ხოლო დედაკაცის მიერ — ადამი, და მათ დაარღვიეს მიცემული მცნება, გონებით განეშორნენ ღმერთს, შემოქმედსა და განმგებელს, და დაემორჩილნენ ეშმაკს. იგემეს აკრძალული ნაყოფი და ისურვეს, რათა ღმერთებივით ყოფილიყვნენ. ამიტომაც იგინი განიდევნნენ სამოთხიდან და მიეცნენ სიკვდილს.
იმ ჟამიდან ეშმაკმა დიდი ხელმწიფება მოიპოვა კაცთა მოდგმაზე. როდესაც კაცნი გამრავლდნენ, ეშმაკი ყოველნაირად წარმართავდა მათ ბოროტების გზაზე. ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი, მიეცნენ თავიანთ ვნებებს, კაცისკვლას, სიძვას, მისნობასა და ჯადოქრობას. ღმერთმა, ბოროტება რომ აღეკვეთა, ქვეყნიერებას წარღვნა მოუვლინა. ხოლო წარღვნის შემდგომ, კაცთა მოდგმა კვლავ რომ გამრავლდა, ისევ დაივიწყეს ჭეშმარიტი ღმერთი, შეიქმნეს უღმრთო და უწმიდური კერპები, რომელთაგან ზოგი სიძვის ჩამდენი იყო, ზოგიც — კაცისმკვლელი; გამოჩნდნენ მოგვები და ჯადოქრები. თავიანთი კერპების მიბაძვით, კაცნი უსირცხვილოდ იბილწებოდნენ ყოველგვარი სისაძაგლით: კლავდნენ თავიანთ ძეთა და ასულთ და მსხვერპლად სწირავდნენ ბოროტ სულებს. სასტიკი სიბნელე ბატონობდა იმ ჟამს ჩვენს მოდგმაზე, ყოველ კაცზე მეუფებდა სიკვდილი, რამეთუ ყოველივე დატყვევებული იყო ეშმაკის მიერ და ყველა ჯოჯოხეთში შთადიოდა.
ჩვენმა და ყოველივეს შემოქმედმა, არ უგულებელგვყო ასეთ სიბრმავესა და განსაცდელში შთავარდნილნი, არ დაუშვა ჩვენი საბოლოო წარწყმედა, არამედ მოგვანიჭა სჯული და მოავლინა წინასწარმეტყველნი, რათა ეჩვენებინა ხსნის გზა. მაგრამ ვერც მათ შეძლეს შემწეობის გაწევა, რამეთუ ისინიც კაცნი იყვნენ და ექვემდებარებოდნენ ცოდვას, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილს. მხსნელი უცოდველი უნდა ყოფილიყო, რამეთუ მხოლოდ ღმერთს ძალუძს ასეთი ვნებების განკურნება!
მზაკვარმა ბოროტმა სულმა, რომელმაც ადამი აცდუნა, იხილა, თუ როგორ მიჰყვა მთელი ქმნილება ცოდვის გზას. და სიკვდილი მეუფებდა ადამიდან მოსემდე, ანუ მოსეს სჯულის აღსრულებამდე. კაცნი იძულებით სცოდავდნენ, უნებურად, მოციქულის სიტყვებისამებრ: "ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს" (რომ. 7:19).
შეწუხდა ღმერთი, ადამიანის შემოქმედი. არ ინება მან ეშმაკის ხელთაგან ადამიანი ძალდატანებით გამოეხსნა, რამეთუ ღმერთი მართალია — ის თვითონვე ამყარებს სიმართლეს სჯულით, უსამართლოთ კი სჯის. ამიტომ როგორღა შეუძლია თვითონვე ჩაიდინოს უსამართლობა და ძალითა და იძულებით წაართვას ეშმაკს კაცი, რომელიც მას ნებაყოფლობით დაემორჩილა? მაშინ ღვთაება შემცოდველი იქნებოდა, რაც შეუძლებელია, რადგან ღვთაება უცოდველია.
ღმერთს არ სურს ეშმაკის მიმართაც კი უსამართლოდ მოიქცეს. რამეთუ ყოვლისშემძლე ღმერთს ეშმაკი ღვთაებრივი ძალით რომ დაემარცხებინა, ეშმაკი იტყოდა: "მე უსამართლო ვარ, მაგრამ ღმერთსაც არ გააჩნია სიმართლე და ყოველივეს იძულებითა და ძალით აღასრულებს; მე ვძლიე კაცი, ღმერთმა კი, რაკი დამამარცხა, კაცი ძალითა და უსამართლოდ წამართვა", — და მართალიც იქნებოდა. მაგრამ უფალი არ დაუშვებს, რომ ეშმაკმა თქვას, თითქოსდა მან სძლია კაცს, თავად კი ყოვლადძლიერმა ღმერთმა დაამარცხა. ამიტომ ღმერთმა გამოუთქმელი განგებულებით განიზრახა მოენიჭებინა ჩვენთვის ეშმაკზე გამარჯვება.
შეხედე, რას აღასრულებს იგი, რას ეუბნება მამა ძეს, წმიდა იოანე ოქროპირის თქმით: "შენ გმართებს, ჩემო მხოლოდშობილო ძეო და სიტყვაო, ჩემი დიდების ბრწყინვალებავ, შენ გმართებს შეიმოსო ხრწნადი კაცი და მიიღო შენში მთელი ადამი; შენ გმართებს ჯვარს ეცვა, ევნო, შთახვიდე ჯოჯოხეთში და იქიდან გამოიყვანო კაცი; როგორც ეშმაკმა მზაკვრობით აცდუნა კაცი, ასევე შენც გონივრული ხერხით უნდა აჯობო ეშმაკს შენი სიბრძნით".
მაშ, რა მოხდა? კაცთა მოდგმას სჭირდებოდა უფრო დიდი შემწეობა, ვიდრე წინასწარმეტყველთა შემწეობა იყო — და მიიღო კიდეც. აჰა, თავად ღმერთი, ღვთის სიტყვა, დაუსაბამო, უხილავი, შემოუსაზღვრელი, უხორცო, უსაწყისო საწყისი, ნათელი ნათლისაგან, სიცოცხლისა და უკვდავების წყარო, ხატი პირველხატისა, მამის სიცოცხლისაგან სიცოცხლე, წესი და სიტყვა, ჩვენთვის კაცი ხდება, იმოსება ხორცით და უერთდება გონიერ სულს, რათა თავისი სულით განწმიდოს ჩვენი სულები და თავისი უწმიდესი ხორცით განკურნოს ჩვენი დაცემული და შეგინებული ხორცი. ის სრულყოფილი კაცი გახდა, ოღონდ ცოდვის გარეშე, უთესლოდ იშვა სუფთა ქალწულისა და წმიდა სულისგან, მანამდე კი მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ უფლის შობის ხარებისას, წმიდა სულით განწმიდა ქალწულის სულიცა და ხორციც. ვარსკვლავმა ცაზე ასწავლა სპარსელ მოგვებს თაყვანი ეცათ მისთვის, ხოლო ანგელოზებმა მისი შობა ბეთლემელ მწყემსებს ახარეს. როდესაც მან ნათელიღო იოანესგან, მამამ ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათ. 3:17). და წმიდა სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. მაშინ დაიწყო მან სასწაულთმოქმედება, მკვდართა აღდგენა, ბრმათა განათლება, სნეულთა და ყრუთა განკურნება, ბოროტ სულთა განსხმა. მან აირჩია 12 მოწაფე და უბრძანა მათ ექადაგათ ხალხისათვის ზეციერი ცხოვრება.
ეშმაკი ეჭვობდა და გაოგნებული იყო, რაჟამს ხედავდა მას, ხორციელს, ვითარცა კაცს, და სასწაულებს აღასრულებდა, ვითარცა ღმერთი; რამეთუ უფალმა იესუ ქრისტემ თავისი გამოუთქმელი განგებულებით დაჰფარა თავი ეშმაკისგან, არ ეცნო ეშმაკს და არ გაქცეოდა, არამედ შეეტია მისთვის, როგორც სხვა კაცთათვის. ამიტომაც მაცხოვარი საიდუმლოდ და უხილავად, სულის სიღრმეში ფარავდა თავის ღვთაებას.
ხოლო ეშმაკი, როდესაც იხილა როგორ ასწავლიდა და მოძღვრავდა ადამიანებს სათნოებებში, მოაქცევდა ბოროტების გზიდან და მიჰყავდა ისინი საუკუნო სიცოცხლისკენ, აღინთო მრისხანებით და, როგორც ადრე სხვა წმიდანებს, მასაც შეუტია, რამეთუ ის უბრალო კაცად მიაჩნდა. ეშმაკმა აღძრა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომელთაც უცოდველს სიკვდილი მიუსაჯეს. ის უსამართლოდ მოკლეს, მაგრამ მისი სული, რომელიც საიდუმლოდ ფარავდა ღვთაებას, ვითარც სატყუარა ფარავს კაუჭს ანკესზე, შთაყვანილ იქნა ჯოჯოხეთს ეშმაკისა და სიკვდილის მიერ, რომლებიც აპირებდნენ მისი სულის შთანთქმას, როგორც ერთ-ერთი მართლის სულისას — მაგრამ განგმირულ იქნენ მისი ღვთაების სასწაულებრივი ელვით! მაშინვე გამოაცხადა და ცხადად უჩვენა მათ თავისი ღვთაება იესუმ, იჭექა და გააყრუა ისინი საშინელი სიტყვებით: "მე ვარ საუკუნო ღმერთი ღვთისაგან, ზეცით გარდამოსული და განკაცებული. მიჩვენეთ ჩემი ცოდვა, რის გამოც მომკალით და ჯოჯოხეთი მიუსაჯეთ ჩემ სულს!" შეძრწუნდნენ ეშმაკნი, გაოგნებულებმა და შერცხვენილებმა, ვერაფერი მიუგეს. ხოლო მან თავისი ღვთაებრივი დიდებულებით დასაჯა ისინი და ჩააგდო ცეცხლსა და ტარტაროზში, შეკრა ისინი რკინის ბორკილებით, ხოლო ადამი აღადგინა, გამოიყვანა ყველანი ჯოჯოხეთიდან, მესამე დღეს აღდგა, შემდგომ კი ხორცით ამაღლდა ზეცად და მოუვლინა სულიწმიდა თავის წმიდა მოწაფეებსა და მოციქულებს, რომელთაც გაანათლეს მთელი ქვეყანა და მიიყვანეს იგი ღვთის შემეცნებამდე.
ამრიგად, ყველა კაცი, მზის აღმოსავლიდან დასავლეთამდე, ცხონდა და დღემდე ცხონდება მათი მოძღვრებით, ჩვენი მაცხოვრის მადლითა და განკაცებით, და მისი გამოუთქმელი სიბრძნით, რომლითაც მან მოხერხებულად აჯობა ეშმაკს. ვითარცა მეთევზენი აცმევენ სატყუარა ჭიას ანკესზე, რათა დაიჭირონ თევზი სიღრმეებში, — ასევე ქრისტეც შეიმოსა ხორცით, რომელიც იყო როგორც სატყუარა ანკესზე, და დაიჭირა მტერი კეთილგონივრული სიბრძნით. ასე ბრძნულად იქნა დაჭერილი მზაკვარი გველი და გამოიხსნა ქრისტემ კაცობრივი მოდგმა ეშმაკისა და მისი მძლავრობისაგან.
მოვუსმინოთ ამის შესახებ იგავებს, რომელთაც წმიდა იოანე ოქროპირი გვიამბობს. თუ ვინმე აწამებს და სცემს თავის მოვალეებს და საპყრობილეში აგდებს, შემდგომ კი უდანაშაულოსაც იმავე წამებასა და პატიმრობას დაუქვემდებარებს, მაშინ ეს უსამართლოდ შეკრული და ნაწამები გაამართლებს სხვებსაც, სამართლიანად რომ იმყოფებიან საპყრობილეში. ანდა, თუ სასტიკი მწამებელი ჟლეტს ყველას, ვისაც კი მოიხელთებს, და ამგვარი მოქმედებით, ბოლოსდაბოლოს, უსამართლოდ მოკლავს მეფის ძეს, მაშინ მეფისწულის სიკვდილი ყველას გაამართლებს: მეფე სიკვდილით დასჯის მტარვალს, დაანგრევს საპყრობილეს და ტყვეებს გაათავისუფლებს. ასეა ქრისტეც: რადგან ის უცოდველი იყო და უსამართლოდ მოკლეს, მან თავისი ღვთაებით სძლია ეშმაკს და ამით ადამი იხსნა სიკვდილისგან, რომელიც სამართლიანად მიესაჯა მას, ვითარცა შემცოდველს.
ჭეშმარიტად, ქრისტეს სიმაღლე და დიდება არს ჯვარი, რომლითაც ჰგონებდნენ მის მსჯავრდებას, და რომლითაც თვითონვე დასაჯა მტერი, გვიხსნა ბოროტ სულთა მტანჯველობისგან, ეშმაკის მონობისგან, იძულებითი და სატანჯველით აღსავსე ცოდვის მსახურებისგან.
წმიდა ნათლისღებით ყოველგვარი ცოდვისგან განმწმენდელმა იესუ ქრისტემ მოგვანიჭა ცოდვათა მიტევება, მოგვმადლა ძალა, რათა საკუთარი ნებით ვქმნათ სიკეთე და იძულებით ცოდვას აღარ მივეცეთ, თუკი თვითონ ნებაყოფლობით არ მოვისურვებთ ცოდვას. და თუ წმიდა ნათლისღების შემდეგ არ შევცოდავთ და უბიწოდ დავიცავთ მის მცნებებს, მაშინ ვიქმნებით უვნებელნი და წმიდანი, ვითარცა იყვნენ წმიდა წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი და მართალნი: მათ მიმადლა უფალმა ხელმწიფება, რათა გაექელათ გველი და ღრიანკალი, და მტრის ყოველგვარი ძალი, აღესრულებინათ სასწაულნი და ეჩვენებინათ ნიშები (შდრ.: მარკ. 16:17-18; ლუკ. 10:19), რადგან მისი მცნებების დაცვით მათ განიწმიდეს ხორცი და სული ყოველგვარი შეგინებისგან; ისინი უვნებელნი იყვნენ და აქვე, ქვეყანაზე, ღვთაებრივი სიცოცხლით ცხოვრობდნენ, ხოლო მიცვალების შემდეგ ზეციერი სასუფეველის ღირსნი შეიქმნენ.
ამასაც არ დასჯერდა ის, ვისაც სურს, რომ ყველანი ცხონდნენ და ჭეშმარიტების შემეცნებას მიეახლონ (შდრ.: 1 ტიმ. 2:4), რამეთუ მან უწყის, რომ კაცის აზრნი სიყმაწვილიდანვე ბოროტებისკენ არიან მიდრეკილნი, რის გამოც ნათლისღების შემდეგაც ვცოდავთ. ამიტომაც მოგვმადლა მან სინანულის წმიდა მცნებანი, რომელნიც გვწმედენ არა მხოლოდ ცოდვათაგან, არამედ ვნებათაგანაც, რათა ვიყოთ წმიდანი და მართალნი. ამაზე მოწმობს ისიც, რომ მრავალი, ვინც ნათლისღების შემდეგ შესცოდა, სინანულისა და მცნებათა აღსრულების შემდეგ კვლავ წმიდანებად იქცნენ, აღასრულებდნენ სასწაულებს, სიცოცხლის აღსასრულს სიხარულით შეხვდნენ ზეცად ამყვან ანგელოზს და წმიდათა ხვედრის ღირსნი შეიქმნენ.
უფრო მეტიც, კაცთმოყვარემ, რომელმაც უწყის, რაოდენ ძნელია წმიდათა ხვედრის ღირსი გახდე, მოწყალების გამო გაგვიხსნა ხსნის სხვა გზაც. არა მხოლოდ მართალი საქმეებისა და ჭეშმარიტი სინანულის გამო, არამედ სუფთა და უეჭველი სარწმუნოების გამოც მან მრავალი აცხოვნა და დღემდე აცხონებს. ნათქვამია წერილში: "ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება" (მარკ. 16:16). და კვლავ ნათქვამია: "დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ!" (მათ. 15:28).
ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ აწ სასწაულნი არ აღესრულებიან, ნიშებიც აღარ არის და, რომ ამ საუკუნეში ვერავინ მიიღო ისეთი მადლი, როგორიც ძველ წმინდანებს ჰქონდათ, რომლებიც სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდნენ, — მაშასადამე, ახლა აღარც ცხონდებიან, თუმცა ადრე ცხონდებოდნენ, — ის უსამართლოდ ლაპარაკობს და ფიქრობს.
არ არის ღმერთი არანაირი უსამართლობა, და როდესაც ბოროტებას ვიქმთ — არა მისი ნებით ვიქმთ. თუ ერთი სასმისი ცივი წყლის მიცემაც კი არ დარჩება უყურადღებოდ, განა ის არ მოგვცემს აღთქმულს, მისდამი შევრდომილთ და დღე და ღამ მოლოცველთ? ოღონდ იყოს მონდომება ღვაწლისადმი და ძალისებრი ძალისხმევა: სარწმუნოებით ეძიე უფალი და შეუერთდი მას სიყვარულით, ლოცვით, ღვთისსათნო სიტყვებითა და უეჭველი რწმენით — და როდესაც შენი სული ხორცისაგან განთავისუფლდება, აღთქმული საზღაურისკენ მიმავალი აღმოჩნდები.
და მეც გეუბნები მაკარი დიდთან ერთად: ირწმუნე, და მაშინ სიხარულით განშორდები ამ ქვეყანას და ზეციერი სასუფეველის ღირსი შეიქმნები. მრავალი კეთილმსახური კაცი სიცოცხლის აღსასრულამდე აღასრულებდა მართალ საქმეებს და, ვითარცა ვარსკვლავნი, გაბრწყინვებულ იყვნენ წმიდა მცნებებით, რომელთაც გულმოდგინედ გულისხმაყოფდნენ რწმენითა და უფლის შიშით, — და მაინც, უმეცრების, ან გონების შეზღუდულობის, ან რაიმე უძლურების გამო, ღვთის განგებით, სიცოცხლეშივე ვერ ეზიარნენ მადლს. სიკვდილის შემდეგ, მომავალ ცხოვრებაში, ისინი მიიღებენ საზღაურს: სრულყოფილებასა და ღვთის მიმართ კადნიერებას. ზოგიერთი მათგანი სიკვდილის შემდეგ, ხსნის ნიშად, კეთილსურნელებას აღფრქვევდა.
მაგრამ ყველას როდი ეძლევა ერთნაირი ნიშები, არამედ თითოეულს ღვაწლისა და შრომის მიხედვით, რამეთუ ყველანი თანასწორად არ ემსახურებიან უფალს და არც ერთი გზით მიდიან: როგორც რამდენიმე ანთებული სანთელი ერთი ცეცხლით იწვის, მაგრამ სხვადასხვანაირად ანათებს. ანდა, ვითარცა მრავალი ვარსკვლავი ცაზე სხვადასხვანაირად ბრწყინავს, მოციქულ პავლეს სიტყვისამებრ: "და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით" (1 კორ. 15:41).
გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: რაც სატანჯველი არ არის, ჯერ კიდევ არ არის სასუფეველი, და რაც სასუფეველი არ არის, ჯერ კიდევ არ არის სატანჯველი. ხოლო ზარმაცთათვის საკმარისია სატანჯველის თავიდან აცილება. ამიტომაც უფალმა, რომელმაც უწყის კაცთა უძლურება, თქვა: "ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი" (შდრ.: მათ. 13:8).
დიდმა მოციქულმა პავლემ რომაელებს უთხრა: "იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება" (შდრ.: რომ. 4:5). ანუ არა მოქმედს, არამედ მსურველს, მაგრამ მოქმედების უუნაროს: ან სიბერის, ან სნეულების, ან სიღარიბის, ან დროის უქონლობის გამო მოწყალების ვერგამომჩენს — ვითარცა კეთილმსახურ ავაზაკს, რწმენა საქმეთა გარეშე შეერაცხება სიმართლედ.
დიახ, კეთილი საქმენი — მარხვა, მღვიძარება, გულუხვი მოწყალება, სხვა შრომანი და ღვაწლნი — ჭეშმარიტი სინანულია. ხოლო თუ ვინმე გასაჭირის ან უძლურების გამო ვერ აღასრულებს ზემოთქმულს, მაინც, კაცთა ცოდვათათვის მოკლული იესუ ქრისტე შეიწირავს სიტყვიერ სინანულსაც და ზეპირ აღსარებასაც არ უარყოფს: ის ჩვენზე, მუდმივად შემცოდეებსა და მომნანიებლებზე, თავისი მოწყალების დიდ ზღვას გადმოაფრქვევს, რომელიც აქრობს ჩვენი ბოროტების ცეცხლს. რამეთუ ნათქვამია: თუნდაც გადმოიღვაროს ჩემი რისხვა კაცზე, — განვკურნავ მას (შდრ.: იობ 5:18).
ღმერთი, შემოქმედი ჩვენი, იღებს ცხონების მსურველთაგან არა მხოლოდ მოწამეობრივ ვნებასა და მმარხველობით მოღვაწეობას, არამედ გლოვასაც ცოდვათათვის, მიწიერ მეტანიებს, მკერდზე ცემას, მუხლთა მოდრეკას, ხელთა აღპყრობას გულის შემუსვრილობით, ცოდვათა გამო გლოვას, გულის სიღრმიდან ამოოხვრას, ქვითინსა და ვაებას, ცრემლთა წვეთებს, დატანჯულ, მოღაღადე სინდისსა და ბაგეთა ნაყოფს, რომელიც აღიარებს სახელს უფლისა იესუს და დავითის მსგავსად ამბობს: "შევცოდე ჩემი უფლის მიმართ და ბოროტი ვყავ მის წინაშე" (შდრ.: 2 მეფ. 12:13; ფს. 50:6). დიდია სინანულის ძალა, დიდ ხსნას მოუვლენს იგი მონანულთ: "მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (შდრ.: ეს. 1:18). უფალი წინასწარმეტყველის მეშვეობით მონანულთ ეუბნება: "იყავნით ქვეყანაზე გონიერნი, ვითარცა მსჯავრდებულნი და დევნილნი, და მე დავწერ თქვენს გოდებასა და ვედრებას, და განეშორებით გვირგვინოსანნი, ვითარცა მართალნი". და კვლავ ნათქვამია: "სიღრმიდან მომაპყარით მე სულნი თქვენნი, ვითარცა მსჯავრდებულთა, და მიიღოთ გვირგვინნი მართალთანი" (შდრ.: ეს. 61:1–3; ბარუქ. 2:18; იოველ. 2:12–17).
ამრიგად, კაცი, რომელიც თავს დაიმდაბლებს, ღვთის კაცთმოყვარეობით ცხონდება: არა ქმედითი სათნოებებით, არამედ გულის შემუსვრილობით, სიმდაბლის სიღრმითა და თბილი სარწმუნოებით.
წმიდა გრიგოლ ამირიტელი წერს: ეშმაკი, შეპასუხებით, ცილს სწამებს სარწმუნოებით ცხონებულთ და ამბობს: რითია დიდი მათი სარწმუნოება? რატომ აცხონებ მათ უსასყიდლოდ, მართალი საქმეების გარეშე? და უფალი პასუხობს ამაზე: ისინი მმორჩილებენ მე, გაცემულს, შეკრულს, შეფურთხებულს, ჯვარცმულს, შუბით განგმირულს; ისინი არ ღელავენ გულით, არ ცდუნდებიან, არამედ სწამთ, რომ მე ვარ ღმერთი ღვთისაგან, აღიარებენ, რომ მე ვარ მათი მეფე, გამჩენი და ქმნილების შემოქმედი, უზაკველად მაღიარებენ უფლად. ღვთაების ხატით, სასწაულთა და ნიშთა სიდიადით შემზარავი რომ მოვსულიყავი, და ამის შემდეგ რომ ერწმუნათ მათ, ამაში არაფერი იქნებოდა საკვირველი. ხოლო მათ, სასწაულთა და ნიშთა უხილავად ირწმუნეს, შეშინდნენ, იტირეს და იგლოვეს თავიანთი შეცოდებები — ჭეშმარიტად დიდია მათი სარწმუნოება. ამიტომაც მივიღებ, შევიწყალებ მათ და ღირსვყოფ, დაიმკვიდრონ ჩემი ზეციური სასუფეველი.
მაგრამ უფალი არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში აცხონებს მართალი საქმეებით, სინანულითა და რწმენით, — არამედ სიკვდილის შემდეგაც, ჩვენი ყოვლადკეთილი და მოწყალე უფალი და ღმერთი აცხონებს მოწყალებათა და წმიდა ღვთაებრივ საიდუმლოებათა აღსრულების მეშვეობით. ეს დიდ შვებასა და დიდ წყალობას მოუტანს გარდაცვლილთ.
ყოვლადმოწყალე უფალმა მრავალი აცხოვნა ასე და დღემდე აცხონებს, როგორც მოწმობს ამას წმიდა იოანე ოქროპირი და ამბობს: თუ სიცოცხლეში ვერ მოასწარი ზრუნვა სულზე, მაშინ სიცოცხლის აღსასრულს განაგე, რომ შენი გარდაცვალების შემდეგ ახლობლებმა შენს გამო აღასრულონ კეთილი საქმეები (მოწყალებასა და შეწირულობებს ვგულისხმობ) — ამით მოალბობ გამომხსნელს, რამეთუ მისთვის საამოა ეს შესაწირავნი.
და წმიდა იოანე დამასკელიც ამბობს: ყოველი კაცი, თუ მიიღო სათნოების მცირე საფუარი, მაგრამ ვერ მოასწრო პურის გამოცხობა — თუნდაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო სიზარმაცის, უყურადღებობის, ნებისყოფის სისუსტის გამო, ან იმიტომ, რომ დღიდან დღემდე გადადებდა, — მაინც, აღსასრულს მიღწევისას, საზღაურს მიიღებს მხოლოდ თავისი იმედისთვის: არ დაივიწყებს მას მართალი მსაჯული და უფალი, და მისი გარდაცვალების შემდეგ აღმართავს მას, ვინც შეავსებს მის მიერ არგაკეთებულს.
ჩვენ ახლა მართლმორწმუნეებზე ვსაუბრობთ. ღვთისგან განათლებულნი კაცნი მოწმობენ: უკანასკნელ ამოსუნთქვაზე, ვითარცა სასწორზე, იწონება კაცის საქმენი. თუ მარჯვენა მხარემ გადაწონა, ცხადია, რომ მიცვალებული ღირსი შეიქნა მარჯვნივ დგომისა; თუ ორივე მხარე თანასწორია, მაშინ ღვთის კაცთმოყვარეობა გადაწონის, ხოლო თუ მარცხენა მხარე ოდნავ გადაწონის, მაშინაც ღვთის მოწყალება შეავსებს მარჯვენა თასს. უფლის მსჯავრი სამმაგია: პირველი — მართალი, მეორე — კაცთმოყვარე, მესამე კი — ყოვლადკეთილი.
საკვირველ ხარ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, ვადიდებთ შენს გამოუთქმელ მოწყალებას, რომლითაც ყოველთვის კაცთმოყვარეობისკენ მიიდრიკები! შენ, შენი წმინდანების მეშვეობით, ჩვენც გვასწავლე ერთმანეთის მიმართ კეთილ საქმეთა აღსრულება! ყველა ღვთითშთაგონებულმა მოციქულმა, წმიდა მასწავლებელმა და სულიერმა მამამ, რომლებიც ღირსეულად მიჰყვნენ ღვთის ნებას და, ძალისამებრ შეიმოსეს მისი გამომსყიდველი მადლის მოქმედება, დააწესეს მიცვალებულთათვის აღსავლენი წმიდა მსახურებანი, ლოცვანი, გალობანი და ყოველწლიური მოხსენიებანი. ამიტომაც, ღვთის მადლის შემწეობით, ვინც კი რწმენით იღვაწა, საზღაურის გარეშე არ დარჩება.
ამაზე ეშმაკი ამბობს: თუ ასეა, მაშინ ყველანი ცხონდებიან და არავინ შესცოდავს.
მაგრამ ესეც კარგია: ყოვლადკეთილ უფალს სურს, ისწრაფვის, უხარია და ილხენს, თუკი არავინ სცოდავს მის ღვთაებრივ ნიჭთა წინააღმდეგ. თავადვე ბრძანებს: "ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი" (მათ. 18:14).
ნუთუ ანგელოზებს განუმზადა მან პატივი და გვირგვინები? ნუთუ ღმერთი ქვეყნად მოვიდა, ქალწულისგან განკაცდა, ქალწულების დაურღვევლად, კაცად იშვა, ვნება და სიკვდილი დაითმინა იმისთვის, რომ ზეციერი ძალნი ეხსნა? ნუთუ ანგელოზთა მიმართ ითქვა: "მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან" (მათ. 25:34)? ღმერთმა ყოვლადვე ივნო ადამიანისთვის და მას გზა განუმზადა.
ვინც სერობას აწყობს და მეგობრებს იწვევს, განა ყველას მოსვლა არ სურს, რომ მისი ნიჭებით გაძღნენ? რისთვის აწყობს კაცი სერობას? იმისთვის, რომ უმასპინძლოს თავის მეგობრებს. თუ ჩვენთვის ეს საამოა, მით უფრო რაოდენ უმეტესი სიხარულით აღივსება უხვმადლიანი, ერთარსი, ყოვლადკეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც გაცემა უფრო ახარებს, ვიდრე მიღება!
იცოდე, მკითხველო, რომ ერთარს, უხვმადლიან, ყოვლადკეთილსა და კაცთმოყვარე ღმერთს სურს და ნებავს, რათა ყველანი ცხონდნენ და არავინ სცოდოს! რაოდენ უხარია და ულხინს ყოვლადკეთილ უფალს იმის გამო, რომ არავინ წარწყმდეს!
ამისათვის კი შეადარე, რა იყო მის განკაცებამდე და რა მოხდა მისი განკაცების შემდეგ.
ადამიდან მოსემდე 4000 წელი გავიდა და თითქმის არ არსებობს მოწმობა იმ დროის მართალთა შესახებ; ისინი ძალზედ ცოტანი იყვნენ, ისე რომ მათი ჩამოთვლა ადვილია: ადამი, აბელი, სეთი, ენოში, ენოქი, ნოე, სემი, იაფეტი, მელქისედეკი, აბრაამი, ისააკი, იაკობი, იობი და თორმეტი პატრიარქი, მოსე და ისუ, და კიდევ რამდენიმე. მოსედან ქრისტემდე ათას ხუთასი წელი გავიდა, და ამ წლების განმავლობაში ცოტა კაცი ცხონდა.
ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახარებამ კი თითქმის მთელი ქვეყნიერება დაიპყრო. უფრო ადვილია ქვიშისა და ზეციურ ვარსკვლავთა დათვლა, ვიდრე იმ წმიდათა, რომლებიც მისი განკაცების წყალობით ცხონდნენ: მოციქულთა კრებული, მქადაგებელთა წოდებანი, მოწამეთა მხედრობანი, მღვდელმთავარნი, ღირსნი და მართალნი — ქრისტემ ეს ყოველივე ღმერთსა და მამას მიართვა თავისი საკვირველი განკაცების ნაყოფად. დღემდე ურიცხვი სიმრავლე კაცთა ცხონდება მისი მოწყალებისა და კაცთმოყვარების გამო: ზოგი — ღვთივსათნო და სუფთა ცხოვრებით, ზოგი — სინანულითა და ცრემლებით, ზოგი — თბილი და უეჭველი სარწმუნოებით, მეოთხენი კი სიკვდილის შემდეგ იქნენ შეწყნარებულნი ლოცვების, ღვთაებრივ საიდუმლოებათა აღსრულებისა და გლახაკთათვის მიცემულ შემწეობათა წყალობით.
მთელი ქვეყანა აღივსო ღვთისშემეცნებით, როგორც წყალდიდობისას ივსება იგი წყლით (შდრ.: აბაკ. 2:14). თვითმხილველთა მოწმობით, არ არსებობს არც ერთი კუნძული და არც ერთი ქალაქი, სადაც ქრისტეს ქადაგება არ გაცხადებულიყო. ელინებმა, რომაელებმა, ეგვიპტელებმა, ეთიოპელებმა, ინდოელებმა, ბაბილონელებმა, ტაპრობანის დიდმა კუნძულმა, მიდიამ, სპარსეთმა, რუსეთმა — ცის ქვეშეთში ყოველმა ქალაქმა და ყოველმა სოფელმა მოისმინა კეთილმსახურების ქადაგება. შენდება ეკლესიები, აღიმართებიან მმარხველთა სავანენი, და მრავალი საძაგელი კერპის ნაცვლად ერთ ღმერთს ადიდებენ. რამეთუ ქრისტეს არ უქადაგია სხვა ღმერთი, არ უსწავლებია კერპთა თაყვანისცემა, როგორც ელინურ ფილოსოფოსთ, არამედ იქადაგა ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, რომლის სჯულიც იქადაგეს წინასწარმეტყველებმა, პატრიარქებმა და ყველა მართალმა, ანუ ერთი ღმერთი სამ იპოსტასში: მამა, ძე და წმიდა სული.
ყურადღებით განსაჯე: ადამიდან ჩვენს დღემდე, მეფეთა და მთავართა, მტანჯველთა და დიქტატორთა, ელინურ ღმერთთა და ფილოსოფოსთა შორის, ვის შეეძლო კაცთა დამორჩილება ერთი ნებითა და ერთი გონებით? ძველად შემცოდენი სატანჯველს ექვემდებარებოდნენ და ამიტომ ერიდებოდნენ ცოდვას, ახლა კი კეთილმსახურებისთვის სატანჯველის, ვნებისა და ძვალთა მსხვრევის დათმენა მადლად მიაჩნიათ; სხვები კი სიხარულით, ქრისტეს გამო, იღებენ შრომას, ოფლს, ცრემლებს, წამებას, ხორცის უძლურებას, მამის, დედის, ცოლის, შვილებისა და ქონების დაკარგვას, უგულებელყოფენ ქვეყნის ყოველგვარ სიკეთეს და ქრისტეს სიყვარულითა და სურვილით, შიშითა და ძრწოლვით ემსახურებიან. რამეთუ კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი გვამცნებს სიმართლეს, გვასწავლის თავშეკავებას, გვიდგენს სიწმიდეს, გვანიჭებს რწმენას და ქადაგებს მშვიდობას. თავად იგი იწოდება ჭეშმარიტებად და სიყვარულად, ამიტომაც ყველა მოჰყავს უღმრთოებიდან კეთილმსახურებისკენ არა ომით ან იარაღით, არა წყალში დახრჩობით ან ცეცხლით, არამედ თავმდაბლობით მოთმინებით, სიმდაბლით, მოწყალებითა და სიყვარულით.
ოდესღაც, ეშმაკის მიერ ცდუნებულნი, განდევნილ ვიქმენით სამოთხიდან, მოვაკლდით ანგელოზთა თანამყოფობას და დავკარგეთ სიცოცხლე — ახლა კი, უფლის მოწყალებისა და სიყვარულის გამო, სამოთხის ნაცვლად ზეცად ავმაღლდებით, ანგელოზთა თანამყოფობის ნაცვლად ძესთან თანამყოფებად ვიწოდებით, და აწინდელი სიცოცხლის ნაცვლად ზეციერ სასუფეველში სიცოცხლეს ვიმკვიდრებთ. ქრისტემ ქვეყანაზე გამოგვიცხადა ზეციერი ცხოვრება და პატიოსანი ჯვრით მოგვანიჭა ბოროტ სულებზე გამარჯვება.
ხორცით ვკვდებით, მაგრამ სულით ვცოცხლობთ. ამაზე მოწმობს წმიდათა სხეულებისგან აღსრულებული სასწაულები, რამეთუ როგორ შეუძლია მკვდარ ხორცს სასწაულთმოქმედება: ბოროტ სულთა განსხმა, ბრმათა თვალხილულობა, კეთროვანთა განწმედა? როგორც თვით ქრისტე აღდგა, ასევე ჩვენც აღგვადგენს და ზეციერი სასუფეველის თანაზიარს გვყოფს. ამავეზე მოწმობენ წმიდა მოციქულნი და მოწამენი, უძლურნი და მცირენი, გლახაკნი და უწიგნურნი, წამებულნი და მოკლულნი, რომელნიც ქადაგებენ მკვდარს, ჯვარცმულსა და მოკლულს, როგორც მეფესა და მთავარს, რომელმან სძლია ძლიერთ. რამეთუ მათ შეეწეოდა ჯვარცმულის ყოვლისშემძლე ძალა, რომელმან ისინი სიკვდილის შემდეგაც ღვთივსათნონი გახადა. სიკვდილი, რომელიც ადრე საშინელი იყო, ახლა ქრისტესთვის სასურველია. ქმნილება ღვთის სისხლით განიწმიდა.
ყოველივე მას ეკუთვნის და ის ჩვენგან არაფერს ითხოვს, გარდა ჩვენივ სულების ხსნისა. რას მივაგებთ მას ამისთვის, ჩვენ, გლახაკნი? მხოლოდ მადლიერებასა და რწმენას, ძალისაებრ აღსრულებულ საქმეებს უბრალოებასა და თავმდაბლობაში, რამეთუ არა ღვაწლს, არამედ უბრალოებასა და სიმდაბლეს ეცხადება ღმერთი, რომელსაც შვენის დიდება და ხელმწიფება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва: Институт русской цивилизации, 2011.
პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
