სწავლანი > ანტიერეტიკონი
მოჩვენებითი სიყვარულის შესახებ
ზემოთ ხატზე: ქრისტეს მიერ მოვაჭრეთა განდევნა ტაძრიდან
ავტორი: მღვდელმონაზონი სიმეონი (სარიჩევი). რამოდენიმე თავი კრებულიდან: "ეკუმენისტური ხის ნაყოფი".
მოჩვენებითი სიყვარულის შესახებ
ამრიგად, ეკუმენიზმს მისი ნაყოფით ვცნობთ, და ვხედავთ, როგორი სისწრაფით მიაქანებს თავის მიმდევრებს წარწყმედის მთხრებლში. მაშ, ნუ ვიქნებით დაუდევარნი ჩვენი სიწმიდეების შეურაცხმყოფელთა მიმართ. თუკი მოსიყვარულე შვილი თავს ესხმის დედის შეურაცხმყოფელთ, განა უმეტესი ბრძოლა არ გვმართებს მათთან, ვინც შეურაცხყოფს ეკლესიას? "ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი! - ბრძანებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე. - მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან" (გამოცხ. 3:15-16). ამიტომ, ნუ მივეცემით მთვლემარებას და თვალს ნუ დავხუჭავთ იმ ადამიანთა უსჯულოებაზე, რომლებიც არღვევენ ჭეშმარიტებას, ვინც გინდ იყონ ისინი, მონაზონნი იქნებიან თუ ერისკაცნი, ეპისკოპოსნი თუ მხცოვანნი. ზეციერი ანგელოზიც რომ იყოს და სიცრუის გზაზე გვაყენებდეს - ანათემა მას (შეად. გალატ. 1:8-9).
"მშვენიერიე მოშურნეობა, - ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ამის დასტურია - ფინხასი, რომელმაც შუბის ერთი დარტყმით განგმირა მიდიამელი ისრაელიანთან ერთად, რათა შერცხვენისაგან ეხსნა ისრაელის ძენი, და საკუთარი მოშურნეობისთვის განდიდებულ იქნა; მის შემდეგ კი ისინი, ვინც ამბობდნენ: "ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო"ს (3 მეფ: 19:10); "საღვთო შურით მშურს თქვენთვის" (2 კორინთ. 11:2) ... და არა მარტო ამბობდნენ ამას, არამედ ძლიერად გრძნობდნენ".
ეშმაკი სასტიკად ებრძვის ადამიანთა სულებს, აზიანებს მათ ეჭვებით, მცირედმორწმუნეობით, შემდეგ კი ურწმუნოების უფსკრულსა და მარადიული წარწყმედის ბნელში ამწყვდევს. საკუთარ ვნებათა მსახურებს მტერი არც ებრძვის, მისი ბოღმა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელთა წინააღმდეგაა მიმართული. რადგან იცის, რომ ისინი არ მოემსახურებიან მას, თუკი მთელი თავისი ბოროტებით წარუდგება თვალწინ, მზაკვარი ეშმაკი ნათელმოსილი ანგელოზივით მოდის. სათნოებებზე ზრუნვით ათრობს კაცთა გონებას, რათა ვერ შეძლონ სიცრუის გარჩევა ჭეშმარიტებისგან, და სიმართლის დაცვის ნაცვლად, ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში ახვევს.
გონებადაბინდული უბედური სულები ფიქრობენ რომ აქვთ ღმრთის შემეცნება და ბედავენ მწვალებელთა მამხილებელ წმიდა მამათა სწავლებებს უწოდონ აგრესიული. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ "სიძულვილის ჩიხიდან გამოსავალი" შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებელთა და მწვალებელთა შორის თანაგრძნობასა და ურთიერთგაგებაში იქნას ნაპოვნი; რომ საჭიროა გულში ჩავიკრათ ჭეშმარიტებას განდგომილნი, მოვეპყრათ მათ სიყვარულით, როგორც უახლოეს ძმებსა და დებს, და არ ვაიძულოთ დაგმონ თავიანთი არამართლმადიდებლური შეხედულებები.
ასეთია, მათი აზრით, ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული, რომელიც "ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორინთ. 13:7). "რატომ უნდა ვედავოთ, - ამბობენ ეკუმენიზმის მომხრენი, - განდგომილ ძმებს და გავაღიზიანოთ ისინი? რატომ მოვწყვიტოთ ხელი, რომელშიც ჯერაც სიცოცხლე ფეთქავს, ხომ შეიძლება მისი კურნება და გადარჩენა! ცხონების საქმეში გამოჩენილმა სიმკაცრემ შესაძლოა ისინი მხოლოდ განდრიკოს. ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და არ უნდა ვიმეორებდეთ ძველთა შეცდომებს. ნუ იქნებით ველურები".
მარტო ასეთი მსჯელობაც კი ეწინააღმდეგება ქრისტეს სწალებას, რომელმაც გვამცნო მოვიკვეთოთ ჯანსაღი ხელი და გადავაგდოთ, თუკი მას საცთური მოაქვს (იხ. მათე 5:30). არადა განა მცირეა საცთური, როდესაც მწვალებლები ღმრთისმშობელს გმობენ? როდესაც ისინი არასწორად ასწავლიან ქრისტეზე და მას ერთგვარ მატყუარად სახავენ? განა მცირეა საცთური, როდესაც მავანნი ღმრთის მტერთა ანათემირების ნაცვლად მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებენ? მწვალებელთა "მოსიყვარულე" ეკუმენისტები ქელავენ ჩვენს რწმენას, და ქრისტეს მგმობელებს საკუთარ ძმებს უწოდებენ, რითაც ადასტურებენ, რომ მათი მამა არის - ეშმაკი.
აი ასე, მოჩვენებითი სიყვარულისა და ჰუმანიზმის საფარველქვეშ, ეშმაკი ხიბლისკენ წარიტაცებს მართალთა სულებს და წარწყმედს. ისინი მიიჩნევენ, რომ იქცევიან არა სჯულის ასოს, არამედ სულის მიხედვით, და თავიანთ გონებაში წმიდა მამებისეულ მემკვიდრეობაზე ქედმაღლობენ. თავად კი ვერ ამჩნევენ, როგორ ავადდებიან მწვალებლობებით და ჭეშმარიტების მდევართა მხარეს გადადიან, რითაც მარადიულ წარწყმედას იმკვიდრებენ.
სარწმუნოებრივი ავტორიტეტი
ყოველი კაცისთვის არსებობს ერთგვარი ავტორიტეტი, უფრო ხშირად საყოველთაოდ აღიარებული, რომელსაც ის ეყრდნობა და, რომლის მიხედვითაც იღებს ის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ადამიანებს მისცა წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, მსოფლიო და ადგილობრივ ეკლესიათა დადგენილებები, კანონიკური განწესებები და წმიდა მამათა მემკვიდრეობა. ღმრთისგან ბოძებული ეს ფასდაუდებელი ნიჭი გახლავთ სწორედ ცხონების საქმის უცვალებელი ავტორიტეტი.
ეპისკოპოსი, მღვდელი ან მაღალი სულიერი ცხოვრებით მოსაგრე მხცოვანი ბერი ამ ავტორიტეტის, შეუვალი ჭეშმარიტების მხოლოდ მატარებლები არიან. ისინი არიან ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება ღმრთის სიტყვა არა მარტო სიტყვით, არამედ, უპირველეს ყოვლისა ცხოვრებისეული მაგალითებით, ამიტომაც, თუკი ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანების შეხედულებები სცილდება წმიდა წერილსა და მამათა სწავლებას, აუცილებელია მივდიოთ ეკლესიის ხმას, ანუ წმიდა წერილს, კანონიკურ დადგენილებებს და წმიდა მამათა სწავლებებს. მაგალითად, წმიდა მამები ლათინურ რწმენას მწვალებლურს უწოდებენ, და თუნდ ეპისკოპოსი ან მღვდელი, ან მხცოვანი ბერი, ან თუნდაც ანგელოზი ზეცით იტყვის, რომ ლათინები - არ არიან მწვალებლები, არამედ ჩვენი ქრისტეში ძმები, ყოველგვარ ეჭვს გარეშე, ვალდებულნი ვართ მივყვეთ ეკლესიას (წმიდა მამებს) და არა მათ, ვინც ეწინააღმდეგებიან მას საკუთარი შეხედულებით. რადგან ძველთაგანვე საწარმუნოების საკითხებში კერძო აზრი ყოველთვის იწოდებოდა მწვალებლობად, რომლის ფესვი მდებარეობს ქრისტეს სწავლებისადმი საკუთარი ბრძნობით წინააღმდეგობაში. გონების ამგვარ მდგომარეობას ეწოდება ხიბლი.
მოხიბლული ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს, თუმცა ხშირად ეპოტინება სხვადასხვა სახის თვითმართლებას. მისთვის ძირითადი ავტორიტეტია საკუთარი აზრი. თუკი ის შეიტყობს, რომ მისი შემეცნება შეუთანხმებელია წმიდა წერილთან ან წმიდა მამათა დარიგებასთან, ნაცვლად იმისა მოიშოროს არასწორი აზრი, მოხიბლული ყოველმხრივ იწყებს მის გამართლებას. ხოლო ცრუ ეკლესიის მამათა საწინააღმდეგო აზრის გამართლება, უკვე გახლავთ ერეტიკული. ზოგჯერ მოხიბლული აიღებს ხოლმე გარეშეთა აზრს, მაგალითად, რომელიმე ავტორიტეტული "ღვთისმეტყველის" ან მწვალებლურად მოაზროვნე ბერის შეხედულებას, ეთანხმება მას და ყოვლითურთ იცავს.
თავმდაბალი და მორჩილი კაცი არასოდეს შეედავება წმიდა მამათა მემკვიდრეობას, რადგან ის მამებს კი არ ასწავლის, არამედ მათგან სწავლობს. თავმდაბალი ელტვის წმიდა წერილის შინაარსის წვდომას და მასში მოჩვენებით წინააღმდეგობებს არ ეძიებს. თავმდაბალს საკუთარი თავის ყველაზე უფრო დამდაბლება ახასიათებს და არასოდეს მოიღერებს თავს მამათა ავტორიტეტის წინაშე, არასოდეს გააკრიტიკებს მათ "შეცდომებს", როგორც ამას ერეტიკულად "მჭევრმეტყველი" ლათინი ღვთისმეტყველები იქმან.
აშკარად, სიამაყე ყველა ბოროტებაზე საშინელია, ხოლო თავმდაბლობა - სათნოებათა შორის უდიდესი, ამიტომაცაა მისი მოხვეჭა ასე ძნელი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს; რადგან, ადამიანი თუ არ გაექცევა ყოველგვარ მედიდურობას და ყოველგვარ კაცობრივ დიდებას, თავმდაბლობისა და მორჩილების უძვირფასეს საგანძურს ვერ იპოვის.
თავმდაბლობა იმდენად ძვირფასია ღმრთის თვალში და იმდენად მიუწვდომელია ეშმაკისთვის, რომ, სხვა სათნობებშიც რომ მიბაძოს ქრისტიანთ, მორჩილების შესახებ არ გააჩნია იოტისოდენა ცოდნაც კი. ამიტომაც, წმიდა მოციქული პეტრე, რომელმაც კარგად უწყოდა რაოდენ მტკიცე და საიმედოა თავმდაბლობის სათნოება, გვამცნებს შევიმოსოთ მისით: "უმრწემესნი დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს" (1 პეტრე 5:5).
ვინ არის თავმდაბალი, თუ არა ის, ვისაც ავტორიტეტად ჰყავს წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა (წმიდა მამათა მემკვიდრეობა)? ამგვარი ადასტურებს, რომ მორჩილია თვით ქრისტესი და მისი წმიდა ეკლესიის; ხოლო წმიდა მამათა მოწინააღმდეგე ააშკარავებს სულის სიღრმეში დაბუდებულ დემონურ ამპარტავნებას. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება, რომელიც მდგომარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ თავისუფალ არჩევანში. როდესაც ჩვენ ვენდობით საკუთარ აზრს, ეს ნიშნავს, რომ ვირჩევთ ბოროტებას, ხოლო თუ უარვყოფთ მას, და ქვაკუთხედად ავირჩევთ წმიდა მამათა სწავლებას, ეს - სიკეთეა. როგორც მასწავლებელთან მოკამათე მოწაფე არ შეიძლება მოწაფე იყოს, არამედ მოკამათეა, ასევე ქრისტიანიც, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს წმიდა მამათა სწავლებას, გახლავთ არა ღვთისმეტყველი, არამედ ღვთისმგმობელი. ამბა სისო ამბობდა: "იყავ მდაბალი, უარყავ საკუთარი ნება, ნუ გექნება მიწიერი საზრუნავი - და სიმშვიდეს მოიპოვებ".
წმიდა მამათა მგმობელი ზოგიერთი ღვთისმეტყველის ამპარტავნულმა საფუარმა თანამედროვე ღვთისმეტყველების მთელი საფუარი ააფუვა და გულწრფელად მორწმუნე, მაგრამ მეცნიერებისკენ მიდრეკილ, ადამიანებს წმიდა მამათადმი უნდობლობა ასწავლა; მამათა სწავლებებს ამდაგვარნი ეთანხმებიან მხოლოდ იმაში, რაც მათი დაზიანებული ცნობიერებისთვის არის მისაღები. ვის აქვს თავმდაბლობა, თუ არა იმას, ვინც საკუთარ გონებას ვნებებით მოწყლულად მიიჩნევს? ვინ ეძლევა ამპარტავნებას, თუ არა ის, ვინც თავს წმინდანთა სიტყვებში დაეჭვების უფლებას აძლევს, იმ წმინდანებისა, რომლებიც, სულიწმიდის მადლით, მარხვითი, მღვიძარებითი და განუწყვეტელი ლოცვითი ღვაწლით იყვნენ განბრძნობილნი? მათზე უმეტესი მადლი თუ მოიხვეჭე, მაშინ გაბედე და მამათა სიტყვები სულიწმიდის მადლის სწავლებას შეადარე, ხოლო თუ ვერა, რატომ ატყუებ საკუთარ თავსაც და სხვებსაც?
მაგრამ ვის შეუძლია ამ მოკვდავ სხეულში მყოფთაგანს მადლის მომხვეჭელად აღიაროს თავი? მხოლოდ დემონურ ამპარტავნებას ძალუძს საკუთარ თავში უდიდესი ნიჭების აღიარება. ხოლო უდიდესი სულიერი ნიჭებით აღსავსე წმიდა მამები თავს სულით მდაბალ ადამიანებად მიიჩნევდნენ და ამიტომაც დაიმკვიდრეს ცათა სასუფეველი.
ღმერთი სჯის იმას, ვინც უყვარს
ნეტარია ყოველივეში ქრისტეს მორჩილი, რადგან მისი მცნებების დაცვა მისი სიყვარულის დასტურია. ქრისტეს სიყვარული - არ ნიშნავს აგზნებულ ლაპარაკს, როგორც ვხედავთ ამას ხიბლში მყოფ კათოლიკე "წმინდანთა" ცხოვრებებში. ქრისტესადმი სიყვარული - მის წმიდა მცნებათა დაცვაში გამოიხატება.
სამწუხაროდ, სიყვარულის, როგორც ჭეშმარიტი სათნოების ცნება ბოლო დროს დამახინჯებულია და მის ნაცვლად სულ უფრო ხშირად სექტანტურ დათაფლულობას გვთავაზობენ. მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული, რომელიც არასწორი გზიდან ცოდვილის მოქცევაში მდგომარეობს, აგრესიად არის გამოცხადებული. ასე მსჯელობენ ბრმათა ნათელმიუახლებელი მოძღვრები, რომლებიც ბნელს დღეს უწოდებენ და დღეს კიდევ - ღამეს.
სიყვარული კი მრავლისმომთმენიაო, - ბრძანებს მოციქული. ის მოწყალეა ღატაკთა მიმართ და მიმტევებელია შეურაცხმყოფელთადმი; მას არ შურს, რადგან არ ზრუნავს მიწიერ კეთილდღეობაზე, არამედ მისი მზერა ყოველთვის ზეციერს არის მიპყრობილი; სიყვარული არა თუ არ ქედმაღლობს წმიდა მამებზე, არამედ თავს ყველაზე მდაბლად მიიჩნევს და საკუთარ თავს პირუტყვსაც კი არ შეადარებს; სიყვარული არ ამპარტავნებს, რადგან ყველაფერში მეუფე ქრისტეს მცნებებს ემორჩილება; ის არ უწესივრობს და არ არღვევს მამათა მიერ დადგენილ საზღვრებს, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა მიერ მიღებულ კანონებს; ის არ ეძებს საკუთარს, არამედ ყველაფერში სამოციქულოს ირჩევს; ის არ იბოღმება, მაშინაც კი, როდესაც ტაძრიდან დევნის ვაჭართ; ის არ იზრახავს ბოროტს, მაგრამ არც ხელს უწყობს მას; ის შეჰხარის არა უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებას და ყოველთვის იცავს მას თვალისჩინივით.
ეკუმენისტები ცოდვად მიიჩნევენ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ სულის ცხონება შეიძლება იყოს მხოლოდ მართლმადიდებლობაში. ისინი ცდილობენ დააჯერონ მორწმუნეები, რომ ამგვარი კატეგორიული შეხედულების გამო მრავალი დიდი თუ მცირე განხეთქილება წარმოიშვა ეკლესიაში. მაგრამ "ნუთუ გაიყო ქრისტე?" (1 კორინთ. 1:13).
მართლმადიდებლური ეკლესია მარად განუყოფელია, სამოციქულოა და საყოველთაოა. წმიდა წერილი ბრძანებს: "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5), ამიტომ, არა ბოროტსიტყვაობას, არამედ ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს უწოდებენ წმიდა მამები ყოველგვარი მწვალებლობის მკაცრ მხილებას. ქრისტემაც ხომ არა მოფერებით, არამედ მათრახით გამოდევნა ტაძრიდან ვაჭრები. ღმერთი სჯის იმას, ვინც უყვარს, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - "და ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს" (ებრ. 12:6), და "ლაგამითა და აღვირით" იზიდავს მათ, ვინც მას "არა მიეახლნეს" (ფსალმ. 31:9), რათა იძულებით მაინც შედგნენ მართალ გზაზე, რომლისგანაც ცთუნებით მიიდრიკნენ.
ნეტარია ის, ვინც უფალივით იქცევა, რადგან მოციქული პავლე ბრძანებს: "მომბაძეთ მე ისე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს" (1 კორ. 4:16). ქრისტე კი არასახისმოყვარე იყო და იუდეველებს ფერებით როდი ესაუბრებოდა, არამედ სამართლიანი მრისხანებით ამხელდა მათ ბიწიერებას და ხან პირმოთნეებს უწოდებდა (მათე 15:7), ხან გველებსა და იქედნეს ნაშიერთ (მათე 23:33). ის მლიქვნელობით კი არ იზიდავდა ვინმეს, არამედ პირდაპირ ქადაგებდა ჭეშმარიტებას და ამბობდა: "ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ". და როგორც წმიდა წერილი მოწმობს: "ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას" (იოანე 6:66-67). რადგან თავიანთი საქციელით განდგომილნი ადასტურებდნენ, რომ ადრეც, და ახლაც ისინი მხოლოდ ფილოსოფიურ საკვებს ეძებდნენ თავიანთი ამპარტავნული გონებისთვის და ამიტომაც, როდესაც ისმინეს მათი აზრის შეუსაბამო სიტყვები, შეეკამათნენ გაგონილს და უარყვეს ჭეშმარიტება.
მაშ, ნუთუ ქრისტემ მისცა მათ მოწაფეთაგან განდგომის მიზეზი? - არა. განა ის, ვინც ყოველი ადამიანის გულთან დგას და აკაკუნებს; ის ვისაც ყველას ცხონება სურს, რაიმეს იტყოდა ისეთს, რომ უარეყო მრავალი? - არა. ქრისტე არავის უარყოფს, მაგრამ არც არავის აიძულებს. მან ყველას მისცა თავისუფალი ნება. ამიტომ, ისინი, ვისაც მისი სწამდათ, როგორც ღმერთის, მასთან დარჩნენ. ხოლო ისინი, ვინც ოდენ საკუთარ თავს იყო დაყრდნობილი, ვინც თაყვანს სცემდა საკუთარ სიბრძნეს, განდგნენ მისგან, რადგან მაცხოვრის სიტყვები არ დაიჯერეს.
ასეთია ჩვენი რწმენა: უნდა დავიჯეროთ ღმრთის სიტყვა, რომელმაც ჩვენთვის დააფუძნა თავისი წმიდა ეკლესია და, რომელიც უცვალებელი საცავია ჭეშმარიტების, თანაც თავისი პირვანდელი სახით. ის არ ამახინჯებს ქრისტეს სწავლებას, რათა როგორმე მოიზიდოს უგუნური და ამპარტავანი ფილოსოფოსები; არც თავისუფალი აზროვნების ეშმაკურ უღელში შებმას ცდილობს.
როგორც ადრე, ასევე ახლაც "იუდეველები სასწაულებს მოითხოვენ და წარმართნი ეძებენ სიბრძნეს. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, წარმართთათვის - სიშლეგეს" (1 კორინთ. 1:22-23).
წმიდა წერილი ნათლად გვაძლევს მოყვასისადმი დამოკიდებულების განსაზღვრებას, როდესაც მოგვიწოდებს გვიყვარდეს იგი, როგორც საკუთარი თავი, მაგრამ თუკი ის შესცოდავს, არ მიიღებს ძმათა შეგონებას და არ შეისმენს ეკლესიის გაფრთხილებასაც კი, მაშინ: "დე იყოს იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17).
როდესაც წმიდა მამები ქრისტეს სამწყსოს განყოფდნენ არაქრისტესეული სამწყსოსგან, ქრისტიანებს უფლის ცხვრებს, ხოლო მწვალებლებს - მტაცებელ მგლებს უწოდებდნენ. ამიტომაც, თუ შენ ხარ სიტყვიერი ცხვარი მწყემს-ქრისტესი, ნუ იმეგობრებ მწვალებლებტან, ხოლო თუ შენ ხარ მწემსი, ულმობლად სცემე ორპირმახვილაღლესული სიტყვით მძვინვარე მტაცებლები, რითაც დაიცავ შენდამი მობარებულ სამწყსოს - ამაშია სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული.
ცხვარი მორჩილების სიმბოლოა, ხოლო მგელი - უსაზღვრო ამპარტავნების. თუკი "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი" (იაკობ 4:6), რატომ მიაგებ მათ პატივს და ცხვრებივით იღებ საკუთარ სახლში? ნუთუ შენ ღმერთზე უბრძენესი ხარ, რომ ეფერები მათ, ვისი მხილებაც გმართებს?
ქრისტე აფრთხილებდა მოწაფეებს, რომ მისი წასვლის შემდეგ მათ შეესეოდნენ მძვინვარე მგლები, რომლებიც "რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს" (საქმე 20:29), და ამას ის ამბობდა მწვალებელთა შესახებ, რომლებიც შევიდნენ ქრისტიანულ საზოგადოებაში და დაიწყეს მათი სულების მიმოტაცება, რადგან აცთუნებდნენ მათ თავიანთი ეშმაკურად შეთხზული ზღაპრებით. ვისაც უყვარს ღმერთი და თავისი ძმები, ის პურსაც კი არ შეჭამს ერეტიკოსებთან ერთად, რადგან იცის, მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ უნდა განეშოროს (ტიტ. 3:10). ხოლო ვინც არ ისმენს წმიდა წერილის სიტყვებს და განურჩევლად შედის ურთიერთობაში მწვალებლებტან, ამით ადასტურებს, რომ ემორჩილება ეშმაკს და არა ქრისტეს.
შენ თუ ერისკაცი ხარ, ნუ მიიღებ მწვალებელს შენს სახლში, რათა იცოდეს, ჯერ სინანული რომ მართებს ეკლესიის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის მიღებული მართლმადიდებელის სახლში. შენ თუ მღვდელი ხარ, ნუ მისცემ უფლებას მწვალებელს შევიდეს ღმრთის სახლში, რადგან ასე ბრძანებს წმიდა მოციქულთა 33-ე კანონი: "არ უნდა მოხდეს უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარება წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, ხოლო ამ სიგელის წარდგენის შემდეგ გამოიკვლიონ და, თუკი აღმოჩნდება, რომ ის კეთილმსახურების მქადაგებელია, მიღებულ იქნეს; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცით მას რაც სჭირდება, საძმოში კი ნუ მიიღებთ, რამეთუ მრავალი სიყალბე ხდება" (დიდი სჯულისკანონი).
არ არსებობს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების იმაზე უკეთესი მოწმობა, როგორც საეკლესიო კანონთა დაცვა და მიმდევრობაა. თუკი ქრისტე გვიბრძანებს განვეშოროთ ერეტიკოსს, რატომ არ იცავ მის სიტყვას? გეშინია გული არ ატკინო დაბნეულს? მაგრამ რატომ არ გეშინია შენი ამ საქციელით გული ატკინო შენთვის ჯვარცმულს? ნუ გგონია შენი ბეჯითი მოფერებებითა და მლიქვნელობით გადაარჩენ მწვალებელს, რომ შეძლებ მისი ხიბლის განკურნებას. "ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია" (მათე 19:26).
ჩამოაფარე შენს სულს მყარი საფარველი და დაუყენე მარადმღვიძარე მცველი, რათა არ შემოგეპაროს მასში ქრისტეს მტრები. მუდმივად შეაგონე შენს თავს და იყავ ლოცვასა და მარხვაში. ხოლო თუ სულში იგრძნობ უთანხმოებას წმიდა წერილთან ან წმიდა მამათა სწავლებასთან, უწყოდე, მგელი შემოგპარვია შენს სულში. ცრემლითა და სინანულით განაგდე ეს დემონური ხიბლი შენგან, რათა დაუბრკოლებლად შეხვიდე ცათა სასუფეველში.
წყარო: მღვდელმონაზონი სიმეონი (სარიჩევი). ხე ნაყოფით იცნობა. თ. 7-10. ამონაწერი კრებულიდან: Обличительное Богословие. Том 32. Плоды экуменического древа (Экуменическое движение в экклезиологическом аспекте) МОСКВА 2005. Стр. 437-450.