ანტიერეტიკონი - ლაოდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ლაოდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები

(კანონები მე-6, მე-9, 31, 32, 33 და 34-ე)

სჯულის კომენტატორთა: ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებებით
წმიდა მართლმადიდებელი მამები
კანონი 6

მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმრთის სახლში.

ზონარა: მწვალებლობაში შთავარდნილი და ჯერ კიდევ მისი მიმდევარი განიდევნება ეკლესიისგან, როგორც გაუცხოებული მისგან. ამრიგად, როგორ მიეცემა მათ ღმრთის სახლში შესვლის უფლება? ხოლო ტიმოთე, ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი, როდესაც მას ამის შესახებ ჰკითხეს, თავის მე-9 კანონში პასუხობდა, რომ მწვალებლები არ უნდა ესწრებოდნენ ლოცვას, თუკი პირობას არ დადებენ, რომ შეინანებენ და დატოვებენ მწვალებლობას.

არისტინე: მწვალებელთათვის ტაძარი მიუწვდომელია. მწვალებელთ ეკრძალებათ ღმრთის სახლში შესვლა; თუმცა, ბასილი დიდმა, ჯერ კიდევ ამ კანონის გამოცემამდე, მართალთა რიგებში მიიღო ვალენტი.
ბალსამონი: კანონი ნათელია; რადგან მწვალებლებს,  სანამ ისინი თავიანთ მწვალებლობაში რჩებიან, ეკლესიაში მართლებთან ერთად შეკრების უფლებას არ აძლევს. წაიკითხე ასევე ალექსანდრიის არქიეპისკოპოსის ტიმოთეს მე-9 განწესება.


კანონი 9 *

მწვალებელთა საფლავებზე ან მათ მიერ მოწამეთა ადგილებად სახელდებულ ე.წ. საწამებლებში ლოცვის ან მკურნალობისთვის მისვლის უფლება არ აქვს მორწმუნეს. ასეთებს და მათ იქ შემყვანებსაც, თუ ისინი მორწმუნენი არიან, უზიარებლობით დასჯა ეკუთვნით რამდენიმე ხანს, და როცა შეინანებენ და აღიარებენ, რომ შეცდნენ, შემდეგ შეიწყნარონ.

_________

* საიტზე, სადაც მოცემულია ამ კანონის თარგმანი (იხ. library.chaurch.ge) არის შენიშვნა: "ეს კანონი ძველ ქართულ თარგმანში შეცვლილია ბერძნულ-რუსულთან შედარებით. ძვ. ქართულში დასაწყისი თითქოს ისევ მწვალებლებს ეხება: ”არ შეიძლება მორწმუნეთა სასაფლაოზე ან საწამებლად (მარტჳრიუმად) სახელდებულ ადგილებზე მწვალებლებისათვის შესვლის უფლების მიცემა...”, რაც ბოლო ნაწილს გაუგებარს ხდის. ამიტომ შევცვალეთ რუსულ-ბერძნულის მიხედვით.

_________

ზონარა. არა მარტო მწვალებლებს უკრძალავენ კანონები მართალთა ეკლესიაში შესვლას, არამედ არც მართლმადიდებელთ აძლევენ უფლებას იარონ მწვალებელთა საფლავებზე, სადაც, შესაძლაო, წვანენ მათი სახელოვანი მკვდრები, ან ე. წ. მოწამეთა ადგილებზე. რადგან, შესაძლოა ზოგიერთი, მწვალებელი  დევნულების დროს სიკვდილამდე ეწამა, რის გამოც მათი თანამოაზრეები მათ მოწამეებს უწოდებდნენ, ხოლო სახლებს, სადაც მათი გვამებია დაფლული, მოწამეთა ადგილებს. ამგვარ ადგილებზე სალოცავად ან სამკურნალოდ მისვლა მართლმადიდებელთ ეკრძალებათ. მკურნალობად (θεραπεία) კანონმა უწოდა ან პატივგებას (τιμὴ) ან სნეულებათაგან განკურნებას. მაშ, აი რა სურს განწესებას - არავინ უნდა დადიოდეს ამგვარ ადგილებზე არც სალოცავად, არც მწვალებლებში პატივდებულთა პატივსაცემად, არც სნეულებათაგან კურნების გამოსათხოვად და არც სხვადასხვა უბედურებათაგან გამოსახსნელად; არამედ, განაწესებს, - ის  ეკლესიური ადამიანები, ვინც ამგვარ ადგილებში დადის, უზიარებლობით დასაჯონ, ანუ გარკვეული დროით განაშორონ ზიარებას; ხოლო ეკლესიურებს უწოდებს არახელდასხმულთ ან კლერიკოსთა დასში მყოფთ, მაგრამ მართლმადიდებელთ, თუნდაც ერისკაცნი იყონ; ხოლო მონანულთა და საკუთარი ცოდვების შემცნობთ განწესება შეიწყნარებს.

არისტინე. მწვალებელთა საფლავებზე და ერეტიკოს მოწამეთა ადგილებზე მლოცველი უზიარებელი უნდა დარჩეს.

ბალსამონი. როგორც მე-6 კანონში მწვალებლებს ეკრძალებათ ღმრთის სახლში შესვლა, ასევე აქ მართლმადიდებელთაც უკრძალავს მწვალებელთა საფლავებზე ან მათში მოწამეთა ადგილებად წოდებულ საწამებლებში მისვლას. მაგრამ, ვინმემ შეიძლება თქვას: თუკი მართლმადიდებელი მწვალებელთა შესაკრებელში მივა იმისთვის, რათა მიაფურთხოს მათ, რისთვის უნდა დაექვემდებაროს დასჯას, წმიდა მამებმა ბრძანეს, რომ დროებითი უზიარებლობით ისჯებიან ისინი, ვინც მწვალებელ მოწამეთა ადგილებზე სალოცავად ან სამკურნალოდ დადიან, ამდაგვართ განწესება შეიწყნარებს მხოლოდ მათი სინანულის შემთხვევაში, როდესაც შეიგნებენ მათ მიერ ჩადენილ ცოდვას. წაიკითე ასევე წმიდა მოციქულთა 64-ე და 70-ე კანონები, ასევე წინამდებარე კრების 29, 32, 34, 37, 38 და 39-ე კანონები, ასევე კართაგენის კრების 60 (56)-ე და მეექვსე მსოფლიო კრების 11-ე კანონები. ხოლო მოწამეთა ადგილებად მწვალებლებში იწოდებიან საფლავები; რადგან დევნულების დროს ზორიერთი ერეტიკოსი, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებდა, ასეთ ადგილებში სიკვდილით აწამეს; რის გამოც მათი თანამორწმუნენი ამგვარად წამებულთ მოწამეებს უწოდებდნენ.


კანონი 31

არ შეიძლება არც ერთ ერეტიკოსთან საქორწინო კავშირის დამყარება, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათაგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან.

 
 
კანონი 32

მწვალებლებისაგან, რომლებიც უფრო უკურთხეველნი არიან, ვიდრე კურთხეულნი,** კურთხევის მიღება არ შეიძლება.
 
__________

** საეკლესიო კანონთა ბერძნულ-რუსულ ტექსტში ასეა: ”არ შეიძლება ერეტიკოსთაგან ევლოგიის (კურთევის) მიღება, რადგან ეს უგონობა (ბუტბუტი, ცრუკურთევა, λογία) უფროა, ვიდრე ევლოგია (ελογία - კურთევა).
 

__________

კანონი 33

მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება.

ზონარა: თუკი მართალნი არ უნდა ჭამდნენ ან ლოცულობდნენ მწვალებლებთან ერთად ან იღებდნენ მათგან კურთხევას, უფრო მეტად არ მართებთ მათთან ქორწინება და ცოლ-ქმრობაში ვაჟის ან ქალის მიცემა, რადგან ისინი მათ საკუთარ ბოროტაზროვნებას ასწავლიან და მართალი სარწმუნოებიდან საკუთარი გარყვნილი შეხედულებებისკენ მიაქცევენ. ხოლო თუ მწვალებლებს სურთ  ცოლ-ქმრობისთვის თავიანთი შვილი მისცენ მართალთ, და დადებენ პირობას, რომ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ მოექცევიან, ან თავიანთი უსჯულო სწავლებიდან მართლმადიდებლობაში გადმოვლენ, - ასეთ შემთხვევაში წინამდებარე კანონით ეს ნებადართულია. ხოლო სიტყვები: "არ შეიძლება არც ერთ ერეტიკოსთან საქორწინო კავშირის დამყარება, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის", ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოსდა ზოგიერთთან შეიძლება; არამედ წმიდა მამები ერთხელ და სამუდამოდ კრძალავენ ამას და კანონი თითქმის ამბობს, რომ არც ერთ მწვალებელთან არ უნდა მოხდეს დაქორწინება. ასეთია წმიდა წერილის თავისებურება, რადგან დავითი ამბობს: "ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა" (ფსალმ. 48:17, 18). მაშ რა? უკიდურეს შემთხვევაში რაიმეს მაინც წაიღებს?  რა თქმა უნდა ვერაფერს. და კიდევ, სხვა ადგილას ამბობს; "მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?" (ფსალმ. 88:48)? და ვინ შექმნა ამაოდ? ვერავინ იტყვის ამას. ასე უნდა გავიგოთ აქაც გამოთქმა: "არც ერთ ერეტიკოსთან". ასეთივეა გამოთქმა: კ"აცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა" (ახ. ქართ.: "არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად") (ლევ. 18:6). მწვალებლებად იწოდებიან ისინი, ვინც სარწმუნოებრივ საკითხებში ცდება; ხოლო განხეთქილების მოქმედად ისინი, ვინც რწმენისა და დოგმატების შესახებ საღად აზროვნებენ, მაგრამ ზოგიერთი მიზეზის გამო შორდებიან ეკლესიას და ცალკე იკრიბებიან.

არისტინე (31). არ უნდა დავაქორწინოთ შვილები მწვალებლებზე არამედ უფრო მათგან მივიღოთ, თუკი პირობას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან.

ნებადართულია მწვალებელთაგან შვილების მიღება და მათი ქრისტიანთა შვილებზე დაქორწინება, თუკი ისინი პირობას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან. ხოლო ქრისტიანთა შვილების მიცემა მწვალებლებისთვის დასაქორწინებლად მრავალი განწესებით არის აკრძალული.

არისტინე (32). მწვალებელთა კურთხევა ბუტბუტია, ცრუკურთხევაა.

არ უნდა მივიღოთ კურთხევა მწვალებელთაგან, რადგან ეს უფრო ბუტბუტია, ვიდრე კურთხევა.

არისტინე (33). ნუ ილოცებ მწვალებელთან ან სქიზმატიკოსთან.

ვინც მათთან ლოცულობს, ისიც მოაკლდება თანაზიარობას. ხოლო სქიზმატიკოსები (განხეთქილების მოქმედნი - რედ.) არიან აბდიანელები, რომლებსაც ისევე სწამთ, როგორც კათოლიკე ეკლესიას; მაგრამ უმეტესწილად ცხოვრობენ მონასტრებში და არ ლოცულობენ ყველასთან ერთად. ისინი გმობენ ჩვენს ეპისკოპოსებს მათი სიმდიდრის გამო, სხვებს კი სხვა მიზეზთა გამო და პასექსაც აღასრულებენ ცალკე იუდეველებთან ერთად; გააჩნიათ ასევე ზოგიერთი სხვა თავისებურებანი, რომელთა წინააღმდეგ უნდა აღვიჭურვოთ, რადგან ისინი წმიდა წერილის ზოგიერთ ადგილს უმკაცრესი აზრით განმარტავენ.

ბალსამონი. წინამდებარე სამ კანონს ერთნაირი ძალა გააჩნია, რადგან უკრძალავენ მართალთ არ ჭამონ და არ ილოცონ მწვალებლებთან ერთად, ასევე არ მიიღონ მათგან კურთხევა და არ დაამყარონ მათთან საქორწინო კავშირი არც თვითონ და არც თავიანთი შვილები მისცენ მათ დასაქორწინებლად; რამეთუ ისინი მათ საკუთარ მსახურებას ასწავლიან და განდრეკენ მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან. მწვალებლებს თუ სურთ საკუთარი შვილები დააქორწინონ მართლმადიდებლებზე, ამას განწესება დასაშვებად მიიჩნევს იმ პირობით, თუკი ისინი პირობას დადებენ, რომ მართლმადიდებლობისკენ მოექცევიან. ასევე ნუ იტყვი, რომ გამოთქმა: "არ შეიძლება არც ერთ ერეტიკოსთან" უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა განურჩევლად არ შეიძლება, მაგრამ ზოგიერთთან შეიძლება, არამედ თქვი, რომ ეს საერთოდ იკრძალება კანონთა მიერ, რადგან სწორედ ასეთია წმიდა წერილის შემდეგი გამოთქმაც: ""ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა" (ფსალმ. 48:17, 18); რადგან სიტყვები "არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი" თითქოსდა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფრის წაღება არ შეუძლია, არამედ ზოგიერთი რამისა, არამედ, იმას, რომ ვერაფერს წაიღებს თავისი სიმდიდრისგან. წაიკითხე ასევე მოციქულთა 10-ე, 45-ე და 46-ე კანონები, ანტიოქიის მე-2, ქალკიდონის 14-ე, კართაგენის 21 (30)-ე და მეექვსე მსოფლიო კრების 75-ე კანონები. ასევე იხილე წინამდებარე კრებულის 12-ე ტიტლოსი, თავი 13-ე და გაეცანი მის შინაარსს.

 
კანონი 34

არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღმრთისათვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ უნდა იყოს.

ზონარა. ზემოთ ერთ ადგილას ნათქვამია, რომ ზოგიერთი მწვალებელი დევნულების დროს ევნო და სიკვდილამდე ეწამა, რომელთაც მისი თანამოაზრე მწვალებლები მოწამედ რაცხენ; ამგვართ კანონი ცრუმოწამეებსა და ღმრთისგან გაუცხოებულებს უწოდებს. ზოგიერთი მართლმადიდებელი კი მიდიოდა მათ საფლავებთან. ამგვარ მიმსვლელებს კანონი გადასცემს ანათემას.

არისტინე. ვინც მწვალებელთა ცრუმოწამეს პატივს მიაგებს, დე იყოს ანათემა.

ვინც ღმრთისგან განშორებულს პატივს მიაგებს, როგორც მოწამეს, ის თვითონაც უნდა იქნას განშორებული ღმრთისგან.

ბალსამონი. წინამდებარე კრების მეცხრე კანონი ამბობს, რომ ვინც გარკვეული დროის განმავლობაში დადიოდა მწვალებელთა საფლავებზე, რომლებსაც მწვალებლები მოწამეთა ადგილებს უწოდებენ, უზიარებლობით უნდა დაისაჯონ. ხოლო წინამდებარე კანონი მათ ანათემას გადასცემს; კანონთა შორის კი განსხვავებაა. რამეთუ იქ მოსიარულენი შეცდომით, ვიღაცის მიერ შეცდენილები იარებოდნენ იმისთვის, რომ მათგან კურნება მიეღოთ, ამიტომაც ზომიერად ისჯებიან. აქ კი ისინი ამ ბოროტებას სრული სულიერი განწყობით იქმან და განეშორებიან ღმერთს, ამიტომაც გადაეცემიან ანათემას. ხოლო თუ რატომ იწოდებიან ერეტიკოსები ცრუმოწამეებად, ამის შესახებ ნათქვამია მე-9 კანონში.

განმარტებები აღებულია გამოცემიდან: Правила Святых Поместных Соборов с толкованиями.Изд. Паломник //Сибирская благозвонница 2000 г. Правила Святого Поместного Собора Лаодикийского. Стр. 207-282.

TOP. GE
Назад к содержимому