სწავლანი > ანტიერეტიკონი
მართლმადიდებლობისა და იუდაიზმის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა
ავტორი: მღვდელი გიორგი მაქსიმოვი.
ადრინდელი დროიდან ქრისტიანი ავტორები, მათ შორის წმიდა მამები, წერდნენ თხზულებებს, რომლებიც ეძღვნებოდა რაბინისტული იუდაიზმის გააზრებას და მასთან პოლემიკურ-მისიონერულ დიალოგს.
ყველაზე ადრინდელი წმიდა მამებისეული მსგავსი თხზულება, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, გახლავთ წმ. იუსტინე ფილოსოფოსის "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან" (ქართულად იხ. გამომცემლობა "სულიერი ვენახი". თბ. 2019 წ. – "აპოკ." რედ.). წმ. მამა ამტკიცებს, რომ ქრისტეს მოსვლით სულიწმიდის ძალებმა იუდეველებში შეწყვიტეს მოქმედება (ტრიფ. 87). ის უთითებს, რომ ქრისტეს მოსვლის შემდეგ მათ უკვე არც ერთი წინასწარმეტყველი აღარ ჰყავდათ. ამასთან წმ. იუსტინე ხაზს უსვამს სულიწმიდის ძველაღთქმისეული მოქმედებების გაგრძელბას ახალაღთქმისეულ ეკლესიაში: "ჩვენთან გადმოვიდა ის, რაც ადრე თქვენს ხალხში არსებობდა" (ტრიფ. 82); ასე რომ "შეგვიძლია ჩვენთან ნახოთ ქალებიც და კაცებიც, რომელთაც ღმრთის სულის ნიჭები გააჩნიათ" (ტრიფ. 88).
ტერტულიანე († 220/240) თავის ნაშრომში "იუდეველთა წინააღმდეგ" ქრისტეს ღვთაებრიობას ასაბუთებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა, ახალაღთქმისეული სასწაულების და ეკლესიის ცხოვრების მეშვეობით. ძველი აღთქმა იყო მომზადება ახალი აღთქმისთვის, მასში არსებობს წინასწარმეტყველებათა ორი რიგი ქრისტეზე: ერთნი გვამცნობენ მის მოსვლას მონის ხატში და ტანჯვას კაცთა მოდგმის გამოსახსნელად, ხოლო მეორე ეხება მის მომავალ მობრძანებას დიდებით. უფალ იესუ ქრისტეს პიროვნებაში შეერთებულია ორივე აღთქმა: მასთან მივყავართ წინასწარმეტყველებებს, და მას თვითონ მოჰყავს აღსრულებაში ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა სასოება.
წმ. იპოლიტე რომაელი (170-235) თავის მოკლე ტრაქტატში "იუდეველთა წინააღმდეგ" ძველი აღთქმიდან აჩვენებს ციტატებს, რომლებშიც ნაწინასწარმეტყველევია მესიის ჯვარზე ტანჯვა და წარმართთა მომავალი მოწოდება, ასევე ამხელს იუდეველებს იმაში, რომ, როდესაც უკვე გამოცხადებულია ჭეშმარიტების ნათელი, ისინი კვლავ ბნელში იარებიან და წაბორძიკებულები ეცემიან. მათი ეს დაცემა და უარყოფა ასევე ნაუწყებია ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა მიერ.
წმ. მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელმა († 258) დაგვიტოვა "მოწმობათა სამი წიგნი იუდეველთა წინააღმდეგ". ეს არის ძველი და ახალი აღთქმის ციტატების კრებული. პირველი წიგნი შეიცავს მოწმობებს იმის შესახებ, რომ "იუდეველები, წინასწარმეტყველებათა თანახმად, განუდგნენ ღმერთს და დაკარგეს მადლი, რომელიც ადრე ჰქონდათ... და რომ მათი ადგილი დაიკავეს ქრისტიანებმა, რომლებიც ღმერთს რწმენით ესათნოვნენ და მიეახლნენ მას ქვეყნიერების ყველა ხალხისგან და მხარისგან". მეორე ნაწილში ნაჩვენებია, თუ როგორ აღსრულდნენ ძირითადი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი იესუ ქრისტეში. ხოლო მესამე ნაწილში წმიდა წერილზე დაფუძნებით მოკლედ არის გადმოცემული ქრისტიანული ზნეობრიობის მცნებები.
წმ. იოანე ოქროპირმა († 407) IV ს-ის მიწურულს წარმოთქვა "ხუთი სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ", რომლებიც მიმართულია იმ ქრისტიანთადმი, რომლებიც სინაგოგებში დაიარებოდნენ და აღიარებდნენ იუდაურ რიტუალებს. წმიდა მამა განმარტავს, რომ ქრისტეს შემდეგ იუდაიზმმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, და ამიტომაც მისი წეს-ჩვეულებების დაცვა ღმრთის ნების საწინააღმდეგოა და ამჯერად ძველაღთქმისეული განწესებების შესრულებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ნეტ. ავგუსტინემ († 430) V ს-ის დასაწყისში დაწერა თხზულება "მსჯელობა იუდეველთა წინააღმდეგ" ("Tractatus adversus Judaeos"), რომელშიც ამტკიცებს, რომ, მართალია, იუდეველები ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებენ ქრისტეს ჯვარცმისთვის, ისინი, როგორც ერი, ღმრთის განგებით მაინც შენარჩუნებულ იქნენ, რათა თავიანთ წერილთან ერთად უნებლიე მოწმეები ყოფილიყვნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა.
ღირ. ანასტასი სინელმა († დაახლ. 700) დაწერა "დისპუტი იუდეველთ წინააღმდეგ". აქაც მითითებულია ძველაღთქმისეული რჯულის დასრულებაზე; გარდა ამისა, ყურადღება ეთმობა იესუ ქრისტეს ღვთაებრიობის დასაბუთებას, ასევე ხატთაყვანისცემის მართებულობას, რის შესახებაც ღირსი მამა ასე მსჯელობს: "ჩვენ, ქრისტიანები, თაყვანს ვცემთ ჯვარს, ხეს კი არა, მასზე გაკრულ ქრისტეს".
წმ. გრგენტი ტაფრელმა (იგივე გრიგოლ ომირიტელი) (Γρηγέντιος Ταφάρ; გარდ. დაახლ. 560) შეადგინა თავისი დისპუტის ჩანაწერი იუდეველ ჰერბანთან - დისპუტი მიმდინარეობდა ომირიტის მეფის თანდასწრებით. ჰერბანი, წმინდანის არგუმენტაციის მიუხედავად ჯიუტად თავისას ამტკიცებდა, მაშინ წმინდანის ლოცვით მოხდა სასწაული: დისპუტში მონაწილე იუდეველებს ხილული სახით გამოეცხადათ ქრისტე, რის შემდეგაც რაბინმა ჰერბამნამ ხუთი ათასზე მეტი იუდეველითურთ ქრისტიანობა მიიღო და მოინათლა.
წმ. ლეონტი ნეაპოლიტანელმა († დაახლ. 652/653) დაწერა აპოლოგია იუდეველთა წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ იუდეველები, ხატთაყვანისცემაზე მითითებით, ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლობაში ადანაშაულებენ, და იმოწმებენ აკრძალვას: "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი..." (გამ. 20:4-5). პასუხად წმ. ლეონტი, წმიდა წერილზე, კერძოდ, გამ. 25:18 და ეზეკ. 41:18-ზე დაყრდნობით წერს: "თუკი ებრაელები განგვიკითხავენ გამოსახულებათა გამო, მაშინ მათ ღმერთი უნდა გაკიცხონ იმისთვის, რომ შექმნა ისინი" (Kuzler A. Disputationes Graecae contra Iudaeos. Stuttgard und Leipzig, 1999. P. 287), და - შემდეგ წერს: "ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ხეს, არამედ იმას, ვინც ჯვარზე იყო გაკრული", და "ხატები - ეს გადაშლილი წიგნია, რომელიც ღმერთს შეგვახსენებს".
ღირ. ნიკიტა სტიფატმა (XI ს.) დაწერა მცირე "სიტყვა იუდეველთა მიმართ", რომელშიც შეახსენებს მათ ძველაღთქმისეული რჯულის მოქმედების შეწყვეტაზე და იუდაიზმის უარყოფაზე: "ღმერთმა შეიძულა და უარყო იუდეველთა მსახურება, მათი შაბათები და დღესასწაულები", რის შესახებაც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველები იუწყებოდნენ.
XIV ს-ში იმპერატორმა იოანე კანტაკუზენმა დაწერა "დიალოგი იუდეველთან". აქ, სხვათა შორის, ის იუდეველ ქსენოსს უთითებს, რომ, წინასწარმეტყველ ესაიას თანახმად, ახალი აღთქმა გამოვა იერუსალიმიდან: "რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ეს. 2:3). შეუძლებელია იმის დაშვება, თითქოსდა ეს ნათქვამი იყოს ძველ რჯულზე, რადგან ის ღმერთმა მოსეს უბოძა სინაზე და უდაბნოში. აქ კი ნათქვამია არა "მიეცა", არამედ "გამოვა" სიონიდან. იოანე ეკითხება ქსენოსს: თუკი იესუ მატყუარა იყო, როგორ მოხდა, რომ ვერც ღმერთმა, ვერც წარმართმა იმპერატორებმა ვერ გაანადგურეს ქრისტიანობა, რომელიც მთელ მსოფლიოს ექადაგა?! დიალოგი მთავრდება იმით, რომ ქსენოსი მართლმადიდებლობისკენ მოექცევა.
წმიდა მამათა თხზულებებში მრავლადაა მკაცრი სიტყვები იუდეველთა შესახებ, მაგალითად: "ყველა მათგანი (იუდეველები) წაბორწიკდა, ყველგან ბოროტმოქმედებად იქცნენ და გამყიდველებად ჭეშმარიტებისა, აღმოჩნდნენ ღმრთისმოძულენი, და არა ღმრთისმოყვარენი" (წმ. იპოლიტე რომაელი. დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება).
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ-ერთი, ეს სრულიად შეესაბამებოდა პოლემიკის წარმოების იმდროინდელ ცნებებს, და მეორეც, იმავე დროის იუდაური თხზულებები, მათ შორის რელიგიურად ავტორიტეტულებიც, არანაკლებ და ზოგჯერ მეტად მძაფრ გამოხდომებს შეიცავდნენ ქრისტიანთა მიმართ.
მთლიანობაში თალმუდი ნერგავს მკვეთრად ნეგატიურ, ამაზრზენ დამოკიდებულებას ყველა არა-იუდეველისადმი, მათ შორის ქრისტიანების მიმართაც. გვიანდელი გალაჰისეულ დადგენილებათა წიგნი "შულხან-არუხი" განაწესებს შეძლებისდაგვარად გაანადგურონ ქრისტიანთა ტაძრები და ყველაფერი, რაც კი მათ კუთვნილებაშია (Шулхан-арух. Иоре де́а 146); ასევე იკრძალება ქრისტიანის გადარჩენა სიკვდილისგან, მაგალითად, თუ ის წყალში ჩავარდება და მთელი თავისი ქონებაც რომ შეჰპირდეს გადამრჩენელს, იუდეველმა მას ხელი არ უნდა გაუწოდოს (Иоре де’а 158, 1); ნებადართულია ქრისტიანზე სამედიცინო ექსპერიმენტები, მაგალითად, მოაქვს ამა თუ იმ წამალს სარგებლობა თუ არა; კურნავს ესა თუ ის წამალი თუ კლავს; და, ბოლოს, იუდეველს ევალება მოკლას ებრაელი, რომელიც შეუერთდა ქრისტიანობას (Иоре де́а 158, 1; Талмуд. Абода зара 26).
თალმუდი შეიცავს მრავალ შეურაცხმყოფელ და მკრეხელურ გამონათქვამებს უფალ იესუ ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ. ადრინდელ შუასაუკუნეებში იუდეველთა შორის ფართოდ გავრცელდა ანტიქრისტიანული თხზულება "თოლდოთ იეშუ" ("იესუს გენეოლოგია"), რომელიც აღსავსეა მკრეხელური გამონაგონებით იესუ ქრისტეს შესახებ. გარდა ამისა, შუასაუკუნეობრივ იუდაურ ლიტერატურაში არსებობდა სხვა ანტიქრისტიანული ტრაქტატებიც, კერძოდ "სეფერ ზერუბაბელი" (უფრო დეტალურად იუდეველთა პოლემიკის შესახებ ქრისტიანობის წინააღმდეგ იხ.: Lasker D.J. Jewish Philosophical Polemic against Christianity in the Middle Ages. New York, 1977; Biale D. Counter-History and Jewish Polemics Against Christianity // Jewish Social Studies. 1999. Vol. 6. 1. P. 130145).
მართლმადიდებელთა
და იუდეველთა ურთიერთობები ისტორიაში
როგორც ცნობილია, ქრისტიანობის ჩასახვისთანავე იუდეველები მკვეთრად უპირისპირდებოდნენ მას და დევნიდნენ. მოციქულთა და პირველ ქრისტიანთა დევნულებაზე მრავალი ცნობაა მოცემული ახალაღთქმისეულ წიგნში "მოციქულთა საქმენი".
მოგვიანებით, ქრ. შ.-დან 132 წელს პალესტინაში მოხდა ამბოხი სიმონ ბარ-კოხბას მეთაურობით. ებრაულმა რელიგიურმა ლიდერმა რაბი აკიბამ ის "მესიად" გამოაცხადა. არსებობს ცნობები, რომ იმავე რაბი აკიბას რეკომენდაციით ბარ-კოხბა ჰკლავდა ქრისტიან ებრაელებს.
იმის შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ძალაუფლება პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა წმიდა კონსტანტინე დიდმა მიიღო ამ დაძაბულმა ურთიერთობებმა ახალი გამოხატულებები ჰპოვა, თუმცა ქრისტიან-იმპერატორთა დიდი ძალისხმევა, რომელთაც იუდაელი ისტორიკოსები ტრადიციულად წარმოაჩენენ, როგორც იუდაიზმის დევნულებას, მიზნად ისახავდა ქრისტიანების დაცვას იუდეველთაგან.
მაგალითად, იუდეველთ ჩვეულებად ჰქონდათ ძალდატანებით წინადაეცვითათ მათ მიერ ნაყიდი მონები, მათ შორის ქრისტიანებიც. წმიდა კონსტანტინემ ამასთან დაკავშირებით ყველა იმ მონათა გათავისუფლება ბრძანა, რომელთაც ებრაელები იუდაიზმის მიღებას და წინადაცვეთას აიძულებენ (1); ებრაელებს ასევე აეკრძალათ ქრისტიანი მონების ყიდვა. შემდეგ, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ იმ ებრაელთა ჩაქოლვა, რომლებიც ქრისტიანობაში გადადიოდნენ. წმიდა კონსტანტინემ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა იმისთვის, რათა მოესპო მათთვის ამგვარი შესაძლებლობა. გარდა ამისა, იუდეველებს ამიერდაინ აღარ ჰქონდათ ჯარში მსახურების უფლება, ასევე დაეკავებინათ სახელმწიფო თანამდებობები, სადაც მათზე იქნებოდა დამოკიდებული ქრისტიანთა ხვედრი. ადამიანს, რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაში გადავიდოდა, თავის ქონებას ართმევდნენ.
_____________________
1. მართლმადიდებელ წმინდანებს შორის არიან ისინიც, ვინც იუდეველებმა დაატყვევეს და იძულებულნი გახდნენ მიეღოთ იუდაიზმი, მაგრამ ქრისტესადმი ერთგულებაც შეინახეს, რის გამოც თავიანთი ბატონების მიერ მოკლულ იქნენ. ასეთია, მაგალითად, მატრონა სოლუნელი (IV ს. დასაწყისი) და ღირსმოწამე ევსტრატი კიევო-პეჩორელი (1098).
_____________________
ივლიანე განდგომილმა იუდეველებს ნება მისცა აეშენებინათ იერუსალიმის ტაძარი, და ისინიც მსწრაფლ შეუდგნენ მშენებლობას, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუშალეს ქარიშხლებმა და მიწისძვრებმა; ერთხელ მიწიდან ცეცხლმაც კი ამოხეთქა, გაანადგურა მუშები და სამშენებლო მასალები.
ზომები, რომლებიც ზღუდავდა იუდეველთა საზოგადოებრივ მდგომარეობას, ხშირად გამოწვეული იყო მათი ქცევებით, რომელიც წარმოაჩენდა სამოქალაქო არასაიმედობას იმპერატორთა თვალში. მაგალითად, იმპერატორ კონსტანსის დროს 353 წელს დიოკესარიის ებრაელებმა ამოხოცეს ქალაქის გარნიზონი და, თავიანთ მეთაურად აირჩიეს რა ვინმე პატრიკიუსი, მეზობელ სოფლებსაც თავს დაესხნენ, ჰკლავდნენ ქრისტიანებს და სამარიტელებს. ეს ამბოხება ჯარებმა ჩაახშვეს.
არცთუ იშვიათად იუდეველები, რომლებიც ბიზანტიურ ქალაქებში ცხოვრობდნენ, გარეშე მტრებთან ბრძოლის დროს თავიანთ ქვეყნებს ღალატობდნენ. მაგალითად, 503 წელს სპარესელების მიერ კონსტანციის ალყის დროს ებრაელებმა გათხარეს მიწისქვეშა გვირაბი და ქალაქში მტრის ჯარებს შემოუძღვნენ. ებრაელებმა წამოიწყეს 507 და 547 წლის აჯანყეებები. კიდევ უფრო გვიან, 609 წელს, ანტიოქიაში ამბოხებულმა ებრაელებმა მრავალი მდიდარი მოქალაქე მოჰკლეს, დაწვეს მათი სახლები, ხოლო პატრიარქი ანასტასის ქუჩებში მიათრევდნენ. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ ის ცეცხლში დაწვეს. 610 წელს აჯანყდა ტვიროსის ოთხიათასიანი ებრაული მოსახლეობა.
როდესაც ბიზანტიურ კანონებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც ზღუდავდნენ იუდეველთა უფლებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არაკორექტულია მათი ანტისემიტიზმით ინტერპრეტირება, ანუ თითქოსდა ეს ყოფილიყოს მოქმედება, რომლებიც მიმართული იყო ებრაელების, როგორც ეროვნების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ეს კანონები, როგორც წესი, მიმართული იყო არა მარტო იუდეველთა, არამედ იმპერიის ყველა სხვა არაქრისტიან მცოხვრებთა წინააღმდეგ, კერძოდ ბერძენ-წარმართთა (ელინთა) წინააღმდეგაც (2).
_____________________
2. სანიმუშოდ მოვიტანთ დადგენილებას "პროხირონიდან" (კანონიკური კრებული, რომელიც შედგენილ იქნა იმპერატორ ბასილი I-ის დროს): "არავის იუდეველთაგან ან ელინთაგან, ან კიდევ მწვალებელთაგან არა აქვს უფლება მონად ჰყავდეს ქრისტიანი, ხოლო თუ ჰყავს და წინადაცვითავს მას, მონა გათავისუფლდეს, ხოლო დამნაშავემ თავით ზღოს სამაგიერო" (თ. 40, § 27); "ელინი, იუდეველი, სამარიტელი და ყველა, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ქრისტიან-მონას ვერ იყოლიებს" (თ. 40, § 28).
_____________________
გარდა ამისა, საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მართლმადიდებელი იმპერატორები იღებდნენ იუდეველთა დასაცავ კანონებსაც. ასე, მაგალითად, იმპერატორმა არკადიმ (395-408) პროვინციათა ადგილნაცვალ პირებს დაავალა არ დაეშვათ იუდეველი პატრიარქის ("ნასი") შეურაცხყოფა და სინაგოგებზე თავდასხმა. მან გამოსცა განკარგულება, რომ ადგილობრივი მმართველები არ უნდა ჩაერიონ ებრაელთა თემურ თვითმმართველობაში. იმპერატორმა თეოდოსი II-მ, 438 წელს ასევე გამოსცა განკარგულება, რომელშიც ებრაელებს ეძლეოდათ სახელმწიფოსგან დაცვის გარანტია, თუკი ბრბო თავს დაესხმოდა მათ სახლებსა და სინაგოგებს.
თეოდოსი II-ის დროს აღმოჩნდა, რომ იუდეველებმა თავიანთი პურიმის დღესასწაულის დღეს ჩვეულებად დაიმკვიდრეს ჯვრის დაწვა, მაშინვე ქალაქ იმაში იუდეველებმა ჯვარს აცვეს ქრისტიანი ბავშვი, ხოლო ალექსანდრიაში 415 წელს დაფიქსირდა იუდეველთა მხრიდან ქრისტიანთა ცემის რამოდენიმე მაგალითი. ყველა ეს შემთხვევა იწვევდა, როგორც სახალხო უკმაყოფილებას, რომელიც ზოგჯერ პოგრომებში გადადიოდა, ასევე რეპრესიებსაც ძალაუფლების მხრიდან.
529 წელს წმიდა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა მიიღო ახალი კანონები, რომლებიც ზღუდავდნენ იუდეველთა უფლებებს საკუთრებაზე და მემკვიდრეობის უფლებებს, მან ასევე აკრძალა სინაგოგაში თალმუდისტური წიგნების კითხვა (3), ამის ნაცვლად კი დაუწესა წაეკითხათ მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნები, თანაც ან ბერძნულ ან ლათინურ ენაზე.
_____________________
3. თავის 146-ე ნოველაში იუსტინიანემ აკრძალა თალმუდის კითხვა სინაგოგებში, რადგან "ის არ წარმოადგენს წმიდა წიგნთა არც ნაწილს, არც საღმრთო გამოცხადებას, რომელიც ისრაელს წინასწარმეტყველთა მიერ გადმოეცა, არამედ მხოლოდ იმ ადამიანთა თხზულებებს, რომლებიც მხოლოდ მიწიერზე ლაპარაკობდნენ და საკუთარ თავში არაფერ ღვთაებრივს არ შეიცავდნენ".
_____________________
იუსტინიანეს კოდექსი ებრაელებს უკრძალავდა ნებისმიერ გამონათქვამს ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ, კრძალავდა შერეულ ქორწინებებს, და ასევე მართლმადიდებლობიდან იუდაიზმში გადასვლას.
მართლმადიდებლურ დასავლეთში იუდეველთა მიმართ მიიღებოდა ზომები, რომლებიც ბიზანტიურის ანალოგიური გახლდათ. მაგალითად, ვესტგოთმა მეფემ რიკარდომ 589 წელს ესპანეთის იუდეველთ აუკრძალა სამთავრობო თანამდებობების დაკავება, ქრისტიანი მონების ყოლა, საკუთარი მონების წინადაცვეთა და განუწესა, რომ ბავშვები, რომლებიც დაბადებულნი იყვნენ შერეული ებრაულ-ქრისტიანული ქორწინებით, აუცილებლად უნდა მონათლულიყვნენ.
ადრეული შუასაუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში იუდეველთა მიმართ მართლაც ხდებოდა დანაშაულობანი, როდესაც, მაგალითად, ბრბომ დაანგრია სინაგოგა ან ცემა იუდეველები, ხოლო იმპერატორთა ზოგიერთი განკარგულება თანამედროვე რეალიების თვალსაზრისით დისკრიმინაციულად გვეჩვენება. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც იუდეველები ძალაუფლებაში მოდიოდნენ, მათდამი დაქვემდებარებულ ქრისტიანებს სულაც არ ელოდათ უკეთესი ხვედრი, პირიქით, მათ უარეს მდგომარეობაში ამყოფებდნენ.
V ს-ში იუდეველმა მისიონერებმა შეძლეს იუიდაიზმისკენ მოექციათ აბუ კარიბა, ხიმიარის სამხრეთარაბული სამეფოს მეფე. მისმა მემკვიდრემ იუსუფ ზუ-ნუვასმა სახელი გაითქვა, როგორც ქრისტიანთა სისხლიანმა მდევნელმა და მტარვალმა. არ ყოფილა ისეთი ტანჯვა, რომელსაც არ დაქვემდებარებოდნენ ქრისტიანები მისი მმართველობის დროს. ქრისტიანთა ყველაზე მასობრივი ჟლეტა მოხდა 523 წელს. ზუ-ნუვასმა მზაკვრულად დაიპყრო ქალაქი ნაჯრანი (ნაღრანი), რის შემდეგაც მისი მცხოვრებლები მიჰყავდათ სპეციალურად ამოთხრილ ორმოებთან, რომელიც მდუღარე ფისით იყო სავსე; ყველას, ვინც კი უარს იტყოდა იუდაიზმის მიღებაზე, ცოცხლადვე ამ ორმოებში ყრიდნენ (ნაჯრანის (ნაღრანის) 4300 მოწამის ხსენებას ეკლესია 23 ოქტომბერს (ძვ. სტ.) აღასრულებს). მანამდე რამოდენიმე წლით ადრე მსგავსადვე ამოხოცეს ქალაქ ზაფარის მცხოვრებლები. ამის საპასუხოდ ბიზანტიის მოკავშირეები - ეთიოპიელები ხიმიარში შეიჭრნენ და ამ სამეფოს ბოლო მოუღეს.
ქრისტიანთა სასტიკი დევნულებები იუდეველთა მხრიდან მოხდა ასევე 610-620 წლებში, პალესტინაში, რომელიც დაპყრობილი ჰქონდათ სპარსელებს ადგილობრივ იუდეველთა აქტიური დახმარებით. როდესაც სპარსელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს, ქალაქში მცხოვრებმა იუდეველებმა, შეუთანხმდნენ რა ბიზანტიის მტრებს, კარიბჭეები შიგნიდან გააღეს, და სპარსელებიც ქალაქში შეიჭრნენ. დაიწყო სისხლიანი კოშმარი. იწვოდნენ ქრისტიანთა ეკლესიები და სახლები, ქრისტიანებს ადგილზევე ხოცავდნენ, თანაც ამ პოგრომში ებრაელები სპარსელებზე უფრო მეტ მხეცობას იჩენდნენ. თანამედროვეთა მონაცემებით, მოკლულ იქნა 60 000-მდე ქრისტიანი, ხოლო 35 000 მონებად აიყვანეს. ქრისტიანთა შევიწროებები და მკვლელობები მაშინ პალესტინის სხვა ადგილებშიც ხდებოდა.
სპარსი მეომრები დიდი ხალისით ჰყიდიდნენ მონებად შეპყრობილ ქრისტიანებს, "ხოლო იუდეველები, თავიანთი მტრობის გამო, ჯერ იაფად ყიდულობდნენ მათ, შემდეგ კი კლავდნენ", - იუწყება სირიელი ისტორიკოსი. ასე დაიღუპა მრავალი ათასი ქრისტიანი (Тихомиров Л.А. Религиозно-философские основы истории. М., 1998. С. 475).
არ არის გასაკვირი, რომ იმ დროს იმპერატორი ჰერაკლე გამყიდველ იუდეველებს მკაცრად მოეპყრო. ამ მოვლენებმა ბევრწილად განაპირობეს მთელი ევროპული შუასაუკუნეების ანტისემიტური განწყობა.
იუდეველები ხშირად, როდესაც ქრისტიანულ-იუდაურ ურთიერთობებზ ლაპარაკობენ, ძირითად აქცენტს ძალადობრივ ნათლობაზე აკეთებენ, რომელსაც წარმოაჩენენ, როგორც შუასაუკუნეობრივი ეკლესიის საყოველთაო და ჩვეულებრივ პრაქტიკას. მაგრამ ასეთი სურათი სინამდვილეს არ შეეფერება.
ტირანმა ფოკამ 610 წელს, ზემოთხსენებული ანტიოქიური აჯანყების შემდეგ, გამოსცა განკარგულება, რათა ყველა იუდეველი მოენათლათ. მან იერუსალიმში გააგზავნა პრეფექტი გიორგი ჯართან ერთად, რომელმაც, როდესაც ებრაელებმა უარი თქვეს ნებაყოფლობით ნათლობაზე, ჯარისკაცთა დახმარებით აიძულა ისინი მონათლულიყვნენ. იგივე მოხდა ალექსანდრიაში, მაშინ იუდეველები აჯანყდნენ, რომლის დროსაც პატრიარქი სკრიბონი მოკლეს.
ფოკა დაამხო იმპერატორმა-მწვალებელმა ჰერაკლემ, რომელმაც დანერგა მონოთელიტობა. ის, როგორც უკვე ითქვა, გაღიზიანებული იყო იუდეველთა ღალატით სპარსელებთან ომის დროს, ამიტომაც იუდაიზმი კანონგარეშედ გამოაცხადა და იუდეველთა ძალადობრივად ნათლობას შეეცადა. ამასთან ის დასავლელ ქრისტიან მმართველებს წერილებს უგზავნიდა, სადაც მოუწოდებდა იუდეველებს ანალოგიურად მოპყრობოდნენ.
ვესტჰუთების მეფემ სისებუთმა ჰერაკლეს წერილების გავლენით ასევე გამოსცა განკარგულება იმის შესახებ, რომ იუდეველები ან უნდა მონათლულიყვნენ, ან ქვეყანა დაეტოვებინათ. ზოგიერთი შეფასებით, მაშინ 90 000-მდე ესპანელი ებრაელი მოინათლა, რომლებიც ამავდროულად, წერილობითად ინანიებდნენ მევახშეობას და პირობას დებდნენ, რომ ამიერიდან ამ საქმეს დატოვებდნენ. ამავე მიზეზით ანალოგიური ნაბიჯები გადადგა მაშინ თავის მიწა-წყალზე ფრანკების მეფე დაგობერტმა.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, - როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, - ამ მცდელობებზე ნეგატიური რეაგირება მოახდინა. აღმოსავლეთში 632 წელს ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა დაგმო კართაგენში იუდეველთა ძალადობრივი ნათლობა, რომელიც ადგილობრივმა მმართველმა ჩაატარა ჰერაკლეს ნების აღსრულების ნიშნად.
დასავლეთში 633 წელს შედგა ტოლედოს IV კრება, რომელზეც წმიდა ისიდორე სევილიელმა დაგმო მეფე სისებუტის ზედმეტი მოშურნეობით გამოწვეული ქმედებები და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების წინააღმდეგ გამოვიდა. მისი გავლენით კრებამ დაგმო იუდეველთა ძალადობრივი ნათლობის ყველა მცდელობა, როგორც კატეგორიულად მიუღებელი. ისინი აცხადებდნენ, რომ ქრისტიანობაში ადამიანების მოქცევა შეიძლება მხოლოდ სიტყვიერი ქადაგებისა და დარწმუნების თვინიერი მეთოდებით (Castro ALondon, 1851. P. 25.. The History of the Jews in Spain). წმიდა ისიდორემ ბოდიშიც კი მოიხადა იუდეველთა თემის წინაშე მეფის "მოშურნეობისთვის". თვით მეფემ კი თავისი ანტიიუდაური განკარგულებები გააუქმა.
რაც შეეხება ბიზანტიას, იქ, თუმც იცოდნენ კართაგენში დაფიქსირებული ძალადობრივი ნათლობის შემთხვევები, "ბიზანტიელ ებრაელთა უმეტესობასთან მიმართებაში 632 წლის ედიქტს, როგორც ჩანს, სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია... არ არსებობს არანაირი მითითება იმაზედ, რომ საბერძნეთში და თვით კონსტანტინოპოლშიც კი ედიქტის მოთხოვნები ცხოვრებაში მცირედით მაინც თანმიმდევრულად ტარდებოდა... IX ს-ის ქრონისტის ნიკიფორეს მოწმობით, ცნობილია, რომ უკვე 641 წელს, როდესაც ჰერაკლე გარდაიცვალა, კონსტანტინოპოლის ებრაელები მონაწილეობას იღებდნენ მისი ქვრივის საწინააღმდეგო ქუჩის მღელვარებებში, ხოლო 20 წლის შემდეგ - პატრიარქის წინააღმდეგ, და ამასთან შტურმით უტევდნენ ქალაქის მთავარ ტაძარს - წმიდა სოფიას (Хазанов А. Евреи в раннесредневековой Византии // Вестник Еврейского университета в Москве. 1994. 1 (5). С. 434).
ბიზანტიაში ძალადობრივი ნათლობის კიდევ ერთი მცდელობა 721 წელს ჰქონდა სხვა ერეტიკოს-იმპერატორს ლეონ III ისავრიელს, რომელმაც ხატმებრძოლეობა დანერგა. მან გამოსცა ედიქტი იუდეველთა და მონტანისტთა ძალადობრივი ნათლობის შესახებ, რამაც მრავალი იუდეველი აიძულა ბიზანტიის ქალაქებიდან გადასახლებულიყვნენ. ღირ. თეოფანე აღმსარებელი ამ მოვლენის შესახებ აშკარა უკმაყოფილებით იუწყება: "ამ წელს მეფემ აიძულა იუდეველებს და მონტანისტებს მონათლულიყვნენ, მაგრამ საკუთარი ნების წინააღმდეგ მონათლული იუდეველები ნათლისღებისგან განიწმინდებოდნენ, როგორც სიბილწისგან, იღებდნენ რა ზიარებას ნაჭამ-ნასმევნი და ამგვარი სახით შეურაცხყოფას აყენებდნენ რწმენას" (Хронография. 714).
ებრაელი ისტორიკოსები ასევე უთითებენ, თითქოსდა იუდეველთა ძალადობრივი ნათლობები მოხდა იმპერატორ ბასილი I-ის (867-886) დროსაც, მაგრამ ბიზანტიური წყაროები, კერძოდ, თეოფანეს გამგრძელებელი, თუმც ახსენებს ბასილის მისწრაფებას ებრაელთა ქრისტიანიზაციისკენ, მაგრამ ადასტურებს, რომ ის ამას მშვიდობიანი საშუალებებით ახორციელებდა, კერძოდ, აწყობდა დისპუტებს და ახალმოქცეულებს ხარისხებსა და ჯილდოებს ჰპირდებოდა (Жизнеописания царей. V, 95). ხოლო ებრაული წყაროები ამბობენ (მაგ. ახიმაცის ქრონიკა), რომ იუდეველებს, ვინც უარს ამბობდნენ ნათლობაზე მონებად ჰყიდიდნენ და თითქოსდა იყო წამების ფაქტებიც, თუმც, მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. როგორც გინდ იყოს, არსებობს ცნობები, რომ ბასილის დროს მართლმადიდებლური ეკლესია მის ინიციატივას უარყოფითად მოეკიდა.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ოთხ მნიშვნელოვან ვითარებას მოცემულ საკითხში:
ჯერ-ერთი, იუდეველთა ძალადობრივი ქრისტიანიზაციის მცდელობებს ადგილი ჰქონდა ისტორიაში ქრისტიანთა ძალადობრივი იუდაიზაციის მცდელობების შემდეგ.
მეორეც, ეს მცდელობები იყო გამონაკლისები, და არა საზოგადო წესი ადრეული შუასაუკუნეების ქრისტიან მმართველთა პოლიტიკაში.
მესამეც, ეკლესიამ ნეგატიური შეფასება მისცა ამ მცდელობებს და არაორაზროვნად დაგმო მსგავსი იდეა.
მეოთხეც, მრავალ შემთხვევაში ამ მცდელობებს მიმართავდნენ არა მართლმადიდებელი იმპერატორები, არამედ ერეტიკოსები, რომლებიც ამავდროულად დევნიდნენ თვით მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
ებრაელი ავტორები, უხალისოდ ლაპარაკობენ ისტორიაში იუდაიზმიდან მართლმადიდებლობაში მოქცევის ცნობილ ფაქტებზე, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ყოველ მათგანს უწოდონ "ძალადობრივი" ან "იძულებითი" "ანტი-სემიტური დისკრიმინაციის გამო"; მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი, რომელიც იუდაიზმს ეკუთვნის, შეიძლება ნებაყოფლობით და გონივრულად დგამდეს ნაბიჯს მართლმადიდებლობის მხარეს. მაგრამ ეს დასტურდება მრავალი ფაქტით, მაგალითად, ებრაელთა მოქცევით კათოლიკურ ქვეყნებში, მათი ერთგულებით ქრისტიანობისადმი თვით სიკვდილამდე კომუნისტურ სახელმწიფოში, არსებობს მართლმადიდებლობისკენ მოქცევის ფაქტები ფაშისტურ და კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში და ა. შ.
მთლიანობაში, ზემოთმითითებული კანონებისდა მიუხედავად, იუდეველები ბიზანტიაში კეთილდღეობით ცხოვრობდნენ; ცნობილია, რომ სხვა ქვეყნის ებრაელებს უკვირდათ მათი სიმდიდრე და მართლმადიდებლურ იმპერიაში გადმოდიოდნენ საცხოვრებლად; მაგალითად, ცნობილია, რომ ბიზანტიასი გამოიქცენენ ფატიმიდურ ეგვიპტეში დევნილი ებრაელები.
იმის შესახებ, რომ ბიზანტიელებს თავისთავად არ ჰქონდათ აკვიატებული აზრები ებრაელი ეროვნების წინააღმდეგ, მოწმობს ის ფაქტი, რომ XIV ს-ში მართლმადიდებელი ებრაელი ფილოთეოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქიც კი გახდა, ხოლო ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ებრაული ფესვები ჰქონდა იმპერატორ მიქაელ II-ს.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ იუდეველთა და მართლმადიდებელ ქრისტიანთა ურთიერთობის ისტორიაში მართლაც ბევრია ბნელი ფურცელი, მაგრამ ფაქტები არ გვაძლევენ იმის საფუძველს, რათა ამ ურთიერთობათა რომელიმე მხარე წარმოვიდგინოთ უდანაშაულო მსხვერპლად, მეორე კი - უმიზეზო მდევნელად და მტარვალად.
წყარო: "Краткий обзор отношений православия и иудаизма".
https://azbyka.ru/otechnik/Georgij_Maksimov/kratkij-obzor-otnoshenij-pravoslavija-i-iudaizma/#0_2
პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025.