სწავლანი > ანტიერეტიკონი
"მეფე-მაცხოვრის" იდეა — ქრისტოლოგიური ჭეშმარიტების დამახინჯება
რუსულ მონარქისტულ ცნობიერებაში
("მეფე-მაცხოვრის" კულტი: ნიკოლოზ II-ის საკრალიზაციის თეოლოგიური კრიტიკა)
ავტორი: ანდრეი გრიგორიევი
ბოგოლიუბოვოს მონასტრის ირგვლივ ატეხილმა გახმაურებულმა სკანდალებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოყალიბდა მთელი მიმართულება, რომელსაც ძნელია კონსერვატიულიც კი უწოდო, იმდენად შორს მიდის იგი კანონიკური მართლმადიდებლობისგან.
"მათ თავიანთი მესიები, ღმერთები და კერპები ჰყავთ", — თავის დროზე მღეროდა იგორ ტალკოვი.
მეფეღმერთისტებს (царебожники - როგორც უწოდებდა მათ, მაგალითად, მღვდელი დანიელ სისოევი) სინამდვილეში თავიანთი მესიები ჰყავთ: მათ მიერ "მეფე-გამომსყიდველი ნიკოლოზ II" ქრისტეს მსგავს რანგშია აყვანილი. მათ აქვთ საკუთარი, ცალკე "რუსული სარწმუნოების სიმბოლო", რომელიც ასე ჟღერს: "მწამს, უფალო, მართლმადიდებლური სამეფო თვითმპყრობელობისა".
მათ ჰყავთ თავიანთი ბელადებიც — 2008 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების მიერ ხარისხიდან განკვეთილი ჩუკოტკის ეპისკოპოსი დიომიდ ძიუბანი, ბოგოლიუბოვოს მონასტრის არქიმანდრიტი პეტრე კუჩერი, სიქტივკარის ეპისკოპოსი პიტირიმ ვოლოჩკოვი.
ჰყავთ თავიანთი აპოლოგეტებიც — მომღერალი ჟანა ბიჩევსკაია და სხვადასხვა რადიკალური გამოცემების პუბლიცისტები.
მეფეღმერთობა განსხვავდება (ნიკოლოზ II-ის) სამეფო ოჯახის თაყვანისცემისგან, რომელიც 1981 წელს რუსეთის საზღვარგარეთულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (რსმე) კანონიზაციისას "მოწამეებად", ხოლო 2000 წელს მოსკოვის საპატრიარქომ — "ვნებათმტვირთველებად" (страстотерпцы) შერაცხა.
ამ კულტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მქადაგებელი, "წმინდა მეფე-გამომსყიდველ" ნიკოლოზ II-ის საძმოს ხელმძღვანელი და გაზეთ "მარადიული ცხოვრების" რედაქტორი ვადიმ კუზნეცოვი, 2001 წელს ერთ-ერთ თავის "საუბარ"-ქადაგებაში აღნიშნავდა, რომ "სამწუხაროდ, ნათელსახსოვარ მეფე ნიკოლოზ II-ის თაყვანისმცემელთა უმრავლესობის შორისაც კი ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს იმპერატორის გადადგომის აზრს".
მეფეღმერთისტების ვერსიით, ამ გადადგომის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ შემდგომ "წმინდა მეფე ნიკოლოზ II-მ თავისი სისხლით გამოისყიდა ფიცის გატეხვის ცოდვა — რომანოვთა სახლის კანონიერი თვითმპყრობელი მეფეებისადმი საეკლესიო კრების მიერ მიცემული ერთგულების ფიცის დარღვევა", ხოლო "ჩვენი ცოდვები, ანუ შემდგომი თაობების ცოდვები, ნიკოლოზ II-მ თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით მოიცვა... მან გამოისყიდა არა მხოლოდ იმ თაობათა ცოდვები, რომლებიც მასზე ადრე ცხოვრობდნენ, 1613 წლიდან დაწყებული და ჩვენს თაობამდე. ეს იესუ ქრისტეს მსგავსია", — წერს კუზნეცოვი.
ეს იდეები არაერთხელ გაჟღერდა გადაცემებში "გულიდან გულამდე", რომლებსაც იგი ჟანა ბიჩევსკაიასთან ერთად "რუსეთის რადიოში" უძღვებოდა. რადიოლექციების ციკლს ეწოდებოდა "წმინდა მეფე ნიკოლოზის ქრისტეს მსგავს ღვაწლზე".
ეს იდეა ბიჩევსკაიას სიმღერებშიც არის ნაქადაგები:
"როგორც ჯვარზე, იატაკზე გართხმულმა, / შენ ქრისტესათვის ბოლომდე იტანჯე,/ გამომსყიდველი მსხვერპლით რუსეთი გამოისყიდე,/ ღმერთის მიერ გვირგვინის ბრწყინვალება მოიგვირგვინე" ("მეფე ნიკოლოზი", 1999 წელი).
სიმღერაში "სამი ჯვარი" (2009 წელი) ლაპარაკია "ჯვარზე, რომელზეც იმპერატორია გაკრული", აგრეთვე "სამეფო ჯვრის ხეზე", რომელიც "რუსულ გოლგოთაზე" აღმართულა.
მეფეღმერთისტებმა 1990-იან წლებში შეადგინეს არაკანონიკური "აკათისტო წმინდა მეფე-გამომსყიდველ ნიკოლოზ მეორისადმი" (იგი სხვა სახელწოდებებითაც არის ცნობილი), რომელშიც ნათქვამია: "Тя бо избра по образу Сына Своего Единороднаго в жертву искупления за грехи людей российских" (икос 1) ("რამეთუ შენ გამოგირჩია თავისი მხოლოდშობილი ძის მსგავსად, რათა მსხვერპლად შეწირულიყავ რუსი ხალხის ცოდვათა გამოსასყიდად" (იკოსი 1)); "яко агнец непорочный, полагаешися в жертву за грехи наша" (икос 11) ("როგორც უბიწო კრავი, შენ თავს სწირავ მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის" (იკოსი 11)).
1990-იანი წლებიდან იქმნება არაკანონიკური ხატებიც, რომელთა წარწერებში ვკითხულობთ: "წმინდა მეფე-გამომსყიდველი ნიკოლოზი".
"მეფე-გამომსყიდველის თეოლოგიის" დასასაბუთებლად მისი აპოლოგეტები ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ ვინმე "ბერ აბელის წინასწარმეტყველებას", რომელიც მან ჯერ კიდევ იმპერატორ პავლე I-ს აუწყა.
ემიგრაციაში ყოფილმა სამეფო ოფიცერმა და შავრაზმელმა პეტრე შაბელსკი-ბორკმა (1896–1952) დაწერა მცირე მოთხრობა ბერ აბელზე, სახელწოდებით "წინასწარმეტყველი ბერი". იგი გამოქვეყნდა კირიბეევიჩის ფსევდონიმით ჰარბინის ჟურნალში "სულიერი პური" (1931, № 5).
მონარქისტი აბელს მიაწერს "წინასწარმეტყველებებს" ნიკოლოზ I-ის, ალექსანდრე II-ისა და ალექსანდრე III-ის ეპოქის საყოველთაოდ ცნობილ მოვლენებზე, რის შემდეგაც უკანასკნელ თვითმპყრობელზე გადადის:
"ნიკოლოზ მეორეს — წმინდა მეფეს, მრავალტანჯულ იობს მიმსგავსებულს. იგი სამეფო გვირგვინს ეკლის გვირგვინით შეცვლის, თავისი ხალხისგან იქნება გაცემული, როგორც ოდესღაც ძე ღმერთი".
მოგვიანებით ეს "გადმოცემა" გამოქვეყნდა შაბელსკი-ბორკის წიგნში (ძველი კირიბეის ფსევდონიმით) "პავლესეული გობელენი" (სან-პაულო, 1955).
ემიგრაციაშიც აშკარა იყო, რომ ეს მოთხრობა სხვა არაფერია, თუ არა "კეთილმოსურნეობით შეთხზული მითი". ამჟამად მუზეუმ "გაჩინას" დირექტორის მოადგილედ მომუშავე ვალერი არქიპოვმა, შაბელსკი-ბორკის მიერ გაჩინაში პავლე I-ის სასახლის აღწერაში, მთელი რიგი შეცდომები აღმოაჩინა, რომლებიც აღწერილი საგნის შესახებ მის მეტად ზედაპირულ წარმოდგენაზე მეტყველებს.
2004 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე "იმპერატორი პავლე I — XXI საუკუნის მზერა" წაკითხულ მოხსენებაში მან ისაუბრა შაბელსკი-ბორკისა და სერგეი ნილუსის ცნობების გადამოწმების შესახებ. ეს ცნობები ეხებოდა თითქოსდა გაჩინის სასახლეში, პავლე I-ის დროიდანვე შენახულ ზარდახშას, რომელშიც აბელის წინასწარმეტყველებები იყო მოთავსებული და რომლებიც, როგორც ამტკიცებდნენ, 1901 წელს, ზარდახშის გახსნის შემდეგ, ნიკოლოზ II-მ წაიკითხა.
სინამდვილეში, არც კამერფურიერის ჟურნალში, რომელშიც იმპერატორის ყოველდღიური ცხოვრება დღითი დღე აღირიცხებოდა, და არც ნიკოლოზ II-ის დღიურში არ არის ერთი სიტყვაც კი ნათქვამი იმის შესახებ, რომ ის მითითებულ დღეებში გაჩინის სასახლეს ეწვია. სასახლის დარბაზების ფოტოებზე კი იმ "პიედესტალზე" (კვარცხლბეკზე), რომელსაც ნილუსი და შაბელსკი-ბორკი აღწერენ, ჩანს არა "დაბეჭდილი ზარდახშა", არამედ ლარნაკი...
"პერესტროიკის" წლებში ეს "ისტორიული გადმოცემები" რუსეთში მოხვდა. 1991 წელს სერგეი ფომინმა ჟურნალ "ჩვენი თანამედროვის" (1991, № 9) რუბრიკაში "წინასწარმეტყველებები რუსეთის ბედზე" გამოაქვეყნა "აბელის წინასწარმეტყველებები", თუმცა არ მიუთითებია, რომ ისინი შაბელსკი-ბორკის რომანიდან იყო აღებული.
მართალია, ფომინის შემდგომ კრებულებში — "რუსეთი მეორედ მოსვლის წინ" (1993 წელი და შემდგომი ხელახალი გამოცემები) — უკვე გაჩნდა მითითება რომანიდან ნასესხობის შესახებ, მაგრამ მანამდე, გაზეთ "ზემშჩინაში" (1992, № 67), "აბელის წინასწარმეტყველებების" ტექსტი შეავსეს და მან შემდეგი სახე მიიღო:
"ნიკოლოზ მეორეს — წმინდა მეფეს, მრავალტანჯულ იობს მიმსგავსებულს. მას ექნება ქრისტეს გონება, სულგრძელობა და მტრედისეული სიწმინდე. იგი სამეფო გვირგვინს ეკლის გვირგვინით შეცვლის, თავისი ხალხისგან იქნება გაცემული, როგორც ოდესღაც ძე ღმერთი. ის გამომსყიდველი იქნება და თავის ხალხს საკუთარი თავით გამოისყიდის, როგორც უსისხლო მსხვერპლი".
"წინასწარმეტყველების" ეს შევსებული ვარიანტი გამოქვეყნდა წმინდა სამების ახალ-გოლუთვინის მონასტრის გამოცემაში — "წინასწარმეტყველ ღირსი აბელის ცხოვრება" (1995 წელი), შემდეგ კი არაერთ ბეჭდვით და ინტერნეტპუბლიკაციაში. მას აქტიურად ციტირებენ როგორც ბიჩევსკაია და კუზნეცოვი, ისე მრავალი სხვა, მათ შორის ხარისხიდან განკვეთილი ეპისკოპოსი დიომიდიც.
2007 წლის დეკემბერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ, მოსკოვის ეპარქიის კრებაზე წაკითხულ მოხსენებაში, აღნიშნა: "გამომსყიდველი ღვაწლი მხოლოდ ერთია — ჩვენი უფლის, იესუ ქრისტესი, და შეუძლებელია იმპერატორისა და მისი ოჯახის დახვრეტის შედარება მაცხოვრის გამომსყიდველ მსხვერპლთან".
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
წყარო: НГ-Религии - 17.11.2010 // URL: https://k-istine.ru/pseudoconfession/pseudoconfession-058.htm
