Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - იოსებ ვოლოკოლამელი - განმანათლებელი - 5 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
 
განმანათლებელი
წმიდა სამება

 
სიტყვა მეხუთე
 
მე-5 სიტყვა — ნოვგოროდელი ერეტიკოსების ერესის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა წმინდა ხატებზე არ უნდა გამოისახებოდეს წმინდა და ერთარსება სამება, რადგან წმინდა წერილში ნათქვამია, რომ აბრაამმა ღმერთი ორ ანგელოზთან ერთად იხილა და არა სამება. აქვე მოყვანილია წმინდა წერილიდან დამადასტურებელი მოწმობები იმისა, რომ აბრაამმა იხილა წმინდა სამება და, რომ ყოვლადპატიოსან ხატებზე უნდა გამოისახებოდეს წმინდა და ცხოველმყოფელი სამება.
 
 
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, ყველა მცნება საკვირველი და სასარგებლოა, რადგან ისინი ჩვენი ხსნისთვის არის მოცემული. ღმერთს არ სურს ცოდვილის წარწყმედა (შდრ.: ეზეკ. 33:11), არამედ სურს, რომ ყველანი იხსნას და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიიყვანოს (შდრ.: 1 ტიმ. 2:4): ზოგიერთს ის თავად მიიყვანს, ზოგიერთს კი — წმინდა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდა და ღირს მამათა და მსოფლიო მოძღვართა მეშვეობით. ხოლო ჩვენი მტერი, ეშმაკი, განუწყვეტლივ ეძებს, ვინ შთანთქას და მართალი გზიდან როგორ განდრიკოს. მან ადამით დაიწყო და ჩვენს დრომდე მრავალი აცდუნა: ზოგიერთს კერპთა თაყვანისცემა ასწავლა, სხვებს — მკვლელობა, მრუშობა და სხვა ცოდვები, მესამეთ კი — მწვალებლობა.
 
ყველა ცოდვაზე უარესი — მწვალებლობა — ყოველგვარ ურჯულოებაზე უფრო საძაგელია. დღეს მრავალი დაემორჩილა ეშმაკს, დაამახინჯეს მართალი სარწმუნოება, უგუნური სიტყვები ილაპარაკეს და სხვადასხვა მწვალებლობაში გადაიხარნენ, რადგან საღვთო წერილის მრავალი წიგნი უკუღმართად განმარტეს. ამის გამო, ისინი განუდგნენ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას და იუდეველობას მიემხრნენ. მე ვლაპარაკობ დეკანოზ ალექსისა და მღვდელ დენისზე, ფიოდორ კურიცინსა და მათ თანამოაზრეებზე, რომლებმაც თავიანთი დაღუპვისათვის თავდაპირველად დიდ ნოვგოროდში, ხოლო შემდეგ მრავალ სხვა ქალაქსა და სოფელში დათესეს იუდაური სწავლება და დაამახინჯეს საღვთო წერილი.
 
ახლა ვიმსჯელებთ მათი ერთ-ერთი უკეთური და მწვალებლური სწავლების შესახებ: თითქოსდა პატიოსან ხატებზე არ უნდა გამოისახებოდეს წმინდა და ცხოველმყოფელი სამება, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, აბრაამმა ღმერთი ორ ანგელოზთან ერთად მიიღო და გაუმასპინძლდა და არა სამება. ასეთია მათი ჩვეულება — უკუღმართად განმარტონ წმინდა წერილი და ის თავიანთ მწვალებლობას მოარგონ. ამ საქმეში ეშმაკმა ისინი თავის თანაშემწეებად გაიხადა, როგორც ჯვარცმისას თავის თანაშემწედ ჰყავდა იუდა უფალ იესუს წინააღმდეგ.
 
ხოლო ჩვენ, არა თვითნებურად, არამედ ძველი საღვთო წინასწარმეტყველური წიგნების მიხედვით ვუპასუხებთ მწვალებლებს და დავრწმუნდებით იმაში, რომ აბრაამმა ღმერთი, ანუ მამა, ძე და სულიწმიდა - სამ იპოსტასში იხილა.
 
დიდი მოსე ამბობს: "გამოეცხადა მას (აბრაამს) უფალი მამრეს მუხნართან" (შდრ.: დაბ. 18:1). დაუკვირდი, რას ამბობს იგი: "გამოეცხადა აბრაამს უფალი". რატომ არ თქვა მოსემ: "გამოეცხადა აბრაამს უფალი ორ ანგელოზთან ერთად"? რატომ თქვა მოსემ ღმერთზე, ხოლო ანგელოზები არ ახსენა? წმინდა წერილის ყველა მკითხველისთვის ცნობილია, რომ ღმერთი მრავალგზის ეცხადებოდა წმინდანებს: თუ ღმერთი მარტო ეცხადებოდა, მაშინ წმინდა წერილიც პირდაპირ მეტყველებდა ამაზე; ხოლო თუ ანგელოზებთან ერთად ეცხადებოდა, ესეც აისახებოდა წმინდა წერილში.
 
წერილი მოწმობს, რომ ღმერთი მარტო გამოეცხადა ნოეს, მრავალგზის და მარტო გამოეცხადა აბრაამსა და მოსეს. ხოლო როდესაც ღმერთი იაკობს კიბეზე გამოეცხადა, ღვთის ანგელოზები კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ (დაბ. 28:12–13); როდესაც ეჩვენა ესაიას ტახტზე მჯდომარედ, სერაფიმნი იდგნენ მის წინაშე (ეს. 6:1–3); დანიელს ღმერთი "ძველი დღეთას" სახით გამოეცხადა და ათასობით ათასი ემსახურებოდა მას (დან. 7:9–10) — ყოველივე ამის შესახებ წერილში პირდაპირ არის ნათქვამი. წერილი არ ამბობს, რომ ღმერთი აბრაამს ორ ანგელოზთან ერთად გამოეცხადა, არამედ აი, რას ამბობს იგი: "გამოეცხადა მას (აბრაამს) უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.  თვალი აახილა (აბრაამმა) და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, ... პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. ... გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო" (შდრ. დაბ. 18:1-8).
 
სამივე ერთად ისხდნენ, დიდებით და პატივით თანასწორნი, არც ერთი იყო სხვებზე მეტი და არც ნაკლები; აბრაამი თანაბრად ემსახურა მათ და თანაბრად მიაგო პატივი. ეს რომ ყოფილიყო ღმერთი ორ ანგელოზთან ერთად, განა გაბედავდნენ ანგელოზები ღმერთთან ერთად თანამოსაყდრეობას? წმინდა წერილში ვერსად იპოვი მოწმობას იმის შესახებ, რომ ანგელოზები ოდესმე ღმერთთან ერთად ყოფილიყვნენ ტახტზე მსხდომარენი; არამედ,  როგორც ძველი და ახალი აღთქმების წმინდა წერილი მოწმობს, მამასთან ერთად ტახტზე მსხდომარენი არიან მხოლოდ ძე და სულიწმიდა.
 
ასე ამბობს ქრისტეს შესახებ ბრძენი პავლე: "გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას...." (ებრ. 8:1). "მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.  მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ" (ებრ. 10:12–13). წმინდა მოციქული პავლე კვლავ ამბობს: "რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა". ძეზე კი: "ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ" (ებრ. 1:7–9).
 
ღვთის მხოლოდშობილი ძის დიდების საჩვენებლად წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 44:7) (1). ფსალმუნმგალობლის განმარტებისას მოციქული პავლე ამბობს: "ანგელოზთა შესახებ ნათქვამია: "შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა"" (ფს. 103:4) (2)... "ხოლო ძის შესახებ: შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა" (ფს. 44:7).
 
___________________
   
1. ციტატა მოგვყავს ფსალმუნის სლავური ტექსტის მიხედვით; ბიბლიის სინოდალურ რუსულ თარგმანში მოციქულ პავლეს მიერ ციტირებული ეს ადგილი (ებრ. 1:8) ემთხვევა სლავურ ბიბლიას; თავად ფსალმუნში კი თარგმანშია: "უკუნისამდე". — რედ.
 
2. სინოდალურ თარგმანში ფსალმუნის ტექსტში გვაქვს "Твоими", ხოლო მოციქულ პავლეს მიერ ციტირებისას — "Своими"; ფსალმუნის სლავურ ტექსტში კი მოციქულის ციტატასთან განსხვავება არ არის. — რედ.
 
___________________
 
ვინმემ რომ არ თქვას, თითქოს სიტყვები: შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა" (ფს. 44:7) — ძეს კი არა, მამას გულისხმობდეს, ცოტა ქვემოთ წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა" (ფს. 44:8). წმინდა წერილში არსად არის ნათქვამი, რომ მამა იყო ცხებული; მხოლოდ ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო ცხებული თავისი ადამიანური ბუნებით. იგივე წინასწარმეტყველი ღვთის მხოლოდშობილი ძის შესახებ ამბობს: "შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109:4). თუ იგი მღვდელი იყო, მაშასადამე, ცხებულიც იყო. როგორც მელქისედეკი იყო მღვდელი არა მოსეს რჯულის მიხედვით, ასევე მეუფე ქრისტე, რომლის შესახებაც მოციქული პავლე ამბობს: "ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა" (ებრ. 9:11–12).
 
მის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: "ამიტომ გცხო შენ, ღმერთო, შენმა ღმერთმა". რადგან უფლის ხორცი ცხებულ იქნა მასზე სულიწმიდის გარდამოსვლით, რომელიც არის "სიხარულის ზეთი", ხოლო სიტყვები "შენს თანამოზიარეებზე მეტად" ყველა ადამიანზეა ნათქვამი, რადგან ყველა ადამიანს ნაწილობრივ ეძლევა სულიწმიდასთან ზიარება. ღვთის ძეზე გარდამოსული სულიწმიდა "დარჩა მასზე" (იოან. 1:32), როგორც იოანემ თქვა, და არ განშორებია მას, რადგან მასთან ერთარსია. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ითქვა მეფეზე ან რჯულის მიხედვით დადგენილ მღვდელმთავარზე: "ამიტომ გცხო შენ, ღმერთო, შენმა ღმერთმა", რადგან მათაც ღმერთებს უწოდებდნენ. მაგრამ ეს მეფეზე ან რჯულის მიხედვით დადგენილ მღვდელმთავარზე რომ ყოფილიყო ნათქვამი, წინასწარმეტყველი არ იტყოდა: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა", რადგან მათი ტახტი საუკუნო არ არის; არამედ მათ სამეფოსთან ერთად მათი ტახტიც გაქრა. მხოლოდ ღვთის მხოლოდშობილ ძეს და ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს აქვს ტახტი უკუნითი უკუნისამდე და მასზეა ნათქვამი: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა".
 
ამის მსგავსად, შემდგომში წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ" (ფს. 109:1). "ვიდრე" — აქ დროს არ გულისხმობს, არამედ ისე ითქმის, როგორც ჩვეულებრივ წმინდა წერილს ახასიათებს. მაგალითად, ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით თქვა: "შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ" (იხ. ეს. 46:4). ცხადია, რომ ადამიანის სიბერესთან ერთად ღმერთის არსებობა არ წყდება.
 
შემდეგ, არავინ იფიქროს, თითქოსდა სიტყვები: "იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ" (ფს. 109:1) — უთხრეს უბრალო ადამიანს და არა ღმერთს, და მამა ღმერთის მარჯვნივ ყოფნა თითქოსდა არასაუკუნოა და დროში შეზღუდულია, რადგან ნათქვამია "ვიდრე", — წინასწარმეტყველს ამით სურს აჩვენოს, რომ ეს სიტყვები ღმერთს განეკუთვნება, და ძე ღმერთის მამის მარჯვნივ ყოფნა მარადიულია; ცოტა ქვემოთ ამბობს კი: "საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ" (ახ. ქართ.: "განთიადის უწინარეს მუცლიდან გშობე შენ") (იხ. ფს. 109:3). სიტყვები "განთიადის უწინარეს" ნიშნავს, რომ ღვთის მხოლოდშობილი ძე ყველა წლებსა და საუკუნეებზე უწინარეს იყო; სიტყვები "მუცლიდან" კი მამისა და ძის არსებისა და ბუნების ერთობაზე მოწმობს — ასე ამბობს მამა: ძე სხვაგვარად კი არა, ჩემი ბუნებიდან იშვა. მამის ერთარსი და ერთი ბუნების მქონე ძე მასთან ერთად ზის ტახტზე.
 
ამრიგად, ხედავ, რომ მამის თანამოსაყდრეა ძე და არა ანგელოზები.
 
ასევე სულიწმიდა, რომელიც მამასთან და ძესთან ერთად თანაბრად იდიდება და თაყვანიცემება, რომელიც მეტყველებდა წინასწარმეტყველთა მიერ, მამის თანასწორია პატივით და მასთან ერთად ტახტზე მჯდომარეა. მის შესახებ მოწმობს უპირველესი მოციქული პეტრე: "რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:21). ასევე ბრძენი პავლე ამბობს მის შესახებ: "ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. ... ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
 
ერთი არის სულიწმიდაც; მის მიერ — ყოველივე და ჩვენც — მასში. რადგან "სული ყოველივეს განჭვრეტს, ღვთის სიღრმეებსაც... ღვთისა არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა" (შდრ.: 1 კორ. 2:10–11). დავითიც ამბობს: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფს. 103:30). ამის მსგავსად ამბობს იობი: "ღვთის სულმა შემქმნა მე" (იობ. 33:4). იოველი ამბობს: "მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები" (იოელ. 3:1). ესაიაც მოწმობს: "ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა" (ეს. 48:16). და შემდგომ: "ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა" (ეს. 63:14). კიდევ: "მაგრამ მიიღეთ ჩემი სიტყვები და ჩემი განჩინებანი, რომლებიც ჩემი სულის მიერ ვუბრძანე ჩემს მონებს, წინასწარმეტყველებს" (იხ. ზაქ. 1:6). "ჩემი სჯული და მცნებები შეიწყნარეთ, როგორც ვამცნებ ჩემი სულით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ" (ზაქ. 1:6).
 
აქედან ხედავ, რომ ძე და სულიწმიდა მამის ერთარსნი არიან და მასთან თანაბარი დიდება და პატივი აქვთ. ხოლო თუ ისინი ერთარსნი არიან და თანაბარი პატივი და დიდება აქვთ, მაშინ სამივე ერთად ტახტზე სხედან.
 
ანგელოზთა შესახებ მამაცი მოღვაწე პავლე ამბობს: "რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს"?" (ებრ. 1:13). ანგელოზები წმინდა და ერთარსება სამების ქმნილებანი და დაბადებულნი არიან, მისი მარადიული და მიუწვდომელი დიდების მსახურნი; მათ იციან თავიანთი დასები და თავიანთი ღირსება.
 
და ამის შესახებ კმარა.
 
ახლა განვიხილოთ აბრაამისთვის წმინდა სამების გამოცხადების საიდუმლო. წმინდა სამება, გამოუთქმელი და მიუწვდომელი, აბრაამს გამოუთქმელად, მიუწვდომლად და წარმოუდგენლად გამოეცხადა. აბრაამი, თითქოს ერთსა და იმავეს ესაუბრებაო, ხან სამივეს მიმართავდა, ხან კი — ერთს. ერთს ასე მიმართავდა: "ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში..." (დაბ. 18:3); სამივეს კი ასე: "ფეხებს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში" (ძვ. ქართ.: "მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერხნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე") (დაბ. 18:4). ამაში იყო საიდუმლო აზრი: აბრაამი, როდესაც სამს ხედავდა, მათ ერთ უფალს უწოდებდა — ამით წერილი ღვთაების ერთობას გვიცხადებს; ხოლო როდესაც სამივეს მიმართავდა, ამით ღვთაების სამიპოსტასოვნობასა და სამპიროვნებას აჩვენებდა.
 
შეიცანი ეს დიადი და საკვირველი საიდუმლო, რომლის აღსრულებაც ღმერთმა მაშინ აბრაამის კარავში ინება! თავდაპირველად ღმერთმა აბრაამს წმინდა სამების საიდუმლო განუცხადა; შემდეგ კი მასთან ჭამა ინება, რათა მისთვის სიბერეში ისააკის შობის კეთილი აღთქმა მიეცა, რომელიც მაცხოვრის უთესლოდ შობის წინასახეს წარმოადგენდა. ყოველივე ეს გამოუთქმელი და ზებუნებრივია: ღმერთისთვის — ადამიანის სახით ყოფნა, უხორცოსთვის — ჭამა, უნაყოფოსთვის — სიბერეში შობა, ქალწულისთვის — ქმრის გარეშე დაორსულება და შობა ქალწულების შენარჩუნებით; მაგრამ სადაც კი გარდამოვა ღმერთი, რომელიც ყოველ ბუნებაზე აღმატებულია, იქ ზებუნებრივი მოვლენები აღესრულება.
 
კვლავ ამბობს წერილი: "უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.  თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაისად ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს" (18:9-10). აბრაამს ახსოვდა, რომ ადრე ღმერთი მას აღუთქვამდა და ეუბნებოდა: "უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. ... ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან" (დაბ. 17:15–16). განა შეიძლებოდა აბრაამს ვერ გაეგო, რომ კვლავ ღმერთი ეწვია, რომელიც ადრე მას შვილის მიცემას აღუთქვამდა და ახლა აღასრულებდა ამ აღთქმას?
 
მართალია, წმინდა და ერთარსება სამებამ ინება აბრაამისთვის ადამიანის სახით გამოცხადება, მაგრამ მალე მას თავისი ღვთაებრიობა და ძალა აუწყა. წმინდა წერილი ამბობს: "ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართნენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.  თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?" (დაბ. 18:16–17). რომელ უცხო კაცს, ღარიბულად შემოსილს, რომელსაც არც მეომრები ჰყავდა და არც მსახურები თავის სამსახურში, შეეძლო აბრაამისთვის "ჩემი მონა" ეწოდებინა, როცა თვით აბრაამს მრავალი მონა და უთვალავი სიმდიდრე ჰქონდა?
 
შემდეგ უფალი ამბობს: "აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით (დაბ. 18:18). კვლავ გახდა ცხადი აბრაამისთვის, რომ მას ღმერთი გამოეცხადა, რომელმაც ადრე უთხრა: "კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა" (იხ. დაბ. 12:3). ახლაც იგივე ღმერთი კვლავ ეუბნება აბრაამს: "შენში იკურთხება დედამიწის ყველა ერი".
 
მას შემდეგ, რაც უკვე დანამდვილებით შეიცნო აბრაამმა, რომ მას ადამიანები კი არა, არამედ ღმერთი გამოეცხადა, რატომ ემსახურა სამივეს თანაბრად, სამივეს თანაბრად მიაგო პატივი და სამივეს თანაბრად დაბანა ფეხები? განა ეს არ არის ჭეშმარიტი მოწმობა იმისა, რომ წმინდა, ერთარსმა და ცხოველმყოფელმა სამებამ თავის სათნომყოფელ აბრაამს თავისი საიდუმლო გაუმხილა: ის ერთიცაა და სამებაც — ერთია ღვთაებრიობითა და არსებით, და სამია იპოსტასებით. რადგან წერილი ამბობს, რომ ამის შემდეგ "გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე... წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. ... ხოლო უფალი წავიდა, როცა აბრაამთან საუბარი დაასრულა... და შევიდა ის ორი ანგელოზი სოდომში" (დაბ. 18:22, 33; 19:1).
 
იცოდე, რომ მამა ღმერთი მარტო წავიდა, ხოლო სოდომში მან ძე და სულიწმიდა წარგზავნა, რადგან მამა ღმერთი არასოდეს არავის წარუგზავნია; ძე კი თავად ამბობს საკუთარ თავზე: "... მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო" (იოან. 12:49); ხოლო სულიწმიდის შესახებ ძე ამბობს: "თუ მე წავალ, სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ მამისაგან" (შდრ.: იოან. 15:26; 16:7).
 
თავდაპირველად, როდესაც მამამ მოისურვა ადამიანის შექმნა, მან მოუხმო ძესა და სულიწმიდას და თქვა: "ვქმნეთ კაცი" (დაბ. 1:26). როდესაც მამა ღმერთმა მოისურვა იმ ადამიანთა უღმერთო შეკრების განადგურება, რომლებმაც ბაბილონის კოშკის აგება განიზრახეს, მან იგი მარტო არ დაანგრია, არამედ ძესა და სულიწმიდას უთხრა: "მოდით, ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა" (ძვ. ქართ.: "მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ხმაი მოყუსისა") (დაბ. 11:7). ასევე მოიქცა ახლაც: როდესაც მოისურვა იმ საძაგელი, უწმინდური, თავხედი და მძვინვარე ხალხის განადგურება და მართლის სიკვდილისაგან დახსნა, მამა ღმერთმა ძე და სულიწმიდა წარგზავნა, რათა ყველაფერში წმინდა სამების ერთი ნება, ერთი ძალაუფლება და ერთი სურვილი ეჩვენებინა.
 
ვფიქრობ, ამაზეც კმარა.


გაგრძელება იქნება.
 

წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва: Институт русской цивилизации, 2011.

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому